|
მამულის ენა საფრთხეშია!”, - ამ აზრმა შეაშფოთა და შეკრიბა პრესკონფერენციის ”მამულის ენა - რწმენა, მეფე” მონაწილეები, რომელიც ”რია ნოვოსტის” თბილისის საერთაშორისო პრეს-ცენტრში გაიმართა. პრესკონფერენცია ისტორიული გვარების შთამომავალთა, აზნაურთა და მათ თანამოაზრეთა კავშირის და მონარქისტული მოძრაობა ”სამეფო გვირგვინის” მიერ იყო ორგანიზებული.
შეხვედრის ყველა მონაწილემ შეშფოთება გამოთქვა განათლების სისტემაში მიმდინარე რეფორმასთან დაკავშირებით, რომლის შედეგადაც მოზარდ თაობას ქართული ენის სრულფასოვნად შესწავლა არ შეუძლია, რაც ნიშნავს, რომ საკუთარი ბუნებრივი ფესვებისგან მოგლეჯილი იზრდება, ამას კი ფსიქიკის ცვლილებასთან და სხვადასხვა მორალურ-ეთიკურ გადახრებთან მივყავართ.
”საქმე მარტო ამაში არ არის, არამედ იმაშიც, რომ ცნებები - ენა, მამული, სარწმუნოება, მეფე - ეს ქართული ისტორიის და კულტურის საკრალური და ყოვლისმომცველი მოვლენებია”, - განაცხადა საქართველოს აზნაურთა კრების მმართველობის თავმჯდომარემ, საქართველოს მონარქიული მოძრაობის ”სამეფო გვირგვინის” ლიდერმა ია ბაგრატიონ-მუხრანელმა.
მისი თქმით, ”ქართველი ხალხის ბუმბერაზი წინაპარი ილია ჭავჭავაძე, რომელიც ილია მართლად იწოდება, ამბობდა, რომ ეროვნული კუთვნილების პირველი ნიშანი ენაა და პიროვნება, უპირველეს ყოვლისა, მშობლიური ენის ზემოქმედებით ყალიბდება”.
”ქართველი ხალხის მრავალსაუკუნოვანი ისტორია, წარსული და მომავალი თვითშენარჩუნებისთვის ბრძოლას წარმოადგენს. ჩვენი სამშობლო, რომელმაც სხვადასხვა სახის უამრავი გამოცდა გაიარა, ახლა ქართული ენის, როგორც ქართული ეთნოსის კულტურულ-ისტორიული მონაპოვრის, წინააღმდეგ ჯერ არნახული აგრესიის წინაშე დგას”, - აღნიშნა ბაგრატიონ-მუხრანელმა.
მისი თქმით, ”ამ ბრძოლას დღეს გადაგვარებული ქართველი ჩინოვნიკები და მოსყიდული ”სპეციალისტები” აწარმოებენ. ”ხოლო ”სპეციალისტების” სისასტიკემ XIX–XX საუკუნეების რუსული იმპერიის აგრესიას გადააჭარბა”.
”მთელ საზოგადოებასთან ერთად ჩვენ პროტესტს გამოვთქვამთ და ვგმობთ ქართული ლიტერატურის და ქართული ენის, როგორც სახელმწიფო ენის როლის დაკნინების ტენდენციას. სამთავრობო ინსტიტუტები და ტელეარხები მშობლიური ენის მნიშვნელობის იგნორირებას ახორციელებენ, რასაც მოზარდი თაობის დეგრადაციამდე მივყავართ. ბოლო დროს გამოსული სასკოლო სახელმძღვანელოები გამოირჩევა არაპროფესიონალიზმით, გაუმართლებელი ნოვაციებით და ვიზუალურ-ვერბალური მასალების პრიმიტიულობით, საზღვარგარეთული ლიტერატურის გაუმართლებელი შემოჭრით და იაკობ გოგებაშვილის დიდი სახელმძღვანელოს ”დედაენის” უარყოფით, რომელიც ჩვენი ბავშვების ფსიქოლოგიას ყველაზე მეტად ესადაგება და დიდი უპირატესობა აქვს ახალ ან მოდერნიზებულ სახელმძღვანელოებთან”, - განაცხადა საზოგადო მოღვაწემ.
ია ბაგრატიონ-მუხრანელმა და პრესკონფერენციის ყველა დანარჩენმა მონაწილემ, რომელთა შორისაც იყვნენ მეცნიერები და ისტორიკოსები, ასევე მასწავლებელები და პედაგოგები, ქვეყნის განათლების სისტემაში მიმდინარე პროცესების გამო სერიოზული შეშფოთება გამოთქვეს. მათ პროტესტი გამოხატეს საკონსტიტუციო ნორმების დარღვევების გამო, რომლებიც სახელმწიფო ენას და მის სტატუსს ეხება.
ქვეყანაში განათლების სისტემის რეფორმის პროცესში არსებული ნაკლოვანებების შესახებ, რომელიც არა მხოლოდ მშობლიური ენის სწავლებას, არამედ სხვა ფუძემდებლური საგნების სწავლებასაც ეხება, დეტალურად ისაუბრეს ფილოლოგიურ მეცნიერებათა დოქტორმა მანანა ტაბიძემ, ფილოლოგიურ მეცნიერებათა დოქტორმა, ენათმცოდნე თემურ გვანცელაძემ, მეცნიერმა, ისტორიულ მეცნიერებათა დოქტორმა ზურაბ რატიანმა, ტექნიკურ მეცნიერებათა დოქტორმა, კვებითი მრეწველობის და აგროტექნოლოგიის აკადემიის წევრმა შოთა ჩხეიძემ, ისტორიულ მეცნიერებათა დოქტორმა ჯემალ გამახარიამ.
საქართველოს კონსტიტუციის მე-8 მუხლში ნათქვამია: ”საქართველოს სახელმწიფო ენა არის ქართული ენა, ხოლო აფხაზეთში - ასევე აფხაზური”. ეს ხომ ქვეყნის მთავარი კანონია და ის მუდმივად ირღვევა, როდესაც განათლების სისტემის რეფორმირება და ძველი სახელმძღვანელოების ახლით - გამოფიტული და აპრობირებულის უპირატესობას მოკლებული სახელმძღვანელოებით შეცვლა ხორციელდება, აღინიშნა პრესკონფერენციაზე, რომლის მონაწილეებმაც შეხვედრის დასასრულს ყველას მოუწოდეს, მიაღწიონ კონსტიტუციური მოთხოვნის დაცვას საქართველოს სახელმწიფო ენის - ხალხის უმთავრესი სიმდიდრის შესახებ.
|