|
ცნობილი რუსი ჟურნალისტი მატვეი განაპოლსკი საქართველოსა და რუსეთს შორის ომის შესაძლებლობას გამორიცხავს. ამის შესახებ მან ხუთშაბათს ”რია ნოვოსტის” თბილისის საერთაშორისო პრეს-ცენტრში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
განაპოლსკიმ განაცხადა, რომ რუს და ქართველ ხალხებს შორის ომი ვერ წარმოუდგენია.
”არანაირი ომი საქართველოსა და რუსეთს შორის არ იქნება, რადგანაც ის ირაციონალურია. ჩვენ 2008 წელში ვცხოვრობთ და ვიცით, რომ ომი საბოლოო ჯამში - სხვისი ტერიტორიის დაპყრობაა. რაც უფრო მეტი სიტყვები გესმით საომარ მომზადებებზე, მით უფრო მეტად უნდა გესმოდეთ, რომ ბუნებაში არანაირი საომარი მომზადება არ არსებობს, ის, უბრალოდ, არ არის”, - მიმართა განაპოლსკიმ პრეს-ცენტრში შეკრებილ ჟურნალისტებს.
განაპოლსკის აზრით, ”რუსეთმა და საქართველომ კონფრონტაციულობის მთავარი წერტილი, დიდი ხანია, გადალახეს”. მას მხედველობაში ჰქონდა 2006 წლის შემოდგომის მოვლენები - ეგრეთ წოდებული ”შპიონური სკანდალი” და რუსეთიდან საქართველოს მკვიდრების დეპორტაცია.
”პუტინისეული სანქციები ქართველებთან მიმართებაში ორი სახელმწიფოსთვის, როგორც სტრუქტურებისა და როგორც ხალხებისთვის, ძალიან სერიოზული გამოცდა იყო. 2006 წლის მიწურულის მოვლენებს სახალხო დონეზე შეეძლო, ჩვენი სახელმწიფოების მაცხოვრებლების ურთიერთობებში ცუდი დამოკიდებულება და ურთიერთწყენა დიდხანს შეეტანა. ხოლო მსგავსი წყენები ასწლეულების მანძილზე არ ავიწყდებათ. მაგრამ ბატონი პუტინის ქმედებებს ხალხმა არა მხოლოდ მხარი არ დაუჭირა, არამედ თავიდან ბოლომდე გაკილა და დაგმო”, - მიიჩნევს განაპოლსკი.
აფხაზეთის და სამხრეთ ოსეთის პრობლემებზე საუბრისას განაპოლსკიმ აღნიშნა, რომ ”საქართველოს პოზიცია ამ თვალსაზრისით თანამიმდევრული და მარტივია - ქვეყანა მოითხოვს ტერიტორიული მთლიანობის არა მარტო ფორმალურ, არამედ ფაქტობრივ აღიარებას”. ამავე დროს, რუსეთის პოზიციას ჟურნალისტმა ”უცნაური და აბსოლუტურად გაუგებარი” უწოდა.
”გარკვეული დრო უნდა გავიდეს, სანამ რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტისგან დმიტრი მედვედევისგან მოვისმენთ არა მხოლოდ ჩამოყალიბებულ, არამედ გარკვეულად დამოუკიდებელ მოსაზრებას. ჯერჯერობით, ჩანს, ორხელისუფლებიანობის პირობებში, მისთვის ამის გაკეთება ძნელია”, - განაცხადა ჟურნალისტმა და ქართულ მხარეს ურჩია, ”საქმის ასეთ ვითარებას გაგებით მოეკიდოს”.
განაპოლსკიმ აღნიშნა, რომ ”დე ფაქტოდ დაიბრუნო უკან ტერიტორიები, რომლებიც 15 წელი ქართული სახელმწიფოებრიობის გარეთ იყო, ძალიან რთულია”. ამავდროულად, ჟურნალისტმა აღნიშნა, რომ ”ბატონმა ბაღაფშმა უნდა გაიგოს, რომ ასე მარტივად სახელმწიფოები არ იქმნება”. ”თუ მრავალი წლის მანძილზე არ აღიარებდი, რომ სხვა სახელმწიფოს ნაწილი ხარ, ეს სრულებითაც არ ნიშნავს, რომ ამისთვის სახელმწიფოს გაჩუქებენ. სამყარო უფრო რთულად არის მოწყობილი. სამწუხაროდ, ბაღაფშს ეს ჯერ არ ესმის”, - განაცხადა განაპოლსკიმ.
განაპოლსკი აფხაზური პრობლემის გადაჭრის გზას აფხაზურ ხელმძღვანელობასთან და აფხაზურ ელიტასთან, რომელიც 15 წლის მანძილზე ჩამოყალიბდა, ხანგრძლივ და მძიმე მოლაპარაკებებში ხედავს, რაშიც მონაწილეობას მიიღებენ საერთაშორისო ორგანიზაციები.
ჟურნალისტმა ასევე აღნიშნა, რომ მთავარი საკითხი, რომელიც დასავლეთს აღელვებს, ესაა - ამ შემთხვევაში რა სურს სინამდვილეში რუსეთს.
”რუსი პოლიტიკოსებიც კი აღნიშნავენ, რომ რუსეთს კავკასიაში სტრატეგია არ გააჩნია. ამაშია, ალბათ, ძირითადი პრობლემა”, - მიიჩნევს განაპოლსკი.
”პრობლემის გადასაწყვეტად სამი შემადგენელია საჭირო. საქართველო თავისი პლასტიკური პოზიციით. რუსეთი - მზადმყოფი მოლაპარაკებებისთვის და მზადმყოფი, განიხილოს სხვადასხვა ვარიანტი. და, რა თქმა უნდა, აფხაზეთი, იმის გაცნობიერებით, რომ არ გამოვა აი, ასე, უბრალოდ დამოუკიდებელი სახელმწიფო გახდე. დავაში შუამავლები უნდა იყვნენ გაერთიანებული ევროპა და აშშ, როგორც თანამიმდევრული, მომთმენი მშვიდობისმყოფელები. თუ სამიდან ერთი მხარე უსასრულოდ გაიმეორებს ერთსა და იმავეს, ესე იგი, მოითხოვს ყველაფერს ან არაფერს, ეს უსასრულობამდე ჩაკეტილი წრე იქნება”, - განაცხადა განაპოლსკიმ.
|