|
კონსტანტინეს ეს სიტყვები შეიძლება ყველამ იცით, მაგრამ მაინც დავწერ...ამაზე უკეთესად მე ნამდვილად ვერ გიტყვი... ,,ყოველი კაცისათვის სანატრელი წყობილება ჯერაც არსად დამყარებულა."
,,არა, ჩემი დღენი დათვლილია უკვე. მიწია გველისფერი წმ. გიორგის რისხვამ, მე მივიდვარ ამ სოფლიდან, პიპა, უამბე ჩემი ნათხრობი ვინც მომიკითხოს ყველას, ბაგრატ უფლისწულისა და უკანასკნელ მეხამლესაც უამბე, პიპა. მე მრავალი ცოდვა მიმიძღვის ამქვეყნად, როგორც მეფეს, ისე როგორც კაცს, თითქმის ყველა ღირსება და ყველა ნაკლი ჩემი ხალხისა მიტარებია. ვაჟკაციც ვიყავი და მშიშარაც, კეისარს ვებრძოდი, მეშინოდა ხვიარა ფესვებისა, გულზვიადიც ვიყავი და ლოთიც, მაგრამ ჩემი ხალხისათვის არასოდეს მიღალატნია,პიპა. ჩვენი უბედურება ამჟამადაც ეგაა: ჩვენში მოღალატენი სჭარბობდნენ ერთგულებს, განა თუ სხვისი, საკუთარი თავის, თავის ხალხის მოღალატენი, კარგად ვიცით, თვით ჩვენს მსტოვრებში ნახევარი ბიზანტიელებსა ჰყავდათ შესყიდული, ნახევარი სარკინოზებსა. როცა ხალხს ამდენი მოღალატე შინა ჰყავს, მაკედონელიც ვერ გაამარჯვებინებს მას. ბასიანთან აზნაურებს რომ არ ეღალატათ, იქაც ვძლევდი ბასილი კეისარს იცოდე. თუ მთელმა ერმა გამარჯვება არ მოინდომა, მაკედონელიც ვერ უშველის,პიპა,რადგან ჯერ არსად გაუმარჯვიათ მშიშრებსა და მსტოვრებს. სიყრმე და სიჭაბუკე საქართველოს შევალიე, მაგრამ ქართლელნი ,,აფხაზს" მეძახდნენ, ხოლო აფხაზები-,,ქართლელების მსტოვარს",ლაზს. დამანელა აზნაურებისა და სარდლების კინკლაობამ,პიპა. ჩვენში ყოველ ნაბიჭვარს აზნაურობა სწყურია, ყოველ ნაცარქექიას- სარდლობა. მუდამ ბიზანტიელებს ეგებოდნენ ფეხქვეშ ჩვენი სულელი აზნაურები და ღორმუცელა ეპისკოპოსები, მეფეები მწვანე ეტლებს მიელტვოდნენ და ბიზანტიურ ხარისხებს, ამიტომაც არ მიყვარდა პაპაჩემი-გურგენ მაგისტროსი,მამაჩემი-ბაგრატ კურაპალატი,და მცხეთიდან გაქცევის წინაღამეს ჩემს ვაჟს წავეკიდე,ბაგრატს. ჩვენი უბედურება ეგაა:სხვის ფანდურზე ბუქნაობა გვიყვარს, ამიტომაც მუსრს ავლებდა საქართველოს სხვის ქვეყნებში ატეხილი ჭირი. ხალხიც აზნაურებს ბაძავდა,პიპა,ამიტომაც მშვენიერს ,,უცხოს" უწოდებდნენ,კარგ ქართულ თხილს ,,ბერძნულს'',ხოლო საუკეთესო ცერცვსაც ,ბერძნულს''. სიმთვრალეში კარგი ვაჟკაცები ვართ და კარგი რიტორები,პიპა,ეგაა ოღონდ-სიფხიზლის დროს ჩადენილი ცუდკაცობა სიმთვრალეში გვავიწყდება ხოლმე,ხოლო ქეიფის დროს დანაქადები უკვე აღარ გვახსოვს გამოფხიზლებულთ. მეც მჭირდა ეგ სენი,პიპა,სიმთვრალეში მოვაკვლევინე ფხოველებს დედიცემის დისწული გირშელი თრიაქით მთვრალმა. ოდითგანვე ასე მოგვდგამს ქართველებს,მუდამ ჩვენს სიმცირეს მივსტიროდით, რადგან მტერი აურაცხელი გვყავდა მუდამ, მაგრამ დიდიკაცი თუ გამოგვერია,მას ისე დავკორტნით,როგორც დაკოდილ ძერას ყვავები"
|