თავმდაბლობა ქართველთა სენია

ჩამქრალი სანთელი
ამ წიგნის ავტორი კარგახანია აღარ არის ამ ქვეყანაზე.
როცა მისი ლექსების გაცრეცილი რვეული მომიტანეს, ცოტა არ იყოს, ეჭვით შევხედე ახლობელთა სურვილს - გერმანე ვასაძის ლექსები წიგნად დასტამბულიყო.
თქვე კაი ხალხო, სიცოცხლეში არ აქვეყნებდა ეს კაცი ლექსებს და ხომ არ შევაწუხებთ მის წმინდა სულს სხვადასხვა დროის ლირიული ფიქრების გამომზეურებით მეთქი.
დავიწყე კითხვა.
პირველ ლექსს 1924 წელი აწერია, უკანასკნელს -1965.
სწორედ რომ პირველივე ლექსმა დაბადა ეს წიგნიც და ჩემი მცირე წინასიტყვაობაც.
...თავისუფლებაწართმეული, პირქვედამხობილი საქართველო გმინავს. ოცდახუთმა თებერვალმა დამოუკიდებლობის კოშკი დაანგრია, ჩეკას ჯურღმულებში ბორკილდადებული რაინდები გმინავენ, ქაქუცა ჩოლოყაშვილი შეფიცულთა რაზმს აკოწიწებს, ღველვში შეხვეული შეთქმულების ნაღვერდალი სადაცაა ალს მოიკიდებს და ამ დროს ახალგაზრდა პოეტი, რომელსაც ჯერ თვრამეტიც არ შესრულებია, წერს;
ნისლი მოედო ვრცელ ტრამალებს, მთებსა და ველებს,
ისმის სამარის ყრუ ძახილი სიამით მთვრალის,
და საქართველოს უსასოოდ დაკრეფილ ხელებს
ცრემლი ეფრქვევა თმაგაწეწილ ცივ თებერვალის.
...ბებერი მიწა მოუთმენლად, მედგრად გრიალებს,
თავისუფლება რომ გახვიოს ეკლიან ფრთებში,
ჰორიზონტებზე კაეშანი გაიშრიალებს
ზღაპარი მეფობს გაფითრებულ, თოვლიან მთებში...
დამეთანხმებით, ეს ლექსი მეამბოხე ბიჭის დაწერილია. იგი, რა თქმა უნდა, არ დაბეჭდილა, მაგრამ, როგორც ჩანს, შეთქმულების დამარცხების, წითელი ტერორის გაბატონების სინამდვილემ ისე დაუმსხვრია ახალგაზრდა პოეტს ოცნების ფრთები, რომ ამ პირველი ლექსის სულისკვეთება ჩაქვრა მის პოეზიაში.
მერე წერდა კანტიკუნტად, შემთხვევიდან შემთხვევამდე.
წერდა სიყვარულზე, “ბედნიერ” სამშობლოზე, თავის ლამაზ ქალიშვილზე - ლიაზე, ტერენტი გრანელზე, იოსებ გრიშაშვილზე, შავი ზღვის ლაჟვარდ ტალღებზე, მეგობრებზე...
ახალ ლექსს ორად გადაწერდა; ერთს ადრესატს გაუგზავნიდა, მეორეს სქელ საქაღალდეში ინახავდა.
სიცოცხლის მიმწუხრზე წერა ეს ლექსები.
გამოქვეყნებაზე კი კრინტიც არ დასცდენია.
რა იყო ეს?
მან თავისთავში პოეტი, ალბათ, ვერ მოკლა, მაგრამ ისე მაღალი წარმოდგენისა იყო პოეზიაზე, რომ ლექსების წიგნის ავტორად “თავი არ ეღირსებოდა.”
ან იქნებ ფიქრობდა, რომ კომუნისტების მკაცრი დრო ჭეშმარიტი პოეზიისთვის ადგილს არ ტოვებდა და საალბომო ლექსების ავტორად ჩრდილში ყოფნა არჩია?
ვინ იცის, “წითელ საუკუნეში” რამდენი პოეტური სანთელი ჩაინავლა მკრთალი ნათებით, რამდენი ნიჭი დაიგვალა და გახმა.
მხოლოდ სულით ძლიერთა გამოარღვიეს ეპოქის არტახები..