იმის თქმა, რომ სტალინმა საქართველოს სამხრეთ ოსეთი ან აფხაზეთი აჩუქა, აბსურდია!”
2008 წლის 12 09, პარასკევი - 16:45
აფხაზეთი დამოუკიდებელი რესპუბლიკაა, _ აცხადებენ რუსები და მათ კვერს აფხაზებიც უკრავენ. სინამდვილეში, ვის ეკუთვნოდა ოდითგან აფხაზეთი და ვინ არიან აფხაზები? ამის შესახებ “ფაქტს” ისტორიული ცნობები ისტორიკოსმა მარიკა ლორთქიფანიძემ მოაწოდა.
მარიკა ლორთქიფანიძე, ისტორიკოსი: _ აფხაზეთი ისთივე ისტორიულ-გეოგრაფიული მხარეა, როგორც კახეთი, გურია, სამეგრელო და საქართველოს შემადგენლობაში შემავალი სხვა მხარეები. მოკლედ, აფხაზეთი საქართველოს ჩრდილო-დასავლეთით მდებარე ერთ-ერთი უძველესი ისტორიულ-გეოგრაფიული მხარეა. აფხაზეთის ჩრდილო საზღვარი კავკასიონის ქედის სამხრეთ ზოლამდე აღწევდა და სამხრეთით ცხუმამდე მიდიოდა. აფხაზი ეწოდებოდა სწორედ ამ აფხაზეთის მცხოვრებს. აფხაზი წერილობით წყაროებში პირველად ახ.წ. II ათასწლეულში გვხვდება. აფხაზები ძველ ისტორიულ წყაროებში აბაზგებად მოიხსენიებიან. ზოგიერთი მკვლევარი თვლის, რომ ისინი საქართველოს ტერიტორიაზე, კერძოდ, შავი ზღვის სანაპიროზე უძველესი დროიდან მოსახლეობდნენ. ზოგი კი ფიქრობს, რომ ისინი საქართველოში ახ.წ. I-II საუკუნეებში უნდა გაჩენილიყვნენ, როდესაც ჩრდილო კავკასიიდან ერთი ტალღა წამოვიდა და აქ დასახლდა.
ზოგ მკვლევარს აბსოლუტურად რადიკალური მოსაზრებაც აქვს და თვლის, რომ აბაზგები, რომლებსაც ჩვენ აფხაზებს ვუწოდებთ და რომლებიც თავის თავს აფსუას ეძახიან, საქართველოს ტერიტორიაზე XVII საუკუნიდან ჩნდებიან. ერთ აზრთა სხვადასხვაობას ვაწყდებით მაშინაც, როდესაც ზოგი მკვლევარი ამტკიცებს, რომ აფხაზები ჩრდილო კავკასიური ტომია, ხოლო ზოგი თვლის, რომ ისინი ისეთივე ქართული მოსახლეობაა, როგორც კახელი, სვანი და სხვა. ამ კითხვაზე გადამწყვეტი პასუხის მოძებნა არსებულ მონაცემებზე დაყრდნობით საკმაოდ ძნელია.
_ და მაინც, ვინ არიან აფხაზები?
_ მნიშვნელოვანია, რომ საქართველო, თავისი გეოგრაფიული მდებარეობის გამო, უამრავი ეთნიკური ჯგუფისათვის საინტერესო იყო. ისინი აქ მოდიოდნენ და სახლდებოდნენ, ითვისებდნენ ქართულ კულტურას და ცხოვრობდნენ ქართულ სახელმწიფოში. ნიკო ბერძენიშვილი თვლიდა, რომ ვინც უნდა ყოფილიყვნენ აბაზგები, ისინი ისტორიულ-კულტურულად ქართველები არიან და ისევე მონაწილეობდნენ ქართული კულტური შექმნაში, როგორც ეგრები, ქართლელები, სვანები და სხვა. ვინ იყვნენ ეთნიკურად და გენეტიკურად ისინი მანმადე, ამას გადამწყვეტი მნიშვნელობა არ აქვს. ისტორიულ-კულტურულად ისინი ქართველები არიან.
ახ.წ. I საუკუნის რომაელ ისტორიკოსს აქვს ცნობა, რომ მდინარე თერგის შუა წელზე არის აფსუა. XVI საუკუნის ერთ-ერთ რუკაზე, დაახლოებით, იმავე ტერიტორიაზე, მდინარე თერგის შუა ზოლზე დახატულია რეგიონი აფსუა და წერია ქალაქი აკვა. ეს არის სოხუმის აფხაზური სახელწოდება. ამ პერიოდში უკვე მასობრივად დაიწყო აფსუათა ჩამოსახლება ქართულ ტერიტორიებზე. ამაში დიდი როლს რუსეთმაც ითამაშა, რომელიც ავიწროვებდა აფსუებს. შედეგად, ისინი მასიურად დასახლდნენ საქარტველოს ტერიტორიებზე. თუ მანმადე აფსუათა პატარა კომპაქტური დასახლებები იყო, XVI საუკუნეში ეს ტერიტორიები უფრო მოიცვეს, ჯერ სამხრეთი კალთები და შემდეგ მთის წინა ზოლი დაიკავეს. იმდროინდელმა ქართველებმა მათ უწოდეს აფხაზები. ჩვენ მხოლოდ ის ვიცით, რომ ისინი თავის თავს აფსუას უწოდებდნენ, თავის ენას _ აფსუათა ენას და სახელმწიფოს _ აფსნის. საბჭოთა ავტონომიური რესპუბლიკის დროსაც მათ ტერიტორიას “აფსნის ავტონომიური რესპუბლიკა ერქვა”. ქართველებმა შევარქვით მათ აფხაზები და ჩვენგან გავრცელდა ეს ყველა დანარჩენ ენაში. თავად აფხაზები, თავის ენაზე, თავს აფსუად მოიხსენიებენ, ქართულად და რუსულად კი თავის თავს აფხაზებს უწოდებენ.
_ ქალბატონო მარიკა, რა გზა განვლეს საქართველოში დამკვიდრებულმა აფხაზებმა და როგორ ვითარდებოდა მათი კულტურა?
_ მათაც, როგორც საქართველოს მთლიანმა მოსახლეობამ, საკმაოდ მძიმე გზა განვლეს. ჩამოსახლებულმა აფხაზებმა მაჰმადიანთა ბატონობის დროს რჯულიც შეიცვალეს, რასაც ვერ ეგუებოდა რუსეთის სახელმწიფო და აიძულებდა მაჰმადიან აფსუებს, რომ აყრილიყვნენ და გადასახლებულიყვნენ თურქეთში. მოგვიანებით, რუსეთმა დასავლეთ საქართველო საერისთაოებად დაყო. აფხაზეთიც ერთ-ერეთი საერისთაო იყო, რომლის მთავრებიც შერვაშიძეები იყვნენ. თუმცა, ოდიშის მთავარმა, დადიანმა მოახერხა და ეს საერისთაო სამეგრელოს მიუერთა.
აფხაზთა სამეფო კარზე იწერება ქართული ჰიმნოგრაფიული თხზულებები, ქართული ჰაგიოგრაფიული ნაწარმოებები, აფხაზთა მეფეთა ქრონიკა. აფხაზები თავისი მოღვაწეობით და ეროვნული თვითშეგნებით ქართველები არიან. გენეტიკურ წარმომავლობს კი არსებითი მნიშვნელობა არ აქვს.
რაც შეეხება მათ დამწერლობას. XIX საუკუნის 60-იან წლებში, ერთ-ერთმა რუსმა მეცნიერმა, უსარმა ქართული გრაფიკის საფუძველზე შექმნა. მოგვიანებით მის დახვეწაში დიდი წვლილი ქართველმა მეცნიერებმა შეიტანეს.
_ ქალბატონო მარიკა, სად გადის აფხაზეთის ნამდვილი საზღვრები?
_ VIII საუკუნის მონაცემებით, აფხაზეთის საზღვრები მოიცავდა კავკასიონის ქედიდან ჭოროხის ხეობამდე ტეროტორიებს. აღმოსვლეთით მას ლიხის ქედი, დასავლეთით კი შავი ზღვა ესაზღვრებოდა. ეს არის ქვეყანა, რომელსაც ივანე საბანისძე აფხაზეთს უწოდებს და მას მერეც მისი ძირითადი საზღვრები სწორედ ამ ტერიტორიებს მოიცავდა.
როგორც კი საქართველომ დამოუკიდებლობა გამოაცხადა, აფხაზმა და ქართველი ბოლშევიკებმა აქტიურად დაუჭირეს მხარი რუსეთის ხელისუფლებას და ითხოვდენ რუსეთთან შეერთებას ან დამოუკიდებლობას. ბოლოს, აფხაზეთი ავტონომიურ რესპუბლიკად გამოცხადდა.
როგორც კი დგებოდა საქართველოს დამოუკიდებლობის საკითხი, მაშინვე იჩენდა თავს გაუგებრობები აფხაზთა მხრიდან და სტალინის გეგმა წარმატებით იწყებდა მუშაობას. ის რომ, სტალინმა აჩუქა საქართველოს სამხრეთ ოსეთი ან აფხაზეთი, აბსურდია, რადგან სტალინი საქართველოსთვის სასიკეთოს არასდროს არაფერს აკეთებდა!
_ რა ვითარება იყო საბჭოთა ხელისუფლების დროს აფხაზეთის ავტონომიურ რესპუბლიკაში და რა პრივილეგიები ჰქონდათ აფხაზებს?
_ აფხაზებს ყოველთვის მფარველობდა საბჭოთა კავშირის ცენტრალური ხელისუფლება. მათ ჰყავდათ თავისი თეატრალური დასი, ჰქონდათ უმაღლესი სასწავლებელი და ყველანაირი კულტურული დაწესებულება. საბჭოთა კავშირის მასშტაბით არცერთ ავტონომიურ რესპუბლიკაში იმდენი წიგნი არ გამოცემულა ეროვნულ ენაზე, რამდენიც აფხაზეთში. მოკლედ, შეიძლება ითქვას, რომ აფხაზები აბსოლუტურ ფუფუნებაში იმყოფებოდნენ. შესაბამისად, უჩნდებოდათ გარკვეული ამბიციებიც, რამაც გამოიწვია დღევანდელი მდგომარეობა.
აფხაზებს, ისევე როგორც ოსებს, უფლება აქვთ ქართულ ტერიტორიაზე ცხოვრების და თავიანთი კულტურის განვითარების, თუმცა ტერიტორიაზე არავითარი უფლება არ აქვთ, ტერიტორია საქართველოს კუთვნილებაა.
ნატო სულუაშვილი
www.fact.ge