↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"


+ ახალი თემა ↩ პასუხი  [ 322 posts ] 
ავტორიMessage
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined20 Feb 2008
Posts17853
კარმა236
OFFLINEPROFILE
რევაზ ინანიშვილი
მუხა
ეს მუხა ტყის პირას დგას, - ბებერი, ჯმუხი, ტანდაკოჟრილი, ფოთლებშეთხელებული. აღარც ჩრდილს იფენს, აღარც რკოს ისხამს. იშვიათად თუ ეწვევა ვინმე, - ადამიანი, ცხოველი თუ ფრინველი. საუკუნეებით დაღილს, გაწამებულს ხანდახან ქორი თუ მოებმება ხმელ კენწეროზე, ისიც უძრავი, მრისხანედ მიშტერებული ველისკენ: ხანდახან კოდალა თუ მოინახულებს; სწრაფად, უგულოდ შემოუფრენს ირგვლივ, თითქოს ვალდებულების მოსახდელად ორიოდეჯერ დაჰკრავს ნისკარტს, - კივკივო! - ანუგეშებს და გაფრინდება სხვა ხეებისკენ. ციყვებმაც კი მიატოვეს და წავიდნენ...

ამ რამდენიმე წლის წინათ მუხის მეზობლად, ლამაზი თელის ძირში, მონადირეებმა შეისვენეს. დაანთეს ცეცხლი, გაშალეს სუფრა, დაიწყეს პურობა და სმა. ცოტა რომ შეზარხოშდნენ, აყაყანდნენ: არა მე გჯობივართ სროლაში, არა მეო. ერთი მონადირე წამოდგა და თქვა: - აი, ბურთი და აი, მოედანი! - მუხის დიდ კოჟრზე ასანთის კოლოფი დასვა, - ვესროლოთო. ზოგი ფეხმორთხმული ისროდა, ზოგი - წაწოლილი. სიცილით გაშვებული ტყვიები წივილით ესობოდნენ მუხას, სიმწრის ნაფლეთები გულხეთქებით ცვიოდა აქეთ-იქით.

მონადირეები რომ წავიდნენ, ქარი ამოვარდა, მუხის სველი ჭრილობა მიწით ამოივსო. გამოხდა ხანი, - თვეები, წლები. და, აი, წლეულს, გაზაფხულზე, ის მონადირე, ასანთის კოლოფი რომ დასვა მუხაზე, უკვე ჭარმაგი, პატარა შვილიშვილთან ხელჩაკიდებული, ისევ მოხვდა ამ ადგილებში.

მუხის ნაჭრილობევში მთელი ბღუჯა ია ამოსულიყო და ჟრიამულით ყვაოდა.

მონადირის შვილიშვილმა, ლამაზმა, ყურებსიფრიფაა გოგონამ, აღტაცებულმა ჩაიმუხლა, მუხას ხელები მოხვია და მიეხუტა.

მონადირემ უყურა, უყურა, მერე ქუდი მოიხადა და თავდახრილი გაჩერდა.

ციტირება პასუხი
   
User avatar
ექსპერტი დესპანელი
ექსპერტი დესპანელი
Joined02 Sep 2008
Posts229
კარმა0
OFFLINEPROFILE
ნიკო ლორთქიფანიძე
ქრისტე!
ლმობიერო, სათნოვ, სიკვდილითა სიკვდილის დამთრგუნველო, ცოდვებისა მიმტევებელო, მასწავლებელო მოთმინებისა, მზიდველო მძიმე ტვირთისა, მტერთა მოყვარულო, დასაბამო ჭეშმარიტებისა, სიკეთისა და მშვენიერებისა, - სულის იდუმალი ძალები შენსკენ ისწრაფვის!

მტრის კლანჭებში დაეცა სული, დაჩლუნგდა გონება. გალიაში მოყვასის სიყვარული დაგავიწყდდა. უღიმ-ღამო ცხოვრებაში ფერი დაეკარგა მშვენიერებას. გვედრით უფალო, გაგვწმინდე ბასრი ხმლით. გესლიანმა დამცინავმა ენამ დასწვას ღონემიხდილი ჩვენი სხეული. იობის მოთმინების წილ მოგვეც თავგანწირული მტრის სიძულვილი სამსონისა. მრისხანე იყავ ლაჩარ მონისადმი. სიცოცხლით დაგვათრგუნვინე სიკვდილი. ნუ შეგვაწევ ცოდვას. მოგვმადლე ძალა ზე აღდგომისა... საფლავების შინათა სიცოცხლე მოგვანიჭე!

ციტირება პასუხი
   
User avatar
ექსპერტი დესპანელი
ექსპერტი დესპანელი
Joined02 Sep 2008
Posts229
კარმა0
OFFLINEPROFILE
საქართველო იყიდება
იყიდება საქართველო. მინდორ-ველით, მთა-გორით, ტყით, ვენახით, სათესით; წარსულის ისტორიით, მომავალი სვე-ბედით; მშვენიერის ენით; ნაქარგი ფარჩა-ხავერდით; ვაჟკაცურის ხასიათით, სტუმართ-მოყვარეობით; დიდებულის სანახაობით, წმინდა ჰაერით; ნაამაგევი სახლით და კარით; ჩუქურთმიანი მონასტრებით და ეკლესიაბით; მჩქეფარე ნაკადულებით; ლურჯის ზღვით; მოწმენდილ-მოკაშკაშებული ცით; ერით, ბერით; თვალწარმტაც ბანოვანთა გუნდებით; გონებაგახსნილ ვაჟებით; მალხაზი ბავშვებით; ვერცხლისფერ თმით შემოსილ პატივსადებ მოხუცებით. იყიდება საქართველო დედით და მამით, შვილით და ძირით, ძმით, დით, ცოლით და ნათესავ-მოყვრებით.

ჰყიდის ყველა: თავადი, მღვდელი, ვაჭარი, ავაზაკი, დიდი და პატარა, ჭკვიანი და სულელი, ლოთი და პირაკრული.

იყიდება ყველგან: ქუჩაში და სახლში, თეატრში და სასამართლოში, სასწავლებელში, სატუსაღოში, ეტლში, მატარებელში, დილით და ღამით, სიცხეში და სიცივეში, დარში და ავდარში.

იყიდება ერთიანად: შავი ზღვიდან კასპიის ზღვამდე და ოსეთიდან სპარსეთამდე. იყიდება ნაწილ-ნაწილ: კახეთი და იმერეთი, ქართლი, სვანეთი და სამეგრელო, გურია და ლეჩხუმი, რაჭა და ჯავახეთი. იყიდება პატარ-პატარ ნაჭრებათ, ვისაც რამდენი სურს და როგორც უნდა: ნისიათ, უფასოდ, ნაღდად, დროებით და სამუდამოთ; ბანკის დახმარებით და ჩვენის საშუალებით.

იყიდეთ ბარემ მთლად, გაწეწეთ და გაგლიჯეთ, რასაც საქართველო ერქვა და რაც დღეს ოხრად დარჩენილი აძღებს ყორნებს და გულს უკლავს უძლურ ჭირისუფალს!

ჩემი საყვარელი ნაწარმოებია.:(

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined15 Aug 2007
Posts767
კარმა0
OFFLINEPROFILE
გველის პერანგი
გული ხელის გულზე

ჰამადანიდან მიჰქრის ავტომობილი. შოფერი კუნთებდახვეწილი ჟოკეჲვით შეზრდია „ფორდს“. ქუდები თეთრ ზოლს აყოლებენ: ერთი - ინგლისური თეთრი ჩაფხუტი საგრილო და მეორე - ჩალმა სპარსული თუ აღმოსავლური. ერთის მუხლებზე ვეებერთელა დოგს თავი მოუსვენია. გზა მიდის ჩრდილოეთით. სადგურ აღბულაღის იქით მდაბლობი გაშლილა სოფლებით. ხევი ორი მდინარის: კარასუსი და დარაგაზანის. კულებადის მდაბალ მთებთან გაიჭრის საზღვარი ჰამადანისა და ხამზესი. სოფელ რამაზანთან გზა მიდის მორჩილ მდინარის პირას. ხიდს გაივლიან ოდნავ მოშორებით მდინარის მარცხენა ნაპირას მოხეთქს ცივი წყარო: გოგირდიან-კირიან-რკინეული. რამაზანიდან დაწყებული თანდათან მატულობს აღმართი. სადგურ მანიანთან - საცა ეხლა „ქალაქთა კავშირის“ საკვები პუნქტია - აღმართი მუხლს იმაგრებს და ჩაქნეულ ხრამის გასწვრივ მიდის სულ მაღლა და მაღლა ყარაგანის მაღალ უღელტეხილის მიმართ. ორი კილომეტრის მანძილზე ყარაგანის უღელტეხილთან - სადგური სულტანბულაღ. აქაც - საკვები პუნქტი.

ფორდი ძალას იკრებს რომ ალახოს ეს დიდი აღმართი. ხანდახან დაიქშენს როგორც თოფნაკრავი მხეცი. შოფერი ასეთ დაქშენას უნდო თვალით უყურებს. მან იცის კარგად: ქვეყანაზე არ დაბადებულა ჯერ ისეთი ქალი რომელიც იყოს ისეთი კაპრიზიანი როგორიც არის ავტომობილის მანქანა. ათვალიერებ: ყველაფერი რიგზეა. გაუშვებ და რამოდენიმე საათის შემდეგ - ნერვიულობა ჭირვეული.

სულტანბულახს უახლოვდებიან. ფორდი ქშენს სხვანაირად: რიტმი თუ ეშლება. შოფერი არას ამბობს: სულ სადგურისაკენ იყურება. ალბად იმას ფიქრობს რომ იქამდე უვნებლად მიაგდოს მანქანა. რამოდენიმე წამი და სულტანბულაღის კარებთან ფორდი საშინლად ამოიხვნეშებს და ერთბაშად დავარდება: შეჩერდება.

პირველი „ალლან“ გამოხტება და ღობეს მიაშურებს. შემდეგ არჩიბალდ მეკეში. მას მოჰყვება ჩალმიანი კაცი. მეკეში ტანად მაღალია. მაგრამ ჩალმიან კაცთან შედარებით თითქმის დაბალი სჩანს. ჩალმიანს მოსხმული აქვს ტანზე გრძელი და მეტად განიერი მოსასხამი ჭაობის ბალახის ფერის. ფეხებზე - მოყვითალო ქოშები. მაღალი კაცი მხრებში ოდნავ მოხრილია: მკერდი არ აქვს მაგარი. ცხვირი მოგრძო და ცოტად გაბრუნდული მარცხნით. თვალები სადღაც შორს ჩამჯდარი: გოგირდისფერი მქრალად შემწვანებული: ნელი - ბეჯითი - გამხვრეტი. სახე ჭრფლიანი და ნაყვავილევი. ასეთი სახე ასეთი თვალებით გველს აჩერებს ცხელ სილაზე. ნარევი ტიპი: სპარსი თუ ჰუნდუ თუ ეგვიპტელი. რა ხნისაა - ძნელია გამოცნობა. ულვაშები - თითქო ახლად ამოსული. თხელი მოკლე წვერი ინით შეღებილი ოდნავ.

შოფერი ფორდს სინჯავს. მეკეში და ჩალმიანი სივრცეებს გადაჰყურებენ. მოსჩანს ჰამადანი როგორც გახელებით დარტყმული სისხლიანი ნალი. მარცხენით - ავეჰს მთები: პირტიტველა გიგანტები. მეკეში დატყვევებულია უცნაურ სანახაობით. მას ყოველთვის აფრთოვანებდა მუხის ფოთლებში ჩაშვებული მზის ღელე მწვანე მოლზე რომ კიაფობს ხალას ტალღებად. მას აფრთოვანებდა ყოველთვის და უფრო მეტად: თუ მუხის ფოთლები მდინარეს დასცქერიან თავს და მზის ღელე ჩრდილებში დახვეწილი მდინარის მავალ ტანს ეფრქვევა პეშვებით. აქ არის ჯადოსნური შეერთება: ყვითელის - მუქლურჯის - ნისლოვანტყვიისფერის. და თანვე ფერთა დენა შეუჩერებელი: მზის ღელე - ფოთლის რხევა - წყლის შრიალი. მეკეში ფოთლებს ხედავს. ფოთლებს: ზოგს სქელსა და დიდს - ზოგს ნარნარსა და მცირეს - ზოგს გრძელსა და დაშვებულს. ხავსი და ყარამფილი ერთი მეორეს ეჯიბრებიან. ყარამფილი ძლევს. ასპიდი და ხვითო ერთმანეთს ედავებიან. ხვითო ძლევს. ბოლოს: ხის ბაყაყი „ვასაკა“ - რომელსაც (სხვადსხვა სიმუქისას) მიმოაბნევენ საზღაპრო ფარშევანგების აჭრელებული ბოლოები...

-

ციტირება პასუხი
   
User avatar
ექსპერტი დესპანელი
ექსპერტი დესპანელი
Joined02 Sep 2008
Posts229
კარმა0
OFFLINEPROFILE
გურამ რჩეულიშვილი
ლამაზია გურჯის ქალი
წვიმა ისევ მოდიოდა. უფრო ჩამობნელდა. ნელა დაიძრნენ ლეკები. გამზა მარჯვე იყო, ოსმანიც, ალი არა.

აღა ბიი იყო მათი მეთაური.

ტყის პირას სახლი იდგა.

გამზა აივანზე აძვრა.

ოსმანიც, აღა ბიიც.

ალის ცხენები ეჭირა.

დილით უკვე კავკასიონს გადაცდნენ.

- ჩადორზე გადავიარეთ, - თქვა აღა ბიიმ და ხელები ალაჰისაკენ აღაპყრო. სხვებმა სახეები აწიეს:

- დიდ არს ალაჰი.

ხელები დაკავებული ჰქონდათ: ალის დატყვევებული მამა გაედო, ოსმანს და, გამზას თითონ თინათინ.

მთელი ღამე აწვალეს ტყვეებმა. მაინც დაიმორჩილეს. შეკრულებს თითებიდან სისხლი სდიოდათ, თავპირი დასიებული ჰქონდათ ცემისგან. თინათინ ინძრეოდა კიდევ. გამზას მაგრად ეჭირა.

- ოი, ალაჰ! - უცებ ამოხდა გამზას და ვენიდან გადმოჩქეფილ სისხლს პირი შეაშველა. თინათინმა ლეკის სისხლი გადმოაპურჭყა. გამზამ ხანჯალი გაიძრო; თინათინმა ნაბდიდან გამოყო თავი და შავი თვალები შეანათა.

- რაღას უცდი, - თქვა აღა ბიიმ. სხვებმაც დასტური მისცეს.

გამზა გაშეშდა, მერე ხანჯალი ჩააგო.

- რაღას უცდი, - გაიმეორა აღა ბიიმ.

- ლამაზია გურჯის ქალი! - თქვა გამზამ.

ციტირება პასუხი
   
User avatar
ექსპერტი დესპანელი
ექსპერტი დესპანელი
Joined02 Sep 2008
Posts229
კარმა0
OFFLINEPROFILE
კაცი და ქალი
თებერვლის ცივი, ქარიანი წვიმის შემდეგ (ქარი კვლავაც ქრის), საღამო ხანს სველ ბინდში, რბილად გადაგლუებული გორაკის ფერდობს ნელ-ნელა ასდევს ბალანჩამოძენძილი გამხდარი მელა. წავა, ჩრდილივით უხმოდ გაძვრება ჩაშავებულ ძეძვებსა და ურო ბალახის ბღუჯებს შორის, შეჩერდება, აზუზული მოხედავს ქარსა და ჰორიზონტზე დახვავებულ ამღერებულ ღრუბლებს, უწადინოდ დააღებს პირს და ამოიხავლებს:

- ბჰა!

წავა, ქარი წააგვერდელებს, გაძვრება ძეძვებს შორის, ისევ შეჩერდება, ისევ მოიხედავს და მოიხავლებს საბრალობლად:

- ბჰაა! ბჰაა!

კაცი და ქალი ერთამენთს მიჰკვრიან და სუნთქვაშეკრულნი უყურებენ.

კაცმა თქვა:

- შია.

- ოჰ, რას ამბობ! - უკმაყოფილოა ქალი, - მარტოა და გუნება სტკივა.

ციტირება პასუხი
   
User avatar
ექსპერტი დესპანელი
ექსპერტი დესპანელი
Joined02 Sep 2008
Posts229
კარმა0
OFFLINEPROFILE
სიკვდილის შემდეგ
დადგება ზამთარი...

მოვკვდები ღამით, გათენებისას, როდესაც გარეთ იქნება ზამთრის გაცივებული მთვარე და ყინვა. სიკვდილის წინ მომაგონდება თბილისის ღამეები და ჩემი უნაზესი და: ეს ორი შეერთებული კოცონი, რომელიც მწვავდა მე ყოველთვის.

ასე გათავდება სინათლე, გაჰქრებიან მოგონების წამები.

გადავეცემი სიკვდილის მდუმარე ხელებს.

ჩემი წამებული სხეული შეუერთდება მსოფლიო ელემენტებს.

და მე ვიგრძნობ უმაღლეს მოსვენებას.

ჩემი კუბო იქნება სადა

და პროცესია უცრემლო.

მე დამასაფლავებენ შუადღის ორ საათზე თბილისის ახლო.

ჩემი დაკრძალვის დღეს აიშლებიან ფერადი ღრუბლები და ამოვარდება შორეული გრიგალი.

ბალდახინი, რომელიც წაიღებს ჩემს ცხედარს, იქნება თეთრი და მოძველებული. პანაშვიდს გადამიხდის ვინმე უბრალო მღვდელი, რომელსაც არ ექნება წაკითხული ჩემი სისხლიანი წიგნი «Memento mori» არ შევეცოდები მღვდელს, რომელსაც არ ეცოდინება ჩემი დაფერფლილი სულის ისტორია. მხოლოდ ცხედართან მდგომ პოეტებს მოაგონდებათ ჩემს დანისლულ ლექსებიდან სტრიქონები.

მოვა უიმედობა.

პანაშვიდი გათავდება ქარში.

ჩემს ცხედარს ნელა ჩაუშვებენ სამარეში.

და პირველ მიწას სახეზე მომაყრის ვინმე უხეში მესაფლავე.

კუბოს ფიცარზე შეწყდება უკანასკნელი გუგუნი მიწის და ქვების.

პროცესია დაიშლება.

მე და სიჩუმე დავრჩებით მარტო.

გზაში ისაუბრებენ ჩემზე.

დაღამდება...

მე შემეშინდება მარტო სასაფლაოზე, ღამით.

დავტოვებ კუბოს და ტანშიშველი გამოვიქცევი სამარიდან.

და გიჟივით ვიკივლებ, რომ მომეშველონ, რომ დამიფარონ.

არავინ იქნება ჩემი მხსნელი, ისევ დავეცემი, - თავს ვიგრძნობ სამარეში და კვლავ მივეცემი ძილს დაუსრულებელს.

ნათელივით თავზე დამადგება ჩემი განუყრელი და - სიჩუმე.

თეთრად დასუდრული იქნება მთელი ქვეყანა.

ის სოფელი, სადაც მე დავიბადე, დაემსგავსება უდაბნოს.

გაივლის ზამთარი, წვიმით და ქარებით.

დადგებიან გაზაფხულის დღეები.

შეიფოთლება სასაფლაო.

კვირა დილით, როდესაც ყველა მლოცველისათვის გაიღება ეკლესიის კარები, ჩემ საფლავთან დაფიქრებული მოვა ვინმე ქალი, მოიგონებს ჩემს დამწვარ სახეს, მოიგონებს ჩემს წამებას და შევეცოდები.

ასე გაივლიან საუკუნეები.

ჩემ საფლავს დაადგება მზე შორეულ რიცხვის.

ჩემ მიერ უხილავ საღამოს ბინდი დაფარავს მივიწყებულ ლოდებს და ჩემი საფლავიც შეიმოსება სიბნელით.

წამოვა წვიმა, ქარიშხალი და მოწყენილ საფლავზე დამაყრის ყვითელ ფოთლებს. ასე დროთა შავი წვეთებით დახავსდება ჩემი სამარე, ზედ წამოიზრდება ბალახი.

ზაფხულში, საღამო დროს, ჩემს საფლავს ჩაუვლიან თეთრად გამოწყობილი ქალები, შორს, სარკესთან უცნობი თითები დაუკრავენ როიალს.

დილაადრიან უიმედოდ იკივლებენ ორთქლმავლები. მოვა კვირადღე და ჩემს ახლოს დარეკავენ ზარებს, აანთებენ სანთლებს.

დაიღლებიან ხელაპყრობილი მლოცველები.

წირვა გათავდება.

საყდარს დაკეტავენ, ხატები დამწყვდეულ ტუსაღებივით დარჩებიან შიგ. და სასაფლაოს ჩხავილით გადაუფრენს ყვავი.

გაქრება თვალები, რომელზედაც ესვენა თბილისის ღამეები მძიმე ლოდებივით.

და ჩემი სამარის სამუდამო დარაჯი იქნება ჩემი უნაზესი და - სიჩუმე.

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined30 Jul 2007
Posts795
კარმა81
OFFLINEPROFILE
გაბრიე გარსია მარკესი

თუ ღმერთი ერთი წამით მაინც დაივიწყებდა, რომ მე ვარ ნაჭრის ნაკუწებისგან შეკერილი პატარა თოჯინა და მე მაჩუქებდა სიცოცხლის ერთიციცქნა ნაგლეჯს, ალბათ არ ვიტყოდი იმას რასაც ვფიქრობ, მაგრამ უეჭველად გავიფიქრებდი იმას, რასაც ვამბობ.

დავაფასებდი ყველაფერს არა ღირებულების, არამედ იმის მიხედვით თუ რა მნიშვნელობა გააჩნია მას.
ვიძინებდი ცოტას, ვიოცნებებდი მეტს. მესმის რომ თითოეულ წუთს, როდესაც თვალებს ვხუჭავთ, ვკარგავთ სინათლის სამოც წამს. ვივლიდი მაშინ, როდესაც ყველა გაჩერებული იქნებოდა, გავიღვიძებდი მაშინ, როდესაც ყველას ეძინებოდა. მოვუსმენდი როდესაც სხვები ისაუბრებდნენ და რა გულიანად შევექცეოდი შოკოლადის ნაყინს!

თუ ღმერთი მაჩუქებდა სიცოცხლის ნაკუწს, ჩავიცვამდი შილიფად, გულაღმა დავწვებოდი მზეზე და გავაშიშვლებდი არამარტო ჩემს სხეულს, არამედ ჩემს სულსაც.

ღმერთო, თუ გული მექნებოდა მთელ ჩემს სიძულვილს სიტყვებით გადავიტანდი ყინულზე და დაველოდებოდი მზის ამოსვლას. ვან გოგის ოცნებებით ვარსკვლავებს დავახატავდი ბენედეტის ლექსს და სერატის სიმღერას სერენადად მივუძღვნიდი მთვარეს. ჩემი ცრემლებით მოვრწყავდი ვარდებს, რათა მეგრძნო მათი ეკლების ტკივილი და ვარდის ფურცლების სისხლიანი კოცნა.

ღმერთო ჩემო, მე რომ სულ მოკლე სიცოცხლე მქონოდა… არ გავიყვანდი არცერთ დღეს ისე, რომ ხალხისთვის არ მეთქვა რომ მე ის მიყვარს. დავარწმუნებდი ყოველ ქალსა თუ კაცს რომ თითოეული მათგანი ჩემთვის განსაკუთრებულია და ვიცხოვრებდი სიყვარულზე შეყვარებული.

ადამიანებს დავუმტკიცებდი თუ რაოდენ სცდებიან ფიქრობენ რა რომ შეყვარება აღარ ძალუძთ როდესაც ბერდებიან. მათ არ იციან, რომ სწორედ მაშინ ბერდებიან, როდესაც კარგავენ შეყვარების უნარს! პატარა ბავშვს ვაჩუქებდი ფრთებს, მაგრამ მას მხოლოდ ფრენის სწავლის უფლებას მივცემდი. მოხუცებს დავანახვებდი რომ სიკვდილი სიბერესთან ერთად კი არა, დავიწყებასთან ერთად მოდის. რამდენი რამ ვისწავლე თქვენგან, ხალხნო… დავინახე ის, რომ ყველას უნდა მთის მწვერვალზე ცხოვრება და არც იციან, რომ ჭეშმარიტი ბედნიერება სწორედ იმაშია თუ როგორ ადიხარ ციცაბო ფერდობზე. ვისწავლე ისიც, რომ როდესაც ახალშობილი თავისი პაწაწინა თითებით სულ პირველად ეჭიდება მამის ხელს, ეს სამუდამოა და აღარასოდეს გაუშვებს მას.

ვისწავლე, რომ ადამიანს აქვს უფლება უყუროს მეორეს ზემოდან ქვემოთ მხოლოდ იმ შემთხვევაში, როდესაც მას წამოდგომაში ეხმარება. რამდენი რამის სწავლა შევძელი თქვენგან, მაგრამ სინამდვილეში ბევრი აღარ გამომადგება, რადგან როდესაც მე ამ კიდობანში მომათავსებენ, სამწუხაროდ მე უკვე მომაკვდავი ვიქნები.
ყოველთვის თქვი ის, რასაც გრძნობ და აკეთე ის, რასაც ფიქრობ. რომ ვიცოდე, რომ დღეს უკანასკნელად გხედავ მძინარეს, მაგრად ჩაგიკრავდი გულში და შევევედრებოდი უფალს რომ შენი სულის დამცველად მოვევლინე. რომ ვიცოდე, რომ უკანასკნელად გხედავ როგორ გადიხარ სახლიდან, მოგეხვეოდი, გაკოცებდი და მოგაბრუნებდი რომ კიდევ ერთხელ მეკოცნა. რომ ვიცოდე, რომ უკანასკნელად მესმის შენი ხმა, ფირზე ჩავიწერდი თითოეულ შენს სიტყვას რათა დაუსრულებლად შემეძლოს მისი მოსმენა. რომ ვიცოდე, რომ ეს ჩვენი უკანასკნელი წუთებია, გეტყოდი “მიყვარხარ”, თითქოს არ ვიყო დარწმუნებული, რომ შენ ეს უკვე იცი…
ყოველ გათენებასთან ერთად ცხოვრება ახალ-ახალ საშუალებებს გვაძლევს რომ ლამაზად ვაკეთოდ ჩვენი საქმე, მაგრამ თუ ახლა მე ვცდები და დღეს ამის მეტი არაფერი დაგვრჩენია, მინდა გითხრა თუ რა ძლიერ მიყვარხარ და რომ არასოდეს დაგივიწყებ.

ხვალინდელი დღე არავის აქვს გარანტირებული - ახალგაზრდას თუ მოხუცს. შეიძლება დღეს უკანასკნელად ხედავ მათ, ვინც გიყვარს. ამიტომ ნუღარ დაელოდები მეტს, იცხოვრე დღევანდელი დღით, რამეთუ არ იცი ხვალინდლი დღე იქნება თუ არა, და მერე ნამდვილად დაგწყდება გული რომ ვერ გამონახე დრო ღიმილისთვის, მოფერებისთვის, კოცნისთვის და რომ დაკავებულობის გამო ვერ შეუსრულე შენს საყვარელ ადამიანს უკანასკნელი სურვილი. გვერდიდან არ მოიშორო ისინი, ვინც გიყვარს, ჩუმად ჩასჩურჩულე თუ რაოდენ გჭირდებიან ისინი, გიყვარდეს და ფაქიზად მოეპყარი მათ, დროს ნუ დაიშურებ რომ უთხრა “ვწუხვარ”, ც”მაპატიე”, “გეთაყვა”, ‘”გმადლობთ” და ყველა ის სასიყვარულო სიტყვა, რაც იცით.
შენ არავინ გაგიხსენებს შენი ფარული ფიქრების გამო. შესთხოვე უფალს რომ მოგცეს ძალა და სიბრძნე მათ გამოსახატავად. უჩვენე შენს მეგობრებს თუ რაოდენ მნიშვნელოვანია თითოეული მათგანი შენთვის.”

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined30 Nov 2008
Posts4430
კარმა0
OFFLINEPROFILE
Dozhdik za oknom - o tebe ya dumayu,
Sneg v sadu nochnom - o tebe ya dumayu.
YAsno na zare - o tebe ya dumayu,
Leto na dvore - o tebe ya dumayu.
Pticy priletyat - o tebe ya dumayu,
Uletyat nazad - o tebe ya dumayu.
Zeleny kusty, skryty li porosheyu, -
Ni o chem nevmoch', - o tebe ya dumayu.
Uzh, naverno, ty devushka horoshaya,
Esli den' i noch' o tebe ya dumayu.

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined20 Feb 2008
Posts17853
კარმა236
OFFLINEPROFILE
გამარჯვებული ნიკო

ეკატერინე გაბაშვილი
I

ქალაქი დილის ტკბილს ძილში იყო. არავითარი მოძრაობა არ არღვევდა მოქალაქეთა მოსვენებას; მხოლოდ აქა-იქ დუქნის წინ ასასები ზმორებით და შმუშვნით ილაგებდნენ ლოგინს და მიეშურებოდნენ სახლში. ორი-სამი ეტლი ძილმორეული მეეტლეთი ზლაზვნით და ტაატით მირიხინებდა შინისკენ.

აღმოსავლეთი ოქროსფრად იყო შეღებილი. ჰაერი არ იძვროდა. ცხადი იყო, რომ იმ დღეს საკმაოდ ეცხელებოდა. ამ დილის რიჟრაჟზედ ორი მანდილოსანი ავლაბრის აღმართს შეუდგნენ. უფროსს მძიმედ გატენილი ბოხჩა ჰქონდა იღლიაში, გახუნებულ დრაფის ტალმის ქვეშ და მეორე ხელით წამდაუწუმ იწევდა თავისს კაბის უშველებელ ბოლოს, რომელიც მახესავით ედებოდა ფეხებში და უშლიდა სიარულს. მეორე თანამგზავრი კუდიანის კაბის პატრონისა ახალგაზდა თვრამეტ-ცხრამეტის წლის ქალი იყო; ეს დაღონებულისა და დაძმარებულის სახით მისდევდა თავისს დედას, თუმცა ფიქრით კი სულ სხვაგან იყო.

მზემ ამოაშუქა და ეს ორნი შევიდნენ ავლაბრის მოედნის ერთ ბაკში, სადაც კახეთში წასასვლელი დილიჟნები სდგას ხოლმე. მეეტლე ცხენებს უვლიდა. ქალების დანახვაზედ მეეტლემ ზიზღით და დაცინვით გადაავლო თვალი ახალ მოსულთ და უზრდელად წაიტუტუნა: ,,ვა, მამალს ფთას აღარ შემოაკვრევინებდით, თქვენი სახლი ხომ წყალს არ წაუღია, რომ ასე ადრე მობძანდით?!”

- რას მიჰქარავ, რასა, ვიღაცა ოხერი გდიხარ? - შეუტია უფროსმა ქალმა: - ადრე მოვსულვართ, გვიან ხომ არა, რას ბურტყუნებ? რომ გვეცდევინებინა, მაშინ უფრო მადლობელი იქნებოდი?

- დედა, რას ელაპარაკები? წავიდეთ იქით. კუნჭულში დავსხდეთ სადმე, მანამ სხვა მგზავრებიც შეიკრიბებიან.

ბაკის გარშემო ბოსლები, საქათმეები, საღორეები და კიდევ ბევრი წვრილმანი შენობანი იყო შემორიგებული და ამისთვის ეზო პატივითა და ჭუჭყით იყო მოცული. ჩამოსაჯდომი ალაგი ძნელი სანდო იყო ამ უსუფთაობის გამო და ამისათვის დედა და შვილი მივიდნენ დანგრეულ, გახუნებულ, ადამის ჟამის გაკეთებულ დილიჟანთან და ჩასხდნენ შიგა. მეეტლემ ეხლა უფრო უზრდელად და ხმამაღლა დაიღრიალა: ,,არა, რომ სხდებით, რას სხდებით? ხომ ჰხედავთ. ჯერ ორი საათიც გაივლის წასვლამდე; ყველა ხომ თქვენსავით ღამის მთეველი არ არის, რომ გაუთენებლივ მოვიდეს და ორი საათი უნდა ტყუილად ხეხოთ დილიჟნის სკამის მაუდი?

- ქა, რას ჩაგვაცივდა ეს მამაოხერი? გაგონილა! დედავ და თვალო, ფული ხომ მიღებული გაქვს, რაღას გვერჩი, თავი დაგვანებე! ჩვენის მოსვლით შენ რა დაგაკლდება, სასმელს არა გთხოვთ და საჭმელსა.

- ეგღა გაკლდათ რაღა, საჭმელ-სასმელიც მოგართვათ! მე შენ გითხრა, ,,ნავოდკად” სულ ჭრელ აბაზებს გადმომიყრით. ვოიჰ, მანდილოსანის მგზავრობა კი... - და აქ საშინელის სიტყვით გაილანძღა ქალაქელი კინტო, რაღაც მანქანებით კუჩრად გადაქცეული.

- ოჰ, ღმერთო! ღმერთო! ეს რა მოგვივიდა? - თვალებზე ხელის დაფარებით ამოიკვნესა უმცროსმა ქალმა, - უკაცოდ ამ ბრიყვებში რა გვეშველება?!

- რა დაგემართა, ქა? გულს რაზედ იხეთქამ, შვილო. ამდენი მიჰქაროს, მინამ მოსწყინდებოდეს. ერთ დროს ათი მაგისთანა ძაღლი მდგომია თავსა, მაგრამ რა ვქნათ, ,,ჟამნი მეფობენო”, ნათქვამია.

- შენ, ეი, ადამიანო, ნუ ილანძღები, თორემ მამაჩემი საქუა არ წამიწყდება, განანებ. თუ კნეინა ბძანდები, რატო შენი საკუთარი ,,ერეკლეს” ეკიპაჟით არ მიბძანდები გომბორის მთაზე!

ვინ იცის, სადამდის მივიდოდა კუჩრის ზრდილობიანი ბაასი, რომ ახალი პასაჟირი არ მოჰმატებოდა მარცხენა ფეხზე ამდგარ ეტლის პატრონს. ახალი მოსული ახალგაზრდა ყმაწვილი კაცი იყო, ოცდასამისა, თუ ოცდახუთის წლისა. თავისს პატარა, მხრებში წახრილ, გულჩავარდნილ ტანზედ ეცვა სუფთა, ახლად შეკერილი შავი ტანისამოსი და ნაცრისფერი, ფეხებამდის გრძელი პალტო. თავზედ ახალივე შავი კარტუზი ეხურა.

პირველ შეხედვაზედ მოგაგონებდათ ქარვასლის ნოქარს, მაგრამ როდესაც დააკვირდებოდით იმის გაუბედავ, მორცხვს მიხვრა-მოხვრას და სათნოებით სავსე პირისახეს, დარწმუნდებოდით, რომ უფრო პატივსაცემის ჯურის კაცი იყო. ყმაწვილმა კაცმა უჩუმრად შესდო დილიჟნის ჩამოსაჯდომ სკამ ქვეშ თავისი პატარა ბოხჩა და უჩუმრადვე, დაბლა თავდაღუნული მიჯდა დილიჟნის მეორე თავში ქალების მოშორებით. შემდეგ მოვიდა მღებარი, საღებავით მომაკვდავივით გალურჯებულ ფრჩხილებით. კალმუხის გარიბალდი კოხტად გვერდზე ჰქონდა წამოდებული და ყელზედ ჭრელი ქალაღაია ეხვია. მისი ჩალვადრისებური ხურჯინი კარგა რიგიანად იყო გაჭიკნილი და თითქმის ნახევარი დილიჟანი დაიჭირა. შემდეგ მოვიდნენ: სირაჯი, ოქრომჭედელი თავისის ნივთეულობის ყუთებით და ერთი ვიღაც ძნელად მისახვედრის ხარისხის კაცი, სამხედრო ქუდით, ყურთმაჯებიანი კაბით და ზედ ეცვა მეტად მოკლე, ახალ მოდაზედ შეკერილი, ბურძგლიანი პალტო. ყველა ამ მგზავრთა ბარგმა ისე აავსო დილიჟნის ორ სკამს შუა დარჩენილი ალაგი, რომ ყოვლად შეუძლებელი შეიქნა ევროპიულად ჩამოჯდომა და მგზავრებმა ნებაუნებურად მუხლთ მოიკეცეს ჩვენებურად.

თუმცა ახალგაზრდა მგზავრ ქალს საშინლად ეძნელებოდა მოკეცა და წამდაუწუმ გაღვიებულ მჭადივით იღმეჭდა პირისახეს, მაგრამ ბოლოს ესეც დაემორჩილა თავისს ხვედრს და მღებრის ხურჯინზე შეაწყო თავისი კოპწია ტუფლებში გამოკრული ფეხები.

დილიჟანი მძიმედ დაიძრა. პატარა ხნის სიჩუმის შემდეგ, მგზავრებმა გააბეს ჩვეულებრივი საგზაო საუბარი: სად მიხვალ? რისთვის? რა საქმე გაქვს? რამდენიმე წამის განმავლობაში, ყველანი მეგობრულად ბაასობდნენ ერთმანეთში, გარდა ყმაწვილის ქალისა და ყმაწვილის კაცისა, რომელნიც დილიჟნის თავსა და ბოლოს ისხდნენ და უფრო ბევრს ყურადღებას აქცევდნენ გარშემო ბუნების გაღვიძებას და თავისს აზრების მსვლელობას.

ახალგაზრდა ქალი იყო ლიზა კოშკაძისა და თავისს დედით მართათი მიემგზავრებოდა კახეთს ძნელის და ფრიად სავალდებულო თანამდებობის აღსასრულებლად - სასოფლო სკოლის მასწავლებლად იყო დანიშნული. მან მხოლოდ მაისში გაათავა სწავლა და, როგორც უმოწყალეო ღარიბმა, ითხოვა ალაგი ერთ სასოფლო სკოლაში. მართა ტყუილად არა ტრაბახობდა დილიჟანის კუჩერთან - შენისთანა ხუთი და ათი თავსმდგომი და მოსამსახურე მყავდაო. ფრიად გაკეთებულის თავადიშვილის ქალი იყო და ბევრი ბიჭი და მოახლე ჰყავდა ლალად სიყმაწვილეში, მაგრამ, როგორაც თითონ სთქვა: “ჟამნი მეფობენო”, და დღეს თავისის ხელის თითების ნამუშავრით იკვებავდა თავსა და თითო-ოროლა გროშსაც უნახავდა თავის კურსდასასრულებელ საყვარელ ლიზას. აი ეს მოდაზედ შეკერილი ლიზას კაბა, კოხტა შლიაპა, ლამაზი გამოკვართული ბაშმაკები, ხელთათმანები და სხვა, სულ ამის დღე და ღამ ნატეხის ნამუშავრით არის შეძენილი.

მართა ამირხანაძისა კარგა ხნის გასათხოვარი ქალი იყო, როდესაც იმის მამის სოფელში ლილიფარიანში გამზომი კომისია მოვიდა.

მიწის მზომელი რუსი იყო და თან თარჯიმნად ჰყავდა ახალგაზრდა აზნაურიშვილი, მეხუთე თუ მეექვსე კლასიდან გამოსული, ივანე კოშკაძე. მიწის მზომელი მართას მამის სახლში დასახლდა, რადგანაც მთელ სოფელში ამის მეტი რიგიანი სახლი არსაით მოიძებნებოდა. მართამ დიდი ყურადღება მიაქცია ყმაწვილს და მოხდენილს თარჯიმანს და შემოდგომაზედ, როდესაც კომისია ქალაქს დაბრუნდა, მართაც მამის ჩუმად კოშკაძეს თან გაჰყვა იმ იმედით, რომ გაანჩხლებული მშობელი მალე დაშოშმინდებოდა და აპატიებდა დანაშაულს თავისს ქალ-სიძეს. მაგრამ მამა საშინლად განრისხდა ასეთის შეურაცხყოფისათვის და მიტევების მაგივრად ქალი შეაჩვენა და თავისს საცხოვრებელი თავისს უმცროს ქალს დაუმტკიცა; ესეც არ აკმარა განრისხებულმა თავადმა თავისს საცოდავ ქალს, ყოველი ღონისძიება იხმარა და სამსახურიდან გამოაგდებინა ივანე. მართა, სიმდიდრეში და ფუფუნებაში აღზრდილი, შეიქმნა თავისს გატაცების მსხვერპლად და ჩავარდა საშინელ სიღარიბეში. ორი-სამის წლის შემდეგ ქმარიც მოუკვდა და დარჩა პატარა ლიზათი სრულიად უმოწყალოდ. ბევრის წვითა და დაგვით გამოზარდა მართამ თავისი ლიზა რვა-ცხრა წლამდე და, შემდეგ ბევრის ცდისა და დიდკაცების ფეხების ლოკვისა, ბინა გაუჩინა “ზავედენიაში”.

ლიზა დღეს კურსშესრულებულია და აი ახლა თითონ იწყებს შრომას, რომ მოამაგე დედას ლუკმა პური გაუჩინოს და თვითონაც პატიოსანის შრომით იცხოვროს.

ლიზა დიდის გულის ტკივილით განშორდა ქალაქს. მისი გულითადი სურვილი იყო, ქალაქში ეშოვნა ალაგი მასწავლებელისა, მაგრამ საუბედუროდ, იმისი დიპლომი პირველის ხარისხისა არ იყო, და მუდმივი ალაგი სახელმწიფო პანსიონებში ასცდა და დღიურად გაკვეთილებით ცხოვრება ვერ იკისრა, კონკურენციისა ეშინოდა; ისევე სოფლის მასწავლებლობა ირჩია და აი მიდის სოფელში გულგატეხილი და დაძმარებული. ლიზას თვალთ წარმოდგენილი აქვს სოფელი თავისის დედის ნაამბობის მიხედვით:

- სიმარტოვე, სიმარტოვე და უფერული და ერთგვარი ცხოვრება, შვილო, სხვას ნურას მოელი, - ეტყოდა ხოლმე მართა და ამის გამო ლიზაც უნუგეშოდ უყურებდა თავისს მომავალს, სოფლის სკოლის მასწავლებლობას.

- ყოველთვის ერთი და იგივე, დილიდგან საღამომდე! - ამოიოხრებდა ხოლმე ლიზა: - ბავშვები, ბავშვები და ბავშვები. არც წასაკითხი წიგნი ჩემთვის, არც ერთი განათლებული ადამიანი ხმის გასაცემად! მთელი ჩემი სიყმაწვილე მარტოდ მარტო უნდა გავატარო მხოლოდ ლუკმა პურის შესაძენად! ჩემი ამხანაგები კი ეხლა, ვინ იცის, რა სიამოვნებასა და დროს გატარებაში არიან; თავიანთ სახლებში, მორთულნი, მხიარულნი, ბედნიერნი თავისის თავისუფლებით და მე კი! - მე უბედური მივარდნილ სოფელში, გამოყრუებული, ოცდახუთის მანეთის შემაცქერალი. ოჰ, ღმერთო! რად გააჩინე ღარიბი ადამიანი ქვეყანაზედ!

ყველა ეს ფიქრები ცხადად ებეჭდებოდა ლიზას პირსახეზედ და ნაღველით და ცრემლებით ავსებდა იმის გონიერ თვალებს.

დილიჟნის მეორე ბოლოში მჯდომი უფრო სხვა ფიქრებში იყო გართული. ეს იყო სოფლის შვილი და სიამოვნებით მიილტოდა სოფლისაკენ. ყმაწვილის კაცის ოცნება სავსე იყო მრავალის მაღალის აზრებით. იმედი ჰქონდა თავისი კეთილი აზრები დაემყნო სოფლის ნიადაგზედ. ესეც იმავე აზრით მიდიოდა კახეთში, როგორც ლიზა; ამასაც სოფლის მასწავლებლობა ჰქონდა მინდობილი, მაგრამ ეს თანამდებობა უფრო სანუგეშო და სასიამოვნო აზრებს ჰბადავდა მის გულში, ვიდრე სამწუხაროს. ლიზა იტანჯებოდა მხოლოდ პირადის უბედურებით, სწუხდა მხოლოდ თავისს მარტოობას, თავისს ოცდახუთ მანეთის ჯამაგირის სიმცირეს და ნიკო ბერიშვილს კი საკუთარ პირადობის ფიქრი აინუნში არ მოსდიოდა. ფიქრობდა მხოლოდ იმ მოვალეობისათვის, რომელიც თავისს ცხოვრების ასპარეზად აირჩია და რომელიც თავისს ქვეყანაში საუკეთესო შრომად მიაჩნდა. თვალ-წინ ჰყვანდა მხოლოდ ის პატარა მოწაფეები, რომლებისთვისაც გონების თვალები უნდა აეხილნა, რომლებისთვისაც სინათლის გზა უნდა ესწავლებინა, რომელთა გულში სწავლა და მეცნიერება უნდა დაენერგა. სოფლის მღვდლის შვილი იყო, სიღარიბეში წვა და დაგვით გამოზრდილი. ამიტომ ძალიან კარგად იცოდა სოფლის ავი და კარგი, მისი მწვავი და წყლულნი და ფიქრობდა, რომ ერთადერთი სინათლის მომფენი სოფლის ბნელს ცხოვრებაში სკოლა იყო, და ამ სინათლის მოფენა, ამ სიბნელის გაშუქება საბედნიერო საქმედ მიაჩნდა და სხვაგვარი პირადი ბედნიერება სრულიად მივიწყებული ჰქონდა.

ნიკო ბერიშვილს, როდესაც დილიჟნის ჯანჯღარში ხანდისხან ფიქრი შეუწყდებოდა, უნებლიეთ გადაჰხედავდა ლიზას და, თუ შენიშნავდა, რომ ისიც მე მიყურებსო, მორცხობით თავს ჩაჰღუნავდა ხოლმე.

კარგა დასაღამოჟამებული იყო, როდესაც დილიჟანი ნელ-ნელა შეუდგა გომბორის მთის აღმართს ქალაქის ახლომახლო მიდამონი გვალვისაგან გარუჯულნი, შეიცვალა მშვენიერის ბუნებით: ყვითელ, თვალგადაუწვდენელ მინდვრის და ზედ გველივით გაწოლილ მტკვრის მაგივრად, გამოჩნდა სასიამოვნო მწვანე ტყე და ველი. მაგრამ მთის ბურუსმა მალე იწყო ძირს ჩამოსვლა და ერთის საათის განმავლობაში სულ მთლად მოიცვა არე-მარე. “კუჩერი” მაღლა ხმით უშტიალებდა ცხენებს, მგზავრებმა თავები ჩაქინდრეს და იწყეს მარჯვნივ და მარცხნივ რხევა. მართა ბავშვივით მიეყრდნო თავისს ლიზას და ამოუშვა ხვრინვა. დილიჟანში სრული სიბნელე იყო და სიბნელისავე შესაფერი მყუდროება. მხოლოდ ლიზა და ნიკო ფხიზლობდნენ და ეხლა უფრო ხშირად და გაბედვით გადაჰხედავდნენ ხოლმე ერთმანეთს და იქნება ხშირათ ცქერაც იყო მიზეზი ამათის სიფხიზლისა, თორემ დილიჟანის ნელი რყევა, იქ მსხდომთა მადიანი ხვრინვა და გარშემო ჩამოვარდნილი ბინდი და ბურუსი ძლიერ ხელს უწყობდა მგზავრობის გამო შემოკლებულ დღევანდელ დილის ძილის გასაგრძობად.

II

ცხრა საათი იქნებოდა, როდესაც დილიჟანი შევიდა კარგა დიდ ეზოში სოფელ გომბორს. ეზო გაჩაღებული იყო ორის ფარნით. ეზოს აქეთ-იქით დიდის ხის ფარდულების ქვეშ რამდენიმე ცხენი ქერსა სჭამდა და ისმოდა ხმა ხრამა-ხრუმისა. ეზოში ახალ მოსულს დილიჟანს გარდა ორი სხვა დილიჟანიც იდგა. სახლიდან ჟღავი-ჟღუვი გამოდიოდა. ლიზა და მართა თავიანთ ბოხჩით მოწიწებით შევიდნენ ოთახში. სქელი, ფაშფაშა დედაკაცი მოეგება, გაფარფარებულის, განიერის კაბით, თავზედ ხელსახოცგაკრული.

- მობძანდით, მობძანდით, აი ქალების ოთახი, - დამახინჯებულის ქართულის ენით უთხრა ქალებს სახლის პატრონმა, რუსის დედაკაცმა.

ოთახი, რომელშიაც შეიწვია სახლის პატრონმა დედა და შვილი, რიგიანად მოწყობილი იყო; სტოლზედ ლამპარი ენთო და ცხოვლად ანათებდა პატარა ოთახს, რომელსაც სუფთა შპალიერი ეკრა, ფანჯრებს თეთრი კისაის ფარდები ეფარა და კედლებთან ორი საწოლი ედგა ზედ გაშლილი სუფთა ლოგინით. ამ სადგურ სახლში, რომელსაც ,,ანასტასიას” უწოდებდნენ, რამდენიმე ოთახი იყო მგზავრებისათვის და დღეს თითქმის ყველა ოთახი გაევსოთ მგზავრებს, რადგანაც ენკენისთვის ათი იყო და ,,ალავერდობისათვის” ბევრი მიეშურებოდა კახეთს. მომეტებული მათგანი ვაჭარი ხალხი იყო, ზოგი თელავიდან და სიღნაღიდან და ზოგიც ქალაქიდან. ანასტასიამ საჩქაროზედ აადუღა ოთხი-ხუთი სამოვარი, ყველა ოთახში თითო-თითო შეიტანა თავისს ჩაის იარაღით და ცხელ-ცხელის რძით დიდრონ ქაშანურის სარძევეებით.

მართა და ლიზაც შემოუსხდნენ სამოვარს და მდუმარებით შეექცეოდნენ ჩაის. მარტო ნიკო ბერიშვილი შედიოდ-გადიოდა აივნიდან ოთახში და ოთახიდან აივანზედ: ყმაწვილს კაცს თითქო ეკრძალებოდა სახლის პატრონისა და ვერ ჰბედავდა ერთი სტაქანი ჩაი მოეკითხნა.

- დედა, გენაცვა, დაუძახე იმ ყმაწვილს, - უთხრა ლიზამ მართას, - საწყალი სულ მარტოა, არავის ეკარება. ან იქნება ფულიც არა აქვს, რომ ჩაი დალიოს.

- დავუძახოთ, შვილო, ადამიანები არა ვართ. ერთი სტაქანი ცხელი წყალი რა დასაზოგავია. - მაშინვე კარებიდან გასძახა ნიკოს: - ყმაწვილო, დაგვეწვიეთ, შვილო, ჩაიზედ, ჩვენც მარტონი ვართ და დიდად ვისიამოვნებთ.

ნიკო მოკრძალებით შემოვიდა ოთახში. დაბლა თავჩაღუნული მივიდა ლიზასთან ხელის ჩამოსართმევად და საჩქაროდ წაიჩურჩულა თავისი გვარი და სახელი.

რამდენისამე წამის შემდეგ ლიზამ და ნიკომ უამბეს ერთმანეთს თავიანთ მოგზაურობის მიზეზი. აღმოჩნდა, რომ ესენი ახლო მეზობლები იქნებიან ერთმანეთისა, რადგანაც სულ რამდენიმე ვერსია ნაციხურალსა და ლეკისკარას შუა, სადაც ამათი სკოლებია.

- თქვენც პირველად მიხვალთ, თუ გამოცდილი ბრძანდებით მასწავლებლობაში? - ჰკითხა მართამ ნიკოს.

- არა, წელს მესამე წელიწადია. კანიკულებში შინ გახლდით, ზემო ქართლში მყავს დედ-მამა და ახლა ისევ ვუბრუნდები ჩემს თანამდებობას.

- ზემო ქართლში? მაშ აქ რა გინდათ, განა თქვენში კი არ არის სკოლები, რომ თქვენ სახლთან ახლო ყოფილიყავით?

- ზემო ქართლში, ბატონო, საუბედუროდ, აგრე რიგად ხშირი არ გახლავთ სკოლები. მეც ბევრი ვეჩიჩინე ჩვენის სოფლის გლეხებს, მაგრამ ხარჯისა ეშინიანთ და არც არავინ მეთაური ჰყავთ, გულის შემატკივარი; ამის გარდა ქართლში ძნელი იმისათვის არის სკოლის დაარსება, რომ სოფლები ძლიერ პატარებია, ოცდაათი-ორმოცი კომლი სკოლას ვერ შეინახავს და რამდენისამე სოფლისთვის ერთად საძნელოა. კახეთში კი სოფელი არ არის, რომ ხუთას-რვაასი კომლი არ სცხოვრობდეს და ამისათვის მთავრობას არ უძნელდება სკოლების დაარსება.

ყველა ამეებს ლიზა გულისხმიერებით უგდებდა ყურს; მისთვის სოფელი ქართლშიაც და კახეთშიაც ერთგვარად უცნობი იყო. ლიზა თუმცა ყოფილა თავისს სიცოცხლეში ორიოდ-სამჯერ სოფლად თავისს ამხანაგების სახლობაში, მებატონეებთან და მხოლოდ შორიდგან თუ მოუკრავს თვალი გლეხკაცის ცხოვრებისათვის, თორემ იმათი ავი და კარგი გაგონებითაც არ გაუგონია და ეხლა კი გარემოებამ წილად არგუნა მდაბიო ხალხში ტრიალი, იმათის შვილების განვითარება და, ცოტად თუ ბევრად, იმათი შემზადება თავიანთ ცხოვრების გასაუმჯობესებლად.

- ყმაწვილები როგორ სწავლობენ, ადვილად? ნიჭიერები არიან? - დაეკითხა ლიზა ნიკოს.

- ნიჭით, როგორ მოგახსენოთ, ქალაქის მემკვიდრეთა შვილებზე უნიჭოები არ არიან, მაგრამ სოფლელები უფრო ძნელად შეიგნებენ ხოლმე საგანს და მეორე-მესამე წელიწადს კი უფრო დაკვირვებით ექცევიან საქმეს. საუბედუროდ, სწავლისათვის ცოტა დროა დანიშნული და, როდესაც გონება ეხსნებათ, სწავლის გემოს იღებენ, იძულებულნი არიან სკოლას თავი დაანებონ.

- ოჰ, რანაირად მეშინიან უნიჭო ყმაწვილებისა! - მწუხარებით წარმოსთქვა ლიზამ. - დაბალ კლასებში ვასწავლიდი და უნიჭოები ამატირებდნენ ხოლმე თავიანთის სისულელით, გაუგებრობით!

- არა, გლეხებთან ტირილით ვერას გააწყობთ, - ღიმილით მიუგო ბერიშვილმა. - იმათთან მხოლოდ დიდის მოთმინებით და გულმხურვალებით თუ გახდებით რასმე.

ამათ ბაასში სხვა ოთახების სტუმრებმა ჩაიც გაათავეს და ვახშამიც გაიშალეს. გაიმართა ,,ალავერდი” და ,,იაღშიოლ”, ზედ მოჰყვა “მრავალჟამიერ”, შემდეგ გარმონის ჭყვიტინი და შეუძლებელი შეიქმნა ლაპარაკის განგრძობა. ბერიშვილი გამოეთხოვა დედა-შვილთ და წავიდა ღამე გაეთია სადმე, რომელისამე ოთახის კუნჭულში.

სიმღერა, ,,ალავერდი”, ხანდახან დოლის მაგივრად სტოლის ფიცრის შემწეობით ლეკური არ შეწყვეტილა გათენებამდის. ირიჟრაჟა თუ არა, ორმა-სამმა თანამგზავრმა ფანჯარა დაურაკუნეს ლიზას: “ადექით, რაღა! გათენდა, გეყოფათ მოსვენება, დროა წავიდეთ”.

- ჯერ ხომ დილიჟანი მზად არ არის, დეე, ცოტა მოისვენონ, - მოწიწებით სთხოვა ნაბახურევებს ბერიშვილმა. - მთელი ღამე სულ ხმაურობა იყო... იქნება თვალი არც კი მოუხუჭნიათ უბედურებს.

- დეე მოისვენონ, დეე, - უთხრა ერთმა მიკიტანმა მეორეს თვალის ქნევით და დაცინვით. - ხომ ჰხედავ ამ ,,ტუტენტს” გული სტკივა! ბარიშნას თვალები! ვა რა თვალებია, იალბუზის ვარსკვლავივით კი აბრიალებს-და!

- გაჩუმდით-მეთქი! - მუქარით შეუტია ნიკომ ლაზღანდარებს და მუშტზედ დაიხედა.

- ვა, ვა ეს რა სტროგი ვინმე ყოფილა. ვა, შენი ვინმე ხომ არ არის, რომ აგრე ცხარობ?

- გაჩუმდით-მეთქი!

ამ ორ სიტყვაში იმდენი სიმამაცე და გულის სიამაყე იყო, რომ მიკიტნები ჩაჩუმდნენ, აქეთ-იქით გაიფანტნენ და მხოლოდ იქ მისცეს ნება თავისს გესლიან და ავს ბუნებას.

ლიზა სწორედ ამ ფანჯარასთან იწვა, საცა ეს ბაასი მოხდა და ყოველივე დაწვრილებით გაიგონა. დედაკაცის თავმოყვარეობამ გაიღვიძა და სიამაყით ჩაიცინა. თუმცა მართა აჩქარებდა ლიზას, ჩქარა, შვილო, ცხენებს აბმენ, იმ ოხერ “კუჩრის” სალაპარაკოდ აღარ გავხდეთო, მაგრამ ლიზა ზლაზვნით იკრავდა ბაშმაკის ღილებს და ფიქრით თავისს ახალ კავალერს დასტრიალებდა.

- რა შვილია! - ტუჩის აბზუებით ამბობდა ლიზა: - ტანდაბალი, ქათამივით პაწაწინა თვალები აქვს, ყურებამდის შავი ბალანი ასხია. ტანისამოსი, ტანისამოსი?! სწორედ იარმუკაზედ ექნება ნაყიდი. ახლა იმის რუსული ლაპარაკი: ღოსპოდინ ისპეკტორ. ხა, ხა, ხა! - უცებ გადაიხარხარა ლიზამ და საშინლად გააშტერა თავისს დედა მართა.

- ქა, რა დაგემართა, ქალო, რა ეშმაკები მოგეჩვენა? ეგრე უსაბაბოდ ხარხარი გაგონილა! ვინც გაიგონებს, რას იტყვის!

- ეხლავე, დედაჯან, ეხლავ მზად ვიქნები, - და საჩქაროდ ფეხზედ წამოხტა.

III

მშვენიერი რამ იყო ამ შემოდგომის დილაზედ სოფელი გომბორი, ახოვან მთის მწვანე კალთებზედ მოკეცილი! რა მსუბუქი და ნესტით გაჟღენთილი იყო ეს მთის ჰაერი. ცხოველ სურათად წარმოუდგა ლიზას ეს სოფელი თავისის პატარა თეთრის სახლებით და სოფლის შუა მწვანე მეიდანზედ გაშლილ საქონლით. ბრწყინვალე ვარაყიანის რკალით იყო შემორკალული გომბორის მთის წვერები ამომავალ მზის სხივების წყალობით. ყმაწვილი ქალი მთლად ცქერად გადაიქცა. ეს მშვენიერი სურათი უფრო ცხოვლად იხატებოდა იმის შეუჩვეველ თვალს წინა და უფრო ღრმად იბეჭდებოდა მის გულში ეს მდიდრულად შეხამებული ბუნება.

დღეს დილიჟანში, განგებ თუ შემთხვევით, ნიკოლოზის გვერდით იჯდა და ამაყად უცქეროდა თავიანთ პირდაპირ მჯდომარე ქალაქელ ვაჭრებს; ისინიც მოწიწებით ექცეოდნენ დღეს ქალებს და დიდის სიფრთხილით ირჩევდნენ საუბრის საგანს.

- დედი, - უთხრა მართას ოქრომჭედელმა, - ალავერდს ხომ არ მიბძანდები? ისეთი ნივთები მიმაქვს, რომ კაცს თვალს მოსტაცებს. უყიდე რამე შენს მშვენიერ ქალსა, იაფად მოგირიგდები.

- არა, შვილო, ჩვენ ნივთების ფული ვინ მოგვცა. ჩემი ქალი ერთი საწყალი მასწავლებელი არის. ალავერდში თუ მიხვალ, იქ ბევრი კნეინები იქნებიან, იმათზე გაასაღე.

- ბარიშნა, ბროწეულს არ მიირთმევ? ისეთი ბროწეულია, ისეთი, როგორც შაქარლამა! პირდაპირ ჰერევნიდან მიმიღია, მე და ჩემმა ღმერთმა.

ლიზამ ღიმილით მიიღო ბროწეული და თან ბერიშვილს გადაჰხედა, თითქო ამ გადახედვით მადლობა უნდა ეთქვა იმისთვის, რომ დღეს მგზავრები ასე თავაზიანად ექცეოდნენ.

- ლიზა, შვილო, გაიხედე, რა მშვენიერი ტყეა! ჰხედავ შიგადაშიგ რა ახოვანი ხეებია წაქცეული კაცის მოუსვენარის ხელისაგან.

მართლაც, მშვენიერი რამ არის ბუნება, გომბორის პირველ მაღლობიდან რომ დაეშვება შოსე ახოვან ტყეში. განიერი, სუფთა, ვერცხლივით მოჭედილი გზა, თითქმის გადახურული აქეთ-იქიდან დაბურული ტყის ტოტებით. თავდაღმართში ცხენებმაც გაიღვიძეს და ამაყად გააქროლეს თავისი მძიმე ტვირთი. ბუნების მეტისმეტმა მშვენიერებამ და დილიჟანის ჩქარმა სრიალმა კარგს გუნებაზედ დააყენა ყველა.

- შენი ჭირიმე, შენი, ვანიჩკო, აბა თუ ,,ნავოტკი” გინდა, გაჰკა! - შესჭყიოდნენ მგზავრები დაღვრემილ მეეტლეს. - აბა, მარჯვედ, ვანიჩკოჯან, მარჯვედ! თელავში ადრე ჩაგვიყვანე და იქ ჩაგაჭყაპებთ წითელ ღვინოს!

მაგრამ ამათმა სიხარულმა დიდხანს არ გასტანა, დაღმართი შესწყდა, დილიჟანი შეუდგა გომბორის უდიდესს და უკანასკნელ აღმართს და ცხენებმა ისევ ჩაჰკიდეს თავები. ბერიშვილს გულით უნდოდა ეთქვა რამე ლიზასთვის, განეგრძო წუხანდელი დაწყებული ბაასი, შეეტყო მისი აზრი, მიმართულება, შეხედულობა იმ საგანზედ, იმ შრომაზედ, რომელსაც ეს ქალი უნდა შესდგომოდა, მაგრამ წყეული ხასიათი, ბურსაში აღმოცენებული მუდმივი კრძალვა, ენაზედ მუხრუჭს უჭერდა და მთელი გზა ლიზამ და ნიკომ თითქმის უსიტყვოდ გაიარეს.

IV

საღამოს ექვსი საათი იქნებოდა, როდესაც დილიჟანი შევიდა კახეთის დედა-ქალაქში. ნეტა იმის ნეტარებას, ვისაც შორიდან დაუნახავს თელავი და შიგ კი არ გაუვლია. თელავი გარედან შეხედვით წარმოადგენს ხელოვნურად შეკრულ ვარდის კონას, რომლის ცქერაც არ დაჰღალავს არც თვალს და არც გონებას: მაღალს სერზედ გადამდგარი ქალაქი მთლად გატენილია ბაღ-ვენახებით, რომლებ შუა აქა-იქ წითელის კრამიტით დახურულ ლამაზად აგებულ სახლებს ვარდივით ამოუყვიათ თავები. ზემო და ქვემო თელავი ერთი-ერთმანეთზედ ჩამოკიდებულ ნინევიის ბაღებს წარმოგიდგენთ, მაგრამ შიგ ქალაქში კი რომ შეხვალ, ვაი შენს ოცნებას. ვიწრო, ნაგვით სავსე ქუჩები და ზოგან ქუჩების მაგივრად გამშრალი განიერი და დიდრონის ქვებით სავსე ხევები გიკარგავენ ყოველგვარ ილუზიას, შორიდან დანახულის სურათით აღძრულს.

შუა ქუჩას, რომელიც ქალაქს ორად ჰყოფს; ჩამომწკრივებული აქვს ორივ მხრივ დუქან-ბაზარი, სადაც ვაჭრობა კარგა რიგიანად უნდა მიდიოდეს, თუ ამ აუარებელ ხალხს მივიღებთ მხედველობაში, რომელიც ირეოდა იმ დღეს, როდესაც ჩვენი ნაცნობი დილიჟანი, შემდეგ ბევრის რახრახისა გაუთავებელ რიყეებზედ, გაჩერდა შიგ შუა ბაზარში.

დილიჟანში მსხდომნი თავიანთის ბარგით ეშურებოდნენ გადაბძანებას. მხოლოდ ლიზა და მართა გაშტერებული იცქირებოდნენ.

- გადმოდით, რაღა! - თავისებურის უზდელობით უთხრა ვანიჩკამ ქალებს. - ვერ გაიგეთ, მოვედით! ცხენები მინდა დავაბინაო ხვალამდის ხომ აქ არ ისხდებით!

- წავალთ, შვილო, წავალთ, - თითქო ახალი გამოფხიზლებულიაო, ისე წამოხტა მართა. - ღმერთი მოწყალეა, ქვეყანაზედ კეთილი ადამიანი არ გაწყვეტილა, ერთიც არის ვინმე გზას გვიჩვენებს.

ლიზა ეხლა უფრო საშინლად ჰგრძნობდა თავისს მარტოობას. რა ექნა უცხო ქალაქში, ვისთვის მიემართნა, როგორ გაეგო, საით იყო იმისი ახალი ბინა. მანამ მართა ამოალაგებდა თავის ბარგი-ბარხანას, ლიზა ხელებჩამოყრილი, ყოვლად უმოწყალოდ, იდგა შუა ბაზარში; გარს შემოეხვივნენ ქუჩის გოგო-ბიჭები, გამვლელ-გამომვლელნი, შესჩერებოდნენ და დაკვირვებით უყურებდნენ გზაში გაჩერებულ უცხო ქალსა.

ბოლოს მართაც ჩამოვიდა და ბარგით ხელში მიჰმართა ერთ მედუქნეს:

- შვილო, ვერ მიგვასწავლი სადმე ბინას, რომ ღამე გავათიოთ? დღეს სადღა წავალთ, დაღამებულია.

- რა ვიცი, როგორი ბინა გინდათ? თუ გსურთ, აი პირდაპირ სასტუმროა, იქ მიდით; გინდათ აი ამას იქით რომ დუქანია, იქ მიდით: დუქნის ოთახი აქვთ, გაქირავებენ.

- უჰ, კაცები! ბრიყვები! - სასტიკად სთქვა ლიზამ: - ის ბერიშვილი იყო თუ ვიღაც, რა იქნა! აქაური იყო და ასე თავი დაგვანება, გზას ვერ გვასწავლიდა, ზურგზე ხომ არ ავეკიდებოდით...

ლიზას ეს სიტყვები ჯერ არ გაეთავებინა, რომ ნიკო საჩქაროდ მოვიდა და უთხრა ქალებს:

- მობძანდით, აი აქეთ მობძანდით, ერთი ნომერი ვიშოვნე სასტუმროში. სუფთა ოთახია, საჭმელსაც ცოტაოდენს იშოვნით რასმე.

ლიზას შერცხვა თავისს უალაგო აჩქარებისა და გაწითლებულმა მაგრა ხელი ჩამოართვა ნიკოს და უთხრა:

- თქვენ ძლიერ კეთილი ხართ. მე მეგონა, რომ ამ უცხო ალაგას თავი დაგვანებეთ-მეთქი. მაპატივეთ, რომ ამ გვარი ეჭვი გავივლე გულში.

ნიკომ მორცხვად გაიღიმა და საჩქაროდ ავიდა სასტუმროს დაფერხვილ კიბეზედ.

თელავის სასტუმრო ერთადერთია მთელ ქალაქში და ისიც მთლად ცარიელი დაუხვდათ ჩვენს მგზავრებს. სასტუმროს მისავალი კარი და კიბე ისე ფამფალებდა, რომ მგზავრებმა დიდის სიფრთხილით ძლივს მოახერხეს ასვლა; აივანი, ოთახები წარმოადგენდნენ ერთ რაღაცა ნაოხარს, მტვრითა და აბლაბუდით გატენილს. პირმოტეხილი კოკა, გვერდზედ გადახრილი ხის სტოლი, ადამის ჟამის გაუხეხავი ცალყურა სამოვარი და ჭრელის ნაჭრების საბნით გადაფარებული ხის ტახტი, აი რა იყო მორთულობა საუკეთესო ოთახისა ამ სადგურში.

ლიზამ თავისუფლად ამოისუნთქა, როდესაც თავისი თავი ჭერქვეშ დაინახა. პირი დაიბანა, თმა გაისწორა და გავიდა სასტუმროს აივანზედ, რომელიც გადაჰყურებდა მთელ ალაზნის ხეობას და მის დანახვაზედ აღტაცებით შესძახა: ეჰ, ღმერთო, რა მშვენიერებაა, რა სურათია! და მართლაც, თითქო სამოთხე იყო იმის თვალ-წინ გადაშლილი: აყვავებული, კეკლუცად მორთული ალაზნის ველი, განიერი, მწვანე ჭალებით და აჭრელებული, ხნულ-ნაწვერლებით სავსე მინდორი, თვალგაუწვდენელი მდელო, შუაზედ გაყოფილი ალაზნის ვერცხლისებრივად მობრჭყვრიალე ზოლით და შემოკალთული ცალმხრივ დაღესტნის ახოვანის მთებით და მეორე მხრივ გომბორის სიმაღლეებით. ამ მთების კალთებზე ხშირ მწვანეში გახვეული წითელი კრამიტებით დახურული სახლები სოფლებისა აგვირგვინებდნენ ძვირფას სურათს კახეთისას, ამ საუკეთესო და სასიქადულო მხარეს საქართველოსას. ჩამავალი მზე რაღაც რბილს, ნაზს შუქს აყენებდა მთლად ამწვანებულ არემარეს და მათ ზემოდან თოვლით თავწაყრილ დაღესტნის მთების ზოლსა. ლიზა არ იყო შეჩვეული დაკვირვებას; იმისი ბუნება ძნელად შთაიბეჭდავდა ხოლმე მშვენიერების ძალას, მაგრამ ამ დიადმა, ბრწყინვალე ბუნების სიმდიდრემ მთლად დაატყვევა იმისი თვალი. ნიდაყვზედ დაყრდომილი ხშირ ბინდამდე ხარბად სტკბებოდა ბუნების მშვენიერებით; ბინდმა მხოლოდ სურათის ფერი შესცვალა და უფრო სიტურფეთი და პოეტური საიდუმლოებით შეავსო. აქა-იქ, ალაზნის გაღმა და გამოღმა ცეცხლები აენთო, დაღესტნის მთებს ბურუსი შემოეხვია, გარშემო სრული სიჩუმე ჩამოვარდა, მიწყდა კაცთა ხმაურობა, სიოც კი არ არხევდა შემოდგომის სიტკბოებით გატენილს ჰაერს. ლიზა ისევ ნიდაყვზე დაყრდომილი იყო და გონებადაუტანებლივ, უაზროდ, მთელის თავისს არსებით შთანთქმულიყო ბუნების მზერით. ოთახში მართას მიეძინა, აივნის კარები ღია იყო და იქიდან მკრთალი ნათელი გამოდიოდა გარეთ; უცებ ამ შუქს რაღაც აეფარა და აივანზე სრულიად ჩამობნელდა; ამ შემთხვევამ შესწყვიტა ლიზას ოცნება; ყმაწვილი ქალი ნელა წამოდგა და ოთახისკენ გაეშურა. ოთახის კარებში შეხვდა ვიღაც ყმაწვილ კაცს ჩერქეზულის ტანისამოსით და სახლის პატრონს ქალს, რომელიც ყმაწვილს მოწიწებით თავს უხრიდა და ბოდიშს იხდიდა იმასთან:

- კნიაზო, მაპატივეთ, რ

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined20 Feb 2008
Posts17853
კარმა236
OFFLINEPROFILE
V

ნაციხურალი თითქმის ერთს ვერსზეა გაჭიმული. განიერი, ჩინებულად მოვლილი შოსე ორად ჰყოფს სოფელს. გზის ორთავე მხრივ დუქან-ბაზარია გამართული და აქეთ-იქით სოფლის შენობებია ჩამწკრივებული თავ-თავისის დიდრონის ამწვანებულ ეზოებით. აქ ხშირად შეხვდებით ორსართულიან, ჩინებულად ნაგებ ქვითკირის სახლებს, რომლებიც გაკეთებულის გლეხკაცების საკუთრებაა და საზოგადოდ კი მომეტებულ მოსახლეთ ხის დარბაზები უდგიათ, კრამიტით ან ჩალით დახურული საბძლურად. შესანიშნავია, რომ ამ სოფელში და თითქმის სხვაგანაც მთელს კახეთში იშვიათად შეხვდებით ბოლის ასასვლელს; უთუოდ ტკბილი კახური უცეცხლოდაც ათბობს აქაურობას, ან ამათი თვალები ადვილად იტანს კომლის სიმწარეს.

კარგა მოზრდილ მინდორზედ, სოფლის ბოლოს, სდგას ნაციხურალის სკოლის შენობა; მშვენივრად არის აგებული, კედლები თეთრად აქვს გალესილი და წითელის კრამიტით დახურული. გარეგანი შეხედულება მნახველს საკმაოდ ასიამოვნებს. დღეს, თორმეტ სექტემბერს, სკოლის ეზო მთლად სავსე იყო გლეხკაცებით. სკოლის მეორე მხარეს, განიერ აივანზედ შეკრებილნი იყვნეენ სოფლის დედაკაცები და შიგ სკოლის ოთახში სამოცამდე ყმაწვილი, რომელთა უმეტესობა გოგოები იყო. ბავშვებსაც და დედ-მამასაც კახეთში წმინდად აქვთ დაცული ძველებური ტანთსაცმელი: აბორკიანი, კერასიანი კაბა და კინტოური ყელიანი ჩუსტები, რომელიც ქართლში ძლიერ გახშირებულია, აქ იშვიათად, თითქმის არც კი მოიპოვება ოთხკუთხი გულამოჭრილი კაბა სარტყელ-გულისპირით თითქმის ყველა დედაკაცს უმშვენებს წამოსადეგ წერწეტს ტანსა.

მასწავლებლის ოთახშიაც კარგა ბლომად ირევა ხალხი: ამ სოფლის მღვდელი თავისის კრებულით, მთავრობისაგან დანიშნული და გამოგზავნილი მოხელე სკოლის კურთხევაზე დასასწრებლად, ამ სოფლის ორიოდ-სამი თავადიშვილი, სოფლის მოსამართლენი და მამასახლისი და რამდენიმე ახლო-მახლო სკოლის მასწავლებელი, მათ შორის ჩვენი ნაცნობი ნიკო ბერიშვილიცა.

ლიზა კოშკაძისა, სადღესასწაულო ტანისამოსით მორთული, თუმცა ჩვეულებრივად ჰშვენის, მაგრამ დღეს საშინლად ფერმიმკრთალია. მას ცოტა არ არის, აშინებს ის აზრი, რომ ამოდენა ხალხში, მღვდლისა და მთავრობის წარმომადგენელის თანდასწრებით, უნდა შეუდგეს თავისს თანამდებობას და ვაი თუ შევკრთე, როგორც რიგია, ისე ვერ დავიწყო ჩემი პირველი გაკვეთილიო.

ორ საათზე ყველანი სასკოლო ოთახში შეიყარნენ. მღვდელმა ოლარი გადაიგდო და დაიწყო პარაკლისი. ლიზა ფანჯარასთან იდგა და მოუთმენლად უყურებდა გზას.

- უთუოდ მომატყუა იასონმა, - ფიქრობდა მწუხარებით. - იმ ღამეს, მე მგონია, ღვინო მეტი მოუვიდა და იმიტომ მექცეოდა ისე ალერსიანად: ,,ჩვენო მშვენიერო, ძვირფასო სტუმაროო!” რამდენი სიტკბოება იყო იმ ორ უბრალო სიტყვაში. რა სიამოვნებით და მეგობრულად დამაშტერებდა ხოლმე თავისს ლამაზ ბეც თვალებს! ოჰ, ნეტავი კი აასრულოს დაპირება და დღეს ამ სკოლის კურთხევის ცერემონიას დაესწროს. ასე ადრე რად დაიწყეს პარაკლისი, ათი საათია. იქნება, იმას, ჯერ არც კი გაუღვიძნია!

პარაკლისი თავდებოდა, როდესაც სკოლის ეზოში შემოგრიალდა ლაზათიანი საგზაო კალიასკა. კალიასკაში გადაწოლილი იჯდა იასონ და მის გვერდით ვიღაც ზორბა, გულზვიადობით სავსე მოხუცი კაცი. ძვირფასის ქართულის ტანისამოსით.

იასონმა მოწიწებით ხელი მოჰკიდა მოხუცს და კალიასკიდან გადმოსვა. ამათ შემოსვლაზე ხალხში ჩოჩქოლი ატყდა. ყველამ გზა დაუთმო მოხუცს და პირმოთნეობით სავსე სალამი მისცა.

- ეს ის ყმაწვილია, გუშინ რომ მასწავლებელი ქალი მოიყვანა, - უთხრა ერთმა აივანზე მდგომმა დედაკაცმა მეორეს.

- მართლა? ქა, ეგ ხომ ლეკიკარიანთ ბატონიშვილია! ამბობენ გზაზე გოგოს არ გაატარებს, რომ უკან არ აედევნოსო, ქა, მაგას რათ მისდევდა, თუ ეგ კარგი ქალია?!

- ვინ იცის , რა წყლისა და რა სინდისისაა! - წაიტუტუნა მესამემ. - ერთი შეხედეთ, რა რიგად გაუყარა თვალი-თვალში იმ ყმაწვილს, ლეკიკარიანთ ბატონიშვილს!

მართლადაც და ლიზა მთლად ცქერად გადაიქცა. იასონი დღეს საშინლად ჰშვენოდა: ამაყად ყელმოღერებული, თავიდან ფეხებამდე ლაზათიანად გამოწყობილი, მამაცურად ხანჯალზედ ხელდაყრდომილი დიდად ერჩეოდა აქ შეყრილებში. ხშირად მიიდებდა ხოლმე ბეც თვალებზე ოქროს პენსნეს და ასე ათვალიერებდა აივანზედ მდგომ ქალებს და შემდეგ თითქო ადარებსო, ისევ დააშტერდებოდა ლიზას სახეს.

პარაკლისის შემდეგ წარმოითქვა რამდენიმე სიტყვა სკოლის მნიშვნელობის შესახებ, მეორე მოხელემ განიხილა ყოველივე მოწყობილობა სკოლისა, გადასცა ლიზას მთავრობის პროგრამა, რომლითაც უნდა ეხელმძღვანელათ წლის განმავლობაში მასწავლებლებს, და მოიწადინა მოსმენა სამაგალითო გაკვეთილისა.

ლიზამ ხმის კანკალით უბრძანა ბავშვებს დამსხდარიყვნენ და შეუდგა გაკვეთილს; ჯერ თრთოდა გაუბედაობით, მკვდრის ფერი დაედო, მუხლთ ეკეცებოდა, მაგრამ მოაგონდა, რომ აქ სხვათა შორის, იასონიც არისო და წელში გასწორდა და ხმამაღლა დაიწყო ყმაწვილების სწავლება.

სასწავლებელში უფროსი კლასების შეგირდები ხშირად ასწავლიდნენ სანიმუშოდ უმცროს კლასების შეგირდებს და ამისათვის ლიზა, როგორც გამოცდილი, რიგიანად გაუძღვა თავის გამოსაცდელ გაკვეთილს. მოხელე კმაყოფილი დარჩა, თანაგრძნობით ჩამოართვა ხელი, ორიოდე-სამი ტკბილი სიტყვა უთხრა მასწავლებელს და გაეშურა. იმას გაჰყვნენ სხვებიც... ოთახში დარჩნენ მხოლოდ იასონი თავისის მამით და ნიკო ბერიშვილი, რომელსაც გულით უნდოდა მიელოცნა ლიზასთვის გამარჯვება.

იასონის მამა, ლუარსაბ ჯამბადრუკიანი, კარგა ხნის მოხუცი იყო, მაგრამ წელი ჯერ სწორედ ეჭირა და თავისს სიბერის ნისლით გადაკრულ თვალებს არშიყობით აჭყეტდა ლიზას:

- მიხარიან, თქვენმა მზემ, მიხარიან, რომ სკოლებში თქვენისთანა კეთილშობილ ქალებს აძლევენ ალაგებს. განათლებული ადამიანი ყოველთვის სასიამოვნოა სოფელში და ეს ჩვენი ბატონი მასწავლებლები კი ბუსავით გვიყურებენ თავადიშვილებს. თქვენ კი, იმედი მაქვს, აგრე არ გვიზამთ, მიხვალთ, მოხვალთ, პატივსა გვცემთ და პატივსაც მიიღებთ.

- დიდად ბედნიერი ვარ, ბატონო, რომ ინებეთ სკოლის დათვალიერება და იმედი მაქვს, ყურადღებას არ მოგვაკლებთ შემდეგშიაც, - ზრდილობიანად უპასუხა მოხუცს ლიზამ.

- არა, არა, ნუ გეშინიან, ყოველთვის თვალ-ყურს ვადევნებთ თქვენს საქმიანობას. ნუ გეშინიან... ხა... ხა... - ნაძალადევად, უაზროდ გადიხარხარა ლუარსაბმა და მხარზედ ხელი დაადო ლიზას: - ნუ გეშინიან, ნუ, ჩვენო შავთვალავ. მშვიდობით, მშვიდობით, ლამაზი და კარგი ქალი ხარ, მე და ჩემმა ღმერთმა! - მსუნაგ კატასავით ტუჩები გაიწკმატუნა თავადმა ლუარსაბმა.

იასონი უსიტყვოდ გამოეთხოვა ლიზას და მხოლოდ დიდმნიშვნელოვანებით ჩამოართვა ხელი.

ნიკო კლასში იდგა ჩაფიქრებული და არ იცოდა, რა ეთქვა ლიზასთვის იმის დღევანდელის ქცევის შემდეგ. ყმაწვილი კაცი გულის ტკივილით ჰხედავდა, რომ ლიზას იზიდავდა სულ სხვა საზოგადოება, სულ სხვა მისწრაფება აღელვებდა და არა ის ნიადაგი, რომელზედაც უნდა გაეძლიერებინა თავისი მოღვაწეობა. ლიზამ ხმაც არ გასცა დღეს ყმაწვილების მშობლებს, არც თითონ ყმაწვილებს; ის თავს ევლებოდა სულ სხვებს, აჰყოლოდა მხოლოდ თავისს გულის თქმას და სრულიად ივიწყებდა თავისს მოვალეობის საგანს.

- ოჰ, ბატონო ნიკო, - კმაყოფილების სიცილით უთხრა ლიზამ, როდესაც სტუმრები გააცილა და ოთახში შემობრუნდა. - რარიგად მომწონს ეს მოხუცებული ლუარსაბ, რა კეთილი, რა ლმობიერი თავადია! იმედი მაქვს, რომ დიდ შემწეობას გაუწევს ჩემს სკოლას!

- ტყუილი იმედია! ლუარსაბი მხოლოდ ბებერი ყბედია და უნამუსო კაცი: ნუ მიენდობით მაგის ტკბილ სიტყვებს და მაცდურ ენას. თუ შემწეობა უნდა, განა თავისს სოფელში არ ააქვს სკოლა, რატომ არ უნდა შეჰხედოს და თანაგრძნობის მაგივრად რად სდევნის ყოველ ჩემ განზრახვას? მე ვიცი იმისი ბოროტი სული და სწორედ ბოროტის განზრახვითაც მოვიდა დღეს თქვენს სკოლაში. ერთი შვილი ჰყავს კიდევ პატიოსნებით სავსე! მე თქვენ გირჩევთ, ბატონო ლიზა, იმათთან დაახლოვებას ერიდეთ.

- ოჰ, ღმერთო ჩემო, რა არის მაგვარი თქვენი სიავკაცე! - ოხუნჯობით უთხრა ლიზამ ნიკოს. - თქვენ რაც გინდათ ისა სთქვით და მე კი აღტაცებული ვარ მამისაგანაცა და შვილისაგანაც, მაგრამ ახლა იმათ კი თავი დავანებოთ. რატომ არ მილოცავთ, რომ ასე კარგად გადავრჩი დღევანდელ განსაცდელს?

- მაგისთვის დავრჩი, მაგრამ...

- რაღა მაგრამ? არ იცით, როგორ, რა სიტყვით მომმართოთ? გინდათ გასწავლოთ? მაგრამ დრო არ არის, კვლავ იყოს, ეხლა კი წავიდეთ მეორე ოთახში, დედა დიდი ხანია სადილად გველის. ეგ რა წიგნები გიჭირავთ ხელში, არ შეიძლება გადავათვალიერო? სპენსერი, უშინსკი, პესტალოცი, ჰა, ჰა, ჰა! სად შეგიგროვებია მაგდენი გენიოსი ერთად.

- ეს წიგნები თქვენთვის მოვიტანე, მაგრამ...

- ოჰ, ღმერთო, რა არის მაგდენი მაგრამ ! მაგრამ რა? ახლა კი გნებავთ ისევ უკან წაიღოთ?

- მე მგონი, აგრე ემჯობინება. თქვენ დრო სად გექნებათ ამათის კითხვისათვის? კლასებს შემდეგ აღარავინ მოგაცლით: ტანცაობა, სეირნობა, სტუმრობა მოინდომებს თქვენს დანარჩენ თავისუფალს დროს.

- რეებსა ლაპარაკობთ, ბატონო ნიკო! მაშ თქვენ გინდათ, რომ მე მთელი დღე თქვენსავით, როგორც იასონი ამბობს, გლეხებში ვიჯდე და იმათთან ვილაპარაკო?

- დიაღ, ჩემის აზრით, ეგ საუკეთესო დროს გატარება უნდა იყოს სოფლის მასწავლებლისათვის, თუ, რასაკვირველია, გეცოდინებათ, რა ელაპარაკოთ. ამისთვის მომზადებაა საჭირო.

- ეგ თავის დღეშიაც არ იქნება! - მოუთმენლად დაჰკრა ფეხი ლიზამ მიწას. - ნახევარი დღეც საკმარისია იმათ შვილებთან თავის სახეთქად. დანარჩენი დრო მე ისე მინდა მოვიხმარო, როგორც ჩემი ნებაა: ვიტანცაო, ვისეირნო, სტუმრად ვიარო, როგორც თქვენ დამცინით, და მე კი სრულებით სასაცილოდ არ მიმაჩნია, - ცოტა არ იყოს გაბუტვითა სთქვა ლიზამ.

VI

ენკენისთვის ცამეტს, სკოლის კურთხევის მეორე დღეს, ლიზა სკოლის კიბეზედ იჯდა და გულხმიერებით კითხულობდა პესტალოცის, მაგრამ ვერას გზით ვერ დაეძლია, ვერ მოენელებინა იმის გაუხსნელ გონებას ამისთანა უჩვევი ტვირთი. ზოგიერთ ალაგს სამჯერ-ოთხჯერ კითხულობდა და მაინც ვერ შეეთვისებინა იმისი აზრები. ისე იყო გართული ლიზა ამ მძიმე შრომაში, რომ მანამ კიბესთან არ გაჩერდა ეტლი, არც კი შეუნიშნავს; ახლა კი შეჰკრთა, გაოცდა ამ გვარის შემთხვევით და უცებ ფეხზედ წამოხტა.

გუშინდელს ჯამბადრუკიანთ კალიასკაში გადაწოლილი იჯდა ლუარსაბ; მის გვერდით იჯდა ყვითლად ჩამომხმარი, მაგრამ კეთილშობილურის შეხედულებით სავსე, ხნიანი დედაკაცი. წინ, სკამზედ, იჯდა იასონ, ჩვეულებრივად მორთული და მხიარული.

- აბა, ბარიშნავ, წამოდი ალავერდში, - გაჩერების უმალვე გადმოსძახა ლუარსაბმა ლიზას: - ეკიპაჟში ალაგი გვქონდა და მე ვუთხარ ქეთევანს: მოდი უჩიტელნიცა წავიყვანოთ, მადლია, თვალს გაახელს-მეთქი.

- ჩემი წამოსვლა, აბა , როგორ შეიძლება. სკოლა მხოლოდ გუშინ გაიხსნა და დღესვე თავი როგორ დავანებო, - მოწიწებით უპაბუხა ლიზამ მოწყალე თავადს.

- Это все глупости! მოემზადეთ, ჩვენ არც კი გადმოვალთ. ისე მოგიცდით, - ბძანების კილოთი უთხრა ლუარსაბმა ლიზას.

- დედისაც მეხათრება, მარტო დარჩება, - მორცხვობით დაუმატა ლიზამ.

- დედათქვენს რა უშავს, - სწრაფად მიუგო იასონმა: - მთელი სოფლის დედაკაცები შემოეხვევიან, რაკი მარტოდ დაიგულებენ.

ამ დროს სახლიდგან გამოვიდა მართა, მიუახლოვდა ეკიპაჟს. დაბლა თავი დაუკრა თავადებს და შემდეგ მიჰმართა ლიზას - შვილო, რაღას ალოდინებ, ჩქარა მოემზადევი, რატომ ღმერთს მადლობას არ სწირავ, რომ ამისთანა პატიოსანნი ცდილობენ თვალი გაგახელინონ. რატომ არ გადმობრძანდებით, კნეინა, რატომ არ გააბედნიერებთ ჩვენს საცოდავ სახლს. ღმერთმა გადაგიხადოთ, ბატონებო, ჩემი ობლის პატივისცემა.

- გმადლობთ, - წყნარად მიუგო ქეთევანმა მართას. - კვლავ გნახავთ, ეხლა ძლიერ დაგვიღამდება, ოცი ვერსი მეტი გვაქვს კიდევ გასავლელი.

- კარგი ქალი გყოლია, მე და ჩემმა ღმერთმა. ძლიერ მომეწონა, ლაზათიანი გოგონაა! - უთხრა ლუარსაბმა მართას, როდესაც ლიზა სახლში შებრუნდა მოსამზადებლად. - ღირსია, ღირსი, რომ ვანუგეშოთ, ხალხში გამოვიყვანოთ.

ამ ლაპარაკის დროს ქეთევანი ჩუმად იყო და მხოლოდ იმის გაყვითლებულ პირისახეს უფრო ფერი ჩაუჯიგრდა და მშვენიერ თვალებზე თითქო ნისლი გადაეფარა.

იასონი ჩუმად იდგა კალიასკის გვერდით და პატარა ბავშვივით მოკრძალებით უსმენდა მამას.

ამასობაში ლიზაც გამოვიდა თავისი პატარა ბოხჩით და ალაგი დაიჭირა იასონის გვერდით ეკიპაჟის წინა სკამზე.

მშვენიერი, მყუდრო და ტკბილი საღამო იყო. გზატკეცილზე ჩარდახიანი ურმები შეუწყვეტლივ მიჭრიალებდნენ და დართული გლეხის ქალნი და რძალნი უკან ფეხით მისდევდნენ ურმებს. ხანდისხან ეკიპაჟებიც გაჰქროლავდა ხოლმე და ცხენოსნებს ხომ ბაწარივით გადაბმული ჰქონდათ თავი ერთმანეთზედ.

თუმცა ჯამბადრუკიანთ ეკიპაჟს ოთხი მშვენიერი ცხენი ნიავივით მიაქროლებდა რკინასავით მოჭედილ გზატკეცილზედ, მაგრამ ალავერდი კარგა მოშორებით იყო ნაციხურალზედ და ძლიერ დაღამდა, როცა ჩვენი მლოცველნი მიუახლოვდნენ ალავერდის ეკლესიას.

გზაში ლიზამ ორჯერ-სამჯერ იგრძნო, რომ ვიღამაც ფეხი-ფეხზე დაადგა და ამ გარემოებამ ძალიან დააღონა; თითქო სინანული დაიწყო, რომ უპატრონო ყმაწვილი ქალი თითქმის უცნობ ხალხს გამოჰყვა; ნიკო ბერიშვილის სიტყვებიც მოაგონდა ლუარსაბის ხასიათის შესახებ და მწუხარებით კინაღამ ცრემლები გადმოჰყარა. ყმაწვილს ქალს გულმა ფრიალი დაუწყო; ლიზამ მუდარებით შეჰხედა ქეთევანს და იმისმა პატიოსნებითა და სიკეთით სავსე თვალებმაც ნუგეში სცა საცოდავსა და დააშოშმინა.

საოცნებო სახილველი იყო ამ დროს ალავერდის წინ გადაშლილი მინდორი: ეკლესიიდან დაწყებული, გალავნის კარების მარცხნივ და მარჯვნივ, ჩამორიგებული იყო წყობისად გადაჩარდახებული ურმები და მათ წინ დიდი ცეცხლი ენთო; ურმებს შუა, ეკლესიის კარებგასწვრივ, სიგრძეზედ, ორპირად დუქან-ბაზარი იყო გამართული. ამ განიერ გზას მრავალი ფარანი აშუქებდა. ცოტა მოშორებით, იქ, სადაც დაცემული მინდორი ალავერდისა ცოტაოდნად მაღლდება და თითქოს საგანგებოდ გაკეთებულ ტახტსა ჰგავს, აშენებული იყო მწვანე ხის ტოტებითა და ბორდოხით დაფარული დიდრონი ფანჩატურები და მათ წინ გაბმულ თოკზე ჩამოკიდებული იყო სხვადასხვაფერად აყვავებული ქაღალდის ფარნები. რაღაც საზღაპრო სახილველი ეგონებოდა კაცს ამ დროს ეს არემარე. შორს, შორს ამ ბრწყინვალე სურათის ბოლოს მოსჩანდა სიბნელეში დიდი, ახოვანი, თეთრად განსპეტაკებული ალავერდის წმ. გიორგის ეკლესია, რომლის გალავანშიაც სრული სიჩუმე და მყუდროება სუფევდა. გალავანს გარეთ კი საშინელი ხმაურობა იყო: შარმანკები, ზურნა, დაირა, სტვირი, სიმღერა, ვაჭრების ძახილი, პირუტყვთა ღრიალი ერთად შეერთებულიყო და საოცარი ჟრიამული იდგა.

ეკლესიის კარებთან ჯამბადრუკიანთ მოეგებნენ მღვდელი, ორი პოლიციის ჩაფარი და დიდის პატივისცემით აიწვიეს საუკეთესო სახლში, რომელიც გალავანს ჰქონდა დატანებული. ამ სახლის განიერი და გრძელი აივანიც მთლად გაჩაღებული იყო ფარნებით. კედელთან ჩარიგებულ სკამებზე მრავალი მორთული ქალი და კაცი ისხდნენ და ჩაის შეექცეოდნენ. ახალ მოსულებს საკუთარი ოთახი დახვდათ მომზადებული, სადაც დილიდგანვე გამოგზავნილ მოსამსახურეებს დაელაგებინათ ბარგი და ვახშმის სამზადისს შესდგომოდნენ კიდეც.

ჩაის შემდეგ ლუარსაბმა სთხოვა ქალებს, ერის დასათვალიერებლად წავიდეთო. ქეთევანმა დიდის ბოდიშის მოხდით უთხრა თავისს ქმარს: ,,მე თავი მტკივა საშინლად, აქ დავრჩები, თქვენ გაისეირნეთ და ამ ქალსაც უჩვენეთ აქაურობა”.

- არა, ბატონო, მე თქვენ თავს არ დაგანებებთ, მეც აქ დავრჩები და აი ფანჯრიდგან გადავიხედავ. აქედგან უფრო კარგად დავათვალიერებ მთელ არემარეს.

- მაშ მეც აღარ წავალ, ვაჟო! - თავისებურის უსულო ხარხარით სთქვა ლუარსაბმა. - თუკი ქალები არ წამოხვალთ, მე რაა? ალავერდობა ჯერ არ მინახავს თუ? თქვენთვის მინდოდა მეჩვენებინა ჩვენი ჯვარობა, ბარიშნავ; ამისთანა რამ თქვენს ქართლში ხომ არა გენახებათ რა. სულ რომ ცოტა ვსთქვა, ათი ათასი ურემი აღარ იქნება დღეს მოსული? ეხლა ხალხი უნდა ნახოთ-და! ვის არ შევხვდებით აქ: თუშს, ფშავს, ხევსურს, ინგილოს, დიდოელს, ლეკს, თათარს, ჩერქეზსაც კი. ყველა თავისის ეროვნულის ტანისამოსით და იარაღით არიან დაკაზმული. თავ-თავიანთ ქვეყნების ნაწარმოები აქვთ მოტანილი გასასყიდად: მშვენიერი შალები, ნაბდები, ქუდები, ლეკური, ხმალ-ხანჯლები, საფენი, ზოგს ერბო მოაქვს, ზოგს ყველი, ზოგს მრავალი საქონელი მოუდის, ცხენი, ცხვარი, ძროხა და კამეჩი ხომ აუარებელია გასასყიდი. არა, არა, ქალბატონო, წავიდეთ, გავისეირნოთ. აბა, ახლა აქაური ქალი და კაცი ნახეთ: თქვენებურებივით კი არ დახაშმულან და დაგვალულან. თქვენზე კი ნუ მიიღებთ, - საზიზღარის ღიმილით უთხრა ლუარსაბმა ლიზას, - თქვენ აქაურებსაც თვალს მოსთხრით სილამაზით და სინარნარით!..

მამის ლაპარაკზე ლიზამ შვილს შეხედა. უნდოდა იმის სახეზედ ამოეკითხა უკმაყოფილება, გაკიცხვა მამის შეუსაბამო ქცევისა. მაგრამ იასონ ჩვეულებრივად, მოკრძალების ღიმილით უსმენდა მამას.

- ჩემის გულისათვის ნუ დაიშლი, შვილო, - ნაზად უთხრა ქეთევანმა ლიზას. - მე აქ ნაცნობ ქალებთან ვისაუბრებ და ვახშამს მოგიმზადებინებთ. ძლიერ კი ნუ დაიგვიანებთ, დაღალულები ვართ.

გულის კანკალით გაჰყვა ლიზა მამას და შვილსა, ყმაწვილი ქალი გაოცებული იყო იასონის ქცევით. იასონი, თელავში ალერსიანი, ტკბილი, მხიარული მოლაპარაკე, ლიზას არშიყობით გატაცებული, დღეს მამას გვერდით უსიტყვო, უაზრო, ხელშეკრულ მონასა ჰგავდა. მთელი ორი დღე, გუშინ და დღეს, ეძებდა ლიზა იასონის სახეზედ თახაგრძნობის ერთს ხაზს, ერთს მეგობრულ სიტყვას, მაგრამ იასონი პირმოკუმული იყო და, თუ ხანდისხან შეხედავდა, მხოლოდ მაშინ, როდესაც მამა მოშორებით იყო.

ლუარსაბი დიდის ყურადღებით ათვალიერებინებდა ლიზას ყველაფერს, რაც კი ერობაში შესანიშნავი იყო რამე: სავაჭროს, ხალხის ნაწარმოებს; უხსნიდა აქ მყოფს ხვადასხვა ხალხის ზნე-ჩვეულებას, არკვევდა იმათ ტანთსაცმელის სხვადასხვაობას - თუშის გაქონილ ტყავ-შალის პერანგებს, ფშავების ქალთა ძველის ვერცხლის ფულით გაკეთებულ სამკაულებს, ლეკის ქალების ახალუხ-კაბას, დიდოელების მელურ, ბოროტებით სავსე პირის მეტყველობას და სხვ.

ერის დათვალიერების შემდეგ ლუარსაბმა ლიზა მიიყვანა თავადიშვილების უბანში გაჩაღებულ ფანჩატურებთან. აქ ქალები, დიდის გემოვნებით ჩაცმულები ევროპიული ძვირფასის ტანისამოსით, ფანჩატურის უკანა მხარეზე ჩარიგებულ სკამებზე ისხდნენ. მათ წინ ძირს გაშლილ ქეჩა-ხალიჩაზე მოკეცილები ისხდნენ ქართულად ჩაცმულნი მანდილოსანნი და აქა-იქ ქალებშუა ყმაწვილი კავალრები, ზოგი სერთუკ-პიჯაკებით და ზოგი ჩერქეზულად დაკაზმული. ფანჩატურსგარეთ, ცოტა მოშორებით, საზანდრები დამღეროდნენ თარის სევდიან ნელ-წკრიალა ხმას, ან მედუდუკენი უბერავდნენ ტკბილ დუდუკს და დაირა-ნაღარას გაჰქონდა გუგუნი.

ლუარსაბმა მამობრივის ერთგულებით გააცნო ლიზა ყველას; ლუარსაბის ხათრით ლიზა პირფერად პატივისცემით მიიღეს და გულში კი ყველამ ტუჩი აუბზუა. ლუარსაბთან გავლაც საკმარისი იყო, იმათის აზრით, რომ ყმაწვილ ქალს სრულებით დაჰკარგოდა სახელიცა და პატიოსნებაც.

ყმაწვილები სიცილით ეუბნებოდნენ იასონს : ,,შე საწყალო, როდემდის უნდა გგლეჯდეს მამაშენი პირიდგან ლუკმას? აი ეგ ლამაზი გოგრუცუნაც მაგას უგდია ხელში! “

- ჰო-და! - ორაზროვანის სიცილით უპასუხებდა იასონი. - მე ეგ ,,მადმოაზელა” თელავის სასტუმროში ვიპოვნე, კარგი ვახშამი მივართვი, გათენებამდე ვებაასე. ერთი სიტყვით, რაღა გაგიგრძელოთ, ძლიერ დავმეგობრდით, მეორე დღეს ჩემის კალიასკით მივაბრძანე ნაციხურამდე, დავაბინავე და პირობა მივეც, ხვალვე გნახავ-მეთქი. წარმოიდგინეთ ჩემი სისულელე! ავიღე და ყველა ეს მამაჩემს ვუამბე. ერთიც ვნახოთ, მეორე დღესავე, დილა-ადრიან, კალიასკას აბმევინებს. - მამა სად მიხვალ? - ნაციხურალში, დღეს იქაურ სკოლას აკურთხებენ, შენც წამო, დავესწროთ, ვნახოთ რა ამბავი იქნებაო. მე მაშინვე ენაზე ვიკბინე. მაგრამ რაღას გავაწყობდი. წავედით. მამაჩემი მთლად გადაირია მაგის სიმშვენიერით. შინ დავბრუნდით თუ არა, დედაჩემს ჩააცივდა, ალავერდში უნდა წავიდეთო. დედამ ბევრი იუარა, ავად ვარო, მაგრამ, შენც არ მომიკვდე, ფაცაფუცით დილითვე ბარგი გამოგზავნა და ნაშუადღევს კი, ისე უცბად, ამ ქალის კარებზე მიგვიყვანა. ჩააცივდა, უთუოდ ალავერდი უნდა გაჩვენოვო და აი ხედავთ, ჩემს ნაპოვნს მე ახლოც აღარ მაკარებს.

- შეხე, შეხე, ბიჭო, იმ ,,მადმოაზელას” კი თვალები შენსკენა რჩება. ფიქრი ნუ გაქვს, ბებერი როგორ გაჯობებს. შენ შენებურად პენსნე დაუმიზნე ხოლმე! შორიდანაც გასჭრის შენი თვალები... ხა... ხა... ხა!

- თუ მამაჩემი მოშორდა როგორმე, მაგის მე ვიცი! მაგრამ ცხვრის ქოფაკსავით უგურგურებს, ერთ წამს თვალს არ აშორებს.

გაიმართა ლხინი, ცეკვა. ლიზა შეუფერხებლივ გადადიოდა ერთი კავალრის მხრიდან მეორისაზედ: ქალი ყმაწვილურის აღტაცებით ეძლეოდა მხიარულებას და ვერ ამჩნევდა იმ უწესო ქცევას, რომელსაც მოცეკვავენი ჰკადრულობდნენ იმის შესახებ. მეტადრე იასონი, წაქეზებული ამხანაგების უშვერის ლაზღანდარობით, ხელებს ამტვრევდა ლიზას და რაც ძალი და ღონე ჰქონდა იკრავდა გულზედ.

მრავალ მაყურებელთა შორის ბერიშვილიც უყურებდა ამ ლხინს და მოუთმენლად ცმუკავდა, მრისხანების თვალს ატანდა ყველას, ვინც კი ლიზას კადნიერად თვალს გაუსწორებდა და გულში ბუტბუტებდა: ,,უბედური გომბიო, ჩაერია ამ უზნეო, ქარაფშუტა, უსაქმო ლაწირაკებში და დაიღუპა, ნამდვილად დაიღუპა!” მრავალი ქალი თამაშობდა. მრავალ ქალებს ეტრფიალებოდნენ კავალრები, მაგრამ ნიკოს ეგონა, რომ მხოლოდ ლიზას ექცევიან შეუფერებლად, უკანონოდაო; უნდათ ყმაწვილი ქალი დაამცირონ და სახელი გაუტეხონო. ასე ეგონა იმიტომ, რომ პირველსავე დანახვაზედ ნიკომ ლიზა თავისს გულში ჩაისვენა, თავისს სათაყვანებელ ხატად გახადა და ყოველგვარი სითამამე, ღიმილი, ხელის შეხება ამ ხატის შეურაცხყოფად მიაჩნდა და მზად იყო თავისს მცირე, სუსტის ჯანით დაეფარა, დაეცვა ეს ობოლი, უპატრონო, საწყალი მასწავლებელი ქალი.

ყველაზედ მომეტებულად ააშფოთა ნიკო იასონის და იმის ამხანაგების ურცხვმა ბაასმა ლიზას შესახებ. ყმაწვილი კაცი მთლად აენთო, ხელების მტვრევას მოჰყვა, გულმა ძაგძაგი დაუწყო.

- ოჰ, ბატონო ნიკოლოზ! - დაცინვით უთხრა ლუარსაბმა ბერიშვილს, როდესაც ლხინი დაიშალა და ლიზასთან ხელი-ხელგაყრილი გამობრუნდა: - თქვენც აქა ყოფილხართ?

- დიაღ, აქ გახლავართ! თვალს ვადევნებ, ყურს ვუგდებ, ვსტკბები ჩვენის ვაჟკაცების გმირობით ყმაწვილი ქალების სახელის შესალახავად.

- რას ჰბოდავ, მამა გიცხონდა, რა ფილოსოფიას ჩმახავ? ბიჭო, სულ ხომ ბუზღუნი არ იქნება, ერთხელ გაიღიმე, ერთხელ ადამიანურად მოიქეცი, ამყოლს აჰყე, დამყოლს დაჰყე, ქვეყანას შენ მიჰბაძე, განა შესაძლებელია, რომ ქვეყანამ შენ მოგბაძოს? - მამაშვილურის დარიგების კილოთი უთხრა ლუარსაბმა ნიკოს და მხარზე ხელი დაჰკრა.

- არა, მაგრამ გული მტკივა, სისხლი მემღვრევა, როდესაც გალაღებული მაძღარი ბედმძიმე ღატაკს სთელავს, მომავალს უბნელებს... - და ამ სიტყვებთან ერთად ნიკომ ზიზღით შეხედა იასონს, იასონი კი იმ დროს რაღაცას ჩასჩურჩულებდა ლიზას და ისიც იღიმებოდა, ნეტარებას ეძლეოდა.

ლიზა, დაღალულ-დაქანცული, გაუხდელად ამოუჯდა გვერდში ქეთევანს და იმის კალთის მფარველობის ქვეშ ტკბილს, ოცნებით სავსე ძილს მიეცა; მის გარშემო სრული სიჩუმე და მყუდროება სუფევდა, მხოლოდ გალავან გარეთ მთელი ღამე ხმაურობა და ჟრიამული არ შეწყვეტილა; იქ სიცოცხლე სდუღდა და გადმოდიოდა: შეზარხოშებული ვაჟკაცნი მოუსვენრად დაეხეტებოდნენ ზურნა-დალაბანდით უბან-უბან და დაღალულ მლოცველთ ძილს უფრთხობდნენ, მოსვენებას არ აძლევდნენ. ვაჭარნი გაფაციცებით სწმენდდნენ, ჰფერავდნენ, ჰბერტყავდნენ თავიანთ ფართალს, საუკეთესოს თვალსაჩინოდ აწყობდნენ და დამპალ-დამპალს ქვეშ ალაგებდნენ მყიდველის თვალის ასაბმელად.

მხოლოდ თვით ტაძარი იდგა დადინჯებული, დარბაისლად და მდუმარებით გადმოჰყურებდა ათასობით შეგროვილს ხალხს, ხალხს ვითომდა სალოცავად მოსულს, ის კი არა თუ მაცდურობით სავსეს, დაუწყნარებელს და ხორციელის მღელვარებით გატაცებულს.

ლუარსაბსაც არ ეძინა, მთელს ღამეს აივანზედ იჯდა და შინელში გახვეული ჩიბუხს ეწეოდა. ხანდისხან მღელვარებით წამოდგებოდა და ბოლთასა სცემდა, ხანდახან გადაეყუდებოდა აივანს და თითქოს სტკბებოდა წინ გაშლილის მშვენიერის სურათით, ხან შუბლზედ ხელს გადაისვამდა და თითქო ცდილობდა თვალიდან მოეშორებინა ის მძლავრი ფიქრები თუ სურვილები, რომელიც მოსვენებას არ აძლევდა. ბოლოს მისი თვალი გაჩერდა დიდებულ, თითქო შუბლშეკრულ ტაძარზედ და თავადმა უნებლიეთ პირჯვარი გადაიწერა, ამოიხვნეშა, დარცხვენილი სკამზედ დაჯდა და კვლავ ჩიბუხი გააბოლა. მაგრამ ვერას გზით ვერ დასძლია თავისი ვნებითა და ჟინით აფორიაქებულ ბუნებას და ისევ ზეზე წამოხტა.

- ჰე, ჰე, ეს რა მემართება, აგერ განთიადია და ძილი არ მეკარება, ნუთუ ეშმაკი ჩემზედ ძლიერია? - ძლიერია, მა რა ჯანაბაა. ის დღეა, რაც ის გონბიო ვნახე და გონება ამერია, სამოც წელში მიხწეულ კაცს ძარღვებში სისხლი ამიდუღდა, სურვილი აღმეძრა... ეხლა აქ ჩემი ლაწირაკი მეღობება წინ და ეს უფრო მაგიჟებს, იქ ის ვიღაცა დიაკვანი... დიაკვანი... ჰმ, იმას კი გავსრეს, გავანადგურებ... მაგრამ თითონ გოგოა საქმე... რა თვალები აქვს! რა ბაგე! ბაგე თვით უმანკოება... უნდა მოვგლიჯო, უთუოდ უნდა მოვგლიჯო ის უმანკოების ვარდი, ის ტკბილის ცვარით დანამული ვარდი... მაშ მე ლუარსაბი არა ვყოფილვარ და თავზე ქუდი არა მხურებია... ვარდს ვარდებში ვაგორავებ, დიბა-სტავრაში ჩავსვამ, ოქრომკედის გრეხილს შემოვავლებ, ალმასებით ავაბრჭყვიალებ და ქალს სხვა რა უნდა, ისიც ვიღაც კოშკაძის ქალს... სკოლის მასწავლებლობას მალე გასცვლის ფუფუნებაზედ, დიაღ გასცვლის...

სწორედ ამ სიტყვებზედ ლუარსაბის თვალი კიდევ ეკლესიას მიაჩერდა და იქ კედელზედ მიყრდომილი, გულხელდაკრეფილი ნიკო დაინახა და გაფითრდა: ,,იქნება ჩემს სახეზედ წაიკითხა ყველა ის, რაც მაღელვებს, რაც მწყურიან? - იქნება, მაგრამ რაო! მაგას, მაგ ბაღლინჯოს, მაგ არა-კაცს უნდა შევუშინდე? ხა, ხა, ხა!” - მძლავრად გადიხარხარა ლუარსაბმა და დაცინვით გადასძახა ნიკოს: - ლოცულობ, ფილოსოფოსო, ლოცულობ? მხოლოდ პირი აღმოსავლეთის მაგივრად ჩრდილოეთისკენ გაქვს მიქცეული.

- დიაღ, ჩრდილოეთისკენ, რადგან ჩრდილოეთს უფრო ესაჭიროება გამჭრიახი თვალი! - მრავალმნიშვნელობით მიუგო ნიკომ და გასწია გალავანის კარებისაკენ.

VII

ცა პირისფრად შეიღება. მზემ ნელ-ნელა იწყო ამოსვლა დაღესტნის მთებზე შემოკრულის ბურუსიდან. ალავერდის არემარემ, მის წინ გაშლილმა ფართო მინდორმა მზის სხივებზე მხრები შეანძრია, გაიღიმა და განთიადის მოწყალებით ცოტას ხნით შეყურებულმა ხელ-ახლად მძლავრი ხმა ამოიღო: ზურნას ჩაჰბერეს და გაისმა ჩვეულებრივი “საარი”, მომღერლებმა ხმა ამოიწმინდეს, მერიქიფემ ყანწი-საღვინე მოიმართა და ლხინი გაჩაღდა; აღებ-მიცემამ, ვაჭრობამ დუღილი დაიწყო.

ალავერდის ტაძრის სამრეკლოდან ზარების რეკვა მოისმა და მლოცველნი სალოცავად მიიწვია. გალავანს მოაწყდა აუარებელი ხალხი და იმის ვიწრო შესავალ კარებში ჭედვისაგან ერთი ალიაქოთი იყო. თვით ფართო გალავანი ზღვასავით ღელავდა და ხალხის ბრბოს ჩოჩქოლი გაჰქონდა. ეკლესიაში ერთგვარის სასოებით ლოცულობდნენ ქრისტიანე ხევსურნი, კახელნი და სხვა მთიულნი და მაჰმადიანნი: ლეკნი და ჩერქეზნი; საწირავიც ერთგვარის გულუხვობით იწირებოდა და ჭრელ-ჭრელი აბაზიანები ქრისტიანეთა და მაჰმადიანთა ერთ კალთაში გადადიოდა. რამდენიმე მღვდელი ვერ ასწრობდა დაწყალობებას და ფულის კრებას.

ეკლესიის კარის ბჭესთან ხომ მთელი ზღვა იყო შესაწირავებისა: აუარებელი ტყავები ხარებისა, ცხვრებისა, ქადა-ნაზუქი, ხაჭაპური, ცხვრის ბარკლები, ძროხის ბეჭი, ზვარაკი, მამლები ხორა-ხორად იდგა; ზედაშის სავსე საღვინეები ჯარივით იყო გამწკრივებული და სამი მოძღვარი ვერ ასდიოდა კურთხევას შესაწირავებისას. მრავალი დიაკვანი ჰკრებდა ნაძღვნევს და მაინც ვერ ასწრობდა აკრებას; ასობით იცდიდნენ შემომწირველნი და საშინელი წაკვრა-წატანება იყო; ყველანი ცდილობდნენ მოეშორებინათ თავიდან თავისი ვალი და მისცემოდნენ გალავანს გარეთ გამართულს საერთო ლხინს და შვებას.

ეკლესიის ერთ კუნჭულში ქეთევანი იდგა და ხელგაპყრობილი, ცრემლებით სავსე თვალებით, რაღაცას შესთხოვდა ალავერდის სასწაულთ-მომქმედს წმ. გიორგის; იმის პირისახეს ჩვეულებრივი სატანჯველის შეხედულების მაგიერად რაღაცა ზეციური ნუგეში მოჰქონდა და სანატრელ ელფერს სდებდა მის მაღალ ზნეობით გამსჭვალულ ბუნებას. იმის შორიახლოს იდგა იასონი, ოქროს პენსნეთი აღჭურვილი, ქალების ჯგუფს ათვალიერებდა, ლიზა კი მოკუნტული, ფრთებშეკრეჭილ მერცხალივით ლუარსაბს გონ

ციტირება პასუხი
   
User avatar
ექსპერტი დესპანელი
ექსპერტი დესპანელი
Joined02 Sep 2008
Posts229
კარმა0
OFFLINEPROFILE
ბაზი2002
ძალიან მიყვარხართ. :)

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined20 Feb 2008
Posts17853
კარმა236
OFFLINEPROFILE
მამაკაცი

დორის დორი

თარგმანი ინგლისურიდან - მაია გამეზარდაშვილიმას შემდეგ რაც ერთ ჟურნალში გამოქვეყნდა, რომ ბომბის დაცემის შანსი უფრო დიდია ვიდრე ის, რომ ოცდაათს გადაცილებული ქალი ნიუ-ორკში მამაკაცს იპოვის, პანიკას ვამჩნევ ჩემი ამერიკელი მეგობრების სახეებზე. დღესდღეობით ბომბის დაცემის ალბათობა თუმცა საკმაოდ მაღალია, ვცდილობ ისინი დავამშვიდო, თან კაცებთან საქმე არც ისე ცუდად უნდა იყოს. კი, ევროპაში შეიძლება, მპასუხობენ ისინი, მაგრამ არა აქ, ამერიკაში, რადგან 33 წლის ვარ, წუთი წელია ნიუ იორკში ვცხოვრობ და ბომბის საშიშროების და სტატიკურად როგორც ჩანს უკეთესი შანსების გამო მიზნად არ მაქვს, კაცის მოსაჩანგლად გერმანიაში დაბრუნება, სერიოზულად ვიწყებ ფიქრს.
სამი წლის წინ დავშორდი იოჰანესს. ამერიკაში მას ძლიერ აკლდა გერმანული ლუდი და ლაბსკაუზენი --- ის ამას ,,კულტურას” ეძახდა და ჰამბურგში დაბრუნდა. ამ სულელური სტატიის შემდეგ ხშირად ვფიქრობ მასზე. გერმანიაში მოდის ფოტოგრაფის კარიერა გაიკეთა. ჩვენი დაშორების შემდეგ, ხანდახან 86-ე ქუჩაზე დავდიოდი ,,ბრემენჰაუზში”. ვფურცლავდი ქალთა გერმანულ ჟურნალებს და ეჭვიანობისგან ანთებული ვხედავდი მოდელების მზერაში ფლირტს ფოტოგრაფთან, იოჰანესთან. დღესაც ვპოულობ პატარა შრიფტით დაბეჭდილ მის სახელს ,,ბრიგითეში” ახალი საცურაო კოსტუმების ქვეშ. მოდელები მოწყენილები გამოიყურებიან. არა, მართლა არ შევმცდარვარ წასვლის ნება რომ მივეცი, მაგრამ მაშინ სამი წლის წინ ჯერ კიდევ არაფერი ვიცოდი ბომბის კავშირის შესახებ ოცდაათს გადაცილებულ ქალებთან და მამაკაცებთან.
ყველის გამყიდველთან ,,ბრემენსჰაუზში” როგორც ყოველთვის ერთ ნაჭერ ტილზითერს ვყიდულობ, რადგან მსიამოვნებს მისი ინგლისური ზაქსური აქცენტით. დახლზე დევს QUARK TODAY.
ჩანთაში ტილზიტერის სუნი დგება. ვზივარ ,,პატარა საკონდიტროში”, ვიჩიჩქნები ერთ ნაჭერ შვარცვალდურ ალუბლის ტორტში და ჩემს თავს ვეკითხები მე ა) მართლა ხომ არ დავიჯერე, რომ სწორედ აქ შევხვდები სასურველ მამაკაცს და მე ბ) მართლა მინდა კი კაცი. რაც უფრო დიდი ხანი ვუყურებ ჩემს ირგვლივ ასაკოვან მანდილოსნებს ლურჯად შეღებილი თმებით, რომლებიც ენერგიულად მიირთმევენ ლინცური ტორტის ნაჭრებს, უგემრიელეს ტკბილეულობას შთანთქავენ და ამინდზე და ჯანმრთელობაზე ჩივიან, უფრო მეტად მშურს მათი. ქმრები მოინელეს, მე კი ერთსაც ვერ ვიპოვი.
მართალი ვთქვა, იოჰანესის მერე უკაცობას ძალიან არ განვიცდი. ხანდახან, როცა ისეთი გრძნობა მიჩნდებოდა, რომ ცოტაოდენი სექსი ცუდი არ იქნებოდა ჩემი კრეატიულობისათვის და კანისთვის, პატარა აფიორები მქონდა, მაგრამ მას შემდეგ, რაც ეს აღარ ხერხდება, აღმოვაჩინე, რომ სეზონის ბოლოს შანელის ბუტიკში ყიდვის სასიამოვნო მღელვარებას იგივე ეფექტი აქვს. მას შემდეგ უკეთესად ვხატავ, ამიტომ თავს უკეთესად ვგრძნობ და ჩემი კანიც უფრო გლუვი გახდა. გაუმარჯოს შანელს.
შვარცვალდურ ალუბლის ტორტს უკვე ვნანობ. ცუდად ვგრძნობ თავს, მოშვებულად, არაამერიკულად. თვეების წინ შევწყვიტე წითელი ხორცის ჭამა და ყავის სმა, მოწევას უკვე წლების წინ შევეშვი, მზრუნველად ვაკვირდები ჩემი ქოლესტერინის დონეს, ვზრუნავ ნაკლები სოდა მივიღო, არ ვსვამ ალკოჰოლურ სასმელებს, ვავარჯიშებ სხეულს, ვცდილობ დავიჯერო როგორც ჭეშმარიტ ამერიკელს სჯერა, რომ გამოგივა თუ ნამდვლად გსურს. სამი წელია კვირაში ერთხელ დავდივარ ფსიქოთერაპევტთან, რომელიც ამ მხრივ მაძლიერებს და საათში 120 დოლარად გამუდმებით მაფრთხილებს თავი შევიკავო შემთხვევითი ურთიერთობისაგან. ხო, კარიერა გავიკეთე. ნიუ იორკში. საკუთარი ბინაც მაქვს სოფლად. აბა რატომ მინდა უცბად მამაკაცი? ჩემს ფსიქოლოგს სამწლიანი ვიზიტების შემდეგ ამას ვეღარ ვკითხავ. ეს დამწყებთა პრობლემებია. მისი წლების გარჯა ხომ უნაყოფო აღმოჩნდება.
საერთოდ როგორ პოულობენ მამაკაცებს? ამ საშინელი სტატისტიკის გამოქვეყნების შემდეგ ქალთა ჟურნალები გადავსებულია რჩევა-დარიგებებით. რუბრიკა: ,,შორს მარტოობა: როგორ იცნობენ კოსმო-გოგონები მამაკაცს” აცნობებს მკითხველს თუ როგორ მოახერხეს მათ ეს. ( რას ნიშნავს კოსმო-გოგონა?, მეც ერთ-ერთი ვარ? კარგი დავუშვათ). პენელოპე, სტიუარდესა, 28 წლის, წერს:,,მამაკაცები ხშირად უბამენ საუბარს მას, ვინც რაიმე უცნაურ საგანს ატარებს თან. რა თქმა უნდა, ისეთი რამ უნდა მოიძიოთ რაც მართლა გაინტერესებთ, თორემ შეხვედრა შესაძლებელია მალევე დამთავრდეს. მე კარგად მაქვს ნაცადი დიდი რკინის ჯვარი,” საინტერესოა. პენელოპეს რჩევას აქვს ერთი უმნიშვნელო შეცდომა, რომელიც გადამწყვეტია. ის მხოლოდ 28 წლისაა და სტატისტიკის მიხედვით სულ არ უნდა დასჭირვებოდა თავისი რკინის ჯვარი. ბარბარა, სატელევიზიო პროდიუსერი, 36 წლის, მას უფრო მეტად ვენდობი: ,,მიმოიხედეთ თქვენს სამსახურში. საიდუმლო იმაშია, რომ ისეთი ვინმე მოძებნოთ, რომელიც ჯერ ყველა დანარჩენ ქალს არ შეუბამს. თუმცა თქვენც უნდა მოგწონდეთ”.
ხოო, ბარბარა, ჩემს რედაქციაში ორი კაცია, ერთი შეფია, რომელსაც ყველა ეპრანჭება და მეორე, გარეკანის გამფორმებელი, პატარა, ბეჭებში მოხრილი კაცი, სქელი სათვალით. ძალიან საყვარელია, უდაოდ, მაგრამ სამი წლით ახალგაზრდა ვარ თქვენზე და ეს ( ჯერ კიდევ) არ მჭირდება.
მაგრამ იუდი, საგადასახადო მრჩეველი, ზუსტად ჩემს ასაკშია, 33. ,,ხშირად მამაკაცები სავაჭრო სახლებში გამიცნია. ზოგიერთი განყოფილება განსაკუთრებით ყურადსაღებია: ტყავის ნაწარმი, საკანცელარიო ნივთები და ელექტრონიკა. აზრად არ მოგივიდეთ მამაკაცთა განყოფილებაში დაძაბული დადგეთ, ყველა კაცი იფიქრებს, რომ თქვენი მეგობარი მამაკაცისთვის ეძებთ პერანგს. იგივე ვრცელდება ქალის საცვლებზე. საოჯახო ნივთები კარგია, მამაკაცები აქ ისეთი უმწეოები არიან”.რაღაც სკეპტიკურად განმაწყობს რომ წერს, მამაკაცები ,,უმეტესწილად” ამ ხერხით გამიცვნიაო, მაინც რამდენი იყო რჩეულთა რიცხვი ნეტა, მაგრამ მგონი მისი რჩევა ცდად ღირს.
ოთხი დღის განმავლობაში, ყოველ დღე სამსახურის შემდეგ Macy’s-ში დავდიოდი, მაგრამ იუდისგან ასე თბილად შერჩეულ განყოფილებებში ვერც ერთი მამაკაცი ვერ ვიპოვე, მხოლოდ ქალები. ვეჭვობ, ისინიც იგივე მიზეზით იყვნენ იქ, როგორითაც მე. როგორც კატები ისე ვეპარებოდით ერთმანეთს, ვაკვირდებოდით, ვინ როგორ ვსინჯავდით ჩემოდნებს და ჩანთებს, მიქსერებს და ტოსტერებს, საათობით ვამუშავებდით საწერ მანქანებს, თითქმის არასდროს არაფერს ვყიდულობდით და თუ კი ვიყიდდით ისიც მხოლოდ შესანიღბად. მოუსვენრად ვავლებდით თვალს თაროებს, ერთმანეთს მტრულად ვამოწმებდით და ერთმანეთის ასაკის გამოცნობას ვცდილობთ. რამდენით გადაცილებულია ოცდაათს?
მაგრამ დღეს Bloomingdale’s-ში, ალბათ ჩემი ჰოროსკოპით ხელსაყრელი დღეა, უცბად სრულიად მარტო აღმოვჩნდი ტყავის ნაწარმის განყოფილებაში, სადაც ორმოც წლამდე მამაკაცი გამოჩნდა ტყავის ჩემოდნის იქით, როგორც Deus ex Machina. მამაკაცი ღიაწაბლისფერი სქელი თმით, კარგი გარეგნობით, შეიძლება ოდნავ სერიოზული ჩემი გემოვნებისთვის, მაგრამ ასეთი პრეტენზიულობის უფლებას ჩემს ასაკში ვეღარ მივცემ საკუთარ თავს. ის ჩემოდნებთან იდგა, ხსნიდა და კეტავდა, მე ნელნელა მივჩოჩდი საფულეებთან და ხელჩანთებთან, ისე შეუმჩნევლად როგორც შესაძლებელი იყო და თითქმის მის პირისპირ დავდექი. მერე გავიგონე როგორ უთხრა გამყიდველს, რომ ეძებდა რაც შეიძლება ელეგანტურ ჩემოდანს, საქმეების გამო ხშირად გზაში უწევდა ყოფნა, აეროპორტიდან პირდაპირ სხდომაზე. წამიერად დამწყდა გული, რად მინდა კაცი, რომლის პიჯაკებში ოდესმე აუცილებლად ვიპოვი პარიზელი მონიკას ან შტუდგართელი გაბის ტელეფონის ნომერს.
ამის ნაცლად მომდევნო ,,როგორ იცნობენ გამოფხიზლებული კოსმო-გოგონები მამაკაცს” ვიყიდე. დღეს სუზანე, კბილის ექიმის დამხმარე, 35წლის, წერს: ,,ჩემს ექს-ქმარს არ უყვარდა ძაღლები, ამიტომ ბოცვერი შევიძინეთ, როცა დავშორდით ბოცვერზე ზრუნვის უფლება მე მერგო. ახლა ყოველთვის თან დამყავს, როცა მატარებლით კონენქტიტუტში მივდივარ. საკმაოდ ბევრი საინტერესო მამაკაცი დამჯდარა ჩემს გვერდით ბოცვერის მოსაფერებლად”.
უცბად ძლიერ მომინდა პატარა, შავი, თეთრყურებიანი ბოცვერი, მაგრამ ჩემი მშობლები ვუპერთალში ცხოვრობენ და არა კონექტიტუტში. აბა საით უნდა გავმგზავრებულიყავი ბოცვერთან ერთად? უკვე წარმოვიდგენ ჩემს თავს ღამე ნიუ ჰეივენის სადგურში ეულად და უნუგეშოდ მდგომს, ბოლო მატარებელი ნიუ იორკისკენ ახლახან გავიდა და ირგვლივ, თვალსაწიერზე არც ერთი საინტერესო კაცი, რომელსაც ჩემი ბოცვერის მოფერება მოუნდებოდა.
დიდი ხანი არააა რაც დღისით ზმანებები მაქვს, ჩემს სამზარეულოში ვხედავ მამაკაცს საუზმისთვის რომ კვერცხს ტეხს, მეორე მარტინის ჭიქით ხელში ჩემს სავარძელში ზის, კიდევ ერთი შხაპის ქვეშ დგას, ერთსაც ჩემს საწოლში ვპოულობ, რომელიც მოლოდინით სავსე შემომცქერის და მიღიმის.
ჩემმა ფსიქოთერაპევტმა სახის ნერვოზული კრთომა შემამჩნია. ფიქრობს, რომ სავსე ვარ ნეგატიური ენერგიით. სამი წელია ყოველ ოთხშაბათს თერთმეტ საათზე მოვდივარ ამ ოთახში, აქ ყოველთვის ოდნავ იგრძნობა წინა პაციენტის ოდეკოლონის სუნი, სავარძელიც ჯერ კიდევ თბილია. ხანდახან, როცა ცოტა ადრე მიწევს მისვლა და წინა ოთახში ვიცდი, მამაკაცის სასიამოვნო ხმა მესმის, მაგრამ არასდროს მინახავს იგი. კონფინდენციალურად, როგორიცაა თვითონ ჩემი ფსიქოთერაპევტი, პაციენტს სხვა კარიდან უშვებს, სანამ მომდევნო შემოვა. დღეს მისი ხმა განსაკუთრებით სასიამოვნო მომეჩვენა.
,, სპორტი”, ამბობს ჩემი ფსიქოთერაპევტი. ,, სპორტი?” ვეკითხები ჩუმად. ორი წელია ყოველ მეორე დღეს სპორტულ დარბაზში დავდივარ. მან დასვენება გამომიწერა.
ოთხი კვირით გავინთავისუფლე თავი. ჩემი სამუშაო რიტმის გარეშე უმამაკაცობა განსაკუთრებით მტკივნეული მეჩვენება. ვურეკავ ყველა ჩემს მეგობარს, ისინი ყოყმანით აღიარებენ სტატიის წაკითხვის შემდეგ ჩუმად რომ ნადირობენ მამაკაცებზე ,,იცი” მითხრა მარგმა 36, ,,მას შემდეგ რაც ეს დაწყევლილი სტატია წავიკითხე, სარკეში მხოლოდ ხერხემლისდისკამოვარდნილ, ცელულიტიან ქალს ვხედავ, მამაკაცის, ორადგილიანი საწოლის და პენსიის გარეშე”. მე მას ზედმეტ მატერიალიზმს ვსაყვედურობ, თვითონ კი გამოუსწორებელ, ევროპელ რომანტიკოსს მიწოდებს. თავისი პატარა ოროთახიანი ბინისთვის უნდა ქირის გამზიარებელი მამაკაცი მოძებნოს. ,,ერთ განცხადებას ეგრევე ოთხასი დაინტერესებულია”—ამბობს მარგი ,,და თან ვინც მანჰეტენზე ბინას იპოვის, არასოდეს გადავა სხვაგან”, ,,თუ სხვაზე არ დაქორწინდა” შევეპასუხე, გულნატკენმა გამითიშა.
სამწუხაროდ მე მხოლოდ ერთოთახიანი ბინა მაქვს, მაგრამ თუ მისაღებ ოთახს გადავტიხრავდი... ოთხასს მსურველში ერთი სასურველი ხომ მაინც აღმოჩნდებოდა.
როგორც ყოველთვის როცა ცუდად ვარ ,,The Way We Were”-ს უჩვენებენ ტელევიზიით, ეჰ, ბარბარა სტრეიზანდ, რობერტ რედფორდთან, ამ ლუქსუსთან გაშორების უფლებას, სხვადასხვა პოლიტიკური შეხედულებების გამო, დღესდღეობით უკვე ვეღარ მისცემდი შენს თავს.
კოლეჯში ბევრი იყო ისეთი, ვინც ისე გამოიყურებოდა, როგორც რედფორდი, სიმპატიური, ძლიერი, საუცხოო კბილებით და ურყევი ოპტიმიზმით. სად წავიდნენ? ნიუ იორკში, ყოველ შემთხვევაში, არ არიან. დავნიძლავდეთ, ახლა ყველა დაქორწინებულია, მათი ცოლები კი ბომბი-მამაკაცის სტატისტიკის გაცნობის შემდეგ უფრო ლაღად აწოდებენ მეუღლეებს ლუდს და მხიარულად უუთოვებენ პერანგებს.
მაშინ, კოლეჯში, რაღა მაინცდამაინც ერთადერთი გერმანელი შემიყვარდა? იოჰანესი საუკეთესო საცვლებს ატარებდა, მოტკეცილ ტრუსებს და არა ამ საზიზღარ ბოქსიორების მაისურებს. ეწეოდა და საუბრობდა ხელოვნებაზე, ის სხვანაირი იყო ვიდრე ამერიკელები, ის ისეთი იყო, როგორიც მე მაშინ.
დიდ სიყვარულს მართლა არ ველოდები. მინდა მხოლოდ მამაკაცს ვხედავდე დილაობით პარსვის დროს, მასთან ერთად ვუყურებდე ტელევიზორში ბეისბოლს და ისე ვიქცეოდე, თითქოს თამაში ძალიან მაინტერესებს. აღარ მინდა ჩემს ორადგილიან საწოლს მხოლოდ რაიმეს მოლოდინის გამო ვაკრავდე თეთრეულს ორივე მხარეს, მინდა მაცივარში ბუდვაიზერს და აბაზანაში აფთეშეივს ვპოულობდე, პლაჟზე მასთან ერთად ერთ პირსახოცზე ვიწვე და მისგან ვისმენდე, რომ მე უკეთესი ფიგურა მაქვს ვიდრე სხვებს. ძალიან ბევრს ვითხოვ? სტრეიზანდი ისევ პროკლამაციებს ავრცელებს, როცა წლების შემდეგ კვლავ ხვდება თავის ბობს. მათი ისევ უყვართ ერთმანეთი და მიუხედავად ამისა, მაინც ვერასოდეს, ვერასოდეს ეწყობიან ერთმანეთს. როგორც ყოველთვის ამ ფილმის ბოლოს ვტირი. ჯანდაბა, ისევ მინდა სიყვარულისგან ასე ძლიერად დავიტანჯო.
,,Village Voice”-ში დევს დანამატი საზაფხულო კურსის პროგრამის შესახებ, სადაც ,,კრიატიული ჰიპნოზია” შემოთავაზებული ,,ქარიზმის საიდუმლო”, ,,კრისტალის ძალა”,დაუშვით სასწაული მოხდეს სიყვარულის ძალით” და ,,როგორ ვაშენებ ბედნიერების მომტან ბანქოს მაღაზიას”.
შესაძლებელია ქალაქის ტურში მონაწილეობის მიღება, ცნობილი ვარსკვლავების სახლებში და ცნობილი მკვლელობების ადგილებში მოხვედრა, როგორც ორმაგი პაკეტი ფასდაკლებითაა. უცბად გადავწყვიტე ჩავწერილიყავი, მაგრამ იქ ალბათ მარტო ტურისტები თუ იქნებიან, ჯერ მათ ტელეფონის ნომერსაც ვერ დაიმახსოვრებ, რომ უკვე სახლში მიემგზავრებიან. რა თქმა უნდა არსებობს უამრავი კურსი ჩემი პრობლემის გადასაჭრელად ,,52 გზა პარტნიორის საპოვნელად”, ,,კრიატიული ფლირტი” და უფრო წინწასულთათვის ,,კრიატიული ურთიერთობა”, მაგრამ რატომღაც საკუთარ თავს ვეწინააღმდეგები, მგონი უაზრობაა ამისთვის კურსის გავლა და შენნაირ წარუმატებლებთან ერთად კრიატიულ ფლირტზე ვარჯიში. თითქოს ფლირტის დაწყებისთვის თვითონ დებილი ვიყო. დედაჩემი ყოველთვის, როცა უცნაურ წყვილს დაინახავდა, ამბობდა: ,,არ არსებობს ისეთი ქვაბი, თავსახური რომ არ მოერგოს” ჩემს თავს ვეკითხები ქვაბი ვარ თუ თავსახური.
ჩემი მეგობარი იული მირეკავს და აღელვებული მატყობინებს, რომ ახლა ყოველ დღე ანონიმ ალკოჰოლიკების შეხვედრებზე დადის, სადაც შესაძლებელია უამრავი კარგი კაცის გაცნობაო. ,,მაგრამ შენ ხომ ალკოჰოლის სუნიც არ იცი”, ვუთხარი. ,,მსხვერპლია საჭირო”, ამბობს ,,ახლა ყოველ დღე ვსვამ ერთ ბოთლ ლუდს, ხანდახან ორსაც. მე ხომ ბოლოსდაბოლოს ამაზე უნდა ვილაპარაკო. და იცი რა? ნელნელა მომწონს კიდეც სასმელი!” ბედნიერი ხითხითებს.
ვისკის ბოთლს ვიღებ კარადიდან, რომელიც რედაქციის თანამშრომლებმა ერთი წლის წინ დაბადების დღეზე მაჩუქეს და მას შემდეგ ხელუხლებელი იდო . პატარა ყლუპებით ვსვამ როგორც წამალს. არ ვიცი შევეჩვევი თუ არა ამას, მაგრამ ხომ არსებობს ანონიმური მწეველები. ორი წლის შემდეგ უცბად სიგარეტი მომინდა.
ვიღებ ბალიშს, ვისკის ბოთლს და ფანჯრიდან ვიხედები. ყოველ სიმპათიურ მამაკაცზე, რომელიც ჩაივლის, ხაზს ვავლებ ფანჯრის ჩარჩოზე, ყოველ საშუალოდ მიმზიდველზე ჯვარს, ორმოცდაათს ზემოთ და ორმოცს ქვემოთ ასაკის მამაკაცებს არ ვთვლი. სამი საათის განმავლობაში 187-მა მამაკაცმა გაიარა ჩემი ფანჯრის ქვეშ, აქედან 53-ს ქალი ახლდა, 3 ნამდვილად სიმპათიური და 7 საშუალოდ მიმზიდველი. ძალიან დაბალი პროცენტია. ქუჩაში მათხოვარი ქაღალდის პარკს იღებს ,, შენ თუ კიდევ ერთხელ მკითხავ, მიყვარხარ თუ არა, თუ კიდევ ერთხელ მკითხავ...”ეუბნება თავის პარკს.
ბოთლი გამოვცალე. ხუთი მამაკაცი ზის ჩემს სავარძელში და მეკითხება, მიყვარს თუ არა ისინი.
ბინიდან გავდივარ.
მეექვსე ავენიუზე კემპინგის მაგიდასთან ზის ერთი ხელზე მკითხავი, თავს მიქნებს და მეძახის ,,თქვენი ბედი თქვენს ხელზე წერია” დარწმუნებული ვარ ხელზე მაწერია: ,, ინქ, კაცის ჭაჭანება არაა”.
ჩავუარე იაფ, მტვრიან ჩინურ რესტორანს, აქ, მე და იოჰანესი ვიყავით იმ საღამოს, სანამ გერმანიაში გაფრინდებოდა. ,, შეგიძლია მერე ჩამოხვიდე” იქნებ ასე უნდა ეთქვა: ,,წამოდი, გთხოვ”. თუკი ვინმეს მართლა სჭირდება ჩინური ცხოვრებისეული სიბრძნე, თავის ბედის ორცხობილაში მხოლოდ ბანალურ სისულელეს იპოვის. იმ საღამოს იყო ,,მნიშვნელოვანი მოვლენები ადვილად არ ცხადდებიან”.
ჩინელების გვერდით ახალი მაღაზია გახსნილა ,,მაგიის ცენტრი”. ვიტრინაში ერთმანეთის მიყოლებით სპრეის სუფთა ქილები დევს ,, ნეგატიური ძალების”, ,,შურის და სიძულვილის” წინააღმდეგ, პატარა ბოთლები წარწერით ,,მე-ვარ-ძლიერი-ზეთი” და ,,მოდი-ჩემთან-ზეთი”. ვისკით გამხნევებული უსწრაფესად შევდივარ მაღაზიაში და ორ ტყავებში გამოწყობილ, მძიმე ჯაჭვებით და პლასტმასის თავის ქალებით მორთულ მაგია-გამყდველს ვუხსნი ჩემს პრობლემას. ისინი ისეთივე თბილი ღიმილით და გამამხნევებელი თავის ქნევით მისმენენ, როგორც ჩემი ფსიქოთერაპევტი. თუმცა რა! ნათლად ჩანს ცისფერები არიან და უფრო ადვილად ვუხსნი მათ გულს. რომელი ქალი აღიარებს, რომ იმდენად სულელია, რომ მამკაცს ვერ პოულობს. ,,ნუ საყვედრობთ თქვენს თავს”, მეუბნება ერთი, რომელიც მოწითალო-სტაფილოსფერ ტონალობაში ატარებს თმას, ,,წაგიკითხავს ის სტატისტიკა, რომლის მიხედვით ოცდაათს გადაცილებულ ქალს მეტი შანსი აქვს ბომბი მოხვდეს, ვიდრე მამაკაცი იპოვოს?” მწარედ ვუქნევ თავს. ,, საშინელებაა”—ამბობს მეორე ,,მაგრამ ხომ ზუსტად იმდენივე მამაკაცია რამდენიც ქალი, არა?” ვეკითხები, ,, ხოო -- თქვეს ორივემ უნისონში და ერთმანეთს შეხედეს. ,,საკმაოდ ბევრი ჰეტეროა”, მომიბრუნდა ისევ წითელი, ,, თუმცა ძნელი საპოვნელია. ეს ისევეა როგორც... როგორც ძაღლებთან...” ,, ცხენებთან” ამბობს მეორე. ,,ხო, როგორც ცხენებთან” აგრძელებს წითელი და ნაზად უღიმის თავის კომპანიონს ,,თუ მათ უკან მიყვებით უფრო მეტად უჩქარებენ ნაბიჯს. ამ დროს უნდა გაჩერდეთ და პოზიტიური ტალღები, იმპულსები გაუგზავნოთ” და ამისთვის ორივენი სასწრაფოდ მირჩევენ ,,მოდი-ჩემთან-პაკეტს”, რომელიც შედგება ,,მოდი-ჩემთან-ზეთისგან”, პატარა ქისისგან სიყვარულის სურნელით, რომელიც ყოველთვის თან უნდა ატარო და სანთელი, რომელზეც სათაყვანებლის სახელი უნდა დაწერო. ,,მაგრამ კონკრეტულად არავინ მიდგას თვალწინ” ვთქვი მორცხვად.
აქედან გამომდინარე ორივენი დაფიქრებული წონიან უმთავრესს. ამ ქალაქში ანონიმურ მაგიას არ მირჩევენ, უამრავი არეული ტიპია, რომლებიც ხშირად მიმართავენ მაგიას. ,,და მათგან თავს ვეღარასოდეს დააღწევთ”. მირჩევენ სასწრაფოდ მომძებნო კონკრეტული მსხვერპლი ( სიტყვა მსხვერპლის წარმოთქმის დროს ერთი წითელი ტონალობით მსუბუქი გაკიცხვით უბიძგებს მეორეს ნეკნებში), მისი სახელი დავიმახსოვრო, ერთი ღერი თმა ამოვაწიწკნო ან მის ჯაკეტზე დავარდნილი მოვძებნო და შემდეგ ზუსტად ინსტრუქციის მიხედვით მოვიქცე.
ვყიდულობ ,,მოდი-ჩემთან-პაკეტს”, ისინი მზრუნველად მკიდებენ ყელზე პატარა ქისას სიყვარულის სურნელით, რადგან ხანდახან თურმე შესაძლებელი მხოლოდ სურნელი დაგეხმაროთ და კეთილი სურვილებით, პოზიტიური განწყობით გამხნევებულს მიშვებენ. ქისას მძაფრად ასდის მუშკის ზეთის სუნი.
ჩემი ფსიქოთერაპევტი ასკვნის, რომ მე უარყოფითი იმპულსების სუნი ამდის. ერთ-ერთ კურსზე უსწავლია, ფსიქოლოგიური დარღვევების სუნით შეცნობა, ეს ძველი ჩინური მედიცინა ყოფილა და სანამ ამის შესახებ მიყვება, უცბად ვხედავ გრძელ, ვერცხლისფერ თმას სავარძელზე, ფრთხილად ვიღებ და საფულეში ვინახავ.
,,არავითარ შემთხვევაში არ ეცადოთ, თქვენი განწყობა ვინმესთან ურთიერთობით აიმაღლოთ” – მარიგებს გამომშვიდობების წინ და როცა კარის გასაღებად ბრუნდება, სწრაფად ვიხედები მის მაგიდაზე შეხვედრების კალენდარში. 10 საათი. ლ. მონტელეონე, წერია ჩემი სახელის წინ 11-ზე. ლ. მონტელეონე, სასიამოვნო ხმა, შევერცხლილი, სიმპატიური იტალიელი, დაახლოებით ორმოცი წლის, ალბათ ხელოვანი, რომელსაც სამყარო ტანჯავს, წარმოვიდგენ და იმ წუთში საფულეში ვიხედები — თმა ისევ იქაა-- , თუ ერთი ქონიანი მაფიოზი, აქლემის ტყავის პალტოში, რომელიც მკურნალობს, რადგან სინდისი აწუხებს?
ეს გრძელი, ვერცხლისფერი თმა მართლა მისია თუ იქნებ ძაღლის? სახლისკენ მიმავალ გზაზე ლუპას ვყიდულობ. საბედნიეროდ ადამიანის თმას გავს და ბოლოებიც ეყოფა. მონტელეონე, რა ლამაზი გვარია. ლ. ლუდოვიკო? ლუიჯი? ლინო? ექვსი დღე ფსიქოლოგის მომდევნო ვიზიტამდე ექვს წელიწადად მეჩვენება.
მომდევნო ოთხშაბათს, დილის ექვს საათზე ვიღვიძებ, თმებს ვიბან, ყურადღებით ვიღებები და საუკეთესო კაბას ვიცმევ. აღელვებისგან ერთ ბარში ჭიქა არაყს ვსვამ, სანამ 10.30-სთვის ფსიქოთერაპევტის მოსაცდელს შევაღებ. ვაყურადებ მის შორეულ ხმას, ის არა მარტო სასიამოვნო და სიმპატიურია, არამედ სექსუალურიც. სამწუხაროდ ვერ ვიგებ რას ამბობს, ერთხელ მგონი მომესმა,, რატომ?, რატომ?” რა კარგად მესმის მისი, ბატონი მონტელეონესი. რატომ არ მიდის მოსაცდელ ოთახში მყოფი ქალბატონი სწორედ დღეს, როგორც ყოველთვის ტუალეტში? სიგარეტის მოსაწევად? შიშისგან ვკანკალებ, ამ ერთ კვირაში მოწევას თავი ხომ არ დაანება, ბოლოს იღებს მაგიდის უჯრიდან თავის სიგარეტს, თვალს მიკრავს შეთქმულივით და ქრება, გარეთ გასულიც არ იყო, წამოვხტი და გავაღე ოთახის კარი. ის არ წევს, სავარძელზე ზის, როგორც მე, ეს მისდამი იმ წუთშივე სიმპათიით განმაწყობს, ჭაღარა თმები მხრებამდე სცემს. გაკვირვებული ტრიალდებიან ის და ჩემი ფსიქოთერაპევტი ჩემსკენ. მომხიბვლელად გამოიყურება. არცთუ ისე ლამაზად, მაგრამ მომხიბვლელად. ხო, უფრო საინტერესოა, ვიდრე ლამაზი. ორმოცს გადაბიჯებულად ვაფასებ, საუკეთესო ასაკია მამაკაცისთვის, დიდი არ არის, მაგრამ ნამდვილად არც ჩემზე პატარაა.,,უნდა გითხარათ!” ამბობს ჩემი ფსიქოთერაპევტი და მე ვბორძიკობ ,,უკაცრავად ვიფიქრე უკვე 11 საათიათქო” და აღელვებისგან ოფლით დანამული ვკეტავ კარებს. მოსაცდელის ქალბატონს ვუთხზავ ამბავს, თითქოს ცუდად გავხდი და ვერ დავრჩებოდი.
სახლში ფარდებს ვაფარებ. ფრთხილად ვკვეთავ ლ.მონტელეონეს სანთელზე, ისეთი გრძელი გვარია სანთელზე ძვლივს ეტევა, ინსტრუქციის შესაბამისად ,,მოდი-ჩემთან-ზეთში” ვანთებ სანთელს და გულის კანკალით მიჭირავს მისი თმა ალზე.
თმა ისე სწრაფად იწვის, შეხედვას ვერ ვასწრებ, მაგრამ თვითონ სანთელი ოთხსაათნახევარი იწვოდა. იმდენ ხანს, რამდენიც მითხრეს ჩემმა მაგიურმა მრჩევლებმა. თან კონცენტრირება უნდა მოვახდინო ჩემს მსხვერპლზე. როცა ცეცხლი ბოლოსდაბოლოს ჩაიბჟუტა და ჩაქრა, დაღლილობისგან ჩამეძინა.
დიდი ხნის შემდეგ ტელეფონის ზარმა გამაღვიძა. სიზმარში ვუპერთალში ვიყავი. დედაჩემი ვარდისფერი მატყლის ძაფით მანქანაში ტუალეტის ქაღალდის ჩასადებს ქსოვდა ყაისნაღით და ჩურჩულებდა ,,არ არსებობს ისეთი ქვაბი თავსახური რომ არ მოერგოს!” ჩემი ტელეფონი, რომელიც ამ რიტუალში ხელი რომ არ შეეშალა გამოვრთე, ამიტომ ავტომოპასუხე იტყობინება, რომ ამ მომენტისთვის სამწუხაროდ სახლში არ ვიმყოფები, სიგნალი, მესმის ამოსუნთქვა და შემდეგ მამაკაცის სასიამოვნო, სიმპატიური ხმა ამბობს:,, ლეონარდო მეონტელეონე ვარ, სამწუხაროა, რომ სახლში არ ხართ...”
საწოლიდან ვხტები, ზეწარში ვიხლართები, ტელეფონს ვერ ვპოულობ, ლეონარდო მონტელეონე, რა სახელია! ,,სამწუხაროა, ამბობს ხმა, ,,მაშ, კარგი, მაშინ....” მე ტელეფონის კაბელს მივყვები ტელეფონამდე ,,მოიცადეთ, მოიცადეთ, ვამბობ სულმოუთქმელად ,,ამ წუთას მოვედი სახლში” ,, ლეონარდო მონტელეონე ვარ” ფორმალურად იმეორებს კვლავ უაქცენტო ინგლისურით. ,, დღეს დილით შარფი დაგრჩათ, ასე მწვანედ დაჩითული ...”
არასდროს მქონია მწვანედ დაჩითული შარფები. ,,ო, დიახ” ვამბობ,, ჩემი უნდა იყოს” ნიკაპის ქვეშ სიყვარულის ქისიდან მუშკის სუნი ამოდის.
,, შემიძლია შარფი მოგიტანოთ”
,, ო, ეს ძალიან სასიამოვნოა თქვენი მხრიდან....” ვბორძიკობ.
,,ოჰ,--მაწყვეტინებს, აუცილებლობა არ მიგულიხმია. დამავიწყდა რომ ამ ქალაქში ქალბატონებს არ უყვართ, როცა სრულიად უცნობმა მამაკაცებმა მათი მისამართი იციან”.
,, თქვენ აქაური არ ხართ?” –ვკითხე.
,, არა, გერმანელი”
,, მართლა?, ვამბობ ლაღად- საიდან?
,, ვუპერთალი, არ ვიცი ეს რამეს თუ გეუბნებათ”
სიყვარულის ქისას ყელიდან ვიხსნი და ბალიშის ქვეშ ვდებ.
,, ლენოისტრიტის 15-ში ვცხოვრობ”, ვამბობ გერმანულად აუჩქარებლად
,, ჩქარა მოდით”.
,, აბა, დროებით, ამბობს, ,,და შეხვედრამდე”

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined17 Sep 2008
Posts372
კარმა0
OFFLINEPROFILE
ინტერნეტიდან გუტენბერგამდე
უმბერტო ეკო
თარგმანი რუსულიდან - მარინე ხუციშვილი
პლატონს "ფედროსის" დასასრულს ასეთი მაგალითი მოჰყავს: დამწერლობის სავარაუდო გამომგონებელი ჰერმესი ფარაონს უჩვენებს თავის აღმოჩენას: "ეს გამოგონება ადამიანებს შესაძლებლობას მისცემს, დაიხსომონ ის, რაც სხვაგვარად დავიწყებას მიეცემოდა". ფარაონი უკმაყოფილოა: "მოხერხებულო ტოტ, მეხსიერება საოცარი ნიჭია, მას შენარჩუნება უნდა. შენი გამოგონების წყალობით ადამიანებს მეხსიერება დაუჩლუნგდებათ, ისინი დაიხსომებენ არა შინაგანი ძალისხმევით, არამედ - გარეგანი საშუალებებით".

ამაში დავეთანხმოთ ფარაონს. როგორც ყველა ახალი ტექნიკური მხარდაჭერა, წერაც ადუნებს ადამიანს. მაგალითად, ავტომობილი ვნებს ფეხით სიარულს, წერა სახიფათოა, რადგან ადამიანებს სთავაზობს გაქვავებულ სულს, მინერალურ მეხსიერებას.

მაგრამ ჩვენს დროში დამწერლობის არსებობას ასე არ განიცდიან. ჯერ ერთი, ვიცით, რომ წიგნი სხვისი ფიქრების მითვისების საშუალება კი არა, პირიქით, საკუთარი აზრების მწარმოებელი მანქანაა. მხოლოდ დამწერლობის გამოგონების წყალობით შევინარჩუნეთ ისეთი შედევრი, როგორიცაა, მაგალითად, პრუსტის "დაკარგული დროის ძიებაში"; მეორეც, თუ ოდესღაც გონებას წვრთნიდნენ, ფაქტები რომ არ დაეკარგათ, დამწერლობის გამოგონების შემდეგ მეხსიერების ვარჯიში ამ ფაქტების წიგნში შესანარჩუნებლად დასჭირდათ. წიგნები ძილს კი არ ჰგვრიან გონებას, აკაჟებენ.

ფარაონი გამოხატავდა უძველეს შიშს, შიშს იმისას, რომ ახალი ტექნიკა რაღაც კარგს, დიდად ფასეულს, სულიერს შეცვლიდა ან მოსპობდა. ფარაონმა თითქოს ჯერ ნაწერზე მიუთითა, შემდეგ - ადამიანის მეხსიერების სიმბოლოზე და თქვა: ეს (ანუ დამწერლობა) მოკლავს იმას (ანუ მეხსიერებას).

აქ უადგილო არ იქნება ვ.ჰიუგოს "პარიზის ღვთისმშობლის ტაძრიდან" ციტირება. სწორედ ამ წიგნში აბატი კლოდ ფროლო მიუთითებს ჯერ წიგნზე (იმ დროს მხოლოდ იწყებოდა წიგნების ბეჭდვა), შემდეგ თავის ტაძარზე და ამბობს: "ეს მოკლავს მას". XV საუკუნეში ბეჭდვა ახალი გამოგონებული იყო. მანამდე ხელნაწერები მხოლოდ მცირერიცხოვანი ელიტისთვის იყო განკუთვნილი, ფართო მასების განსწავლა კი ტაძრის ფრესკებსა და სკულპტურულ ფიგურებს ევალებოდა. შუასაუკუნეების ტაძარი თითქოს მუდმივი, შეცვლელი ტელეპროგრამა იყო, რაც ადამიანებს სიცოცხლისათვის აუცილებელს აძლევდა. წიგნები ხომ მოსწყვეტდნენ საბაზო ფასეულობებს, ხელს შეუწყობდნენ ზედმეტ ინფორმირებულობას, წმინდა წერილის თავისუფალ განმარტებასა და არაჯანსაღ ცნობისმოყვარეობას.

მარშალ მაკ-ლიუენის წიგნის, "გუტენბერგის გალაქტიკის" თანახმად, ბეჭდვის გამოგონებიდან თანამედროვე ავტორებამდე გადაილახა აზროვნების სწორხაზოვნება, ხოლო 1960-იანი წლებიდან მას ცვლის უფრო გლობალური აღქმა: ჯერ ტელეგამოსახულებების, შემდეგ კი სხვა ელექტრონული საშუალებების სახით. თვითონ მაკ-ლიუენი თუ არა, მისი მკითხველები თითქოს თითს იშვერდნენ ჯერ მანჰეტენის დისკოთეკისკენ, შემდეგ კი წიგნისკენ - სიტყვებით: "ეს მოკლავს მას".

მასობრივი ინფორმაციის საშუალებებმა საკმაოდ სწრაფად აითვისეს იდეა, რომ ჩვენი ცივილიზაცია ორიენტირებული ხდება გამოსახულებებზე, რაც, თავის მხრივ, წიგნიერების დონეს დასცემს. ახლა ეს ისეთი ტრუიზმია, რასაც ჟურნალის სტატიების უმეტესობაში შეხვდებით. მართლაც სასაცილოა, რომ მასობრივი ინფორმაციის საშუალებები სწორედ მაშინ ალაპარაკდნენ სიტყვიერების დაცემაზე, როცა მსოფლიოს სცენაზე კომპიუტერი გამოჩნდა.

უდავოა, კომპიუტერი იარაღია გამოსახულების წარმოება-გადამუშავებისა. მაგრამ ისიც ცხადია, რომ ძველი კომპიუტერები საწერი საშუალება იყო და არა - სანახაობითი: ეკრანზე მიცოცავდნენ სიტყვები და სტრიქონები, მომხმარებელს კი უნდა წაეკითხა. იმ კომპიუტერების თაობის ბავშვებმა ველური სისწრაფით ისწავლეს კითხვა და ახლა ისინი გაცილებით სწრაფად კითხულობენ, ვიდრე წიგნებზე ორიენტირებული უნივერსიტეტის პროფესორები. მოზარდები, თუ ისინი პროგრამირებაზე მუშაობენ, უნდა გამოიცნონ ლოგიკური პროცედურები, ალგორითმები და სწრაფად ბეჭდონ სიტყვები და ციფრები. ამ თვალსაზრისით კომპიუტერი ადამიანებს გუტენბერგის გალაქტიკაში აბრუნებს. ის, ვინც ღამღამობით განუწყვეტლივ დაძვრება ინტერნეტში, იარაღად სიტყვას იყენებს. თუ ტელეხედვა სახეებით წარმოდგენილი სამყაროა, დისპლეი უნივერსალური წიგნია, სადაც სამყარო სიტყვებითაა წარმოდგენილი და გვერდებადაა დაყოფილი.

პირველი კომპიუტერები (წარმოშობით დინოზავრები) ურთიერთობდნენ ნაწერი სტრიქონების საშუალებით. ეს იყო, თუ გნებავთ, მორბენალი წიგნი. თანამედროვე კომპიუტერებში გამოჩნდა ჰიპერტექსტები. ახლა წიგნი მარცხნიდან - მარჯვნივ, მარჯვნიდან - მარცხნივ ან ზემოდან ქვემოთ იკითხება (გააჩნია წერის შერჩეულ ხერხს). ჰიპერტექსტი მრავალგანზომილებიანი ქსელია, რომელშიც თითოეული წერტილი თუ კვანძი დამოუკიდებლად და ყოველგვარი ძალისხმევის გარეშე უკავშირდება ტექსტის ნებისმიერ წერტილსა თუ კვანძს.

ახლა ვუახლოვდებით მკვლელობათა ისტორიის დასასრულს, ანუ რა მოკლავს რას. გვარწმუნებენ, რომ ჩD ავიწროებს წიგნებს. ეს რეალობაა თუ მეცნიერული ფანტასტიკა?

თვით ბეჭდვის გამოგონების შემდეგაც კი წიგნის გარდა ინფორმაციის ბევრი მატარებელი ასრებობდა. ესაა ფერწერაც, ხალხური გრავიურებიცა და ზეპირი სწავლებაც, მაგრამ წიგნი რჩებოდა სამეცნიერო ცოდნის გადაცემის ბაზად. წიგნივე იყო დიდაქტიკისთვის ოპტიმალური მასალა.

მასობრივი ინფორმაციის საშუალებების სრულყოფასთან ერთად რაღაც შეიცვალა. არცთუ დიდი ხნის წინ ენების შესწავლის ერთადერთი საშუალება (მოგზაურობის გარდა) იყო სახელმძღვანელო, ახლა ხომ სწავლობენ ბავშვები ფირფიტებით, ფილმებით, არჩევენ წარწერებს საფუთავებზე. შესაძლებელია, არაჩვეულებრივად შეისწავლო ფილმებით ძველი რომის ისტორია. ოღონდ სინამდვილის ამსახველი ფილმების შერჩევაა საჭირო. ჰოლივუდის შეცდომა ის კი არაა, ტაციტუსისა და ე.გიბონის ნაცვლად ფილმებს რომ გვჩრის, არამედ ის, რომ იგი ამ ისტორიკოსთა სიამაყით აღსავსე, ან ყოყოჩა და დათაფლული ვერსიებია. კარგი სამეცნიერო-პოპულარული ფილმით, რომ აღარაფერი ვთქვა კარგ ჩD-ზე, გენეტიკას სახელმძღვანელოზე უკეთესად ასწავლი. დღესდღეობით მასობრივი ინფორმაციის ბევრი საშუალება კულტურულ მუშაობაშიც მონაწილეობს, კულტურამაც ხომ უნდა გამოიყენოს მისი შესაძლებლობები. აუცილებელია მხოლოდ გულმოდგინედ მოფიქრებული საგანმანათლებლო მიდგომა. ენების შესასწავლად ფირი სახელმძღვანელოზე უკეთესია. აზრიანად შერჩეული კომენტარების საშუალებით კომპაქტ-დისკზე ჩაწერილი შოპენით უკეთესად შეიძლება გაერკვე მუსიკაში, ვიდრე კომპოზიტორის მრავლისმომცველი ბიოგრაფიით. ერთმანეთს არ უნდა დაუპირისპირდეს ვერბალური და ვიზუალური კომუნიკაციები (მათ სხვადასხვა ამოცანა აქვთ), უნდა სრულიყოს ერთიცა და მეორეც.

შუა საუკუნეებში ხალხისთვის ვიზუალური კომუნიკაცია ნაწერზე უფრო მნიშვნელოვანი იყო. შარტრის ტაძრის ვიზუალური "სახელმძღვანელო" არაფრით ჩამოუვარდება ონორე ოტონსკის "სამყაროს სახეს".

გამომსახველობას პლატონური ძალა აქვს, იგი ცალკეულ იდეას საყოველთაოდ გარდასახავს. ვიზუალური კომუნიკაციის საშუალებით ადვილია დარწმუნების სტრატეგიის შემუშავება. როდესაც გაზეთში წავიკითხავ, რომ მისტერ იგრეკმა იქსი პრეზიდენტად წამოაყენა, ვიცი, რომ გადმოცემულია მისტერ იგრეკის აზრი. მაგრამ თუ ტელევიზორში ჩემთვის სრულიად უცნობი პირი (არადა, სხვა კი არავინ, თუ არა მისტერ იგრეკი) აგიტაციას უწევს იქსის პრეზიდენტობას, მაშინ ინდივიდუუმის აზრი აღიქმება, როგორც საყოველთაო ნების გამოხატულება.

ხშირად ვფიქრობ, რომ ჩვენი საზოგადოება ძალიან მალე გაიხლიჩება (ან უკვე გაიხლიჩა) ორ კლასად. ერთი, რომელიც მხოლოდ ტელევიზორს უყურებს, ანუ მხოლოდ მზა სახეებსა და სამყაროს შესახებ მზა განსჯას ღებულობს და მეორე, რომელიც კომპიუტერის ეკრანს უყურებს, ანუ შეუძლია შეარჩიოს და გადაამუშაოს ინფორმაცია.

თემა სამეცნიერო ფანტასტიკისათვის: მომავალი, სადაც უმრავლესობა მხოლოდ ვიზუალური ტელეკომუნიკაციებით სარგებლობს. ეს კომუნიკაცია კი კომპიუტერული და ლიტერატურული ელიტის მიერ იგეგმება.

დავუბრუნდეთ ჩვენს თემას: გაანადგურებს თუ არა კომპუტერი წიგნს? არის ორი კატეგორიის წიგნი: ერთი - საკითხავი, მეორე - ცნობარები და საკონსულტაციო წიგნები. პირველი იმ პრინციპით იკითხება, რასაც მე ვუწოდებ "დეტექტიურ ისტორიას". იგი იწყება იმით, რომ პირველ გვერდზე ხდება მკვლელობა, რომელსაც მთელი წიგნის მანძილზე იძიებენ, რათა ბოლო გვერდზე აღმოჩნდეს, რომ, როგორც ყოველთვის, მკვლელი სახლმმართველია. ავტორს სურს, კითხვა პირველი გვერდიდან დაიწყოთ, წაიკითხოთ მის მიერ შემოთავაზებული გამოძიების შესახებ და შემდგომ დასკვნასაც თვითონვე მოგართმევთ. ერთადერთნი, არანორმალურები, ვინც ასე არ კითხულობს მსგავს წიგნებს, უნივერსიტეტის პროფესორები არიან. ისინი ციებიანივით ახტებიან გვერდებს, ეძებენ რა მინიშნებებსა და ანალოგიებს პირველსა და ბოლო თავს შორის. მათი საუკეთესო საქმიანობაა, გამოიკვლიონ ბიბლიასთან კავშირი და ა.შ. მაგრამ კითხვის ეს ხერხები არასპეციალისტს, რბილად რომ ვთქვათ, ხელოვნურად მოეჩვენება.

არსებობს წიგნების მეორე კატეგორიაც: წიგნები კონსულტაციისთვის, ცნობარები, ენციკლოპედიები, სახელმძღვანელოები. ბუნებრივია, რომ სკოლაში წიგნს თავიდან ბოლომდე კითხულობ. პრინციპში, ასეთი წიგნების ერთიანად წაკითხვა არაა აუცილებელი და საკითხავი თემის შერჩევა შეგიძლია. ვთქვათ, როცა გინდა ლოგარითმის განმარტება, პოულობ ამა და ამ გვერდზე. ასეთი წიგნი თაროზე ინახება არა იმისთვის, რომ ძილის მოსაგვრელად წაიკითხო, არამედ ათ წელიწადში ერთხელ რომ გადაშალო. ასეთი წიგნები სპორადული დანიშნულებისაა და არასოდეს იკითხება სიტყვასიტყვით. ისტორია ისეთი ადამიანისა, ენციკლოპედიას თავიდან ბოლომდე რომ წაიკითხავს, ფსიქიატრებისთვის მზა დიაგნოზია. ნორმალური ადამიანები ამ წიგნს გადაშლიან, რათა გაიგონ, როდის მოკვდა ნაპოლეონი ან როგორია გოგირდმჟავას ფორმულა. უნივერსიტეტის პროფესორები ხომ ენციკლოპედიას გამოძრომის განსაკუთრებულ ხერხად ხმარობენ. ნორმალური საკითხავი წიგნის კითხვა მათ არ შეუძლიათ, სამაგიეროდ, განსაკუთრებულად მკაცრი სისტემით ხელმძღვანელობენ ენციკლოპედიაში ჩახედვისას.

დავუშვათ, მინდა ვნახო, შეეძლო თუ არა ნაპოლეონს, კანტს შეხვედროდა. რასაკვირველია შემიძლია ჩავძვრე ნაპოლეონის ან კანტის ბიოგრაფიებში, უფრო კი კანტისაში, თუ გავითვალისწინებთ, რამდენ ადამიანს შეხვედრია ნაპოლეონი. აი, კანტის ბიოგრაფიაში კი ნაპოლეონთან შეხვედრას მოიხსენიებენ. ამ ცნობის მოსაპოვებლად მე მომიწევს თაროებზე ძრომიალი, დამქანცველი, ბინძური ფიზიკური სამუშაოს შესრულება ამ სიტყვის პირდაპირი გაგებით. ამიტომ ხომ არ გამოიყურებიან უნივერსიტეტის პროფესორები ასე ღონემიხდილნი და დამტვერილნი?

ჰიპერტექსტში კი, როგორც თევზმა წყალში, შემიძლია ვიცურაო სხვადასხვა აზრობრივ ფენებში. განსხვავებით ენციკლოპედიისგან, სადაც ჩემთვის საჭირო ცნობები გაფანტულია, ჰიპერტექსტი მომცემს ყველა სიტყვის ჩამონათვალს ასო ა-ზე, ყველა იმ შემთხვევას გამოვავლენ, როცა ნაპოლეონის სახელი ემთხვევა კანტისას, შევადარებ ბევრი ადამიანის ბიოგრაფიულ თარიღებს. მოკლედ, იმ ყველაზე მტვრიან, ბინძურ და მომქანცველ ფიზიკურ სამუშაოს რამდენიმე წუთში ვასრულებ.

ადამიანს, შესაძლოა, უბრალოდ არ ჰყოფნის ფული "ბრიტანიკის" შესაძენად, მაგრამ რომც ეყოს, ეს ფული მაინც არასაკმარისი აღმოჩნდება შესაფერისი ბინის დასქირავებლად, ეს ფოლიანტები რომ დაეტიოს. შეეცადეთ, იაპონელს აჩუქოთ "ბრიტანიკა" და ნახავთ, სად ააკოკოლავებს ამ წიგნებს.

ჰიპერტექსტი უსარგებლოდ აქცევს ლექსიკონებსა და ცნობარებს. მაგრამ შეუძლია თუ არა კომპიუტერს საკითხავი წიგნის შევიწროება? - აი, ესაა საკითხავი. ასევე, შეუძლია თუ არა ჩD-ღOM-ს შეცვალოს საკითხავად განკუთვნილი ნაწარმოების ბუნება?

როდესაც თორმეტ საათს კომპიუტერთან გავატარებ და თვალები ჩოგბურთის ბურთივით გამიხდება, საარსებო მოთხოვნილებას ვგრძნობ, ჩავეგდო ნებისმიერ სავარძელში და ჩავეფლო გაზეთში ან საყვარელ ლექსებში. ვიტყვი ასე: კომპიუტერები წიგნიერების ახალ ფორმას ავრცელებენ, მაგრამ მათ არ შეუძლიათ იმ ინტელექტუალური მოთხოვნილებების დაკმაყოფილება, რასაც თვითონვე აძლევენ სტიმულს.

წიგნის მომავლის შესახებ სან-მარინოში გამართულ სიმპოზიუმზე რეჟი დერბე ამბობდა, რომ ძველებრაული კულტურა წიგნს ეყრდნობოდა, რადგან ძველი ებრაელები მომთაბარეობდნენ. ეს მეტად მნიშვნელოვანი დაკვირვებაა. ეგვიპტელები თავს უფლებას აძლევდნენ, თავიანთი ისტორია ობელისკებზე ამოეკვეთათ, მაგრამ მოსეს არ შეეძლო. ვისაც წითელი ზღვით უნდა სიარული, თავისი სიბრძნე მხოლოდ გრაგნილის ფორმით შეუძლია თან წაიღოს და არავითარ შემთხვევაში - ობელისკის სახით. სხვათა შორის, მეორე მომთაბარე ცივილიზაცია - არაბებისა, ასევე ეყრდნობოდა წიგნს და უპირატესობას ანიჭებდა დაწერილ ნახატს.

წიგნებს კიდევ ერთი უპირატესობა აქვთ: თვით თანამედროვე დაჟანგულ ქაღალდზე დაბეჭდილიც კი, რომელიც ცოცხლობს არაუმეტეს 70 წლისა, უფრო გამძლეა და დღეგრძელი, ვიდრე მაგნიტური ჩანაწერი.

ჰიპერტექსტუალურ ფორმაში დეტექტივს შეუძლია, მკითხველს ამოარჩევინოს მოვლენათა განვითარების სასურველი
შესაძლებლობა და საკუთარი სიუჟეტი შექმნას. მისი გადასაწყვეტია, მკვლელი სახლმმართველი იქნება, ვინმე სხვა, თუ სულაც - გამომძიებელი.

ეს იდეა ახალი არაა. კომპიუტერის გამოგონებამდე დიდი ხნით ადრე მწერლები ოცნებობდნენ ბოლომდე ღია ტექსტზე, რისი უთვალავი სახით გადაწერა მკითხველს საკუთარი სურვილისამებრ შეეძლებოდა. ასეთი იყო სტეფან მალარმეს "წიგნის" იდეა.

ესაა ფიზიკური დეფორმაციისთვის მზადმყოფი ტექსტის იდეა, რაც მკითხველს სრული თავისუფლების შთაბეჭდილებას უქმნის. მაგრამ ეს თავისუფლების ილუზიაა. ერთადერთი მანქანა, რომელიც უთვალავი წიგნის წარმოშობას ჭეშმარიტ თავისუფლებას ანიჭებს, ათასწლეულების წინაა გამოგონილი. ესაა ანბანი. საბოლოო ჯამში ასოები შობს მილიარდ ტექსტს და ეს ასეა ჰომეროსიდან დღემდე. ამ თვალსაზრისით, ყველა კარგი წიგნის ამოსავალი ლექსიკონები და გრამატიკაა. უებსტერის ლექსიკონის სწორად გამოყენების შემთხვევაში სრული შესაძლებლობა გაქვთ,, დაწეროთ "დაკარგული სამოთხე".

ჰიპერტექსტუალური რომანი შემოქმედების ყურადსაღებ გაკვეთილს გვაძლევს, მაგრამ წერილობით "ომსა და მშვიდობას" მივყავართ არა უსაზღვრო თავისუფლებამდე, არამედ გარდუვალობის მკაცრ კანონამდე. თავისუფლებისათვის სიცოცხლისა და სიკვდილის ეს გაკვეთილი უნდა გავიაროთ და მხოლოდ წიგნებს შეუძლიათ გადმოგვცენ ჩვენ ეს ცოდნა.

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined17 Sep 2008
Posts372
კარმა0
OFFLINEPROFILE
საინტერესო და საკამათო სტატიააააა . კომენტარები თქვენთვის მომინდია :) :) :)

50 წლის შემდეგ
პაოლო კოელიო
დიპლომი დაკარგავს თავის მნიშვნელობას. დარჩება სამედიცინო, იურიდიული და საინჟინრო ფაკულტეტები. დანარჩენები გაქრება, რადგან მომავალი თაობები მიხვდებიან, რაოდენ ნაკლები მნიშვნელობა აქვს იმას, განათლება მიიღო უნივერსიტეტში, შემდეგ კი იმუშაო იმ სფეროში, რომელსაც კავშირი არ ექნება იმასთან, რაც მათ ასწავლეს.
დაბრუნდებიან ტომები. გამოჩენილმა მოღვაწემ კომუნიკაციის სფეროში მარშალმა მაკლუენმა აღნიშნა, რომ მსოფლიო გადაიქცევა ერთ დიდ სოფლად, სადაც ცოტად თუ ბევრად ყველა ერთნაირი წესებით იცხოვრებს. მან ვერ შეძლო ეწინასწარმეტყველა ინტერნეტის გაჩენა, რომელიც ადამიანებს საშუალებას აძლევს, ჩამოყალიბდნენ მათი გემოვნებისა და მიდრეკილებების შესაბამისად. სახელმწიფო, შესაძლოა, შენარჩუნდეს, მაგრამ ადამიანები შექმნიან ვირტუალურ ერებს.
დაიწყება ქალაქებიდან გასვლა. მეგაპოლისი, მემკვიდრეობა იმ ეპოქისა, როცა კომუნიკაციის საშუალებები და სამსახურის არჩევანი საკმაოდ შეზღუდული იყო, დაკარგავს თავის უწინდელ მნიშვნელობას. ხუროები და ხელოსნები გამოიმუშავებენ ფსიქოლოგებსა და სოციოლოგებზე მეტს. ბანკების, მაღაზიებისა და სხვათა მომსახურება მთლიანად გადავა ვირტუალურ სფეროში.
შეიცვლება `წარმატების~ ცნება: წარმატებულად ჩათვლიან მას, ვინც უკეთ ატარებს დროს და არა მას, ვინც უფრო მდიდარია.
ცხოვრება გახდება ბევრად მარტივი. დავუბრუნდებით იმას, რაც მოგვანიჭებს სიამოვნებას მცირე თანხით, თუ საერთოდ უფასოდ არა, _ მაგალითად, ლამაზი პეიზაჟი ან გავლა პატარა ქალაქის ბაზარში.
ინტუიციას არანაკლებ მნიშვნელოვნად ჩათვლიან, ვიდრე ლოგიკას: ადამიანი დაიწყებს თავისი აქამდე უცნობი პოტენციალის განვითარებას.
ქალღმერთი დაიკავებს თავის კუთვნილ ადგილს. 50 წელი არ ეყოფა, რათა ზეციური დედის იდეა გვერდით დაუდგეს მამის დოქტრინას, ჩვენს დროში ასე გაბატონებულს თითქმის ყველა რელიგიურ მოძღვრებაში, მაგრამ ცრურწმენები შემცირდება და სავსებით შესაძლებელია, კათოლიკურმა ეკლესიამ დაიწყოს მზადება იმისათვის, რათა მღვდელმსახურები გახდნენ ქალები.
აპოგეას მიაღწევს ფუნდამენტალიზმი. სწორედ ამიტომ, ზემოთ ნახსენები ორი მოვლენის გამო, რეაქცია გამძაფრდება. იმაზე საუბრისას, რომ მსოფლიო გაიყოფა ტომებად, ვფიქრობ, მათგან ყველაზე მნიშვნელოვანნი ძირითადი რელიგიის წარმომადგენლები იქნებიან.
სახელმწიფო ქსენოფობია დაიწყებს პოზიციების დათმობას. `მტრობა ყოველივე უცხოსა და უცხოების მიმართ~, რომელიც ჩვენს დროში `პირველი სამყაროს~ ქვეყნებში ემიგრანტებისადმი შიშით გამოიხატება, მომავალში გამოხატულებას პოვებს ემიგრაციის შესახებ კანონების გამკაცრებაში, მაგრამ ტომები უკვე შეიძენენ ძალას და, მიუხედავად ყველა კანონისა, ბოლოს და ბოლოს, შეძლებენ, გაიმარჯვონ სახელმწიფო ქსენოფობიაზე.
სამი მონოთეისტური რელიგიიდან ისლამი ყველაზე მეტად გაძლიერდება. დღეს, სამწუხაროდ, მუსლიმი ფუნდამენტალისტების მეოხებით მოწამებრიობა პირველ პლანზე გადმოდის და ბატონდება.
გაჩნდება ახალი ენები და საერთაშორისო ურთიერთობის ენა. მას, ვინც 50 წლის შემდეგ ესტუმრება ესპანეთს, შეეძლება დარწმუნდეს, რომ კატალონიაში ილაპარაკებენ მხოლოდ და მხოლოდ კატალონიურად, ბასკების ქვეყანაში კი ყველა ფირნიში და წარწერა მხოლოდ ბასკურ ენაზე იქნება. მსგავსი რამ მოხდება მსოფლიოს სხვა რეგიონებშიც. დიალექტები და `რეგიონული ენები~ დაიშლება და გაძლიერდება, რადგან იქცევა ტომის კულტურული თვითიდენტიფიკაციის საშუალებად. ერთდროულად კი წარმოიქმნება ენა, რომელიც ხალხებს ურთიერთობის საშუალებას მისცემს. როგორც ჩანს, ეს იქნება ინგლისური, _ ასე მჭიდროდ დაკავშირებული ინტერნეტის შექმნასთან. თუმცა 2055 წელს ხალხის უდიდესი რაოდენობა ილაპარაკებს ჩინურად.

***მე 58 წლის ვარ და საეჭვოა, 108 წლამდე ვიცოცხლო, მაგრამ
თუ ვინმე ჭაბუკს დააინტერესებს ჩემი შეხედულებები, დაე, ამოჭრას
ეს სვეტი და როდისმე შეამოწმოს, დადასტურდება თუ არა ჩემი პროგნოზები.

ციტირება პასუხი
   
 
+ ახალი თემა ↩ პასუხი  [ 322 posts ] 
დესპანი