↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"
ჩვენი საყვარელი ლექსები


+ ახალი თემა ↩ პასუხი  [ 4161 posts ] 
ავტორიMessage
User avatar
გამოცდილი დესპანელი
გამოცდილი დესპანელი
Joined23 Sep 2008
Posts93
კარმა0
OFFLINEPROFILE
თბილისური ელეგია

ნაწვიმარია. მთაწმინდაზე თეთრი ნისლი წევს.
ჯერ არ გამშრალა ქვაფენილზე სველი ლაქები.
ქუჩაში მიდის მამაჩემი, გოგი ქვლივიძე -
ერთ დროს ცნობილი ინჟინერი და ქალაქელი.

მას ძველმოდური, გაცრეცილი პალტო აცვია,
ჭაღარა თავზე ქალაქური "კარტუზი" ხურავს,
მიდის ქუჩაში მარტოხელა ბერიკაცი და
ჰგავს უცხო სახლში ალალბედად მოხვედრილ სტუმარს...

მახსოვს, მოსკოვში გამოგზავნილ წერილში მწერდა:
"ვერა გავუგე ვერაფერი ახალ ცხოვრებას,
გადავიღალე ჭიდაობით ავბედით წლებთან
და ვგრძნობ აშკარად დასასრულის მოახლოებას!

თბილისში ვცხოვრობ და ქალაქურ ადათ-წესს ვნატრობ
და აღარ მესმის - ვინ ვინ არის, ან მე ვინა ვარ...
გუშინ მთელი დღე რუსთაველზე ვიდექი
მარტო და იცი, ერთმა ნაცნობმაც არ გამოიარა!...

ეტყობა, ჩემი დრო წასულა, არ ვარ საჭირო,
უკანასკნელი, ქალაქს შევრჩი, როგორც მძევალი
და მის ქუჩებში დღეს რომ სადმე ფეხი გავჭიმო,
კაცი არ იტყვის: "ეს ხომ გოგი ქვლივიძე არი!"

არადა, შვილო, ნუ ჩამითვლი ამ სიტყვებს
კვეხნად, - დრო იყო, ქალაქს ამშვენებდა ჩემი კაცობა..."
. . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . .
მამაჩემივით, რუსთაველზე მე ვდგავარ ეხლა
და ვუცდი - იქნებ გაიაროს ვინმე ნაცნობმა.


/მიხეილ ქვლივიძე/

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined25 Oct 2007
Posts405
კარმა51
OFFLINEPROFILE
შეხვედრა

მოვალ. თვალებში ჩახედვით დაგღლი
ჩვენს შორის მანძილს დავწნი სამძივედ
ხელში აგიყვან მკლავების ტალღით
და დაგაძინებ.
ჩვენი სიზმრების ბრთხილი შეხებით
მყუდრო ნაპირზე
ამოვა მზე და ერთი შეხედვით
გამოგაღვიძებ.

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined25 Oct 2007
Posts405
კარმა51
OFFLINEPROFILE
ბროწეულები

მზაკვარი სხივი როგორ ქირქილებს
ბროწეულებზე:
იმას ჰგონია, აქ განზრახ შეხვდნენ
ჩვენი გულები...
ჩქარა წავიდეთ, თორემ სიჩუმით
დაქანცულები
პირს რომ გახსნიან, ალბათ გაგვცემენ
ბროწეულები!

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined25 Oct 2007
Posts405
კარმა51
OFFLINEPROFILE
წაშლილი კვალი

შენ ზენა ქარი სახლშიც გიბერავს,
ხშირად გაღვიძებს გულის ტირილი,
ღამე ნაკადულს ესაუბრები
და დილით მიხვალ ხმა ჩაწყვეტილი.

სულ სიფხიზლეში თავსა გრძნობ ცუდად,
დედაც გაშინებს, და იწერ პირჯვარს!
გახსოვს, საწუთროს ქარმა რომ უცბად
განათებული ცა გადაგლიჯა.

საკინძ გახსნილმა შუბლის ფიცარზე
ვის არ უყურე, ვის არ ეხვეწე,
ბოლოს კი დარდი: დედამიწაზე
ნეტავი რისთვის შემოვეხეტე?!

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined25 Oct 2007
Posts405
კარმა51
OFFLINEPROFILE
არსებობის გული

იყო ფიქრების ვალსი,
იდგა რკალები წყალზე,
არ ასვენებდა ღამეს
ფიქრი ერთ ლამაზ ქალზე.

თვალს არ ეკიდა ძილი,
მზეთა ვიყავით შვილი,
რისთვის დაგვარქვეს ნეტა
დემონიური წყვილი?

მაგრამ ეს იყო სრული
ყრმობის სევდა და რული
იმ სიყვარულის ცეცხლი,
იმ არსებობის გული.

ციტირება პასუხი
   
User avatar
გამოცდილი დესპანელი
გამოცდილი დესპანელი
Joined23 Sep 2008
Posts93
კარმა0
OFFLINEPROFILE
პ ა ს უ ხ ი

მაშ, შენ ამბობ, რომ არ ჰყოლია მტრები რუსთაველს,
არ გაჰქცევია სამშობლოდან სულთამხუთავებს
და რომ მარტოდენ უიმედო ტრფობის ბრალია,
თუ ამ ქართველმა უცხოეთში სული დალია?!

იქნებ ტრფიალმა გადახვეწა ყველა მელექსე:
თეიმურაზი, არჩილ მეფე, ვახტანგ მეექვსე?
საბა-სულხანი გამოაწყო ბერის კაბაში,
ძვალთშესალაგი დაუკარგა ბესიკ გაბაშვილს,

მამულს მოსწყვიტა სამუდამოდ გურამიშვილი
და ბარათაშვილს ამოჰხადა სული შიმშილით?!
იქნებ ტრფიალმა ჭავჭავაძეს ესროლა ტყვია
ან სიყვარულმა ჰკრა მაჩაბელს ხელი - სამიწე,

ან იქნებ იმას "სიყვარული" სახელად ჰქვია,
რამაც შეშალა მთის არწივი "მოჩხუბარიძე"?!
არა! ქართველთა გზა როდია ასე იოლი,
თ ვ ი თ ვ მ კ ვ ლ ე ლ ო ბ ა ა დიდი საქმის ჩვენში დაწყება!..
სარკმელს გააღებს ამღვრეული გალაკტიონი
და ქვაფენილებს შურდულივით დაენარცხება!


/მიხეილ ქვლივიძე/

ციტირება პასუხი
   
User avatar
გამოცდილი დესპანელი
გამოცდილი დესპანელი
Joined23 Sep 2008
Posts93
კარმა0
OFFLINEPROFILE
* * *
ყური დაუგდეთ ძველთა ნანგრევთა
უხმო კვნესას და უხმო გოდებას,
ის, რაც იხილეს ამ ქონგურებმა
არასდროს აღარ განმეორდება.

დგანან ამაყად მკერდშენგრეულნი
და იხსენებენ წარსულს ნისლიანს,
ყველა გოდოლზე, ყველა კედელზე
მამა-პაპათა წმინდა სისხლია.

და თითო ლოდი ხავსმოდებული _
ძველ მატიანის თითო ფურცელი _
უნდა გადავცეთ ჩვენს შვილთაშვილებს
წასაკითხავად ისევ უცვლელი.

იმათაც დახვდეს ციხე რუხისა,
ვარძიის მღვიმე _ დიდება ჩვენი,
მათთვისაც რეკდეს ძველი გელათი,
სვეტიცხოველი და ზედაზენი.

დაე იცოდნენ: ყველა ნანგრევი
დღესაც გუშაგობს წარსულს ნისლიანს,
ყველა მათგანზე მამა-პაპათა
ჩვენთვის დაღვრილი, წმინდა სისხლია.

/პეტრე ბაგრატიონ-გრუზინსკი/

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined29 Dec 2007
Posts3447
კარმა114
OFFLINEPROFILE
itmaster , ჩემი უსაყვარლესი ლექსებია, მადლომთ. პირველი კარმა ჩემგან.

ვაი, რომ მართლა აღარ დარჩა თბილისში თბილისელი....

ციტირება პასუხი
   
User avatar
გამოცდილი დესპანელი
გამოცდილი დესპანელი
Joined23 Sep 2008
Posts93
კარმა0
OFFLINEPROFILE
სალამი ყველას. ერთ ლექსს ვეძებ დიდი ხანია "ჩემი იმერეთი" ქვია, ეთერ სამხარაძე-ჯღამაძეს ეკუთვნის. ვიცი მხოლოდ მცირე ნაწილი და ისიც არ ვიცი სტროფები სწორი თანმიდევრობითაა თუ არა, თუ ვინმემ იცის სრულად ძალიან გთხოვთ დაპოსტოთ ან მომწეროთ სად წერია სრულად, მადლობა წინასწარ.

ჩ ე მ ი ი მ ე რ ე თ ი

შენ არ იცი აქ ყვირილა რატომ ყვირის,

ან გვირილა ძეძვში რატომ იმალება,

არ გსმენია საამური ხმა საყვირის,

არ გინახავს შავი ოქროს ბრწყინვალება.

სუროს ბაწრით კლდიდან კლდეზე ფრთხილად გახვალ,

როს ქარაფთან საალერსოდ ქარი გიწვევს,

დამერწმუნე ჩემს იმერეთს ერთხელ ნახავ

და მერე კი ვერასოდეს დაივიწყებ.

შორს ქორეთში სადაც ქორებს უფრენიათ,

ძვირფას ხალხის ნატერფალებს ვიცი არ შლის,

იქ რამდენი ღამე თეთრად უთევია

ოცნებებით გატაცებულ ბელიაშვილს.

მინდა ყველა საიდუმლო გაგიმხილო,

ჩემი მხარის სიდიადეს არც კი ვჩემობ,

არგვეთში კი ხალიჩებად დაგიფინო

იაშვილის საოცნებო კაკლის ჩერო.

ქვაციხეში აღმართს წამში აივლი და

ვიცი მეტყვი რა სამოთხეც გადალახე,

ბესო ჟღენტის ტურფა სახლის აივნიდან

საქართველოს სილამაზეს დაგანახებ.

იქ ჩვენს რგანში სადაც გრიგოლ აბაშიძეს

ერთ დროს ფრთები გაუშლია ასაფრენად,

საშევარდნო ალიონზე გაიღვიძებს

და მოიხვევს ცისფერ ნისლებს თავსაფრებად

და მაშინ შენც მკლავებს გაშლი ასაფრენად,

გაუმარჯოს იმ ჩვენს მამულს ფუძემზიანს,

ნავარძეთში ხომ მარიკა ბარათაშვილს

მარჯნისფერი საპოვნელა უძებნია.

მაშ წავიდეთ მოდინახეც ერთხელ ვნახოთ,

იქ აკაკის ყრმობის წლები გავიხსენოთ

და სხვიტორში იმ ქათქათა ოდის ახლოს

ლექსი ვთქვათ და სავანეში დავისვენოთ.

..........................................

სუროს ბაწრით კლდიდან კლდეზე ფრთხილად გახვალ,

როს ქარაფთან საალერსოდ ქარი გიწვევს,

ხომ გითხარი ჩემს იმერეთს ერთხელ ნახავ

და მერე კი ვერასოდეს დაივიწყებ.


/ეთერ სამხარაძე-ჯღამაძე/

ციტირება პასუხი
   
User avatar
გამოცდილი დესპანელი
გამოცდილი დესპანელი
Joined23 Sep 2008
Posts93
კარმა0
OFFLINEPROFILE
"ნინოწმინდის ღამე"

ნინოწმინდა… პალატები მეფეთა…
გალავანში - ჯამი აქაფებული;
შენი სახე რისთვის შემომეფეთა,
ხატი იყავ - ვეფხვი დაქალებული…

საზანდარმა ღამე ააცახცახა,
ავთანდილის მწვადი ცეცხლზე შხიოდა,
ცა - ატმებით მსხმოიარე, ჩახჩახა,
და გაზაფხულს რძის სუნი ასდიოდა.

ნინოწმინდა… ჩვენ, როგორც ხაზარები…
ო, იმ ღამეს როგორ აგვაბრიალა
საქართველოს ლექსის მეხანძარენი
ძმობამ, ცრემლმა, სიყვარულის იარამ!

როგორც ხმალი, ძმებო, ტამერლანისა,
სიყვარული ისე დამჯახებია!
მე მივტირი ღამეს ზამბახებიანს
და სიყვარულს ათაბაგის ქალისას;
ძუძუები ოქროს კალმახებია,
წამწამები აქვს თავთუხის ყანისა…

წინანდალის ვაზი აყვავებული,
ჩამოსხმული ოქროთი და თაფლითა,
აფრენილი ბაზიერის დაფითა,
დურაჯი ხარ, მაყვალს შეფარებული!

ნინოწმინდა… ჩვენ როგორ ხაზარები…
ოჰ, იმ ღამეს როგორ აგვაბრიალა
საქართველოს ლექსის მეხანძარენი
ძმობამ, ცრემლმა, იმ პატარა იარამ!

1926 /გოგლა ლეონიძე/

ციტირება პასუხი
   
User avatar
გამოცდილი დესპანელი
გამოცდილი დესპანელი
Joined23 Sep 2008
Posts93
კარმა0
OFFLINEPROFILE
გამოთხოვება ძველ თბილისთან
ანუ დუდუკის საარი ქარს აღარ მოაქვს

1

შენ აგიხსნია ბევრი ქარაგმა,
ქორონიკონის კენტი და ლუწი,-
მაგრამ არ იცი, ჩვენმა ქალაქმა
რა სურათები მოქარგა უწინ.

თუ ჩაგივლია სირაჩხანისკენ,
დაჰკვირვები ხარ ამ ქუჩებს კარგად-
გაგაოცებდა რუმბების სისქე
და ჭიანურზე დაკრული ჩარგა

სიძველისადმი გრძნობა, პატივი,
თუ შენში მაინც ოდნავ ელვარებს -
მიხვდები ასე ანდამატივით
რისთვის ვდარაჯობ თბილისის კარებს.

მიხვდები, რატომ არ დაერიდა
ჩემი ლექსები პოეტთა კილვას
და რატომ ვცდილობ ამიერიდან
ასე თამამად წარსულის ხილვას

აი სეირი ჯერ არნახული!
სადღაა ეშხი და სილამაზე!
არ სჩანს ურემი მოჩარდახული
ღამისმთევლები ბოლნისის გზაზე.

ღვინოს საფლავზე არავინ მიგიტანს
ჩამოიხია ბაღდადის ფოჩი,-
ეხ, სადღა ნახავ ელამ მიკიტანს
თავის დუქანთან მიბმული ყოჩით!

კრივი, ამქარი, ცეკვა, ართურმა,-
ეს ადათები ძველთაგან ძველი
გადაივიწყა სიტყვამ ქართულმა
და დამრჩა... სევდა წაუბაძველი.

2

აი, პარმაღზე ვწევარ გულაღმა.
ჩემი ოცნება ფრენას ვერ ითმენს.
აი, აფეთქდა აისი ნაღმად.
აი, ლექსისთვის ვეწვიე რითმებს.

ძველებურ განცდით ვდრაჯობ ნიავს,
რომ შორეული ჰანგი მომფინოს -
მაგრამ ზურნის ხმა ვიღაცას მიაქვს,
ვერ აღწევს ჩემი სახლის ლორფინოს.

დუდკის ნაცვლად-ქარხნის საყვირი.
დუმბო და ზილი დაახშო რკინამ,
ბულბულს-ყაფაზა, გრძნობას-აღვირი.
აღარც დუდუკი... აღრც ყიჟინა...

და მე არ ვიცი ვიღას ვემონო,
ასეთ ყოფაში თითქოს მოვბერდი...
ვრჩები ოტელო უდეზდემონოდ
მე, სხვა ცხოვრების წინამორბედი.

ძველო თბილისო! დღეს ისე მკვეთრად
ვეღარ შეგაქებ...არ მაქვს უნარი...
მაგრამ ვამაყობ, რომ ჩემთან ერთად
დარჩები მუდამ გაუხუნარი.

ძველო თბილისო! ჩემი მიზანები
აღარ მაქვს,გულში რომ გინახავდი...
გადაწყდა, უნდა შევცვალო გზები...
ძველო თბილისო... გტოვებ... ნახვამდის...

/იოსებ გრიშაშვილი/

ციტირება პასუხი
   
User avatar
გამოცდილი დესპანელი
გამოცდილი დესპანელი
Joined23 Sep 2008
Posts93
კარმა0
OFFLINEPROFILE
ციხე-ტაძართა საგალობელი

I

ნეტა ამ ხედებს ქვეყანაზე რა შეედრება -
ციხე-ტაძრები ცად ასულან ლოცვა-ვედრებად.

წევს ვეფხის ტყავზე საქართველო - მზისწილხვდომილი,
თავს დასდგომია იალბუზი ხელაპყრობილი.

თითქო ლოცულობს, ცად აღავლენს ხმათა ხავერდებს
და საქართველოს დღეგრძელობას გამჩენს ავედრებს.

თრთის ვენახები... თრთის ყანები... თრთის გალავნები...
თრთის საფლავები წმინდანების თუ ფალავნების...

თრთის ლეგენდებში ვაზის ჯვარი, თმები ქალწულის,
თრთის ჩუქრუთმებში სასწაულად მთვარე ჩაწნული.

II

ზოგი ციხეა შეკივლება, ზოგი - გაფრენა,
ზოგს აუშვია ხომალდივით ნისლი აფრებად.

ზოგი მუშტია, მუქარაა, ზოგი - გინება,
ალაყაფებით, ქონგურებით რომ იკბინება!

ზოგი ამაყი ლილეოა, ზოგი გასროლა,
ზოგიც შორიდან ცის და მიწის მოსჩანს სასწორად.

წლებმა იხუვლა, იხვართქლა და ციხეს შეება,
ხავსად, დუმილად, ჭილყვავებად და ბუდეებად.

ქვებზე დგაფუნებს სხივჩაშლილი მოჩანჩქარე მზე.
ო, ამ გოდლების, ქონგურების საჩეჩელებზე

მრავალი ზეცა დაიჩეჩა, დროშაც მრავალი,
საქართველოზე ღრუბელივით გადმომავალი.

თვითონაც მთელი საქართველო ერთი ციხეა,
დაგილეწია, მტერო, მაგრამ ვერ აგიღია.

ერთი ციხეა საქართველო, ციხე ქებული,
მხოლოდ სტუმრისგან აღებული, კარგაღებული.

მე აქ ვბინადრობ, აქა მძინავს ცხრა საუკუნე,
სათოფურებში ჩემი სუნთქვის ექო გუგუნებს.

გადამთიელი აქ ავჩეხე მეზვრემ, მეხრემა,
აქ ჩავეგლისე გადამსხვრეულ ციხის ხერხემალს.

და ჟღალი ჩოხა, წვიმებმა რომ ამიტალახა, -
მე გავიხადე და ჩავაცვი ციხეს ბალახად.

აქ ჩავინაცრე... ამ გალავნებს შამბად შემოვრჩი,
„შავო მერცხალო“ რომ ემღერათ საქართველოში.

დღეს სული ჩემი დასტრილებს ციხის დირესა
და ქონგურებზე არწივივით კლანჭებს ილესავს.

ვარ ისტორია, ჩაკირული ციხის ქვაკუთხედს...
შთამომავალო, მეციხოვნის სული აკურთხე...

III

დიდება თქვენდა, თოროსანო ბერო მამებო,
თქვენ შეინახეთ ენა, რჯული, ერი, სამეფო,

წიგნებს უსხედხართ... ვენახდება ფოლიანტები,
და საქართველოვ, სულს იკაჟებ, გოლიათდები!

ვინაც ააგო ნიკორწმინდა, სვეტიცხოველი,
დიდება მის ლანდს, მე არა ვარ მეტის მთხოველი.

კედლებს ფრესკებად შეხიზნული წმიდა დედანო,
ხვედრი თქვენებრი აღარავის გადაეტანოს.

კურთხეულ იყოს, ვინც განსჭვრიტა კლდეში ვარძია,
სულით განათლდეს, ვინც აკვანი მისი არწია.

ვინაც პირველად დაიმღერა „ვეფხი და მოყმე“,
იმ გუთნისდედას მზადა ვარ ვეყმო!

კირითხურონო, კალატოზნო, ოსტატ-შეგირდნო,
თუ სადმე რამე ცოდვა გქონდეთ - ღმერთმა შეგინდოთ!

IV

ო, ციხის ნისლო - სუნთქვავ ჩემო და ფიქრო ჩემო,
ციხის ნაჟურო - ჩემო სისხლო და ჩემო ცრემლო.

ო, ციხის ლოდო, ჩამოშლილო, ჩამომსხვრეულო -
შენ, ძვალო ჩემო, გატანჯულო ჩემო სხეულო.

ო, გოდოლ-ბურჯნო, გალავნებო, ნაგებო მკვრივად,
ნაბზარი რაა, ყველა თქვენი ნაკაწრიც მტკივა.

შენ, ჩემო ნიჭო, სიამაყევ, ჩემო სინდისო,
ჩემი წარსული მე უთქვენოდ ვერ შევითვისო.

დიდება შენდა, ციხე-კოშკო, ზღუდე-გუმბათო,
ზეშთაგონების, წიგნის, ისრის ბუდევ უბადლო,

გამისკდეს მიწა, თუ შეგბღალო, თუ გივერაგო -
შენ - საქართველოს ფარ-აბჯარო, ჯაჭვის პერანგო.

ეჰეი, სიმღერით ყელს იღადრავს შენი მგოსანი,
ვაზით და ფრესკით ჩემი მხარე მარად იცნობა

და საქართველოს ციხეებზე მზის შუბოსანი
დგას მეციხოვნედ მარადისობა!..

1962/შოთა ნიშნიანიძე/

ციტირება პასუხი
   
User avatar
გამოცდილი დესპანელი
გამოცდილი დესპანელი
Joined23 Sep 2008
Posts93
კარმა0
OFFLINEPROFILE
მე და ღამე

ეხლა, როცა ამ სტრიქონს ვწერ, შუაღამე იწვის, დნება,
სიო, სარკმლით მონაქროლი, ველთა ზღაპარს მეუბნება.

მთვარით ნაფენს არემარე ვერ იჩილებს ვერცხლის საბანს,
სიო არხევს და ათოკებს ჩემს სარქმლის წინ იასამანს.

ცა მტრედისფერ, ლურჯ სვეტებით ისე არის დასერილი,
ისე არის სავსე გრძნობით, ვით რითმებით ეს წერილი.

საიდუმლო შუქით არე ისე არის შესუდრული,
ისე სავსე უხვ გრძნობებით, ვით ამ ღამეს ჩემი გული.

დიდი ხნიდან საიდუმლოს მეც ღრმად გულში დავატარებ,
არ ვუმჟღავნებ კვეყნად არვის, ნიავსაც კი არ ვაკარებ.

რა იციან მეგობრებმა, თუ რა ნაღველს იტევს გული,
ან რა არის მის სიღრმეში საუკუნოდ შენახული.

ვერ მომპარავს ბნელ გულის ფიკრს წუთი წუთზე უამესი,
საიდუმლოს ვერ მომტაცებს ქალის ხვევნა და ალერსი.

ვერც ძილის დროს ნელი ოხვრა, და ვერც თასი ღვინით სავსე,
ვერ წამართმევს მას, რაც გულის ბნელ სიგრმეში მოვათავსე.

მხოლოდ ღამემ, უძილობის დროს სარქმელში მოკამკამემ,
იცის ჩემი საიდუმლო, ყველა იცის თეთრმა ღამემ.

იცის - როგორ დავრჩი ობლად, როგორ ვევნე და ვეწამე,
ჩვენ ორნი ვართ ქვეყანაზე: მე და ღამე, მე და ღამე!..

/გალაქტიონ ტაბიძე/

ციტირება პასუხი
   
User avatar
გამოცდილი დესპანელი
გამოცდილი დესპანელი
Joined23 Sep 2008
Posts93
კარმა0
OFFLINEPROFILE
მთაწმინდის მთვარე

ჯერ არასდროს არ შობილა მთვარე ასე წყნარი!
მდუმარებით შემოსილი შეღამების ქმნარი
ქროლვით იწვევს ცისფერ ლანდებს და ხეებში აქსოვს...
ასე ჩუმი, ასე ნაზი ჯერ ცა მე არ მახსოვს!
მთვარე თითქოს ზამბახია შუქთა მკრთალი მძივით,
და მის შუქში გახვეული მსუბუქ სიზმარივით
მოსჩანს მტკვარი და მეტეხი თეთრად მოელვარე...
ჯერ არასდროს არ შობილა ასე ნაზი მთვარე!
აქ ჩემს ახლოს მოხუცის ლანდს სძინავს მეფურ ძილით,
აქ მწუხარე სასაფლაოს ვარდით და გვირილით,
ეფინება ვარსკვლავების კრთომა მხიარული...
ბარათაშვილს აქ უყვარდა ობლად სიარული...
და მეც მოვკვდე სიმღერებში ტბის სევდიან გედად,
ოღონდ ვთქვა, თუ ღამემ სულში როგორ ჩაიხედა,
თუ სიზმარმა ვით შეისხა ციდან დამდე ფრთები,
და გაშალა ოცნებათა ლურჯი იალქნები;
თუ სიკვდილის სიახლოვე როგორ ასხვაფერებს
მომაკვდავი გედის ჰანგთა ვარდებს და ჩანჩქერებს,
თუ როგორ ვგრძნობ,
რომ სულისთვის, ამ ზღვამ რომ აღზარდა,
სიკვდილის გზა არრა არის ვარდისფერ გზის გარდა;
რომ ამ გზაზე ზღაპარია მგოსანთ სითამამე,
რომ არასდროს არ ყოფილა ასე ჩუმი ღამე.
რომ, აჩრდილნო, მე თქვენს ახლო სიკვდილს ვეგებები,
რომ მეფე ვარ და მგოსანი და სიმღერით ვკვდები,
რომ წაჰყვება საუკუნეს თქვენთან ჩემი ქნარი...
ჯერ არასდროს არ შობილა მთვარე ასე წყნარი!

/გალაქტიონ ტაბიძე/

ციტირება პასუხი
   
User avatar
გამოცდილი დესპანელი
გამოცდილი დესპანელი
Joined23 Sep 2008
Posts93
კარმა0
OFFLINEPROFILE
"უსიყვარულოდ"

უსიყვარულოდ
მზე არ სუფევს ცის კამარაზე,
სიო არ დაჰქრის, ტყე არ კრთება
სასიხარულოდ...
უსიყვარულოდ არ არსებობს
არც სილამაზე,
არც უკვდავება არ არსებობს
უსიყვარულოდ.
მაგრამ სულ სხვაა სიყვარული
უკანასკნელი,
როგორც ყვავილი შემოდგომის
ხშირად პირველს სჯობს,
იგი არ უხმობს ქარიშხლიან
უმიზნო ვნებებს,
არც ყმაწვილურ ჟინს, არც ველურ ხმებს
იგი არ უხმობს...
და შემოდგომის სიცივეში
ველად გაზრდილი,
ის გაზაფხულის ნაზ ყვავილებს
სულაც არა ჰგავს...
სიოს მაგივრად ქარიშხალი
ეალერსება
და ვნების ნაცვლად უხმო ალერსს
გარემოუცავს.
და ჭკნება, ჭკნება სიყვარული
უკანასკნელი,
ჭკნება მწუხარედ, ნაზად, მაგრამ
უსიხარულოდ.
და არ არსებობს ქვეყანაზე
თვით უკვდავება,
თვით უკვდავებაც არ არსებობს
უსიყვარულოდ!

/გალაქტიონ ტაბიძე/

ციტირება პასუხი
   
 
+ ახალი თემა ↩ პასუხი  [ 4161 posts ] 
ჩვენი საყვარელი ლექსები
დესპანი