მეშინია?
ერთ მშვენიერ დღეს მოყვება უფრო ლამაზი და უამრავი მოლოდინით სავსე დღე. მაგრამ მე ამას ვეღარ დავინახავ, მე მასში განვზავდები.ის რაც ჩემგან დარჩება-მიწა იყო და მიწად იქცევა. დარჩენით, მხოლოდ ხსოვნა დარჩება მოარული, წინააღმდეგობრივი,ზოგს სითბოს რომ ჩაუღვრის გულში, ზოგს ცრემლს ჩაუყენებს თვალში და ზოგსაც უსიამოვნოდ გააჟრჟოლებს.მე ამას ვეღარ გავიგებ, მაგრამ შევიგრძნობ, შევისრუტავ. მე ძალიან შორს, მაგრამ იმავდროულად ახლოს ვიქნები ყველასთან, ვინც თავს მერჩივნა.მათ დავაკლდები, მაგრამ მე ყოველთვის მათთვის ვიქნები მათ გვერდით სიფრიფანა, უხილავ ბადედ მოვლებული მათ რეალობას.უფსკრულთან მისულთ-ცივ სიოს მივაგებებ, შუბლს გავუგრილებ, გონებას გამოვუფხიზლებ, თვალს ავუხელ და იმედს ჩავუსახავ , რომ გადაჩეხვას გადავარჩინო.ცეცხლს ჩავუქრობ, რომ ალმა არ შთანქთას, წყალს დავაშრობ და მეჩხერს გავხდი, რომ ფეხქვეშ ფსკერი იგრძნონ და ძალა დაუბრუნდეთ, სნეულთ სულს ჩავბერ სიძლიერისას, რომ განიკურნონ, გათოშილებს-მხურვალე ცხრათვალა მზის სხივებში გავათბობ,თუ სწყურიათ-დაუშრობელ ნაკადულებს ავაჩხრიალებ, სიბნელეში-გზას გავუნათებ ცის კაბადონზე მოციმციმე კაშკაშა ვარსკვლავებით , მათ ვერ მოერევათ ვერც ხილული ბრმა ტყვია ,ვერც ჩასაფრებული ბოროტება და გესლი და მაშინ გარდავიცვლები, როდესაც , დიდი ხნის შემდეგ, ისისნი დაიკავებენ ჩემს ადგილს და თვითონაც დაიწყებემ მათთვის სანუკვარის მფარველობას.მე საბოლოოდ დავტოვებ ყველაფერს იმედით, რომ მათ აღარაფერი უჭირთ და შევუერთდები ყველა დანარჩენს, ვისთანაც მიმიშვებენ.თვალებში ჩამხედავს მსაჯული, მომიტევებს, გამანთავისუფლებს და მარადისობას შევერევი სბოლოოდ. აბა , როგორ უნდა მეშინოდეს?