|
უფალო გმადლობთ!..
(სრულიად საქართველოს კათალიკოს _ პატრიარქს, უწმინდესსა და უნეტარესს ილია მეორეს.)
ტკივილებს შენსას ნეტავ ვინ დათვლის, მამულო ჩემო _ ლამაზო დარდო?!. ყველაფრისათვის, ყველაფრისათვის, ყველაფრისათვის, უფალო, გმადლობთ!..
მესმის ნაბიჯი ვერცხლისფერ მთვარის, მწვავს გაღიმება მშობლიურ მზისა, იღება ზეცის შვიდივე კარი, ზეცა ოქროსფერ მზის მტევნებს ისხამს.
ჰოი, რამდენი ალმასი, ლალი, ფორუზი, ოქრო და მარგალიტი, გალობს მამული გალობით წყნარით ანგელოზების ლამაზი გუნდით.
ცისკენ მეწევა შენი კამარა და დავიმშვენე შენი წყვილი ფრთა, წმინდა გიორგის თან მდევს ამალა და მიწად მოველ ზეცის წვიმითა.
ჩემო მამულო, მე ვარ ტკივილი და ჩემივ ცრემლით ჭრილობა ვკურნე, აბა, უცრემლოდ ქვეყნად ვინ ივლის?!. და მკერდს გაფრქვევდი ცრემლების სურნელს.
ავსებული აქვს ღვთისმშობელს კალთა ია-იებით, მზით და ვარდებით, მაინც რამდენჯერ გზა ჩაიხლართა და ბოლოს მაინც უფალს ვბარდებით.
მზე ჩამავალი მწვერვალებს ადგას, უფლის წინაშე ჩვენ ვდგავართ, ორი, ირხევა ჩემი ოცნების ფარდა სიცხადესა და სიზმარეთს შორის.
მადლობთ, სინათლე რომ მომანიჭე, სინათლე მთვარის, მზის და ოცნების, გამიღე ყველა შენი კარიბჭე, რომ გაგიცვითო ღამე ლოცვებით.
განმბანე შენი ღვთიურ კურცხალით და შენი წვიმის ლურჯი თქარუნით, ათიათასჯერ მე ვარ უძლევი შენი წყალობით და სიყვარულით.
მამულო ჩემო, ნუთუ ვერ მცანი, შეუცნობელი ამ ქვეყნად ვინ არს?!. მე ვარ ზეცაი, მე ვარ ზეცაი, მე ვარ ზეცაი მიწასა შინა.
ტკივილებს შენსას ნეტავ ვინ დათვლის, მამულო ჩემო _ ლამაზო დარდო?!. ყველაფრისათვის, ყველაფრისათვის, ყველაფრისათვის, უფალო, გმადლობთ!..
/ჯანელიძე ჯანო/
|