საქართველოს ძირითადი მოსახლეობააფხაზები საქართველოშიანტიკური ბერძნული წყაროები ცალსახად მიუთითებენ, რომ ძვ. წ. I ათასწლეულში თანამედროვე აფხაზეთის ტერიტორია დასავლეთ საქართველოს სამეფოს კოლხეთის ნაწილს შეადგენდა, რომელიც დასახლებული იყო ქართველი ტომებით (კორაქსი, კოლსი, კოლხები და სხვ.), ხოლო ქალაქები დიოსკურია (დღევანდელი სოხუმი) და პიტიუნტი ან პიტიუსი (დღევანდელი ბიჭვინთა) კოლხებით დასახლებულ ტერიტორიაზე მდებარეობდა.
მოგვიანებით, ძვ. წ. I და II საუკუნეებში აფშილები და აბაზგები, რომლებსაც ზოგიერთი მკვლევარი თანამედროვე აფხაზების წინაპრებად მიიჩნევს, პირველად მოიხსენიებიან როგორც ზემოაღნიშნული ტერიტორიის მცხოვრებნი. აფშილები, მართლაც, ერთ-ერთი დასავლეთ ქართველური ტომია. რაც შეეხება აბაზგებს, არ არსებობს მყარი საფუძველი მივაკუთვნოთ ისინი თანამედროვე აფხაზების უშუალო წინაპრებს, მიუხედავად ეთნონიმების `აბაზგისა~ და `აფხაზის~ აშკარა მსგავსების. უკვე IV საუკუნიდან ეს ტომები, მისიმიანებთან (სვანური წარმოშობის ტომი) ერთად ცხოვრობდნენ ლაზიკის/ეგრისის სამეფოში, რომელიც დაარსდა ანტიკური კოლხეთის ტერიტორიაზე. IV-V საუკუნეების განმავლობაში ყველა ამ ტომთა გაერთიანება იმ კულტურული გავლენის ქვეშ იმყოფებოდა, რომლებმაც მიიღეს ქრისტიანობა IV საუკუნის დასაწყისში.
ზოგიერთი აფხაზი მეცნიერი (ზ.ანჩაბაძე) წინ სწევს იმ ჰიპოთეზას, რომლის მიხედვითაც აფხაზთა საერისთავოს ეთნიკურ საფუძველს შეადგენდა `აფხაზთა გაერთიანებული ეთნოსი, რომელიც წარმოიშვა ცალკე აფხაზური ტომებისა და მცირე ერების კონსოლიდაციის შედეგად~. ამ ჰიპოთეზამ წინააღმდეგობა გამოიწვია სხვა მკვლევართა მხრიდან (ნ.ბერძენიშვილი, ე.ხოშტარია-ბროსე). აკადემიკოსი დ.მუსხელიშვილი არ ეთანხმება არც ერთ მათგანს, ვინაიდან ადრეული ფეოდალური ეპოქა არ იძლეოდა რაიმე ობიექტურ პირობებს ან რაიმე წინაპირობებს აფხაზთა ტომებისათვის რათა გაერთიანებულიყვნენ ერად. ამ ტომებს არ გააჩნდათ არანაირი სახელმწიფოებრივი ტრადიცია, სახელმწიფოში სადაც ლაპარაკობენ და წერენ საკუთარ ენაზე. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, მათ არ გააჩნდათ ის აუცილებელი მინიმალური კომპონენტები, რომლებიც წარმოადგენდნენ ტომების ცალკე ერებად გარდაქმნის სათანადო საფუძვლებს. პირიქით, იმ პერიოდში არსებობდა ყველა პირობა რათა ეს ტომები გაერთიანებული ყოფილიყვნენ ცალკე მყოფ ქართველ ხალხთან.
ამრიგად, არც ანტიკურ და არც ადრე ფეოდალურ ეპოქაში აფხაზეთი დამოუკიდებელი სახელმწიფო არ ყოფილა და აფხაზ ტომებს არასდროს ჰქონიათ თავიანთი საკუთარი სახელმწიფო. აფხაზეთი იყო ქართული სახელმწიფოებრივი ფორმირების განუყოფელი ნაწილი, პირველად კოლხეთის, შემდეგ ლაზიკის (ეგრისის), მოგვიანებით ე.წ. აფხაზეთის სამეფოს და ბოლოს, X საუკუნის ბოლოს იგი იქცა გაერთიანებული საქართველოს ნაწილი და გვიან შუა საუკუნებამდე იგი რჩებოდა მხოლოდ საქართველოს ადმინისტრაციულ ერთეულად როგორც სხვა საერისთავოები. აფხაზთა მონაწილეობამ ქართველი ერის კონსოლიდაციის პროცესში თავისი დიდი წვლილი შეიტანა აფხაზური ტომების ქართულ ეთნოსთან ინტეგრაციაში. უფრო ვრცლად იხ. ვებ.გვერდი ჰტტპ://სოციალ.იატპ.ორგ.გე
რაც შეეხება მოსახლეობის პრობლემატიკას, აფხაზთა სამეფოში ქართული ეთნოსი დიდ უმრავლესობას შეადგენდა, ხოლო აფხაზები და აფშილები - თუ არ ჩავთვლით არაქართულ ეთნოსს - წარმოადგენდნენ ამ მოსახლეობის უმრავლესობას. ჩრდილო-კავკასიური ტომების არსებობა, კერძოდ ჯიქების ნაწილის, შესაძლოა ვივარაუდოთ აფხაზთა სამეფოში. ეს სიტუაცია, როგორც ჩანს, ძირითადად არსებობდა შუა საუკუნეების განმავლობაში, გარდა მოგვიანებით ჩრდილო კავკასიიდან აფსუების ტალღის იმიგრაციისა. ამას ადასტურებს XIX საუკუნის მოსახლეობის აღწერის მონაცემები.
1800 წლის მოსახლეობის აღწერის მონაცემებით საქართველოში ცხოვრობდა 52,0 ათასი აბხაზი; 1832 წელს - 56,6; 1865 წელს - 60,0.
1886 წლის მოსახლეობის აღწერის მიხედვით აფხაზეთში (იმდროინდელი ადმინისტრაციულ-ტერიტორიული დაყოფით სოხუმის ოლქში) ცხოვრობდა 68,773 კაცი, მათ შორის იყო 34,806 ქართველი და 28,320 აფხაზი.
ამის შემდგომ, 1926 წელს აფხაზეთის მოსახლეობა შეადგენდა 201,016, მათ შორის ქართველები - 67,494; აფხაზები - 55,918; სომხები - 25,677; რუსები - 12,553; ბერძნები - 14,045 და სხვა ეროვნების წარმომადგენლები.
1939 წლის მოსახლეობის აღწერის მიხედვით ქართველთა და აფხაზთა რაოდენობა შედარებით გაიზარდა. ამ დროისათვის აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მოსახლეობა შეადგენდა 311,900, მათ შორის ქართველები - 91,900; აფხაზები - 56,200; რუსები - 60,200; სომხები - 49,700.
1959 წლის მოსახლეობის აღწერის შესაბამისად აფხაზეთში სულ ცხოვრობდა 404,700 კაცი, მათ შორის ქართველები - 158,200; აფხაზები - 61,200; რუსები - 86,700; სომხები - 64,400 და სხვ.
1970 წლის აღწერამ აჩვენა, რომ აფხაზეთის მოსახლეობა იყო 487,040, მათ შორის ქართველი - 199,600; აფხაზი -77,300; რუსი - 92,900; სომეხი - 74,900.
1989 წლის მოსახლეობის აღწერით აფხაზეთში ცხოვრობდა 239,9 ქართველი და 93,3 აფხაზი; რუსი - 74,9; სომეხი - 76,5.
2002 წელს ჩატარებული საქართველოს მოსახლეობის აღწერას აფხაზეთის შიგნით მცხოვრებთა მონაცემები არ გააჩნია, თუმცა მან აჩვენა, რომ აფხაზეთის გარეთ საქართველოში (კოდორის ხეობის ჩათვლით) ცხოვრობდა 3,527 აფხაზი.
წყაროები:
_ მ.ლორთქიფანიძე, საქართველოს ისტორიის ნარკვევები, თბილისი 1994, გვ.202;
_ ვ.ჯაოშვილი, საქართველოს მოსახლეობა, თბილისი 1996, გვ. 78-112, 282-302;
_ საქართველოს მოსახლეობის აღწერის ძირითადი მონაცემები, თბილისი 2002, ტ.I-II.
ოსები საქართველოშიქართული წყაროები ხშირად მოიხსენიებენ ალანებს, რომლებიც ცხოვრობდნენ კავკასიის ჩრდილოეთით, ოსების ან ოვსების სახელით. ამ წყაროებში მათი ხშირად ხსენება განპირობებულია იმ ფაქტით, რომ საქართველოს სახელმწიფოს დასაბამიდანვე მჭიდრო პოლიტიკური ურთიერთობა ჰქონდა ალანებთან. ეს დიდი ტომობრივი ჯგუფი, რომელიც მიეკუთვნება ირანელთა ჩრდილო შტოს, ჩვ.წ. 50 წლის შემდეგ მნიშვნელოვნად გაიზარდა არალის ტბასა და კავკასიას შორის მდებარე ტერიტორიაზე. ევროპაში ჰუნების შეჭრის შემდეგ ზოგიერთი ალანური ტომი დასავლეთში გადავიდა, დანარჩენები კი კავკასიაში დარჩნენ. ამრიგად, ოსები არიან ირანული მოდგმის ანტიკური ალანური ტომების შთამომავლები. ზოგიერთი მათგანი ქრისტიანული სარწმუნოებისაა, ხოლო ნაწილი (ჩრდილო ოსეთის ცენტრალურ რაიონებში) მუსლიმანებია.
XIII საუკუნის მეორე ნახევარში ალან-ოსებმა სცადეს ძალით დასახლება საქართველოში, მაგრამ საქართველოს მეფე გიორგი V დაამარცხა ისინი და განდევნა ქვეყნიდან.
XVII საუკუნეში ქართველი წარჩინებულები დაინტერესებული იყვნენ ჩრდილო კავკასიიდან შეეძინათ ოსი მოსამსახურეები. სწორედ იმ დროს ოსებმა ლეგალურად დაიწყეს მიგრაცია ჩრდილო საქართველოს მთიან ნაწილებში. მოგვიანებით, არაგვის, ქსნისა და რაჭის სამთავროებში, სამაჩაბლოსა და საწერეთლოს ზოგიერთ ტერიტორიებზე ნაწილობრივ ბინადრობდა ოსური მოსახლეობა.
ამრიგად, XVIII საუკუნის დასასრულს საქართველოში ოსურმა მოსახლეობამ მიაღწია 5,000 ოჯახს. ასე შეიქმნა ძველ ქართულ მიწებზე ეგრეთ წოდებული სამხრეთ ოსთა ეთნიკური მასივი, რომელიც ქართულ წყაროებში ცნობილია `შიდა ოსების~ ან კიდევ `არაგვის, ქსნის, ლიახვისა და სამაჩაბლოს ოსების~ სახელით.
ქართველებისათვის ყოველთვის მიუღებელი იყო და არის ტერმინი `სამხრეთ ოსეთი~, ვინაიდან მასში ჩანს ჩრდილო ოსეთთან შეერთების მოთხოვნა, რომელიც რუსეთის ფედერაციას განეკუთვნება. XIX საუკუნეში ტერმინი `სამხრეთ ოსეთი~ გამოიყენებოდა კულტურული და გეოგრაფიული მნიშვნელობით, მაგრამ ამ მხარემ ეს ადმინისტრაციული სტატუსი კომუნისტური მმართველობის შედეგად მიიღო. იმის მიუხედავად რომ უკანასკნელ რამდენიმე საუკუნეში ამ რეგიონის სოფლის მოსახლეობის უმეტესობას ოსები წარმოადგენდნენ, ქართველები მას მიიჩნევდნენ თავიანთ ისტორიულ პროვინციად და უწოდებენ შიდა ქართლს ან სამაჩაბლოს, ან კიდევ ცხინვალის რეგიონს.
1918 წელს რუსეთის იმპერიის დაშლის შემდეგ ე.წ. სამხრეთ ოსეთი საქართველოს პირველი რესპუბლიკის შემადგენელი ნაწილი გახდა და ჩრდილო ოსეთი ჩამოყალიბდა როგორც თერგის საბჭოთა რესპუბლიკა. საქართველოს რესპუბლიკაში სამხრეთ ოსეთის მხარე შეიქმნა 1922 წლის 20 აპრილს.
რაც შეეხება მოსახლეობის პრობლემას, 1800 წლისათვის საქართველოში ცხოვრობდა 29,300 ოსი, ხოლო 1832 წელს - 32,300. 1886 წლის მოსახლეობის აღწერის მიხედვით საქართველოში იყო 71,000 ოსი, ხოლო 1897 წელს - 81,500.
XX საუკუნის დასაწყისიდან საქართველოში ოსი მოსახლეობის რაოდენობა თანდათან იზრდებოდა. 1926 წლის მოსახლეობის აღწერის მიხედვით ქვეყანაში ცხოვრობდა 113,298 ოსი. საქართველოში ოსთა ზრდის ტენდენცია შეინიშნებოდა აგრეთვე გასული საუკუნის 30-40-60-70-80-იან წლებში. 1939 წელს მათი რიცხვი იყო 148,680; 1959 წელს - 141,200; 1970 წელს - 150,200; 1979 წელს - 160,500; 1989 წელს 164,100.
1989 წელს ე.წ. "პერესტროიკის" პირობებსა და ქართული ნაციონალიზმის ზრდის შიშით სამხრეთ ოსებმა მოითხოვეს ჩრდილო ოსეთთან გაერთიანება. მომდევნო წლის დეკემბერში საქართველოს პარლამენტმა სამხრეთ ოსეთის ავტონომია გააუქმა, დააწესა მმართველობა პრესაზე და აკრძალა დემონსტრაციები. 100.000-ზე მეტი ოსი წავიდა საქართველოდან და სამხრეთ ოსეთიდან ჩრდილო ოსეთში. ეს ომი დამთავრდა 1992 წლის ივლისში, როდესაც მიღწეულ იქნა შეთანხმება ცეცხლის შეწყვეტაზე და ოსი, ქართველი და რუსი მშვიდობის დამცველი ჯარები განლაგდნენ ამ რეგიონში.
მოსახლეობის ბოლო აღწერის მიხედვით 2002 წელს საქართველოში ცხოვრობდა 38,028 ოსი, მათ შორის 10,268 ცხოვრობდა თბილისში.
წყაროები:
- ზ.ვანეევი, ისტორიული ცნობები ალან-ოსთა შესახებ, სტალინირი 1941, გვ.45-69;
- ვ.ითონიშვილი, ქართულ-ოსური ურთიერთობის ისტორიიდან, თბილისი 1995, გვ.13-14;
- ვ.ჯაოშვილი, საქართველოს მოსახლეობა, თბილისი 1996, გვ.282-302;
- საქართველოს მოსახლეობის აღწერის ძირითადი მონაცემები, თბილისი 2002, ტ.I-II.
ქისტები საქართველოშიქისტები, საქართველოსა და მის მოსაზღვრედ ჩრდილო კავკასიაში მცხოვრებ ვეინახთა სახელწოდებაა. ისინი ლაპარაკობენ ჩაჩნურ-ინგუშური ენების ქისტურ დიალექტზე.
ქისტების საქართველოში (კახეთში) გადმოსახლება დაიწყო XVII საუკუნიდან და XIX საუკუნის 60 -იან წლებამდე გაგრძელდა. მათი ეროვნული ნიშნებია: ენა, სარწმუნოება (ისლამი), მატერიალური კულტურის ელემენტები ძირითადად შენარჩუნებული აქვთ კომპაქტურ დასახლებებში - პანკისის ხეობის სოფლებში. ქისტები მშობლიურ ენასთან ერთად ფლობენ ქართულ ენას. პანკისის ხეობის ქისტური მოსახლეობის ყოფაში ძლიერ იგრძნობა ქართული მატერიალური კულტურის გავლენა. ისინი განათლებას ქართულ ენაზე იღებენ. ზოგ ოჯახში ლაპარაკობენ ქისტური დიალექტისა და ქართულის შერევით მიღებულ ჟარგონზე. მისდევენ სოფლის მეურნეობის ადგილობრივად გავრცელებულ სახეებს, ასევე ტრადიციულ ხელოსნობას, საფენი და წამოსასხამი ნაბდების, ქუდების დამზადებას და ა.შ.
ცნობილია, რომ პანკისის საერისთავო ძველი კახეთის სამთავროს ერთ-ერთი ადმინისტრაციული ერთეული იყო და მოიცავდა პანკისის ხეობას, ალვანის ველსა და თუშეთს. ცენტრი - პანკისის ციხე. პანკისის ციხე შუა საუკუნეების ციხესიმაგრეა აღმოსავლეთ საქართველოში. ვარაუდობენ, რომ პანკისის ციხის ნაშთია პანკისის ხეობაში სალაწნისა და მაღრანის ხევების მთაზე (ახმეტის რაიონი) შემორჩენილი ნანგრევები.
წყაროებში პანკისის ერისთავი პირველად XI საუკუნის შუა წლებში მოიხსენება. ვახუშტი ბაგრატიონი კახეთის სამ სამთავროს ასახელებს. სწორედ მესამე საერისთავოდ მეცნიერის მიერ დასახელებულია საერისთავო `პანკისისა ანუ მარილისისა და მისცა ჰერეთის საზღურის ზეითი კავკასიამდე და კახეთის მთამდე დუშეთითურთ~.
მდინარე ალაზნის ვიწრო ხეობაში ერთმანეთთან ახლოს განლაგებულია ხეობის ზემოთ დასახლებულ მცხოვრებთა სოფლები. ქისტები დასახლდნენ იქ დაახლოებით 120 წლის წინათ. ისინი გადმოვიდნენ კავკასიონის ქედის ჩრდილო კალთებიდან და შეადგენენ ჩეჩნების განაყოფს. მათ უკავიათ მდ. ალაზნის გასწვრივ სამი დიდი სოფელი: დუი-სოფელი, ჯოყოლა და ომალო, 60-დან 120 კომლამდე თითოეულში და სამი ახალშენი: ხოროჯა, ჩხატანა და ქართაბუდე, 6-დან 12 კომლამდე თითოეულში. ამ ეროვნების დანარჩენი ნაწილი ცხოვრობს ყოფილი თიანეთის მაზრის უკიდურეს ჩრდილოეთ ნაწილში მთიელთა რესპუბლიკის საზღვართან.
პანკისის ხეობაში ქისტების სოფლები განლაგებულია ისეთნაირად, რომ მათ უკავიათ გასასვლელი ხეობიდან ველისაკენ. ქისტები მისდევენ მიწათმოქმედებას და მესაქონლეობას, სისხლის აღება და შუასაუკუნეების სხვა ჩვეულებები მათში არსებობს დღესაც, ისინი ადრე იყვნენ მაჰმადიანები, შემდეგ გადავიდნენ ქრისტიანობაზე.
2002 წლის მოსახლეობის აღწერით საქართველოში ცხოვრობდა 7,110 ქისტი.
წყაროები:
- გ. შენგელია, რა მამულები გვქონია აქეთ, ჟურნ. "პოლიტიკა", 2001, #3, გვ.60-61;
- საქართველოს მოსახლეობის აღწერის ძირითადი შედეგები, თბილისი 2002, ტ. I-II.
ქურთები საქართველოშიქურთების საკუთარი სახელწოდებაა ქურდი, კურმანჯი. ქურთები წინა აზიის ერთ-ერთი უძველესი ეთნოსია. ძირითადად ცხოვრობენ ირანში, თურქეთში, სირიაში, ერაყში (ქურთისტანის ტერიტორიაზე), ლიბანში, ავღანეთში, სომხეთში, აზერბაიჯანში, საქართველოში, ყაზახეთში, თურქმენეთში. 1978 წლის მონაცემებით, ქურთები 10 280 ათასს შეადგენდნენ. აქედან ყოფილ საბჭოთა კავშირში ცხოვრობდა 116 ათასი, საქართველოში - 26 ათასი კაცი. მათი ენაა ქურთული, რომელიც განეკუთვნება ირანული ენის დასავლურ შტოს და გამოიყოფა ორი ძირითადი დიალექტი: კურმანჯი (ჩრდილო-დასავლური) და სორანი (სამხრეთ-აღმოსავლური). ქურთები ძირითადად სუნიტი მუსლიმანები არიან, მცირე ნაწილი შიიტები, იეზიდები, ალი-ილაჰები და სხვა.
1514 წელს ქურთისტანი გაინაწილა თურქეთმა და ირანმა, ხოლო პირველი მსოფლიო ომის (1914-1918 წწ.) შემდეგ გაიყო 4 სახელმწიფოს შორის (თურქეთი, ირანი, ერაყი და სირია). ამ დაყოფამ ქურთი ერი ჩაგრული უმცირესობის მდგომარეობაში ჩააყენა. XIX საუკუნეში ქურთების ნაწილმა რუსეთის ქვეშევრდომობა მიიღო.
საქართველოში, კერძოდ მესხეთში, ცალკეული ქურთული მომთაბარე ტომები XVI საუკუნეში გაჩნდა. XVIII საუკუნის 60-იანი წლებიდან ქართლ-კახეთის სამეფოს გაერთიანებისა და გაძლიერების კვალდაკვალ თბილისში ჩამოდიოდნენ იეზიდ ქურთთა დელეგაციები, რომლებიც იმედოვნებდნენ ოსმალეთში განმათავისუფლებელი მოძრაობის დროს ერეკლე მეორის მხარდაჭერას.
ქურთები თბილისში გამოჩნდნენ XIX საუკუნის მეორე ნახევარში. პირველად ერთი ქურთი, როგორც თბილისის მცხოვრები, დაფიქსირებულია 1876 წელს, 1886 წელს - 3, 1899 წელს 464 ქურთია აღწერილი.
საერთოდ, ქურთების ძირითადი მასა საქართველოში დასახლდა 1918-1920 წლებში, მას შემდეგ, რაც თურქებმა დაიწყეს მათი რელიგიურ-პოლიტიკური შევიწროება. ქურთები გადმოსახლდნენ ვანიდან და ყარსიდან.
XX საუკუნის 20-იან წლებში საქართველოში ქურთების რაოდენობა 10,217 სულს უდრიდა. თბილისში ქურთების გამოჩენასთან ერთად გაჩნდა ახალი იეზიდების კონფესია, რომელიც დასახელებულ წლებში 1,5 ათას კაცს ითვლიდა. 1926 წლის აღწერით, თბილისში ცხოვრობდა 458 ქურთი, მათგან 258 მამაკაცი და 200 ქალი. ამავე აღწერით, თბილისში იეზიდი იყო 2,044 სული, აქედან 1,157 მამაკაცი და 887 ქალი.
ამავე პერიოდში აფხაზეთში ცხოვრობდა 22 ქურთი, აჭარაში - 3,295 და ე.წ. `სამხრეთ ოსეთში~ - 1 ქურთი.
1926 წელს თურქეთიდან ქურთების საკმაოდ დიდი რაოდენობა ცდილობდა ამიერკავკასიაში შემოსვლას. ხელისუფლება საცხოვრებელი ტერიტორიის სიმცირის გამო შეუძლებლად თვლიდა ქურთების ტომის - ბრუკის მიღებას უახლოესი წლების მანძილზე. თუმცა იმავე წლის ნოემბერში თურქეთიდან ლტოლვილ ქურთებს უფლება მიეცათ დასახლებულიყვნენ ამიერკავკასიის ტერიტორიაზე, რისთვისაც სარეზერვო ფონდიდან გამოიყო 100 ათასი მანეთი.
აღნიშნულ პერიოდში ირანიდან აზერბაიჯანის ტერიტორიაზე ჩამოვიდა ქურთების 400 ოჯახი. თითოეულ ოჯახზე საჭირო იყო 700 მანეთის გამოყოფა.
ადრე ერევნის გუბერნიაში სოფელ სურმალის მცხოვრები იეზიდების 12 ოჯახი, რომლებიც XX საუკუნის 20-იან წლებში კახეთში ცხოვრობდნენ, 1926 წლის თებერვალში თხოულობდა ერევნის გუბერნიის სოფელ კაზიმირში გადასახლებას. ისინი აღნიშნავდნენ, რომ დასახელებულ სოფელში მიწის ნაკვეთზე, რომელსაც ტალინი ეწოდებოდა, არავინ ცხოვრობდა და თავისუფალი იყო. იეზიდების ოჯახები შეადგენდნენ 69 სულს. ჰყავდათ 13 ხარი, 18 ძროხა, 112 ცხვარი და 2 ცხენი. დოკუმენტებიდან არ ჩანს რა შედეგი მოჰყვა მათ თხოვნას.
1930 წლის მონაცემებით, უკვე იხსენებიან ცალკე ქურთები და ცალკე იეზიდები. ქურთების დიდი ნაწილი ცხოვრობს თბილისში, მცირე - სოფლად, ძირითადად კახეთში. რელიგიური კუთვნილების მიხედვით, საქართველოს ქურთები იეზიდები არიან. მათი წარმოდგენით, იეზიდობა ეროვნული ვინაობის გამომხატველია.
თბილისში ქურთები ცხოვრობდნენ კომპაქტურად, უბნებად, ხარფუხის გაგრძელებაზე - ორთაჭალაში, ბერძნების უბნის გვერდით, ასევე გაფანტულად - საქართველოს სხვადასხვა ქალაქებში.
1959 წლის საქართველოს მოსახლეობის აღწერის მონაცემებით აქ ცხოვრობდა 16,2 ათასი ქურთი; 1970 წელს - 20,7; 1979 წელს - 25,7; 1989 წელს - 33,3.
ბოლო 2002 წლის საქართველიოს მოსახლეობის აღწერით აქ ცხოვრობდა 18,329 ქურთი, მათ შორის თბილისში 17,116.
წყაროები:
- ა. სონღულაშვილი, ნარკვევები საქართველოს უახლესი ისტორიიდან, თბილისი 2001, გვ. 101-103;
- ვ. ჯაოშვილი, საქართველოს მოსახლეობა, თბილისი 1996, გვ. 290.
- საქართველოს მოსახლეობის აღწერის ძირითადი შედეგები, თბილისი 2002, ტ. I-II.
აზერბაიჯანელები საქართველოშისაქართველოში მცხოვრები აზერბაიჯანელების წინაპრები თითქმის მთლიანად სპარსეთიდან და თურქეთიდან მოვიდნენ გვიან ფეოდალურ ეპოქაში. მათი ჩამოსახლება გარეშე აგრესიული ძალების სამხედრო-პოლიტიკური მოსაზრებებით იყო ნაკარნახევი და მიზნად ისახავდა საქართველოს სამხრეთ-აღმოსავლეთი პროვინციების კოლონიზაციას. საქართველოზე გამუდმებული თავდასხმების შედეგად ირანელი და თურქი დამპყრობლები ხშირად მიმართავდნენ თურქული ტომების ჩამოსახლებას იმ მიწებზე, რომლებიც მანამდე ქართველ მოსახლეობას ეკავა. ახალი დასახლებანი თანდათან იკავებდნენ გაუკაცრიელებულ ქართულ სოფლებს. ამ სოფლების მკვიდრი მოსახლეობის დიდი ნაწილი მტერს შეეწირა უთანასწორო ბრძოლაში ან ტყვედ იქნა წაყვანილი უცხოეთში; გადარჩენილნი კი იძულებული იყვნენ თავი შეეფარებინათ სამშობლოს სხვა კუთხეებში.
ერთ-ერთი ასეთი ფაქტის შესახებ მოგვითხრობს ვახუშტი ბაგრატიონი: როდესაც შაჰ-აბასმა წაართვა აღჯაყალად წოდებული ციხე (თეთრი ციხე) მეფე გიორგის (1600-1605 წწ.), `მან მოიყვანა ელნი ბორჩალუ და დასხნა აქა, და ამით ეწოდა ბორჩალუ~. იმავ შაჰ-აბასმა XVII საუკუნის პირველ მეოთხედში ათეული ათასობით ქართველი გადაასახლა კახეთიდან სპარსეთში. სხვადასხვა ხასიათის სამხედრო-პოლიტიკური აქციების შედეგად იშვიათი როდი იყო საქართველოს ტერიტორიაზე არაქართველთა ჩამოსახლების შემთხვევები. მოსულთა ნაწილი ითქვიფებოდა ადგილობრივ ქართველ მოსახლეობაში და განიცდიდა ასიმილაციას, ნაწილი კი ინარჩუნებდა თავის ეროვნებას.
დანარჩენი არაქართველი მოსახლეობისაგან, აზერბაიჯანელებს შორის XIX-XXსს. არ ჰქონია ადგილი მნიშვნელოვან მიგრაციას. მხოლოდ უკანასკნელ ხანებში მიდის მათი ახალგაზრდობა მეზობელი აზერბაიჯანის ქალაქებში (უპირატესად ბაქოში) უმაღლესი განათლების მისაღებად. აზერბაიჯანელი მოსახლეობა შედარებით ნელა იმატებდა რევოლუციამდელ პერიოდში და ომამდელი ხუთწლედების მანძილზე. რაც შეეხება გასული საუკუნის მეორე ნახევარს, ამ პერიოდში კი აზერბაიჯანელების რაოდენობა ძალზე დაჩქარებულად იზრდება, უსწრებს რა მატების ტემპებით საქართველოს მოსახლეობის ყველა დანარჩენ ეთნიკურ ჯგუფს. აღსანიშნავია, რომ აზერბაიჯანელთა რიცხოვნობა იზრდება მთლიანად ბუნებრივი მატების შედეგად. ამ მაჩვენებლით ისინი ბევრად უსწრებენ წინ საშუალო რესპუბლიკურ მონაცემს. საკმარისია აღინიშნოს, რომ 20 წლის მანძილზე (1959-1979წწ.) საქართველოს მთელი მოსახლეობის რიცხოვნობა გაიზარდა 24%-ით, აზერბაიჯანელების კი 66%-ით, ანუ მათი საშუალო წლიური ზრდა შეადგენდა 2,66%-ს. ეს მაშინ, როცა აღნიშნულ პერიოდში გარე მიგრაციულ პროცესებს აზერბაიჯანელებს შორის, მართალია სუსტად გამოსახული, მაგრამ მაინც უარყოფითი სალდო ჰქონდა. აღსანიშნავია, რომ არ ხდება აზერბაიჯანელების ასიმილაცია სხვა ხალხებთან.
რუსებისა და სომხებისაგან განსხვავებით, საქართველოში დამკვიდრებული აზერბაიჯანელების მეტი ნაწილი სოფლად ცხოვრობს. 1970 წელს რესპუბლიკის ქალაქებში ცხოვრობდა მათი საერთო რაოდენობის 18,2%. 1979წ. თბილისში ცხოვრობდა 12,9 ათასი აზერბაიჯანელი, რუსთავში - 7,4 ათასი. აზერბაიჯანელები შეადგენდნენ ქვემო ქართლის სოფლის მოსახლეობის უმეტეს ნაწილს (მარნეულის, ბოლნისის, გარდაბნის, დმანისის რაიონებში). მათი განსახლების მეორე არეალია კახეთი - საგარეჯოს, ლაგოდეხის, თელავის რაიონების ტერიტორია. აზერბაიჯანული სოფლები არსებობს შიდა ქართლში - კასპის, მცხეთის და ქარელის რაიონებში, აგრეთვე თრიალეთში და თეთრიწყაროს რაიონში. რესპუბლიკის დანარჩენ რეგიონებში აზერბაიჯანელების რაოდენობა შედარებით უმნიშვნელოა.
დამახასიათებელია, რომ საქართველოში ბევრად მეტია მათი რაოდენობა, ვინც დედაენად აზერბაიჯანულს აღიარებს, ვიდრე თვით ამ ეროვნების მოსახლეობა. თურქეთიდან ჩამოსახლებული დაახლოებით 27 ათასი ბერძენი დედაენად თვლის აზერბაიჯანულს. თურქების გარემოცვაში ხანგრძლივი დროის მანძილზე ცხოვრების შედეგად ბერძნების ამ ნაწილმა, რომლებსაც ურუმებს უწოდებდნენ და ამჟამად თრიალეთში ცხოვრობენ, დაკარგა თავისი ენა და შეითვისა აზერბნაიჯანული.
1865 წლის საქართველოს მოსახლეობის აღწერის მიხედვით აქ ცხოვრობდა 51,5 აზერბაიჯანელი; 1886 წელს - 62,6; 1897 წელს - 81,1.
ამის შემდეგ ჩვენ გაგვაჩნია 1926 წლის აღწერის მონაცემები, რომლის მიხედვით საქართველოში იყო 143,951 აზერბაიჯანელი; 1939 წლის აღწერით კი 187,621; 1959 წელს - 153,6; 1970 წელს - 217,8; 1979 - 255,7; 1989 წელს - 307,5.
ბოლო 2002 წლის აღწერით საქართველოში ცხოვრობდა 284,761 აზერბაიჯანელი, მათ შორის თბილისში - 10,942.
წყაროები:
- ვ. ჯაოშვილი, საქართველოს მოსახლეობა XVIII-XIX საუკუნეებში, თბილისი 1984, გვ.231-232;
- ვ. ჯაოშვილი, საქართველოს მოსახლეობა, თბილისი 1996, გვ. 112-290;
- საქართველოს მოსახლეობის აღწერის ძირითადი შედეგები, თბილისი 2002, ტ. I-II.
