|
საქართველო ახალი საერთაშორისო სკანდალის საბაბი ხდება. მართალია, საქართველოში ნიკოლა სარკოზის განცხადებას სათანადო გამოხმაურება არც ხელისუფლებისგან მოჰყოლია და არც _ ოპოზიციისგან, მაგრამ საფრანგეთის პრეზიდენტმა “დიდი საიდუმლო” გაამხილა. “8 აგვისტოს, როცა ვინმე უნდა გაფრინლიყო მოსკოვსა და თბილისში, რომ ადამიანის უფლებები დაეცვა, ამერიკის პრეზიდენტმა თქვა, რომ “ეს მიუღებელია” და მაშინ საფრანგეთი გამოვიდა რუსეთსა და საქართველოს შორის შუამავლად. ბუსს კი საკუთარი ავტორიტეტის რისკს ქვეშ დაყენების ეშინოდა. სანამ ჩვენ მოსკოვში გავემგზავრებოდით, ბუშმა მითხრა, ნუ წახვალ იქ, მათ (რუსებს) თბილისის აღება უნდათ, მათ მხოლოდ 40 კილომეტრიღა დარჩათ. მათი ქმედებების შესახებ, უბრალოდ, საყვედური გამოთქვითო,” _ აცხადებს სარკოზი.
რა ხდება? რა თამაშს თამაშობს თეთრი სახლი? შესაძლოა, სკეპტიკოსებმა იფიქრონ, რომ ევროკავშირის თავმჯდომარე ქვეყნის, საფრანგეთის პრეზიდენტმა, უბრალოდ, იცრუა და ჯორჯ ბუშს ცილი დასწამა, მაგრამ საგულისხმოა, რომ თეთრ სახლს სარკოზის განცხადების უარყოფა ამ დრომდე ყასიდადაც არ უცდია.
ქართველ ოპოზიციონერთა ნაწილის აზრით, ჯორჯ ბუშმა ნიკოლა სარკოზს საქართველოში არჩამოსვლისა და საპროტესტო განცხადების გაკეთებით დაკმაყოფილება იმიტომ ურჩია, რომ თეთრი სახლის პროექტმა _ “სააკაშვილი” კრახი განიცადა. მეტიც, “დემოკრატიული მოძრაობა _ ერთიანი საქართველოს” საინიციატივო ჯგუფის წევრი, დავით ჭეიშვილი “ფაქტთან” საუბრისას სკანდალური განცხადების გაკეთებასაც არ ერიდება. ჭეიშვილის თქმით, “ბუში შესაძლოა, მიხვდა, რომ საქართველოს ხელისუფლება რუსეთის თამაშს თამაშობდა და სარკოზს თბილისში არჩამოსვლაც ამიტომ ურჩია. ბუშმა თავისი პარტნიორის მართვა ვერ მოახერხა და ეს მისთვის დიდი კრახი იყო. სხვათა შორის, ამერიკის ახლადარჩეულმა პრეზიდენტმა, ბარაკ ობამამ ბუშის მისამართით განაცხადა, თუ საქართველოს ხელისუფლება თქვენი პარტნიორი იყო, ჯერ ერთი, საქმე ომამდე არ უნდა მიგეყვანათ და, მეორეც, თუ ომი მაინც დაიწყო, უნდა დახმარებოდითო.”
დავით ჭეიშვილის მსჯელობაში ლოგიკა, რასაკვირველია, არის. ყოველ შემთხვევაში, დღემდე გაუგებარია, 2003 წლის ნოემბრის მოვლენების დროს თბილისში რუსეთის პოლიტიკის მაღალჩინოსანი, ივანოვი რატომ ჩამოვიდა და სწორედ ამის შემდეგ რატომ მიიღო პრეზიდნეტმა ედუარდ შევარდნაძემ “სახლში წასვლის”, ანუ გადადგომის გადაწყვეტილება. სწორედ მაშინ, როცა ნიკოლა სარკოზმა ჯორჯ ბუშის “დიდი საიდუმლო” გაამხილა, რუსულ მედიაში აქტიურად მიდის იმის მტკიცება, რომ საქართველოში საომარი მოქმედებები შესაძლოა, განახლდეს. სხვათა შორის, საომარი მოქმედებების განახლებას არც ქართველი მაღალჩინოსნები გამორიცხვენ და ამას იმით ხსნიან, რომ ცხინვალი, ახალგორი და სოფელი პერევი რუსების მიერაა ოკუპირებული.
“ვიდრე საქართველოს ტერიტორიაზე რუსული რეგულარული არმიის ერთი ჯარისკაციც იდგება, მთელი ქვეყანა ოკუპირებულია და ხელისუფლება ნუ ცდილობს, მოსახლეობა დააჯეროს, რომ ოკუპირებული მხოლოდ ცხინვალი, ახალგორი და პერევია,” _ აცხადებს “დემოკრატიული მოძრაობა _ ერთიანი საქართველოს” საინიციატივო ჯგუფის წევრი, დავით ჭეიშვილი. ამასთან, ჭეიშვილი ეჭვობს, რომ საომარი მოქმედებების განხლება მხოლოდ იმ შემთხვევაშია შესაძლებელი, თუკი კრემლი გადაწყვეტს, რომ “სააკაშვილის ხელისუფლებას” არსებობა გაუხანგრძლივოს...
|