|
ერთი ფოტოს ისტორია
აქ, მუხათწყაროში
მუხათწყაროში ძალიან კარგად იყვნენ. პატარა ნანა დილით ხან 5 საათზე იღვიძებდა, ხან 6-ზე. ჯერ დედიკოს გოგო იყო. ორი საათის განმავლობაში დედა უვლიდა, აჭმევდა... მომდევნო ორი საათი მამიკოს გოგო ხდებოდა -- ირაკლი ეთამაშებოდა, ის ზრუნავდა. მერე ისევ დედიკოსი გახდებოდა, მერე - მამიკოსი...
რა გვარი ხარო, - ეკითხებოდნენ ნანას. ისიც სერიოზულად პასუხობდა, - ნანინიო.
- ნანინი კი არა, ჩარკვიანი! - უსწორებდა მამა.
სწორედ აქ, მუხათწყაროში დაიწყო ირაკლიმ გაქვავებული მიწის ბარვა. ოთხი საათი შეუჩერებლად ებრძოდა მიწას. ქეთათო შორიახლოდან შიშით უყურებდა. ირაკლი კი არ ჩერდებოდა. აქ ყვავილები უნდა დავრგოო, - ამბობდა ჯიუტად.
- გაოგნებული ვიყავი! - იტყვის ამ ამბიდან რამდენიმე წლის შემდეგ ქეთათო და მე ძალიან დამწყდება გული, რომ მაშინ არ აიღო ქეთათომ აპარატი და ბარვის დროს არ გადაიღო ირაკლი ჩარკვიანი.
პატარა ხის სახლის მეორე სართულზე, საძინებელში დედა-შვილი იწვა. მამას ქვემოთ ეძინა, მაგრამ რაკი სახლი პატარა იყო და ხის, ხომ შეიძლებოდა, გაეგონა ქეთათოს ძახილი: - ირაკლი! ირაკლი! არ ესმოდა. მაშინ ნანამ დაიძახა ომახიანად, - მეფე! - და უცებ გააგონა მამას. სიცილით ამოვიდა ირაკლი შვილთან.
«იცით, რომ სიტყვა ბევრად უფრო პირველია, ვიდრე ყველაფერი სხვა ამქვეყნად და ამიტომ, მოდით, ვიჩურჩულოთ ისე, რომ მედიამ ყურიც კი ვერ მოჰკრას ჩვენს საუბარს», - ეს ირაკლია, რომელიც თავის მეფობაზე ხმამაღლა ლაპარაკობდა მედიასთან და სიჩუმეში ჩურჩულით უყვებოდა შვილს, როგორ გრძნობდა ხელისგულებით მიწას - მუხათწყაროს დიდი ვაებით დაბარულ მიწას...
|