|
გიული ალასანიას დავაბარე, მიშას გადაეცი, შენი მეგობარი იღუპება-მეთქი!” 2008 წლის 13 12, შაბათი - 12:49
იმის მიუხედავად, რომ საქართველოში უამრავი იმედგაცრუება ნახა, ისტორიული სამშობლო მაინც ამქვეყნიურ სამოთხედ მიაჩნია. არ მოსწონს თბილისის ქუჩებში ზანგების, ჩინელების და ინდოელების მომრავლება და ფიქრობს, თუ ასე გაგრძელდა, მალე საქართველოში ქართველები აღარ დარჩებიან... ხანდახან თავი ცხენზე ამხედრებულ რაინდი ჰგონია... მოკლედ, “ფაქტი” 2007 წელს ფერეიდანიდან საქართველოში ფეხით ჩამოსული ორი ძმიდან ერთ-ერთს, არია ხოსროშვილს წარმოგიდგენთ:
_ ფერეიდანში 1615 წელს შაჰ აბასის მიერ გადასახლებული ჩემი წინაპრები ცხოვრობენ, მათი მე-12 თაობა ვარ. ჩემი წინაპრები ფეოდალები იყვნენ, მიწებს ამუშავებდნენ და თურქებსა და სომხებზე აქირავებდნენ. დაახლოებით 45 წლის წინ, ირანში ბატონ-ყმობა გადავარდა. ჩვენი მიწები კი იმ ხალხმა მიიტაცა, ვინც ამუშავებდა და ძალიან ცოტა მამულები დაგვრჩა, თუმცა უწინდელი პრესტიჟი მაინც შევინარჩუნეთ. მესამე კლასში ვიყავი, როცა მამაჩემი ავარიაში დამეღუპა. სამი ძმა ვართ და ორი და ვართ. სკოლა რომ დავამთავრე, საქართველოს ნახვის დიდი ინტერესი გამიჩნდა. ჩემი ინტერესი გამოწვეული იყო იმით, რომ ოჯახის წევრებიდან და ფერეიდნელი ქართველებიდან სულ მესმოდა სახელი გურჯისტანი. თან ისე ტკბილად, რომ საქართველო ამქვეყნიურ სამოთხედ წარმომედგინა. როგორც იქნა, ოცნება ავისრულე და ჯარის მოხდის შემდეგ, 1994 წელს საქართველოში ჩამოვედი. სახელმწიფო უნივერსიტეტში სამედიცინო ფაკულტეტზე ჩავაბარე, თუმცა ზაფხული იყო, სახლში ბევრი საქმე მქონდა და უკან დაბრუნება მომიწია. 1996 წელს საქართველოში ისევ ჩამოვედი და სახელმწიფო უნივერსიტეტის მოსამზადებელ ფაკულტეტზე ხელახლა ჩავირიცხე. ასე მივდიოდი და მოვდიოდი. აქ რომ ჩამოვიდოდი, ოჯახი მენატრებოდა, იქ კიდევ საქართველოს ნახვის წყურვილი მკლავდა. 2004 წელს გადავწყვიტე, საქართველოში ფეხით წამოვსულიყავი.
|