zvigeni wrote:ციტატა:
1953 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ისტორიის ფაკულტეტი. მუშაობდა კინოსტუდია „ქართული ფილმის“ სასცენარო განყოფილების რედაქტორად და მთავარ რედაქტორად. იყო რუსთაველის სახელობის თეატრის დირექტორი, კინემატოგრაფიის სახელმწიფო კომიტეტის მთავარი რედაქტორი, მარჯანიშვილის სახელობის თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელი, რუსთაველის საზოგადოების პრეზიდენტი. პირველი წერილი, რეცენზია ფილმზე „ჩვენი ეზო“ გამოაქვეყნა 1957 წელს, პირველი წიგნი "კინოკრიტიკული ეტიუდები" და "კრიტიკული წერილები" - 1966 წელს. კითხულობდა ლექციების კურსსა და საჯარო ლექციებს ლიტერატურაზე, ისტორიაზე, ეროვნულ და საზოგადოებრივ საკითხებზე.
ის ავტორია მონოგრაფიებისა: „წიწამური (ილია ჭავჭავაძე)“, „ტკბილი ოცნება და მწარე სინამდვილე (აკაკი წერეთელი)“, „ნიკო ნიკოლაძე“, „კარდუ ანუ გრიგოლ რობაქიძის ცხოვრება და ღვაწლი“, „მითოლოგიური ენგადი“; მოგონებებისა და კრიტიკული და პუბლიცისტური წერილებისა.
ის პუბლიცისტიკაში ილია ჭავჭავაძის გზის გამგრძელებელი იყო. ღრმად სწავლობდა ისტორიულ, ლიტერატურულ, ხელოვნების საკითხებს და მოურიდებლად ამხელდა ნაკლს, გადაცდომასა თუ დანაშაულს. მის ყოველ წიგნსა და წერილს მკითხველი ინტერესით ეცნობოდა, ოფიციოზი კი ცდილობდა აეკრძალა და დაემახინჯებინა. კომუნისტური მმართველობის დროს მან გაბედა და პირველმა დაწერა, რომ ილია ჭავჭავაძე სოციალ-დემოკრატებმა მოკლეს, რომ კომუნისტურ ხელისუფლებას მრავალი დანაშაული აქვს ჩადენილი.
დაკრძალულია მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა დიდუბის პანთეონში.
აკაკი ბაქრაძე