შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი, რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
მემკვიდრეს უნდა გვიტოვებდეს მამრი თუ მდედრი, კოკორმა უნდა მიიბაროს ვარდის მშვენება და რადგან ყველას გზას მოუჭრის სიკვდილის ხვედრი, შვილებში უნდა გრძელდებოდეს მშობლის ხსენება.
შენ კი გწადია, მარად შეგრჩეს სიტურფე თვალთა, გსურს, შენივ ცეცხლით გამოკვებო დროის სახმილი, გინდა ხრიოკეთს დააბერტყო სიუხვის კალთა და, როგორც მტერმა, საკუთარ სულს ჩასცე მახვილი.
დღეს შენ ამშვენებ ამ სამყაროს, ვით ხატი ტაძარს, ხარ წარმავალი გაზაფხულის ზღვა უნაპირო, ხვალ კი ჩააცმევ შენს სიტურფეს ჟამთასვლის ძაძას და სამარისკენ წარიტაცებ... ნაზო ნადირო.
მე რომ მიყვარხარ, განა ისე არწივს მთა უყვარს, ისე მაღალი და სპეტაკი განა მთებია? მარტის ნიაღვარს აყვირებულს გზები ჩაუხრავს, უგრიალნია და ზღვის უბეს შეერთებია.
მე ვის უბეში, მე ვის გულში შევინავარდო; ვის შევუერთდე, ― შენი გული დაკეტილია! ნუთუ ეს ტრფობა, საყვარელო, თეთრო მთის ვარდო, პოეტისათვის მხოლოდ ძველი გაკვეთილია?
ახლა აქაც - ცას სილურჯე ემატება, ღვივის მოლი მიტკლის მწვანე ნაჭერივით... მე კი ჩემი საქართველო მენატრება - ცხრა ველის და ცხრა მთის იქით დარჩენილი!
მენატრება - მკლავებგაშლილ კაკლის ხეებს ფეხქვეშ ჩრდილის ნოხები რომ უფენიათ მეგობარი, მწუხრისას რომ გამიხსენებს, ჩემზე ფიქრით რომ ადგება უთენია.
მენატრება სხვა ასეთი ათასი რამ, უნახავი და ათასჯერ ნახულიცა: მეზობელი, კაცს რომ ისე არ გასწირავს, ერთგულება ასეჯერ თუ არ დაუფიცა... თავპატიჟი - უსაზღვრო და უნაპირო, სიამაყე - ჭირშიაც რომ გაიმედებს, ქალიშვილი, დღედაღამ რომ უნდა სდიო, სანამ ერთხელ გაღიმებას გაიმეტებს
და რა ქალი?! ხელის გულით სატარები... რა თვალები?! ელვის ცეცხლის დამჭერი... ბოშა ქალი, ვარსკვლავების სადარები... შეხედეს და... შეუკურთხეს გამჩენი... მეზღვაურებს გამომწვევად გვერდს აუვლის, ეტყვიან და... ისიც ეტყვის ურიგოს... ხელგაშლილი გადუდგება მეზღვაური: - მხოლოდ ერთხელ მაკოცეო, სულიკო!.. ეს პაწია, სიყვარულის დოსტაქარი, განა დარდობს, თვალებს ცრემლით იოსებს? მხიარული, ფეხშიშველი ბოშა ქალი სტვენით მიდის პორტის სანაპიროზე...