↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"


+ ახალი თემა ↩ პასუხი  [ 322 posts ] 
ავტორიMessage
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined15 Aug 2007
Posts767
კარმა0
OFFLINEPROFILE
ქვეყნის სიყვარულს საყველპუროდ და საარშიყოდ ნუ გაიხდით, სამშობლო როსკიპი ქალი არაა, მთვრალს რომ მოგენატრება და მაშინ გაიხსენებ, სამშობლო ტაძარია სალოცავი. მუხლზე დაჩოქილი უნდა იდგე მის საკურთხეველთან, ცალი ხელით პირჯვარს უნდა იწერდე, მეორეთი კი ხმალს იქნევდე, ეშმაკები რომ არ დაეპატრონონ... და კიდევ ერთი, შესაწირავის მიტანა ვერავინ ვერ უნდა მოგასწროს ამ ტაძართან.“

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined30 Nov 2008
Posts4430
კარმა0
OFFLINEPROFILE
ფუფალა

მკათათვე... გზის პირას მდუმარედ ამრეშებული ყანები. თავდაზნექილი თავთავები ფხიან ნამგალს უცდიდნენ. ნიავი სადღაც გახიზნულიყო. გზა დახეთქილი, მტვრიანი... ირგვლივ მხოლოდ სევდა და თვლემა...

შარაზე გამოჩნდა მარტოდმარტო ბერიქალა, არსაფერისად ეცვა, სხვადასხვა მხია¬რული, ჭყეტელა ნაჭრებისაგან შეკერილი კაბა. ცალი ხელით მოძველო ქოლგა ეჭირა, მეორეთი ჭრელი ბოხჩა. ძველებური შავი თათმანი ეცვა ხელთ და ადამის ხნის დაგლეჯილი, მაღალქუსლიანი, ჩაღილული, ყელიანი ფეხსაცმელი და მომტვრეული, შუაზე გადაჩეხილი ქუსლი ძალზე აწვალებდა. მოქანცული, შეოფლიანებული გმინავდა, შეწუხებული ცალკე სიცხით, ცალკე უხერხული ფეხსაცმლით, ცალკე თავისი მწარე ბედით!

– როდემდის, როდემდის, ამდენი წანწალი! – კვნესოდა და თან მკერდზე თათმანით ოფლს იმშრალებდა, – მალე სიარულსაც ვეღარ შევძლებ და სადღაც, ღობის ძირას, ამომხდება სული!

ერთხელ, სარკეში ჩაიხედა და სარკე მიწაზე დაანარცხა. სარკემ უთხრა, რომ პირის მთვარიანობა დიდი ხანია რაც ჩაჰქრობოდა, ბროლის ნათელი, ლალის ბრდღვიალი გაჰხუნებოდა, შუქდამდგარ საღამოს მიჰგავდა. მისი ყვავილიანი სამზეო დალეულიყო. წყალმა წაიღო სილამაზეც და თაყვანისცემაც!

ოდესღაც კი სილამაზისთვის „ფუფალა“ უწოდეს!

– აგერ, ჩემი სოფელიც... ამდენ ცანს დასანატრელი... ჩემი კერა, სადაც აღარც სახლი მაქვს, აღარც კარი! ვინ გამომეგებება? ვინღა მეტყვის დედასავით ტკბილად, – შვილო, მშვიდობით მომიხველო? ჭირი მოგპარეო, – ვინღა მეტყვის? – არავინ! ვინა მყავს მათი ნაცვალგვარდა? მოხრეკილი საწუთრო, უდაბნო-უგულო!

– რა კარგი იყო ჩვენი მთვარიანი აივანი, ჩვენი ხეივანი!

– საწყალი მამაჩემი, ყარსის ციხის ამღები! ხელმწიფემ მისი სურათი რომ მოითხოვა, მამამ დიდი, რუსული ცხენის ნალი მოღუნა ხელში, ეს ნალი გაუგზავნეთ სურათის მაგიერო! და მისი შვილი, აზნაურის ქალი, ახლა ასე დავწანწალებ!

ფუფალამ მთაზე შეხედა ნგრეულ ნაშტს და პირჯვარი გადაიწერა.

რა კარგი იყო მისი დღეობა! განა აქ არ იყო, რომ თავზე ხელაღებული დოლენჯი, ფუფალას გულისთვის შვიდ ნაბადზე გადახტა შეკაზმული ცხენით! ზაზუნა კი, დარდიმანდი ზაზუნა, ეკითხებოდა, მზეღმერთი ხარო თუ ვინაო?

– აჩრდილივით, სულ თან დამდევდა არდაშელი: შენს იქით გზა არა მაქვსო, შემრისხე და შემიწყალეო! მაგრამ ქვა-ქალი ვიყავ, ვიღას ველოდებოდი უწამებელი, ურწმუნო?!

– ეს რა ხორშაკი ქარი ამომივარდა, რომ სულ ყველა ერთიანად შემომძარცვა?

გამოჩნდა ჩალური და წითელკრამიტიანი სახლები... ორღობეში აყოჩებულ სიმინდს თავი გადმოეყო, რეჰანის და კამის სურნელი მოდიოდა დარწყულ ბოსტნებიდან.

თავისი აოხრებული ნასახლარის დანახვაზე ფუფალას მოაგონდა წუხანდელი ნასიზმარი: ლოგინში მწოლარეს დედა ნაზად დაჰღიღინებდა:

ელი ელამდა,
ზღვა ბიბინებდა;
ზღვისა პირსა კარავი იდგა,
შიგ ქალი იწვა,
ფარჩა ეხურა,
ფარჩა ავხადე, სამი ვაკოცე,
სამმა კოცნამა ფერი უცვალა,
ფერმა ნაცვალმა წიგნი დაწერა,
ვის გაუგზავნა?..

– ვის გაუგზავნი? – ღიმილით ეკითხებოდა დედილო, – სულხანს თუ არჩილს? რამაზს? აბა, მაშ ვის, გენაცვალე! – ფუფალას ვერ გაერკვია ვისთვის გაეგზავნა უსტარი და ჭოჭმანობდა. დედა კი ეხვეწებოდა ლოგინზე წამომჯდარს, – რად ეგრე? წარბი გახსენი, ჩემო სიცოცხლეო!

გაქრა თბილი სიზმარი... მყუდრო ლოგინი... ფუფალას ნათლიდედას შემოესმა მასპინძელი გლეხის გამწყრალი ხმა, ცოლს ურისხდებოდა:

– თავიდან მომაშორე, თორემ შემოგვეჩვევა, ჩვენთან ბინას დაიდებსო!

– როგორ დავითხოვო, რომ მწამლობსო! ამას წინათაც თავის ტკივილებისაგან მომარჩინაო!

– ერბოხალი მიართვი, მამაუცხონდაო!

ბერიქალა ვითომ კიდეც ექიმბაშობდა ლუკმა-პურის გულისთვის.

– ყვავი მოხარშე ისე, რომ ორთქლი არ გამოუვიდეს, იმისი წვენი დალიე!

– მორიელის სისხლი გაახმე და მიიღე!

– მუხის ხის წყალი, მიმინოს ქონი აურიე ირმის ქონში, მტრედის გული ვარდის წყალში ჩააგდე!

მკურნალ ფუფალას აფთიაქს შეადგენდა: ბალახი ვირისგვერდა, ღელაღუნტის ძირი, ტირიფის არაყი, აქლემის ძვალი, ჯოჯოხეთის ქვა, ეშმაკის კიტრანა, კრაზანა-ბალახი...

ფუფალას წამალი არავის ეჭირვებოდა. არც თვითონ ატანდა ძალას. მაინც სოფლის იმედი იყო... ისევ მკურნალის სახელით ცხოვრობდა, ოდესღაც სხვათა გულის დამჭრელი... ღვთისნიერი ნაცნობები შებრალებით აძლევდნენ თავშესაფარს.

ბერიქალა შედიოდა სოფელში, როგორ ქარიშხლისაგან დაგვემილი ნავი მიეჩქარება თავის ნავსაყუდარში.

– იქნებ უკანასკნელადაც მოვდივარ ჩემს სოფელში? – გაიფიქრა სევდიანად.

ზედ გზაზე, ღობესთან, დიდ ფშატის ძირას, სოფლის არეოპაგზე, იჯდა ქალთა სინედრიონი. თვალყბედი ჭორელები ქაქანებდნენ.

რამდენი ენაც კი არსებობს ქვეყანაზე, სულ აქ იყო ნაჯგუფარი: ენამძლე, ენაკვესია, ენაგესლი, ენაქარცი, ენამორბედი, უკლიტო ენა, ენამუხლმალი, ენა გაბნეულ-გამობნეული, სახრიკო ენა, ენამრე, ენაწყალინაყია, ენაქუხილი, ენამახვილი, ორენა...

კიდევ დავუმატოთ? ორკაპა ენა, ენატლეკია, ენაჭრიჭინა. კიდევ ვინ იცის, რას არ იტყვის დაუყენებელი ყბა!

ჭორელებმა წამოანთხიეს გულის ღარღლი, დაღერღეს ყველა, დაასახიჩრეს, დააჩინჩხვარეს, მტვერი აადინეს!

განზე იდგა ნაჯაფარი ბებია გაიანე, ხუთი შვილიშვილით, ვენახიდან გამოსული თითისტარს აძგრიალებდა, თან ალმაცერად გადახედავდა მეჭორეებს.

სალაყბოზე, სხვათა განწილვა-განქიქებაში, ყველაზე მეტად ბასრობდა ენით მქლეშელი ქარცეცხლა – დალაქის ცოლი. ქარცეცხლასათვის მთელი ქვეყანა მოუწონარი იყო, არა მის ნებაზე გაჩენილი. სამყაროს მიმართ ამბოხებულს, ყველა ათვალული ჰყავდა კბილგასაკრავად. მას ბანს აძლევდა მიმტკნარი ბაბალე, რომელიც წინასწარ ნაზი გაფრთხილებითა და გაზვიადებით მოგანდობდა დიდ საიდუმლოს:

– გეთაყვა, ეგ სიტყვა კი ანგელოზმა შეინახოსო. – მაგრამ თვით მისგანვე უკვე მთელმა სოფელმა იცოდა.

– თქვენს წინ კი ია და ვარდი ჰფენია! – და საოცარ თავზარდასაცემ ჭორს ჩამოჰყაჭავდა.

ახლაც დაიწყო... რა დაიწყო!..

ბაბალეს გადმოცემით, სოფლის მზეთუნახავ ნარგიზას ხალი მარცხენა ძუძუს ქვეშ რომ ჰქონდა, ბარემ ათ ბიჭს სცოდნია სოფელში!

– კარგადაც უქნია! – წარმოთქვა ნინუცამ, რომელსაც აღარც ერთი კბილი არ შერჩენოდა ყბაში და მხოლოდ ენას ალაღლაღებდა.

– მეტი რა უნდა წაიღოს ამქვეყნიდან. აბა, ჩემი პატიოსნებით რა გავიტანე? დიახამც, ვნანობ, რომ ჩემი სილამაზე სარეცხსა, ქათმებსა და საქონლის მოვლას გადავალიე!

– რა ყოფილა ჩვენი სიცოცხლე! მართლაც, წამიეთია, წუთის ქვეყანა, დამთქნარებას ვერც კი მოასწრობ, რომ ხელში გაგიცურდება... ეს ოხერი, როგორ ხუნდება! – ჩიოდა ისევ ნინუცა.

მზე ჩასავალზე იყო. ის იყო ჭორელებმა ყველაფერი გააბათილეს, გადააბრუნეს და თითქმის აკლდებოდათ ჭორმარაგი, აკი ღმერთმა უშველათ! სოფლის შარაზე ჩვენი მგზავრი ბერიქალაც გამოჩნდა.

– აგერ, ფუფალაც მოდის! – დაიძახეს ერთხმად და შარას მიაჩერდნენ. – რამდენი ხანია არ გამოჩენილა! სად რას არის გადაქინძული? აჰა, გინდ ეგეც, განთქმული მზეთუნახავი, ახლა საფრთხობელას დაემსგავსა. მართლაც, რა ფუჭია წუთისოფელი!

– როგორ იქნებოდა მზეთუნახავი? სახე თონეში შემწვარ ვაშლს მიუგავს! – გაკვირვებით იკითხა ლურჯთვალა გოგომ.

ფუფალა ბოხჩითა და ქოლგით მიუახლოვდა ქალთა კრებას. სახე ატკრეცილი ჰქონდა, ოფლს ზოლდაზოლ უმარილი ჩამოერეცხა.

ქალებს მიესალმა.

– კარგია, რომ დაგვხედე! სად გადაიკარგე?

– თვალი ჩამოგავლეთ! ისე შეგეწიოთ მზე, დედასთან მიმავალი, როგორც მე თქვენ მიყვარხართ! რაზე ზღაპრობდით? – იკითხა ფუფალამ, როცა სული მოითქვა და დახეული ქოლგა დაკეცა დიდი სიფრთხილით.

– ტიალ წუთისოფელზე, ოხერი რა მალე ცვდება! აი, გინდ შენ! მე რომ მახსოვხარ, ღმერთო, რა იყავი! აღარ ვიცოდი, შენ იდექი ჩემ წინ, ვარდი თუ ბროწეული? დადიოდი, ანათებდი! – უთხრა ნინუცამ.

ფუფალამ შეიფერა... თავი ამაყად გადასწია:

– ჩემო დაო, შენ რომ პატარძლად მოგიყვანეს, მე სულ ცხრამეტი წლისა ვიყავი. მაშინ ყველა ლამაზია! საქმე არი, დღეს იყო ლამაზი, თორემ წარსული სილამაზე ჩავლილი წყალივით არის, ვისღა ახსოვს? – და თან დაუმატა ნინუცას საამებლად:

– შენც კარგი იყავ, ნინუცი! – მაგრამ არავითარი შედარება არ გაიმეტა ფუფალამ ნინუცას წარსული მშვენიერების გამოსახატავად.

– მთვარეს ჰგავდი, ცისკრიანად! – მლიქვნელურად შეაქო ნინუცა ბაბალემ.

ფუფალამ იწყინა მეტოქის ხოტბა, ისიც არა გულწრფელი, უმარილო გადამეტფასება და ქორივით გადახედა ბაბალეს, რომელიც მის თვალთახედვის ქვეშ მწყერივით გაინაბა. უხერხულობა იგრძნო თვითონ ნინუცამ, რომ მიაგეს მიუგებელი, მაგრამ ქათინაური არ იუარა და ფუფალას დასაშოშმინებლად სიტყვა ქალის სხვა ღირსებაზე გადაიტანა.

– საქმე სილამაზე კი არ არის, პატიოსნები ვიყავით! ოჯახის ერთგულები! აი, ეს არის თავი და თავი!..

– მართლაც ლამაზი ვიყავი! – ამოიოხრა ფუფალამ, – სწორედ ვარდს ვგავდი! ალქალას, ოქროქალას, თვალჟუჟუნას მეძახდნენ.

– ახლა კი ბუს გეძახიან! – წამოიძახა კიტრიპარია ბიჭმა და თავქვე მოჰკურცხლა.

– რას გარბიხარ, სასიკვდილევ! მე არ მეშინია, ახლა რაც გინდა დამიძახონ! ხომ მიმჭკნარი ვარდი ვარ, მაინც ვარდი მქვიან! ნიორი და ხახვი ხომ არა ვარ დედაშენივით! ეჰ, რა ლამაზი ვიყავი! – განაგრძობდა ფუფალა, – თვალადი, ტანადი, მაგრამ შიოლას შევსწირე ყმაწვილქალობა!

– ახლაც ვარდს იფენ, – ნახვერად დაცინვით თქვა ქარცეცხლამ, როგორც შესაკმევი სიტყვა, ისე გაიგო.

სამოც წელს გადაცილებული ფუფალა მაინც ყველას დაწუნებაში იყო.

– ვინ არი?

ეტყოდნენ, ესა და ეს ვაჟკაციო!

– ჩია თუ ქია? გინდაც ფთია იყოს! ერთი გოშია კაცი, უნდო ვიღაც, ჟაჟილა თუ ყაყლაჩა! – და ზედ ქვასა და ქაცვს მიაყრიდა.

– თვალში მეფუქსავატება! მაგას მაინც არ გავყვები, სულ რომ მარტო დავრჩე, მინდვრის თაგვივით!

სიძულვილით სძულდა ახლანდელი კაცები. – ესე ვივლი, ცალი-რქა ირემივით! – და მოიღერებდა ყელს: – ციხის ამღების შვილი ვარ!

– რამდენს ვუყვარდი... რამდენი სისხლი მოიღვარა ჩემთვის! დამფრთხალ ჭივჭავივითღა ვარ! ეჰე, შიოლა... შიოლა... სადა ხარ? – ერთხელ, წყაროზე შემხვდა შიოლა, მიიხედ-მოიხედა; რომ არავინ იყო, ჩუმად მითხრა: მე რომ შენი საქმრო ვიყო, გეფიცები, ყეინს არ მივცემდი სალამსაო! სწორედ ასე მითხრა, ჩემი ნაგონარი არ გეგონოთ!

იქვე მჯდარმა მეველე რეხვიამ ჩაიფრუტუნა. ცეცხლი ჰყარა ფუფალამ:

– აბა, სარკეში ჩაიხედე, ვითომც შენც კაცი ხარ, კაცი კი არა, საჩურჩხლე ქვაბი ხარ!

სიცილი ვერც ბირხლიმ შეიმაგრა. ფუფალამ შეუტია:

– რას იცინი, ნივრიგლეჯიავ, დოღრიალავ, მუხის ფუტუროსავით თავი რომ გაბია და ზედ ქინძი ამოგდის! – და თვალები სიბოროტით მიუელვარა.

– აბა, რა კაცი ხარ, კუჭია კაცუნა! შეუვსებელი ჯამი! – და იქვე მოკეცილ დედაკაცებს მოუბრუნდა, თითისტარს რომ აძგრიალებდნენ: – ერთი მითხარით, გეთაყვათ, ეს კაცია თუ ფლასის ნაძველა?

ბირხლა იცინოდა...

– შიოლასავით არავინ გამოსულა, – განაგრძობდა ფუფალა, – მასავით ქამანდარი სროლაში, მასავით ხმატკბილი მღერაში... რა თვალადი, რა ტანადი, ბოჭორმის წმინდა გიორგი გეგონებოდა!

– ხატობაში დავენახე სულ პირველად, ჩემი ატლასურ-ნარინჯული კაბის შემხედვარე გაგიჟებულიყო! უნდა გენახათ ომის კარს, ომის კარს უნდა გენახათ, დუქნის კარს კი არა, ახლა რომ ჰყრიხართ მთელი დღე! – მიუბრუნდა ბირხლას.

ბირხლამ ვეღარ გაუძლო და გაიქცა...

ფუფალას თანამოსაუბრეთა ერთი ჯგუფი ჩამოეცლებოდა. ახლა სხვა დედაკაცები დასხდებოდნენ, შინიდან საჭორაოდ, დასამთქნარებლად გამოპარულები, ან ბავშვის საძებრად, ან დუქნიდან ნავთის მოსატანად გამოსულები. გამოჩნდებოდა ფუფალას ახალი გამამწარებელიც და იწყებოდა ფუფალას ახალი წამება.

– ეჰეი, მერცხლის თვალებავ, ისევ ცალადი ხარ? რატომ არ თხოვდები, ხომ არ გადაკრუხებულხარ? – შეესიტყვებოდა ძმობილი მურწა, კვიმატი კაცი, – თუმცა, სად არის შენი ფანდი? – არც მურწამ დაინდო ნადობილარი!

– ეჰ, წავიდა. გული წაიღო შიოლამ! – და თითქოს შიოლად ესაუბრებოდა: – ერთი ვიყავი, რათ მოვკვდიო.

– ეჰ, ვუყვარდი, ორმოცი წლის წინათ ვუყვარდი!

– რათ გინდა ორმოცი წლის დამიწებულის სიყვარული, რა ბედენაა!

– სიყვარული არ კვდება! – ნაზად უპასუხა ფუფალამ და თვალები ააციმციმა. – გმირი იყო, მდიდარიც, ლამაზიც, მაგრამ არ მიყვარდა და არ გავყე! აი, სად იყო, ძველად ქალის პატიოსნება! მდიდარი იყო, მდიდარი, სიმდიდრე-შეუზომელი, შეუწონელი, მაგრამ არ გავყე; არც პირობა მიმიცია, ჩქამიც არ დამიძრავს!

– ეგ შიოლა ვინღა იყო, როდის ცხოვრობდა, წარღვნის აქეთ, თუ წარღვნის იქით? – იკითხა ლურჯთვალებამ.

– ღვრნა შენ და წარღვნა! – გაალმასდებოდა ფუფალა.

– დიამც, გაგიჟებით ვუყვარდი შიოლას! დაჩოქილი მეხვეწებოდა, – ერთი დღე შენთან მამყოფა და უკვდავება დამალევინაო. არ გავყე ცოლად, მაგრამ მიწაში ვენაცვალე!

ფუფალას სიტყვით, შიოლა ორმოცი წლის წინათ მომკვდარიყო. სოფელში კი აღარავინ იყო შიოლას მახსოვარი.

– დიახამც, საქვეყნო კაცი იყო შიოლა და მაინც არ გავყევი!

– არ გაჰყევ და ახლა საუძლურეში ამოჰყოფ თავს! – დანესტრა დედაკაცებში ისევ შემოპარულმა კიტრიპარიამ; მაგრამ ისეთი დაუბრიალა ფუფალამ, რომ კიტრიპარია ბიჭი თავქვე გარბოდა.

– მგლის პირი შენ და ქორის კლანჭი! – გაადევნა ფუფალამ.

გზაზე ცხვრები ჩამოატარეს.

– ჩვენი სოფლის მთა-ბარი მთლად შიოლას ცხვრით იყო შეხურხლული. ამ სოფლის სასაძოვრე თუ სათიბი შიოლას საქონელს ეჭირა!

– ამბობენ, სხვათა მოჯამაგირობაში მოკვდაო! თუ ზღვასავით მდიდარი იყო, სხვას რად ედგა მოჯამაგირედ? – გესლიანად შეეკითხა ლურჯთვალა.

– არა, ის სხვა შიოლა იყო, სხვა გვარისა! – და ფუფალა უფრო გაზვიადებით განაგრძობდა:

– პირის მარგალიტი ეყიდნა ჩემთვის შიოლას, ოქროს ჯაჭვიც, ლალის საყურე, ბეჭედი, ყიდვით კი ეყიდნა, მაგრამ შიშით ვეღარ გამოეგზავნა ჩემთვის! სულ ერთია, არ მიიღებსო, არ მიკადრებსო!

არავინ იცოდა, მართლა თუ იყო ამქვეყნად ფუფალას მიჯნური შიოლა; მართლა ოქროს ჯაჭვს უგზავნიდა თუ არა?

– აბა, რა კაცი ყოფილა შენი შიოლა, – მეცხვარე კაცი, წვერჩამობანდული, ქაცვისაგან ჩამოგლეჯილი, წვიმა-ავდრისაგან ჩამოსველებული, ჩამოღარული! წავიდა შიოლა, მაისის წყალი დალია! რას მისტირი, რას გამოელოდები? – არა ცხრებოდა მურწა.

– მეცხვარე კი არა, ცხვრის პატრონი იყო! – შეუსწორა ფუფალამ.

– ჩინჩალა ყოფილა, თურმე, ბეჩავი, უამური! – წამოედავა პირსიცილით ყელმძივიანი ქერა პირბალიშა.

– მიწამ კი დაგიკეტოს კარი, შე ულხინებელო! ფრინველს მიჰქონდეს შენი თმები თავისი ბუდისათვის! – წამოიკლაკნა ფუფალა და ხელთ ქვა აიღო. გოგო გაიქცა, ფუფალას ქვა შერჩა ხელში.

შერყეული, გულზე ეკალდასხმული იდგა ფუფალა და ფიქრობდა: ეჰ, რამდენი ბოროტი ადამიანია ქვეყანაზე?! ამოსწყდეს მათი ფესვი და ნაშენიო!

– აი, შე ეშმაკის დანარჩენო, – და წამოვიდა ამტუტებული, შებეზრებული ფუფალას მეხმფრქვეველი სიტყვები.

ფუფალამ დამშვიდებაც უმალ იცოდა. გაშფოთებული მალე დაწყნარდებოდა:

– დახეთ, დახეთ, სად გადამიბნელა დღე! სად გამიტეხა ნათელ-მირონი. ამ ბაბაჭუა ფეიქარმა!

და როდესაც ზემოდან ისევ ჩამოიარა მურწამ, წყრომის ნისლყრილმა ფუფალამ ასე მიმართა:

– ბოლოს და ბოლოს, მიწა ვართ, დავითრგუნებით! მაგრამ, ძმაო, გენაცვალოს შენი დის თვალები, ჩემო ჩამოქნილო სანთელო, რათ უნდა მაწყენინო? არა გრცხვენიან, რომ ამ მიწაზე დადიხარ?

მურწამ ფეხი გადადგა წასასვლელად.

– არა, არა, ჯერ ვერ წახვალ, ჯერ გული გამიმთელე ეჭვიდან, თუ არა და სიკვდილზე წილი ვიყაროთ: ღმერთმა გაგვასწოროს ის იყოს ნების მყოფელი!

– ხმალი ხარ, ამოღებული, მძინარე ლომს გააღვიძებ! – ჩაიჩურჩულა მურწამ.

– ნამტკივნი გული ლაპარაკობს, განა მე! – ლმობიერებით ეუბნებოდა ფუფალა, – სალბუნი მომეცი, სალბუნი, რომ დავშმვიდდე... სულ ვარდს მოგაშლი, ოღონდ სალბუნი მომეცი!

– გულის ძმა ხარ! ერთად ვართ შეზრდილები. ვერაფერი გამიგია, ტვინის ძაფი დამექსაქსა. რათ უნდა მაწყენინო, შე უღმერთოვ! თუ ჩემგან რამე გეწყინა, გული გავიწმინდოთ, ვთქვათ ყველაფერი თავწაყრით, ბოლომდე ვთქვათ და გავათავოდ!

– სალბუნი მომეცი, სალბუნი! – ემუდარებოდა თავდახრილი, მიწას ჩამცქერი ფუფალა მურწას. მაგრამ მურწა უკვე გაპარულიყო. ისე გართულიყო ფუფალა თავის მჭვრმეტყველებაში, თავი როცა აიღო, მურწას მაგიერ-მოღიმარე ახალგაზრდა ქორია იდგა მის წინაშე.

– ეს ვიღაა, საიდამ მოთრეულა?

– წიწმატის ტოტზე ვიჯექი, წიწმატის ტოტი მომიტყდა! – წამოიძახა ქორიამ.

– რაო?

– შენი კუბოს ფიცრის სათლელად ვიყავი, ახლა მოველი, რომ კუბოს ზომა აგიღო, ხომ გაიგე? – თავხედად ჩაუმარგალიტა ქორიამ. ფუფალა გაფოთდა, მაგრამ ყური მოიყრუა.

– ჰო, ეს შენა ხარ, მუცელავ, ქორო, ბორიაქარო, სოფელი რომ გააციე! – შეუცეცხლა ფუფალამ. ქორია ხომ განთქმული ქურდი იყო, მტაცებელი! და თანაც ფუფალას უტიფარი მწვალებელი! – ისევ თავიდან დაიწყო ფუფალას წამება.

მზე ჩადიოდა... ასაღამურდა... ბინდი დაეცა სოფლის შარას.

– უფალო, შენ დამეხე, დაწვი, დანაცრე ჩემი მტერ! უძილო მატლი სჭამდეს ჯოჯოხეთში! – იძახოდა დაღლილი წამებული.

შარაზე ნახირი გამოჩნდა. დედაკაცობა წამოიშალა.

ფუფალაც წამოდგა, ჩააცქერდა ნინუცას და უცბად ორივე ხელით შემოეხვია. ზოგნი იქვე დარჩნენ ცნობისმოყვარეობით.

– ნინუცი, ერთი უმფარველი გოგო ვარ, ხომ გამიკითხავ, როცა მოვკვდები?

ნინუცა შეკრთა, რას ამბობო, და მიესიყვარლა.

– არა, ხომ დამიტირებ შენი ლამაზი თვალებით? ნამდვილი ცრემლით, გულის ატირებით, ხომ ლოყას ჩამოიხოკავ, ჩამოიკაწრავ?

– რას ამბობ, უწინამც შენ დამაყრი მიწასა! – ამბობდა სახტად დარჩენილი ნინუცა.

დედაკაცობა შეხორხლდა...

– აბა, სიტყვა მომეცი, რომ ჩემზე თმას გაიშლი, ჩემზე შავს ჩაიცვამ, ჩემს კუბოზე დაახლი თავს! – და ფუფალა აზუზუნდა, ატირდა, აქვითინდა ადუღებული გულით, ცრემლდასხმული თვალებით. ნინუცა ტიროდა, დედაკაცებმაც ცრემლი გაშალეს. გასათხოვარი გოგოები იკბინებოდნენ.

– ოჰო, ძუძუთა ნუკრს დამიხედეთ!

– ჩემო მიწის დამყრელო, ჩემო დამსუდვრელო, ჩემო მოკეთევ, სულ ლექსით დამიტირე, შენ გენაცვალე, ცრემლში გატარებული სიტყვებით! – იხვეწებოდა თავმორეული, ყველასაგან გარიყული, უშტოვო ხესავით მარტო, ყინვა-სიცხეში ჩამომწვარი ფუფალა.

– სულ ცაში ადიოდეს შენი ტირილი. ხომ იცი, უპატრონო ვარ, ლიტაო. არავინა მყავს გულშემატკივარი! – კანკალებდა აძაგრული, საყელოცრემლიანი, ლოყაზე კურცხლმიწებებული, მინაცრებული ფუფალა.

– ცრემლის ღვარჩქერს დაგიყენებთ, თუ გინდა დანჩქერსაც! – ფრუტუნებდა ლურჯთვალასთან ერთად მზევარდამომავალი პირბალიშა.

თავდადრეკილი, გადასვენებული, ღონემიხდილი ფუფალა კუნძზე იჯდა გულგადალეული და ლიტრის წყლით აბრუნებდნენ.

ბოლოს, როგორც იყო, დაშოშმინდა ფუფალა. ნინუცა არ მოშორებია. შინ უნდოდა წაეყვანა, მაგრამ ხეპრე ქმრისა ეშინოდა, ორივეს კარში გამოგვყრისო, გაიჯეჯილებსო, სად მაქვს მაგის შესანახი ლუკმაო!

ბოლოს კიტრიპარია ბიჭმა ხმამაღლა დაიძახა დაშლის ნიშანი: ჩიტმა თავის ბუდე იცისო!

კიდევ ერთხელ მიესაყვარლა ნინუცა ბოდიშით და შინისკენ გაეჩქარა.

მეპურმარილე არავინ გამოჩნდა.

ბინდი გამუქდა... ფუფალამ გაშალა ქოლგა და ლასლასით გაუდგა გზას. საით? თვითონაც არ იცოდა!

ბინდში გაშლილი ქოლგა რომ დაინახა, – მზე არ მოგეკიდოსო, – გესლიანად მიაცეცხლა ქარცეცხლამ.

– ხედავთ, ციცინათელა თავის შუქს მისდევს! – დასცინა ლურჯთვალამ.

– ჭრელო პეპელა, გაფრინდი ნელა! – მისძახოდა პირბალიშა.

– იცით, რა საიდუმლოს გეტყვით? – ბოროტიანმა ქარცეცხლამ დიდმნიშვნელოვნად პირზე ხელი მიიდო და გარინდდა.

– გვითხარ, შენი ჭირიმე, გვითხარ, თავს შემოგევლე! – შემოეხვივნენ დარჩენილები, მაგრამ ქარცეცხლა ასე იოლად როდი გაიმეტებდა საიდუმლოს.

– იცით რა?! – იძახდა ხმაშეკიდებით.

– ჩქარა, გვითხარი, თორემ შინ სახრეს ვერ გადავურჩებით!

ბოლოს ქარცეცხლამ, როგორც იყო გაამჟღავნა დიდი საიდუმლო:

– ისე არა ყოფილა შიოლა ამქვეყნად, როგორც მე არა ვარ ეხლა დედოფალი! – წარმოთქვა ჩამარცვლით.

– როგორ, შენი ჭირიმე, ეს როგორ? ელდანაკრავივით ეკითხებოდნენ ქარცეცხლას, – წმინდა გიორგი, შენ გვიშველე!

– ისე! სულ ფუფალას მოგონილია! შიოლა არცა ყოფილა ამქვეყანაზე, არც არავის უნახავს... ისევე, როგორც მისი წამლები!

– იმ ჭრელ ბოხჩაში მართლა წამლები კი არ უწყვია! არა, საყვარლებო, ჩემო სიცოცხლეებო, – აგზნებით ქაქანებდა ქარცეცხლა, – ფერუმარილი ულაგია, გუნდა, ლახუსტაკი, ზირა, ქარვახუთო, ზეთები, სახეს რომ ითითხნის ყოველდღე, სილამაზის ნაკვალევი მაინც შევინარჩუნოო! რომ ჩაიკეტება ხოლმე, განა მართლა წამლებს ამზადებს. ჯერ ნებივრად გამოიძინებს, მერე ჯიბის სარკეს დაიდგამს წინ და თავს ილამაზებს...

– უყურეთ, მაგ პეწენიკს, თვალთმაქცს, როგორ გვატყუილებდა! ერთი უყურეთ! – ვიშვიშებდნენ დედაკაცები. ლურჯთვალა და პირბალიშა ზეიმობდნენ, ყველაზე მეტად კიტრიპარია ხტოდა გახარებული.

ფუფალა მიჰფარდა იქვე ორღობეს მოსახვევში თავის ქოლგით, ბოხჩითა და თექვსმეტნაჭრიანი კაბით. მიდიოდა პურუჭმელი, დაბეგვილი, მოთუთქული, დაქოლვილი, ნაწამები, და არ იცოდა, რომ უკვე გაცემული იყო ყველა მისი დიდი საიდუმლოება, რომ ხვალიდან უკვე მზადდებოდა მისთვის გოლგოთა, ახალი ჯვარცმით...

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined15 Aug 2007
Posts767
კარმა0
OFFLINEPROFILE
იყიდება საქართველო. მინდორ-ველით, მთა-გორით, ტყით, ვენახით, სათესით; წარსულის ისტორიით, მომავალი სვე-ბედით; მშვენიერის ენით; ნაქარგი ფარჩა-ხავერდით; ვაჟკაცურის ხასიათით, სტუმართ-მოყვარეობით; დიდებულის სანახაობით, წმინდა ჰაერით; ნაამაგევი სახლით და კარით; ჩუქურთმიანი მონასტრებით და ეკლესიაბით; მჩქეფარე ნაკადულებით; ლურჯის ზღვით; მოწმენდილ-მოკაშკაშებული ცით; ერით, ბერით; თვალწარმტაც ბანოვანთა გუნდებით; გონებაგახსნილ ვაჟებით; მალხაზი ბავშვებით; ვერცხლისფერ თმით შემოსილ პატივსადებ მოხუცებით. იყიდება საქართველო დედით და მამით, შვილით და ძირით, ძმით, დით, ცოლით და ნათესავ-მოყვრებით.

ჰყიდის ყველა: თავადი, მღვდელი, ვაჭარი, ავაზაკი, დიდი და პატარა, ჭკვიანი და სულელი, ლოთი და პირაკრული.

იყიდება ყველგან: ქუჩაში და სახლში, თეატრში და სასამართლოში, სასწავლებელში, სატუსაღოში, ეტლში, მატარებელში, დილით და ღამით, სიცხეში და სიცივეში, დარში და ავდარში.

იყიდება ერთიანად: შავი ზღვიდან კასპიის ზღვამდე და ოსეთიდან სპარსეთამდე. იყიდება ნაწილ-ნაწილ: კახეთი და იმერეთი, ქართლი, სვანეთი და სამეგრელო, გურია და ლეჩხუმი, რაჭა და ჯავახეთი. იყიდება პატარ-პატარ ნაჭრებათ, ვისაც რამდენი სურს და როგორც უნდა: ნისიათ, უფასოდ, ნაღდად, დროებით და სამუდამოთ; ბანკის დახმარებით და ჩვენის საშუალებით.

იყიდეთ ბარემ მთლად, გაწეწეთ და გაგლიჯეთ, რასაც საქართველო ერქვა და რაც დღეს ოხრად დარჩენილი აძღებს ყორნებს და გულს უკლავს უძლურ ჭირისუფალს!

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined07 Dec 2007
Posts1394
კარმა87
OFFLINEPROFILE
ჯერ ამაი დავწერ, მერმე იმ დაწყებულსაც გავაგრძელებ.

-მოდი მიხავ, დაჯექ, რაი დადიხარ დაკარგული ინდაურივითა? ხო ვიცით, რო ვენახი მოკრეფილიცა გაქ და გაჩეხილიც, ღვინო გადაღებული გექნება, ქათამი შენ აღარა გყავ და ღორი, მოდი, ჩამოჯექ, პოლიტიკაზე მაინც ვიჭორაოთ.
-პოლიტკის მამგონი დედაც, ფინთი პოლიტიკოსებისაცა და თუ თავ არ დამანებებთ,თქვენსასაც ზედ მივაყოლებ.
-აეგრე კაცო, ვიჭუკჭუკოთ რა, გულ გადავაყოლებთ. სანამ ცოტაი შავხურდებით, ბიჭები პურმარილ მაიტანენ და
მემრე უფრო გატკბება ლაპარაკი, ხო იცი, ღვინომ ტვინი გაფხვიერება იცის?
-ვინ ბიჭები მაიტანენ?
-ვინა და, წერტილაანთ კოლა, ფაციფუცა ვალიკო, გადაბმული გოგია, კომბლე ომარა...დანარჩენი კიდე,
აქ დავხვდებით.
-კარქი, ჰო, ეგრე იყოი...
-ჰო და ეგრე. იგრე ვაარ ჩემო მიხავ, იმ შენ სეხნია მიშაზე გაბრაზებული და გულმოკლული, აღარ ვიცი, რა ვქნა.
კაცოო,მაგან რო იმ ცხონებული დავით აღმაშენებლის საფლავზე დაიჩოქა და ფიცი დადო, ცრემლით გეემსო თვალები, იმი შამყურე, მე ხო ვზლუქუნებდი, ბალღებიცა ბღაოდნენ და ჩემი დედაკაცი ხო... მოსაბრუნებელი გახდა.
თავიდან კარქა დაიწყო, იმაი ეცა, ამაი ეცა, გზებ მიხედა, ი რაღაც ფასადებია თუ მანსარდებია, ისენი შააღებინა, იმ
ბალღებს საკატაო, რა ოხრობა ჰქვიან?-ისინი გააკეთებინა...
-ფანტანები არ დაგავიწყდეი, იქაც იმი მამგონის დედაც შვარცხვინე, ისინი რო ვნახე-გამახსენდა, რო ნახევარ კახეთ არც სასმელი წყალი აქ და არც სარწყავი, რაც გინება ვიცოდი, სუ შამამეხარჯა, მაგრამ ეგ უშველის წამხდარ საქმეი?!
-აგე, ჩვენი ბიჭებიც მოდიან! შავიდეთ ფუსფუსა ნუგზარას ეზოში, კაკლიქვეშ დავსხდეთ და მოულხინოთ.
ნუგზარაი ცოლ რა გული მოუთმენს, რო ერთი გრიპიანი ქათამი არ დაგვიკლაი? გაზეთში ეწერა,მოხარშული საშიში არ არისო!
-ფუსფუს, გამო ბიჯო, სტუმრები მოგივედით, გაიგე კაცოო?-ნუგზარ-თქო, მეტსახელ ნუ ეძახი, არ გაგვიბრაზდეს.
-რათ უნდა გაგვიბრაზდეს, ჩვენ ხო არ დავარქვით, ბალღობიდან ეგრე ჰქვიან, რითია ფინთი ფუსფუსა?
-სულ ერთთავად ფუსფუსებს, საქმიანობს და იმიტომა ჰქვიან. აგე, გამობრძანდა თავადიშვილი.
-აემანდ, შენი კაკლი ძირში რო დავსხდეთ, უარ ხო არ გვეტყვი, ნუგზარ? თუ ჭკვიანად იქნები, შენც დაგპატიჟებთ.
კაი პური არა ვჭამოთ მამაძალი?
-მოდით კაცო, მაგაი რა ნებართვა უნდა? შამოდით, ერთ-ორ ქათამ მეც დავკლამ, სანამ თითონ დაიხოცებიან.
-ნუგზარ, გრიპიანები არიაან?
-გრიპიანები არა, ტყლიპიანები, ვერა ხედამ, რა ყოჩაღად არიან? ნათეელ! გამო ერთი გამაანათე... და სუფრა წამაიღე მაგიდისთვინ.

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined07 Dec 2007
Posts1394
კარმა87
OFFLINEPROFILE
-აჰა ესეც ესე! მაიტა წერტილ, რაცა გვააქ და დააწყე სუფრაზე, დანარჩენ ღმერთი მოგვცემს. კოლა, შენ სალათა დაჭერი
და მარილ ვალიკო მააყრის, ხელები რო უკანკალებს, უფრო კარქა გაანაწილებს.
-კომბლე! მაიტა, ჩამაასხი ეგ დალოცვილი, თორე რო გამახსენდება ყურძნი ჩამბარებელი არავინ არი, გუნება გამიფუჭდება და აღარაფერიც აღარ მინდა მემრე.
-მიხავ, თქვი რამე კაცო, შენ კაი თამადობა იცი, არაფერი გამოგრჩება სათქმელი.
-მე რათა კაცო? ვის ეზოშიცა ვსხედვართ, იმაი ერგება თამადობა, სიტყვაც კარგი იცის, სიმღერაც და ლექსებსაც
ჩააყოლებს შიგადაშიგ! ნუგზარაი გაუმარჯოს, აი ამ ეზო-კარმიდამოს და ნუგზარაი ოჯახი შემადგენლობაი.
-გაუმარჯოი! აბა, ერთხმად ბიჭებო, ერთხმად!
-თქვენ მოსვლასა და ჩემ დახვედრას გაუმარჯოი, დიდი მადლობა, რო მოხვედით და დამაფასეთ, თორე ჩვენ
მთავრობასა, ხალხიც ფეხებზე ჰკიდია, ვენახიც, მარანიც და სოფელიც! მაგათ იმოტოლა ფული აქვთ, აღარ იციან,
სად რაში დახარჯონ, ჩვენსავით პური ფულ კი არ ეძებენ. ისევ ჩევენ უნდა ვცეთ ერთმანეთს პატივი.
-გეყო ნუგზარ, ახლა შენებურად თუ შაუბერე და მთავრობასა და პარლამენტ მამაპაპურები უგზავნე, პური ჭამა არ გამოგვივა, ეგ იქნება მიტინგი, იქაც იმ მიტინგის მამგონი დედაც შავარცხვინე.
-თქვენ დალიეთ და მე ვიცი, რასაც ვიტყვი. რასაც ჩვენ შიგადაშიგ საყვედურს ვამბობთ, ეგ პოლიტიკა კი არ არი,
დღევანდელი ჩვენი დუხჭირი ცხოვრების აღიარებაა. მაშ გლეხკაც საჭმელ-სასმელი უნდა გაუჭირდეი, კაცო?
კარგი, ყურძენ მაიყვან კაცი, ბოსტნეულ მაიყვან, პურიც შეიძლება, რო შენი გქონდეი, მაგრამ, როგორა? აკი მიწაი მოხვნა და სათესლე მასალა უნდა! ფული?! ან ტრაქტორისტ რა თავი დედისა მივცე, ან საწვავი როგო ვიყიდო, ან თესლი. ეგაც არ იყოს, შაქარს, საპონს, სარეცხი ფხვნილს, კბილი პასტაი ბოსტანში ხო ვერ მაიყვან! გზის ფული?!
ამას წინათ ჩემ დედაკაც მაჩხაანში გვრიტივით მამიდა მოუკვდა და ვერ წაველით, ფული არა გვქონდა.
-ნუგზარა მართალია!-სოფელი რო მთავრობაი ფეხებზე ჰკიდია, ეგ მაგათი მოსვლის პირველი დღიდანვე შეეტყო.
მაგათ რო ჭკუა ჰქონიყოთ, სოფლის მეურნეობითვინ უნდა შეეწყოთ ხელი. კაცი რისი მაქნისია?!, ან უმუშევარი კაცი, კაცია, კაცო?! ვინ ჩემი ფეხებია უმუშევარი, ჯიბეგაფხეკილი, უსაქმური კაცი?
-ვინ და არავინ. ბალღები რო მშივრები, ჩაუცმელ-დაუხურავი, უწიგნებო და უჩანთო გყავ, ვინ ჩემი შარვლის ტოტი ხარ-ჰა?!
-ჰო კარგი კომბლე, კარგი, მართალი ხარ მაგრამ დააცადე ნუგზარას იქნებ რამე გულის ასაჩუყებელი გვითხრას.
-მე გულის აჩუყება მაკლია, ბიჯო? რო მითხრეს, კილო ყურძენში 18 თეთრი უნდა მოგცეთო, კიდე კაი, რო ვიჯექი, თორე წავიქცეოდი. ჯერ ხო იქ ვაგინე მკვდარი და ცოცხალი, მემრე ჩავედი ვენახში, ჩავიტანე წალდი, ერთი პირობა იქაც ვიგინე, მემრე ვენახი გამოვიტირე-უნდა მემეჭრა, მაგრამ იცით რა გამახსენდა?-თურმე ის აძაღლებული შაჰ-აბასი რო შემოსევია საქართველოი, ჯერ ხო ვენახები გაუჩეხიათ, მემრე იმ მევენახეებ დარევიან და ისინიც ჩაუხოციათ. ერთ სულგანათლებულ გლეხს, სანამ თავს მააჭრიდნენ, ვაზის ლერწი შემოუკვრია ქამარივითა და, რო დაუმარხიათ-ორი ბარი პირზე, ვაზს ფესვი გაუდგამს და მტრის ჯიბრზე, უფრო კარქი მტევნები გამოუბია, ვინემ მანამდე ესხა.
მოდი, იმ კაცის ჩაფერფლილი ძვლებისა და იმის მოსაგონარი დავლიოთ.
-ვაა!-ე რა კაი რამე თქო კაცო, ცრემლ ვეღარ ვიკავებ, გაუმარჯოი იმი სულსა და იმი ძვლებსა, ამინ!

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined07 Dec 2007
Posts1394
კარმა87
OFFLINEPROFILE
-ნუგზარ! მაინც გადავცვივდით პოლიტიკაში და ერთი რამე უნდა გკითხო, აემ ჩინელებს რო ასახლებენ საქართველოში, ამაზე რას იტყვი?
-რას ვიტყვი კი არა, ვინც მაგათ აქ ფეხი შამაადგმევინა, მე იმის ნამუსი შავარცხვინე. მაგათ აქ რა უნდათ კაცოო?!
ეგრე თქვეს, რო 40 00ო ათასი არიანო, არ ვიცი, მაგდენი თუ იქნებიან, თუ არა, მაგრამა, ორმოციც რო იყოს, ცოტაა?!
10 წელიწადში ერთი მილიონი გახდებიან, მაგათ დედაკაცხელი რო მამაართო, "გატოვია", ცხრა თვის თავზე ბალღ გააგორებს.
-აბა თამადა ფეხზე დგას და მოუსმინოთ, იქნებ რამე გულის გასახარებელი თქოს.
-კარგით ჰო, ოღონდ სიჩუმეი იყოი. რაზე ვთქო, სასაცილოები თუ პოლიტიკურები?
-ჯერ პოლიტიკურები, მემრე სასაცილოები, რო გულში ბოღმა არ ჩაგვრჩეი.
-მაშ წავიდა.

ცეცხლად ექცეს გამოცლილი
რქაწითელის სავსე თასი,
ვინც არ იცის კახელ გლეხის
შრომისა და გარჯის ფასი.
პაპაჩემთან დავიგულე
უნამუსო ყველა ერთად,
ვინც ყურძენი შაგვიფასა
კილოგრამი თვრამეთ თეთრად.
ვინც დაცინვა გაგვიბედა, გლეხებსა და მტევნებს ცვრიანს,
მიუვიდეს წყევლა-ლანძღვა,
მართლა ჩემისთვრამეტიანს.

-კოლაი მიუძღვნი ერთ ლექსსა.

ამ ჩვენ წერტილა კოლასა,
მართლა წერტილი ტოლასა,
შვიდი შვილი ჰყავ, ვერც ერთი
ვერ დაამთავრებს სკოლასა.
ფეხშიშველები დაუდის,
როგორც ღატაკი ციგნები,
შინ პურის ფულიც არა ააქ,
რითი უყიდოს წიგნები.
წიგნები გაძვირებასა,
შენ გაბრალებენ ქაღალდო,
მე იმის დედა ვატირე,
ვინც წიგნებ ფასი დაადო.

-აბა, გვეყო მიტინგობანა. ვთქოთ რამე ჩვენებური, მამაპაპური, რო იქ იმათ სულებს მიუვიდეს, აქ კიდე, ჩვენ გულებს გაუხარდეს. მუშა კაცის მარჯვენაი გაუმარჯოს, ხარის ქედსა და ცის ნამს, ჩვენს დედაენას,ჩვენს კურთხეულ მიწა-წყალს, ვისაც ხე დაურგავს, ბაღ-ვენახი გაუშენებია, წყარო გაუწმენდია, ღარი დაუდია, თითონაც დაულევია და მადლიც ბევრი მოუსხია.
-ამინ!
-გაუმარჯოი! გაუმარჯოი!
-აბა, ახლა კაი ბანი მითხარით.

შენ ბიჭო, ანაგურელო,
თუ გაქ საკმარი პურ-ღვინო,
ღვინო ბევრი მაქ, "ზაკუსკად"
ლამის დედაკაცს უკბინო.
ყურძენი ბევრი მოვკრიფე,
ოთხ კილო ვყიდე ლარადა,
შემოსავალი არ მეყო
ვალების დასაფარადა.
ცოლ-შვილი როგორ ვარჩინო!
აკი ზამთარი დიდია,
როგორც მე ვატყობ, მთავრობაი
გლეხი ფეხებზე ჰკიდია!

-დავიშალოთ ბიჭებო.
ეგე, ახალი წელიც კარზე მოგვდგომია.

-საქმეი მივხედოთ, საქმეი.

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined15 Aug 2007
Posts767
კარმა0
OFFLINEPROFILE
იმ ცივ, დაწყევლილ, ნისლიან-ბურუსიან ქვეყანაში დავკარგე სიყმაწვილე, იმედი, სულის სიმშვიდე, თვალების ელვარება, აღტაცება, სიყვარული და სიძულვილი. ლანდივით დავდიოდი მიდამოთა შორის, სადაც ერთხელ ყოველი ბალახი ჩემთვის ამოდიოდა და ყოველი კუკური ნეტარებით მათრობდა. ხეებს ფოთლები უკვე ხუთმეტჯერ გამოეცვალა და ჩემი სურათი სრულიად დავიწყებოდა. წინათ, მათ ჩრდილში რომ შევაფარებდი თავს, ფოთლები საიდუმლოებას მზის სხივებისას ჩამფუჩუნებდა და ჩიტები გულის ნადებს მიჭიკჭიკებდენ. ახლა კი ვეღარ გავიგე მათი საუბარი. შრიალი ღრიალად მეჩვენებოდა და სტვენა ბულბულის - მამლის ყივილად. ერთი მე ვიყავ ყველასათვის უცხო, უსარგებლო. ქრისტე, მართლაც, ჯვარცმული იყო ჩემს გულში.

-----

აღდგომის წინა ღამე დადგა. არავინ მყავდა არც მოსალოცავი, არც სანახავი; არც გასახსენებლად მივეშურებოოდი სადმე. გადავდიოდი ერთი ქუჩიდან მეორე ქუჩაზე; ვშინჯავდი მტვერს; დიდხანს ვაცქერდებოდი ზოგიერთ გამვლელს; შევყურებდი მოწმენდილს ცას და კლაკვნით მიმდინარე რიონს. უმიზნო ხეტიალმა მთაზე ამიყვანა. ძველებურადვე მოღუშული ბარგატის ტაძრის ნანგრევები გადამეღობა წინ. ვარსკვლავებით მოჭედილ ცის ლიტანიას შეუერთდა ლიტანია ქვეყნად და ცეცხლის წერტილები ორკეცად აციმციმდა. საზარი იყო ჯვარცმული ერის მხიარული ღაღადისი ჯვარცმული ქრისტეს აღდგომის გამო. თვალი მოვერიდე.

გავყევი კედელს. მივარდნილს ადგილს ვიღაცა დაყრდნობოდა ნანგრევს და ლოცულობდა. გულმხურვალი და ჩუმი იყო ლოცვა; სახეს ვერ ვხედავდი მლოცველისას, მაგრამ მთელი სხეულის მოდუნება, ღრმად დახრილი თავი, გრძელი ლონდეთ დაშვებული თმა, ხელები, რომელითაც კედელს მიყრდნობოდა, მიმტკიცებდა მლოცველის ტანჯვას, სასოებას და იმედს. ორიოდე მის სიტყვას მოვკარ ყური:

„ღმერთო, აღადგინე... ღმერთო, მკვდრეთით აღადგინე ერი და მიეც ძალა და სიმხნე!“

მეც ნელ-ნელა დავეშვი მუხლებზე. იმედის შუქმა გააპო მკერდი... და ქრისტე აღსდგა მაშინ ჩემს გულში.

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined30 Nov 2008
Posts4430
კარმა0
OFFLINEPROFILE
მეხსიერებიდან ამოუშლელი წამი.
ბრძოლის ველზე, მტრის ჭურვის ნამსხვრევისაგან განგმირული, დაეცა მოწყალების და.
მისი პირველი და უკანასკნელი მოძრაობა იყო... კაბის ჩამოწევა მუხლებზე.

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined15 Aug 2007
Posts767
კარმა0
OFFLINEPROFILE
მოკვდა.

დის ნაზ ხელს არ გაუსწორებია სასთუმალი; იდუმალის მწუხარებით არ შემოუხედავს ავადმყოფის ოთახში სატრფოს თვალებს; ნაცნობებს არ მოუკითხავთ; უკანასკნელ წამს შენდობა არ მიუღია იმ მშვიდ, წყნარ ადამიანისაგან, რომლის ძალა აღარ სწამდა, მაგრამ დამამშვიდებელი სიტყვების მისგან გაგონება მაინც უნდოდა; დედას არ დაუყრია ცხარე ცრემლები.

მოკვდა უცხოეთში.

- ათასი სნეულებით იყო ავად, არავითარმა წამალმა არ იმოქმედა, - იმართლებდა თავს ამხანაგთა წინაშე ექიმი.

ცხედარი გაჭრეს. პროფესორმა ხელები ჩამოუშვა და გაკვირვებულმა წამოიძახა:

- შეხედეთ, ბატონებო, ეს რა ამბავია?! ერთმანეთს შესცქეროდნენ.

- ბატონებო, გული, გული, სადღაა?

გულის მაგიერ ფეფრფლიღა დარჩენილიყო. დეპეშით გაგებული უბედურებისაგან თავზარდაცემული დედა შევიდა საყვარელ შვილის ობლათ დატოვებუ; ოთახში ქვითინებდა: ასე გამომიმეტე ქვრივი ოხერი? სადაა შენი კარგი გული, ამდენის ვაით და ვუით რომ ჩაგიდგი საგულეში?

კედლიდან პატარა რუქამ გასცა პასუხი:

- მე დავაჭკნე!

- მე დავწვი! - გახმაურდა სურათი მაგიდაზე.

სიტყვები არავის გაუგონია.

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined22 Dec 2008
Posts636
კარმა0
OFFLINEPROFILE
ხელის ფათურით მონახა ლევანა თერძმა კარების გასაღები, შეჩერდა, რაღაც გადაწყვიტა და კარები გააღო. სუფთა ცივმა ქუჩის ჰაერმა, თითქოს შიშით დაიხია უკან და გზა მისცა შმორის და ოფლის სუნით გამსჭვალულს ოთახის ჰაერს.
- ქალო, გზა გამიკვლიე, ვერას ვხედავ!..
- ჩუუ!- იმავე წამს უპასუხა ვიღაცამ,- მოიტა ხელი აბა. ბავშვები როგორც იქნა, დავაძინე,- ჩურჩულით ეუბნება დამდომი,- ეცადე ლოგინის კიდეზე მოეთავსო, ბავშვები კედლისკენ დავაწვინე.
- სუფრასთან მიმიყვანე, რომ გაიღვიძონ რაღა ვქნათ... არაფერი მომიტანია, ქალო!
- რატომ?- ყრუდ ჩაეკითხა ქალი.
- რატომ? რატომ? რატომ და თვალი აღარ მიჭრის; ჩემი გავლებული გვირისტი სულ დასარღვევი გაუხდათ. დუგმები უკუღმა დავაკერე. გამლანძღეს, გამათრიეს და ისე გამომიშვეს... სამართლიანადაც. რათ ჩავდგი შენს ცოდვაში ფეხი. რათ მოვიკიდე მისუსტებულ ზურგზე სამი ადამიანის სვე-ბედი. მთლათ დავბრმავდებოდე მაინც... თავშესაფარში მიმიღებენ.
- არაფერია, კაცო, ნუ გმობ ღმერთს..
- არ ვგმობ, პირიქით, თაყვანსა ვცემ მის კანონს... ღირსი ვარ, მე ყველაფრის ღირსი ვარ, მაგრამ თქვენ... თქვენ? ხვალ ძაღლებიც კი ხორცით გაძღებიან; ზოგს გადაუგდებენ, ზოგიც მოიტაცებს... თქვენ კი? ნაცრიანი მჭადი მაინც გქონდესთ.
- დედა, მოვიდა მამა?- კვნესის მისუსტებული ბავშვი...

ბრმა თერძის ავადმყოფ თვალებს სწვავს ცრემლები.

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined30 Nov 2008
Posts4430
კარმა0
OFFLINEPROFILE
«ძვირფასო თამარ! გახსოვს, საქართველოს მუზეუმში რომ გიჩვენე პალიმფსესტები... შენ იმ დღეს უყურადღებოდ მისმენდი... პალიმფსესტი ისეთი ეტრატია, რომელზედაც ოდესღაც რაღაც წაუწერიათ, მერე ეს წაუშლიათ, სხვა დაუწერიათ, ასეთ ეტრატს სინათლეზე რომ გახედავ, ძველსაც შეამჩნევ და ახალსაც... ასეთი პალიმფსესტია ჩვენი სულიც. ვიღაც მოდის, აწერს და შლის. აწერს და შლის...»

კონსტანტინე გამსახურდია

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined15 Aug 2007
Posts767
კარმა0
OFFLINEPROFILE
სილამაზეს დიდებულს ხანდახნა სჩვევია შიშისმომგვრელი ზეგავლენის მოხდენა. მხოლოდ თავხედი არ ეკრძალება მას ასეთ წუთებში (ამიტომაც ულამაზესი უმამაცესს კი არა, უთავხედესს შეხვდება ხოლმე).

ზოგიერი კაცის ცხოვრება უნიჭო მწერლის რომანსა ჰგავს... ბოლომდის ჩაათავებ და ასე იტყვი: ნეტავ არ წამეკითხაო.

კეთილო ფრაუ, თქვენ ევროპელები ეგოისტები ხართ, ჩვენგან მოითხოვთ გარდავიქმნათ, ე.ი. ჩვენ არ ვიქნეთ ისეთი, როგორიც ვყოფილვართ, ან ვართ. ე.ი. თქვენ დაგემსგავსოთ. და ეს თქვენ მოგდით, კეთილო ფრაუ, არა ჩვენის სიყვარულით, არამედ იმისთვის, რომ თქვენთვის უფრო ხელმარჯვე იქნება, რომ ყველანი თქვენა გგავდეთ. თქვენ ბევრი ხართ, ჩვენ ცოტა, თქვენ გინდათ იგივე უფლებით ჩაგვყლაპოთ, როგორითაც ცვარს ყლაპავს ზღვა და ლიფსიტას ვეშაპი. მაშინ თქვენ აღარ დაგჭირდებათ ჩვენი ენების შესწავლა, ჩვენი ქვეყნის გეოგრაფიული სახელების დამახსოვრება, ჩვენი თავისებური სახელისა და გვარის გამოთქმა, თქვენ ის გირჩევნიათ, ჩვენ ყველას არზაყანის, კეგვას, თარაშის ნაცვლად ჯონი, ჟანი და ჰანს გვერქვას.
თქვენ ის გირჩევნიათ, ჩვენ ჩვენი ენა დაგვავიწყდეს, თქვენ ენაზე გადავიდეთ, თქვენთვის უთუოდ აჯობებდა თქვენს ქარხნებში გაკეთებული საქონელი მოერგოს ჩვენს ტანს, თქვენს ავტომობილებს შევეჩვიოთ, თქვენი მანქანები ვიყიდოთ, თქვენი წიგნები და გაზეთები ვიკითხოთ და ჩვენზე ხელი ავიღოთ, თქვენი ღმერთები ვიწამოთ და ჩვენსას მივაფურთხოთ. თქვენი ლოცვები ვთქვათ და თქვენმა გემებმა ჩვენს ზღვებში თავისუფლად ითარეშონ და თუ ჩვენ მათზე თავდასხმას გავბედავთ, მაშინ უთუოდ მეკობრეებს გვიწოდებთ, როგორც ძველი ბერძნები. რაც შეეხება ჩანგალს, მე მანამდის ხელით ვსჭამ, ვიდრე ჩვენსავე ქარხნებში გაკეთებულ ჩანგლებს არ მომიტანენ.
ჩანგლის ხმარებაში, კეთილო ფრაუ, არც ისე დიდი ფილოსოფიაა. ჩვენ ძველ კოლხიდაშიც გვცოდნია ფიწლის ხმარება. ვინც ამას მიხვდა: ხელით მობოჭვას თივისას, ფიწლით აღება რომ სჯობია, საჭირო რომ ყოფილიყო, უთუოდ იმასაც მიხვდებოდა, ხელით ჭამას, ჩანგლით ჭამა რომ სჯობია.

რუხის ციხესთან ომი ყოფილა ოდესღაც. გაღმა ქართველები მდგარან, გამოღმა აფხაზები და თათრები. დიდხანს უტრიალეს თურმე ქართველებმა რუხის ციხეს. მერმე ფალავნურ ბრძოლაზე გადასულან. ქართველებს ვინმე ჩოლოყაშვილი გამოუშვიათ, აფხაზებს ვიღაც ემხვარი. ჩოლოყაშვილი ჭაღარა კაცი ყოფილა, ემხვარი უწვერული ჭაბუკი. და სწორედ იქ, სადაც ჩვენი ბორანია, შეხვდნენ ერთმანეთს თურმე ჩოლოყაშვილი და ემხვარი.
ემხვარი ეკვეთა პირველი და ხმლის ამოღება მოასწრო.
„რას უცდი, ჭაბუკო?“ - შესძახა ჩოლოყაშვილმა.
„უფროსისგან პირველ მოქნევას ველიო“.
გადახვევიან ურთიერთს და იმ დღიდან დამეგობრებულან.

ეს უსტილო, უწარსულო ქვეყანა, ენააღრეული ბაბილონი, თავის მრავალსართულიან ქორედზე წამოყუნცული, ამაყად გადმოსცქერის ყველას, ვისაც უოლ სტრიტი და ბრუკლინის ხიდი არ უნახავს.

ისეთი მამლებიც ბევრია ამ ქვეყნად, გათენების შემდეგ რომ ჰყივიან.

ყოველი დროის ცილისმწამებლებს კარგად სცოდნიათ, რომ ადამიანის უსასტიკესი დასჯა მხოლოდ მაშინ ხდება, როცა მას სწორედ იმაში დასდებენ ბრალს, რის წანააღმდეგაც თავად იბრძვის იგი.

თუ გსურს ღირსეულს მიაყენო ჩრდილი, უღირსის ქებას უნდა მიჰყო ხელი.

როგორც სჩანს, თქვენ (ქართველები) დიდი ჰუმანური კულტურის მატარებელი ხალხის შვილები ხართ და ჯერ არ შერყვნილხართ იმ ქაღალდის ცივილიზაციისაგან, რომელმაც ევროპა მიიყვანა ამ გრანდიოზულ კატასტროფამდის.

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined17 Sep 2008
Posts372
კარმა0
OFFLINEPROFILE
- ერთი დროზე მოსულიყავი სახლში, შაბათი შენთვის არ არის და კვირა.... გშია?
- არა, ვჭამეთ სამსახურში! ნინის ძინავს?
- ძინავს, რომელი საათია იცი?
- ვიცი, მოდი ჩაგეხუტო ერთი...
- ჩამეხუტო კი არა და ცუდად ვარ, ვაი რა მეშველება?!
- რა გჭირს?
- შეყვარებულია გოგო, ვაი, ვაი, ვაი...
- შენ ახლა ცოტა დასტოინად! ვინმე შეგიყვარდა?
- სულელო, მე კია რა შენს საყვარელ ქალიშვილს შეუყვარდა...
- ვინ შეუყვარდა?!
- მსუქანა ლაშა!
- ვინ არის მსუქანა ლაშა...
- ამხანაგია, ერთად ზიან მერხთან.
- შენ რა იცი რომ უყვარს...
- დავიღუპე! უყვარს...
- შენა შენს `მატორზე~ არ ხარ... მაიმუნობენ ალბათ ბავშვები...
- რას მაიმუნობენ, იცი მაგათ პარალელურ კლასში ბიჭს გოგოსთვის ტუჩებში უკოცნია...
- პირველ კლასში?
- ხო პირველ კლასში, იცოდი?
- მე საიდან უნდა ვიცოდე, სამსახურში სულ იმაზე ვფიქრობ ნინის პარალელურ კლასელები სად კოცნიან ერმანეთს?!
- სულ შენი ბრალია! როდის დაგხვდა ბოლოს მღვიძარი, გახსოვს?! მონატრებით არ გენატრება მაინც?!
- მომიყევი ერთი რა ხდება?
- ეს ლაშა ნინის გვერდზე ზის სკოლაში... ჰოდა არ დადიოდა 10 დღე... მერე იცი რა მითხრა ნინიმ ცოტა ხნის წინ?
- რაო?
- დედა, რა კაია ლაშა ათი დღე არ მოვა სკოლაშიო.... ამ ლაშას ჩუტყვავილა ჰქონია და ათი დღე ვერ მოვაო დედამისს დაურეკავს დამრიგებლისთვის... ნუ, კაი, არ მივაქციე ყურადღება!
- მერე?
- თურმე პირიქით ხდება, თურმე იტანჯება ბავშვი ამ ათი დღის განმავლობაში...
- აფორმებ ახლა...
- არაფერს არ ვაფორმებ, იცი როგორ მივხვდი?
- როგორ?
- ჩემთან ხო ამბობდა, რომ კაია რომ არ დადისო და ყველაფერი პირიქით ხდება თურმე... 2 დღის მერე რომ მითხრა, ახლა რვა დღე დარჩა ლაშას მოსვლამდეო, მაშინ მივხვდი, ცუდად იყო საქმე....
- რა კაი ხასიათზე დამაყენე....
- რა გაცინებს, ა... სასაცილოდაა საქმე? თურმე დღეებს ითვლის, როდის მოვა მსუქანა ლაშა სკოლაში...
- მერე?!
- მერე კიდე ორი დღის მერე რომ მითხრა, დღეს უკვე ექვსი დღე დარჩაო, კინაღამ თავში შემოვირტყი ხელი... თან იცი რას მეუბნება, შენ ხო მსუქანა იყავი, პატარა რომ იყავი?
- ხო...
- ეს სურათები ხო სულ ზეპირად იცის ნინიმ?!
- კი.
- ხო იცის რომ მე მსუქნები არ მევასება.... იცი რას მეუბნება? დედა, ბებოს მოეწონა მამა რომ ნახაო? ანუ იგულისხმა, ბებოს თუ მოეწონა მამიკო, შენც ლაშა მოგეწონებაო! მერე აგრძელებს, დედიკო, ნუ გეშინია, გახდება, ჩემთან ერთად ივლის ვარჯიშზე, მე მხატვრულ ტანვარჯიშზე, ის სპორტულზე და კაი კუნთები ექნებაო... ვაი რა მეშველება...
- შენ როგორი სიდედრი იქნები, წარმოდგენილი მაქვს უკვე..
- მშვენიერიც ვიქნები... თბილი....
- გეტყობა!
- დავიღუპე კაც...
- რა იყო, კიდე ხდება რამე?
- დღეს გასულა ათი დღე და მოსულა სკოლაში მსუქანა ლაშა... ხოდა ნინისთვის თოჯინა მოუტანია საჩუქრად.... ვაი რა მეშველება...
- მერე რა არის მაში ცუდი... მომწონს ეს მსუქანა ლაშა...
- მოგაწონებ მე შენ... ცუდი ის არის რაც ნინიმ მითხრა სახლში მოსულმა?
- და რა გითხრა?
- დედა ნახეო, თურმე ლაშასაც ვახსოვდიო, მე კი მეგონა არ ვუყვარდიო, სულ მაბრაზებდა და წერას მიშლიდაო...
- უყურე შენ, ვანახებ მაგას როგორ უნდა წერაში ხელის შეშლა...
- გაიცინე ხო გაიცინე... დღეს კიდე ლაშას დედა მირეკავს და ორ იანვარს ლაშას დაბადების დღეაო და ნინის და მე გვეპატიჟება... მანამდე კიდე ნინიმ მითხრა, ლაშამ დაბადების დღეზე დამპატიჟაო... ვაი რა მეშველება! კაც, ერთი წუთით, ტელეფონია...
- კაი, ვიბანავებ მე...

* * *

- კაც, რამდენი ვიტირე ახლა იცი?
- რა გატირებდა...
- ლაშას დედა რეკავდა... ლაშა ურეკავდა ნინის და ნინის ტელეფონი რატო აქვს გამორთულიო, მეკითხება. ძინავს-მექი, თან მინდოდა მიმეხალა, ქალბატონო იცით რომელი საათია-მეთქი, მაგრამ ვერ ვკადრე მაინც, მომერიდა. მერე იცი რას მითხრა? ჩუტყვავილა რომ გამოაჩნდა პირველი დღეები მაღალი სიცხეები ჰქონია ლაშას და აბოდებდა თურმე და სულ ნინის ეძახდა...
- უყურე შენ...
- კაც, ძალიან მსუქანიც არ არის! სიმპატიური ბიჭია...

:) :) :) :) :) :) :) :) :)

ციტირება პასუხი
   
User avatar
სტუდენტი მეზობელი
სტუდენტი მეზობელი
Joined06 Jan 2009
Posts20
კარმა0
OFFLINEPROFILE
ვაკის ჩიხში მილიციამ იპოვა მოხუცებული ქალის გვამი. აცვია დახეული შავი ხამი და ძველი წუღები; გულზე ჰკიდია თითბრის ჯვარი; მარჯვენა ხელის უსახელო თითზე აქვს ხმარებისაგან დალეული ნიშნობის ვერცხლის ბეჭედი, რომლის შინა გვერდზე ნახევრათ წაშლილი ასოებისაგან ჩვენ ამოვიკითხეთ (ვერ დავადასტურებთ!) „ფილიპე“.

უცნობის გვამი გადაგზავნილია...“

შვილებს ქრონიკიერის შენიშვნა, მგონი, არ წაუკითხავთ და არც არავის უამბნია მათთვის.

ყველაზე უფრო განათლებული და თან ყველაზე უფრო ტუტუცი, შვილი ზოგჯერ ბრძნულად შენიშნავს: „მოხუცებისაგან ზოგიერთს გამოელევა მოსაზრების უნარი და მოქმედებს შეუგნებლად, მაგალითად, გაჰყვება გზას და მიდის და მიდის... ამას ჩვენში „მხარის შეცვლას“ უძახიან, მეცნიერებმა კი „მანიაკალური მდგომარეობა“ უწოდეს.

დიდებული ადამიანები უძეგლოდ იკარგებიან.

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined30 Nov 2008
Posts4430
კარმა0
OFFLINEPROFILE
ისევ ის სევდა... ისევ კვნესა, ტანჯვა-წამება,
ოჰ, სად ხარ, სად ხარ, მეგობარო, მომეცი ხელი!
ბედით ტანჯული, უთვისტომო, არ გებრალება?
არ გებრალება სიყმაწვილე ჯერ გაუშლელი?
ოჰ, რომ იცოდე, თუ რა ცეცხლი ტრიალებს გულში,
რარიგ მიშფოთავს მკერდი ესდენ დაწყლულებული,
მაგრამ, მზადა ვარ, მეგობარო, შენს სიყვარულში
სიტყვაუთქმელად, უშფოთველად დავლიო სული!

სხვები მიცქერენ, როგორც მავნე სენით შეპყრობილს
და გატაცებულს დიდებაზე ფუჭის ოცნებით...
რარიგ სცდებიან... მკერდსმოღლილს და ისრით გაპობილს
სხვაგვარ იმედით ვასხიოსნებ, სხვაგვარის მცნებით.
შენ, მეგობარო, შენ ხარ ჩემი იმედი ტკბილი...
ვერ შემაშინებს ვერცა ტანჯვა, ვერცა - წამება,
ნავს გავაცურებ... მეგობრული შენი ღიმილი
იქნება ჩემი აღთქმის მხარე და ნეტარება!

ციტირება პასუხი
   
 
+ ახალი თემა ↩ პასუხი  [ 322 posts ] 
დესპანი