|
ციციკორეს თქმის არ იყოს, მეც ბევრი მყავს მისაბაძი ხალხი, რომლებსაც ჩემს გულში უპირატესობას ვანიჭებ სხვებთან შედარებით, მაგრამ ერთი ადამიანი, რომელიც ღმერთად წარმომესახა, და 10 წელია აღარა მყავს, ეს იყო ჩემი დედა. ის იყო ჩემთვის ყველაფერი, მისი ქალურობით, სინაზით, სითბოთი, სიმკაცრით, მეგობრობით, ოჯახის ქალობით, სამართლიანობით,სიბრძნით, გამჭრიახობით, მზრუნველობით. ჩემი დედა ჩემთვის ყოველთვის მაგალითის ძალა იყო და იქნება. ეხლაც კი, ძალიან ბევრჯერ ვიჭერ ჩემს თავს, რაღაც მომენტში, რომ ეს ჩემი დედიკოს ჩვეული სიტყვაა, გამოთქმაა, მოქმედებაა.დღეს მას 84 წელი შეუსრულდებოდა, მაგრამ დედა ჩემს გულში ცხოვრობს და იცხოვრებს, სანამ მე ცოცხალი ვიქნები. ის იცოცხლებს ჩემს გულში, როგორც ჩემი ერთადერთი მთავარი ფავორიტი. თუ რაიმე კრიტიკული სიტუაციაში ვვარდები, ვფიქრობ თუ ჩემი დედა ამ სიტუაციაში როგორ მოიქცეოდა. თავისი გამჭრიახი გონებით და მდიდარი გამოცდილებით ის ყოველთვის მეუბნებოდა, რომ გამოუვალი მდგომარეობა არ არსებობს,რომლისთვისაც მხოლოდ ცივი გონებაა საჭირო.ცივი გონება, და თბილი გული. აი ასეთი იყო ჩემი დედიკოს პოლიტიკა ყველასთან და ყველაფერში და მას არასოდეს არც მომდურავი ჰყოლია და ყველა სიტუაციიდან მშვიდობიანად და წარმატებით გამოდიოდა. ყველა ჩემი კარგი თვისება მას ეკუთვნის. ჩემი დედის,- ჩემი ფავორიტის ხსოვნა მე ცხოვრების გზას მინათებს და ოპტიმიზმით აღმავსებს.
|