|
ახლა რაც შეეხება შენს „სტალკერობას“! მინდა პატარა შესავალი გავაკეთო: სტუდენტობის პერიოდში კიევში სტუმრად ყოფნის დროს შემთხვევით ვნახე ანდრეი ტარკოვსკის ფილმი „სოლარისი“ ინგლისურ ენაზე. მაშინ ინგლისური ისე კარგად არ ვიცოდი დიალოგები რომ გამეგო... მაგრამ თვითონ ფილმმა ისეთი შთაბეჭდილება მოახდინა რომ მთელი ფილმი დამამახსოვრდა შინაარსის გარეშე... ასეთი რამ გაგიგიათ? რამდენიმე წლის შემდეგ შემთხვევით ჩამივარდა ხელში სტანისლავ ლემის ფანტასტიკური მოთხრობა „სოლარისი“... სულმოუთქმელად წავიკითხე, თან გონებაში მთელი ფილმი აღვიდგინე და გავვოცდი... ნუთუ შეიძლებოდა ასეთი რამის მოფიქრება, დაწერა და მერე მისი ეკრანზე გადატანა? თურმე შეიძლება... ინსტიტუტის დამთავრების შემდეგ განაწილებით მუშაობა დავიწყე ქუთაისის პოლიტექნიკურ ინსტიტუტში. კახეთში რომ წამოვსულიყავი უნდა გამევლო ასეთი გზა: ღამის მატარებლით დილით ჩამოვდიოდი თბილისში, მერე ავტობუსით მივდიოდი კახეთში, სახლში ყოფნა სულ 2-3 საათით შემეძლო, მერე ისევ თბილისი და ღამის მატარებლით ისევ ქუთაისი, რადგან ორშაბათ დილით პირველი ლექცია მქონდა ჩასატარებელი. ერთხელაც ჩამოვედი თბილისში. ტროლეიბუსით წავედი ჩემს დასთან ვაგზლიდან სოლოლაკში. რუსთაველის კინოთეატრის აფიშაზე შევამჩნიე წარწერა რომ მცირე დარბაზში ტარდებოდა ტარკოვსკის ფილმების ერთდღიანი ჩვენება... მცირე დარბაზში იმიტომ რომ მის ფილმებზე არავინ არ დადიოდა, ან ვინც შედიოდა 10-15 წუთში უმრავლესობა ბურდღუნით ტოვებდა დარბაზს... მისი ფილმები ყველა კატეგორიის ხალხისთვის არ არის განკუთვნილი... გადაღებული აქვს 8,5 ფილმი! ეს ნახევარი ფილმი მისი სადიპლომო ნამუშევარია, რომელიც არ მინახავს. დანარჩენები კი ყველა მაქვს ნანახი: „ივანეს ბავშვობა“, „ანდრეი რუბლიოვი“, „სარკე“, „სოლარისი“, „სტალკერი“... საბჭოთა მაყურებელმა რომ ვერ გაუგო, იძულებული იყო ემიგრაციაში წასულიყო, „ნოსტალგია“ მერე გადაიღო... მერეც ძლიერ ფილმებს იღებდა, მაგრამ არარუსულ გარემოში ფესვები დაკარგა... „სტალკერში“ მთავარ როლს კაიდანოვსკი ასრულებს (საოცარი სახის მსახიობი), მისი ცოლის როლს კი - ალისა ფრეინდლიხი, ყავთ პატარა გოგონა, რომელიც მზერით მაგიდაზე მდგარ ჭიქას იატაკზე აგდებს და ამტვრევს!!! ეს იმდენად უცხო იყო იმ პერიოდში, რომ მაშინვე მიხვდები რაღაც საოცრება რომ გელოდება წინ... ფილმი გადაღებულია ძველ, მიტოვებულ ქარხნის ტერიტორიაზე, რომელიც ერთ დროს უცხოპლანეტელების ხელში იყო. ეს ნანგრევები შემოღობილია და მკაცრად იცავს პოლიცია. ამ ზონის შუაში არის ერთი ოთახი, სადაც მოხვედრას ნებისმიერი ადამიანი ნატრულობს, რადგან იმ ოთახში ყველა ოცნება სრულდება!!! სიუჟეტი შეიძლება ცოტა აბსურდული მოგეჩვენოთ, მაგრამ მთავარი ამ ფილმში ფსიქოლოგიური დასკვნებია... ერთხელაც სტალკერს (სტალკერი, იგივე გიდი ან ექსკურსიამძღოლი, რომელსაც მსურველები შეჰყავს ზონაში) მიაკითხებენ: მწერალი, პროფესორი და ფსიქოლოგი. მთელი ფილმი თითქმის დიალოგების გარეშე მიმდინარეობს. სტალკერი ამ ხალხს დასვავს პატარა ვაგონეტზე და დიდი წვალების შემდეგ შეიპარებიან ზონაში. გაივლიან უცნაურ გზას... ნანგრევები, ნისლი, ნაკადულები... წყალში ჩანს ღვთისმშობლის ხატი, სადღაც შემოეფეთებათ ვეებერთელა ძაღლი (ტერიტორიაზე არაფერი სულიერი არ ჭაჭანებს). ოთახს რომ მიუახლოვდებიან სტალკერი ვაგონეტს ბურუსში შეაცურებს, რადგან ზონიდან უკან აღარავინ არ ბრუნდება და ამდენად საჭირო აღარც არის... რაც უფრო უახლოვდებიან ოთახს, მით უფრო მეტი საოცრებები ხდება, უცებ იცვლება წელიწადის დროები... მიწაც იცვლება... ზოგან რეალურია, ზოგან - არარეალური... სტალკერი რკინის ბოლტებს მოაბავს თეთრ მატერიას და ისვრის იქითკენ, საითაც აპირებენ წასვლას... თუ დაეცა მატერიამობმული ბოლტი, ესე იგი წასვლა შეიძლება, თუ არ დაეცა, მაშინ სხვა გზა უნდა მონახონ... წინ მიიწევენ წრიულად, ნაწილ-ნაწილ, პირდაპირი გზით წასვლა არ შეიძლება... როგორც იქნა მიაღწევენ იმ ოთახამდე... ოთახი ბინძური წყლით არის სავსე, ზედაპირზე სხვადასხვა ზომის ნათურები ლივლივებენ... უბრალოა, მაგრამ ძალიან ორიგინალური გადაღებაა... უცებ ისმის ტელეფონის წკრიალი... ერთმანეთს გაკვირვებულები უყურებენ, ვის ურეკავენ ან ვინ რეკავს? ყურმილს არ იღებენ და სანამ შევლენ, ცოტა ხანს დასასვენებლად ჩამოჯდებიან... ყველა თავის ფიქრებში იძირება... ფილმი მთავრდება იმით, რომ ვერცერთი ვერ ბედავს შესვლას... ყველა მოკვდავს ათასნაირი ფიქრი გვიტრიალებს თავში, ზოგი კარგი, ზოგი ცუდი, ზოგიც ძალიან ცუდი... ეგეც საკითხავია, რომელი აზრია კარგი და რომელი ცუდი... მაგრამ რაც არ უნდა იყოს, რასაც ადამიანი გაიფიქრებს, ის უცებ რომ აგიხდეს სხვების თანდასწრებით, რა მოხდება? იმ დღით ყოველგვარი რეკორდი მოვხსენი... მთავრდებოდა ერთი ფილმი, შევდიოდი მეორეზე... ბოლოს კი ისეთი გრძნობა დამრჩა, რომ მხოლოდ თვალები, ყურები და გონი ვიყავი... ერთი სულელური აზრიც გამიჩნდა, რატომღაც თავის მოკვლის სურვილი დამებადა... აღარ მინდოდა რომ ამ სრულყოფილების შემდეგ კიდევ რამე მენახა ან გამეგონა... ქუთაისის მატარებელს ძლივს მივუსწარი... კარგა ხანი დამჭირდა მდგომარეობიდან გამოსასვლელად... „ადამიანი ყოველ მათგანში გადადის, ვისთანაც ერთხელ მაინც უსაუბრიაო“! ახლა კი ერთი კითხვა: ამდენი ხანი ვურთიერთობთ, ვუცვლით აზრებს, სულიერად ერთმანეთის ნაწილები გავხდით... როცა იქნება ხომ შევხვდებით ერთმანეთს... როგორი იქნება ეს შეხვედრა? მახო, იმ შენს ერთ შეკითხვაზე რამდენი მალაპარაკე?
|