↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"


+ ახალი თემა ↩ პასუხი  [ 322 posts ] 
ავტორიMessage
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined30 Nov 2008
Posts4430
კარმა0
OFFLINEPROFILE
ქაჯანა

V
ჭიაკოკონობა გაჩაღებული იყო: მთელი ის პატარა სოფელი სულ ცეცხლის ალში იჯდა; თითქმის ყოველი სახლის წინ ენთო ჭიაკოკონა, რომელსაც გარშემო ეხვივნენ დიდით პატარამდე წევრნი იმ ოჯახისა. დიდები მომეტებულად სეირს უყურებდნენ; ზოგიერთ მათგანს კი, უფრო ქალებს, სული წასძლევდა ხოლმე, გაექანებოდა და ხტებოდა ანთებულ ცეცხლზედ. ამას მოჰყვებოდა საზოგადო კიჟინა და სიცილი. ახალგაზრდები და პატარები დიდს სიხარულში იყვნენ: ერთი განუწყვეტელი ჟღავიჟღუვით ურბენდნენ ჭიაკოკონას გარშემო, ხტუნაობდნენ მასზედ და ჰყვიროდნენ: ,,ალული კუდიანებსა, ჯვარი აქაურობასა”.

კიკოლას სახლის კარებზედაც ენთო ჭიაკოკონა... სახლის პატრონნი, ცოლ-ქმარი, ძარის ქვეშ ქვებზედ ისხდნენ და ჩუმათ გასცქეროდნენ თავიანთ ქაჯანას... ეს და ახლო მეზობლების რამდენიმე გოგო-ბიჭები ჟივილ-ხივილით უხტოდნენ გარშემო ჭიაკოკონასა და თანაც ნელ-ნელა უმატებდნენ ჩალა-ბულას. კატო იქ არსად არა სჩანდა, მაგრამ იმისი დარდი ვის ექნებოდა მაშინ? ქაჯანა გადგა შორს, გამოჰქანდა იქიდამ, დაჰკრა ფეხი ჭიაკოკონას წინ და მარდად გადაევლო ზედ გაძლიერებულ ცეცხლსა, მაგრამ იქით თავი ვეღარ შეიმაგრა, ტორტმანით წავიდა წინ და ბაკის ღობესთან წაჰყო თავი... წამოიწია, უნდოდა მარდად წამომხტარიყო, მაგრამ იქვე თავის წინ, ბაკის ღობის ჩრდილში, უცებ დაინახა რაღაც ბანჯგვლიანი და უთავო; დიდ კეტზე დაბჯენილი, შეინძრა ის და ბუტბუტით გამოსწია ქაჯანასაკენ. ქაჯანა წამოხტა, უნდოდა დაეყვირა, პირი გააღო, მაგრამ ყელიდან სუსტი ხავილის მეტი აღარა ამოუვიდა-რა. მაინც გამოტრიალდა უკან, გადმოსდგა რამდენიმე ნაბიჯი და უცებ, მოწყვეტილი ყვავილივით, უგრძნობლად დაეცა დედამიწაზედ. კიკოლამ დაინახა ეს, წამოვარდა ქვიდგან და სტაცა თავის შვილს ხელი. მაგრამ რას ხედავს საწყალი ბერი-კაცი? გაფითრებული, პირდაღებული, თვალებდაჭყეტილი და უგრძნობელი შვილი კი შერჩა ხელში.

- ვაიმე, შვილო სიმონა! - დაიღრიალა ერთი კიკოლამ და მუხლმოკვეთილი ჩაჯდა იქვე.

მივარდა დედაც. მიეხვივნენ პატარა ბავშვებიც და გაჩნდა ერთი საშინელი, სულისა და გულის შემაძრწუნებელი წიოკობა. ამ წიოკობაზედ მოსქდა მთელი სოფელი და გრიალით მიაწყდა კიკოლას კარ-მიდამოს....

- რა ამბავია, ქალო, რა ამბავია? - იძახოდენ აქეთ-იქიდან...

- საცოდაობა, გენაცვალეთ, საცოდაობა! - უპასუხებდა რამდენიმე ხმა. - ქაჯანას ავი სული დასცემია!..

- ვაიმე, დედავ, ქაჯანაი, დედავ! - ისმოდა მომტირალი ბავშვების ხმა.

- ოჰ, კაცო რა უბედურება მოუვიდა მა საწყალ კიკოლას!! - ეუბნებოდნენ ერთმანეთს თვალცრემლიანი გლეხები.

- ბარბარე მოდის, ბარბარე, - დაიძახეს... ხალხი გაიყო ორად და შუაში დარჩენილ გზაზედ გამოჩნდა თითქმის მოხუცებული, კარგა ლაზათიანად ჩასუქებული, კეთილსახიანი დედაკაცი, მანდილოსანი ბარბარე, ექიმობით განთქმული მთელს იმ მხარეში. სჩანდა, ძლიერ ერბინა: ოფლის ხვითქი წურწურით ჩამოსდიოდა სახეზედ... ის მივიდა კიკოლასთან, რომელიც არავის არ ანებებდა თავის შვილს, გულდამშვიდებით გამოართვა ბავშვი, მიიკრა ძუძუებთან და ნელ-ნელა გასწია კიკოლას სახლისაკენ... დედა, მამა, ხალხი მიჰყვა მას უკან... ბარბარე დადგა კარებში. შეუშვა ბავშვის დედ-მამა სახლში, შემდეგ რამდენიმე გამოცდილ დედაკაცს დაუძახა, შეიყვანა ესენიც შიგ და სხვებს ჩაუკეტა მაგრა კარები... ბარბარე დაჯდა ჭილობზედ, გადასწერა რამდენჯერმე ქაჯანას პირჯვარი, დაიწყო რაღაც ტუტუნი და თანაც მაგრა უსვამდა ხელს ქაჯანას გულსა და თავზედ. გავიდა ცოტა რამ ხანი და ქაჯანამ პირიც მოკუმა, თვალებიც დახუჭა... დედ-მამამ და იქ მყოფმა დედაკაცებმა ამოუშვეს ქვითქვითი... გარეთ მყოფმა ხალხმა ეს ქაჯანას სიკვდილით ახსნა. უცებ ბანიდამ, კარებიდამ, სანათურიდამ მოისმა ხალხის ტირილი... ბარბარემ დინჯად აიღო თავი მაღლა, მიიხედ-მოიხედა და ერთის საშინელის ჭექის ხმით დაიძახა:

- რას დაგიჟებულხართ, ხალხო, ბავშვი კარგათა ხდება და თქვენ კი ღმერთი გიწყრებათ!..

ხალხმა, გარეთ, თუ შიგნით, ხმა გაკმინდა... მხოლოდ ერთი ვიღაც პატარა გოგო არ ჩუმდებოდა: მას, ფრჩხილებით დაკაწრული, სისხლიანი სახე ჩამოეყო ბანში და გულამოსკვნით საცოდავად ტიროდა...

ნეტა ვინ იყო ის გოგო?

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined30 Nov 2008
Posts4430
კარმა0
OFFLINEPROFILE
ქაჯანა

VI
თითქმის ნახევარი წელიწადი გავიდა ამ ამბის შემდეგ... ვგონებ, რაღაც უქმე დღე იყო და ამის გამო კარგა ბლომათ მოეყარა ხალხს თავი ერთს ადგილას და ჰქონდათ ერთი რაღაც ყაყანი... მათ შორიახლო ძირს დაყრილ დიდ ხეებზედ გადამსხდარიყვნენ ათი-თორმეტი პატარა ბიჭი და მხიარულათ მღეროდნენ... ერთი ამ პატარა ბიჭთაგანი ამხანაგებზედ კარგა მოშორებით იჯდა... მისი დაღონებული სახე, მაგრა მოკუმული პირი ცხადათ აჩვენებდნენ, რომ ის არავითარ მონაწილეობას არ იღებდა იმ სიმღერა-მხიარულებაში. პატარაებმა დაიწყეს “გოგონა”, დაჰკრეს ტაში და ერთი პატარა ბიჭი დატრიალდა სათამაშოთ... დაღონებული ბიჭი მობრუნდა მათკენ... თვალები გაუცოცხლდა და თითქო რაღაც კანკალმა აიტანა... უცებ გააღო პირი, ვგონებ სიმღერა უნდა ჩამოერთმია ერთი უხეირო მომღერლისთვის... მაგრამ პირიდამ რაღაცნაირი პირუტყვული ზმუილის მეტი არა ამოუვიდა რა... თითქო თავისი ხმისა თითონვე შეეშინდა... თავში დაკრულსავით დაბარბაცდა და მსწრაფლ მოკუმა ისევ მაგრა პირი... სახე უფრო მომეტებულად დაუღონდა და თვალებიდგან ღაპა-ღუპით წამოუვიდნენ ცრემლები.

- რათა ტირი, შენ გენაცვალე?.. ნუ ტირი, შენი სახელის ჭირიმე! - ალერსით უთხრა მომტირალს ერთმა გოგომ, რომელმაც უცებ საიდგანღაც მოირბინა და მოუჯდა მას გვერდზედ... ბავშვი მიტრიალდა, წაავლო ხელი მის ნიკაპს და მიახედა ის მომღერალი ბიჭებისაკენ... მერე თავის პირზე მიიდო ხელი და თავი მწუხარედ გაიქნ-გამოიქნია... გოგოს თვალები ცრემლებით აევსო... მოეხვია ბავშვს და კვნესით დაიძახა:

- ვაი მე და დიდი ჭირი!.. ოი, შენ გენაცვალე, შენა!..

ეს დაინახეს იქვე მსხდომმა კაცებმა. გაწყვიტეს ლაპარაკი და დაუწყეს ამ ორ ბავშვს ცქერა...

- ოჰ, ოჰ, რა ბავშვი წახდა, რა ბავშვი!! - დაიძახა ერთმა, - ახლა, ეგრე მუნჯად უნდა დარჩეს?!

- ღმერთია შენი თავდები, რო ე გოგო უფრო მეცოდება, - სთქვა მეორემ. - ამ ქალაქ დღე სუ ეგრე უზის, კაცო, გვერდზედ და განუწყვეტლად დასტირის ზედა... საწყალი, როგორ გახდა, ხედამთ?..

- კატების ნათრევს დაემსგავსა საწყალი გოგო, - დაურთო მესამემ, - სადღაა, შვილოსან, მაგისი ხუმრობა და ეშმაკობა!.. საწყალ კიკოლას ორი შვილი ეღუპება, ორივე ერთად.

- კიკოლა დღეს მკითხავთან წავიდა... ვნახოთ, ერთი რას იტყვის ი მკითხავი? - სთქვა მეოთხემ...

ჯერ არც კი გაეთავებინა ამას უკანასკნელი სიტყვა, რომ უცებ უკანიდამ მოისმა ფეხის ხმა... ზოგიერთებმა მიიხედეს უკან და თითქმის ერთხმად დაიძახეს:

- აგერა, კიკოლაც მოდის...

- რა ჰქენი, კიკოლა?.. - დაეკითხა რამდენიმე ერთად ჯერ ისევ მომავალ კიკოლას...

- ძაან იმედი კი მამცა და არ ვიცი! - სთქვა სრულიად გათეთრებულმა და წელში საცოდავად მოხრილმა კიკოლამ. - სათაურას წმინდა გიორგში წაიყვანეთ და ალოცეთო. იქ იმდენ ხანს უნდა დარჩეთ, სანამ თითონ წმინდა გიორგი არ დაგითხოვთო... ვენაცვალე იმის მადლსა და სახელსა!! თუნდ ჩემ სიცოცხლეს სუ იქ დავლევ, ოღონც კი ჩემ სიმონას ეშველოს რამე... ავი სული დასცემია თავზედაო...

- მაშ მალე წადი, კაცო, - უთხრა მას ერთმა გლეხმა, - აი, ძმაო, როცა გინდა, კამეჩები, გინდა ხარები წაიყვანე.

- კიკოლა, - დაიძახა მეორემ, - ჩემი ურემი სუ მზა-მზარეული დგა... თუ გინდა, წაიღე.

- ღმერთმა გადღეგრძელოთ, თქვენი ჭირიმე!.. მაშ დღეს შევემზადები და ხვალ დილა ადრიან გავუდგები გზასა, - სთქვა კიკოლამ და გასწია თავის ბავშვებისაკენ.

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined30 Nov 2008
Posts4430
კარმა0
OFFLINEPROFILE
ქაჯანა

VII
კავკასიის მთის ერთს მაღალ ტოტზედ, მივარდნილ ციცაბო ადგილას არის გაშენებული პატარა სოფელი, სათაურა. ხანგრძლივი ზამთრისა და სიცივის გამოისობით მინდვრისა თუ ხეხილის მოსავალი ძალიან ღარიბად იცის აქ. ვაზი ხომ სრულებით არა ხეირობს აქეთკენ. სიცივესა და ღვინის უქონლობას არყის ხდისათვის წაუვლებინებია ხელი აქაური მცხოვრებლებისათვის... თავიანთ დიდი, უზარმაზარი ტყეებიდან ჩააქვთ ძირს სოფლებში წნელი, ფიჩხი, შეშა, ხე-ტყე, ყავარი... შოულობენ ამითი თითო-ოროლა გროშსა; ან კიდევ, სცვლიან ყველა ამას პურში, სიმინდში და ღვინოში; მოაქვთ შინ: ზოგსა სჭამენ და სმენ, ზოგსაც არყად ხდიან... არაყს, მომეტებულად იქვე ადგილობრივა ჰყიდიან და კაი შემოსავალიც აქვთ აქედან... - თქვენ, იქნება, გაჰკვირდეთ და იკითხოთ: აქვე, იმ მივარდნილ და პატარა, საწყალ სოფელში ვისზედ ჰყიდიან არაყსაო? ამ სოფელს კვლავ, როდისმე, უფრო დაწვრილებით გაგაცნობთ, ჩემო კეთილო! ეხლა კი მხოლოდ თითს მიგიშვერთ ა იმ საყდრისკენ... ხედავთ სოფლის ცოტა ზემოთ მაღალ, კოშკის მსგავს გორაზედ, დიდი დაბურული ხეების ტოტებიდან რომ თეთრი კედელი გამოჩანს ?! ეგ გახლავთ წინა კედელი მთელ საქართველოში განთქმული სათაურას წმიდის გიორგის ეკლესიისა, რომელშიაც, როგორც ამბობენ, ასვენია თავის სარქველი მოხსენებულის წმინდანისა... გაზაფხულდება თუ არა, დაიძვრის ამის მლოცავი და საქართველოს ყოველი კუთხიდან მოდის აქ შესაწირავი... რაკი თვით ეკლესიასთან ურმით არ შეიძლება ასვლა, ამის გამო ყოველი მლოცავი აყენებს ურემს სოფელში, ჰყრის აქ საქონელს და თვით ბარგი-ბარხანით მიდის ზემოთკენ... ამ დროს წინ უხვდებიან მათ აქაური მცხოვრებელნი, მომეტებულად გოგო-ბიჭები, აჩვენებენ ქათმებს, ყველს. უფრო კი არაყს და იმართება მათ შორის ნამდვილი ქალაქური ვაჭრობა... ამ გარემოებას, ცოტა არ არის, ცუდი გავლენა მოუხდენია სათაურელი გლეხის ზნეობაზედ; მასში გახსნილა ვაჭრული სიცრუე, სხვის მოტყუების სურვილი და ცოტა კრიჟანგობაც... ამას, სამწუხაროდ, ვერ ხედავენ სათაურელი გლეხები, ამის გამო მლოცავების მოსვლა ძლიერ სასიამოვნო რამ არის ხოლმე მათთვის... თუ რამდენმამე დღემ გაიარა და მლოცავი არსაიდან არ გამოჩნდა, სათაურელებმა აღარ იციან ხოლმე რა ჰქმნან... მოცლილი გოგო-ბიჭები გადასხდებიან მაღალ ადგილებზედ და გულის ცემით ათვალიერებენ მათკენ მიმავალ გზებს...

ერთს დღეს ამგვარად ისხდნენ ორი აბრანძული, კარგა მოზრდილი გოგოები და გადაიცქირებოდნენ გზებისაკენ... ერთმა მათგანმა უცებ ყურები ცქვიტა და წამოხტა ფეხზედ...

- მოდიან, მოდიან ურმითა, - დაიძახა მან და გაჰქანდა შინისაკენ... მეორეც გამოუდგა მას უკან.

მართლა და, საშინლად ამოღმართ გზაზედ გამოჩნდა ნელ-ნელა ზემოთ მომავალი უჩარდახო ურემი... გავიდა რამდენიმე ხანი და ურემი შემოვიდა სოფელში... ვგონებ, თქვენც მიხვდებოდით, ვინც იქნებოდნენ ამ ურემში... კიკოლა გადმოხტა ურმის თავიდან, გამოუშვა საქონელი და ძირ დაშვებული ურმიდგან გადმოვიდნენ მართა, კატო და ქაჯანა... ურემი და საქონელი ერთმა გლეხმა მიიბარა. ბარგი კი, რაც რამა ჰქონდათ, აიღეს ხელში, გაიგდეს წინ გზაზედ ნაყიდი, კაი დიდი ცხვარი და ნელ-ნელა გასწიეს ეკლესიისკენ... ამათთანა ღარიბი მლოცავები ვერაფრად იამათ სათაურელებს.

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined30 Nov 2008
Posts4430
კარმა0
OFFLINEPROFILE
ქაჯანა

VIII
ავიდნენ თუ არა ეკლესიასთან, მაშინვე ჩვენმა მლოცავებმა დაიბარეს მღვდელი, პარაკლისი გადაახდევინეს, დაამწყალობლებინეს თავიანთი ქაჯანა... მუხლის თავებით რამდენჯერმე შემოუარეს გარშემო საყდარს; შემდეგ დაკლეს ცხვარი და ლუკმაც არ აუღიათ თავიანთთვის, სულ სხვებს დაურიგეს... საწყალი კიკოლა საყდრის კარებს აღარა შორდებოდა... უნთებდა ხატებს სანთელს და მაღალის ხმით ევედრებოდა მათ ქაჯანას გასაღებასა... აგრეთვე ცოლიც, მაგრამ კატო აკვირვებდა ყველა თავის მნახველს! წმინდის გიორგის ხატის წინ იდგა მუხლებზედ და თვალცრემლიანი ევედრებოდა: “წმინდაო გიორგი, შენ თეთრ ცხენ ვენაცვალე, ამოადგმევინე ენა ჩემ ქაჯანასა და, თუ გინდა, მე დამამუნჯე”. თვითონ ქაჯანაც არ იყო მოცლილი: ესეც მამის გვერდზედ იდგა, იწერდა მალ-მალ პირჯვარს და თვალებგაშტერებული შესცქეროდა ბრჭყვიალა და ლამაზ ცხენიან წმინდა გიორგის... მაგრამ წმინდა გიორგი ხმას არავის არ სცემდა. ქაჯანას უკეთობა არაფერში არ შეეტყო. მაინც ღვთის ვედრებას არავინ არა სწყვეტდა... გაიარეს დღეებმა, გაიარა კვირამ, და ქაჯანა მაინც ისევ მუნჯი იყო... შემოაკლდათ საგზალი და გაუჭირდათ ცხოვრება... ითმინეს, და როდესაც შიმშილმა ძლიერ შეაწუხა, გაგზავნეს კატო სოფელში პურის სათხოვნელად. პირველ დღეს შვიდი-რვა პური მოიტანა კატომ, მეორეს - ამაზედ ცოტა და მესამეს ერთი ხმიადი ძლივს ეშოვნა, თუმცა მთელი სოფელი კი შემოევლო საწყალ კატოს... დაღონებული მოვიდა და უთხრა თავის მამას: “აღარავინ არას იძლევა, ერთმა ბებერმა დედაკაცმა ჯოხით გამომაგდო თავიანთ დერეფნიდამაო”. კიკოლა დაღონდა; სახლი შორსა ჰქონდა. ეს დალოცვილი წმინდა გიორგიც არც ცხადივ და არც სიზმარში არაფერს არ ეუბნებოდა შინ დაბრუნებაზე.. შესწუხდა კიკოლა... “ამასაც მოვესწარი?!” - სთქვა მან და გაჯავრებით გადააფურთხა სოფლისაკენ... არც სოფელი იყო მისი მადლიერი.

ერთს საღამოს სათაურელი ახალგაზრდა ბიჭები იდგნენ სათივის ქვეშ და რაღაცას სიცილით ლაპარაკობდნენ.

- ღმერთმანი, ეგრე კარგი იქნება, ძმაო, - სთქვა ერთმა, - ეგენი იძახიან: სანამ წმიდა გიორგი არ გვეტყვის, არ წავალთო... ერთი პატარა ბიჭი გადავაძვრინოთ ფანჯრიდამ საყდარში და დავაძახებინოთ: წადით, დრო არის ეხლა კიო... ისინი ხო სუ კარებში სხედან... გაიგონებენ, შვილოსან, წმიდა გიორგი ეგონებათ და გაგვეცლებიან აქედგან...

- ანგრე იყვეს, ანგრე იყვეს! - დაიძახეს აქეთ-იქიდან. შემდეგ გადასწყვიტეს მაშინვე წასვლა... მართლა და, დაუძახეს დიაკვნის პატარა ბიჭსა, დაარიგეს ის კარგად, წაიყვანეს თანა და გასწიეს ეკლესიისაკენ... კარგა ბინდი იყო დაცემული დედა-მიწაზედ, როდესაც ეს ბიჭები მოფარვით ავიდნენ საყდართან და მიიპარნენ ფანჯარასთან... ერთმა მათგანმა აიყვანა ხელში პატარა ბიჭი და საყდრის უმინო სარკმელში გადააყოფინა ფეხები. პატარამ შეიხედა შიგ და მაგრა მოებღაუჭა ფანჯრის რკინებს...

- ვერა, ვერა, თქვენი ჭირიმე!.. ბნელა, მეშინიან... - დაიძახა მან.

- ბიჭო, ბიჭო, ნუ გეშინიან, ნუ... აქ არა ვართ ჩვენა, - დაუძახა მას ორმა, თუ სამმა ბიჭმა.

- დედა არ მამიკვდება, ისეთ კურდღლებს მოგიყვან, რო შენოდენები იყვნენ, - უთხრა მას ერთმა... პატარა დათანხმდა და შიშის კანკალით ნელ-ნელა ჩაეშვა ძირსა... ამ დროს გაიღო კარი და საყდარში შემოვიდა მართა. მას უკან შემოჰყვა ანთებული წმინდა სანთლით ქაჯანა... პატარა ბიჭს შეეშინდა და რაღაც ნაირის ხმით დაიძახა: ,,წადით, წადით” და მიიკუნჭა კედლის ბნელ კუნჭულში... მართა გამოჰქანდა უკან... ,,ვაიმე, კიდევ!..” დაიყვირა უცებ ქაჯანამ და გაყვითლებული გამოვარდა კარზედ...

- რა იყო, შვილო, რაი, შენი ჭირიმე... - დაიძახა კიკოლამ და მივარდა შვილს.

- წმინდა გიორგი დადის საყდარშიიი! - კანკალით წამოიძახა ქაჯანამ... ამ სიტყვების გაგონება და კიკოლას წაქცევა ერთი იყო... კატო სულ მთლად გიჟს დაემსგავსა... მორთო ერთი საშინელი ხარხარი და ამასთანავე ცრემლის ღვრა... კუტივით იჯდა ერთს ალაგას და, რაც ძალი და ღონე ჰქონდა, იქნევდა აქეთ-იქით ხელებს... მართა ეცა კიკოლას, დაასხა ცოტაოდენი წყალი და მოასულიერა ის, შემდეგ ჩაისვა ქაჯანა კალთაში და მაგრა მიიკრა ძუძუებთან... კიკოლა წამოჯდა, შეხედა თავის შვილს და დაიძახა:

- შვილო, შვილო, ერთი სიტყვა კიდევ მითხარი, შენი ჭირიმე!..

ქაჯანა გამოუძვრა დედას ხელიდამ და მოეხვია მამას...

- ენა ამამედგა, მამა, ენაი... - სიხარულით დაიძახა მან...

კიკოლა მოეხვია თავის შვილს და მორთო ერთი საშინელი ტირილი... სათაურელმა ბიჭებმა საჩქაროზედ გადაიყვანეს პატარა ბიჭი საყდრიდგან და ფაცხა-ფუცხით დაეშვნენ სოფლისაკენ... კარგა მოშორებით იყვნენ, როდესაც კიკოლას ღრიალი გაიგონეს... დადგნენ და დაიწყეს საყდრისკენ ცქერა...

- ბიჭო, ბიჭო, შეხედეთ, რა ამბავი აქვთ... - დაიძახა ერთმა, ი წმინდი გიორგის მადლმა, სუ დაგიჟებულან...

- წავიდეთ, ძმაო, წავიდეთ, - სთქვა მეორემ, - ემანდ ხათაბალა არა გაჩნდეს რა. - და მართლაც ისევ მოუსვეს სოფლისკენ.

ჩვენმა მლოცველებმა კი ის ღამე, როგორც იყო გაატარეს აქა და მეორე დღეს დილა ადრიან შეაბეს ურემი და სიხარულით გამოსწიეს შინისკენ...

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined30 Nov 2008
Posts4430
კარმა0
OFFLINEPROFILE
ქაჯანა

IX
როდესაც გახარებული კიკოლას ურემი შემოდიოდა ჩვენს სოფელში, იმ დროს ქვემო გზით მე გავდიოდი ამ სოფლიდამ... წამოველ და მთელი ერთი წლის განმავლობაში აღარ მიმიხედნია იქითკენ... ჩემი ყური და თვალები ამ ხანებში ქალაქელ ქაჯანებში იყო გართული, ჩემი სოფლელი საყვარელი ქაჯანა არა თუ არ მინახავს, მისი ამბავიც კი არ გამიგონია. ამ ორი-სამი დღის წინათ მარტოკა ვიჯექი ჩემს ოთახში და ვწერდი ამ ამბის მერვე თავის უკანასკნელ სტრიქონებს... ამ დროს გაიღო კარები და ოთახში შემოვიდა ერთი ჩემი ძველი მეგობარი და ამხანაგი - სანდრო.

ეს ახალგაზრდა კაცი ჯერ ისევ ყმაწვილი იყო, როდესაც მას ჩაენერგა გულში გლეხკაცის სიბრალული და ძმური სიყვარული. იტანჯებოდა და უნდოდა შეეტყო, გაეგო, რად არიან გლეხკაცნი მწუხარებაში და რით შეიძლებოდა გაქრობა ამ მდგომარეობისა. მას ამ დროს ჩაუვარდა ხელში რამდენიმე, ამ საგანზედ დაწერილი წიგნი, გულმოდგინებით დაიწყო მათი კითხვა... მაგრამ, უცებ ერთხელ თავს წაადგა მას ჩვენი სკოლის უფროსი, რომელმაც მაშინათვე გამოარიცხვინა ის სკოლიდან. ობოლი, ღარიბი და საწყალი გამოუცდელი სემინარიელი გაუყენეს შარა გზას. ამის გამო, მეორე დღესვე დაანება თბილისს თავი და გასწია თავისი საწყალი მოხუცებული დედისაკენ... ეს იყო და ეს! მოგვეფარა თვალიდან და მას აქეთ აღარაფერი არ გაგვიგონია მასზედ. წარმოიდგინეთ, როგორ გამეხარდებოდა, როდესაც ის უცებ ჩემს ოთახში დავინახე... წამოვარდი და, შემდეგ სალამ-მოკითხვისა, დავსხედით ერთადა...

- როგორა ხარ, სანდრო? სად იყავი აქამდისინ და ან ეხლა სადა ხარ? - უთხარი მას.

- ხომ გახსოვს, ჩემო ძმაო, მე ჩემ თავზედ ლაპარაკი არ მიყვარს... - მითხრა მან, - ამიტომ არაფერს არ გეტყვი ეხლა ჩემს წარსულზედ... ჩემი აწმყო კი სამიოდ სიტყვით გამოიხატება: მე დღეს ვარ თქვენებური სკოლის მასწავლებელი. მართალია, სიღარიბე ბევრნაირად მაწუხებს, მაგრამ რაკი ჩემს მიზანს ვემსახურები, მასთან სიტკბოებასაც ბევრსა ვგრძნობ. შენის თვალით რომ ხედავდე შენი შრომის კეთილ ნაყოფს, განა ეს ბედნიერება არ არის?! უნდა შემოხვიდე როდესმე ჩემს სკოლაში და დაინახო, როგორის მოსაზრებით და სიცოცხლით იძენენ და ამბობენ ყველა მას, რასაც კი იგონებენ ჩემგან! იცი? ორმოცამდის შეგირდი მყავს, ორი განყოფილება არის: ერთი ვაჟებისა და მეორე ქალებისა... ერთმანეთის მიხედვით ისეთნაირად არიან წახალისებულნი, რომ თქმა გაგიჭირდება: რომლები სჯობიან, ბიჭები თუ ქალები!..

- დაიცა, დაიცა, შენი ჭირიმე, - გავაწყვეტინე მე, - კიკოლას ქალ-ვაჟი არ დადიან სკოლაში?

- ოჰ, რას ამბობ, კაცო! - დაიძახა სანდრომ, - კიდეც ისინი არიან და!.. და ქალებშია პირველი, ძმა - ვაჟებში... უნდა დაგანახვა ეს და-ძმა რომ გაუჯიბრდებიან ხოლმე ერთმანეთს არითმეტიკაში... ღმერთმანი, სიხარულისაგან ბევრჯერ ცრემლები მომივა ხოლმე თვალებში... მაგრამ ცრემლები ბევრჯერ უილაჯობისაგანაც კი მომსვლია!!.. ერთი მითხარი: რა უნდა ჰქნან, სად უნდა წავიდნენ ეს ნიჭიერი ბავშვები, როდესაც ჩვენს სკოლაში გაათავებენ სწავლას!! მე დარწმუნებული ვარ, იმათ რომ სწავლა გააგრძელონ, სახელოვანი შვილები გამოუვლენ ჩვენ დაცემულ ქვეყანას... მაგრამ რითი? ამ ერთი ძველი ჩოხის მეტი არა მაბადია რა! - სთქვა და მწუხარეთ დაჰკიდა თავი ძირსა.

- იცი, ძმაო, ჩამომგვარე ქაჯანა აქა...

- კარგი, - სიხარულით წამოიძახა სანდრომ. - ქაჯანა შენ, კატო მე... უკანასკნელ ტყავს გავიძრობ და კატოს კი სწავლას გავაგრძელებინებ.

- ძალიან, ძალიან კარგი, მაგრამ ერთი ესეც მითხარი, სანდრო, - კიკოლა როგორ არის, კიკოლა?

- კიკოლას რა უშავს, კაცო! რამდენიც დრო გადის ის უფრო ყმაწვილდება. სადაც კი ქორწილი გაჩნდება, კიკოლა უსათუოდ იქ მაყრად არის მიწვეული... წლეულ მამასახლისად ამოირჩიეს ის, მაგრამ უარი სთქვა; ვაი თუ ან ჩემ სულს დაუმძიმო და ან მეზობელს ვაწყენინო ვისმეო. მეც ბევრი ვეხვეწე, მაგრამ არ დათანხმდა: ცუდი ხელობაა ძიელაო.

- ქაჯანა და კატო ხომ კარგად იყვნენ, რომ წამოხვედი?

- კარგად... ძლიერ კარგად, მაგრამ ქაჯანა ცოტა მშიშარაა... მომეტებულად ტყავისა ეშინიან: ტყავიანი კაცი რომ დაინახოს, სულ ელეთ-მელეთი მოსდის ხოლმე. არ ვიცი, იცი შენ თუ არა?.. ერთხელ, ამ ერთი წლის წინათ, კატოს ტყავი წამოესხა და იმითი ისე შეეშინებინა ქაჯანა, რომ ამ უკანასკნელს ენაც კი ჩავარდნოდა... შემდეგ ეთქვა კატოს ყველა ეს, მაგრამ ქაჯანას შიში მაინც არ ამოფხვრილიყო ამითი... კატოზედ ამბობენ, წინათ ძლიერ ეშმაკი იყოო... თუმცა სიცოცხლე და კუდიანობა არც ეხლა აკლია, მაგრამ უფრო დინჯი, უფრო მოფიქრებული ყოფა-ქცევა აქვს.

ამის შემდეგ კარგა ხანს სიჩუმე ჩამოვარდა ჩვენ შუა. შემდეგ ლაპარაკის საგანი გამოიცვალა, გავებით ხუმრობა-ლაზღანდარაობაში... სანდრო გუშინ დაბრუნდა თავის საყვარელ სკოლაში და აღმითქვა ქაჯანას მალე გამოგზავნა.

დღე-დღეზედ ველი ჩემ სოფლელ, პატარა ქაჯანას; მაგრამ, ვინ იცის, რამდენი ,,ქაჯანები” დარჩებიან კიდევ ჩვენ საცოდავ სოფლებში?!

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined15 Aug 2007
Posts767
კარმა0
OFFLINEPROFILE
დიდოსტატის მარჯვენა

საერთო სენია კაცთა: მიცვალებულებს იმადაც აქებენ ხშირად, რომ ცოცხალთ მიაყენონ ჩრდილი.
* * *
ჯერ კიდევ ფარსმანისაგან ჰქონდა მინიშნული კონსტანტინეს: ბრძენკაცი უნდა იყვეო და შლეგად მოაჩვენოო ადამიანებს თავი, გმირი უნდა იყვე და ჯაბანივით დადიოდე, ოსტატი უნდა იყვე და ხელმოცარულად მოგქონდეს თავი, რადგან არავის იმდენი მტერი არა ჰყავსო ქვეყნად, როგორც ბრძენკაცს, გმირსა და ოსტატს.
* * *
ხელოვნებაა თვით უკვდავება. მხოლოდ ოსტატს ვერ ეწევა სიკვდილი, ათასეული წლები წალეკავენ ირგვლივ ყოველივეს. მხოლოდ სვეტიცხოველი დარჩება როგორც ღმერთთან და სიკვდილთან მებრძოლი იაკობი.
* * *
ნეტარ არიანი იგინი, ვისაც სიკვდილი უმალ უწევს, ვიდრე საკუთარის თვალით იხილავენ სამშობლოს თვისას იავარყოფას.

ნეტარ არიან იგინიცა, ვინცა გულმართალ წინაპართა აჩრდილებს შორის ლანდადქცევას არჩევენ გადაშენების გზაზე დამდგარ თანამემამულეთა წიაღში ყოფნას.
* * *
ძლიერს უფრო მეტად უჭირს ამ ქვეყნად. მიტომაც მუდამ დაღრენილნი დადიან ლომები, ვეფხვები და ავაზები, ხოლო თრითინები, თაგვები და ციყვები მუდამ მხიარულად დაცუნცულებენ.
* * *
ვინც შეგირდი არ ყოფილა, ვერასოდეს გახდება ოსტატი. ვერც იგი გახდება ოდესმე ოსტატი, მუდამ ოსტატებს ვინც შეჰყურებს პირში.
* * *
როცა ყველაფერს წვიმა წარხოცავს, როცა ყველა ხმას ქარი წაიღებს, სვეტიცხოველი შეიმატებს დიდებას კიდევაც.

მართლაცდა სხვა რა ევალება ოსტატს, თუ არა წამიერის მარადჟამულად ქცევა? სხვა რა ევალება ამქვეყნად ოსტატს, თუ არ ჭიდილი წარმავლობის ნისლთან.
* * *
არავინ ისე მამაცად არ იბრძვის სხვის ომში, როგორც სულელი.
* * *
ერთი კაცი თავის უდიდეს სიბძნეშიაც შლეგად ითვლება მუდამ.
* * *
ეს ცხოვრება არც ისე მრუდედ წარუმართავს არსთაგანმგებელს, ყველაფერი იმისათვის შეემთხვევა ამ მიწაზე კაცს, რათა თავის თავს და თავის ღმერთს მიაგნოს ბოლოს.
* * *
ჩემდა თავად მე ვემორჩილები იმ წყობილებას, რომელიც წილად ერგო ჩემს ხალხს და არც ერთი ერი იმის უკეთესის ღირსი არაა, რაც მას დაუმყარებია თავად.

ამიტომ ხვალ რომ ბერძნები ან სარკინოზები შემოეწყონ საქართველოს ციხეებს, მოქნდაკის საჭრეთელს განზე გადავდებ და ხმლით შევებრძოლები მტერს.
* * *
როცა ხალხს ამდენი მოღალატე შინა ჰყავს, მაკედონელიც კი ვერ გაამარჯვებინებს მას.
* * *
ამ ქვეყნად არც რაინდია ისეთი, რომელსაც რისამე წინაშე შიში არ ეგრძნოს ოდესმე, არც თუ ბრძენია სადმე, ერთხელ მაინც სისულელე არ ეთქვას.
* * *
ოდითგანვე ასე მოგვდგამს ქართველებს, მუდამ ჩვენს სიმცირეს მივსტიროდით, რადგან მტერი აურაცხელი გვყავდა მუდამ, მაგრამ დიდკაცი თუ გამოგვერია, მას ისე დავკორტნით, როგორც დაკოდილ ძერას ყვავები.

დავით აღმაშენებელიდან

ვინც გველს რძეს ასმევს, შხამსაც უორკეცებს მასვე.
* * *
როცა მოყვასი შენი საქმეს დაიწყებს რაიმეს, სანამ არ მოათავებს, არ უნდა განიკითხო იგი. ეგეც იცოდე, მხოლოდ ოფოფი შეიცნობა თავითა, ხოლო ჭეშმარიტი საქმე - ბოლოთი.
* * *
სპილო ხორთუმითა ჰკლავს თავის მსხვერპლს, გველი - კოცნით, მეფე - ღიმილით, ხოლო მოღალატე - პატივის მიგებითა.
* * *
უღირსი კაცის თვალში თვით უდიდესი და უზენაესი არარად იქცევა ხოლმე, რადგან პაშტა სარკეში როდის ჩატეულა თუნდაც სპილენძის ხატებაი.
* * *
უბედურება ეკალსა ჰგავს, გვერდს ჩაუვლი თუ არა, იგი თავად წამოგედება, ხოლო ბედნიერება - ბულბულს, შესაძლოა ჩვენ გვერდით ჩავუაროთ, იგი გაიტვრინოს და ბოლოს შეუმჩნევლად შორს გაფრინდეს.
* * *
ყველაზე უფრო ძნელი დასაპყრობია კაცთათვის საკუთარი გული და ვინც ამას ზედმიწევნით შესძლებს, იგია უბედნიერესი ამქვეყნად.
* * *
მე მგონია, როგორც ხორციელად, ისე სულიერად სრულქმნილს, თუკი ასეთი მოიპოვება სადმე, სრულიად არ ესაჭიროება ქება. როცა ადამიანს ძაგების შეეშინდება და შექება მოსწურდება, სჩანს, მას კარგად აქვს შეგნებული, რომ ბევრი რამ აკლია.

როცა იგი მაქებარს დაიწყებს ძებნას, ამ გზით მას სწადია ქებით მიჩქმალოს საკუთარი სულის არარაობა მოყვასთა თვალში.

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined30 Nov 2008
Posts4430
კარმა0
OFFLINEPROFILE
წვიმა

მაისია, გარეთ წვიმის წვეთების ნელი შრიალი ისმის. ტირის მოწყენილი ფრინველი ქვეყნის ობლობას. მახლობელ ღელესთან წმინდა ფოთლები სცვივა ალვის ხეებს. წყალი მიდის ჩუმი და წყნარი, როგორც ცრემლი. ფოთლები აწყვია ღელესთან, როგორც ცხედარი. ახლო მიწასთან ძინავს მიცვალებულს და კუბოსთან დნება ყვითელი სანთელი. გარეთ წვიმს, ძაღლი ტირის სოფელს. მამლები აღვიძებენ მიდამოს. სოფელი წყალივით ჩუმი, სოფელი მიტოვებული სამარე, მარად ობოლი. თენდება. მიცვალებული მთვარე. განთიადი, მიძინებული სოფელი.

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined15 Aug 2007
Posts767
კარმა0
OFFLINEPROFILE
თუ ღმერთი დაივიწყებს წამით, რომ მე ნაჭრის თოჯინა ვარ და ცოტათი კიდევ მიწყალობებს სიცოცხლეს, მე აLბათ არ ვიტყოდი ყველაფერს ,რასაც ვფიქრობ,მე ალბათ უფრო ვიფიქრებდი იმაზე, რასაც ვამბობ.
მე, ალბათ შევაფასებდი საგნებს არა მათი ღირებულების არამედ მათი მნიშვენოლბის მიხედვით.
მე ვიძინებდი ცოტას და ვიოცნებებდი ბევრს.რადგან თვალდახუჭულმა გაატარო თუნდაც ერთი წუთი,- ეს ნიშნავს მოიკლო სინათლის სამოცი წამი.
მე ვივლიდი, როცა სხვებს არ ექნებოდათ ამის სურვილი,მე ვიფხიზლებდი, როცა სხვებს სძინავთ,მე მოვუსმენდი როცა სხები ლაპარაკობენ თუ რა სიამოვნებით მივირთმევდი შოკოლადის ნაყინს.
ღმერთი რომ ცოტაოდენ სიცოცხლეს კიდევ მიწყალობდეს,მე ჩავიცმევდი უბრალოდ,მზის პირველ სხივთან ერთად ავდგებოდი,გავაშიშვლებდი სულსაც და ხორცსაც.
ღმერთო ჩემო, თუ გული არ მიღალატებს,ჩავკირავდი ჩემს სიძულვილს ყინულში,და მზის გამოჩენას დაველოდებოდი. მე დავხატავდი ვარსკვლავთა შუქზე,როგორც ვან გოგი,ვიოცნებედი ბენდეტის პოემაზე და სერხის სიმღერა იქნებოდა ჩემი მთვარის სერენედა.მე ცრემლით მოვრწყავდი ვარდებს, რათა მეგრძნო მათი ეკლების ჩხვლეტა,მეგრძნო ალისფერი კოცნა ვარდის ფურცლისა.
ღმერთო ჩემო, ცოტაც თუ დამცალდა ერეთ დღესაც არ გამოვტოვებდი ჩემი საყვარელი ადამიანებისათვის რომ არ მეთქვა: მე თქვენ მიყვარხართ!მე დავარწმუნებდი უკლებლივ ყველა ქალსა და ყველა მამაკაცს, რომ ისინი ჩემი საყვარელი ადამიანები არიან.მე ვიცხოვრებდი სიყვარულში სიყვარულით.
მე დავარწმუნებდი იმ ადამიანბს ,რომ ცდებიან როცა ფიქრობენ, ვბერდებით და იმიტომაც აღარ შეგვიძლია სიყვარულიო.პირიქით, იმიტომაც ბერდებიან რომ აღარ შეუძლიათ სიყვარული .
მე ბავშვებს მივსემდი ფრთებს, მაგრამ ვასწავლიდი როგორ ეფრინათ.
ხანში შესულთ მე ავუხსნიდი,რომ სიკვდილი სიბერეს კია არა დავიწყებას მოაქვს.ო, რამდენი რამ მასწავლეთ მე თქვენ ადამიანებო.
მე მივხვდი რომ ყველას სურს მწვერვალზე ცხოვრება,მაგრამ ვებრმა როდი იცის ჭეშმარიტი ბედნიერება,დაშვებისას რომ ელის.
მე მივხვდი, ჩვილი რომ მამის თითს პირველად მოიქცევს თავის პაწაწა მუჭში, ეს იმას ნიშნავს, ბოლომდე ასე იქნება.
მე მივხვდი, რომ ადამიანმა ადამიანს მხოლოდ მაშინ შეუძლია შეხედოს ზემოდან,როცა წაქცეულს ეშველება წამოდგომაში.
მე ბევრი რამ ვისწავლე თქვენგან,მაგრამ რათალი გითხრათ აზრი აღარ აქვს,რადგან როვცა ყოველივე ამას მივხვდი და ამობვავსე კიდობანი,სამწუხაროდ სწორედე მაშინ ვკვდები.
ყოველთვის თქვი ის რასაც გრძნობ და აკეთე ის რასაც ფიქრობ! რომ ვიცოდე, რომ დღეს უკანასკნელად გხედავ მძინარეს,მაგრად ჩაგიკრავდი გულში და შევევედრებოდი უფალს , რომ შენი სულის დამცველად მოვევლინე.რომ ვიცოდე, რომ უკანასკნელად გხედავ,როგორ გადიხარ სახლიდან,მოგეხვეოდი,გაკოცებდი და მოგაბრუნებდი,რომ კიდევ ერთხელ მეკოცნა. რომ ვიცოდე რომ უკანასკნელად მესმის შენი ხმა ფირზე ცავიწერდი თითოეულ შენს სიტყვას,რათა დაუსრულებლად შემეძლოს მისი მოსმენა.რომ ვიცოდე, რომ ეს ჩვენი უკანასკნელი წუთებია , გეტყოდი "მიყვარხარ".თითქოს არ ვიყო დარწმუნებული, რომ შენ ეს უკვე იცი.
ყოველ გათენებასათან ერთად ცხოვრება ახლა-ახალ საშუალებებს გვაძლევს,რომ ლამაზად ვაკეთოთ ჩვენი საქმე.მაგრამ თუ ახლა მე ვცდები,და დღეს ამის მეტი აღარაფერი დაგვრჩენია,მინდა გითხრა თუ რა ძლიერ მიყვარხარ და არასოდეს დაგივიწყებ.
ხვალინდელი დღე არავის აქვს გარანტირებული, ახალგაზრდას თუ მოხუცს. ამიტომ ნუღარ დაელოდები მეტს, იცხოვრე დრევანდელი დღით, რამეთუ არ იცი "ხვალინდელი დღე", იქნება თუ არა.და მერე ნამდვილად დაგწყდება გული,რომ ვერ გამონახე დრო ღიმილისათვის,მოფერებისათვის, კოცნისათვის და რომ დაკავებულობის გამო ვერ შეუსრულე შენს საყვარელ ადამიანს უკანასკნელი სურვილი.გვერდიდან არ მოიშორო ისინი,ვინც გიყვარს, ჩუმად ჩასჩურჩულე, თუ რაოდენ გვჭირდებიან ისინი.გიყვარდეს და ფაქიზად მოეპყარი მათ,დროს ნუ დაიშურებ რომ უთხრა "ვწუხვარ", გეთაყვა" და ყველა ის სასიყვარულო სიტყვა, რაც იცით.
შენ არავინ გაგიხსენებს შენი ფარული ფიქრების გამო.შესთხოვე უფალს, რომ მოგცეს ძალა და სიბრძნე,მათ გამოსახატავად.აჩვენე შენს მეგობრებს თუ რაოდენ მნიშვნელოვანი არიან თითოეული მათგანი შენთვის.
გაუგზავნე ეს სიტყვები ყველას, ვისაც გსურს.
თუ დღეს ამას არ გააკეთებ, ხვალინდელი დღე ისეთივე იქნება, როგორიც გუშინდელი და თუ ამას არასოდეს გააკეთებ , არც მაშინ დაშავდება რამე.
დაიწყე შენი ოცნებების ახდენა, ახლა სწორედ ეს მომენტია.

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined13 Aug 2008
Posts1679
კარმა0
OFFLINEPROFILE
telmani (
:)

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined30 Nov 2008
Posts4430
კარმა0
OFFLINEPROFILE
შერისხვა

კვირა დღე იყო. ის-იყო სოფლის ეკლესიაზე წირვაც გათავდა. სალოცავად მოსული ხალხი ეკლესიის გალავანში გაიფანტა, ჯგუფ-ჯგუფად დაიყო და შეიქნა ჩვეულებრივი სჯა-მუსაიფი სოფლელებს შორის. ერთ ადგილას რამდენიმე კაცი გულმოდგინებით ყურს უგდებდა რაღაც მხიარულ ამბავს, რომელსაც მოუთხრობდა ახალგაზრდა გლეხი.

- შე კაცო, შენ ერთობ მუსაიფში ხარ და კაცია საგუნაშვილმა ეს არის წმინდა გიორგიზე გადაგცა! - უთხრა მოამბეს ხანში შესულმა გლეხმა, რომელიც ის-იყო მიუახლოვდა მხიარულად მოლაპარაკე ჯგუფს.

- რას ამბობ, გიორგი? - მიაძახეს აქეთ-იქიდან.

- მართალს ამბობ, კაცო? - თავზარდაცემულმა წაილუღლუღა იმან, ვისაც მიუტანეს ხატზე გადაცემის არასასიამოვნო ამბავი.

- მართალს გეუბნები, შვილო, მა რა, გეხუმრები?.. რა სახუმაროა, შენ თვითონ თქვი! - მიუგო გიორგიმ.

ანდრია, ახალგაზრდა გლეხი, ეკლესიისაკენ გაიქცა და ერთ წამში კარებთან გაჩნდა. თითქმის იმავე დროს გამოჩნდა კაციაც, რომელიც ხელზე ბოხოხის ბერტყით ეკლესიიდან გამოდიოდა.

- ხატზე გადამეცი, მართლა, კაცია? - შესძახა ანდრიამ.

- მა რა გეგონა!? - უპასუხა კაციამ.

- რა დაგიშავე, კაცია? ეს გამაგებინე, რა დაგიშავე, რომ ასე ამომიჩემე... რომ აღარაფრით მზოგავ?.. თქვი მაინც, შე კაი კაცო... ამ ხალხს მაინც კარგად გააგებინე... ამათ გაჰსაჯონ, თუ რამეში მტყუანი ვარ შენთან!

- მაგათზე უკეთეს მოსამართლეს მიგეცი... ღმერთს, თვითონ ღმერთს და მასთან მყოფ წმინდანს გასცემ, შვილოსა, პასუხს!.. მე რაღას მედუდღუნები!.. ბევრი გეხვეწეთ, შენც და სხვასაც, მარა არაფერი საქმე გამეწყო თქვენთან... შენ არ ააგულიანე სხვები?.. ორი ტკაველა მიწა მქონდა, იმასაც აღარ მიყენებო!.. მე, ჩემო ვაჟბატონო, ჩემს თავს არავის დავაჩაგვრინებ... რა გზითაც იქნება, ჩემზე მოღერებულ ხელს მისივე პატრონს მოვახვედრებ... შენ ჩემთან აწი აღარაფერი სალაპარაკო აღარა გაქვს... წმ. გიორგის გაეცი პასუხი!..

- შენ გგონია, წმ. გიორგი მარტო შენს სიტყვაზე გეიარს? - გულმოსულად უთხრა ანდრიამ.

- მაგასაც შენი თვალებითვე დეინახავ!.. - და ამ სიტყვისთანავე კაციამ კიდევ დაიბერტყა ქუდი ხელზე, დაიხურა თავზე და მაღალი მსხვილი ჯოხით ხელში, გარშემო მოგროვილ ხალხს გაშორდა.

მოხუცებული კაცია დარწმუნებული იყო, რომ ანდრიას თავზე ღვთის რისხვას მოიყვანდა... მისი სახის გამომეტყველება, რომელიც ისე აშკარად, ნათლად ეუბნებოდა, რომ ამ კაცის დამორჩილება ადვილი არ არისო, რომ ის თავის შეურაცხყოფას არავის შეარჩენს, ვინც უნდა იყოსო, - მისი სახის გამომეტყველება ახლა თითქოს გეუბნებოდათ: ეჭვი არა მაქვს, რომ წინდა გიორგი დასჯის ანდრიასო. ამიტომ ისე დინჯად გაბრუნდა ის მოშორებით, საფლავის ქვაზე მჯდარი გლეხებისკენ.

ყაბალახმოგლეჯილი ანდრია კი ისევ იმავე ადგილას, ეკლესიის კარებთან, იდგა და გარს შემოხვეულ გლეხებს ცხარედ შესჩიოდა:

- ჩემგან რა უნდა, რომ ვერ გავიგე?! მე რას მერჩის, რას ჩამცივებია, - ეს რომ ვიცოდე, სხვა არაფერი მინდა!.. ჩემ გარდა სხვა რამდენია, რომ არ მოაშლევინეს ის ამოსაგდები გზა... რაღა მე ამომარჩია წმ. გიორგიზე გადასაცემად?!

ეგ არ ვიცი კარგად, შენ რა ბრალს გდებს კაცია და უსამართლოდ რომ ირჯებით მთელი კუთხე, ეს კი ცხადაია! - წამოიძახა ერთმა გლეხმა.

- რატომ, შე კაცო? უსამართლოდ რით ვირჯებით? - მიაძახეს აქეთ-იქადან.

- რატომ არ ანებებთ მაგ კაცს მის ადგილს?.. მე არ მოვკვდე, მეც არავის მოვუთმენდი, მაგისთანა რამე რომ ექნათ ჩემთვის... რას მეუბნები?! მე და ჩემმა ღმერთმა, ერთი-ორი კაცი მაინც შემომაკვდებოდა იქვე!.. ბიჭო, უწინ გზა სადაც გქონიათ, იმაზე იარეთ... აბა, კაცს ადგილი ვეღარ გაუშვია, ადგილი ვეღარ დაუსვენებია! - ცხარობდა გლეხი.

- სადაა ეს ძველი გზა, აბა რას ამბობ, კირილე? მე პატარა ვიყავი, რომ იმაზე აღარავინ დადიოდა... ახლა ყანაშია შეტანილი!.. ვინ განახვებს თვალით და, ამასთანავე ის ძველი გზა სულ აღარ ვარგა. არ გინახავს თუ? - სხაპასხუპით და გაჯავრებით თქვა ანდრიამ.

- ამიტომ კაციას ძალით ართმევთ ადგილს? კარგია შენმა გაზდამ! - მიაძახა კირილემ.

- ძალით ვინ ართმევს, შე კაცო! მაგას რატომ კადრულობ? - მოისმა ზოგიერთების ხმა.

- ძალითაა, აბა რა, ვინ შეეხვეწა? თავიდან ძალის დატანება მოუნდომეთ... კაცი გაახელეთ და ახლა აღარ უნდა თავი დაგაჯაბნებინოსთ! ასე მოგექცეოდათ, აბა რავა გეგონათ? - არ წყნარდებოდა კირილე.

- შე დალოცვილო, საქმე სასამართლოში იყო და იქაც გადასწყვიტეს აგრე, რომ გზა კაციას ადგილზედ დარჩენილიყო... ჯიუტია მაგ დალოცვილი, სხვა არაფერი! - წამოიძახა ერთმა მოხუცებულმა გლეხმა.

- მე კი მაინც ჩემსას ვიტყვი, - რატომ ამომიღო თვალში? მე, მე რად გადამცა ხატზე? გასაკვირველია, ღმერთმანი! - მხრების აწევით თქვა ანდრიამ.

- ეჰ, შენც კიდევ!.. რა გაწუხებს?! მაგნაირ უსაფუძვლო გადაცემას ძალაც არა აქვს! - თანაგრძნობით უთხრა ანდრიას ერთმა იქ მყოფთაგანმა.

- დიახ, ეგ მართალია, ბერიკო, მაგრამ მაინც გეწყინება, რაზე უნდა წაგაყენოს ხატთან ტყუილუბრალოდ კაცმა? - მიუგო მას ანდრიამ.

საქმე იმაში იყო, რომ კარგა ხანმა გაიარა მას აქეთ, რაც კაცია საგუნაშვილმა ერთი თავისი საყანე ადგილი შესასვენებლად გაუშვა და აღარ დაუმუშავებია, ღობეც აღარ გაუყოლებია მის გარშემო, - ადგილი მოღალული იყო, თითქმის არაფერს იძლეოდა. სოფლელებმა ამ შემთხვევით ისარგებლეს და შესვენებულ ადგილზე სიარული დაიწყეს, რადგანაც ამ ახალი გზით ერთობ ემარჯვებოდათ სიარული მახლობლად მდებარე ბაზრიან დაბაში და საყანეებზედაც. ძველი გზა, რომელიც სრულიად წამხდარი იყო, მიივიწყეს და მის შეკეთებას აღარავინ დაეძებდა. ამით ისარგებლეს იმ ძველი გზის მახლობლად საყანე ადგილების პატრონებმა და მოსპეს გზა. ეგ იმათთვის მეტად საჭირო იყო, რადგანაც გაფუჭებული გზის თიხნარი ნაპირები ნელ-ნელა ინგრეოდა და ამით ფუჭდებოდა საყანეებიც. დროთა განმავლობაში ეს ძველი გზა ყველამ დაივიწყა, მით უფრო, რომ კაციას ადგილზე სიარულის დამშლელი არავინ იყო. კაცია თავის მხრივ, დარწმუნებული იყო, რომ როცა კი მოინდომებდა, ყოველთვის შეჰკრავდა თავის ადგილს. მაგრამ ბოლოს სულ სხვა გამოდგა. როცა კაციამ ერთ დღეს მოინდომა გაშვებული საყანის შემოღობვა, მეზობლებმა მოითხოვეს ერთი ნაწილი გზად დაეტოვებინა. კაცია ავარდ-დავარდა ამაზე, ყური არავის ათხოვა, ღობვა დაიწყო, მაგრამ ღობე ისევ მოურღვიეს. კაციამ დაიწყო მუქარა, მოვკლავ ვისმე იმ ჩემ ადგილზედაო, მაგრამ მაინც არავინ შეეპუა, მით უფრო რომ ყველასათვის ეგ იყო ერთადერთი გზა. საქმე სოფლის სასამართლომდის მივიდა. მოსამართლენი მოვიდნენ, დაათვალიერეს ის ადგილი, სადაც ძველი გზა მიდიოდა, ეს ახალი სადაო გზაც და გადასწყვიტეს: რადგანაც ძველი გზა მეტისმეტად გაფუჭებულია და მისი შეკეთება ყოვლად შეუძლებელია, ამის გამო კაციას ადგილს უნდა ჩამოსჭროდა ერთი ნაწილი ახალი გზისთვის. კაციასთან ერთად ერთმეოდა ცოტა მიწა მის მეზობელ ერთ გლეხსაც. ეს უკანასკნელი ადვილად დაითანხმეს, კაცია კი ვერაფრით ვერ დააწყნარეს, ვერ ჩააგონეს, რომ უნდა დაეთმო ის ცოტაოდენი მიწა სოფლისათვის.

- ღვთით, არაფერი გიჭირს, სხვა ადგილებიც გაქვს. ბევრი-ბევრი, ორი ბათმანი მოვიდეს ამ ჩამონაჭერზე... უნდა დაუთმო სოფელს, აბა რა ქნას სოფელმა? - ეუბნებოდნენ კაციას.

- ძველ გზაზე იარონ!

- რომ აღარ შეიძლება იმ გზით სიარული, შე კაცო, განა შენ თვითონ არ იცი?..

- მერე მე რა?.. სადაც გინდათ, იქ გააკეთეთ ახალი გზა... მე კი ჩემსას არავის დავანებებ... დავუთმო სოფელს ჩემი ადგილი და მე მშიერი დავრჩე?.. - გაჯავრებით ამბობდა კაცია.

- შე კაცო, აქამდის ასე იოლად რჩებოდი ამ ადგილით, ახლა დაგამძიმებს და მშიერს დაგარჩენს ორი ტკაველა მიწის ჩამოჭრა? მერე საზოგადოებისათვის!.. - უთხრა ანდრიამ, რომელიც სოფლის ერთი მოსამართლეთაგანი იყო.

- საზოგადოებისათვის კი არა, ის კიდევ!.. მითქვამს - არ დაგითმობთ... მორჩა, გათავდა... სოფელი ფეხებზე მკიდია! - გაჯავრებით წამოიძახა კაციამ.

- სასამართლოს განაჩენი რომ შესდგა, მეტი რა გზა გაქვს არ დაუმორჩილდე!.. - უთხრა მეორე მოსამართლემ, რომელიც მოთმინებიდან გამოიყვანა კაციას ჯიუტობამ.

- გლახა ანთიმოზა გგონივართ მე, რომ თქვენს წინაშე იმასავით თავს მოვიხრი?.. დიახ!.. მიროი სუდში ვიჩივლებ... თუ საჭირო იქნება, ოკრუჟნი სუდშიაც გიახლებით... იმას ნუ იფიქრებთ, რომ თქვენ ჩემი თავი დაგაჯაბნებიოთ!

- ტყუილად გაირჯები, ჩემო კაცია. ამ საქმეს სხვაგან არსად არ მიიღებენ გასარჩევად, არც მიროი სუდი და არც ოკრუჟნი, - უთხრა ანდრიამ.

- თუ არ მიიღებენ, მე სხვა გზასაც მოვნახავ, სადაც პასუხს აგებთ თქვენი უსამართლობისათვის... კი მიგაცემიებთ პასუხს, სადაც იქნება!.. ნამეტურ შენ, ვაჟბატონო! შენ რომ დიდი მოქალაქე ბრძანდები! - მიუბრუნდა კაცია ანდრიას: - შენ შეგაწევ ჩემს დაჯაბნებას, გგონია?.. მოგიკვდეს მაშინ კაცია, შენ წიხლი დამკარი... კაცია არ ვიქნები, თუ შენი დაბადების დღე შენვე არ გაწყევლინე! - ყვიროდა ძალზე გაჯავრებული კაცია. - ახლა კი, რაც გინდათ, ის ქენით! - და განრისხებულმა კაციამ ჩქარი ნაბიჯით თავის სახლისკენ გასწია.

- რა უნდა ელაპარაკო ამისთანა კაცს? - მხრების აწევით თქვა ანდრიამ და თან თვალები გააყოლა კაციას, რომელიც კიდევ მოჩანდა ორღობეში მიმავალი.

კაციამ აასრულა თავისი სიტყვა. აღარც თავი დაიზოგა, აღარც თავის მოხუცებულობას მოერიდა, - ბევრი იწანწალა, ორიოდე ადვოკატთანაც იყო ძღვენით, მაგრამ ვერაფერი ვერა გააწყო რა. ანდრიას სიტყვა მართალი გამოდგა და ეს უფრო გულს უკლავდა მოხუცებულს.

აენთო კაცია. ის ჰგავდა მხეცს, რომელიც არა ღონისძიებას არ დაერიდებოდა, ოღონდ კი რითიმე თავისი ჯავრი ამოეყარა, განსაკუთრებით იმ გაიძვერა, მოტიკტიკე ანდრიაზე, რომელიც თავი და ბოლო იყო სოფლის მოსამართლეებს შორის. კაციას ერთი გზაღა დარჩა თავის შემავიწროვებელთა მოთავის დასასჯელად და კიდევაც გადასწყვიტა, მიემართნა ხატისათვის. გადაწყვეტილება აღსრულებაში მოიყვანა და კიდევაც ჩაუგდო ხატს ხელში, - გადასცა წმ. გიორგის ხატზე ანდრია. სადღა წაუვიდოდა წმ. გიორგის ანდრია? ეჭვი არ უნდოდა, წმ. გიორგი უსათუოდ დასჯიდა ანდრიასაც და მასთან მის უკუღმართ მოსამართლე ამხანაგებსაც, - ეს მტკიცედ სწამდა კაციას.

ამ დღიდან კაცია გულდამშვიდებული ელოდა წმ. გიორგისაგან ანდრიას და მის ამყოლთა საჯაროდ დასჯას.

- დამაცათ, შვილებო, ისევ თქვენვე შემეხვეწებით ადგილი ჩავიბარო, როცა ჩემი გამჩენი შავს დღეს დაგაყენებსთ!.. ვეღარსად იჩივლებთ!.. აბა ვნახოთ!.. ღმერთიც დაივიწყეთ?! ვითომ იმას ამა სოფლის აღარაფერი ეყურება?! ჰაი გიდი, რანაირი ხალხი იზდება?! - ხშირად იმეორებდა კაცია.

დრო და ხანი გადიოდა, მაგრამ წმინდანის რისხვის ნიშნები კი არსად ჩანდა. კაციას მოუთმენლობა დაეტყო. ნეტა რად ატარებს წმ. გიორგი ამდენს ხანს უვნებლად ანდრიას და არაფრით არ იჩენს იმაზე თავის სასწაულს?! ამ მოუთმენლობას ის უფრო უმატებდა, რომ ამ ბოლო დროს ანდრიასაც მეტი რაღაც მხიარულება ემჩნეოდა, იგი უფრო გათამამდა და, როგორც სხვები ეუბნებოდნენ კაციას, ვითომ არაფრად აგდებდა კაციასაგან ხატზე გადაცემას. პირველ ხანებში, მართალია, ანდრია შეშინდა, თუმცა თავისი სიმართლის იმედი ჰქონდა; ორჯერ ძღვენიც მიართვა წმინდანს, მაგრამ მერე, როცა გაიარა ხანმა და იმის ცხოვრებაში ისეთი არა მომხდარა რა, დაიმედდა და სრულიად მიივიწყა, რომ კაციასაგან გადაცემული იყო.

კაცია სულ ერთიანად აამღვრია ანდრიას ამგვარმა უდარდელმა ყოფაქცევამ. ახლა ის გუნებაში წმ. გიორგისაც ემდუროდა შეგვიანებისათვის. ბერმა კაცმა იმ ზომამდისაც მიაღწია, რომ ხმამაღლა დაუწყო წმინდანს მდურება.

- განა დღესავით ნათელი საქმე არაა! გამოძიება ეჭირვება კიდევ თუ?!

- რატომ ხარ, შე უბედურო, მაგდენად უგუნური, რომ წმ. გიორგის უსწორებ სამართალს?! სულწასულობაა ეგ, მეტი არაფერი... გაჩუმდი, შენთვის იყავი... წმ. გიორგიმ, - ვენაცვალე მის ძლიერებას! - შენზე უკეთ იცის, როგორ უნდა მოიქცეს, ან ვინ როდის დასაჯოს... - შეუტია კაციას მისმა ცოლმა, მოხუცებულმა დოდომ.

- როდემდის ვუყურო?.. ვერა ხედავ, გათამამდა და გამხიარულდა მტერი?.. მაშ, სიავკაცე და ავაზაკობა ჯობნებია სიმართლეს?! საიდან გაიგოს კაცმა, რომელი სჯობია, თუ წმინდანიც ყურს არ მიაქცევს შევიწროებული ადამიანის თხოვნას და თავის დროზე არ დასჯის კაცის შემაწუხებელს?.. რას მეუბნები შენ! - ამბობდა გულმოსული კაცია.

- გაჩუმდი-მეთქი, გაჩუმდი, ნუ ჩერჩეტობ უთავბოლოდ! ვის უჯავრდები, შე შეჩვენებულო? ვის ასწავლი, ვის არიგებ ჭკუას?.. სრულიად შეიშალე, შე უბედურო, ამ ბოლო დროს... აღარაფრის გაგება აღარა გაქვს!..

- მომშორდი, დედაკაცო, თავიდან! - მიაყვირა კაციამ დოდოს და ფეხზე წამოვარდა: - მე შენზე უკეთ ვიცი ჩემი საქმე... როდის იყო ჩემთვის საჭირო დედაკაცის დარიგება? - მოჰკიდა ჯოხს ხელი და ეზოდან გავიდა.

მოხუცებული კაცია ახლა ანდრიასთან ერთად წმ. გიორგისაც ემდუროდა და ამ სამდურავს ხმამაღლა წარმოსთქვამდა ხოლმე. ეკლესიაში რომ იდგა, ხშირად თვალმოუშორებლად და საყვედურით მისჩერებოდა წმ. გიორგის ხატს, თითქოს უნდოდა ამით გაეგებინებინა წმინდანისათვის: ,,ნუთუ დაგავიწყდა, რასაც გთხოვდიო?!”

ვერაფერ საქმეს ხელს ვეღარ ჰკიდებდა, აღარაფერი აღარ ახსოვდა კაციას იმის მეტი, რომ ის დაექადნა ანდრიას, წმინდანის შემწეობით ჯავრს ამოვიყრიო, მაგრამ ვერც ეს აასრულა და თვით წმინდანმაც არავითარი ყურადღება არ მიაქცია მას.

დიდმა მარხვამ გაიარა. კაცია, რომელიც ყოველ წელიწადს ეზიარებოდა ხოლმე ამ დროს, წელს არ ზიარებულა. გათენდა აღდგომაც, მაგრამ იმის გულს ამ სამხიარულო დღესაც არ გაუხარია.

აპრილის მშვენიერი დილა იყო, აღდგომის მეორე დღე. ეკლესიაზე მრავალი ხალხი იყო თავმოყრილი. ჩვეულებისამებრ, დღეს ხატებით უნდა შემოევლოთ ეკლესიისათვის და მერე მღვდელს ხალხი უნდა დაელოცნა. წირვა გათავდა. ეკლესიიდან ხალხმა გამოსვლა იწყო.

- ყველა ხატებს გავყვეთ, ყველა! - დაიძახა ვიღაცამ.

- უთუოდ, უთუოდ!.. აბა რისთვის მოსულხართ... სეირს უყუროთ თუ? - დაუმატა მეორემ.

- უტიეთ, ყმაწვილებო, გზა მიეცით!.. რატომ იცით კარებში გაჩერება! - მიაყვირა ერთმა მოხუცებულმა გლეხმა რამდენსამე კაცს, რომელნიც ეკლესიის კარებთან შეჩერდნენ და ერთმანეთს დღესასწაულს ულოცავდნენ. - ვერ ხედავთ, ხატებს მოასვენებენ?

მართლაც, კარებში გამოჩნდა ხატებით ხელში რამდენიმე გლეხი, მათ უკან მოჰყვებოდა შემოსილი მღვდელი სასხურით მარჯვენა ხელში და ჯვრით მარცხენაში. მღვდელი თან ჯვარს სახავდა ხალხს და თან წმიდა აიაზმის წყალს ასხურებდა.

- ნუ გაჩერებულხართ, ყველა ხატებს გამოჰყევით... ეკლესიას შემოვუაროთ! კირილე, პეტრე, ვის უყურებთ?.. ეკლესიას შემოუარეთ! - უძახოდა მღვდელი ხალხს.

- კირიე-ლეი-სონ! კირიე-ლეი-სონ! - გაიძახოდა იმდენი ხალხი და წყნარის ნაბიჯით მიჰყვებოდა უკან ხატებს. უკვე სამჯერ შემოუარეს ეკლესიას და შემდეგ ხატები გალავანში გაიტანეს და იქ დაასვენეს.

ხალხი გარს შემოეხვია მღვდელს. ამ უკანასკნელმა რამდენიმე ლოცვა წაიკითხა და ხალხს უბრძანა ხატების წინ მუხლთ მოიყარეთო.

- წმიდაო გიორგი ... მიმართა მღვდელმა წმ. გიორგის ხატს, რომლის სახელიც ერქვა ამ ეკლესიას: - წმიდაო გიორგი! ყველა ესენი შენი ყმები არიან, შენი მმოსავნი, შენს მფარველობის ქვეშ მყოფნი, შენი მავედრებელნი და გეხვეწებიან მუხლმოდრეკილნი, რათა შეისმინო მათი ვედრება, ნუ მოაკლებ ამათ ნუგეშისცემას, წყალობას შენსას, განაშორე ყოველივე ბოროტი, განაძლიერე ამათში კეთილი, დათრგუნე ავი და შთანერგე შიში და სასოება, რათა ადიდონ სახელი შენი, ჩვენო მფარველო, ჩვენო სასოებავ, ჩვენო ბატონო უკუნითი უკუნისამდე!..

- ამინ, ამინ! -. ისმოდა ყოველი მხრიდან.

ჯერ კიდევ არა ჰქონდა მღვდელს გათავებული ვედრების სიტყვა, რომ მოშორებით მდგარი კაცია საგუნაშვილი წამოიჭრა წინ, მისწი-მოსწია დაჩოქილი ხალხი და ერთ წამს წმ. გიორგის ხატთან გაჩნდა.

- ესმის ახლა ვითომ მაგას რამე?.. ძაღლი ვიყავი მე, ჩემი რომ არაფერი შეისმინა მაგან?! - საშინელი ხმით წამოიძახა აცახცახებულმა ბებერმა კაცმა.

ეს ისე სწრაფად, ერთი თვალის დახამხამებაში მოხდა, რომ ვერავინ მოასწრო მოხუცებულის შეჩერება. მღვდელი გაფითრებული, გონებადაკარგულივით მისჩერებოდა განრისხებულ მოხუცს.

- რას ამბობ, შე შეჩვენებულო? - მიაძახეს აქეთ-იქიდან კაციას, ვიღაცამ ხელიც ჰკრა; კაცია წაბარბაცდა, მაგრამ არ წაქცეულა.

- კაცია, გაგიჟდი?

- ჭკუაზე შეიშალე? - უყვიროდნენ გარშემო.

- რა ქნა ამ შეჩვენებულმა!.. უმაგალითო საქმე არ ჩაიდინა?! - ამბობდნენ გაოცებული მაყურებელნი.

- რაო, რა თქვა? - კითხულობდნენ მოშორებით მდგომნი.

- წმ. გიორგის ხატი ჰგმო!.. - იყო პასუხი.

- კაცია საგუნაშვილმა ხატი ჰგმო!.. კაციამ ხატი ჰგმო! - ისმოდა ყველგან და ამ ამბავმა ელვასავით შემოირბინა იქაურობა.

- რატომ ქნა მაგ შეჩვენებულმა ეგ ამბავი? - კითხულობდნენ ზოგიერთნი.

- ანდრია ჭურაშვილი ჰყავდა გადაცემული და რატომ წმ. გიორგიმ არ დასაჯაო!

- ვაი, გაგიჟებულა, ნამდვილ გაგიჟებულა ეგ უბედური! - ამბობდნენ და ყველას თვალი მიქცეული ჰქონდა ამ საკვირველი მოხუცისაკენ, რომელიც დინჯად, მაღალი ჯოხით ხელში, გალავნის ჭიშკრისაკენ მიდიოდა.

უეცრად ქალის საშინელმა კივილმა შესძრა იქაურობა.

- მომკალით!.. მომკალით!.. რა დღეს შევესწარი?.. მომკალით!.. ვაიმე, ვაიმე!.. რადა ვარ ცოცხალი, მე წაწყმენდილი!! - კიოდა მოხუცებული დედაკაცი, რომელიც მორბოდა იმ მხრიდან, სადაც ქალები იდგნენ ცალკე. ეს იყო კაციას ცოლი დოდო.

- სადაა, სად, ის შეჩვენებული?.. სად არის?.. თვალით დამანახეთ ერთი! - სასოწარკვეთილებით გაიძახოდა დოდო.

- ეგერ მიდის, დედავ, აი, ეგერ ჭიშკართან! - მიუთითეს კაციაზე.

დოდოს თითქოს დაავიწყდა თავისი მოხუცებულობა და, რაც ძალა და ღონე ჰქონდა, გაექანა კაციასაკენ.

- სად მიხვალ?.. სად ჯანდაბაში მიყავხარ ეშმაკს, შე წყეულო?! სად მიეთრევი... სად მიეთრევი, შე სამიწევ?! - მირბოდა და თან კიოდა დოდო.

ის-იყო კაციამ გალავნის ჭიშკრის კარი გააღო, რომ მას ქორივით დაეტაკა ცოლი, ჩააფრინდა ჩოხის კალთაში და უკან დასწია.

- სად ეშმაკებში მიხვალ?.. სად ჯანდაბაში მიხვალ?.. ახლავე დაბრუნდი!.. დაბრუნდი-მეთქი და ხატს შესთხოვე გაპატიოს!.. გესმის ჩემი თუ არა?.. - შესაზარი ხმით მიაყვირა კაციას დოდომ.

- იქით!.. მომშორდი! - ყრუდ წაილაპარაკა კაციამ და სცადა ჩოხის კალთა გაეთავისუფლებინა დოდოს ხელიდან.

- თავს გაგიხეთქ! დაბრუნდი, თვარა თავს გაგიხეთქ!.. დაბრუნდი, გეუბნები!.. ახლავე ბოდიში მოიხადე, შავდღეზე გაჩენილო!.. გესმის ჩემი თუ არა შენ? - და დოდომ ერთი მძლავრად გამოსწია კაციას ჩოხის კალთა.

მოხუცებული კინაღამ წაიქცა, მაგრამ თავი შეიმაგრა, გულმოსულმა მოიქნია ჯოხი, რომელიც ისე მძიმედ მოხვდა დოდოს ხელებზე, რომ კინაღამ მაჯები დასწყვიტა. ქალმა სიმწარისაგან დაიკივლა და ჩოხის კალთები ხელიდან გაუშვა.

- მომკალი, შე წყეულო!.. მომკალი! - დაიკვნესა დოდომ. ღვარივით გადმონადენმა ცრემლებმა თვალები აუვსო. გარეტიანებული მისჩერებოდა სახლისაკენ მიმავალ თავის უბედურ ქმარს. მერე უცბად მოტრიალდა, ჩქარი ნაბიჯით წამოვიდა ეკლესიისაკენ, მივიდა მღვდელთან, რომელიც ხალხს ელაპარაკებოდა, და ფეხებში ჩაუვარდა:

- მიშველე, შენ მიშველე, მამაო!.. მიშველე, შენი მუხლის ჭირიმე, ჩემო მოძღვარო!.. ვაიმე, ვაიმე!.. მიშველე, შენ დაგენაცვლე, ჩემო ბატონო!.. - მწარე ქვითინით მოსთქვამდა პირქვე დამხობილი მოხუცებული დედაკაცი: - მიშუამდგომლე წმინდანთან!.. გადამერია კაცი!.. ვაიმე... ვაიმე!..

- ადექ, შვილო, ადექ!.. ნუ გეშინია, შვილო! - მოხუცებული მღვდელი ძლივს იმაგრებდა ცრემლებს, ამ დედაკაცის უსაზღვრო მწუხარებას რომ ხედავდა, - ნუ გეშინია... წმ. გიორგი ყურადღებასაც არ მიაქცევს მაგის უგუნურობით ჩადენილ საქციელს... ოღონდ ილოცე, შვილო, ევედრე და სულგრძელი წმინდანი შეუნდობს, თუ შენი ქმარი შეიგნებს თავის ცოდვას... შედი, შვილო, ეკლესიაში: წმ. გიორგის დაუჩოქე და ევედრე... ნუ გეშინია, ღმერთი მოწყალეა და სულგრძელი!..

მღვდელმა გადასახა ჯვარი დედაკაცს; დოდო ხელზე ემთხვია, მერე შევიდა ეკლესიაში და იქ, წმ. გიორგის ხატის წინ მუხლმოდრეკილი, დიდხანს ევედრებოდა ცხარე ცრემლით მტირალი, რათა შეენდო ყოვლად მოწყალე წმინდანს ქმრისათვის უგუნურებით ჩადენილი საზარელი საქციელი.

მღვდელი კი ისევ ხალხს ელაპარაკებოდა:

- ერთობ უცნაური ხასიათისა ვართ... ბუზს არ გადავიფრენთ ხანდახან თავზე... გულისწყრომას ხომ საზღვარი არა აქვს ხშირად... თუ რამ დავიჯინეთ, იმის გადათქმას სიკვდილს ვარჩევთ, თუნდაც რომ მტყუანიც ვიყვეთ... უთუოდ ჩვენს ნებაზე უნდა იქნეს ყველაფერი და თუ ისე არ იქნა, საშუალებასაც აღარ გავარჩევთ, ოღონდ კი სურვილი ავისრულოთ... დათმენა რა არის... - ხშირად არც კი გვინდა ვიცოდეთ. და აი, სადამდის მივყავართ ამნაირ ჩვენს ხასიათს... თვით ღმერთსაც კი ვებრძვით... კაცი წმინდანს ებრძვის, რატომ ჩემს ნებაზე არ გაიარეო, რატომ ჩემი ნება არ აასრულეო... ამაზე მეტი შეიძლება?! აი, სადამდის მივყავართ ჩვენს გულფიცხობას... აი, სადამდის მიდის ჩვენი უგუნური გულისწყრომა!.. დამშვიდდით, შვილებო, ისწავლეთ მოთმინება, რომ გულფიცხობაში ჩადენილი საქციელი შესანანებლად ისევ თქვენვე არ დაგირჩეთ!..

იმ სამახსოვრო დღიდან საკვირველად გამოიცვალა კაცია. ძვირად უნახავთ, რომ ვისმეს დალაპარაკებოდა. თავის ოჯახშიაც ცალკე ყოფნას ცდილობდა ყოველთვის. ხანდახან, დოდო რომ მასთან ლაპარაკს დააპირებდა, კაცია წამოდგებოდა, აიღებდა ჯოხს და სადღაც მიეშურებოდა. ბოლოს უწყინარ შეშლილს დაემსგავსა.

მოტყდა, უცნაურად მალე მოტყდა, სრულიად დაბერდა და მოიკუმშა ამას წინათ წარმოსადეგი კაცია. ზედვე ეტყობოდა, რომ იგი სწუხდა, სწუხდა გადამეტებით, მაგრამ ხმას არ იღებდა.

ერთხელ ისე მეტისმეტად შეწუხდა, რომ მთელი ოჯახი ფეხზე დადგა.

- არიქა, ბიჭო გიორგი, მღვდელთან!.. მალე! - შეჰყვირა დოდომ თავის ვაჟს.

- არ მინდა, არა!.. - ძლივს წამოილუღლუღა კაციამ, რომელიც საზარლად კვნესოდა ტახტზე მწოლიარე.

- მალე, შვილო, მალე!.. უზიარებელი არ მოკვდეს ეს შავდღეზე გაჩენილი!.. ღმერთო დიდებულო, მოხედე შენი მოწყალე თვალით!.. - და დოდო რომ ავადმყოფთან ფუსფუსებდა, გიორგი მღვდელთან მირბოდა თავმოძულებით.

ცოტა ხანს იქით კაციას მღვდელი ადგა თავზე.

- რას შვრები, კაცია?.. როგორ ხარ? - ჰკითხა მღვდელმა.

კაციამ ჯერ ხმა არ გასცა, მერე გადმოხედა, მიაპყრო თვალები, დიდხანს უყურა, ხელი გამოართვა, წამოიწია, ემთხვია ხელზე. მერე უცბად ისევ დაწვა, კედლისაკენ ქნა პირი და ვეება დევკაცი ბავშვივით ატირდა სიტყვის უთქმელად. ამ მწარე, საცოდავად მოთქმამ მღვდელს გული აუჩვილა; ცრემლებით თვალებზე ის გულმხურვალედ ლოცულობდა და თან ნუგეშს აძლევდა საცოდავ მოხუცებულს.

კაცია ეზიარა.

რამდენიმე დღის შემდეგ მოხუცებული მოკვდა საშინელ ტანჯვაში. საწყალი ბერიკაცი თავის გულს შემოასკდა; გულფიცხობამ იმ ზომამდის მიიყვანა, რომ უმაგალითო საქციელი ჩაადენინა და ამ ჩადენილი საქციელის მოგონება, რომლის გასწორებაც მის თვალში შეუძლებელი იყო, წარმოუთქმელად აწუხებდა, სტანჯავდა, სტანჯავდა მუდამ, ყოველ ჟამს, ყოველ წუთს, ისე რომ ბოლოს ბერიკაცს ძალ-ღონეც გამოელია და სულიც დალია.

- ვერ ვიტირებთ, - ამბობდნენ მეზობლები: - ღმერთს ვაწყენიებთ, რომ მისი მგმობელი ვიტიროთ! - და ამიტომაც მიცვალებულ კაციას სასაფლაოზე მხოლოდ ცოლ-შვილი მიჰყვა და ესენიც მხოლოდ იმის უბედურ დღეზე გაჩენას დასტიროდნენ.

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined29 Dec 2007
Posts3447
კარმა114
OFFLINEPROFILE
ტელმან, ქურდი მახო, მადლობთ:)

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined29 Dec 2007
Posts3447
კარმა114
OFFLINEPROFILE
გამიხარდავ, ა გამიხარდავ!
_ გადი, კაცო, დარდების შემგროვებელი იძახის.
_ შენ გადი, სალომე.
_ მე რატომ გავიდე, გადი, გახისფეხდი.
_ რა ვუთხრა მერე?
_ აი, რა უნაღვლელი კაცი ხარ, ნეტავ როგორა ვძლებთ შენ ხელში. არაფერი გადარდებს, კაცო?!
_ მერე მაგას რა თავში ვახლი ჩემ დარდს.
_ გადი, ხო იცი, თუ არაფერს ეტყვი, არ მოგეშვება.
გამიხარდამ მხარტყავი წამოისხა და დერეფანში გამოვიდა. ეზოს იქით გამხდარი კაცი იდგა, ზურგზე გუდა ეკიდა და ერთ ადგილზე შეშფოთებული წრიალებდა.
_ რა შორიდან იძახი, ჩაჩავ, შემო შიგნით, კაცო, _ დაუძახა გამიხარდამ.
ჩაჩაი შიგნით შემოვიდა, გამიხარდაის წინ საქმიანად დადგა, გუდა მოიხსნა და ქაღალდები ამოშალა. თან ქაღალდებს იღებდა და თან გაიძახოდა:
_ იცი, რისთვის მოვედი?
გამიხარდამ იცოდა, რისთვისაც იყო ჩაჩაი მოსული და თავის თავში ეძებდა პასუხს. ჩაჩაი კი წრიალებდა და ბზრიალებდა.
_ იცი, რისთვის მოვედი?
_ შინ შევიდეთ, კაცო, აქ რას ვდგავართ.
_ არა, მეჩქარება, იცი, რისთვის მოვედი?
_ წამო, შინ შევიდეთ.
_ გამიხარდაი კი გქვიან, მაგრამ მაინც გეტყვი, რა ვიცი, კაცნი ვართ, იქნებ შენც ამოგაჩნდეს.
_ თუ რამე შემიძლია, ჩემი თავი შენ გენაცვალოს.
_ გამიხარდაი კი გქვიან, მაგრამ არაფერი გადარდებს?
_ შინ შევიდეთ, იქ გეტყვი.
_ მეჩქარება, გაღმა სოფელში ვარ წასასვლელი.
_ ძალიან მადარდებს.
_ რა, რა? _ ჩაჩამ ფანქარი მოიმარჯვა და ენაზე დაიწო ფრთხილად.
_ ის, რომ სახლში არ შემოდიხარ.
მეტი რაღა გზა ჰქონდა ჩაჩას, მა რაღა დარდების შემგროვებელი იქნებოდა, თუ იმის მაგივრად, რომ კაცისთვის დარდი გამოერთვა, პირიქით მისცემდა თავად.
_ შემო, შემო, რაღა ფეხებს იწმენდ, _ ეპატიჟებოდა გამიხარდაი.
სალომე სუფრის გაშლას შეუდგა.
_ მთავარი დარდი მინდა, მთავარი, _ გაიძახოდა ჩაჩაი და ჭიქას ჭიქაზე ცლიდა.
გამიხარდამ ვერაფრით ვერ მოიფიქრა სათქმელი და აძალებდა და აძალებდა არაყს.
_ მე დარდი მაქვს სათქმელიო, _ არა სვამდა, მთავარ დარდს კი მაინც ვერ იგონებდა.
ნამგზავრ-ნაჯაფარ ჩაჩას მალე მოეკიდა სასმელი და მაგიდაზე ჩამოიძინა.
_ რა ვუთხრა ამ კაცს, _ ფიქრობდა გამიხარდაი. მერე თვალები გუდაზე გაუშტერდა და გაუხარდა.
_ რას ჰქექავ, კაცო, არ გამოიღვიძოს, წავა და იტყვის, დამათრო და მქურდავდაო.
_ რა არის აქ გასაქურდი, შე კაი დედაკაცო, ხალხის დარდს მინდა თვალი გადავავლო, გავიგებ, ვის რა აწუხებს და ჩავალაგებ ისევ.
_ ისემც მეხი ჩამოგაყარე, როგორც შენ ხალხის დარდი გადარდებდეს.
_ ნუ ამბობ მაგას, სალომე, მოდი, რა სწერია?
გამიხარდამ ჩუმად დაიწყო კითხვა:
დარდი ¹12 _ გუდამაყრელი ხოხაი: _ მკითხავმა მითხრა, ხატის მიზეზი გაქვთო და არ ვიცი, რომელი ხატისა.
დარდი ¹8 _ გუდამაყრელი ბუთულაი: _ ცოლი გამექცა და სად წავიდა, არ ვიცი.
დარდი ¹55 _ ხევსური აბიკაი: _ ბაწარაულთ მგელიკას მართებს ჩემი სისხლი.
კიდევ აპირებდა სხვისი დარდების კითხვას გამიხარდაი, რო ამ დროს ჩაჩას გამოეღვიძა და გაიზმორა.
_ ჩაჩავ!
_ იცი, რისთვის მოვედი?
_ ჩემი თავი შენ გენაცვალოს.
_ გამიხარდაი კი გქვიან, მაგრამ... _ ჩაჩამ ფანქარი დაიწო ენაზე და ცოტა ხნის მერე დარდებით სავსე გუდას ასეთი ქაღალდი მიემატა:
დარდი ¹421 _ გუდამაყრელი გამიხარდაი: _ მე მადარდებს ის, რომ წყალში მთები, ხეები, კაცები სულ თავდაყირა ჩანან.
სალომეც გაკვირვებული იყო და ჩაჩაიც. მიდიოდა და სულ ერთსა და იმავეს იძახოდა:
_ გამიხარდაი კი ჰქვიან, მაგრამ...
_ აწყენინე, აწყენინე შენ იმ კაცს, _ ეჩხუბებოდა სალომე ქმარს.
_ ვაწყენინე, თორემ ეხლა...
სალომემ პირზე დააფარა ხელი და მეტი აღარაფერი ათქმევინა.
_ ავი არა წამოგცდეს რა, ხო იცი, რო ნაწილიანია, რაღა შენ არა გჯერა.
_ იქნებ არ არის.
_ თუ ხალხისთვის არის, შენთვის რატომ არ უნდა იყვეს, შე ენაგასახმობო, შენა! არ გახსოვს, ბეჭში რო ჩაიხედა და თქვა, საქონელია ზვავში ჩაცვივნილიო. ხო გამართლდა.
_ გამართლდა კი, მაგრამ სანამ იმ ბეჭში გაიხედავდა, ზვავში ჩაიხედა მაგან.
_ ზვავმა რო დახოცა ხალხი და ვეღარ პოულობდნენ, იმათზეც ხო თქვა, თოვლის ძირ ეძებეთო. ისაც ხო გამართლდა.
_ მაგას ხო მეც ვიტყოდი. თოვლისაგან დატანილი, თოვლის ძირ უნდა ეძებო, განა ჩაჩასთან.
_ ისეთმა ჩაგიტანოს, რო ვეღარ ასდგე. რატო შენ არა სთქვი, თუ იცოდი, რო თოვლის ძირ იყვნენ.
_ რას ჩამაცივდი, დედაკაცო, რა ვთქვი ისეთი, ჩემი სადარდებელი ვუთხარი, მეტი ხო არაფერი.
_ მეტი ნუღარა გადარდოს რა ჩემმა გამჩენმა, აი! შენ იქნება არც ის გჯერა, ღამღამობით ბეჭი რომ უნათდება.
_ ვინა ნახა.
_ მაგის ცოლი იძახის, მარჯვენა ბეჭში, შუაღამისას, ჯერ თხილის ოდნად გამოუნათდება, გაიზრდება, გაიზრდება და ვარსკვლავივით აბრჯღვინებსო. გაშტერებულია ხალხი იმის მონაყოლით. არა დაგაჯეროს რა გამჩენმა.
_ მჯერა, ჰო, მჯერა!
ძლივს მოიშორა თავიდან ცოლი გამიხარდამ.
იმ კვირია მოათავა გუდამაყრელთა დარდების შეგროვება ჩაჩამ და ქვენამთის გადასასვლელით მოხევეებში გადავიდა.
ხალხში «ნაწილიანის» სახელი ჰქონდა გავარდნილი და რა ეკარგებოდა, ხმარობდა მაგ სახელს.

***
იქ, სადაც ოთხი ხეობა ერთმანეთს ეყრება, დიდი კლდე დგას. ლურჯი, მკერდშეწეული და წვერწამოხრილი. ხოსროკლდე ჰქვია.
კლდის ქვემოთ ამღვრეული მდინარე მიჰქუხს, ზემოთ მხარკვერიანი არწივები დაბუინობენ, ცისა და მიწის შესაყარია ხოსროკლდე. ზვიადია და ყველა რიდით შეჰყურებს.
მოიკიდა ერთ დღეს ჩაჩამ დარდებით სავსე გუდა, გავიდა ხოსროკლდის წვერზე და აღარ ჩამოვიდა.
_ რამ გაიყვანა ის უბედური.
_ უთქვია, ღმერთთან მიმაქვს ხალხის დარდიო.
_ რო აღარ ჩამოდის?!
შეიკრიბა ხალხი ხოსროკლდესთან ოთხივე ხეობიდან. გამართეს ბჭობა, ითათბირეს. მერე თემის თავკაცებმა გასძახეს ჩაჩას:
_ ჩამოდი ეხლა, ჩაჩავ, დაბლა.
_ არ ჩამოვალ, რა მინდა მანდ.
_ მანდ რაღა გინდა, შე უბედურო, შენა!
_ როგორ თუ რა მინდა, ვერა მხედავთ, რო ხთისშვილი ვარ, რა შნოზე მელაპარაკებით.
_ გაგიჟებულა ეგ უბედური.
_ ვაიშიღა, გუდამაყრელებო, დაღუპა თქვენმა «ნაწილიანმა» ჩვენი დარდები, _ გააქილიკეს მოხევეებმა გუდამაყრელნი.
მერე ამოარჩიეს რამდენიმე ახალგაზრდა და ჩაჩაის ჩამოსაყვანად გაგზავნეს კლდეზე. იმან რო დაინახა, ჩემთან მოდიანო, კლდეზე გადმოიწია და ხალხს გადმოსძახა:
_ არ მამეკაროთ, თორო გადმოვვარდები!
ისე იყო კლდეზე გადმოკიდებული, ხალხს შეეშინდა, მართლა არ გადმოვარდესო და კლდეზე აცოცებულნი უკან დააბრუნეს.
ეხვეწებოდნენ, ემუდარებოდნენ ჩაჩას, ჩამოდი და უბატონოდ ხმას არ გაგცემთო. ჩაჩას გულში სიამოვნებდა ხალხის ხვეწნა და გადმოიწევდა ხოლმე, ვითომ ვარდებოდა, თან კიოდა:
_ გადმოვვარდები!
_ ნუ, შე უბედურო.
_ არა გჯერათ, რო ხთისშვილი ვარ?! _ და თანდათან უფრო იხრებოდა.
_ გვჯერა, გვჯერა, _ შესძახოდა ხალხი.
_ გადმოვვარდები!
_ ნუ, შენ მადლსა.
_ დაიჩოქეთ, თორემ გადმოვვარდები!
ხოსროკლდის შამბიან კალთაზე მუხლმოყრილი იყო ხალხი.
_ გადმოვვარდები! _ კიოდა ჩაჩაი.
_ ნუ, შენ მადლსა, _ შესთხოვდნენ ესენი.
არ ჩამოვიდა. ხალხს შეეცოდა და მორიგეობა დააწესეს. მანამდე უნდა ეყარაულნათ, ვიდრე შიმშილი არ ჩამოიყვანდა თავად.
პირველ დღეს მოხევემ უყარაულა. რამდენჯერაც კლდეზე ასული «გადმოვვარდებიო», დაიძახებდა, მოხევე მუხლმოყრილი ეხვეწებოდა:
_ ნუ, შენ მადლსა, ნუ გადმოვარდები.
მეორე დღეს მთიულმა უყარაულა ხვეწნა-მუდარით.
მესამე დღეს _ ხევსურმა აბიკამ. დადიოდა ხმალხანჯლიანი და შესძახოდა:
_ ოღონდ ნუ გადმოვარდები, მთვარეს მოვწველავ და იმის რძეს დაგალევინებ.
გუდამაყრიდან გამიხარდას ერგო ყარაულობა. მთელი დღე ეხვეწებოდა: _ ნუ გადმოვარდები, ნუ გადმოვარდებიო.
_ გამიხარდაი კი გქვიან, მაგრამ... _ ჩამოს¬ძახოდა ჩაჩაი.
_ ნუ, შენ მადლსა.
შეწუხდა ხვეწნით გამიხარდაი, აღარ შეეძლო მეტი. მერე ცამაც პირი გაიხსნა და ისეთი წვიმა წამოვიდა, მიწას ძირი გააგდებინა. ის მაინც კიოდა:
_ გადმოვვარდები!
_ ნუ, შენ მადლსა, _ შესძახოდა გამიხარდაი და თან ცოტა იმედი ჰქონდა, იქნებ წვიმამ შეაწუხოს და ჩამოვიდესო. აღარ შეეძლო მეტის ატანა.
_ უნდა გადმოვვარდე! _ გადმოიწია ჩაჩამ.
_ გადმოვარდი, შენი!.. _ შესძახა გამწარე¬ბულმა ყარაულმა. ჩაჩამ თავი ვეღარ შეიკავა და წამოვიდა ტრიალ-ტრიალით...
გაცოფებული ეხეთქებოდა კლდეებს მდინარე, არც კი უგრძვნია, თუ ვინმე ჩაუვარდა ამღვრეულ ტალღებში...
_ ხომ მშვიდობაა? _ ეკითხებოდა სოფელში დაბრუნებულ გამიხარდას ხალხი.
_ წაიღო, _ თქვა გამიხარდამ.
_ რა წაიღო, აღარ იტყვი?
_ თქვენი დარდი.
_ ვინ წაიღო.
_ არაგვმა.
_ სად წაიღო.
_ სად და იქ, საცა უნდა დადგეს, რაც მე მადარდებდა.
_ ვერაფერი ვერ გავიგეთ შენი.
_ არ ჩაგიხედიათ დამდგარ წყალში?
_ ჩაგვიხედია.
_ დაგინახავთ რამე?
_ მთები... ჩვენი თავი.
_ წაღმა?
_ უკუღმა.
_ ჰოდა, აგაშენათ ღმერთმა...
გამიხარდამ გაოგნებული ხალხი მიატოვა და გზა განაგრძო! მთელი დღის ნაბობოქრალ ზეცას გამოედარა და მეწამული ფერი დაჰკრავდა.

გოდერძი ჩოხელი

ციტირება პასუხი
   
User avatar
გამოცდილი დესპანელი
გამოცდილი დესპანელი
Joined09 Jan 2009
Posts95
კარმა0
OFFLINEPROFILE
ოთხი ყრუ
ერთი ყრუ კაცი იყო და ხარი დაკარგა. საძებნელად წავიდა ერთი კაცი შემოეყარა. კითხვა დაუწყო. თურე ის კაცი უფრო ყრუ იყო და ვირი თურე ეპოვნა. მან ხარისა ვერა შეიტყო. ასე უთხრა. ვირი თუ შენია, საპოვნელა მაინც მომეცო! ერთმანერთსა ვერა შეატყობინეს რა.

ერთი ცხენოსანი კაცი მოვიდოდა და ქალი ვინმე გავას უჯდა. მივიდენ მასთან. ამან ამისი ხარისა უთხრა, მან მისი ვირისა. თურე ის უფრო ყრუ იყო: ეგონა: დიაცს მართმევენო. ფიცი თქვა: ცოლი მომიკვდა და ეს მისი მოახლე არისო, სხვისას ნუ ჰგონებთო! ვერც ერთმა ვერა გაიგეს რა.

ყადთან წავიდნენ, ყველამ თავისი საჩივარი თქვეს. ყადი თურე სიბერით დაყრუებულიყო. რამაზანი იყო. ეს მოჩივარნი მთვარის გამოჩენის მოამბენი ეგონა. თქვა: რადგან მთვარე უნახავნ, ნაღარას კარითო! ვერც ერთმან ვერა გაიგეს რა.

- აწე, ჩვენ, დიდნი და პატარანი, ყველანი დავყრუებულვართ, თვარემ რატომ არ გვესმის, ლამის იგი ყრმა მოკლასო?!

უშლიდა ვაზირი, არათქმასა ეტყოდა

ციტირება პასუხი
   
User avatar
გამოცდილი დესპანელი
გამოცდილი დესპანელი
Joined09 Jan 2009
Posts95
კარმა0
OFFLINEPROFILE
მაოხრებელი მკვდარი
კლარჯეთის თემსა, სოფელსა ერთსა იყო ერთი გზირი, ანჩხლი და მტერი სოფლისა მის. შეაწუხა იგი სოფელი და სრულიად ააოხრა. მოიგონის მიზეზი, უთხრის თათართა და მრავალი ვეცხლი წაართმევინის.

მოვიდა დღე გზირის სიკვდილისა. მოიხმო სოფლის კაცნი და ეგრე უთხრა:

- მე თქვენთვის ბევრი შემიცოდებია, და რათგან ცოცხალს ვერა მაწყინეთ რა, გაფიცებთ ღმერთსა, რა მოვკვდე, თოკი ყელს მომაბით, გამათრიეთ და ხეზედ ჩამომკიდეთ!

რა მოკვდა, სცთნენ კაცნი იგი და, რაც უთხრა, ყველა ჰყვეს.

ნახა ვინმე თათარმან გზირი ხეზედ კიდებული, წავიდა, ყადს უთხრა: ჩვენი გზირი დაურჩვიათო.

გამოუსივეს კაცი სოფელსა მას. ათასი მარჩილი წაართვეს. დაუწყეს გინება გზირსა: ცოცხალმან მოგვთხარა და მკვდარმან აგვაოხრაო!

- მასავით შენ ცოცხალიც წახდენას მიპირობ და მკვდარი უარესს მიზამ. ვიცი, ვერ გარდაგირჩებიო.

რუქამ უთხრა:

- ლეონ, მე შენს სიკვდილს და გაგდებას არა ვდევ. მე მეფისა ჩემისა უმჯობესისა პოვნა მინდა და შენ თუ ამასთან იყოფვი, დიდი დასაკლისია.

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined30 Nov 2008
Posts4430
კარმა0
OFFLINEPROFILE
ილია ჭავჭავაძე
(ნაწყვეტი)
მეცხრამეტე საუკუნეში საქართველოს ჰყავდა ორი პროვიდენციალი პიროვნება: ილია ჭავჭავაძე და ივანე მაჩაბელი. ქართული პრობლემა შეიძლება ამ ორი პიროვნების შესწავლით აიხსნას. მაჩაბელზე ჩვენ ვიტოვებთ უფლებას მოკლე დროში დავწეროთ. ილია ჭავჭავაძის მკვლელობის 15 წლის თავზე კი გვინდა აღვნიშნოთ დეკლარაციით ის თეზისები, რომელნიც შემდეგში გაიხსნება მაჩაბელის მონოგრაფიაში. გადაუმეტებლად შეიძლება ითქვას, რომ მე-19 საუკუნე საქართველოში ილიამ კიდეც მოიგონა, კიდეც შეჰქმნა და თავის სისხლით კიდეც დაჰკირა.

ჩვენ შეიძლება ამ საუკუნის შესწავლის დროს ბევრი დეფექტებიც აღმოვაჩინოთ, მაგრამ ერთი კი მაინც უცილობელია - ამ დიდი ეპოპეის მთავარი მბრძანებელი იყო ილია ჭავჭავაძე.

ილია ჭავჭავაძემ თავის დევის ხელით სრულიად გადატეხა ეს სტილი და ჩვენ გვაქვს უკვე ანალოგია ევროპული მწერლობის მასშტაბით.

მართალია, ჯერ არ არის შესწავლილი, მაგრამ ჩვენი დაკვირვებით და თანამედროვეთა მოწმობით, სამი მეოთხედი იმ სიტყვებისა, რომელსაც დღეს ხმარობს ქართული ჟურნალისტიკა, ილიას მოგონილია. შემდეგი თაობა ამას არ უკვირდება, როგორც ის არ უკვირდება იმას, ვინ მოიგონა ან შეჰქმნა პირველად ენა.

ამ ხნის განმავლობაში ილია ჭავჭავაძე იდგა როგორც გიგანტი. ყოველი მოზღვავებული ტალღა, უცხო თუ შინაური, იმას დაეტაკებოდა და ილიაც მოიგერიებდა.

ილია ჭავჭავაძის ყოველი გამოსვლა ამ შემთხვევაში აყენებდა იმ სანახაობას, როგორც არტილერიის სიმფონია ომების დროს. და ეს ტანკი (როგორ აგავს ილია ტანკს ფიგურითაც) სტკეპნიდა ქართულ მწერლობას; ამის ნაკვალევს დევის ნაფეხური ჰქვია.

ამიტომ იყო, რომ ილიას ყველა ანგარიშს უწევდა, და შეუძლებელიც იქნებოდა მისი ბუნებრივი და შეურყეველი მეთაურობა თითქმის 40 წელი, რომ მას ასეთი მაგარი ხერხემალი არ ჰქონოდა.

ილია ყველგან ცდიდა თავის თავს: ის იყო პოეტი, ბელეტრისტი, დრამატურგი, პუბლიცისტი, ჟურნალისტი, მეცნიერი, რეჟისორი, ფინანსისტი, ორატორი, ისტორიკოსი და კიდევ რამდენი სხვა, და ამიტომ არის, რომ ჩვენ დღესაც არ ვიცით, რომელ ამ დარგში ვეძიოთ მისი ნამდვილი სახე.

მაგრამ ერთი რამ ცხადია, და ეს მადლიერი თემაა ახალი გამოკვლევისათვის: მეცხრამეტე საუკუნეში ქართული პროზა შექმნა ილია ჭავჭავაძემ და დღემდის მისი პროზა არ არის დაძლეული. ჩვენ აქ არ შევუდგებით ანალიზს მისი სტილისას, რომელიც მას აყენებს ყველაზე მაღლა, განსაკუთრებით საცოდავი არიან პროზაში ისინი, ვინც ილიას ეხვივნენ გარს, ეს შეიძლება ითქვას მისი კრიტიკული პროზის შესახებაც.

უნდა აგრეთვე ხსენება იმასაც, რომ ილიას ლექსი, ყოველ შემთხვევაში, არ ჩამორჩებოდა აკაკის ლექსს და მხოლოდ თანამედროვეთა უკულტურობას უნდა მიეწეროს ის, რომ ილიას აყენებდნენ აკაკიზე დაბლა.

ჩვენში რომ გაჩნდნენ დადაისტები, ისინიც ვერ უარყოფენ ილია ჭავჭავაძის დიდ ფიგურას. ილია რომ გამოაკლდეს მეცხრამეტე საუკუნეს, მაშინ იქნებოდა საქართველო სამუდამოდ დაბნელებული.

ამიტომ გასაგებია ის კალამბური, რომელიც წამოცდა ვალერიან გუნიას, რომელსაც, როცა შეეკითხა ერთი ფრანგი, ჰყავს თუ არა დიდი კაცი საქართველოსო, უპასუხა ასეთი ფრანგულით: Ilia un Ilia.

ილიას სიკვდილმა გულის ძარღვამდის შეარყია საქართველო, და ყველა უბრალო ხალხიც ამბობდა, აქ არის დასაწყისი ახალი ეროვნული შეგნებისო, ამის ფაქტებს ჩვენ ყოველდღე ვხედავთ.

ილიას პოეზიიდან მარტო წიწამური რომ დარჩენილიყო, მაინც სამუდამოდ აატირებდა საქართველოს და სამუდამოდაც დარჩებოდა თემა პოეზიისათვის.

1922 წ.

ციტირება პასუხი
   
 
+ ახალი თემა ↩ პასუხი  [ 322 posts ] 
დესპანი