|
ინტერნეტ-ფორუმების მიმოხილვა: კეთილშობილი პუტჩისტები
კეთილშობილ პუტჩისტთა შექმნის მიზანი არის უფსკრულის ამოვსება პუტჩისტთა, მათ მხარდამჭერთა და მათ დაუძინებელ მტრებს შორის ფორუმ.ჯი-ზე ვერსია პრინტერისთვის • დაამატე რჩეულებში • [მურმან ეკალაძე] ნიგერიის ერთ-ერთი უდიდესი გაზეთი ამბობს, რომ თხამ მოიპარა მანქანა. წერილი გამოქვეყნებულია გაზეთის პირველ გვერდზე და მოგვითხრობს, თუ როგორ იპარავდა ორი ტიპი ავტონამქანა “მაზდას”. პოლიციის გამოჩენაზე ერთ-ერთი ქურდი გაიქცა, მეორე კი - თხად გადაიქცა. პოლიციამ ეს თხა ჟურნალისტებს აჩვენა, ხოლო გაზეთმა კი თხის სურათი დაბეჭდა.
ეხლა მითხარით, ეს ყველაფერი საქართველოს არ გაგონებთ? ცოტა როლებია შესაცვლელი და ეგაა...
ქართულ ინტერნეტ-ფორუმებზე უპირველესი განხილვის საგანი, ბუნებრივია მიხეილ სააკაშვილის რამდნიმესაათიანი გამოსვლა გახდა, სადაც პრეზიდენტი ხალხის კითხვებს პასუხობდა.
Front National: “მიხელ სააკაშვილის დღევანდელ გამოსვლაში მისი მხრიდან გაჟღერდა შემდეგი ფრიად მნიშვნელოვანი ფრაზები:
”მტერს არ შევართჩენთ ჩვენი ქვეყნის ოკუპაციას” ”საფრთხეები მცირდება მაგრამ მაინც არის” ”ახალგორი ჩვენი ტკივილია” ”ჩვენ აუცილებლად დავბრუნდებით” ”ბრძოლა გრძელდება და არ შეწყდება სრულ დეოკუპაციამდე” ”მაშინ არ ვიყავით მზად” ”ჩვენ ვზრუნავთ და დავიცავთ ჩვენს მოქალაქეებს” ”ოკუპანტებს არ დავუტოვებთ საჯიჯგნად აფხაზეთსა და სამაჩაბლოს” ”ჩვენ აუცილებლად დავბრუნდებით” ”ჩვენ პოლიციელებს გვიკლავენ და ასე გულხელდაკრეფილები ვერ ვისხდებით” ”უცხოელი დამკვირვებლები საბოლოოდ ვერ ახერხებენ თავიანთი საქმის კარგად შესრულებას! რუსებმა რომ უთხრეს ”დაახვიეთო” - ერთ საათში გამოიქცნენ” ”ჩემი საპრეზიდენტო ვადა 2013 წლამდე გრძელდება და ამ პერიოდამდე ვიზრუნვებთ ჩემი ოცნების ასასრულებლად და ტერიტორიული მთლიანობის აღსადგენად”
ეს და სხვა მრავალი საინტერესო ფრაზა გააჟღერა საქართველოს პრეზიდენტმა იმ გადაცემაში სადაც ხალხს პასუხობდა. ნიშნავს ეს იმას, რომ ბრძოლა თავისი მრავალსახოვნებით მართლა გრძელდება და მან მართლაც შეიძლება მიიღოს ნამდვილი სამამულო ბრძოლის სახე? გჯერათ თუ არა პრეზიდენტის? დავბრუნდებით? ბრძოლა გაგრძელდება?”
ორიოდე წლის განმავლობაში “რუსეთის მუხლებიდან წამოდგომის” იდეამ მეცნიერული მიმდინარეობის სახე შეიძინა.
მიხეილ რძე: “ეს არის ნეოდერჟავნიკების Top-თვენთიში შესული იდეები, რომელთაც მოძრაობის ფანები განსაკუთრებით აფასებენ.
თეორია: მსოფლიო ”მასონებმა” (იმ ხალხმა, ვის ხელშიც არის დოლარების ბეჭდვა, ანუ აშშ-ს ”ფედერალური სარეზერვო ფონდი”, რომელსაც სინამდვილეში ოციოდე ბანკი აკონტროლებს) ხელი ჩაიქნიეს თავის ყოფილ სხეულზე - ამერიკის შეერთებულ შტატებზე. ეხლა კი საკუთარი ტყავის გადასარჩენად ფსონს ჩამოვიდნენ რუსებზე - კაცობრიობის ყველაზე ნიჭიერ და ენერგიულ ერზე. საკუთარი იდეების გასატარებლად ისინი ძალ-ღონეს არ იშურებენ და ყველაფერს აკეთებენ ე.წ. ახალი რუსული ორბიტის შესაქმნელად. ეს იქნება ახალი გეოპოლიტიკური ერთეული, რომელიც გააერთიანებს დაახლოებით 400-500 მილიონ ადამიანს მოსკოვური ცენტრის ირგვლივ. სწორედ ეს რაოდენობა არის აუცილებელი ამ ორგანიზმის ოპტიმალური ფუნქციონირებისთვის.
უახლოეს ხანში უნდა ველოდოთ ბურჟუაზიული სამყაროს სარჩენად გამოყოფილი თანხების ეტაპობრივი გადამისამართებას ნეო-რუსეთში. ”დასავლეთს” ძალიან გაუჭირდება. ეკონომიკური და იდეოლოგიური ჰეგემონობის გარდა ის სასიცოცხლოდ აუცილებელი ფულის ნაწილსაც დაკარგავს”.
- ”ამ დროს ნეო-რუსეთი ნელ-ნელა (მო)იქოქება მასონების, პუტინის, ღვთის წყალობის და განგების მეცადინეობით. ამ ეტაპზე სელექციონერები უკვე იმ საუკეთესო ერ-სატელიტებს არჩევენ, რომლებიც ყველაზე ღრმად იქნებიან ჩაფლულნი შოკოლადში. პირველებს დიდი რაოდენობით ბონუს-ქულები დაერიცხება. განსაკუთრებით დიდ მოწონებას დაიმსახურებს ის ერი, რომელიც ჯერ კიდევ ყოყმანობს, მაგრამ ნეო-რუსეთის ერთგულების დამადასტურებლად ამ ბურჟუაზიულ ქსივას საჯაროდ შესჭამს! მოკლედ, რუსული ფანტაზია მაგარი რამეა! ტაში!”
თუ ქვეყნის ლიდერობა გსურს, სექსუალურადაც მომხიბლველი უნდა იყო - ამას ადასტურებენ სოციოლოგიური გამოკითხვები. ამ მიზნით, მაგალითად, რუსეთის პრეზიდენტი პუტინი თავისი ცნობილი ფოტოსესიის დროს გაშიშვლდა და კარგად ნავარჯიშევი და დაკუნთული სხეულით მოაწონა რუსებს თავი.
Lord Vader: “იტალიის პრემიერ-მინისტრმა სილვიო ბერლუსკონიმ - პლასტიკურ ქირურგიას მიმართა - ზედმეტი ქონები მოიშორა, სახე გადაიჭიმა და ნაოჭები გაიქრო”.
მაგრამ ყველას საფრანგეთის პრეზიდენტმა სარკოზიმ აჯობა. მან სასარგებლოსა და სასურველის შეთავსება მოახერხა და სექსუალური ენერგიის - ლიბიდოს, მწვრთნელი დაიქირავა.
- ”მას შემდეგ რაც საფრანგეთის პრეზიდენტმა ქალბატონ იმერიალისთან ვარჯიში დაიწყო, საზოგადოებრივი გამოკითხვები ადასტურებენ, რომ ამომრჩევლები მას უფრო მომხიბლველ ადამიანად მიიჩნევენ, რაც მის პოლიტიკურ რეიტინგზეც დადებითად აისახება”.
ყოველთვის ვამბობდი, რომ გუბაზ სანიკიძე და კახა ბენდუქიძე, პრეზიდენტად არიან დაბადებულნი.
მთელი თბილისი საუბრობს ტელეკომპანია “მაესტროზე” არსებულ ახალ შოუზე, სადაც გიორგი გაჩეჩილაძე, იგივე – უცნობი, ოთახის ფოსტლებით დამშვებენული “ციხის საკანში” დააბიჯებს და იფიც-იგინება, სანამ სააკაშვილი არ გადადგება, აქედან თუ გამოვიდე, ჩემი ასე და ისეო...
Glisoni 1765: “რათა შთაბეჭდილება შემქმნოდა, დღეს ღამე რამდენიმე საათის მანძილზე ვცადე მედევნებინა თვალყური და კიდეც შემექმნა ჩემი შთაბეჭდილება ამ გადაცემაზე.
იდეა ცუდი არ არის, მაგრამ ფორმა და შინაარსი რომელსაც განსაზღვრავს ნახევრად განათლებული ადამიანები (უცნობი და ალბათ სხვები ვისაც არ ვიცნობ) ძალიან დამთრგუნველია სწორედ იმ მიზეზით, რომ ინფორმაციის ხარისხი, რასაც მთავარი პერსონაჟი აწვდის მსმენლ-მაყურბელს არის საკმაოდ დაბალი.
ასეთი მწირი შესაძლებლობებით, ვეჭვობ დიდხანს გაქაჩოს და ალბათ ამ მენტალური ვაკუუმის შესავსებათ საჭიროა ეს სტუმრებიც, რომლეთა შორის იმედია პერიოდულად მოხვდებიან გონიერი და განათლებული ხალხი (არ აქვს მნიშვნელობა მათ პოლიტიკურ კუთვნილებას)”.
რასაკვირველია ასეთ დროს საუკეთესოა რომ გადართო, რასაც მე რასაკვირველია ვაკეთებ კიდეც. უნიჭო პროპაგანდას, შედარებით ნიჭიერი მირჩევნია.
უკვე ძალიან დიდი დრო გავიდა და ჩვენ ისევ ჯანსუღ ჩარკვიანი და მარიკა ლორთქიფანიძე გვმოძღვრავს - ასაკით ახალ თაობებს! ცნობიერებით ახალი თაობა აღარ წამოვიდა. არსებობს ობიექტური ფაქტორებიც, უპირველესად ტოტალური წიგნიერება, რაც ”ბებერ მედუდუკეებს” კვლავაც ატივტივებს.
Nbay: “ეს მისთვის მომგებიანია, რამეთუ ისინი მისთვის საფრთხე ვერასოდეს გახდებიან. აკი, ხუხაშვილი იქნება, თუ სხვა რედაქტორები ხელმწიფეს კარზე სწვევიან...
სწვევიან? რატომაც არა! არავის უთქვამს ’რათაო?’. მე ეს არ მითქვია, შენ ეს არ გითქვია, ოპოზიციას ეს არ უთქვია. ეს ”ოპოზიცია” ვინღაა? ეს ის კოლექტიური მასაა, რომელიც ინდივიდის ატრიბუტიკას ფაქტობრივად მოკლებულია. ის, რომელიც წიგნიერების სერიოზულ დეფიციტს განიცდის. ის ვერ საზღვრავს. მას არ ესმის. ის მუდამ სხვის ძიებაშია, რათა გადააბრალოს საკუთარი წარუმატებლობები.
რა როლი აქვს აქ სააკაშვილს? დიდი. მაგრამ ხარბია ძალაუფლებას შეჭიდებული ადამიანი. როცა დიდია დასაკარგი, ძნელია ქვეყანაში არ, ვერ შეიქმნა ალტერნატიული პოლიტიკური ცენტრი. სააკაშვილის ბრალია? რა თქმა უნდა. მან ყოველგვარი შესაძლო საარსებო წყაროები მოუსპო პოლიტიკურ კონკურენციას, ყველა პოტენციური გამღები დაშანტაჟებულია. ქვეყანაში აღარ შეიქმნა კულტურული ცენტრები.
სააკაშვილის ბრალია? რა თქმა უნდა! ახალი სისხლი დახშულია. ქვეყანაში განხორციელდა განათლების სისტემის სრული დემონტაჟი. ამით ახალი თაობა პრაქტიკულად ვეღარ შედგა!
90 წლის ბებიას შვილიშვილი ესაუბრებოდა, ”ბებო კარგ დროს ხარ ხანდაზმული. შენ ქართველ კაცს, ქართულ ენას, ქართულ მიწას, ქართულ საწყისს მოესწარი...”
ეს ალბათ დიდხანს ვეღარ გაგრძელდება. ბებო ალბათ უკვე ბოლოა. ერი დაბერდა. არსებობა რასაკვირველია უფლება არ არის, ეს მოსაპოვებელია. ეს ლოგიკურია. ამის ყველა ნიშნები სახეზეა.
ბოლოს, მოგახსენებთ რომ 2009 წლის 15 იანვარს დაარსდა ახალი არასამთავრობო ორგანიზაცია ”კპ” ანუ კეთილშობილი პუტჩისტები.
Kaatinga: “არასამთავრობო ორგანიზაცია კეთილშობილ პუტჩისტთა დევიზია: რებიატა, დავაიწე ჟივიწე დრუჟნა, ბლიად.
არასამთავრობო ორგანიზაციის საქმიანობის მთავარი მიზნები ჩამოყალიბებული რამდენიმე პუნქტად. მე ხელში ჩამივარდა და ვეცდები მოკლე შინაარსი გაგაცნოთ.
1) არასამთავრობო ორგანიზაცია კეთილშობილ პუტჩისტთა შექმნის მიზანი არის უფსკრულის ამოვსება ზოგადად პუტჩისტთა, მათ მხარდამჭერთა და მათ დაუძინებელ მტრებს შორის ფორუმ.ჯი-ზე და არამარტო მანდ. 2) ამ მიზნის მისაღწევად ორგანიზაციის წევრებმა გადაწყვიტეს მიაღწიონ ჰარმონიას დაპირისპირებულ ძალებს შორის. 3) ჰარმონიის მისაღწევად, ფინეთის მთავრობა გამოყოფს რამდენიმე მილიონ დოლარს გრანტის სახით. 4) ჰარმონიის მისაღწევად საჭირო ღონისძიებების ნუსხა.
არასამთავრობო ორგანიზაცია კეთილშობილი პუტჩისტები: 4.1. შეიძენს უძრავ ქონებას. 4.2. მოაწყობს მას (კეთილმოწყობილად). 4.2. შეიძენს 40 ცალ ბუზის საკლავს და 2 ტონა ბამბას. 4.3. შეიძენს 50 ცალ ოყნას, და მეტსაც თუ საჭირო გახდა. 4.4. გაატარებს სხვა ღონისძიებებს.
5) ამ ღონისძიებების გატარების შემდეგ არასამთავრობო ორგანიზაცია კეთილშობილი პუტჩისტები უზრუნველყოფენ დაპირისპირებულ მხარეების მოზიდვას, შეძენილ უძრავ ქონებაში.
დასაწყისისთვის მხარეებს შეიყვანენ ტყვიაგაუმტარი მინით გამიჯნულ ერთ დიდ ოთახში, დასვამენ რადიკალ ზვიადისტებს სკამებზე და დროდადრო პუტჩისტებს, ან მათ მხარდამჭერებს, ვითომც არაფერი ისე ჩაასეირნებენ მინის მიღმა. თერაპიის კურსი სავარაუდოდ გაგრძელდება 3 თვე, ან გულისარევამდე.
შემდგომ ამისა, უძრავ ქონებაში მოიხსნება ტყვიაგაუმტარი კედელი და მხარეებს მიეცემათ საშუალება უშუალო კონტაქტისა კეთილშობილ პუტჩისტთა მოზვერა ბიჭების მკაცრი თანდასწრებით.
ნებისმიერი უხეშობა აღგვილი იქნება მათ მიერ ოყნით, ოყნების რაოდენობა განისაზღვრება უხეშობის რაოდენობით, ხოლო ბილწსიტყვაობა - ენაზე ბუზის საკლავის ცემით. ამ სადამსჯელო ღონისძიებების რაოდენობა ადგილზევე შეისწავლება და კომისია გამოიტანს სათანადო დასკვნას, თუ რომელი ციფრი იქნება ოპტიმალური.
მხარეების ურთიერთდაბაჭიების შემდეგ, კურსის წარმატებით ჩატარებისთვის რადიკალ ზვიადისტებს გადაეცემათ სერთიფიკატი, თენგიზ კიტოვანის ფოტოიანი გულსაბნევი, ხოლო ყველაზე წარჩინებულები ყოველი წლის პირველ თებერვალს მიიღებენ ერთ სამახსოვრო მიტინგს მანანა არჩვაძე გამსახურდიას მომხრე საზოგადოებისაგან, თუ ბევრს მოინდომებთ შეიძლება თავზე თმების უფასო ეპილაციასაც გამოჰკრათ ხელი. საზოგადოების დირექტორია ქალბატონი ირინე სარიშვილი”.
ეს წესდების ნაწილია. ვეცდები მოვიპოვო ამ საზოგადოების წევრების კრების ოქმები და შემდეგში მოგაწოდოთ...
|