|
ირანის ელჩი, მოჯთაბა დამირჩილუ: ირანის მონაწილეობის გარეშე "ნაბუკოს" პროექტი ვერ იმუშავებს
საქართველოსა და ირანს შორის საკმაოდ მჭიდრო ეკონომიკური ურთიერთობები არსებობდა. თუმცა, ბოლო ხანებში, ცოტა არ იყოს, შეფერხდა და ირანულმა ინვესტიციებმაც იკლო. შეუძლია თუ არა ირანს რუსეთ-საქართველოს ურთიერთობების დარეგულირებაში წვლილის შეტანა, ამ და სხვა საკითხებზე "ჯორჯიან თაიმსი" ირანის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს საქართველოში, მოჯთაბა დამირჩილუს ესაუბრა
"ჯორჯიან თაიმსი": ბატონო ელჩო! ჩვენ არაერთხელ გვისაუბრია, რომ ირანი საქართველოში ერთობლივი პროექტების განხორციელებას და ინვესტიციების ჩადებას გეგმავდა. თუმცა რატომღაც, ჯერჯერობით, ინვესტიციები არ ჩანს. რატომ?
მოჯთაბა დამირჩილუ: მე უფრო ასე ვიტყოდი, რომ ქართულ ეკონომიკაში ირანული ინვესტიციები იდება, მაგრამ ეს არ არის იმ დონის, რა შესაძლებლობებიც არსებობს. არის ძალიან კარგი შესაძლებლობები, რათა ინვესტიციების ეს დონე გაიზარდოს, მაგრამ სამწუხაროდ, ჯერჯერობით, ეს არ ხდება.
გასულ წელს ირანში და საქართველოში რამდენიმე ბიზნეს-ფორუმი ჩატარდა. ირანული ბიზნესის წარმომადგენლები იყვნენ საქართველოში ჩამოსულები და აქაურ შესაძლებლობებს გაეცნენ. ასევე, ქართული ბიზნესის წარმომადგენლები ირანში იყვნენ ჩასულნი და იქაურ შესაძლებლობებს გაეცნენ. სამრეწველო წრეებს შორის გარკვეული შეთანხმება მიღწეულ იქნა, მაგრამ ზოგიერთი შესრულდა, ზოგი - არა.
_ რა მიზეზით არ შესრულდა?
_ გასულ წელს საქართველოში სამრეწველო პროდუქციის გამოფენა იგეგმებოდა, მაგრამ აგვისტოს მოვლენებმა ამ პროცესს ხელი შეუშალა, ანუ ქვეყნებს შორის ეკონომიკური თანამშრომლობა შეაფერხა. შეფერხდა ასევე ერთობლივი პროექტების დაფინანსების შესახებ საბანკო სექტორს შორის მიღწეული შეთანხმება და ეს მოლაპარაკებები ნელი ტემპით მიმდინარეობს. ჩვენ გვწამს, რომ ეს არის დროებითი მოვლენა და გარკვეული პერიოდის შემდეგ საქართველოში ინვესტიციების ჩადებით ირანული კომპანიები სულ უფრო და უფრო დაინტერესდებიან.
_ ირანული ბიზნესი საქართველოში ძირითადად რა სფეროებითაა დაინტერესებული და ქართული ბიზნესი ირანში რომელიმე პროექტში თუ მონაწილეობს?
_ ვაჭრობისა და კომერციული პროექტებს გარდა, ირანულ კომპანიებს აქ, ძირითადად, რძის პროდუქტები და სამშენებლო მასალები აინტერესებთ. სამშენებლო სფეროში არსებობს კონკრეტული პროექტები, რომლებიც ამჟამად ხორციელდება.
ასევე ინვესტიციები ჩადებულია ტრანსპორტის დარგშიც. ირანში ირანელებთან ქართველი პარტნიორები თანამშრომლობენ. მადნეულის სფეროში გარკვეული ერთობლივი პროექტებია. ირანში ერთობლივი საწარმოს შესაქმნელად მიმდინარეობს მუშაობა, რომელიც ხილის წვენებს და მინერალურ წყლებს გამოუშვებს. ასევე ქართული კომპანიების მხრიდან არის დაინტერესება ირანთან ქვის გადამუშავების საკითხებში თანამშრომლობის შესახებ.
_ თქვენ აღნიშნეთ, რომ აგვისტოს ომმა ირან-საქართველოს ეკონომიკურ თანამშრომლობას გარკვეულწილად ხელი შეუშალა. ეს ომი ჩვენი ტერიტორიების ოკუპაციით და შემდეგ რუსეთის მხრიდან აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის დამოუკიდებლობის ცნობით დასრულდა. ამასთან დაკავშირებით როგორია ირანის პოზიცია?
_ საომარი მოქმედებების დროს ირანის ხელისუფლებამ მიმართვა გაავრცელა, რომელშიც საომარი ოპერაციების შეწყვიტა და კონფლიქტის მოლაპარაკებათა გზით გადაწყვეტა მოითხოვა. ამ საკითხის მნიშვნელობიდან გამომდინარე, საქართველოში ირანის ისლამური რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრი მანუშერ მოთაქი იყო ჩამოსული.
ბატონი მოთაქის ვიზიტის დროს საქართველოს საკითხი ასევე განიხილებოდა რეგიონის ქვეყნებში _ სომხეთში, აზერბაიჯანში, თურქეთში. ასევე, ევროპის სხვადასხვა სახელმწიფოსთან კონსულტაცია გაიმართა, მათ შორის, ინგლისთან და გერმანიასთან. აქ მიმდინარე პროცესები ახალი არ არის, ძველია. ირანი მას ყოველთვის დიდ ყურადღებას აქცევდა და ცდილობდა, კომპრომისი გამოენახა, რათა რეგიონში სტაბილურობა დამყარდეს.
_ კავკასიის გარდა, ირანს ახლო აღმოსავლეთშიც გააჩნია ინტერესები. ღაზას სექტორში საომარი ოპერაციების დაწყებამდე ირანი ისრაელის მისამართით საკმაოდ მკაცრი განცხადებებსით გამოდიოდა . თუმცა, ომის პერიოდში თეირანის პოზიცია შედარებით ნაკლებად აგრესიული გახლდათ. რამ გამოიწვია ასეთი სახეცვლილება?
_ ისრაელ-პალესტინასთან დაკავშირებით, უნდა გითხრათ, ძალიან მოხარული ვართ, რომ საერთაშორისო ზეწოლის შედეგად ისრაელის რეჟიმმა საომარი მოქმედებები შეწყვიტა. მას შემდეგ, რაც ისრაელის რეჟიმმა ღაზას სექტორზე თავდასხმები დაიწყო, ირანის ხელისუფლებამ და, კერძოდ, ირანის ისლამური რესპუბლიკის პრეზიდენტმა ძალიან მკაცრად დაგმო ეს აგრესია.
ამას გარდა, ასევე სხვადასხვა ოფიციალურმა პირებმა ღაზას სექტორთან დაკავშირებით მრავალ კონფერენციაზე მონაწილეობა მიიღეს, ჩვენი პრეზიდენტის მიმართვები მთელ რიგ ქვეყნებში ჩაიტანეს და საკუთარი პოზიცია გააცნეს ყველას. ღაზას სექტორთან დაკავშირებით, ბატონი აჰმადინეჯადის ხელმძღვანელობით ირანული დიპლომატია ძალიან აქტიური იყო. შეიძლება ითქვას, რომ სწორედ ამ მცდელობებმა გამოიღო შედეგი და საერთაშორისო თანამეგობრობის მხარდაჭერით აგრესორმა საომარი მოქმედებები შეწვიტა.
_ ირანი ევროპასთან ეკონომიკური თანამშრომლობის დამყარებას გეგმავს. იგი "ნაბუკოს" პროექტთან დაკავშირებით ბუდაპეშტში გამართულ ენერგოსამიტზეც მონაწილეობდა. როგორ შეაფასდებდით ირანის შანსებს ამ პროექტთან დაკავშირებით?
_ მოგეხსენებათ, რომ ირანი გაზის მარაგით მსოფლიოში მეორე ქვეყანაა. ამიტომ, ევროპის სამომხმარებლო ბაზრის ყურადღება ირანისკენ აქტიურადაა მიპყრობილი. როდესაც საქმე ეკონომიკურ პროექტებს ეხება, იგი რეგიონის ეკონომიკური ინტერესებიდან გამომდინარე უნდა ხორციელდებოდეს და, შესაბამისად, ეკონომიკურად მისაღები უნდა იყოს. "ნაბუკოს" პროექტის განხორცილებაში მთავარი სიტყვა ეკონომიკურმა ფაქტორმა უნდა თქვას და არა პოლიტიკურმა.
"ნაბუკოს" ფარგლებში ევროპის ქვეყნები ირანთან თანამშრომლობისათვის თავიანთ მზადყოფნას გამოთქვამენ. გასულ კვირას ირანის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე მეჰდი საფარი ბრიუსელში იმყოფებოდა და ევროკავშირის ქვეყნების ლიდერებს შეხვდა. ამ შეხვედრაზე ევროკავშირის ქვეყნებმა ირანთან თანამშრომლობაზე თავიანთი მზადყოფნა და სურვილი გამოთქვეს. ევროპის ქვეყნების დაინტერესებიდან გამომდინარე, დარწმუნებულნი ვართ, რომ ირანული გაზი ევროპის ბაზრამდე მიაღწევს, ოღონდ, ეს რომელი პროექტით მოხდება და როდის, ამას უკვე დრო გვიჩვენებს.
_ "ნაბუკო", რა თქმა უნდა, ეკონომიკური პროექტია, მაგრამ გარკვეული პოლიტიკური დატვირთვაც გააჩნია, რადგან მას ევროპა ლობირებს და ბოლო ხანებში მაინცდამაინც არც აშშ-ი ეწინააღდგება. თუმცა, ფაქტია, რომ რუსეთი მისი წინააღმდეგია. აქედან გამომდინარე, ირანსა და რუსეთს შორის ურთიერთობებზე ეს როგორ აისახება?
_ "ნაბუკოს" პროექტში ძირითადად სამი მხარე მონაწილეობს. ესენია: პირველი - გაზის მწარმოებლები, მეორე - ქვეყანა, რომელიც მას გაატარებს და მესამე - მომხმარებელი სახელმწიფოები. ევროპის ქვეყნები, რომლებიც ამ შემთხვევაში მომხმარებლების ამპლუაში გვევლინებიან, დარწმუნებულნი არიან და მიიჩნევენ, რომ ირანის მონაწილეობის გარეშე "ნაბუკოს" პროექტი ვერ იმუშავებს და ეკონომიკურად გამართლებული არ იქნება. ჩვენ გვწამს, რომ თუ ევროპას ასეთი ჩამოყალიბებული გეგმა ექნება, სხვადასხვა ქვეყნების მხრიდან ნებისმიერი წინააღმდეგობა, თუნდაც აშშ-ს მხრიდან, დაძლეული იქნება.
_ აშშ იმდენად არაა წინააღმდეგი, რამდენადაც რუსეთი...
_ ჩვენ აშშ-ის ოფიციალური პირების მხრიდან უფრო სხვა განცხადებები გვაქვს. იმ პერიოდში, როდესაც ირანმა და შვეიცარიამ გაზის მიწოდების შესახებ შეთანხმებას მიაღწიეს, აშშ-ის ხელისუფლებამ მკვეთრად საწინააღმდეგო პოზიცია გამოხატა.
აქედან გამომდინარე, ირანის ხელისუფლება აცხადებს, რომ პროექტი ეკონომიკური ხასიათის უნდა იყოს, მასში პოლიტიკური ინტერესები არ უნდა იქნეს ჩადებული და ისინი "ნაბუკოს" წინააღმდეგ არ იქნეს წამოწეული.
_ ისევ რუსეთ-საქართველოს ურთიერთობებს მივუბრუნდეთ. რამდენად მართებულად მიიჩნევს ირანი რუსეთის მიერ აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის დამოუკიდებლობის გამოცხადებას?
_ როდესაც ერთი ქვეყანა აღიარებს სხვა ქვეყნის ტერიტორიის დამოუკიდებლობას, ეს უკვე მათ შორის ურთიერთობებზეა დაკავშირებული. თქვენც დამეთანხმებით, რომ მე არა ვარ რუსეთის წარმომადგენელი და მის საქციელს ვერ შევაფასებ. ჩვენთვის მნიშვნელოვანია, ყველაფერი გადაწყდეს მოლაპარაკებების გზით და შევიმუშავოთ ერთიანი გეგმა, რომელიც რეგიონში მშვიდობას დაამყარებს.
_ ირანს აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის საკითხების გადაწყვეტაში საქართველოსთვის რა დახმარების გაწევა შეუძლია?
_ გამომდინარე იქიდან, რომ ირანს რეგიონში ყოფნის ეპოქალური გამოცდილება აქვს, მას ძალიან კარგი ხედვა გააჩნია. შეუძლია წარმოადგინოს ისეთი გეგმა, ისეთი პროექტი, რომელიც რეგიონის ყველა ქვეყნის ინტერესებს დააკმაყოფილებს. ირანს კავკასიის რეგიონის ყველა ქვეყანასთან ნორმალური ურთიერთობა გააჩნია. ნდობის ფაქტორიდან გამომდინარე, ეს ირანისთვის ძალიან დიდი პლუსია.
_ რუსეთ-საქართველოს ურთიერთობათა დარეგულირებაში ირანი მედიატორის როლს თუ შეასრულებდა?
_ მედიატორის როლის შესრულებისათვის ორი დაპირისპირებული მხარის თანხმობაა საჭირო. ჯერჯერობით, არცერთ მხარეს ირანისთვის ასეთი წინადადებით არ მიუმართავს. ჩვენი სურვილია, რომ აქ, საქართველოში იყოს მშვიდობა. ამიტომ, საქართველოს, ქართველ ხალხს, ასევე თქვენი გაზეთის მკითხველებს, ვუსურვებთ კეთილდღეობას და მშვიდობიანობას. ფრიდონ დოჩია
|