|
III როდესაც საქართველოს ლაშქარი ჰაჯი ჩალაბის სამფლობელოს დაუახლოვდა, მეფე ერეკლემ გაიყვანა ჯარიდამ ორასი რჩეული ვაჟკაცი, გაუძღვა წინ და გასწია ჩქარის ნაბიჯით მტრის ქვეყნისკენ. ერეკლეს თან ახლდნენ გორისა და ქიზიყის მოურავები: ოთარ ამილახვარი და ზაქარია ანდრონიკაშვილი. როგორც ოთარი, ისე ზაქარია არა მხოლოდ სახელოვანნი, მთელს საქართველოში ცნობილნი ვაჟკაცნი იყვნენ, არამედ გულწრფელი მამულიშვილებიც, რომელთაც სამშობლოსათვის თავდადება თავიანთ ცხოვრების წმიდა, საღვთო საქმედ მიაჩნდათ. ამით ისინი ღვიძლ ძმებსავით წააგავდნენ ერთმანეთს, ხოლო სხვაფრივ მათ შორის დიდი განსხვავება სუფევდა.
ზაქარია იყო დაბალი ტანის კაცი, ვეფხვივით მარდი, მამაცი და ბრძოლის დროს ფიცხი და დაუღალავი. შავგვრემან სახეზე მუდამ მხიარული ღიმილი გადაფენილი. მის მარილიან ხუმრობას და კეთილსიტყვიერებას ყველანი აღტაცებაში მოჰყავდა. რაგინდ მძიმე ნაღველი სწოლოდა რომელსამე კაცს, ოჯახს, საზოგადოებას, საკმარისი იყო იქ ერთი გამოჩენა ზაქარიასი, რომ ყველანი მხიარულს გუნებაზე დამდგარიყვნენ. ეს მხიარულება არ შორდებოდა ზაქარიას თვით გაცხარებულ ბრძოლის და სისხლის ღვრის დროსაც კი.
ჩინებული მომღერალი იყო თურმე!.. შემოსძახებდა სიმღერას და ლომივით ეძგერებოდა მტერს; იბრძოდა და თანაც მხიარულად ღიღინებდა, როდესაც ხმლის მოქნევით მარჯვენა ხელი ეღლებოდა, მაშინ მარცხენას წამოიშველიებდა და ამ ხელითაც იმგვარისავე ხერხითა და ძლიერებით ხმარობდა იარაღს, როგორც მარჯვენათი.
ოთარ ამილახვარი დევ-გმირული ახოვნების ვაჟკაცი იყო. ამ წარმოსადეგობას ღონე და ძლიერებაც შესაფერი მოსდევდა თურმე. რაც უნდა დიდი ხარი, ან ძროხა ყოფილიყო, ხანჯლის ერთი დაკვრით თავს აგდებინებდა. როგორც ოჯახში, ისე ხალხსა და საზოგადოებაში იყო ჩუმი, ზრდილი, მშვიდობის მოყვარე, მომთმინო, ღვთის მოშიში, ქვრივ-ობლის მოწყალე, გლეხ-კაცის მფარველი და მოსარჩლე. ხოლო ბრძოლის დროს მის მრისხანებას და შეუბრალებლობას საზღვარი ეკარგებოდა. რაც უნდა ღრიანცელი მდგარიყო, მისი მაღალი ბოხი ხმა მაინც კარგად ისმოდა. მტერს მუქარას უთვლიდა, უწმაწურის ენით ლანძღავდა, მთელს ქვეყნიერებას ბრძოლაში ითხოვდა. მხოლოდ მაშინ წყნარდებოდა, როცა ღირსეულ მოწინააღმდეგეს შეხვდებოდა. ამისთანა შემთხვევაში ლანძღვა-გინების მაგივრად მტერს აქებდა, ძალასა და მოხერხებას უწონებდა. მაგრამ როცა ამასაც ბოლოს მოუღებდა, დაიღრიჯებოდა და ზიზღით ამბობდა: ბევრი არაფერი შვილი ყოფილა ესეცაო.
ანდრონიკაშვილი ბრძოლის ველზე ციბრუტივით ტრიალებდა. ერთს წამში რამდენსამე ადგილას ამოყოფთდა თავსა. ვაჟკაცურ მამაცობასთან ხშირად ხმარობდა ხერხსაცა. მტერს უცებ შეშინებულად ეჩვენებოდა. ნელ-ნელა უკან იწევდა, წაქეზებულ მოწინააღმდეგეს თავისკენ იტყუებდა, მერმე უცბად ერთს გადახტებოდა და ქორივით ეცემოდა თავზე. ამილახვარს ბრძოლის დაწყება არ უყვარდა; პირველ ხანებში ჯარს უკან უდგა და ბრძოლის ველს გაფაციცებით ადევნებდა თვალ-ყურს. შენიშნავდა თუ არა რომელსამე ადგილას მტრის ძლიერებას, იმავე წამს იქ გაჩნდებოდა. შეჩერდებოდა შუა ადგილზე და იდგა იქ „ვით ციხე-ბურჯი მაგარი“, იდგა და ვაი იმის ბრალი, რომელიც მიუახლოვდებოდა: ერთის დაკვრით ვაჟკაცს შუაზე სჩეხდა: ყოფილა ისეთი შემთხვევაც, როდესაც ხმლის ერთი მოქნევით ორი-სამი კაცი წაუქცევია.
თავდასხმისა და გაქცევ-გამოქცევის დროს ზაქარია პირველობდა, ხოლო შეჩერებულ ბრძოლასა და მოგერების ჟამს ოთარს ვერავინ შეედრებოდა.
IV ორიოდე საათის სიარულის შემდეგ, დაწინაურებულნი შეუდგნენ ერთ მაღალ ფერდობს და როცა აიარეს, შევიდნენ კავკასიის მთის ერთ ვიწრო, ტყით შემოსილ ხეობაში. მიდიოდნენ ფრთხილად. იცქირებოდნენ აქეთ-იქით, ათვალიერებდნენ ყოველ საეჭვო ადგილს, მაგრამ მტრის ჭაჭანებაც კი არსად არა სჩანდა. გავიდა კიდევ ცოტა რამ ხანი და უცებ, სადღაც ტყეში, გავარდა თოფი. ეს თოფის ხმა, როგორც აღმოჩნდა, ნიშანი ყოფილიყო მთის ფერდობზე დაბურულ ტყეში ჩასაფრებულ ლეკებისა. ერთი წამის წინად სამარის მსგავსად გაყუჩებული ხეობა უცებ ჯოჯოხეთურმა ღრიანცელმა მოიცვა. როგორც ნიაღვარი, ისე წამოვიდა ზემოდან შეიარაღებული ჯარი ლეკებისა. მათი ჟრიამული ცამდის ადიოდა. ერეკლემ პირველსავე თოფის გავარდნაზე შეშფოთებით მიიხედა უკან. საჩქაროდ მიხვდა თავის შეცდომას და ბრძანა - მსწრაფლ უკან გატრიალება. ზაქარიას ხელით ანიშნა, რომ გაბრუნებულ რაზმს გასძღოლოდა წინ. დაიძრა თუ არა პატარა ლაშქარი ქართველებისა, ახლა წინიდან შემოესია მათ საშინელი ღრიანცელი ლეკებისა. თვით ჰაჯი ჩალაბი მოაქროლებდა ცხენს და მას ხუთასამდე მეომარი მოსდევდა უკან. ერეკლე მიბრუნდა იქით, თავის არწივისებურ თვალებით გაარჩია მომავალი მტრის ჭაღარა წინამძღოლი...
- ოთარ, - დაიძახა მან, - ასი კაცი გამოატრიალე აქეთ. ზაქარიასთან წადი, ის აქ გამოგზავნე და შენ შენებურად დაუდექ მტერსა... გარღვევა მტრისა ჯერჯერობით ვერ არის მოსახერხებელი. მეტი ღონე არ არის, მამაჩემის მოსვლამდე უნდა მოვიგერიოთ მტერი... ეჭვი არ უნდა, ისიც მალე გაჩნდება აქა.
ოთარი გაბრუნდა, ხოლო ზაქარია ამ დროს უკვე გაცხარებული იბრძოდა თავის მხედრობით. ცოტანი იყვნენ ქართველები, მაგრამ ვინც იყვნენ, ყველას ვაჟკაცობის სახელი ჰქონდა გავარდნილი მთელ ქართლ-კახეთში. ვინ მოსთვლის რამდენი ბრძოლა გადაეხადათ ამათ ერეკლესთან ერთად და სწამდათ, რომ დღესაც ისე გაიმარჯვებდნენ, როგორც არა ერთხელ უწინ. ეს რწმენა, მეფე ერეკლეს მათთან ყოფნა და საყვარელი წინამძღვრების ცქერა გმირობის სულს უდგამდა თვითეულ მათგანს და როგორც ლომნი, ისე ეძგერნენ მტერსა. უცებ მეხივით დაიჭექა თოფმა. ამ თოფის ხმას ყველა იქ მყოფმა ქართველებმა ყური მოჰკრეს... თითქმის ყველამ ერთად გადაიწერა პირჯვარი და ერთმანეთს მხიარულად შესძახეს:
- ბატონმა დასცალა თოფი, ბატონმა.
- და ლეკების რომელიღაც ბელადს დაუბნელა მზე.
V ჰაჯი ჩალაბმაც კარგად დაინახა ერეკლე, მოერიდა მასთან პირისპირ შეტაკებას: თითონ უკან დადგა და თავის ჯარს წინამძღვრად დაუყენა ვაჟკაცობით განთქმული თავისი შუათანა შვილი.
იგი აღტაცებით მიეგება ამ დანიშნულებას. იმედი ჰქონდა, ერთი შეტევით გაანადგურებდა ქართველების პატარა გუნდსა და მთელს დაღესტანში დიდებულ სახელს მოიხვეჭდა უძლეველი მეფის დამარცხებითა. მაგრამ ესეთი საოცნებო ფიქრები ახალგაზრდა, დიდების მოყვარე კაცისა კვამლივით გაიფანტა პირველსავე შეტაკებაზე, ერეკლემ ახლო მიუშვა გათამამებული მტერი, მერე უცებ ხელში მოიგდო თოფი და ესროლა მის წინამძღოლს. იმავე წამს ამ უკანასკნელს ამოღებული ხმალი ხელიდან გავარდა და თავის რაზმის წინაშე უსულოდ გადმოვარდა ცხენიდან. უბელადო ჯარი შედრკა, ერთ წამს შეჩერდა. მტრის შერყევით საუცხოოდ ისარგებლა ერეკლემ. როგორვ ვეფხვი, ისე ეძგერა ლეკებს თვისის პატარა გუნდით. თავზარი დასცა მას, არივ-დარია და გაირეკა წინ. არეული მოწინავე ჯარი გვერდზე მიაყენა ჰაჯი ჩალაბმა და რიგზე დაყენებული ჯარი მოაგება წინ ერეკლესა. ქართველების ბედზე ბრძოლის ველი ვიწრო იყო და ამის გამო ლეკების ბრბო ვერ იშლებოდა თავისუფლადა. ძალა-უნებურად ბრძოლის დროს იმდენივე ლეკი უნდა მდგარიყო წინ, რამდენიც ქართველი. ამის გამო სიმრავლე მტრისა ჯერ-ჯერობით ვერაფერს აკლებდა მათ. მეფე ერეკლე კარგათ იცნობდა თავის ქართველებს, იცოდა, რომ მათთვის სრულიად საჭირო არ იყო წამდაუწუმ განკარგულების ძლევა და ამიტომ ბრძოლის ველიდან არც კი გამოდიოდა გარეთ. სადაც კი შენიშნავდა მტრის ძლიერებას, მაშინვე იქ ჩნდებოდა საკვირველი მეფე და იმავე წამს ფრთხებშესხმული ქართველები, მოგერების ნაცვლად, თვით ესხმოდნენ მტერსა, ჰფანტავდნენ და მიერეკებოდნენ წინ. სიმრავლით გათამამებული ლეკები ერთმანეთს ეცილებოდნენ წინ დგომას, ქართველებთან ხელჩართულ ბრძოლას, მაგრამ ესეთი თავგამოდება ძვირად უჯდებოდათ. სიმამაცე და სიკვდილის მოურიდებლობა ლეკებისა ამაოდ იმსხვრეოდა ქართველების სულის და მკლავის ძლიერებაზე. ბრძოლის ველზე ეყარნენ ასამდე დაჭრილ-დახოცილი ლეკები, ხოლო ერეკლეს რაზმს ათიოდე კაცის მეტი ჯერ არავინ დაჰკლებოდა.
ესეთი მდგომარეობა, რასაკვირველია, ქართველებისათვის არ იყო ცუდი, მაგრამ მათი წინამძღოლნი და მომეტებულად მეფე ერეკლე მაინც არ იყვნენ კარგ გუნებაზე, თეიმურაზ მეფის დაგვიანება მეტისმეტად აწუხებდა მათ. იგი თავისის ჯარით აქამომდე უსათუოდ უნდა გაჩენილიყო ბრძოლის ველზე. ესოდენ ჟრიამულს, თოფის სროლას და მთელი ხეობის დამაყრუებელ გრიალს უნდა უეჭველად მიეღწია მის ყურამდე. მაშ რათ იგვიანებს?.. სად არის? რატომ, ჩვეულებრივ, არ მოისწრაფვის საშველად?.. რათ სტოვებს ამდენს ხანს ამ საშინელ ხიფათში, როგორც თავის სახელოვან პირმშოს, ისე ორას წარჩინებულ მამულიშვილს?.. ესეთი და სხვა ამგვარი ფიქრები ბურუსივით შემოსწოლოდა ქართველი რაზმის წინამძღვრებს და არ იცოდნენ კი, რა პასუხი გამოეძებნათ მათთვის.
ერეკლე ძველებურადვე ტრიალებდა ბრძოლის ველზე, იბრძოდა ლომივით, სადაც საჭირო იყო, ახდენდა განკარგულებას, მაგრამ ამასთანავე ცხადათ სჩანდა, რომ მის ძლიერ სულს მშვიდობა და მოსვენება დაჰკარგვოდა.
VI მეფე ბრძოლიდან გავიდა. ტყის ნაპირას პატარა მაღლობ ადგილზე შესდგა და გახედა ჰაჯი ჩალაბის მხარეს. გაოცებით შენიშნა, რომ იქიდან ლეკები ნელ-ნელა უკან იწევდნენ და რაღაც საიდუმლოებით მთის კალთას ეფარებოდნენ. ერეკლემ გაიფიქრა: იქ, ალბათ, საფარი აქვთ გაკეთებული და უნდათ წაგვიტყუონ, ან იქნებ სხვა რამ ამბავი ხდება ამ მთის იქით? უნდა უსათუოდ შევიტყოო... აიღო თავი მაღლა და გაიხედა ჯარისკენ. იქვე ახლო შენიშნა ერთი ცხენოსანი. იცნო იგი და პატივისცემით შესძახა:
- თავადო, აქ მობრძანდით პატარა ხანს.
ამ სიტყვებზედ იმავე წამს ცხენიდან გადმოხტა სისხლში მოსვრილი შუახნის ვაჟკაცი, მაშინდელი დროის ერთი წარჩინებული ქართველთაგანი, ზაალ მაჩაბელი, შორიდანვე თავი მძიმედ დაუკრა მეფეს და მოკრძალებით გაჩერდა მის წინაშე.
- რას მიბრძანებთ, შენი ჭირიმე, ბატონო?
- აქ შენთან ოსი ხომ არავინ არის?
- როგორ არა, ბატონო, გახლამთ, ნარელი ოსია, სანაქებო ვაჟკაცი, სოზირა ხეთაგური.
- მაშ დამიძახე ეხლავე აქ...
ორიოდ წამის შემდეგ მეფის წინ შეჩერდა მაღალი ტანის, ჯერ კიდევ ახალგაზრდა ოსი.
- ამ მთებში ხომ არსად გივლია? - ჰკითხა მეფემ.
- როგორ არა, შენი ჭირიმე, გივლია; პატარა ბიჭი რო იყავი, მა რჯულ-ძაღლებმა დიდი ლევახის ხეობაში, ჭრებასთან დაგიჭირეს, წამოგიყვანეს, შენ ხარ ჩემი ბატონი, და ხუთი წელიწადი აღარ გაგიშვეს... მერე მე და ერთი ქიზიყელი კაცი გამოვიპარეთ, გზაზე ხუთი ლეკი მოვკალით და იმათი თავები გორში ბატონ თეიმურაზ მიართვი...
- ყოჩაღ, ხეთაგურო!.. მაშ იქნება ლეკურიც იცოდე?
- იცი, შენი ჭირიმე, ცოტა იცი.
- მაშ გასწი ეხლავე... აიმ მთას გადაუარე, გადაიხედე იქით, ყველაფერი დაათვალიერე... თუ მოახერხო როგორმე, მიუახლოვდი ლეკებს, ყური დაუგდე და, თუ გაიგონო რამე, კარგა დაიხსომე... აბა, გასწი... რაც უფრო მალე შეასრულებ ამ დავალებას, იმდენად კარგი იქნება... ღმერთი იყვეს შენი შემწე...
ოსმა სიამოვნებით და თავმომწონებით შეხედა მეფეს, გულზე ხელი მიიდო, მძიმედ დაუკრა თავი და გამობრუნდა უკან. თავისი ცხენი ხეზე მიაბა, თოფი და ხმალიც იქვე ხეზე ჩამოჰკიდა. ორი გატენილი დამბაჩა გამოართვა ამხანაგებს, ჩოხის კალთები შალვარში ჩაიკეცა და მოჰკურცხლა. პატარა ხანს კი სჩანდა მისი გასაოცარი სიმარდე, კლდიდან კლდეზე ხტომა, გაბარდულ ბუჩქებში ძრომა და შემდეგ გაჰქრა დაბურულ ტყეში.
ამ დროს მეფესთან მოვიდნენ ჯარის წინამძღოლნი.
- ბატონო, - წარმოსთქვა ზაქარიამ, - ჰაჯი ჩალაბი რაღაცას გვიპირობს: ორივე მხრიდან თითქმის შესწყვიტა ბრძოლა.
- იმედი მაქვს, მალე შევიტყობთ გაიძვერა ჰაჯი ჩალაბის განზრახვას, - ბრძანა ერეკლემ, - მე ამ ჟამად უფრო მამიჩემის მოუსვლელობა მაწუხებს. თუ რაიმე უბედურება არ იყოს იმის თავს, იგი აქამომდე აქ გაჩნდებოდა. ერთი შავი ფიქრი მიტრიალებს თავში: ვაითუ ხანებმა გვიღალატეს, მოხუცი მამა მომიკლეს და... - აქ გასწყვიტა ლაპარაკი, ხმალზედ ხელი წაივლო, და მცირეოდენის სიჩუმის შემდეგ მრისხანებით შესძახა:
- განჯის ხანები მუდამ მტრები ყოფილან საქართველოსი. თუ მოხდა რამე, ეს ნამდვილად მისი ბოროტების ნაყოფი იქნება... და ვფიცავ წინაპართ წმიდა საფლავებს, რომ სულ ერთიან ავაოხრებ განჯას, ცხენს კუდით ვათრევინებ ხანსა, მთელს მის გასაგისს დედამიწის ზურგიდან ამოვფხვრი.
საშინელი, საზარელი სანახავი იყო ამ დროს მეფე ერეკლე, მისი დიდრონი, შავი თვალები ჯოჯოხეთის მრისხანებას აფრქვევდა გარშემო... მთელი სახე მეფისა მოშავბედებულ ცასა ჰგავდა; კაცს ეგონებოდა - საცაა ჭექა-ქუხილი ასტყდება და ამ საზარელ სახიდან მეხი გადმოვარდებაო. წინაშე მეფისა იდგნენ დიდებული ვაჟკაცნი... მათ არა ერთხელ ენახათ თავზარდამცემი ამბები, არა ერთხელ გამოეცადათ სიკვდილის ბრჭყალებში ყოფნა, მაგრამ არსად არ უგრძვნია მათ გულს შიში, არ შეჩერებულა ერთ წამსაც კი მათი წინ მიმავალი ნაბიჯი; მაგრამ აქ კი მუქარის წარმოთქმის დროს, ყოველ მათგანს რაღაც გამოურკვეველმა შიშმა დაჰკრა თავში. თითო ნაბიჯი გადასდგეს უკან და მორიდებით ჩაღუნეს თავები. მოხუცმა თუშმა, თეიმურაზ მეფესთან შეზრდილმა და აწ მუდამ პატარა კახთან მყოფმა, აღტაცებით შეხედა მას, უხერხულად გადაიწერა პირჯვარი და სასოებით წარმოსთქვა:
- ჰეი, შენი ღმერთის ჭირიმე, შენი!.. ქართველი კაცი ტყუილად კი არ ამბობს: „რკინის პერანგი ჩაიცვა, გაჰკრა ხელი და გახიაო“... ერეკლე ბატონიშვილი კაცი კი არა, მდევია, მდევი!..
VII
|