შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი, რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
დედა! არ ჩამოხვიდე ზღვაზე ზღვა ძალიან ღელავს, შენთვის არ შეიძლება აქ ცურაობა ზღვა ძალიან ღელავს, შენც ძალიან ღელავ, არ ჩამოხვიდე იცოდე ზღვაზე... ზღვა უდარდელია, ის ტყუილა ღელავს- ის ქარისგან ღელავს, შენ კი უთუოდ დაიხრჩვები ღელვისგან ზღვაში, მე თოლია ვარ და ქართან ერთათ მლაშე ტალღებს ვეთამაშები, ქარი ქრის თავისთვის ზღვისთვისაც სულერთია თოლიის ბედი... შენ კი დაიხრჩვები ღელვისგან ზღვაში. თოლიასაც არა აქვს თავის დარდი არც ქარში აქვს ბინა, არც ზღვაში აქვს ბინა, არც ხმელეთზე... დედა! ნუ ჩამოხვალ ... აქ ყველაფერი ისედაც ღელავს და შენ უთუოდ დაიხრჩვები ღელვისგან ზღვაში.
სიხარულს გთხოვ, ― მწუხარებას მთავაზობ. ნუთუ ასე დაგატყვევეს ფიქრებმა? ცოტა კიდევ მოითმინე, ლამაზო, და ნანატრი მთა-გორებიც იქნება! ცოტა კიდევ, სალოცავო ხატებავ, და ლაშქარი სვავების და ყორნების, ვით ღრუბელი, ისე გაიფანტება და თბილისის მიწას ვეამბორებით. ხომ უყურებ, როგორც ხვადი ავაზა, ორთქმავალი ისე უტევს უკუნეთს, ცოტა კიდევ მოითმინე, ლამაზო, და ვიხილავთ ირმებსა და ბულბულებს. ცოტა კიდევ ― და იელვებს კრწანისი და მეტეხის ეკლესიის თავანი, სადაც წმინდა მაცხოვარის ხატის წინ ფეხშიშველა ლოცულობდა თამარი. სიხარულს გთხოვ, ― მწუხარებას მთავაზობ, ნუთუ ასე დაგატყვევეს ფიქრებმა? ცოტა კიდევ მოითმინე, ლამაზო, და ნანატრი მთა-გორებიც იქნება!
ვითარცა მტკვარი მზე ამოდიოდა, მთვარე ჩადიოდა, მამალი ჰყიოდა, კვამლი ადიოდა, ვიღაცა ტიროდა, ვიღაცა ჩიოდა, ვიღაცას შიოდა, ვიღაცას ციოდა და დრო გადიოდა.
ვითარცა ღვინო - ქვევრიდან ხაპში - ხაპიდან დოქში - დოქიდან ჯამში - ქართული სისხლი, ქართული სული, ქართული სიტყვა, ქართული გული გადადიოდა კაციდან კაცში…
გადადიოდა, გადადიოდა, გადადიოდა - და მოდიოდა, და მოდიოდა, და მოდიოდა, და მოდიოდა, ვითარცა მტკვარი…
გზადაგზა სვამდნენ, ამღვრევდნენ, ღვრიდნენ, უღმერთოდ ჰრყვნიდნენ, უგულოდ ჰყიდნენ, და… მიუხედავად ამისა, მაინც - გამოიარა ვახტანგის გული, გამოიარა თამარის გული, გამოიარა სულხანის გული
და დღეს – შოთაის ნაქონი სისხლით, და დღეს – ვახტანგის ნაქონი სისხლით, და დღეს – სულხანის ნაქონი სისხლით – თბილისის ფართო ქუჩებში დადის: ლეილა, ლონდა, ნათია, ლალი, ელისო, ვაჟა, გიორგი, გივი. და… იარონ! იარონ! იარონ! ამინ!
როგორც ჩიტი გალიაში, როგორც მუჭში პეპელა, ფრთხიალებ და ჩუმად ფეთქავ, სიცოცხლის სანთებელა, რა ბედის ხარ, რა ვარსკვლავის, სულ შენა ხარ სამიზნე, ნურცერთ ისარს ნუ აიცდენ, გულო, სანამ გამიძლებ. თვითონ ღმერთი, წამებული, შენ ერთს გწყალობს ისევე - მხოლოდ გულში განისვენებს, მხოლოდ გულში ისვენებს. გულო, სანამ გული გქვია, გულო, უნდა მტკიოდე. გულო, უნდა მიერთგულო, მიმყვე საიქიომდე. ეს რამხელა, რა უძირო და რა გამძლე გამოდექ, ჯოჯოხეთის დამტეველო, პაწაწინა სამოთხევ…
ჩემი ბავშვობის სახლთან ვხვდებოდი ფერმკრთალ ასულს და შენ მაგონებ ახლა იმ სილამაზეს წარსულს. სხვა რამ, შაირის გარდა, როგორ გაკადრო, აბა? რარიგ გიხდება და გრთავს ეს შინდისფერი კაბა! ხედავ? ზამთარი ქრება, ყვავილებს გაშლის ნუში; ყველგან ხალისი… სევდა მხოლოდ პოეტის გულში. წუხილს წაიღებს ქნარი და სტრიქონებად დაქსოვს. — საღამო იყო წყნარი, თქვენთან ვიყავი, მახსოვს…
მე რომ პატარა ბილიკს შევნატრი ჩარიგებულან თეთრი ბჟოლები, რა ახლო გზაა კარგო,შენამდი და მაინც ასე რად მეშორები. შემომირბინე ლურჯი ყანებით, შემომირბინე ,როგორც სტუმარი, მომნატრებია შენი მკლავები... ჩემი პატარა თავსასთუმალი. მომნატრებია შენი სითეთრე, მთელი სიტკბო და მთელი წვალება, თვალები წყნარი,როგორც სიკეთე და უცნაური ფერისცვალება. მე რომ პატარა ბილიკს შევნატრი, ჩარიგებულან თეთრი ბჟოლები, რა ახლო გზაა ,კარგო ,შენამდი და მაინც ასე რად გეშორები...
თვალი ბნელდება, გარეშემოს კი ნათლადა სწვავს, მეწამულ კაბათ ხავერდის სუნს დარბაზი სუნთქავს, ჭიანურის ხმაც ამ საღამოს უფრო მწუხარებს, და ჯერედ უცნობს, თვით ჩემთვისაც მიშლის იარებს...
იყო... წავიდა... მოგონებაც არ მაგონდება, შეუცნობელი კი ფართხალებს გულში ზმანება. რომ მკითხოთ ახლა, მე რა მინდა, რის ლოდინი მკლავს? თვითონ არ ვიცი, რა დავარქვა ამ ტკბილს, უხილავს...
წარსული მოკვდა... მომავალის ღიაა კარი, მაგრამ შორს მოჩანს შეფუთვნილი სუდარით მკვდარი. ჩემი სულიც ხომ რუხ დილაზე მოკვდა ობოლი, წარსულ იმედთა ეკუბოვა მიმქრალი ბოლი,
ეროვნულ ცეკვას აჩვენებენ აქ უცხოელებს, ჭყივის ჭიჭყინა, მოსთქვამს ზურნა ველურ სიმღერებს, სიკვდილის ქარად მე იგი ხმა წამომიქროლებს, რექვიემია ეს ხომ ჩემი, ვინ დაიჯერებს!...
და მაგონდება მე ვაშლის ხე მაისის თვეში, თეთრ ყვავილებით რომ ვაგებდი ეზოში ლოგინს, აღარ დაბრუნდეს აწ იგი დრო ჩემს სიცოცხლეში, აღარ დაუწყებს სული ჩემი საყვარელს ლოდინს!..
თვალი ბნელდება... გარეშემოს კი ნათელი სწვავს, მეწამულ კაბათ ხავერდის სუნს დარბაზი სუნთქავს, რომ შეაშფოთონ მათ მოწყენა, მუნჯი და მკვდარი, ჩემ რექვიემად დაფა-ზურნის მოისმის ზარი...
ო... არ იფიქროთ, რომ ლამაზების მწვავს სიყვარული ან სიძულვილი: მე მხოლოდ ძველი დღის დაფასების და გახსენების მქონდა სურვილი. და აი გუშინ, როცა კარადის თაროსთან წიგნებს ვეძებდი დილით, უეცრად ვნახე თქვენი ბარათი, თქვენსავით მკრთალი და ფერმიხდილი. - გილოცავ, ძმაო, ბედნიერ მყობადს, ― ჩამჩურჩულებდა ნაზად წერილი და მომაგონდა ჩვენი ბავშვობა, აწ გარდასული და გაფრენილი. ო… არ იფიქროთ, რომ ლამაზების მწვავს სიყვარული ან სიძულვილი: მე მხოლოდ ძველი დღის დაფასების და გახსენების მქონდა სურვილი.
მახსოვს,იგრძენი ხეივანი,მთვარის დუმილი და სიყვარული შემომფიცე ღიმილით მერე, მე დაგიჯერე,რადგან არის ქვეყნად ტყუილი, რომელიც გინდა დაიჯერო და დაიჯერებ. და ია ახლა,როს უმთვარო ღამეს მინათებ, შენ გაიღიმე და ის ფიცი უარყავ მერე, არ დაგიჯერე,რადგან არის ქვეყნად სიმართლე, რომლიც გინდა არ გჯეროდეს და არ იჯერებ.
აი, სურათი იმდროინდელი, როცა ვეტრფოდი მე ჩემს ზემფირას, როცა ფიქრებით გარემოცული ვხეტიალობდი შავი ზღვის პირას. როცა ვტიროდი გულდათუთქული და ცხელ ცრემლებში ვპოვე გართობა, რადგან უმიზნოდ და უნაყოფოდ მიქროდა ჩემი ახალგაზრდობა, როცა ვნატრობდი უბრალო ხალათს, დედის ძვირფასი ხელით შეკერილს, როცა ვიყავი მოუსვენარი და უმეგობრო კუხელბეკერი! აი, სურათი, დე შენთან იყოს და მაშინ უკეთ გემახსოვრება — ზანტად განვლილი დღეების შემდეგ ერთი მართალი კაცის ცხოვრება!