|
გულო, არ გასტყდე, გამაგრდი, კლდეო, კლდედ იდეგ სალადა! რა ვქნათ, რომ ჯანღი გვეხვევა, მეცა გყევივარ ავადა. ცდა გავუქარწყლოთ საწუთროს, ნუ დავბერდებით შავადა. სინათლე ნუმც გაგიქრება და სხივი - მოძმეთ ნუგეში, ანდერძსა მამა-პაპისას ფრთხილად ვინახავ უბეში. ძალნო ცისანო, გვიშველეთ, საწყალთ ნუ ჩაგვყრით წუმპეში! გულს ნუ მომიკლავ, უფალო, იმედს ნუ დამინიავებ, დაზიანებულს სიცოცხლეს მეტად ნუ დამიზიანებ; მიშველე რამა, შენს მადლსა, წამალს ნუ დამიგვიანებ! არ მინდა, თავს ლეშად ვგრძნობდე, უსულოდ გდებულს, ტიალად; სვავნი, ორბნი და კაჭკაჭნი მათრევდენ, მჭამდენ ზიარად; ნუ გადამაქცევ, უფალო, შხამისა სასმელ ფიალად! კაცი ვარ, ვაჟკაცის წესზე გავტყდე, ეს რაღა შნო არი?! სიმტკიცე მიჭირს დიადი, ეხლა ისეთი დრო არი. გამშორდი, სულით სიდაბლევ, გზაო, მაშინებ ვეღარა, - იმ თავად, ჩემო სავალო, შენზე ეკალი ეყარა. გაკაწრულ-გაფხაჭულები დღესაც ისევ მჭირს ბევრგანა. ვიცოდი ძალიან კარგად, ეს უნდა გადამეყარა, და დღესაც ისევ ძველებრივ უნდა ვიხადო ბეგარა. გულო, გაკლდევდი, გამაგრდი, ნისლი ნუ გადაგეფარა: თუ აქამომდე გავძელით, დღეს მტერი გაგვტეხს ვეღარა.
|