|
დავით თევზაძე: აგვისტოში არანაირი ომი არ ყოფილა, ეს იყო საცოდაობა და, სამწუხაროდ, ამდენი სისხლის ფასად...
"ქვეყნის ომისთვის მომზადება ორ და სამ დღეში არ ხდება. ამას სჭირდება წლები და ეს ყველაფერი შედგება რამდენიმე კომპონენტისგან.
ჩვენი ქვეყანა არანაირი ომისათვის მზად არ არის. რაც არ უნდა კარგი ჯარი გყავდეს, ქვეყანა ვერ იომებს, თუ არ არის ეკონომიკური ბაზა ამისათვის. ეს სერიოზული თემებია და თან, არა ისეთი, რომ გაზეთის ფურცლებიდან ვიღაცა მოძღვრო", _ აცხადებს "ჯორჯიან თაიმსთან" საუბარში თავდაცვის ყოფილი მინისტრი, გენერალი დავით თევზაძე.
ის ერთ-ერთია თავდაცვის უწყების იმ ყოფილ მაღალჩინოსანთა შორის, ვისი ინიციატივითაც "გენერალთა კლუბი" შეიქმნა. როგორც დავით თევზაძე ამბობს, კლუბის შექმნის იდეა დიდხანს მწიფდებოდა. დეკემბერში კი მისი დაფუძნება საბოლოოდ გადაწყდა. კლუბს რამდენიმე ამოცანა აქვს, გადამდგარი, დათხოვნილი ოფიცრების კვალიფიკაციის შენარჩუნება, მოსახლეობაში სამხედრო ცოდნის პროპაგანდა და ქართველი ოფიცრებისთვის მუნდირის ღირსების დაბრუნება.
"ჯორჯიან თაიმსი": რა მდგომარეობაა დღეს შეიარაღებულ ძალებში?
დავით თევზაძე: კონკრეტულად ჯარში რა ხდება, არ ვიცი. შეხება არა მაქვს.
_ რა შეიცვალა თქვენი თავდაცვის მინისტრობის შემდგომ ქართულ ჯარში?
_ ძალიან კარგია, რომ ჯარი ჩაცმულია, მაგრამ ეს არ უნდა მოხდეს იმ თვისებების დაკარგვის ხარჯზე, რაც გვქონდა.
_ რა თვისებებს გულისხმობთ?
_ ვსაუბრობ სულისკვეთებაზე, თავგანწირულობაზე, ეს კი ჩაცმულობაზე მეტია.
_ გარეგნულად ჩანდა, რომ საკმაოდ ძლიერი და მომზადებული ჯარი გვყავდა და რატომ უნდა ჩაკვდეს სულისკვეთება, რა იწვევს ამას?
_ კარგი ცხოვრება.
_ მშიერ და ჩაუცმელ ჯარში უფრო მეტი სულისკვეთებაა?
_ ეგ არ მითქვამს, მაგრამ ფაქტი სახეზეა. მოტივაცია მეტი იყო მაშინ, როცა ჯარისკაცი ხელფასისთვის არ მსახურობდა. ახლა კი მოჭარბდა ხალხი, რომელიც შეიარაღებული ძალების რიგებში მხოლოდ მაღალი ხელფასის გამო მსახურობს.
_ ამან არაპროფესიონალთა მიზიდვა გამოიწვია?
_ გამოიწვია ის, რომ ადამიანები, რომლებიც მოტივირებულნი იყვნენ ბრძოლისთვის, როგორც ჩანს, ქვეყნისთვის პრიორიტეტს აღარ წარმოადგენენ.
_ ხელისუფლებისთვის პრიორიტეტი აღარ არის, ჯარში პროფესიონალები ჰყავდეს?
_ არ ვიცი რა არის ხელისუფლების პრიორიტეტი. მე მათთან არა ვარ. უბრალოდ, ასე გამოდის.
_ რაც შეეხება აგვისტოს ომს, როგორ შეაფასებდით?
_ შედეგი, რომელიც მივიღეთ, ძირითადში უცოდინარობამ განაპირობა.
_ თქვენ ადრე საუბრობდით, რომ ჩვენი ჯარი უფრო მეტად იყო მომზადებული სამშვიდობო და არა საბრძოლო ოპერაციებისთვის.
_ დიახ, პოლიტიკური ამოცანა, რა თქმა უნდა, სხვა იყო და ჯარიც ამ ამოცანის შესაბამისად ემზადებოდა და არა ომისთვის.
_ როდესაც ქვეყანას ორი კონფლიქტური ზონა აქვს და საბრძოლო მოქმედებების განახლების მუდმივი საფრთხე არსებობს, ჯარი საბრძოლო მოქმედებისთვის არ უნდა მოემზადოს?
_ ჩვენ ხომ ვამბობთ, რომ სამხედრო ძალებით არ ვაპირებთ კონფლიქტების გადაჭრას.
_ თუმცა ბოლო პერიოდში საკმაოდ აქტუალური იყო ომის რიტორიკა?
_ ეს მათ უნდა ჰკითხოთ, ვინც ომზე საუბრობდა. ფაქტია, რომ ქართველი ჯარისკაცი გარკვეულ დონეზე იყო მომზადებული, თუმცა არა _ ომისთვის.
_ აფხაზეთის ომთან რა პარალელს გაავლებდით?
_ არანაირად არ შევადარებ. ის მართლა ომი იყო. ეს კი ყველამ იცის, რაც იყო.
_ აბა, ეს რა იყო?
_ აგვისტოში არანაირი ომი არ ყოფილა, ეს იყო საცოდაობა და მეტი არაფერი. სამწუხაროდ, ამდენი სისხლის ფასად...
_ საფრთხემ გაიარა, თუ შესაძლოა, კიდევ აღმოვჩნდეთ ასეთი საცოდაობის წინაშე?
_ არ ვიცი.
_ ქართულ არმიას შესწევს წინააღმდეგობის გაწევის უნარი?
_ არ ვიცი, არა ვარ ქართულ ჯართან დღეს.
_ მაშინ "გენერალთა კლუბს" რისთვის ქმნით თუ იტყვით, რომ ჯართან არ გაქვთ შეხება. არ გსურთ თქვენი გამოცდილება გაუზიაროთ?
_ ჩვენს მიზნებში არ წერია ჯარის დახმარება. იქ წერია ჩვენი, გარკვეული ურთიერთობების აღდგენა, საზოგადოებაში ჩვენი რენომეს აღდგენა.
_ აგვისტოს ომის შემდეგ ექსპერტები წაგებული ომის გამო პასუხისმგებლობას ჯარისკაცებზე მეტად მეთაურებს აკისრებენ შეცდომების და არაორგანიზებულობის გამო...
_ იცით რაშია საქმე, ეს ერთგვარი ფანდია. ჯარისკაცმა თავისი ამოცანა რომ შეასრულოს, ბუნებრივია, ხელმძღვანელი უნდა ჰყავდეს. ასე რომ, ორივე თანაბრად არის პასუხისმგებელი.
_ შეცდომები ორივე მხარემ დაუშვა?
_ რა თქმა უნდა, არ არსებობს ასე, რომ ჯარისკაცი ძალიან მაგარია. არც ჯარისკაცები იყვნენ მაგრები. შეიარაღებული ძალების მოქმედება არაეფექტური აღმოჩნდა, რადგან გაურკვეველი იყო ამ სამხედრო ოპერაციის მიზანი, ამიტომაც არ იყო ადეკვატური მოქმედება.
მეთაურებს არ ესმოდათ რას აკეთებდნენ. თორემ რუსეთის მხრიდან შემოსული ძალის შეკავება გააზრებული ქმედების შემთხვევაში შესაძლებელი უნდა ყოფილიყო.
_ გასაგებია, ქართულმა ჯარმა მომზადების მაღალი დონე ვერ აჩვენა, რაც შეეხება რუსულ არმიას, მათზე რას იტყვით?
_ ვერც რუსებმა დატოვეს დიდი შთაბეჭდილება. თავდაპირველად ისინი ქაოტურად მოქმედებდნენ, მაგრამ შემდგომ თანმიმდევრულები გახდნენ.
_ საბოლოოდ ისე მოხდა, რომ ამ ომის გამო უამრავი ჯარისკაცი აღმოჩნდა ციხეში...
_ ფაქტია, რომ მეთაურობა არ ვარგოდა. რაც შეეხება ვინმეს დასჯას, მაგ საკითხის დამყენებელი მე არ გახლავართ. რა თქმა უნდა, უნდა დადგეს უმაღლესი სარდლობის პასუხისმგებლობის საკითხი.
_ ხელისუფლება ომს დამარცხებულად არ აცხადებს და ამბობს, რომ გამარჯვება წინაა...
_ ეს პოლიტიკური გემოვნების ამბავია.
_ რაც შეეხება პოლიტიკურ გემოვნებას, რა მდგომარეობაა ამ კუთხით?
_ მე პოლიტიკოსი არ გახლავართ და არც ვაპირებ პოლიტიკაში გარევას.
_ მიმდინარე მოვლენებს თვალს ხომ ადევნებთ?
_ მერე რა, რომ ვადევნებ.
_ როგორ შეაფასებთ?
_ არ შევაფასებ.
_ საუბრობენ, რომ ოპოზიციის გააქტიურების შემთხვევაში შესაძლოა, ხელისუფლება პროვოკაციულ ომში კვლავ ჩაერთოს... თქვენ ამას გამორიცხავთ?
_ იცით, ამაზე არ ვფიქრობ. შეიძლება წამოიწყოს და შეიძლება _ არა.
_ აგვისტოს ომის აცილება შესაძლებელი იყო?
_ არ არსებობს დაპირისპირება, რომლის თვიდან აცილება არ შეიძლება. მაშინაც კი, როცა წარმატების იმედი გაქვს, უნდა იცოდე შენი შემდეგი ნაბიჯი რა იქნება.
_ ომის შედეგებმა ნატო-საქართველოს ურთიერთობებზე რა გავლენა შეიძლება იქონიოს?
_ ნატოსკენ სწრაფვა გაცხადებული იყო, მაგრამ ამ ომმა არ დაგვაახლოვა, ყოველ შემთხვევაში.
_ ამერიკასთნ გაფორმებულ თანამშრომლობის ქარტიას როგორ შეაფასებთ, რას გვაძლევს ის ჩვენ?
_ ეს ზოგადი დოკუმენტია და თუ პოლიტიკური ნება იქნა, შეიძლება ამ დოკუმენტის ბაზაზე რაღაცები აიგოს.
_ პოლიტიკური ნება ვისგან უნდა იყოს?
_ ახალი ადმინისტრაციისგან. შევხედოთ რა იქნება. დრო გვაჩვენებს ყველაფერს.
_ სამშვიდობო მისიებში მონაწილეობისას, თუ ჩვენი ჯარისკაცები იქ ბრძოლას არ სწავლობენ, რას გვაძლევს?
_ სხვის ომში არ მონაწილეობენ, საერთაშორისო ძალებთან ერთად მშვიდობის განმტკიცების ან დამყარების საერთაშორისო ოპერაციებში მონაწილეობენ.
_ თქვენ ხომ განაცხადეთ, რომ იქ ბრძოლასა და საბრძოლოდ მზადყოფნას არ სწავლობენო..
_ პრიორიტეტებს საზღვრავს პოლიტიკური ხელმძღვანელობა. რა უნდა ისწავლონ ჯარისკაცებმა, ეს მათ უნდა განუსაზღვრონ.
_ რაც შეეხება თავდაცვის მინისტრების ხშირ ცვლას, რამდენად აისახება ეს ჯარზე?
_ ხელმძღვანელობის ხშირი ცვლა ჯარისთვის კარგი არანაირად არ არის და ამაზე მეტად უარესია, როდესაც ხელმძღვანელობასთან ერთად იცვლება მთელი შრე _ თანამდებობის პირებისა.
_ თქვენი თავდაცვის მინისტრობის დროს როგორი იყო სახელმწიფოს პოლიტიკა?
_ როცა ჯარს დაფინანსება აქვს, ეს კარგია, მაგრამ ფინანსებს ჭკვიანური გამოყენება უნდა.
_ ჯარში ჭკვიანი ხალხი აღარ გვყავს?
_ ჯარში შეიძლება უამრავი ჭკვიანი ადამიანი იყოს, მაგრამ აუცილებელია ისიც იყოს პროფესიონალი, ვის ხელშიც სახსრებია.
_ თანხების არასწორი განკარგვა და ვიღაცის ჯიბეებში დალექვა ხდება?
_ ამაზე საუბარი ძალიან რთულია. ასეთ საუბრებს ვერ ავყვები.
_ თუ გაეცანით თავდაცვის მინისტრის 2009 წლის ხედვას?
_ არა, სურვილი არ მქონია. ჯერ ერთი, ფაქტია, რომ ეგ არ არის მისი დაწერილი.
_ ანუ სხვა ქვეყნიდან ,,კოპით" გადმოიტანეს?
_ არ ვიცი, საიდან და როგორ არის გადმოღებული, მაგრამ ფაქტია, რომ ის, რასაც მან ხელი მოაწერა, მისი ხედვა არ არის.
_ რაც შეეხება ქვეყნის უსაფრთხოების კონცეფციას, რომლის შეცვლა ასე უცებ გახდა საჭირო, თუ იცით ვინ არიან მის შექმნაში ჩართულები?
_ მე ვიცი ვინც უნდა იყვნენ ჩართულები და ვინ არიან ჩართულები, ეს არ ვიცი.
_ ვინ უნდა იყვნენ, თქვენ ვის გაუწევდით რეკომენდაციას?
_ პირველ რიგში, ამის კორდინაციას უშიშროების საბჭო უნდა ეწეოდეს.
_ დღევანდელ უშიშროების საბჭოში არიან ისეთი კადრები, რომლებიც ასეთი დოკუმენტის შემუშავებას შეძლებენ?
_ აბა, მე რა ვქნა. შემიძლია წინადადებები შევთავაზო.
_ რას საქმიანობს დღეს დავით თევზაძე?
_ ასწავლის სტუდენტებს, მაგისტრანტებს.
_ ჯართან შეხება რომ არ გაქვთ, გული არ გწყდებათ?
_ იმდენ რამეზე მწყდება გული...…
_ არა გაქვთ სურვილი, კვლავ სამხედრო ცხოვრებით იცხოვროთ?
_ ჩემს ასაკში უკვე ნელ-ნელა წყდები ამ პროცესებს.
_ არც თქვენი შვილები აღარ არიან შეიარაღებულ ძალებში?
_ არა.
_ რატომ, თქვენ ურჩიეთ?
_ არა, როდესაც ჩემი გოგონა ერაყიდან დაბრუნდა, დაითხოვეს.
_ რა მოტივით?
_ არ ვიცი.
_ იმის გამო დაითხოვეს, რომ თქვენი შვილი იყო?
_ არ ვიცი, ალბათ.
_ თქვენ არ მოგიმზადებიათ რაიმე დასკვნა, რა შეცდომები იქნა დაშვებული აგვისტოს ომის დროს?
_ არა, დასკვნა არ დამიწერია, ჩემთვის ვიფიქრე. მაგრამ რა?
_ და რას თვლით მაინც ყველაზე დიდ შეცდომად?
_ საბრძოლო მოქმედებების დაწყებას.
_ ეს ტერიტორიები საბოლოოდ დავკარგეთ?
_ დრო გვაჩვენებს.
დალი ბჟალავა
|