www.fereidani.geახალი ქვეთავი 112 – მოქანდაკე ამირან თევზაძე.
გამარჯობათ ბატონო გიორგი! თქვენი საიტი
www.fereidani.ge ჩემმა ფერეიდნელმა მეგობარმა მომცა და სიმართლე რომ გითხრათ ძალიან მომეწონა. ჩემი დიდი სიმპატიებიდან გამომდინარე, რაც ფერეიდანთან არის დაკავშირებული, გადავწყვიტე თქვენთვის წერილი მომეწერა. რასაც თქვენ აკეთებთ ფერეიდნელი ქართველებისათვის – ძალიან დიდი ღვაწლია!
მე, როგორც მოქანდაკეს, დამაინტერესა ხელოვნების მოღვაწეებისადმი მიძღვნილმა ქვეთავებმა. განსაკუთრებით კი ფერეიდნელი ქართველის, მხატვარ ალი ასლანიშვილის ქვეთავები: 13, 95 და 111. მის ნამუშევრებში იგრძნობა ის დიდი მონატრება, რასაც ბატონი ასლანი გრძნობს თავისი სამშობლოსადმი, მას ხომ ორი სამშობლო აქვს – ფერეიდანი და საქართველო!
ბატონო გიორგი! ჩემი თქვენდამი პატივისცემის ნიშნად გიგზავნით ჩემს ნამუშევრებს, ვქმნი იმას, რასაც ვგრძნობ, რაც მიყვარს და რაც არის ჩემი შთაგონების წყარო. ესენია: ანგელოზები, ცხოველები. განსაკუთრებულ ყურადღებას ვუთმობ სიყვარულის თემატიკას. მასალად ვიყენებ ბუნებრივ ქვებს და ბრინჯაოს. ვცხოვრობ და ვმოღვაწეობ თბილისში, გალერეა „თევდორეში“. ხშირად ვაწყობ პერსონალურ გამოფენებს საზღვარგარეთაც. ჩემი ნამუშევრები დევს პორტალზე:
http://www.tevdore.com/amiran1.html მაგრამ დიდი მადლობელი ვიქნები თუ თქვენი საიტის საშუალებით ჩვენს ფერეიდნელ მეგობრებსაც შევეხმიანები.
მინდა გისურვოთ დიდი ხნის სიცოცხლე, ჯანმრთელობა და ღვთის წყალობა! პატივისცემით, მოქანდაკე ამირან თევზაძე.
www.fereidani.geქვეთავი 108 – ბაია ლომსაძე – „საქართველოო ლამაზო...“
გამარჯობათ გიორგი ბიძია! მე ბაია ლომსაძე ვარ. დავიბადე 1991 წლის 17 აგვისტოს. ამჟამად ვარ სკოლა-ლიცეუმ ,,პრომეთეს'' მე-12 კლასის მოსწავლე. ვარ მოყვარული ფოტოგრაფი. ვოცნებობ საქართველოს შემოვლაზე. ყოველი კუთხე-კუნჭულის ნახვა მინდა, ქართული სულის შეცნობა. ჩემი ფოტოებით ვცდილობ გადმოვცე ის გრძნობა, რასაც ჩვენი უმშვენიერესი სამშობლო იწვევს ჩემში.
მინდა მადლობა გადაგიხადოთ ფოტოების ვებ-გვერდზე განთავსებისათვის. იმედია მნახველი მოგვიწონებს და ჩვენს ლამაზ საქართველოს უფრო მეტად შეიყვარებს, იამაყებს რომ ქართველად დაიბადა, ამ დალოცვილ მიწა-წყალზე დააბიჯებს. მე კი ვეცდები დროდადრო მოგაწოდოთ ახალი ფოტოები.
გთხოვთ მოინახულოთ!
პატივისცემით გიორგი ალავერდაშვილი.