↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"


+ ახალი თემა ↩ პასუხი  [ 322 posts ] 
ავტორიMessage
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined20 Feb 2008
Posts17853
კარმა236
OFFLINEPROFILE
ძილი და სიზმარი

პარასკევ საღამოს მზე ორიოდ საათის ჩასული იყო და ქვეყნიერების ერთ-ერთ ულამაზეს მეგაპოლისში სიცოცხლე ამ დროისათვის შესაფერ რითმში იკრებდა ძალებს. შენობების ფანჯრებიდან, ქუჩებისა და სკვერების ლამპიონებიდან, ძვირადღირებული მაღაზიების ვიტრინებიდან, ლაითბოქსებიდან, ავტომობილების შუქფარებიდან ქუჩებზე გადმოსული იისფერი სინათლის შუქი არაფრად აგდებდა ჩამოწოლილ ბინდს, რომელიც ქალაქს ზემოდან ხუფივით გადახურებოდა და უზარმაზარ ქალაქს თავისებურ სიმყუდროვეს ანიჭებდა.
ამ ათასგვარი მანათობლიდან გადმოღვრილი შუქი, ქუჩებში მოსიარულე ადამიანების ისედაც მშვიდ და კეთილგანწყობილ სახეებზე ისე სასიამოვნოდ ლივლივებდა, რომ იქ მყოფს, უეჭველად დაუსრულებელი ნეტარების შეგრძნება დაგეუფლებოდათ.
სწორედ ასეთი გაბრწყინებული მეგაპოლისის ერთ-ერთ მშვიდ, მწვანეში ჩაფლულ გარეუბანს
მიადგა მცირე ზომის სამგზავრო ავტობუსი და უზარმაზარი სუპერმარკეტის გზისპირა, კეთილმოწყობილ ავტოსადგომზე შეჩერდა.
მიუხედავად თავისი მოკრძალებული ზომებისა, დაკვირვებული თვალი უეჭველად შეამჩნევდა, რომ ავტობუსი საკმაოდ მოხდენილი ფორმისა გახლდათ. სიძველის მიუხედავად, ადვილი მისახვედრი იყო, რომ თავის დროზე, მის სილამაზეზე არა ერთ ცნობილ კონსტრუქტორსა თუ დიზაინერს იმდენად ეზრუნათ, რომ მასზე მსუბუქი ხელის შევლებაც კი საკმარისი გახდებოდა – მის მიმართ ნებისმიერი მეგაპოლისის ბინადარი სითბოთი გამსჭვალულიყო.
ხანგრძლივი მგზავრობის შედეგად, მტვერში და ტალახში რამის მთლიანად ამოგანგლულიყო და უგზოობის გამო, აქა-იქ გვერდებიც შესამჩნევად მორყეოდა. მძიმე მგზავრობის კვალი მგზავრებსაც საგრძნობად დასტყობოდათ. მათი სასიამოვნო იერსახის მიუხედავად, მოკრძალებულად ჩაცმულ-დახურულები ჩანდნენ და მაინცა და მაინც კარგად ნაკვებებობაც არ ეტყობოდათ. თუმცა, სამართლიანობა ითხოვს აღინიშნოს, რომ სახეზე თითოეულს ნათლად ეწერა – მონდომებულები იყვნენ, რადაც არ უნდა დასჯდომოდათ - დანიშნულების ადგილისთვის აუცილებლად მიეღწიათ.
ამ სამგზავრო ავტობუსის სახით, იქაურობასთან ერთი შეხედვით, ისედაც სრულიად შეუსაბამო მოვლენას, განსაკუთრებულ უცნაურობას ისიც ანიჭებდა, რომ ავტობუსის საჭეს ღრმად მოხუცებული, უკვე გაჭაღარავებული გობლინი მისჯდომოდა და თვალებდაღებული თვლემდა. სახე წითლად ჰქონდა აღაჟღაჟებული, თვალები გადმოკარკლული და შუბლზე ორიოდე ღერად შერჩენილი ჭაღარა ქოჩორი უთამაშებდა. მისი შემხედვარე, დარწმუნდებოდით, რომ მგზავრობისას ნახევარი გზა საჭესთან ეძინა და მგზავრები, უმეტეს წილად ბედის ანაბარად იყვნენ გამოკიდებული.
უეცრად, ავტობუსის სალონის წინა რიგებში საოცარი ჩოჩქოლი ატყდა. იქ მჯდომ ადამიანთა შორის მოულოდნელად რამოდენიმე ახალგაზრდა გობლინი წამოიმართა და მძღოლისკენ კისრისტეხით გამოქანდა.
- ჩამოდი, ჩამოდი, ეხლა ჩვენი ჯერია! - დაჰყვირეს ახაალგაზრდა გობლინებმა და მთვლემარე მოხუც გობლინს ზოგი ხელებში, ზოგიც კისერში ჩააფრინდა კბილებით.
- გასულელდით, არ გადმომაგდოთ! – გაჰყვიროდა მოხუცი გობლინი და რაც ძალი და ღონე ჰქონდა საჭეს ებღაუჭებოდა.
- ჩამოდი, თორემ ძალით ჩამოგაგდებთ და ზედ ავტობუსსაც გადაგატარებთ! – უფრო მეტად შეუტიეს ახალგაზრდებმა.
- არ ჩამოვალ! რა იცით თქვენ ავტობუსის ტარება, ერთი-ორი წელია რაც საერთოდDავტობუსში ჩაჯექით! - არ შეეპუა მოხუცი გობლინი და ავტობუსი ადგილიდან დაძრა.
- დაგვამტვრევენ ეს შობელძაღლები…..... - დაიძახა ვიღაცამ მგზავრებში და ავტობუსში ჩოჩქოლი ატყდა.
- დასვი, თორე სუყველა დავიმტვრევით! ისედაც ნახევარი გზა საჭესთან გეძინა - დაიძახა ერთმა.
- არ შეგვჭამეს ამ გობლინებმა, რა გახდა ერთი, რომ - თან ადამიანი იყოს და თან ავტომანქანის მართვა იცოდეს – დაიძახა მეორემ.
ამასობაში ავტობუსმა სიჩქარე აკრიფა, ტროტუარზე დალაგებულ რამდენიმე ნაგვის ბუნკერს დაეჯახა და ჰაერში აისროლა. …
- გაუშვი საჭეს ხელი! - არ ცხრებოდნენ ახალგაზრდა გობლინები და სულ უფრო გაავებული უტევდნენ მოხუცს.
- მოვრიგდეთ გავუშვებ, ოღონდ არ ჩამაგდოთ! – აღმოხდა ძალამილეულ მოხუც გობლინს.
- კარგი უკანა სავარძელზე დაჯექი და შენი სუსი არ გავიგოთ.
ავტობუსმა მკვეთრად დაამუხრუჭა...
რამდენიმე წუთში ავტობუსის მართვის სადავეებს ახალგაზრდა გობლინები დაეპატრონენ. ატყდა ერთ გნიასი. მათ შორის ერთი, რომელიც მეტად აქტიურობდა - საჭეს მიუჯდა. დანარჩენები კი თავის შეხედულებით - ზოგი გადაცემათა კოლოფს მიუსვა, ზოგი პედლებს, ზოგი მოხვევის მაჩ-ვენებლებსა და შუქფარებს. გობლინები ენერგიულად შეუდგნენ მათზე დაკისრებულ საქმიანობის შესრულებას, თუმცა სრულიად ვერ გაერკვეულიყვნენ, რა და როგორ უნდა მოემოქმედათ.
- აბა წავედით! – დაიძახა საჭესთან მჯდომმა – ნუ გეშინიათ, რასაც ვერ გაიგებთ გზა და გზა აგიხსნით, მე თითონ თუ მეცოდინება, რასაკვირველია! ოღონდ რულზე არავინ წამეპოტინოთ თუ-არა ხელებს დაგამტვრევთ, ისე კი ერთი-მეორეში ხშირად შეგცვლით ჩხუბი რომ არ მოგივიდეთ!

გობლინებს ბევრი არ უფიქრიათ და გეზი, რაღა თქმა უნდა, მეგაპოლისის ცენტრისკენ აიღეს. ავტომანქანის საგზურში ერთი გობლინის გვარი მეორეზე გადაასწორეს, შემდეგ კი ავტობუსი სწრაფად გააქანეს და გზა და გზა, ხან მარჯვენა ბორდიურზე შეხტებოდნენ, ხან მარცხენაზე. მგზავრობით ისედაც გაწამებული, საბრალო ადამიანები ავტობუსის ხან ერთ, ხან მეორე ბოლოს ეხეთქებოდნენ.
გობლინები ერთხმად შეთანხმდნენ, რომ ცენტრში მისვლამდე ავტობუსი აუცილებლად უნდა გაერეცხათ, თუმცა გადაწყვიტეს, დროის უქონლობის გამო, ხელით რეცხვას არ გადაჰყოლოდნენ და ავტობუსი “ჩოთქებში” გაატარეს. ათიოდე წუთით, იქვე გზის პირას “ნეკნების” შესაჭმელად შეირბინეს. ამის შემდეგ, რატომღაც მოეჩვენათ, რომ ცოტა მძიმედ მიდიოდნენ და მგზავრების მოზრდილი ნაწილი ავტობუსიდან გაუჩერებლად მოისროლეს. ზედ ერთი ურჩი გობლინიც მიაყოლეს, რამდენიმეს კი - თითი დაუქნიეს.
სამგზავრო ავტობუსის ახალი მძღოლი საჭესთან თავმომწონედ იჯდა და შესაძლებლობას არ უშვებდა გამოლაპარაკებოდა მის გვერდით მოძრავი ტრანსპორტის, ამ სანახაობით დაბნეულ მძღოლებსა თუ მგზავრებს, და რაც ძალზედ მნიშვნელოვანია - მათსავე ენაზე. სიმართლე უნდა ითქვას, ფრიად განათლებული გობლინი გახლდათ.

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined26 Mar 2009
Posts634
კარმა0
OFFLINEPROFILE
ციცი,რამოდენიმეჯერ მივუტრიალდი"მანსარდა თავლაში" ძალიან მომეწონა,თქვენ მწერალი ყოფილხართ! ბევრჯერ დამბადებია სურვილი დაწერის მაგრამ ეს საკმაოდ რთულია,თხრობა მირჩევნია ...როგორ ახერხებთ ჩასწვდეთ ადამიანურ გრძნობების ნიუანსებს...გმადლობთ რომ აქ ხართ!

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined05 Jan 2008
Posts3204
კარმა103
OFFLINEPROFILE
თინიკო წამო ოდაში ვიჭორაოთ=ko= =ko= =ko= =ko= =ko=

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined15 Aug 2007
Posts767
კარმა0
OFFLINEPROFILE
ნებით, თუ უნებლიედ?!''
ნებით თუ უნებლიედ ?!
ქვეყანაში, სადაც ყოველი გზა ჩახერგილია და ბინდბუნდში გახვეული თვალები ვერას ხედავენ, ცრუთა ზეიმია, ლხინი და დარბაზობა, სუფრის თავში კი ზის თამადა, რომელმაც გუშინ თუ გუშინწინ მრავალი ავი საქმე ჩაიდინა და საუბედუროდ სწორედ ის ქცეულა ჩვენი ჭკუის დამრიგებლად, ის ხომ ჩვენი ხელისუფალი ყოჩია, ერთპიროვნული მმართველი და მხოლოდ მერიქიფეობას თუ ,,გაგვიხერხებს’’ ხოლმე.
ვაი, ჩვენი ბრალი, რომ სულ ვუღიმით და თავს ვუხრით წამდაუწუმ, ხშირად ხოტბაშესხმულ არწივად ვაქცევთ, იმ არწივად, რომელიც ზოგჯერ ლეშის ჭამაზეც არის ხოლმე ყაბულს. ,,ნებით თუ უნებლიედ’’ ?!
პრობლემა სწორედ ამაში მდგომარეობს, რომ სწორედ ჩვენი ნებაა მათი გალაღება, განავარდება და აღმაფრენა, მაგრამ ამავდროულად ჩვენი ნებაა მათი დამხობა, განადგურება და აღგვა პირისაგან მიწისა. გვიჩნდება კითხვა... ნება ძალაუფლებაა?!
თითოეულ ადამიანს გააჩნია თავისუფლება, მაგრამ ხშირად არასწორად გვესმის ამ სიტყვის არსი და ზერელე ცოდნით აღჭურვილნი უდიდეს შეცდომებს ჩავდივართ და ვგმობთ ღირსეულ ცხოვრებისეულ ფასეულობებს, რაც მომავალში ჩვენ სულიერ წაწყმედას გვიქადის და ჩვენი მტრების წისქვილზე ასხავს წყალს!
ძალაუფლება არის თავისუფლება, რომელსაც ღმერთი ანიჭებს თითოეულ ადამიანს, თუმცა გვავიწყდება მთავარი, რატომ მოგვენიჭა თავისუფლება ? ნუთუ იმისთვის, რომ ნაბადი მოვიცვათ და ჯიქურ შევეცადოთ ჩვენი არაღირსეული მიზნების შესრულებას?! არა ბატონებო! თავისუფლება მოვალეობაა საკუთარი თავის, ერის, ოჯახის და ღმერთის წინაშე, რომელიც ყოველდღიურობაში უნდა ავსახოთ და დღენიადაგ შევამაგროთ სიმწრით ნაშენები აკროპოლისი, რომელსაც საქართველო ჰქვია, ჩვენი დედასამშობლო, სადაც დაირწა ჩვენი აკვანი და სამომავლო გეგმები გონებრივად მომწიფების ჟამს, სწორედ მისდამი მამოძრავებელმა უხილავმა ძალამ წარმოგვიჩინა, ჩვენი კი არად ვაგდებთ ამ ყოველივეს და მხოლოდ ერთეულები თუ ზრუნავენ საკუთარი ნაღვაწით რაიმე მცირე წვლილის შეტანას ერის აღმშენებლობით საქმიანობაში, ეს თავისთავად მძიმე რეალობაა, მაგრამ ამ რეალობის სიმწარეს ის უფრო ამძაფრებს, რომ მოჩვენებითი, ყალბი, ვითომ საქმიანობით ვცდილობთ წარსულში დაშვებული დიდი შეცდომების ნაწილობრივ აღმოფხვრას. იბადება კითხვა: ,,ნებით თუ უნებლიედ’’?! მსჯელობა სწორედ ამ საკითხზე არის საჭირო.
ჩვენ სამწუხაროდ ყოველთვის ველოდებით მხსნელს, რომელიც თვალებს აგვიხელს, დაგვაპურებს, ევროპული ტანისამოსით შეგვმოსავს და ,,საზოგადოებრივ ასპარეზზე’’ დაგვიმკვიდრებს ადგილს, მაგრამ სამწუხაროდ გვავიწყდება ვარდისფერი სათვალეების მოხსნა და მარტოდმარტო, მიგდებულნი და ძალაგამოლეულნი ჩვენივე ,,მხსნელს’’ შევჩივით, რომელსაც ამას წინათ ვადიდებდით, ტაშს ვუკრავდით და პატივს ვცემდით, დღეს კი უკვე ახალი ყოჩის ძიებას შევუდექით და სავარაუდო კანდიდატურებიც გვყავს შერჩეული, მაგრამ სამწუხაროდ ამ უაზრო ორომტრიალში გადის დრო, ხელახლა ბნელდება და ჩაბნელებულ სცენაზე, კვლავაც ლიდერი ამობობღდება, რომელიც მხოლოდ წამით ჩამოხსნის ფარდას, გაანათებს სცენას და შემდეგ კვლავაც უკვალოდ გაქრება.
გველის მრავალი სახეობა არსებობს და სამწუხაროდ, ყოველ მათგანს ბინა საქართველოში დაუდია, დაბინავებულა და ურყევია, ფეხს არ იცვლის ხვრელიდან, იმ ხვრელიდან, რომლის დაუფლებასაც თითოეული უმანკო სახით შენიღბული გველი ცდილობს. როგორი მწარე ყოფილა ჩვენი ხვედრი, რომ მარტივი კონსტრუქციის ხაფანგში ჩაგვიყვია ფეხი და გველთა ჯამბაზებად ვქცეულვართ... ისინი კი არ ჩერდებიან, სისინებენ, აფრქვევენ შხამს, რომელიც სულიერ დასაყრდენს გვაცლის...
როდემდე უნდა გაგრძელდეს ეს ყოველივე? განა ღირსეულ ადამიანთა ჯგუფი არ უნდა გამოჩნდეს ქვეყნის სადარაჯოზე ?! მაგრამ სამწუხაროდ გაძნელდა ღირსეულთა და მართალთა კვლევა-ძიება, რადგან გესლის ჭაობში ვართ ჩაფლულნი სადაც არავინ არ ცდილობს სხვის ამოთრევას, მხოლოდ ბარონ მიუნჰაუზენისნაირი პიროვნებები ,,ახერხებენ’’ მსგავსი სიტუაცებიდან თავის დაღწევას და შემდეგ საჯაროდ საუბრობენ ზემოდხსენებული, ,,გმირული’’, ,,დიადი’’ საქმეების შესახებ.
სად გაქრა ნდობა ერთურთის მიმართ ? ნუთუ ასეთი უმოწყალონი ვართ ? მაგრამ ესეც ჩვენი სენია... მლიქვნელობამ გამოიღო ნაყოფი და სიცრუის დერეფნებში მოაქცია მართალ გზაზე მყოფი პატიოსანი ადამიანები ! მოწოდება არასამართლიანობისკენ ?! ეს ხომ უარყოფაა ყოველივე ღირებულებებისა, რაც კი დღემდე რის ვაი-ვაგლახით შემოგვრჩენია !
დაგვავიწყდა ისტორია, ვკითხულობთ და არ ვმსჯელობთ, ლიტერატურულ ნაწარმოებებს არ ვცემთ თაყვანს და გვირჩევნია მშრალი, დღევანდელი ზოგადსაკაცობრიო ინფორმაციები ვიკითხოთ, ფეხი შევდგათ უვიცთა ფერხულში, ასე გამალებით, რომ გადაადგილდებიან და არ აქვთ მიზანი, მომავალი და შესაბამისად არც წარსული გააჩნიათ. დღევანდელ მწარე რეალობაში ჩაკეტილები ვართ და გონებადაბინდულებს, აღარც კი გვძალუძს ფიქრი, აზროვნება და დასკვნების გამოტანა...
ისიც დაგვიწყებია, რომ ჩვენი დღევანდელი საძაგელი არსებობა, მომავალში ისტორიის ერთ დიდ შავ, ოზონის ხვრელად აისახება და უსაქმურ წინაპრებს ისტორიულ ფსკერზე დაგვლექავს! ჩვენ კი ვიკითხოთ: ,,ნებით, თუ უნებლიედ’’?!
ჩავიხედოთ ჩვენ გულებში და ცოტა ხნით მაინც გავაშიშვლოთ ჩვენი ვითომდა იდეალური სულიერი მდგომარეობა და იქნებ სწორედ მაშინ შევძლოთ ჩვენი ცხოვრებისეული რეალური საზრისების აღმოჩენა და მომავალში მათზე დაყრდნობით ეროვნული საქმის კეთება !
თუმცა მაინც არ ვკარგავთ იმედს, ჩვენი ერის მასულდგმულებელ ძალას, რომელიც ყოველთვის გიზგიზებს მითიურ გრაალის თასში და გვანიჭებს მისტიური ფრინველის, ფენიქსის შესაძლებლობებს, რადგან ფერფლიდან ხელმეორედ აღდგენა და ბრძოლის ხელმეორედ გაჩაღება, მხოლოდ ქართველ ,,ფენიქსებს’’ სძალულთ და ვიმედოვნებ, რომ მსგავსი ქართველნი კვლავაც ჩაანაცვლებენ და განდევნიან ლეშისმჭამელ ,,არწივებს’’.

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined20 Feb 2008
Posts17853
კარმა236
OFFLINEPROFILE
ჩემი საქართველო

ალბათ ადამიანი ისე ვერ იგრძნობს სამშობლოს სიყვარულს მთელი სიძლიერით, თუ არ დაშორდა მას. თუნდაც სულ ცოტა ხნით.

ორი წლის არც კი ვიყავი, მშობლებმა რომ ლენინგრადში წამიყვანეს. იქ ხუთი წლის განმავლობაში ვცხოვრობდი და ქართული თითქმის არ ვიცოდი. როცა წამოვიზარდე და გადავედი მეორე კლასში, ალჟირში გავემგზავრეთ. პირველად ძალიან მიხაროდა, რადგან ჩემი მშობლები და ძმა იქ იყვნენ, მაგრამ საქართველოს დატოვება დამენანა და გულში რაღაც სინანული და სიცარიელე ვიგრძენი. მართალია, ძალიან შემიყვარდა ალჟირი, ანაბა, სერაიდა, მთა, სადაც მე ვცხოვრობდი, მაგრამ თბილისსა და ქუთაისს რა სჯობს.

სკოლაში რუსულად ვსწავლობდი. მქონდა ურთიერთობა რუს, არაბ, ფრანგ, ინგლისელ, პოლონელ ბავშვებთან. ვიხსენებდი ჩემს ქართველ მეგობრებს და სულ რომ არაფრით, ქართველობით მაინც სჯობდნენ მათ.

ჩვენი სახლიდან თითქოს თვითმფრინავიაო, ისე ჩანდა ანაბის ხედი. თუმცა ხატვა სულ არ მეხერხებოდა, მაინც ვხატავდი ანაბის ხედს, ხოლო ხატვის გაკვეთილებზე ყოველთვის ვხატავდი მთაწმინდას, ჩემს სკოლას, სახლს. ერთხელ ბებიაც კი დავხატე.

ალბათ არაფერი გამხარებია იმ ორი წლის განმავლობაში ისე, როგორც წყალქვეშა ნავით მეზღვაურთა ჩამოსვლა, რადგან მათში ერთი ქართველიც იყო.

უდიდესი სიხარული განვიცადე, როცა თბილისში ვბრუნდებოდი. სინანულს განვიცდიდი სერაიდის დატოვებისასაც, მაგრამ არ მავიწყდება ის წუთები, როცა მატარებელი თბილისის სადგურს მიუახლოვდა, გაჩერებაც კი არ ვაცადე, ისე ჩამოვხტი მატარებლიდან. არ მჯეროდა, რომ თბილისში ვიყავი. რამდენიმე დღე შთაბეჭდილებებიდან ვერ გამოვდიოდი. მინდოდა მევლო ქუჩებში და სულ სხვანაირი მეჩვენებოდა თბილისი, უფრო ლამაზი და მიმზიდველი. არ ვიცი რაში გამოიხატება სამშობლოს სიყვარული, მაგრამ მე იგი მაშინ შევიგრძენი.

მაკა ცინცაძე

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined15 Aug 2007
Posts767
კარმა0
OFFLINEPROFILE
ესეი 1 January 2010
"პირველი რუსის" ამბავი
ლაშა ბუღაძე

ილუსტრაცია

აგერ უკვე თითქმის ცხრა წელი გავიდა "პირველი რუსის" დაწერიდან და ზოგიერთებს დღემდე ვერ გაურკვევიათ, რა უფლებით შევძვერი წმინდა მეფის საძინებელში (მოთხრობაზე "გაბრაზებულთა" ციტირებას ვახდენ) და რატომ არ ავუკრძალე ჩემ თავს, საერთოდ, ამ თემაზე წერა. "გაბრაზებულებში", რაც ყველაზე სამწუხარო იყო, ახალგაზრდებიც შედიოდნდენ და დღესაც, როცა სტუდენტებთან, სკოლის მოსწავლეებთან, ლიტერატურით ან - თუკი უფრო ზუსტები ვიქნებით - ტელევიზორის მეშვეობით გაცნობილი ადამიანის ნახვით დაინტერესებულ მკითხველ-მაყურებლებს ვხვდები, დარბაზში აუცილებლად აღმოჩნდება ხოლმე ამ მოთხრობაზე გაბრაზებული ერთი-ორი მკაცრი ახალგაზრდა.

სიმართლე რომ ვთქვათ, ადრე, თუნდაც სამი-ოთხი წლის წინ, ასეთი "ავები" შთამბეჭდავ უმრავლესობაში იყვნენ, უმცირესობაში კი, როგორც წესი, ჩემდამი თანაგრძნობით გამსჭვალული თითო-ოროლა მკითხველი იყო (სწორედ მკითხველი - ამას ხაზს ვუსვამ!), რომლებიც ამაოდ ცდილობდნენ "გაბრაზებულთაგან" ჩემი და ჩემივე ტექსტის დაცვას. სულ ახლახან კი კვლავაც მოვხვდი ერთ-ერთ ასეთ დისკუსიაზე და, არ დავმალავ, სასიამოვნო ცვლილების მომსწრე გავხდი: გაბრაზებულები უმცირესობაში აღმოჩნდნენ, თანაგრძნობით აღსავსენი კი უმრავლესობაში. თუმცა, შესაძლოა, ეს დისკუსია სულაც არ ასახავდა ობიექტურ სურათს და, უბრალოდ, კეთილგანწყობილთა პატარა პლანეტაზე მოვხვდი...

ამ მოთხრობის შესახებ რამდენიმენაირი შეფასება მომისმენია: გაბრაზებულების, რომლებიც უშუალოდ მე მლანძღავენ და არა ტექსტს (ვინაიდან მოთხრობა, ანუ "პირველი რუსი", როგორც წესი, წაკითხული არა აქვთ და მის შესახებ სხვების დამახინჯებული მონათხრობით მსჯელობენ), - იმედგაცრუებულების: ანუ მათი, ვინც ამაოდ ელოდა ველურ პორნოგრაფიას, რომლის მონაწილეც მათი აზრით (და ჩემი ვარაუდით) თამარ-მეფე უნდა ყოფილიყო და სინამდვილეში კი ბანალური სატირა დაუხვდათ რუსეთ-საქართველოს ურთიერთობებზე, და ბოლოს - პროფესიონალების, რომელთაც ტექსტი ლიტერატურული თვალსაზრისით არ მოეწონათ (თუმცა მწერლებში ისეთებიც იყვნენ - და ეს ყველაზე მეტად მაკვირვებდა - რომლებიც ამბობდნენ, რომ მოთხრობა ეთიკურ-მორალური თვალსაზრისით არ უნდა დამეწერა), მაგრამ, მიუხედავად ამისა, საჯარო კრიტიკისგან თავს იკავებდნენ, რათა მათი ესთეტიკური სკეფსისი იდეოლოგიური კრიტიკის ნაწილად არ აღექვა ლიბერალურ უმცირესობას.

ასე რომ, პრაქტიკულად ეს მოთხრობა არავის მოსწონებია. უფრო სწორად, რაც პოპულარული გახდა, მას შემდეგ აღარ მოეწონათ, თორემ სკანდალამდე რვა თვით ადრე, როცა "პირველი რუსი" ირაკლი კაკაბაძის ჟურნალში "დრო მშვიდობისა" გამოქვეყნდა, არაერთი კომპლიმენტი მიმეღო მის შესახებ.

ვინც ყველაზე ხმაურიანად მლანძღავდა, იმათ - ამაში არაერთხელ დავრწმუნებულვარ - საერთოდ არ ჰქონდათ (და არც აქვთ) ეს ტექსტი წაკითხული. ახლა შევეჩვიე, თორემ ადრე შოკში მაგდებდა ასეთების სიჯიუტე და თავდაჯერებულობა. ერთხელ - შუა სკანდალის დროს - რომელიღაც სატელევიზიო გადაცემაში ვიღებდი მონაწილეობას და კეკლუცურ-მაზოხისტური ჟინით შეპყრობილი, ანონიმ-მაყურებელთა სატელეფონო ლანძღვებს ვისმენდი, ხოდა ერთ-ერთს, რომელმაც ყოველგვარ ზღვარს გადააჭარბა ფანტაზიორობის თვალსაზრისით (რაც ახსენა, ასეთი არაფერი მეწერა ჩემ მოთხრობაში), პატრიოტული ექსტაზით თქმული მონოლოგი ამ შეკითხვით შევაწყვეტინე: ეს მოთხრობა წაკითხული თუ გაქვთ-მეთქი? მან კი უპაუზოდ, დაფიქრების გარეშე მიპასუხა: არა, მაგ სიბინძურეს როგორ წავიკითხავდიო. ასეთებს დღემდე ვაწყდები. ჯერ იქადაგებენ (მოქადაგე სტუდენტები და სკოლის მოსწავლეები არიან ამ მხრივ საინტერესონი), მერე კი ჭეშმარიტად საბჭოური პათოსით დაგაყრიან მორალისტურ შეკითხვებს: რა უფლებით? როგორ გაბედეთ? რატომ თავი არ შეიკავეთ? და ა.შ. ამ თემაზე, გულწრფელად რომ ვთქვა, მეც ბევრი მიქადაგია: გავბრაზებულვარ მათზე, ვისაც ზედაპირული დამოკიდებულება აქვს საკუთარი ქვეყნის ისტორიის მიმართ და წარსულს (ისევე როგორც აწმყოსა და მომავალს) სადღეგრძელოებიდან, კვარცხლბეკებიდან მომზირალი მკვდარი გმირების გამჭოლ ჭვრეტს; მიქადაგია ახალი საქართველოს "მორწმუნე" იდეოლოგ-ცენზორებზე და დაუღალავად მილაპარაკია ჩემი მოთხრობის პერსონაჟების, თამარისა და იურის ალეგორიულ სახეებზე ("თამარი მუდამ მოლოდინში მყოფი, შეურაცხყოფილი და მოტყუებული საქართველოა, იური ბოგოლუბსკი კი - რუსეთი".), და, ჩემდა სამარცხვინოდ, იმასაც მივმხვდარვარ, რომ ამ ქადაგებასა და საკუთარი სიმართლის მტკიცებაში, უკვე თავად ვქცეულიყავი სადღეგრძელოდ და რომ ბოდიშებს, სინამდვილეში, არც მეტი, არც ნაკლები, კლასიკური პატრიოტული მოთხრობის გამო ვიხდიდი. დღეს ყველაზე მეტად სწორედ ეს არ მომწონს ამ ტექსტში - მისი ბანალური პატრიოტული სწორხაზოვნება (რუსი - ცუდია, ქართველი - კარგი) და თუკი რაიმეს შევცვლიდი, ან, უფრო სწორად, შევარბილებდი ამ მოთხრობაში არა საძინებელში მომხდარ ეპიზოდს, არამედ სწორედ ხსენებულ მყვირალა პატრიოტულ პათოსს. თუმცა, ცხადია, რეალურად არც არაფერს შევცვლი და "პირველი რუსი" კვლავაც ისეთად და იმად დარჩება, როგორც თავის დროზე დაიწერა და რასაც სინამდვილეში წარმოადგენს: ეს ტექსტი ჩემი ერთადერთი პატრიოტული მოთხრობაა და, ეჭვი მაქვს, თუმცა რა ეჭვი, დარწმუნებული ვარ, რომ ოდესმე მასაც შეიტანენ სასკოლო სახელმძღვანელოებში...

ამიტომაც იყო, თავისებურად რომ ბრაზდებოდნენ მეცამეტე საუკუნის ლიტ-პორნოს წაკითხვის მოლოდინში მყოფი მოქალაქეები, რა სახმაურო ეს მოთხრობაა, არაფერი არ იყოო. ეს ადამიანები, რომელთაც პირობითად იმედგაცრუებულები ვუწოდე, როგორც ჩანს, ამაოდ ელოდნენ თამარისა და იურის პერვერტული სექსის ჩემეულ აღწერას... რვაასი წლის წინანდელ მათრახებსა და ტყავის ტრიკოებს... ხელთ კი ლიტერატურულ-პოლიტიკური (და, რაც მთავარია, პატრიოტული) სატირა შერჩათ. შესაბამისად, ამიტომაც გაუკვირდათ ზოგიერთებს - აბა, ბოდიში რის გამო მოიხადაო?

საქმეც ესაა: ბოდიშები არ ყოფილა. იყო: ცენზურა, შიში და პროპაგანდა.

თუმცა სჯობს თანმიმდევრულად მოვყვე ყველაფერს.

1. პირველი უკმაყოფილო

პირველი ხმაური მოთხრობის გამოქვეყნებიდან რვა (!) თვის თავზე ატყდა. "პირველი რუსი" 2001 წლის მაისში გამოქვეყნდა ჟურნალში "დრო მშვიდობისა", რომლის რედაქტორიც ირაკლი კაკაბაძე გახლდათ. ჟურნალი საქართველოში არსებული კონფლიქტებისა და მოლაპარაკებების საერთაშორისო კვლევითი ცენტრის ეგიდით გამოდიოდა და მას ნიდერლანდური ფონდი "ქორდეიდი" აფინანსებდა (მოგვიანებით ამიტომაც ამბობდნენ, რომ მე სწორედ ჰოლანდიელებმა დამიკვეთეს თამარ მეფეზე ამის დაწერა). იდეაში, "დრო მშვიდობისა" სამეცნიერო, პოლიტიკური ჟურნალი უნდა ყოფილიყო, მაგრამ ირაკლი კაკაბაძემ ის ლიტერატურულ-სახელოვნებო გამოცემად აქცია. მართალია, სტატიებიც ბლომად იყო, მაგრამ ძირითად ადგილს მაინც ლექსები, მოთხრობები, ფოტოები და თავად ირაკლი კაკაბაძის ამაღელვებელ-ლირიკული "სიყვარულის დოქტრინები" იკავებდა. პირველად სწორედ "დრო მშვიდობისას" რედაქციაში გაარჩიეს "პირველი რუსი", მე და ირაკლი შეგვაქეს და - თუ არ ვცდები - 100 ლარიც მომცეს (სისხლიანი ჰოლანდიური ფული).

როგორც ლელაკო ცისკარიშვილმა მომიყვა მოგვიანებით (ის მაშინ რედაქტორის თანაშემწედ მუშაობდა ამ ჟურნალში), პირველი უკმაყოფილება ჩემი წამოსვლისთანავე გამოთქმულა ცენტრის ერთ-ერთი თანამშრომლის მიერ, - ქართველი კონფლიქტოლოგები ჩაის და ნამცხვრეულს მიირთმევდნენ და ამ უკმაყოფილო ქალბატონსაც სწორედ მაშინ უთქვამს: ისე ეგეთი რამე მაინც როგორ დაწერაო. ეს იყო და ეს, ამის შემდეგ ჩემი მოთხრობა მთელი რვა თვის განმავლობაში არ გახსენებიათ.

"დრო მშვიდობისა", მაქსიმუმ, ორმოცდაათ კაცს ჩავარდნოდა ხელში (კარგი, მაგრამ სრულიად არაპოპულარული ჟურნალი გახლდათ) და, ალბათ, ამდენივე (ან, შეიძლება, ამაზე ცოტა) მკითხველი ჰყავდა ჩემს ტექსტსაც.

რვა თვის შემდეგ - წაკითხვაზე რა მოგახსენოთ - მაგრამ ეს "პირველი რუსი" მთელი საქართველოს განხილვის საგანი გახდა.

2. პირველი გაბრაზებული

მაისი (მოთხრობის გამოქვეყნების თვე) მშვიდობიანად გაილია, ზაფხულმა კი საერთოდ ჩაკლა მკითხველური ჟინი და "დრო მშვიდობისას" 2001 წლის პირველი ნომერიც სრულ დავიწყებას მიეცა. ივნისში ერთადერთი მკითხველიღა ჰყავდა ამ ტექსტს და ისიც მე ვიყავი: "პირველი რუსი" მამაჩემს წავუკითხე რიხიანად (მაშინ ასე ვკითხულობდი) და ხელებიც ენერგიულად ვიქნიე. მამაჩემი, მახსოვს, რომელიღაც მორიგი კედლის მოხატვით იყო დაკავებული (ცხენზე ამხედრებულ მეფეებს ხატავდა), მე კი ქალი-მეფის უიღბლო საქორწინო ღამის ამბებს დავყვიროდი თავზე...

ივლის-აგვისტოში ეს ტექსტი მეც კი არ გადამიკითხავს, 11 სექტემბერს ნიუ-იორკს ფუნდამენტალისტი-მუსლიმანები დაესხნენ თავს და მსოფლიოშიც ჯვაროსნულ ომებზე დაწერილი რომანები გახდა პოპულარული... ზოოფილებზე დაწერილი ტექსტები სრულიად არააქტუალური გახდა.

ასე განვლო შემოდგომამაც და ახალი წელიც დადგა.

2002 წლის 10 იანვარს, ერთ-ერთ გამომცემლობაში სტუმრობისას, მამუკა ხანთაძემ მეფისტოფელური სიცილით მომაწოდა გაზეთი "რეზონანსი", რომელშიც დიდი ენთუზიაზმით "მწყევლიდა" ტრადიციულ ორთაბრძოლათა ცენტრ-სასწავლებელ "ხრიდოლის" შეფი (სამწუხაროდ, მისი გვარ-სახელი არ მახსოვს).

ამ წერილში უკვე ყველაფერი იყო, რასაც შემდეგ ყველანაირი ჯურის გაბრაზებული გაიმეორებდა: ა) რომ მე მაფინანსებდნენ, რათა ქართული სიწმინდეებისთვის დამეცინა. ბ) რომ მე ვარ რაღაც ჯგუფის ნაწილი, რომელსაც ქართველობის (!) მოსპობა სურს. გ) რომ მე უნდა დავისაჯო წმინდანის შეურაცხყოფისთვის. დ) რომ მე თავად ვარ ავადმყოფი. ე) რომ მე მეზიზღება ქართველი ქალი და, საერთოდ, ქალები (მახსოვს, ასეთი ფრაზაც იყო: "რა ქალებთან გაქვთ, თქვე საწყლებო, საქმე?!". ეს გახლდათ პასუხი აბზაცზე "პირველი რუსიდან": "უკანალი ჩავარდნილი - ანუ ქართული. ოდნავ შესამჩნევი ღინღლი ნორჩ სახეზე - ესეც ქართული. ჯანმრთელი თმა და გადაბმული წარბები, როგორც ფრესკაზეა".) ვ) რომ ხელები უნდა დაუმტვრიო ამის დამწერს (ამას კიდევ ხშირად მოვისმენ!) და ბოლო: ზ) რომ ჩემნაირები ბოლოს ყველა ვარიანტში ჯოჯოხეთში ხვდებიან (!).

- ესენი ნაღდად გცემენ, - მითხრა მამუკა ხანთაძემ და მერე ამიხსნა კიდეც, ვინ იყვნენ ეს ხრიდოლელები (რაც მართალია მართალია, სახელი კი ერქვათ ტოლკიენის გმირებივით შესაფერისი).

ცხადია, ვინც იქ იყო, ყველა იცინოდა, მათ შორის მეც, მაგრამ, გულწრფელად რომ ვთქვა, პირველად სწორედ მაშინ შემეშინდა.

არ ვიცი, ექნებოდა თუ არა ამ წერილს რაიმენაირი გაგრძელება, პასუხი რომ არ დაეწერა ირაკლი კაკაბაძეს. ირაკლი პირველი იყო, ვინც საჯაროდ დამიცვა, ხრიდოლელს საგანმანათლებლო ლექცია წაუკითხა, საქართველოს სიყვარულზე ყვირილი ვერაფერი დიდი პატრიოტიზმიაო და, მართალია, დელიკატურად, მაგრამ თავისი დისიდენტური წარსული და აწმყოც შეახსენა (ანუ მე მართლა მიბრძოლია, თქვენსავით ბუტაფორიული ხმლები არ მიქნევიაო).

ირაკლის პასუხებმა დიდი მოწონება დაიმსახურა ჩვენს პაწია წრეში და მე ვიფიქრე, რომ ეს მცირე კონფლიქტი ამოწურულია. კმაყოფილიც კი ვიყავი, რომ ჩემს მივიწყებულ ტექსტს რაღაცნაირი გამოხმაურება მაინც მოჰყვა. თუნდაც მისი დაბეჭდვიდან რვა თვის თავზე

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined15 Aug 2007
Posts767
კარმა0
OFFLINEPROFILE
ინტერნეტი და არარსებობა
იანვარი 25, 2010 ავტორი ზურა ჯიშკარიანი

(გოთიკური პოსტი)

პოსტის სამნაწილიანი შესავალი იანვარი ოთახია სადაც ცივ ასფალტზე ფეხისგულებით ვგრნობ მინუს გრადუსებს, როგორც არყოფნის მსუბუქ საცდელ 15დღიან ვერსიას. შესაბამისად ამ პოსტში ვილაპარაკებ – სიკვდილზე. და რადგან ჩემი “ტრიბუნა” ინტერნეტია – ვილაპარაკებ სიკვდილისა და ინტერნეტის ინტიმურ დაახლოებაზე ერთმანეთთან. როცა ადამიანის უკვდავებაზე იწყება ხოლმე საუბარი ასეთ მარტივ მასკულტურულ დონეზე -- ხშირად ამბობენ რომ ადამიანის უკვდავებაა თუ ის ახსოვთ სიკვდილის შემდეგ. ანუ თუ ძველ პარადიგმებს მივყვებით - უკვდავება საკმაოდ რთული საქმე იყო, იმისათვის რომ უკვდავთა რიცხვში ჩაწერილიყავი, არვიცი.. უნდა მიგეღწია რამე დიდი მწვერვალებისთვის, გაგეჩაღებინა დიდი ომი, დაგეწერა დიიდი რომანი, და ეს ნუ გგონიათ ადვილი საქმე, ასეთ რამეებს კარგი კერკეტი კაკალივით ძლიერი ტრაკი და დიდი გაქანება ჭირდება, ნუ რობესპიერი თუ არა კაკ მინიმუმ ჯაბა იოსელიანი მაინც უნდა ყოფილიყავი რომ მიგეღო უკვდავების ლუკმა როგორც ცხონება, ისტორიის დასვრილი ხელებიდან. მაგრამ შემდეგ გაჩნდა ინტერნეტი და მოგვიტანა უკვდავება.... ყველას.. ვინც დარეგისტრირებულია... კაკ მინიმუმ ფეისბუქზე მაინც.... (მხოლოდ ადნაკლასნიკები ვერ გადარჩებიან) :იაღოვას სმაილი: პ.ს. ამ პოსტს ვწერთ მე და ჩემი მეები, ასე რომ თუ შეგხვდებათ კომენტარები სხვა ჩემი მეებისგან დაიკიდეთ გაატარეთ და ა.შ.

დედამიწა

პოსტი მილენიუმამდეც, მაგრამ განსაკუთრებით მილენიუმის შემდეგ ინტერნეტსივრცე უპრეცენდენტო მოვლენაა კაცობრიობის ისტორიაში. (ახალი რაღაც ვთქვი ლოლ). სოციალურ ქსელებს გარდა იმისა რომ ისინი მსოფლიოს ხალხთა ინტერნაციონალია, მათი აზრების, მისწრაფებების, სიმპათიებისა თუ ანტიპათიების ცოცხალი არქივია -- სულ რაღაც რამდენიმე წლის წინ გაუჩნდათ ახალი თვისება: მათზე დაფუძნებით შესაძლებელია გამოკითხვების ჩატარება, ფოკუს ჯგუფების შექმნა, ახალი მასშტაბური სამარკეტინგო სტრატეგიების დაგეგმვა. ინტერაქტიული ინტერნეტი ნებისმიერი კორპორაციის სახალისო საცდელი ლაბორატორიაა, ხშირად უფასო და ეფექტური, მოკლედ გემრიელი ლუკმა, კანფეტი, გერაინი..კხმ.. ნებისმიერ სახელმწიფო სისტემას თუ კერძო პირს ხელისგულზე აქვს გადაშლილი ადამიანთა ცხოვრება პლანეტის ნებისმიერი წერტილიდან. სულ უფრო მეტი ადამიანი მატულობს სოციალურ ქსელებში, სულ უფრო მეტი ადამიანი აწარმოებს კერძო ბლოგს ან გამოთქვავს საკუთარ მოსაზრებებს ფორუმებზე, და ამასთანავე ქსელში ჩნდება ახალი უპრეცედენტო მოვლენა – ფანტომური საიტების, მიტოვებული ბლოგების, ფორუმის არქივში ჩაკარგული პოსტების სულ უფრო მზარდი რაოდენობა. (ლევანი: შენიშვნა მაქვს სიტყვა “უპრეცენდენტო”-სთან დაკავშირებით, ჩემი დაკვირვებით საქართველოს პრეზიდენტები უშუალოდ ზემოქმედებენ სახელმწიფოს მოსახლეობის ქვეცნობიერზე, რაც გამოიხატება მათ ლექსიკაში და მსოფლმხედველობაში, ასევე მათ ესტრადაში. ამაზე შემდეგი პოსტი თუ არ დაგვეზარა.) ჩვენ როგორც სამოყვარულო თვითმფრინავები ვტოვებთ ჩვენს ფერმკრთალ კვალს ინტერნეტში, ნებისმიერ ადგილზე სადაც მოვხვდებით. ჩვენი კომპიუტერების აიპი ფიქსირდება ნებისმიერ მისამართზე, ჩვენი პოსტები მარადიულად ინახება ფეისბუქზე. მაგრამ რა ემართება ნაკვალევებს, როცა მათი პატრონი რეალური ცხოვრებისOffline-ში გადის? ანუ მარტივად რო ვთქვა, რა ემართება ინტერნეტ სხეულს როცა მისი “რეალური” მომხმარებელი კვდება? მოგეხსენებათ იმის გარდა რომ “არაფერია ახალი მზის ქვეშ” და რომ “ყოველივე ამაოა” და “ყველას დაგვენძრევა” (ანუ ეს ფრაზები დაახლოებით ასეთი სახით მერყეობს მეფე ეკლესიასტედან ჩემს მეგობარ მუსიკოსამდე, განსხვავება მხოლოდ მიღებული ასევთქვათ-გასამხიარულებელი საშუალებების ხარისხებსა და დოზებშია), მოკლედ რისიც გნებავთ იმის მიუხედავად სიკვდილი ყოველდღიური ცხოვრების “ცოცხალი” ატრიბუტია და როგორც ყველაფერი ამ სამყაროში - ექვემდებარება ეკონომიკურ პოლიტიკას და ადმინისტრაციულ კონტროლს დომინანტი მმართველი სტრუქტურების მხრიდან. ადმინისტრაციული კონტროლის გარდა, სიკვდილი ნებისმიერი რელიგიური თუ სახელმწიფო სისტემის საყვარელი სამანიპულაციო თემა და კულტია. (და ეს “სიყვარული” იზრდება სისტემის ტოტალიტარულობის შესაბამისად ) ძირითადად სახელმწიფო ადამიანს თხოვს ხოლმე მამაცურად სიკვდილს, რელიგია კი იძლევა საეჭვო დაპირებებს მარადიული ცხოვრების შესახებ სიკვდილის შემდეგ, ან ცუდ ან კარგ ადგილას. იმის გათვალისცინებით სადაც ეხლა ვცურავთ, “სავსებით უპრიანი იქნება დავსვა კითხვა”: რას გვპირდება ინტერნეტი??? არვიცი რატომ, მაგრამ ხანდახან საათობით ვათვალიერებ ხოლმე გარდაცვლილი ადამიანების ბლოგებს ან საიტებს. ამ დროს რაღაც უცნაურ შეგრძნებებს ვაფიქსირებ ჩემში რომელთა კლასიფიკაცია მიჭირს. ეს გრძნობა გავს რაღაცას – ბავშვურ ცნობისმოყვარეობასა და სიკვდილის შიშს შორის. უყურებ ამ ბლოგებს და გიკვირს როგორ ვცხოვრობთ ხოლმე თითქოს სიკვდილი საერთოდ არ არსებობდეს, თითქოს უფრო მნიშვნელოვანია იმის გარკვევა ვინ უფრო ცუდი ან ვინ უფრო კარგი ტიპია სასტავში, ან რატო მოიმატა ვარდისფერი ჩანთის ფასმა იბეიზე და ა.შ. მარტივი ლოგიკური გზით რო მივყვეთ იმის გამო რომ ადამიანი რეგისტრირდება სოც.ქსელში და ადამიანი მოკვდავია, ესეიგი სოც ქსელის ადმინისტრაციამ უნდა გაითვალისწინოს საკუთარი სერვერის ეს “ხარვეზი”. შესაბამისად სოციალურმა ქსელებმა ვერ აუარეს გვერდი სიკვდილის თემას (ლევანი: ვინ აუარა რო?) და შარშან მაგ. ფეისბუქმა შეიტანა ახალი ცვლილებები და დაამატა “სიკვდილის პოლიტიკაც” რაც ნიშნავს მკვდარი მომხმარებლების ექაუნთების ოდნავ შეცვლას (ანუ მათ ვერ გაუგზავნი “რიქვესთს” და ფეისბუქი არ შემოგთავაზებს წინადადებას რომ “შენ შეიძლება იცნობდე ამ მომხმარებელს”), ხოლო დანარჩენი ჩვეულებრივად რჩება, შეგიძლიათ წეროთ გარდაცვლილის “კედელზე” რაც გაგიხარდებათ. სხვა სოც.ქსელი - მაისფეისი აცხადებს რომ ის არ შლის არცერთ აქაუნთს მომხმარებლის საეჭვო არაქტიურობის გამო, მაგრამ თუ თქვენ მაინც გსურთ თქვენი გარდაცვლილი ახლობლის მაისფეის გვერდის წაშლა თქვენ ამისთვის უნდა მიწეროთ მაისფეისის ადმინისტრაციას და ამავდროულად მოამზადოთ საბუთები რომლებიც უნდა გადამოწმდეს. იგივე სიტუაციაა გუგლის Gmail-თანაც, ამ შემთხვევაში თქვენ ადმინისტრაციას მიმართავთ თუ გნებავთ რომ ადმინისტრაციამ გახსნას დაღუპული მომხმარებლის პრივატული მეილი და გადმოგცეთ მისი კოდი. ასე რომ ვინც მელით ისეთ ინფორმაციას ინახავთ რომელიც სიკვდილის მერეც კი არ გინდათ თქვენმა ახლობელმა გაიგოს, სასწრაფოდ გადამალეთ მისთვის უცხო მეილზე. ლაივჟურნალის ბლოგების სისტემაში გარდაცვლილი მომხმარებლის ჟურნალს ენიჭება მემორიალური სტატუსი და ინახება ისეთივე სახით როგორითაც ის დატოვა მომხმარებელმა. ამის გარდა არსებობს ხსოვნის “ტვიტერიც”, სადაც შეგიძლიათ დაწეროთ ვინმეს ხსოვნა მისსავე კედელზე. ადნაკლასნიკი.რუ-ზე ამას არ აქცევენ დიდ მნიშვნელობას მანდ მთავარია გააგზავნოთ SMS-ი ნომერზე... ქსელში ასევე არსებობს რამდენიმე სოც. ქსელი მკვდრებისთვის, საუთარი გვერდებით (ვირტუალური სასაფლაო), მუსიკით, ფოტოებით და ა.შ. აი მაგალითად, respectance.com რომლის ხშირი სტუმარიც ვარ და ჩემი ფავორიტებიც მყავს.  (ლევანი: სუ გამოყლევდი? მე: აბა სიკვდილზე სერიოზული სახით ჩემმა მტერმა ილაპარაკა ლევანი: შენი მტერი კომპიუტერული თამაშებია მე: კაი არ დაიწყო ეხლა ისევ..) გარდა ამისა თქვენ ვერ წარმოიდგენთ რამხელა კვალი რჩება თქვენგან ინტერნეტში, და ნებისმიერ დაინტერესებულ პირს შეუძლია გაყვეს ამ კვალს და შეადგინოს თქვენი დოსიე ან ფსიქოლოგიური პორტრეტი. არვიცი რატომ მაგრამ ძალიან მაინტერესებს ეს უცნაური საზღვარი ადამიანს და ინტერნეტში დარჩენილ სიტყვებს(ემოციებს,განწყობებს) შორის. მაგალითად შარშან ძალიან შოკში ჩამაგდო თბილისის ფორუმზე მომხდარმა ამბავმა. ერთერთი მომხმარებელი შემოვიდა ფორუმზე და დაპოსტა რომ რაღაც საშინელ ტკივილებს გრძნობდა მუცლის არეში დ ავერ იძინებდა, რათქმაუნდა წამოვიდა ინტერნეტის იუმორით სავსე რჩევები თუ როგორ უნდა მოეშორებინა ეს ტკივილი. მეორე დღეს აღმოჩნდა რომ ეს იყო მომხმარებლის ბოლო პოსტი, ის ამ პოსტიდან რამოდენიმე საათში გარდაიცვალა. დროის მსვლელობასთან ერთად ინტერნეტში მატულობენ გარდაცვლილი ადამიანების სიტყვები, ამოძახილები, ხმები, ფოტოები, ისინი თითქოს ცოხლები რჩებიან, მათ ჩართული აქვთ თავიანთი საიტების სტატისტიკა, ისინი თითქოს ცოხცხლებივით გესაუბრებიან თავიანთ პროიბლემებზე. ინტერნეტის ყველაზე ცნობილ ნიშებთან - პორნოგრაფიასა და სპამთან ერთად, მის უსასრულო სივრცეებს ითვისებს სიკვდილი. ფანტომური საიტები, სადაც უხილავად დააბიჯებენ გარდაცვლილთა აჩრდილები. ინტერნეტის აქტიური მომხმარებლების დიდი ნაწილი დღეში 50ჯერ მიანც ხვდება გარდაცვლილი ადმიანის ფოტოს ინტერნეტში. მე რამდენჯერმე მეილიც კი მიმიწერია ბლოგერისთვის რომელიც მერე აღმოვაჩინე რომ წასულია ოფლაინში სამუდამოდ. (პროფესორი ზეტმინუსი: დღეიდან შეგიძლიათ აღიაროთ ეს გოგო (ზურას ვგულისხმობ) ინტერნეტ გოთიკის ფუძემდებლად. ლევანი: ხო ზურა მიდი უცებ გამოაცხვე პატარა რომანი როგორ შეუყვარდება ცოცხალ ბლოგერს მკვდარი ბლოგერი მისი ტექსტების კითხვით, მისი ფოტოების დათვალიერებით, როგორ ეძებს მის კვალს ინტერნეტში რომ მეტი გაიგოს მასზე და თან მას ყველაფერს თვითონაც წერს ბლოგზე და მერე გავა რამდენიმე წელი და მათი ისტორია დარჩება როგორც ლეგენდა სიყვარულზე, რომლის კონცეპცია შეუძლებელი იყო ჩვენამდელ უხეშ ფიზიკურ ეპოქებში. ზურა: ლევან შენ დემონი ხარ თუ პოეტი ბლიად?) აი ასეთი უცნაურია ეს თემა და დარწმუნებული ვარ დროთა განმავლობაში ის კიდევ შეიცვლის და მიიღებს ახალ ფორმებს. ამავდროულად ასეთ მოვლენებზე დაკვრირვება პირდაპირ მოქმედებს სიკვდილისა და სიცოცხლის არსებულ კონცეფციებზე. სოციოლოგიაში მახსოვს ვსწავლობდი რაღაც თემას სახელად სოციომეტრია. იქ ეს ჩუვაკი (კონცეპციის ავტორი, არ მახსოვს რა ერქვა) ამბომდა რომ ადამინი გავს ატომს, (წარმოიდგინე წრე) და ყოველი ახალი მეგობრობა თუ სიყვარული არის ახალი ატომების ჩამატება ამ ატომში, ხოლო ყოველი განშორება ნიშნავს შესაბამისი წრის (ატომის) დაკარგვას ანუ სიკვდილს. ანუ ყოველი განშორების მერე ჩვენ ცოტცოტა ვკვდებით (ფიზიკური სახითაც), გააჩნია იმასაც თუ რომელი ატომი კვდება ანუ ვის ვშორდებით. თუ ჩვენს ინტერნეტ სხეულს წარმოვიდგენთ სოციომეტრიის სუბიექტად მაშინ მისი არსებობა სოციალურ ქსელებში გულისხმობს რომ ის შედგება უამრავი ატომისაგან, ხოლო მისი ექაუნთის წაშლა გულისხმობს ყველა ამ ატომის სიკვდილს მისი სახით. (ჩართული რეკლამა: სხვათაშორის დაახლოებით ამ თემაზე იყო ჩვენი პერფორმანსი ბერლინში და ბიალისტოკში, რომელიც გამეორდება ახალი სახით რუმინეთში ამა წლის მაისში. წინა პერფორმანსის ფოტოები და კონცეპტი შეგიძლიათ ნახოთ აქ: http://www.rhiz.eu/article-49621-en.html ) ასე რომ შეიძლება შენ იყო მკვდარი მაგრამ შენი აქაუნთი მარადიულად განისვენებდეს მონაცემთა ბაზაში, მაგრამ შეიძლება შენ იყო ცოცხალი (ან მკვდარი) და შენი ექაუნთი (შესაბამისად ხსოვნა შენზე) საამუდამოდ გაქრეს ბაზებიდან. რომელია უარესი? პოსტის ბოლოს მინდა შემოგთავაზოთ ანა ტაბატაძის 2 ნახატი სერიიდან “წაშლილი, მკვდარი აქაუნთების” თემაზე. მათ როგორც ჩვენ - აქვთ თავიანთი არარსებობა.

ციტირება პასუხი
   
 
+ ახალი თემა ↩ პასუხი  [ 322 posts ] 
დესპანი