|
ერთხელ მაკარი დიდმა ტაბენესელი მოსაგრეების საკვირველი ცხოვრებისა და ღვაწლის შესახებ შეიტყო. მან ბერული სამოსი განიძარცვა, სოფლელი ერისკაცის ტანსაცმლით შეიმოსა და თებაიდის უდაბნოსკენ მიმავალ გზას დაადგა. ტაბენესის მონასტერში მისულმა არქიმანდრიტი მოიკითხა. იმ დროს ამ მონასტრის წინამძღვარი ღირსი პახომი იყო - სახელოვანი მოღვაწე და წინასწარმეტყველების ნიჭით დაჯილდოებული მამა, რომლისთვისაც ჯერ არ განეცხადებინა უფალს, რომ მის სავანეში თვით მაკარი ალექსანდრიელი მიბრძანდა. ნეტარი მაკარი წინამძღვარს შეხვდა და შეეხვეწა: „გევედრები, ჩემო ბატონო, მიმიღე შენს სავანეში, რათა მეც გავხდე ბერი და უფალს ვემსახურო“.
პახომი დიდმა მიუგო: „ასეთი მოხუცი როგორ შეძლებ მოსაგრე ცხოვრებას? ამ მონასტერში ძმები ქანცისგამწყვეტ შრომას იმიტომ უძლებენ, რომ სიყრმიდანვე მოღვაწეობენ აქ და ამგვარ ყოფას მიჩვეულნი არიან, შენი ხნის კაცი კი ვეღარ შეძლებს მოსაგრეობის უმძიმეს განსაცდელთა გადატანას; ჯერ წუწუნსა და ბუზღუნს დაიწყებ, ბოლოს კი სავანიდან წახვალ და ჩვენზე ცუდის მეტს არაფერს იტყვი“.
მაკარი მონასტერში მეორე დღესაც მივიდა, მაგრამ იგივე პასუხი მოისმინა. შვიდი დღის განმავლობაში შვიდგზის შეხვდა წმინდა მამა წინამძღვარს და შვიდგზისვე უარით გამოისტუმრეს. მაგრამ ღვთივსულიერი მამის განზრახვა მტკიცე იყო; კიდევ ერთხელ ეახლა პახომი დიდს და უთხრა: „აბმა, გთხოვ, მიმიღო. უკეთუ იმგვარ მარხვას, როგორსაც ძმები ინახავენ, ვერ გავუძლებ და არ გავაკეთებ იმას, რასაც ისინი იქმან, უბრძანე, სავანიდან გამაძევონ“. პახომი დიდი აღარ შეეწინააღმდეგა და სავანის ძმობა, რომელიც ათას ოთხას ბერსა და მორჩილს აერთიანებდა, მოხუცის მონასტერში მიღებაზე დაითანხმა.
ასე მიიღეს სავანეში მაკარი დიდი.
გამოხდა ხანი, დადგა დიდმარხვა. მაკარი ხედავდა, რომ ყველა ბერი მარხვისათვის ემზადებოდა და ქველ საქმეებს აღასრულებდა - ზოგი თუ მწუხრის დადგომამდე საკვებს არ იღებდა, ზოგი ხუთი დღე არაფერს იხმევდა, ზოგიერთი კი მთელი ღამე ლოცვად იდგა, ხოლო დღისით ხელსაქმობდა. არც მაკარის გაუსინჯავს პურის გემო აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულამდე, წყალი არ დაულევია, მუხლი არ ჩაუხრია - არც დამჯდარა და არც დაწოლილა - და კომბოსტოს რამდენიმე ფურცლის მეტი არაფერი უხმევია, ისიც - კვირადღეობით და მხოლოდ იმისთვის, რომ სხვებს დაენახათ, რომ იგი რაღაცას ჭამდა, თვითონ კი თვითკმაყოფილების ცოდვაში არ ჩავარდნილიყო და თავზე დიდი წარმოდგენა არ შექმნოდა. ბაგეს არ ხსნიდა და არავის ესიტყვებოდა, იდგა მდუმარედ და შრომობდა, ხოლო თუ რაიმე საჭიროებისთვის სენაკიდან გამოვიდოდა, ცდილობდა, სასწრაფოდ ხელსაქმეს დაბრუნებოდა - პალმის ტოტები მოემაგრებინა და გამუდმებით მათ წნავდა, თან გულისმიერად ლოცულობდა. სულ ეს იყო მთელი მისი საქმიანობა. ამის შემხედვარე ძმებმა წინამძღვარზე დრტვინვა იწყეს: ეს უხორცო ადამიანი უთუოდ ჩვენს დასასჯელად მოიყვანე; ან მაგან დატოვოს სავანე, ან არადა ჩვენ წავალთ მონასტრიდანო. მაგვარი საყვედური რომ მოისმინა, წინამძღვარმა მაკარის შესახებ ძმებს შორის გამოკითხვა დაიწყო და როდესაც შეიტყო, როგორი ღვაწლი ეტვირთა ახალმისულ ძმას, უფალს შეევედრა, უცნობი მოხუცის ვინაობა გაემხილა მისთვის. შეუსრულა ღმერთმა თხოვნა და ღირს მამას განუცხადა, რომ უცნობი მოსაგრე მაკარი მონაზონი იყო. მაშინ პახომი დიდმა ნეტარს ხელი ჩაჰკიდა, სენაკიდან გამოიყვანა, საკურთხეველთან მიიყვანა, ამბორუყო და სთხოვა: „დაგვლოცე, ღირსო მოღვაწევ, წმინდაო მაკარ! რატომ მალავდი შენს ვინაობას, რადგან შენს საქმეთა შესახებ ბევრი მსმენოდა. მადლობელი ვარ, ამბა, რომ მორჩილება შთაუნერგე ჩემს შვილებს, ამიერიდან აღარასოდეს აღიმაღლებენ თავს თავიანთი სიქველეებით. ახლა კი გევედრები, დაბრუნდი უკან, იქ, საიდანაც მობრძანდი და ილოცე ჩვენთვის. შენ უკვე ძალიან ბევრი რამ გვასწავლე“.
|