რატომ ჩაიშალა გალში ვლადიმერ პუტინის გადაწყვეტილებების მხარდამჭერი მიტინგი გალში რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმერ პუტინის გადაწყვეტილებების მხარდამჭერი მიტინგი ჩაიშალა. ამის შესახებ ქართულ სააგენტოს გალის რაიონიდან სარწმუნო წყარომ აცნობა.
“გალის რაიონის დაბალი ზონის სოფლების მოსახლეობას მიტინგზე წასვლა არ სურდა და მათ გალში წასვლა არც სოფლების გამგებლებმა აიძულეს. როგორც ვიცით, გალში მიტინგზე არც სხვა სოფლებიდან ჩავიდა ხალხი, ამას გადაუღებელი წვიმაც დაერთო და, საბოლოოდ, პუტინის გადაწყვეტილებების მხარდამჭერი მიტინგი ჩაიშალა”, - განაცხადა მან
აფხაზეთის დე-ფაქტო პრეზიდენტის პრესსამსახურის ინფორმაციით კი, სოხუმში, აფხაზეთის სხვა ქალაქებსა და რაიონებში დღეისთვის დაგეგმილი მიტინგები ჩატარდა. სერგეი ბაღაფშის პრესამსახურის განცხადებით, მიტინგები 12:00 საათზე დაიწყო და ერთ საათს გაგრძელდა.
“სოხუმის მინიტინგში რამდენიმე ათასი ადამიანი მონაწილეობდა. მიტინგის დასრულების შემდეგ მცირე კონცერტიც გაიმართა. მომიტინგეებმა აფხაზეთისთვის ეკონომიკური სანქციების მოხსნისა და ოფიციალური კავშირების დამყარების შესახებ რუსეთის ხელისუფლების გადაწყვეტილებებისადმი მხარდაჭერა დააფიქსირეს”, - განაცხადეს ბაღაფშის პრესსამსახურში.
სოხუმში დღეს პუტინის გადაწყვეტილებების მხარდამჭერი რეზოლუციაც მიიღეს, რომელის ტექსტიც, სავარაუდოდ, მოგვიანებით გახდება ცნობილი.
დღევანდელი მიტინგები დე-ფაქტო პრეზიდენტის დავალებითა და აფხაზეთში მოქმედი საზოგადოებრივ-პოლიტიკური ორგანიზაციების ორგანიზებით გაიმართა. გალში დაგეგმილ მიტინგზე სოფლების მოსახლეობის ჩაყვანა სოფლების გამგებლებს რაიონის დე-ფაქტო ადმინისტრაციამ დაავალა.
აღნიშნულთან ერთად, ცნობილი ხდება, რომ გალის რაიონის დაბალი ზონის სოფლებში რუსი სამშვიდობოების ჯავშანტრანსპორტიორები მუდმივად გადაადგილდებიან.
გალის რაიონიდან ინფორმირებული წყაროს ცნობით, მიმდინარეობს დამატებითი სამშვიდობო ძალების ბანაკების აღჭურვაც.
“დღეს პირველ ოტობაიაში, ფიჩორასა და ნაკარღალში სატვირთო მანქანებით სამშვიდბოებისთვის საჭირო საწოლები და სხვა ავეჯი შეიტანეს. როგორც ჩანს, დამატებით კონტიგენტს ავეჯი და საყოფაცხოვრები ნივთები არ ჰყოფნის და მათთვის საცხოვრებელი პირობების შექმნა ახლა ხდება”, - განაცხადა წყარომ.
მისივე თქმით, დე-ფაქტო ხელისუფლება გალის რაიონის სოფლების მოსახლეობას 9 მაისს გალსა და სოხუმში ჩასვლისკენ მოუწოდებს, რათა “სამშობლოს დამცველის დღის” საზეიმო ღონისძიებებში მიიღონ მონაწილეობა.
გალის რაიონში დამატებითი სამშვიდობო კონტიგენტის შეყვანა მოსკოვმა 30 აპრილს დაიწყო, რასაც თბილისი საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის დარღვევად აფასებს.
“ინტერპრესნიუსი”
