|
გალის რაიონში დღეს სროლები ისმოდა
აფხაზეთის კონფლიქტის ზონაში, სოფელ ხურჩაში სამგზავრო ავტობუსი აფეთქდა. დეტალები ამ დროისთვის ზუსტდება. სავარაუდოდ, არის მსხვერპლი. გავრცელებული ინფორმაციით, არიან დაჭრილები, რომელთაგანაც ორი საქართველოს კონტროლირებად ტერიტორიაზე იმყოფება, რამდენიმე დაჭრილი კი სოფელ ნაბაკევის ტერიტორიის მხარეზე დარჩნა.
სროლის ხმა ენგურის ხიდის იქეთ, სოფელ ხურჩასთან, 20 წუთის განმავლობაში ისმოდა. ავტობუსის მიმართულებით ისროდნენ სხვადასხვა იარაღიდან. ცეცხლი ამ წუთებში შეწყვეტილია.
როგორც თვითმხილველები აცხადებდნენ, ცეცხლი მოსახლეობას ე.წ. აფხაზურმა პოლიციამ და უშიშროების წარმომადგენლებმა გაუხსნეს. მათ თან ახლდნენ სამშვიდობო ძალების წარმომადგენლებიც.
დღეს დილიდან ვრცელდება ინფორმაცია, რომ გალის რაიონში განლაგებული სამშვიდობო ძალები ყველანაირად უშლიან ხელს ქართული მოსახლეობის საარჩევნო შტაბამდე მისვლას. ადგილობრივი მოსახლეობა ქართულ მედია საშუალებებთან შეშფოთებას გამოხატავს და დახმარებას ითხოვენ.
რამდენიმე წუთის წინ, გალის რაიონში სროლები კვლავ განახლდა. სოფელ ნაბაკევში იმყოფებიან მოქალაქეეები, რომლებიც ვერ ახერხებენ ადმინისტრაციული საზღვრის გადმოკვეთას, ზუგდიდში გადმოსვლას და არჩევნებში მონაწილეობას.
არსებული ინფორმაციით, აფხაზების მხრიდან ცეცხლის გახსნა სწორედ მოქალაქეების ზუგდიდში გადმოსვლის კიდევ ერთ მცდელობას მოჰყვა.
კონფლიქტის ზონაში, ენგურის ხიდთან მიმდინარე მოვლენებს თავდაცვის სამინისტროში პროვოკაციად აფასებენ.
გალში მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით თავდაცვის მინისტრის პირველმა მოადგილემ ბათო ქუთელიამ პირველი კომენტარი გააკეთა. ქუთელიას განცხადებით, სიტუაცია კონფლიქტის ზონაში კონტროლის ქვეშ იმყოფება და მის მოსაზღვრე რაიონებში მაცხოვრებლებს შეუძლიათ არჩევნებში მონაწილეობა მიიღონ. ქუთელიამ დღეს ენგურის ხიდთან ავტობუსის აფეთქების ფაქტს პროვოკაცია უწოდა და აღნიშნა, რომ “ბევრი დესტრუქციული ძალა არსებობს, რომელთაც არჩევნების მშვიდ ვითარებაში ჩატარება არ სურთ”.
ქუთელიას თქმით, აღნიშნული ფაქტი მოსალოდნელი იყო. მიუხედავად ამისა არჩევნები მშვიდ ვითარებაში ჩაივლის.
სოფელ ხურჩაში ავტობუსის აფეთქების შედეგად სოფელ ნაბაკევის საშუალო სკოლის დირექტორი ნანი ქარდავა დაიჭრა. ამის შესახებ ჟურნალისტებს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მედია-ცენტრის ხელმძღვანელემა რაულ ქირიამ აცნობა.
“ნანი ქარდავა ზუგდიდის რაიონულ საავადმყოფოშია გადაყვანილი, სადაც მას გამოკვლევა და შესაბამისი სამედიცინო დახმარება უტარდება”, - განაცხადა რაულ ქირიამ.
მისი თქმით, ქარდავას საავადმყოფოში უახლოეს საათებში აფხაზეთის განათლების მინისტრი ალექსანდრე აპლაკოვი მოინახულებს.
ენგურის ხიდთან მომხდარ აფეთქებასთან დაკავშირებით კომენტარი გააკეთა საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ ეკატერინე ზღულაძემ.
ზღულაძის განცხადებით, ენგურის ხიდთან, სოფელ ხურჩაში აფხაზებმა ააფეთქეს ორი ავტობუსი, რომლებსაც გალის რაიონის ქართული მოსახლეობა არჩევნებში მონაწილეობის მისაღებად ზუგდიდში გადაჰყავდა.
“სამწუხაროდ, აფხაზურმა მხარემ, ისევე როგორც საპრეზიდენტო არჩევნების დროს, გალის რაიონის ქართულ მოსახლეობას საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეობის მიღების უფლება არ მისცა. დღეს ეს უმძიმესი ტრაგედიით დამთავრდა, რაც შეშფოთებისა და უსამართლობის ნათელი მაგალითია”, - განაცხადა ეკატერინე ზღულაძემ.
მისივე თქმით, შინაგან საქმეთა სამინისტრო ჯერ არ ფლობს ინფორმაციას, მოჰყვა თუ არა მსხვერპლი ავტობუსების აფეთქებას. ზღულაძის განმარტებით, არიან დაჭრილები, რომლებიც ზუგდიდის საავადმყოფოში გადაიყვანეს.
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრს ეკა ტყეშელაშვილს კი გალში მცხოვრები ქართველებისთვის არჩევნებში მონაწილეობის თვალსაზრისით ხელის შეშლა დაუშვებლად მიაჩნია.
როგორც ტყეშელაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა, გალის რაიონში ადგილი ჰქონდა დაძაბულობას, მაგრამ, ამ დროისთვის არსებული ინფორმაციით, ვითარება განმუხტულია.
საგარეო საქმეთა მინისტრის თქმით, არჩევნებში მონაწილეობის მხრივ ხელის შეშლა ფუნდამენტურად არღვევს მოსახლეობის პირად უფლებებს, მათ შორის პოლიტიკურ ცხოვრებაში გადაწყვეტილებების მიღებასთან დაკავშირებით.
|