↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"


+ ახალი თემა ↩ პასუხი  [ 115 posts ] 
ავტორიMessage
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined21 Aug 2007
Posts2988
კარმა111
OFFLINEPROFILE
სა მიხვალ, ნუნუკიე?
- უი შენ გეიხარე, შენთან მოვდიოდი. სათხოვარი მაქვს ერთი. კი მერიდება, მარა სხვა გზა არ მაქვს და რა ვქნა…
- რა იყო, ქალო?
- რაი და.. გუშინ იქინე ვიყავი, ბანკი როა რაცხა ჯანდაბა, სესხებს და ვალებს რო იძლევიენ.
- რაიო, მერე?
- ჰოდა, ჯერ შემავსებიეს რაცხა ანკეტები. სა ვიცი ქალო მე იმდენი წერა-კითხვა?!
- უი, შენ რა გითხარი!
- მერე დღეს ი ბანკის აგენტი, ჭირი მაგას და სიკვდილი, უნდა ამევიდეს, სახლი უნდა დავათვარიელო, რაფრა შეძლებ შენ მა სესხის გადახდასო და იქნებ მათხოვო შენი ტელევიზორი და რაცხა კიდო რაც გაქვს ცოტა ისეთი სახში..
- უიმე, გეიწი ახლა უნდა ვიცინო პატარა. ჰაააჰ…
- რა იყო, რა გაცინებს, ქალო?
- რა იყო და.. წუხელი ჩავაზიდვიე ჩემ ქმარს ყველაფერი ეგეთი პადვალში.
- პადვალშიი?.. რეიზა?
- რეიზა და ჯანდაბა რო ეცათ მაგათ, იმიზა. სიღარიბის რაცხა აგენტი უნდა მეეთრეს დღეს, სახლი უნდა აღვწერო, რაის ღარიბები ხართ თქვენეო. ნარგიზამ მითხრა, რაც კაი გაქვს, მოხიკე და გადამალე საცხა, თუარა, ი ტელევიზორი და სერვიზი თუ ნახა, არ მოგცემს ქულებს და დარჩები ისეო.
- უი, სიკვდილი მაგათ აგენტობას და კისრის ტეხა. ტელევიზორი ვაჭამო ბოვშებს-თქოო?
- შენ გეიხარე, ნუნუკიე! რავარც ახლა გულიანად გამეცინა! შენ უნდა შეზიდო და მე უნდა გავზიდო, რო არ დევიქცეთ, ხედაავ?! მარა, რას იზამ, ასე მოგვაქცია მთავრობამ, მაგას დეექცა ოჯახი!
- არ თქვაა… უნდა ვიცინოდეთ ახლა ჩვეენ, მარა რა ვქნათ, ჰა-ჰა…
- წამოი, წამოი, თუარა, მოგვადგნენ ი აგენტები კარს…
- რას მოვა, ქალო, უნდა ჩევიდე და ტაქსით ამოვაბრძანო, გოუხმეს ფეხები იმას. ნამეტანი მაღალზეა თქვენი სოფელი და ფეხით ვერ ამოვბრძანდებიო! სა მაქვს ტაქსის ფული, იგიც უნდა დევეღრიჯო ვინმეს! ვიტიას მაი რო ვუთხარი, იმისთანა შეუკურთხა და მეც ზედ მიმაყოლა. დეეტიე სახში, ქალო, გაგატაქსებ მე შენო, მარა იმის ჭკუაზე ვიარო ახლა მეე? ჭირი მაგას!
- ჩვენ ქმრებს რა უჭირთ, ღვინო ქონდეთ და… წამოი, ერთი ათი ლარი მაქვს, ბოვშიზა ფეხსაცმელი მინდოდა და მოგცემ იმას, ოღონდ ორშაბათს ბაზარში ქე უნდა მომცე, იცოდე.
- რას ამბობ, დაჯია, მოგცემ, აპა რას ვიზამ! ორშაბათამდე ოცდაათ კვერცხს ვეღარ გავყიდიი..
- ჰო, რავი.
- გეიხარე შენ და აშენდი!
- შენც, ნუნუკიე, შენც!

ანნე

_________________
ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined21 Aug 2007
Posts2988
კარმა111
OFFLINEPROFILE
ძაღლი? ძაღლი მე ვიცი. ჭკვიანია. არა, ზოგი სულელიცაა. უნდა შეატყო. ძაღლი მაშინ გიკბენს, თუ დაანახე მეშინიაო. თუ არ უშავებ რამეს, ისე ძაღლმა არ უნდა გიკბინოს! ვიცი მე! დოგი ყავდა მეზობელს. მოზვრის ხელა იყო. პირველად რომ ვნახე, შევატყვე ჭკვიანი თვალები ქონდა და მოფერება უნდოდა. ძაღლი და ქალი ერთმანეთს გვანან, მოფერება უყვართ. `ახლოს არ მოხვიდე, შეგჭამსო~ - მეზობელმა. `თუ გინდა ხელს ჩავუყოფ პირში და არ მიკბენს მეთქი~ - ვუთხარი. `ხელს კი ჩაუყოფ, მაგრამ ამოყოფა გაგიჭირდებაო~ - გაიკრიჭა. `არაფერს არ იზამს-მეთქი~, - დევიჟინე. - `შენ თუ მაგას იზამ, ამ წუთში მოვკლავ მაგ ძაღლსო~. მივედი, მოვეფერე თავზე და მართლა ჩავუყავი ხელი პირში. თვალებში ეტყობოდა რომ არ მიკბენდა. არც მიკბინა. თამაში დამიწყო. გადაირია ჩემი მეზობელი, მაგრამ მართლა ხომ არ მოკლავდა, მეწველი ძროხის ფული ჰქონდა გადახდილი ამ ძაღლში. ძაღლმა Dმასპინძელთან ერთად დღისით სტუმარს არ უნდა დაუყეფოს. გიჟდებოდა ამაზე ეს კაცი. მეზობლები რომ ჩადიოდნენ, დაიწყებდა ძახილს - `მოიცათ მეზობლებო, არ ჩამოხვიდეთ, ძაღლს დავაბამო~. ცოლი უჯავრდებოდა, - `რა დაბმა უნდა, როდის იყო კაცს ერჩოდა ჩვენთან ერთადო~. - `მოიცა ქალო შენ რა იცი, პრესტიჟს ვუწევ, პრესტიჟსო~ - და მაინც აბამდა. მოვლა უნდა ძაღლს, მოვლა და პატრონობა. და ქალს უნდა კიდევ მოვლა და პატრონობა. ქალს თუ ყური დაუგდე, გადაგაგდებს სადმე. სულელიაო ვერ იტყვი ქალზე. სულელი ისაა, ქალს რომ ყურს დოუგდებს. დამიჯდა ერთხელ წინ აგერ მაგ სკამზე ქალი. ზაფხული იყო, ცხელოდა. რა ეცვა ამ ქალს ვერ მიხვდებოდი. არც არაფერი თითქმის და რაც ეცვა ისიც გამჭვირვალე. მომდის ოფლი ცალკე სიცხიდან, ცალკე ამ ქალის შემყურე. გავაჩერე ავტობუსი და ვეუბნები: `ან ჩაიცვი რამე, ან უკან გადაჯექი თორემ მე ციხე გამოწერილი მაქვს, და შენ ჯოჯოხეთი, მეც მღუპავ და ამ ხალხსაც- მეთქი~. `გამიღე კარიო~, გავუღე. `პადლეცო~, შემამკო რუსულად და ჩავიდა. მინდოდა მეთქვა არ იხდი-მეთქი? არ ვუთხარი, გახდილი არ იყო? ამოვისუნთქე ქე რომ ჩავიდა პაწა. მარა ქალებზე არა, ძაღლებზე გესაუბრებოდი ახლა. ა, შეხედე ახლა ამ დედაბერს სად მაჩერებინებს ამ აღმართში. აიწიე ზემოთ პატარა დადექი სწორ ადგილას. არ გაუჩერებ, დაგწყევლის, ან შეგაგინებს. ყველა იგინება Dდღეს. დიდი, პატარა, ქალი, კაცი, მოხუცი, ახალგაზრდა...
- მობრძანდი დეიდა, მობრძანდი. სეით მიდიხარ?
- წამიყვანე ნენა, აგერ ნახევარ კილომეტრში და დაგლოცავ!
- წამოი, ნენა წამოი, თუ გინდა ქუთაისში წამოი.
- გეიხარე ნენა, გეიხარე.
- ხო. რას გეუბნებოდი? ძაღლზე გეუბნებოდი. ბათუმში რომ ჩავდივართ წყალს ვასხამ `რადიატორში~. სადგურში წყალი არ მოდის. ერთი ეზო გვაქვს დაგულავებული შოფრებს. კრანია იმ ეზოში. საერთოა. ყველასი. არ მოსწონდათ თუ რა იყო იმ ეზოს ხალხს ჩვენი ვიზიტები, არ ვიცი, ძაღლი მოიყვანეს, უშველებელი, მეცხვარის ნაგაზი. ხოდა დაგვხვდა აი ძაღლი სინაზე მიბმული ჯაჭვით. სინის ერთი ბოლო ჭიშკართან იყო, მეორე კი ზედ კრანთან მთავრდებოდა... ნენა არ ჩადიხარ შენ, აბა ნახევარ კილომეტრში ჩავდივარო?
- მოგისმენ ნენა პაწას, ძაან საინტერესოდ ყობი.
- მომისმინე ნენა, მარა უკან არ დამაბრუნებიო ავტობუსი იცოდე.
- წამოვალ ნენა ბარემ ქუთაისში! ჩემი უფროსი ბიჭი ავტოქარხნის მთავარი მუშაა. ბადიშებს დავხედავ. მომენატრენ ბაღნები.
- არ მივდივარ ნენა ქუთაისში, ხონის ავტობუსია ეს!
- უი ნენა, რა მეშველება ახლა მე.
- კაი წამოი, წამოი. სამტრედიიდან გაგაყოლებ რაცხას.
- გეიხარე ნენა, გეიხარე.
- უმცროსი ბიჭი ძებნას არ დაგიწყებს მერე?
- არა ნენა, მაი დასალევს ეძებს მარტო, სანამ გამოფხიზლდება დავბრუნდები კიდეც.
- კაი აბა. ხო, სად ვიყავი?
- მეცხვარის ძაღლი რომ მიაბეს ონკანს, – შევახსენე მე.
- ონკანი არ მითქვამს, კრანი გითხარი. მარა ერთი და იგივეა ეს. ხოდა დაშინდნენ შოფრები. ვერ ჩევიდნენ ეზოში, ვაი თქვე გლახებო-მეთქი, მოვკიდე ვედრას ხელი. მიყურებენ გაგიჟებული აქეთ შოფრები, იქეთ კიდო ეზოს ქალები. გამარჯობა შენი-თქო, მივესალმე ძაღლს ძველი ძმაკაცივით. `გაგიმარჯოსო~, - გამიქიცინა იმანაც კუდი. `ხომ ხარ მაგრად-თქვა?~ - არ მევეშვი. `მაგრად ვარო, მარა რა მინდა ახლა აქ, ცხვარი მომენატრაო~, – თვალი დაუწყლიანდა საწყალს. გავავსე ამასობაში ვედრა. `აბა კარგად იყავი-თქვა~, დავემშვიდობე. გამომყვა კუდის ქიცინით, `თუ კაცი ხარ წამიყვანე ცხვარშიო~. `ახლა სხვა რეისი მაქვს-მეთქი~, - უარი ვუთხარი. მაგი რომ ცხვარში წამეყვანა, ვინღა ამევიდოდა ავტობუსში. მაგი შემისრულებდა გეგმას? გამოვდივარ ამასობაში ჭიშკრიდან და მეცა ფეხში ვიღაცის სულელი ფინია, შარვალიც გამიხია იმ დღინძაღლმა და მიკბინა. ამოვკარი ფეხი, სახურავზე ავარდა. გამომეკიდა ვიღაც ქალი ქოქოლით. `ქალო, ჩვენთან წყალის მაგივრად ღვინო გამოაქვთ სტუმრიზა და თქვენ წყალი რავა გენანებათ-მეთქი~ - ვუთხარი, რას მეტყოდა. მერე ავტობუსში ლობიო ვუნახე ერთს. უხდება ძაან ძაღლის ნაკბენს. იგი მაქვს ახლა დადებული. მეწვის ისე. ჩადიხარ უკვე? საიდან მოდიხარ შენ? ჩოხატაურიდან? მერე რაია აი. დაამატე ლარი...

ლ. ლორია

_________________
ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined21 Aug 2007
Posts2988
კარმა111
OFFLINEPROFILE
- ტაარა ტარარა, ტაარა ტარარა .... – ამღერდა მობილური `ჭრელო პეპელას~ ჰანგზე. ნეტავ შინ არ ვიყო და სახლში მქონდეს დარჩენილი! მეღვიძება, მაგრამ თვალს ვერ ვახელ. ასე მინდა მოვძებნო სადღაც სკამზე მიგდებული ეს საშინელება, რომელიც, გინდა არ გინდა, საჭიროა და საკმაოდ ძვირიც ღირს. რა კარგი იყო ჩვეულებრივი ტელეფონების ხანა. დარეკავდა - არ აიღებდი. ესე იგი არა ხარ შინ. მობილურზე რომ რეკავენ, ხომ ვერ იტყვი, სახლში არ ვიყავიო. კი ბატონო, ერთხელ დაგრჩა, ორჯერ დაგრჩა, მაგრამ მესამედაც?! რად გინდა მაშინ მობილური. სახელად? რა გქვია? ვირი.
- ტაარა ტარარა, ტაარა ტარარა ....
კიდევ რეკავს. თვალს ვახელ და ვიღებ ამ საშინელ ნივთს, რომელმაც დამიფრთხო კი არა და ცხრა მთას იქეთ გადამიკარგა ძილი. უცნობი ნომერია.
- დიახ, – ეს მე ვარ.
- ბიჭო, შენ რამდენჯერ უნდა გითხრა, იმ გოგოს თავი დაანებე-მეთქი! - რა ბრაზიანი ვიღაცაა. ამას მე მგონი მაკრატელი შეერჭო უადგილო ადგილას.
- რომელი ხარ? – ვეკითხები.
- რომელი ხარ კი არა ბიჭო, თავს მოგაძრობ. შენ ვიღაც ახვარი ხომ არ გგონივარ?
- ვინ მგონიხართ?! - ვითომ არ მესმის.
- ახვარი.
- არ დავანებებ!
- რატომ?
- იმიტომ რომ ახლა მძინავს და საერთოდ აზრზე არა ვარ ვინ ხარ ან რომელ გოგოს დავანებო თავი.
გამითიშეს. რა ეწყინა ახლა, რა ვუთხარი ისეთი? არც არაფერი. ეს რა უბედურებაა! რატომ გამაღვიძა ვიღაცა სიყვარულით შეშლილმა გიჟმა! იმის გამო, რომ მისი შეყვარებული ვიღაცას ხვდება? მე რა დავაშავე?! მერე კიდევ რაღა მაინც და მაინც ჩემთან მოხვდა! ცოტა ნომერია სხვა? დაერეკა სხვისთვის და ეჩხუბა თუნდაც დილამდე, თუ საღამომდე. იქნებ ვხვდები კიდეც. ამ კვირაში ვის შევხვდი? ახლა ამის გახსენება არ გინდა? დავითარსე რა. არა და რა კარგი სიზმარი იყო. ახლა გამახსენდა, ვითომ მივფრინავდი. მიწაზე მოჩანდა კვადრატებად, რომბებად და მართკუთხედებად ჩამწკრივებული ათასფერი მინდვრები. ცა კი იყო ლურჯი, ძალიან ლურჯი. სადღაც მითხრეს, ფერად სიზმრებს თუ ხედავ, ესე იგი გიჟი ხარო. მე არავის არ ვეუბნები, რომ ფერად სიზმრებს ვხედავ. ისედაც ცუდი თვალით მიყურებს დირექტორი.... და უცებ მახსენდება ლუდი. ახლა ავდგები, მაცივრის კარს გავაღებ დაQოქროსფერი სითხე, ცივი და გემრიელი, თავიდან ბოლომდე ამავსებს საამო გრძნობით, რომელსაც ქვია ლუდი. პირველ ნაწილს ჩემი ოცნებისას იოლად ვახორციელებ. ვდგები, მაცივრის კარებს ვაღებ და ... ესაა ცხოვრება? ეს რა უბედურებაა?! ერთი ბოთლი მაინც დაეტოვათ! არადა 10 ბოთლი შევაწყვე გუშინ `მილანი~ - `რომას~ თამაშის აღსანიშნავად. ტირილი მინდა, მაგრამ ლუდი უფრო მინდა. დედააა. დედას რა უნდა აქ, ტუტუც, ორი კვარტლის იქეთ ცხოვრობს და გეხვეწება, შვილო, რა გინდა ნაქირავებში, მოდი აქ სანამ ცოლი მოგიყვანია, მანადე მაინც გიყუროო. დედამ გაგზარდა ვირო, ახლა ლუდის გულისთვის ეძახი? დაურეკე მაინც! სამზარეულოში შევდივარ, ონკანს ვხსნი. წყალი მაინც დავლიო. წყალიც არ მოდის...
- - ტარა ტარარა, ტარა ტარარა .... – ისევ მობილური. ახლა თუ ისევ მითხრა, იმ გოგოს თავი დაანებეო, უნდა ვაგინო. არა, ეს უკვე ნაცნობი ნომერია. რეზი, ჩემი ძმაკაცი. ესაა ლუდის უსასტიკესი მტერი.
- ხო.
- სად ხარ?
- სახლში.
- გამოდი, ხაში.
- არა, ლუდი ამოიტანე, ცუდად ვარ.
- ლუდი არა ტოლმა.
- `პივაზე~ წავა?
ისევ გამითიშეს. ეს რა უბედურებაა, ყველა მე მითიშავს. ავდგები და მე თვითონ გავთიშავ. გავდივარ მომსახურების ზონიდან. აბა ახლაც დამირეკონ. ახლა ძილი ყველაფერს მირჩევნია. თან რა იცი, სიზმარში რას ვნახავ. ტვინის რომელი ნაწილი გამიაქტიურდება. სიზმარს თუ არ ნახულობ, ესე იგი ნახევარი ცხოვრება გიცხოვრია. აი, მაგალითიც. ვის ეცოდინებოდა მენდელეევი, ერთხელ რომ არ დასძინებოდა და სიზმარში ცხრილი არ ენახა. მობილურს ვთიშავ და ისევ საბნის ქვეშ ვძვრები. დიდი მნიშვნელობა არ აქვს იმას, რას ვნახავ სიზმარში, მენდელეევის ცხრილს თუ გამრავლების ტაბულას, მთავარია დავიძინო. თვალის დახუჭვასაც ვერ ვასწრებ, უცებ ჩემი კარის `ჩიტი~ აჟღურტულდა. გამიხდა ესეც კარის პოეტი! უცებ ყველა ფრინველი შემძულდა. მათ შორის ბულბულიც. არა ვარ სახლში. მორჩა. ჩიტი კი გალობს და გალობს. ერთი თოფი მომცა რა ახლა დატენილი. რა ფიქრები მაწუხებს? ნეტა მართლა ვის გავახსენდი? ახლა უკვე მეც მაინტერესებს, ვინ არის. შეიძლება ღმერთმა ვიღაცის ხელით ლუდი გამომიგზავნა. სასწაულებიც ხომ ხდება. ვდგები და სათვალთვალოსთან მივდივარ. ვიხედები. არაფერი ჩანს. სხვა თვალი დამიხუჭია. ახლა მეორე თვალით ვიხედები და აი სასწაული - ლამაზი გოგო. საერთოდ თუ შეიძლება სათვალთვალოდან ადამიანი ლამაზი გამოჩნდეს.
რეკორდული სისწრაფით ვიმოსები და ვაღებ კარს. გოგო არ ჩანს. გაქრა. სამაგიეროდ პირდაპირ კარების წინ ღრუბლის ქულასავით თეთრი ლეკვი ჩაცუცქულა და მიყურებს. თან კუდს აქიცინებს. გოგო სადღაა, ან ამ ლეკვს რაღა უნდა? გარეთ გამოვდივარ.
- გამარჯობა, – მეუბნება ვიღაც. აქეთ-იქეთ ვიხედები. არავინაა. ხომ არ მომეყურა?
- შენ რა გამარჯობა არ იცი? – იგივე ხმა. მხოლოდ ახლაღა მივხვდი, რომ ეს იყო ლეკვი. მოლაპარაკე ლეკვი. აი ზღაპარი, მაგრამ ზღაპრებში ვიცი ბაყაყი გადაიქცევა მზეთუნახავად, აქ კი რაღაც აბსურდი - ქალი გადაიქცა ლეკვად. ვერაფერი გაიგე.
- გაგიმარჯოს, – ვეუბნები. – შენ რა, ლაპარაკობ?
- არა ვცეკვავ, – მიპასუხა. მაღადავებს კიდეც. არა, მგონი მოჩვენებები დამეწყო. არა, ნამდვილად ბევრს ვსვამ.
- ალბათ პიანინოზეც უკრავ `ძაღლების ვალსს~, შემთხვევით შენი დაწერილი ხომ არ არის? – ვეკითხები.
- არა.
- კიდევ კარგი, – ვთქვი და ვფიქრობ, რომ ნამდვილად ცუდად ვარ. ალბათ ეს არის თეთრი ცხელება, თუ რაღაც ჯანდაბა რომ ჰქვია. ნეტა ახლა დარეკავდეს ვინმე და მეტყოდეს რამეს. თუნდაც ის გიჟი დარეკავდეს, შეყვარებული რომ ღალატობს. თუმცა მახსენდება, რომ მობილური გამორთული მაქვს.
- ნუ გეშინია არ შეგჭამ. ისე გამოგიტყდები და ძალიან მშია. სახლში არ შემიპატიჟებ? – ეს რა კულტურული ლეკვია?! ესე იგი თუ არ Eშევიპატიჟე, ისე არც შემოვა, მაგრამ მინდა ახლა მე მოლაპარაკე ლეკვი?
- სხვა შენ ადგილზე ბიზნესს დაატრიალებდა, შენ კი იმას ფიქრობ სახლში შემოვუშვა თუU არაო. აბა შენა ხარ რა!
რა ბიზნესი უნდა დავატრიალო? გიჟია ეს ლეკვი! რომელი ბიზნესმენი მე ვარ? ისე მხედველობაში რა ჰქონდა?! აბა, რა ვიცი. დღეს ძაღლისას კი არა კაცისას ვერ გაიგებს კაცი!
- შევიდეთ სახლში და იქ გეტყვი, – მეუბნება. მგონი ეს ლეკვი ჩემს ფიქრებსაც ხვდება. მოიცა, წეღან მგონი გავაპანღურო-მეთქი გავიფიქრე. ნეტავ მიხვდა?
- არა ეს არ გიფიქრია. წეღან იფიქრე მინდა ახლა ეს მოლაპარაკე ლეკვიო და კიდევ ის იფიქრე ჩემზე, გიჟი ხომ არ არისო. მერე კიდე შენს თავზე იფიქრე, თეთრი ცხელება მაქვსო.
ვიგრძენი როგორ დამიდგა თმა ყალყზე. ახლა მთლად ჭიხვინი არ დაუწყია, მაგრამ არც არაფერი აკლდა. პატარა ამბავია? მოლაპარაკე ძაღლი. ძაღლიც არა, ლეკვი. თან აზრის წაკითხვაც რომ შეუძლია. ეს რომ გაიზრდება, რას იზამს!
- კაცო, რა დროს გაზრდაა, შემოვიდე თუ არა? თორემ, იხვეწება ხალხი!
ვინ ხალხი იხვეწება?! სადაა, საერთოდ, ხალხი? რაღა ყველა ახლა გაქრა?
- მობრძანდით! – ვეუბნები. დინჯად შემოვიდა. რა ვაჭამო ახლა ამას? ალბათ, ძვალი ეყვარება.
- საიდან მოიტანე, რომ ძვალი მიყვარს? ძვალი შენ თვითონ ჭამე. მე კი ერთ ლამბაქ რძეს დიდი სიამოვნებით დავლევდი ფუნთუშით, – მომცა შეკვეთა.
რძე საიდან მოვუტანო ახლა? ვითომ ძროხების ფერმა მქონდეს!
- ჰო, კარგი, ნუ წუწუნებ. ჩადი და მაღაზიაში იყიდე, – დამარიგა. თან მოათვალიერა ჩემი არეული ბინა. ეტყობა დიდად არ ეპიტნავა. ვითომ თვითონ აპარტამენტებში ცხოვრობდეს.
- ისე მართალი ხარ, ჩემს პატრონს შენთან შედარებით აპარტამენტები აქვს. მდიდარია, მაგრამ ბედნიერი არ არის.
- მოიცა, კარებზე ზარს რომ აძლევდა, ის შენი პატრონია?
- ხო. დაინახე არა? იმიტომ გამოვარდი ასე გიჟივით? მოგეწონა?
აუხსენი ახლა ამას, მომეწონა თუ არა ქალი, რომელიც სათვალთვალოდან დავინახე.
- არ გირჩევ მის შეყვარებას. არა, ცუდი გოგო არ არის, მაგრამ სიგარეტს ეწევა. ლამისაა მეც დამაწყებინოს!
- მერე შენც კარგ პატრონს ვერ მონახავ?
- ვითომ ჩემი ნება იყოს! არჩევაზე რომ იყოს საქმე, ახლა ვიქნებოდი დედაჩემთან ცხვარში. დავირბენდი ათასფერ ფერდობებს, ბატკნებს ავედევნებოდი, პეპლებთან ვითამაშებდი. შენ გითამაშია პეპლებთან?
- კი, ბავშვობაში.
- რა მაგარია არა? – თვალზე ცრემლი მოადგა უცებ. ალბათ დედა მოენატრა.
- კარგი, წავალ, რძეს ამოგიტან, - ვთქვი, ჯიბეებში ფული მოვიჩხრიკე და გარეთ გამოვედი. ვინმეს ჩემთვის რომ ეთქვა, მოლაპარაკე ლეკვი ვნახე და თან ველაპარაკეო, ნამდვილად გიჟად ჩავთვლიდი. გამოდის, რომ მე რომ ვინმეს ვუთხრა, მოლაპარაკე ლეკვი მყავს სტუმრად-მეთქი, აქეთ მე ჩამთვლიან გიჟად, მით უმეტეს იმასაც თუ გავამხელ, რომ ფერად სიზმრებს ვხედავ. რაღა მაინც და მაინც მე მეწვია? ან მისი პატრონი სადღა წავიდა? ალბათ ახლა სადღაც მეგობრებთან ერთობა, მე კი მის ლეკვს რძე უნდა მივუტანო და ველოლიავო.
ერთი პაკეტი რძის ფული ძლივს შევაგროვე. თან ფუნთუშაც ავიღე. ლუდის ფული აღარ დამრჩა. მაღაზიაში გაკვირვებულები მიყურებენ. რაც აქ გადმოვედი, ლუდისა და არყის მეტი არაფერი მიყიდია. ახლა კი უცებ - რძე. რა იციან, როგორი სტუმარი მყავს.
ოთახში დაბრუნებულს სავარძელზე წამოწოლილი დამხვდა. თავი წინა თათებზე ჰქონდა დადებული და ოთახში დაკიდებულ ჩემს შესრულებულ ერთადერთ ნახატს შესცქეროდა. დიდი ტრიალი მინდორი იყო ამ ნახატზე და შუაში ერთადერთი ხე. საინტერესო რა დაინახა ვერ გეტყვით. ტრიალი მინდორი მოენატრა ალბათ.
- რძე და ფუნთუშაც მოვიდა, – თქვა მე რომ დამინახა.
ამან რა იცის, ბოლო ხურდები ამოვიფხიკე ჯიბიდან.
- ხო, კარგი ნუ მამადლი, – მითხრა. სულ დამავიწყდა, ამას ხო ფიქრების წაკითხვაც შეუძლია.
- ღმერთმა შეგარგოს, ვინ თქვა რომ გამადლი! – მოვუბოდიშე ...
- შენც უნდა ჭამო! მარტო ჭამაში კაციც ცოდოა და ძაღლიც. მოიცა, ჯერ გავიცნოთ ერთმანეთი, მე ბამბო მქვია.
- მე დათო.
- ვიცი. აბა, წავიდა ქეიფი!
რძეE ლამბაქზე დავუსხი და ნახევარი ფუნთუშაც ჩავუფშხვენი. ისე გემრიელად დაიწყო ჭამა, მეც მომინდა. რძე ჭიქაში დავისხი და დარჩენილ ფუნთუშას შევექეცი. უკვე შევეჩვიე, თითქოს ყოველდღე მოლაპარაკე ლეკვები მყავდეს სტუმრად. მალე მოვრჩით.
- ახლა ჩემი სეირნობის დროა, პარკში უნდა წამიყვანო!
მგონი ეს აღარ ხუმრობს. ახია ჩემზე. სულ დაცინვით ვუყურებდი ხალხს, რომლებიც ძაღლებს ასეირნებდნენ. რად უნდა ძაღლს სეირნობა! გაუშვი და ისეირნებს აბა რას იზამს. თუ ყველას უნდა დაანახო, რა მაგარი ჯიშის ძაღლი გყავს! ჯერ ეს ერთი და მეორეც, შენ რომ მოგწონს, ჰკითხე ერთი ძაღლს მოწონს შენთან ერთად ბოდიალი, ყელში წაჭერილი სახელურით თუ საყელურით? პატიმრის სეირნობაა რა, თუ ამას სეირნობა ჰქვია. ახლა კიდევ ჩემი თავი წარმოვიდგინე გუნებაში, როგორ მივსეირნობ ბამბოსთან ერთად და მხვდება რომელიმე ძმაკაცი. მაშინ ნახე შენ ღადავი. ისე, პრინციპში, ცუდი ლეკვი არ სჩანს. არა და უკვე, მეც მაინტერესებს სხვა გაიგონებს თუ არა, რას ლაპარაკობს ბამბო. ან რა სახელია ბამბო.
- რა სახელია და რომ დავიბადე, ჩემმა ძველმა პატრონმა, რა ბამბასავითააო და ბამბო დამარქვა, გაიგე? აბა რა სახელია დათო?
- რა სახელია და ბაბუაჩემს ერქვა, - ვთქვი მე.
- და რატო ერქვა?
- აბა მე რა ვიცი, ბაბუამისს ერქვა.
- ჰოდა, ამაშია საქმე! - თქვა, მაგრამ რაში იყო საქმე, ვერ მივხვდი.
კარგი, ჯანდაბას, წავალ პარკში - იმას მაინც გავიგებ, სხვასაც ესმის თუ არა ბამბო რას ამბობს. ახლა ეს მაინტერესებს ყველაზე უფრო. მაგრამ პარკამდე საკმაო მანძილია. მოდი ერთი რეზისთან დავრეკავ. მანქანით გამოვა. პარკშიც გაგვიყვანს და თან ბამბოსაც გავაცნობ.
- არ გამოვა. მაგ შენმა ძმაკაცმა გუშინდელს ამ დილას არაყი დაამატა კიდევ და ახლა ბომბი რომ აუფეთქო ვერ გააღვიძებ.
მაშინ რა ვქნა? პარკამდე შორსაა, ტაქსის ფული კი არა მაქვს.
- ფულზე ნუ წუხარ. ათი ლარი ხომ გვეყოფა?
- კი, მაგრამ შენ საიდან ფული?
- ამას წინათ ვნახე ეზოში ეს ქაღალდის ნაგლეჯი თქვენ რომ ფულს ეძახით. ვიფიქრე, რა იცი როდის გამომადგება მეთქი და შევინახე. ასე რომ ფული გვაქვს.
აი თურმე რა ბიზნესზე ლაპარაკობდა ბამბო.
- არა, შენგან ბიზნესმენი არ გამოვა. დაგვიანებულია, - დასკვნა უცებ, – აბა, წავედით პარკში.
ცოტა ხანში უკვე ტაქსს ვაჩერებდით. ათ ლარიანი საიდანღაც მოარბენინა. პირში ჰქონდა გაჩრილი. რომ გამოვართვი, - ფუ, რა ჭუჭყიანიაო, - თქვა და მომეჩვენა თუ რა იყო, გადააფურთხა. `ჭუჭყიანი უძახე შენ, რამდენ რამეს აკეთებს!~ - გავიფიქრე მე. ამასობაში ტაქსიც გამოჩნდა.
- იცოდე წინ მე ვჯდები! – ყვირის ბამბო.
- ვითომ რადაო? – ვეკითხები.
- ფულს მე ვიხდი და იმიტომ. ვინც მუსიკას უკვეთავს, ის ცეკვავს. ეს მაინც არ გაგიგია?
- კარგი, - ვეუბნები და წინა კარს ვუღებ. გაღება ერთი იყო და წინა სავარძელზე შეხტა. მძღოლი გაკვირვებული გვიყურებს.
- ეს ბამბოა! – ვეუბნები – წინ დაჯდება. პარკამდე მიგვიყვანე.
- აუ ჩემი ბედი რა, დღეს გავრეცხე მანქანა. ახლა ძაღლები მინდა? – ბრაზობს.
- ხო კარგი, ნუ წუწუნებ. სუფთაა.
- სუფთაა, მე და ჩემმა ღმერთმა სულ à`არიელით~ რეცხავ აი! - არ ისვენებს, მაგრამ ვატყობ რომ უარსაც არაა.
- `არიელით~ მამაშენი გარეცხე! - გაბრაზებული ეუბნება ბამბო.
- რა პატარაა და ნახე როგორ იღრინება! - უკვირს მძღოლს. ესე იგი არ ესმის ბამბო რას ამბობს. გამოდის, მარტო მე მესმის. ახლა პარკში კი არა ექიმთან უნდა მივდიოდე. უკან ვჯდები. ტაქსიც დაიძრა.
- ფანჯარა ჩამიწიე რა! – მეუბნება ბამბო.
- ჩუმად იყავი თორემ მძღოლი მეცემინება! – ხმადაბლა ვეუბნები მე და ფანჯარას დაბლა ვუწევ.
- რა მითხარი? – ეს მძღოლია.
- არაფერი, - ვთქვი მე და ახლა ჩემი ფანჯარაც ჩამოვწიე.
ბამბო უკანა ფეხებზე შედგა და თავი ნიავს შეუშვირა.
- აუ, რა მაგარია! - თან ყვირის და ფანჯრიდან გამვლელ ძაღლებს და ლეკვებს ათვალიერებს.
- ნუ ყვირიხარ, თორემ ფეხით მოგვიწევს წასვლა! – ვაფრთხილებ მე.
- რა მითხარი? – მეკითხება კვლავ მძღოლი. მგონი მთლად ნორმალური არ ვგონივარ.
- რაღაც ნაცნობი სახე გაქვს. დიდი ხანია ტაქსაობ? – მოვიფიქრე კითხვა.
- ბავშვობიდან აქა ვზივარ!
- მე კი პარლამენტარი მეგონე, ვიფიქრე უფასოდ წაგვიყვანს-მეთქი! – ვითომ ვიხუმრე, გადაცემა გამახსენდა - ``ტაქსი~, პარლამენტარებს რომ ხალხი დაყავთ ტაქსით უფასოდ და თან აბოლებენ.
- ღმერთმა დამიფაროს ძმაო, - პირჯვარი გადაიწერა, - ჩემი ალალი ორი თეთრი მირჩევნია.
ამასობაში პარკთანაც მივედით. მძღოლს ათლარიანს ვაწვდი. ის შვიდ ლარს გვიბრუნებს. სამი ლარიც უკან გვინდა. ესე იგი ოთხი ლარი კიდევ გვრჩება. ლუდი... … გადმოვდივარ და ბამბოსაც კარს ვუღებ. დინჯად გადმოვიდა.
- შეგიძლია ერთი კათხა ლუდი მიირთვა, დილას ხომ შენ დამპატიჟე. ახლა მე გეპატიჟები, - მეუბნება დიდსულოვნად, – მე მანამდე ცოტას გავინავარდებ.
ლუდის დალევა კი მართლა კარგია. როგორ არის - `ცივი ლუდი და ძეხვი, შეჭამე და გაძეხი~.
- ძეხვი ჩემთვისაც აიღე. არა `სასისკი~ სჯობია. – მეუბნება, თან დარბის აქეთ იქეთ.
იქვე პარკის შესასვლელთან პატარა საზაფხულო კაფეა. მაგიდები გარეთ დგას. მე ბარმენთან მივდივარ და შეკვეთას ვაძლევ.
- თუ შეიძლება, ერთი კათხა ლუდი და დანარჩენის მოწოწნიკი, თან მდოგვიც გამოაყოლეთ.. - და ოთხ ლარს ვაწვდი.
- შენა, ჩემი ძმა თვალში ხომ არ გეპატარავები, თუ გინდა გხეთქო ახლა აი ბოთლი თავში.
- გეკადრებათ. კი მაგრამ, რა დავაშავე?
- აბა რა მოწოწნიკი აგიტყდა?
- მოწოწნიკი არის `სასისკის~ ქართული თარგმანი.
- მაი ვის მოატყუე იცი, ვინც მოგიტყუებია.
- კარგი ბატონო, მაშინ ერთი ბაკალი `პივა~ მომეცი და დანარჩენის `სასისკი~ და `გარციცაც~ გამოაყოლეთ.
- ასე, ადამიანურად რომ დეილაპარაკებ, მეც ადამიანურად დეგელაპარაკები. – მოლბა უცებ.
ყველაფერი ერთ განაპირა მაგიდასთან მივიტანე. თუმცა სულ ორი მაგიდა იყო დაკავებული. პარკშიც არ ჩანს ბევრი ხალხი. ამ დროს ბამბოც მოვარდა ნარბენი. ეტყობა კმაყოფილია. მისი წილი ულუფა გადავუღე. გემრიელად შევექეცით. ხალხი გაკვირვებული გვიყურებს. ბარმენი ვერ ხედავს ბამბოს. მე ვეფარები.
- შენა არ დალევ? - ვეკითხები.
- არა, არ მომწონს, მერე თავს მატკივებს, – მეუბნება. ძალასაც არ ვატან.
ლუდი იყო ძალიან გემრიელი. არა რა, ბამბომ გადამარჩინა. აი, ახლა კი ბედნიერი ვარ. ნამდვილად ღმერთმა მომივლინა ეს ლეკვი.
ახლა უკვე პარკში სკამზე ვსხედვართ. ორივე ძალიან კმაყოფილი ვართ და გამვლელებს ვათვალიერებთ.
- ბამბო, ნახე რა ლამაზი გოგო მოდის! – ვეუბნები მე და გოგოზე ვანიშნებ.
- ბოზია მაგი, – მეუბნება ბამბო.
- არ გრცხვენია, რას ამბობ?! – შევიცხადე მე.
- რა მრცხვენია. ჯერ ერთი, ბოზი ძველ ქართულში ლამაზს ნიშნავს. ხომ ხედავ, რომ ლამაზია. მეორეც კიდევ. ეს მართლა ბოზია. ორი თუმანი მიეცი და საუნაში ერთი საათი ისე ეყვარები, როგორც ყველი და პური.
- შენ ამდენი საიდან იცი? - ვეკითხები გაკვირვებული.
- ვიცი, ვიცი, ქიციც ვიცი და ქიცმაცურიც.
- აბა ის თუ იცი საქართველოს ნაკრები საბერძნეთთან რას იზამს?
- რა, ტოტალიზატორში გინდა თანხა ჩადო? არ ენდო თუ კაცი ხარ. ან შენ რისი ჩამდები ხარ, ფული არ გაქვს. მაინც არ ენდო დამიჯერე. ტოტალიზატორის ამბებს ვარსკვლავებიც ვერ ხვდებიან და ფეთქდებიან.
- ტოტალიზატორი რა შუაშია. მიდი რა, ბამბო რა, მოგვაგებიე რა. შენ ხომ ჯიგარი ლეკვი ხარ. მიდი რა, – დავუწყე მე ხვეწნა, არა და ამ წუთში მართლა მჯეროდა, რომ ბამბოს ეს შეეძლო.
- ხო, კარგი ვეცდები.
უცებ ბამბოს სახე შეეცვალა. ვხედავ ვიღაცას გაბრაზებული შეჰყურებს. მის მზერას თვალი გავაყოლე, ვხედავ ჩვენსკენ დიდი ძაღლი მოდის. საერთოდ ძაღლების ჯიშში ცუდად ვერკვევი, მაგრამ ეს ნაღდად ბოქსიორია, იმიტომ რომ ცხვირი ჩაჭყლეტილი აქვს.
- რას ერჩოდი ჩემს ჰუკას? - დაუწყო შორიდანვე ყვირილი ბამბოს.
- მეტი ეკუთვნოდა მაგას, – ნირი არ შეუცვლია ბამბოს, – აბა რა არის, რომ იგინება?
- რას იღრინები! – ავყევი მეც ბამბოს, - მართალია, მეტიც ეკუთვნოდა.
ცხვირჩაჭყლეტილი აშკარად არ ელოდა ჩემგან შეტევას. უკან მიიხედა, ალბათ თავის პატრონს თუ ეძებდა. არაფერი არ უთქვამს. ერთი კიდევ შეიღრინა, - `მაცალეთო~ და წავიდა კუდამოძუებული.
- რა მაგრები ვართ არა?! – უხარია ბამბოს.
- ხო.
- რა გაბუნძულდა!
- მაგრად. მაინც რა დაგიშავა მაგისმა ლეკვმა? – ვეკითხები მე.
- ჯერ ტუჩზე რძე არ შეშრობია და რჯულსა და ჯილაგს იგინება... ჰოდა მიიღო კიდეც ყურის ძირში. გინების სწავლას, მაგისთვის მშობლებს არ ერჩევნათ რამე ლექსი ან სიმღერა ესწავლებინათ?
- ჰო, მაგრამ ახლა სადმე რომ დაგიმარტოხელოს?
- შენ მაგაზე არ იდარდო, – დამაწყნარა ბამბომ.
უცებ პარკში ქარი ამოვარდა. მზე ღრუბლებმა ჩაყლაპა თითქოს და ჩამობნელდა. მერე ელვამაც გაანათა. ცოტა ხანში ქუხილის ხმაც გაისმა და წვიმის წვეთები წამოვიდნენ. ჯერ თითო-ოროლა. მერე თანდათან იმატეს.
- აბა ახლა წავედით სახლში, თორემ გასაწურავი გავხდებით! - მეუბნება ბამბო. უცებ მართლაც თავსხმა წვიმა წამოვიდა. მე და ბამბო ტაქსების გაჩერებისკენ გავრბივართ. გზად პატარა ნაკადული უნდა გადაგვევლო საცალფეხო ხიდით. ბამბო ადვილად გადავიდა, მე კი ფეხი დამიცურდა და წყალში მოვადინე ტყაპანი...
ვაიმე... ლოგინიდან გადმოვვარდნილვარ. იატაკზე კი წყალი დგას. ალბათ ონკანი დამრჩა ღია. მეხი? მეხი კი არა, კარებზე აბრახუნებენ? ჯერ სამზარეულოში გავედი. იქ უკვე ვენეციაა. …ონკანი გადავკეტე. გადავიცვი და კარებისაკენ მივდივარ. კარები გავაღე. ვიღაც ლამაზი გოგო, ხელში ბამბის ქულასავით ლეკვით...
- მობრძანდით.
- იცით, მე თქვენს ქვემოთ ვცხოვრობ. თქვენი ბინიდან წყალი ჩამოდის.
- ვიცით, – ვეუბნები მე, - მაპატიეთ ქალიშვილო, დილით წყალი არ მოდიოდა და ეტყობა ონკანი დამრჩა ღია.
- ასე არ შეიძლება.
- ვიცი. მაპატიეთ. უკაცრავად, ეს ბამბოა ხო?
- დიახ, და თქვენ საიდან იცით?
- ვიცით, ვიცით, ჩვენ ყველაფერი ვიცით. ბამბო, ხვალ უნდა მოვიგოთ, ხო იცი...

_________________
ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined21 Aug 2007
Posts2988
კარმა111
OFFLINEPROFILE
იცით, პირადობის მოწმობა მინდა.
_ მოიტანეთ: დაბადების მოწმობა, მისი ასლი, სურათები 3X4, ამონაწერი კომისარიატიდან, შემდეგ წაბრძანდით აღმაშენებელზე ბანკში და აიღეთ ორლარნახევრიანი ქვითარი, ეს ყველაფერი კი აქ მოიტანეთ.
_ გმადლობთ.
ჯერ კომისარიატში წავიდა.
_ მოიტანეთ სურათები 3X4, ცნობა სახლმართველობიდან, ამონაწერი მშობლების სამუშაო ადგილიდან, დაბადების მოწმობის ასლი და მოგცემთ სამხედრო ცნობას.
_ დაბადების მოწმობა დაკარგული მაქვს.
_ წაბრძანდით ბახტრიონზე არქივში და იქ აიღეთ.
_ გმადლობთ.
მერე ბახტრიონზე წავიდა. დაკეტილი დახვდა.
მეორე დღესაც მივიდა.
_ შეავსეთ ბლანკი და ხვალ მობრძანდით.
შეავსო და \"მიბრძანდა\".
_ აი, დაბადების მოწმობა, გადაიხადეთ და წაბრძანდით.
_ რამდენი?
_ სამი.
უხმოდ გადაიხადა.
სახლმართველობაშიც აიღო ცნობა, მშობლების სამუშაო ადგილიდანაც და მივიდა კომისარიატში.
_ დღეს კომისარი არ არის. ხვალ მობრძანდით.
მივიდა.
_ სამი ლარი დატოვეთ და თავისუფალი ხართ.
გადაიხადა.
მერე წავიდა აღმაშენებელზე და აიღო ორლარნახევრიანი ქვითარი... და ისევ საპასპორტოში.
მოვიტანე ყველაფერი.
_ რამდენი წლის ხართ?
_ ჩვიდმეტის.
_ მაშინ აღმაშენებელზე, ბანკიდან სამლარიანი ქვითარიც აიღეთ ჯარიმის.
_ რატომ?
_ თექვსმეტის ზემოთ ეგრეა.
მივიდა და აიღო.
_ მოვიტანე.
_ სურათები დაამოწმებინეთ პოლიციაში?
_ თქვენ ეს არ გითქვამთ.
_ შეუძლებელია... ანდა შეიძლება დამავიწყდა. ახლა წაბრძანდით ისინი გვიანობამდე მუშაობენ.
წავიდა და დაამოწმებინა.
_ ყველაფერი გავაკეთე.
_ ახლა მოიყვანეთ ბინის უფროსი საბინაო წიგნაკით და მობრძანდით.
მოიყვანა ბაბუა. მოაწერა ხელი ბინის მფლობელმა საჭირო დოკუმენტებს.
_ ბაბუას შეუძლია წავიდეს, თქვენ კი დარჩით ცოტა ხანს.
წავიდა მოხუცი.
_ ახლა თქვენ, _ და ბლანკი მიაწოდა, _ წაიღებთ ამას წერეთელზე, არქივში, ერთი კვირის შემდეგ მიხვალთ, შევსებულს გამოგატანენ და აქ მოიტანეთ.
_ კი, მაგრამ სამ კვირაში საბუთების შეტანის ბოლო ვადაა თეატრალურში და მომისწრებთ?
_ თეატრალურში აბარებთ?
_ დიახ!
_ Обожаю театр, კი, კი, სამ კვირაში ნამდვილად მოგისწრებთ.
წერეთელზე მიდიოდა და ახსენდებოდა პატარაობისას რას ეძახდა პასპორტს. გაეცინა.
ერთი კვირის შემდეგ კვლავ მივიდა საპასპორტოში.
_ ესეც მოვიტანე.
_ ხუთი ლარი დამიტოვეთ და ორ კვირაში პირადობის მოწმობა გექნებათ.
ისიც გადაიხადა.
ორი კვირის შემდეგ მართლაც ხელში ეჭირა პასპორტი. უხაროდა, რომ ამდენი სირბილის შემდეგ, მაინც მიაღწია ოცნებად ქცეულ ჩვეულებრივ მოვლენას.
საბუთების შეტანის ბოლო ვადა სწორედ პასპორტის აღების დღე იყო, ამიტომ საპასპორტოდან პირდაპირ ინსტიტუტში წავიდა. მიდიოდა და სულ პასპორტზე ფიქრობდა.
ისევ გაახსენდა ბავშვობაში რა ეგონა პასპორტი.
ისევ გაეცინა.
ფიქრებში გაერთო და ისე მივიდა თეატრალურ ინსტიტუტამდე, რომ ვერც კი შეამჩნია. შეიტანა საბუთები და უთხრეს, რომ პირველი გამოცდა სამ დღეში იყო დანიშნული.
სამი დღის შემდეგ გამოცდაზე მიდიოდა. მიდიოდა და რატომღაც ისევ პასპორტზე ფიქრობდა. ინსტიტუტში შევიდა და მივიდა საგამოცდო ოთახში.
_ თქვენი პასპორტი.
_ დიახ, ახლავე, _ და მექანიკურად შარვლის ღილების გახსნა დაიწყო. შეამჩნია, რომ ყველა გაკვირვებით უყურებდა და ვერ ხვდებოდა რატომ.
...და როდესაც \"პასპორტი\" უჩვენა, შემოესმა მქუხარე ტაშისა და სტვენის ხმა.
შემდეგ გამოცდაზე აღარ დაუშვეს.
უბრალოდ პირდაპირ დასვეს პირველ კურსზე.

_________________
ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined21 Aug 2007
Posts2988
კარმა111
OFFLINEPROFILE
ჯერ გოგონები შემეცოდნენ...
განსაკუთრებით ისინი, დიდტორებიანი პარტნიორ-შეყვარებულები რომ ჰყავთ. გადახვევენ ხოლმე ამ დაკუნთულ ხელს და გუდავენ...
ჰოდა, ამ დღეს, \"სიყვარულის დღეს\" რომ უწოდებენ, რაღაც ძალიან ბევრი გაგუდვის პირას მისული გოგო დავინახე, სახეზე ნაძალადევი ღიმილი რომ დასთამაშებდათ და გვერდზე თვითკმაყოფილი \"იღბლიანი ჯენტლმენები\" რომ მიჰყვებოდნენ...
ქუჩაში დავხეტიალობდი. საერთოდ, ძალიან მიყვარს ქუჩაში ხეტიალი, მაგრამ ამ დღეს რატომღაც მომბეზრდა, რაღაც მარტოდ ვოგრძენი თავი ამდენი შეწებებული წყვილის შემყურე... ვეღარ გავძელი, სამარშუტო ტაქსი გავაჩერე და ჩავჯექი. ეჰ, ყველა \"მარშუტკა\" ერთნაირად მომაბეზრებელია – თქო დავასკვენი და ის იყო, კიდევ უფრო ჩამომელანქოლიკებას ვაპირებდი, რომ ამოვიდა კაცი...
70 წელს გადაცილებული იქნებოდა. სუფთად გაპარსულს წვრილი ულვაში ქონდა და 30-იანი წლების პიჯაკი და პალტო ეცვა. გამარჯობა თქვენი, მე ვახტანგი მქვიაო, თქვა და დაჯდა...
მოტორის გუგუნი და რადიოდან აჟღერებული რომანტიკული მუსიკა \"სამარშრუტო\" ამინდს ქმნიდა და ალბათ ვერცერთი მგზავრი ვერ წარმოიდგენდა, რომ წინ სამარშუტო რევოლუცია ელოდათ.
ისე, კაცი თავიდანვე უცნაური მომეჩვენა, მაგრამ ეს ყველაფერი გადაღლილობიდან გამომდინარე ჩემი ფანტაზიის ნაყოფს მივაწერე.
სადა ვბანაობდი...
_ ჰეი, მეეტლევ! _ გასძახა მძღოლს, _ გამორთე ეგ რადიო!
დაბნეულმა \"მეეტლემ\" მოიხედა, კაცის გაღიმებულ სახეს რომ წააწყდა უფრო დაიბნა და რადიო გამორთო.
_ ჰოდა, ჩემო ქართველებო, _ განაგრძო _ ნამეტანი დაჯღანვის ხალხი რო გავხდით ეგ არის ჩვენი უბედურება... რას მიყურებთ? ააა, ვერ მიმიხვდით... კარგი, გაგიმარტივებთ: როცა არაყს სვამთ, ხომ იჯღანებით? ჰოდა, ამ ბოლო დროს რომ მოუხშირეთ დალევას, შესაბამისად დაჯღანვაც გახშირდა...
ზოგს ზედა ტუჩზე ღიმილი წამოეპარა, უფრო ზუსტად, სახეზე გამოეხატათ ორსიტყვიანი შვება: \"გიჟი ყოფილა…\"
_ ჰოდა, იცით რას გეტყვით ჩემო ქართველებო?! თუ იჯღანებით ნუ სვამთ და თუ სვამთ, ნუ იჯღანებით...
სულ ბოლო სავარძელზე, ფანჯრის მხარეს, ერთი ბიჭი იჯდა, ცალწარბაწეული, გაბუტული სახით გარეთ იხედებოდა. წინ, კართან დაახლოებით იმავე ასაკის, 17-18 წლის გოგონა, რომელსაც ძალიან, ძალიან სევდიანი სახზე ქჰონდა და რაღაც წიგნი ჩაებღუჯა ორივე ხელით. მხოლოდ ამ ორმა ადამიანმა არ მიაქცია ბატონი ვახტანგის ამოსვლას ყურადღება თავიდან. მერე, \"დაჯღანვის\" ამბების შემდეგ, ალბათ მათაც იგრძნეს \"სამარშრუტო რევოლუციის\" დაწყება და ორივემ კაცს გაუშტერა თვალი. მანაც განაგრძო:
_ მე ღმერთის ელჩი ვარ დედამიწაზე, თქვენს გადასარჩენად მოვლენილი, ამიტომ ყურადღებით ნოისმინეთ ჩემი ყოველი სიტყვა და ბოლოს მადლობა გადამიხადეთ! არ გიკვირთ, ხალხო, ამ \"სიყვარულის დღეს\" რატომ ახრჩობენ ეს კუნთებიანი ბიჭები ამ გოგონებს? _ და მიმოიხედა. რამდენიმე ახალგაზრდას სახეზე უკმაყოფილება შეეტყო.
მე, რაღაცნაირად გამიხარდა თანამოაზრე რომ გამომიჩნდა.
და ღაღადებდა ბატონი ვახტანგი:
_ დღევანდელი სიყვარული ტელეფონივითაა: თუ ფული გაქვს ორმხრივადაა ჩართული, თუ არა და ცალმხრივად იტანჯები.
ყველას გაგვეღიმა, იმ უკანა სავარძელზე მოკალათებული, ცალწარბაწეული ბიჭისა და ხელებშიწიგნჩაბღუჯული, სევდიანი გოგონას გარდა.
კაცმა განაგრძო:
_ ერთი ამბავი გამახსენდა: ადრე, ასე 2-3 ათასი წლის წინ, კოლხეთში რომ ვცხოვრობდი მაშინ, წავიქეცი და მუხლი მეტკინა. ჩემმა დამ, მედეამ ბალახ-ბულახი მოკრიფა რაღაც უცნაური, მერე წამალი დაამზადა და ფეხი მომირჩინა. მე რომ ვუთხარი, მედეა_ჩემო, რა მარდი ხარ-თქო, მედეას გაეცინა და აქედან წამოვიდა სიტყვა \"მედიცინა\".
ყველას გაეცინა...
_ არა, არა, ასე არა, _ არ მოეწონა კაცს \"სამარშუტო სიცილი\", _ მაშინ სხვანაირად იცინოდნენ...
ხალხს უფრო გაეცინა...
_ რომ გადახვალ გააჩერე! _ უთხრა მძღოლს ცალწარბაწეულმა.
_ ახლა აქედან ჩასვლა იქნებოდა?! _ მიაძახა კაცმა. _ ეჰ, თქვენ მე ვერ მიგებთ. მართალი მითხრა მაშინ ჩემმა მეგობარმა, ჯინათან სვიფტმა. შენზე, ჩემო ვახო, მოთხრობა უნდა დავწეროო და დაწერა \"გულივერის მოგზაურობა\". თუ გახსოვთ, თავიდან ვერც გულივერს გაუგეს... ლილიპუტებმა. თქვენ ჩემთან შედარებით ლილიპუტები ხართ, ამიტომ, არ მიკვირს, რომ ვერ მიგებთ. მერე ვკითხე ჯონათანს, გულივერი რატომ დამარქვი-მეთქი, იმან მიპასუხა, გულიანი ქართველი, გულიანი ივერი ხარო... ჭკვიანი კაცი იყო, ცხონებული.
მერე საათზე დაიხედა, ჩემი ჩასვლის დროაო, ჩაიბურტყუნა და მძღოლს მიაძახა:
_ ჰეი, მეეტლევ, მე არ მაქვს ფული, მაგრამ მკერდში ძგერს კეთილი გული! აქ გამიჩერე, შენ გახარებას! _ და ჩავიდა.
რამდენიმეწამიანი დუმილის შემდეგ ერთს გაეცინა. მერე, \"მეეტლემ\" ერთი შეიკურთხა და ყველა ახარხარდა. მხოლოდ გოგონა იჯდა მოწყენილი სახით, წიგნი რომ ჩაებღუჯა და კიდევ მის უკან მჯდარი მოხუცი ქალი, ჭაღარა თმით და მკაცრი, რაღაც არისტოკრატული გამომეტყველებით (როდის ამოვიდა ეს ქალი \"მარშუტკაში\" აღარ მახოვს). გამიჩერეთო, თქვა გოგონამ და ის იყო ჩასვლას აპირებდა, რომ უკნიდან მოხუცმა, ჭაღარათმიანმა მარჯვენა მაჯაზე ხელი მოუთათუნა და ყურში ჩასჩურჩულა:
_ ნუ ნერვიულობ, ყველაფერი კარგად იქნება!
გოგონას უფრო შეეშინდა, ვიდრე გაუკვირდა, ქალს გაუღიმა და ჩავიდა.
უცებ, ისევ ხეტიალის ხასეათზე მოვედი და მეც ჩავედი. არ ვიცი რატომ, მაგრამ სახიდან ღიმილი არ მცილდებოდა. ისევ ვუყურებდი შეწებებულ წყვილებს: გაგუდულ გოგოებს, ნაძალადევი ღიმილი სახეზე, გვერდზე თვითკმაყოფილი თუ სიტუაციით კმაყოფილი \"იღბლიანი ჯენტლმენები\" რომ მიჰყვებოდნენ და ჩემი თანამოაზრე მახსენდებოდა, რომლის დანახვაზეც ყველა დაბნეულია მანამ, სანამ რომელიმეს სახეზე არ გამოეხატება ორსიტყვიანი შვება:
\"გიჟი ყოფილა...\"
რედაქტირებულია

_________________
ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined02 Feb 2008
Posts1037
კარმა85
OFFLINEPROFILE
ფესვები

ნუ გეშინია, არა ვართ გველები. ამ მაღალს მთაზე გველს რა უნდა? ტყუილად შეკრთი, ჩვენ კაცს არაფერს ვავნებთ, არ მოვსწამლავთ. გარედან რომ დაჭმუჭნილი, ხმელი ტყავი გვაკრავს, იმან შეგაშინა? ერთს დროს ჩვენ სხვა ფერი და იერი გვედო. დრომ, ჟამთა ვითარებამ შეგვიცვალა სახე და ახლა, მწყემსი წამოგვაწყდება ზედ თუ მონადირე, უნდა შეკრთეს, მანამ ახლოს გვნახავს, სანამ შეიგნებს, რომ ჩვენ ერთის მუხის ხმელი ფესვები ვართ და სხვა არა-რა. ერთს დროს ჩვენ უზარმაზარ მუხას ვკვებდით, საზრდოს ვაწვდიდით, ძუძუს ვაწოვებდით. ჩვენის ოფლით, ჩვენის ღვაწლით მუხა თავმომწონედ ყელყელაობდა. ჩვენც ამითი მოგვწონდა თავი, რომ ლამაზი, გულშეუდრეკელი, ამაყი შვილი გავზარდეთ.

- თქვენ და თქვენს მუხას მოგინდათ ჩემი ძალ-ღონე, ჩემი ამაგიო, - ბევრჯელ უთქვამს ჩვენთვის დედამიწას; მაგრამ ჩვენ მაინც ყელის წევით მუხლმოდრეკილნი გამოვსთხოვდით ხოლმე საზრდოს ჩვენის საყვარელის შვილისათვის. მის გულისთვის დღე და ღამე გასწორებული გვქონდა. საზრდო არ დავაკლოთ, ვეცადოთო, - ერთმანერთს ამ სიტყვებით ვამხნევებდით, დაისვენე, დედამიწავ, დაისვენე. ჩვენ ახლა შენ აღარ შეგაწუხებთ. ვისთვისაც გეფერებოდით და გეხვეწებოდით, ის აღარა გვყავს, ჩვენცა ვხმებით, ხმელსა და მკვდარს საზრდო რაღად უნდა? კაცმა, შეუბრალებელმა ადამიანმა, მოგვიკლა გული, მოგვიკლა შვილი და დაგვტოვა თვალცრემლიანი. ადგა, ცულით დაუწყო ჭრა; იმას არ ესმოდა ჩვენი და ჩვენის შვილის კვნესა. ცულს რომ გვცემენ, ჩვენ ვკვნესით და თქვენ-კი, კაცნი, ამას “რაკუნს” ეძახით. გადმოგვდის სისხლი და თქვენ ჩვენს სისხლს “ხის წვენს” უწოდებთ... განა რომ ხელს არ გამოვიღებთ, თავ-პირს არავის ვაკაწრით, არა ვლანძღავთ, წასულს არ მივსდევთ და მოსულს მრისხანე სახით არ ვუხვდებით, იმიტომ არაფერსა ვგრძნობთ?! “მუხას ვჭრიო”, - კაცი თავის ამხანაგს ეძახდა, ვითომდა არაფერიო. იგი ვერა ჰხედავდა, რომ ჩვენ მაშინ ჩუმად მიწაში ცრემლსა ვღვრიდით, რომ ჩვენმა ცოდვა-ბრალმა დედამიწაც აატირა “საწყლებოვო, - ბუზღუნებდა ისიც, - რისთვის, ვისთვის იწვალეთ. ან მე ვისთვის ვწვალობ, ვინ არის მადლობის მთქმელიო!..”

თუმცა დედამიწა ამას ამბობდა, მაგრამ იმავე დროს წინ წამოწვდილს, შორიდან წამოზრდილს წიფლის, არყის და ვერხვის ფესვებს უდებდა საგზალს... უარს ვერავის ეტყვის ეს ღვთისაგან კურთხეული. ყველას დედაა, ყველასთვის ის ზრუნავს, ყველა იმის ზურგსა ჰკიდია. იკურთხოს შენი ძუძუ, ჩვენო დედავ, ჩვენო გამზრდელო, ჩვენო ძუძუს მაწოვებელო!

მაგრამ რა ჰქნას საბრალომ? ამასაც ბედმა უმტყუნა. გუშინ და დღეს ჩვენ ბევრი ვიტირეთ, გვენანება იმ ადგილის განშორება, საცა დავიბადენით, აღვიზარდენით, სადაც სიცოცხლე ვიგრძენით. ვინ იცის, რა მოგველის?! დღითი-დღე ჩვენი ბინა ინგრევა, იშლება, ფლატე კეთდება და ჩვენ უსახურავონი ვრჩებით, ტიტველნი და მშიერნი. ბოლოს მოვწყდებით და წავალთ თავქვე, ჩავეშვებით უღრანს ხევში. ვინ იცის, იქ რა მოგველის? ვინ იცის, იქ რა ნიადაგი დაგვიხვდება? დავიხოცებით სრულიად, თუ კიდევ მიწა დაგვფარავს და გაგვიჩენს საზრდოს?! ვინ იცის, იქნება გიჟმაჟმა მდინარემ გაგვრიყოს სადმე უდაბურს ადგილას და მწვავე მზის სხივებმა დაგვაჭკნოს, გაგვახმოს, გააქროს ჩვენი ხსენება!

ღმერთო, ნუ დაგვკარგავ! ბედო, ნუ გვიმტყუნებ. დედამიწავ, კიდევ გაგვიჩინე ბინა! სიცოცხლე და შრომა გვწყურია, გვინდა კიდევ ვიშრომოთ, ეგები კიდევ გავზარდოთ ჩვენს ფესვებზე შვილი, ეგები კიდევ ვიგრძნოთ სიხარული. ბუნების ძალნო, შეიწყნარეთ საბრალო ფესვების მუდარა.

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined06 Dec 2007
Posts451
კარმა87
OFFLINEPROFILE
მიწას, რომ მოვლა და პატრონობა სჭირდება, ეს სიბრძნე, ბავშვობიდან გვასწავლეს ქართველებს.

\" ქალაქელი\" კაცი მქვია.
გულით და სულით \"სოფლელი\" ვარ.
ბავშვი ვიყავი და ერთი სული მქონდა, როდის მოვიდოდა არდადეგების დრო, სოფელში წავეყვანე მშობლებს.
ის ყველა, სოფლელი ბავშვის \"სიამეც\", ვნახე და საკუთარ თავზე გამოვცადე.
ბევრი \"თავგადასავალი\" შემიძლია გავიხსენო.

ჯერ ისევ სკოლაში ვსწავლობდი.
საკმარისი იყო, სამდღიანი დასვენებაც რომ გვქონოდა, ავტო სადგურზე, პირველ ავტობუსს მივყვებოდი, შუა ქართლის ერთ ულამაზესი სოფლისკენ.

მე ძალიან მიყვარს სოფელი და ყველა იქ მაცხოვრებელი.
გავიდა დრო.

სტუდენტი ვიყავი და მაინც ვპოულობდი დროს, \"გავარდნილიყავი\'-ხოლმე, ჩემ ჯიგრებთან, სათევზაოდ, სანადიროდ და საქეიფოდ, იმ ულამაზეს ადგილებში, სადაც ჩვენი წინაპრები ლაღობდნენ მანამდე.

მყავს სანათესაო.
ბიძაშვილები და მამიდაშვილები.

უფროსი მამიდაშვილი, ძალიან დაემსგავსა, ჩვენ დიდ პაპას.
გარეგნობითაც და ცხოვრების წესითაც.

საერთოდ, მე ვარ ყველაზე უფროსი წლოვანებით, ჩემს ბიძაშვილ-მამიდაშვილებში.

დაოჯახდით.
გავმრავლდით.

ერთხელაც, ძალიან მომენატრა და მოვინდომე, მომენახულებინა ჩემი ძმის,/უფროსი მამიდაშვილის/ პატარა ოჯახი./ყველამ იცით, ჩვენ ქართველები, და-ძმას ვეძახით, სისხლით ნათესავს/.

ვეფხვია-ჰქვია.
უფროსი შვილი ხუთი წლის ჰყავდა, მეორე მაშინ სწავლობდა სიარულს.
ვაჟკაცების მამაა.

ნოემბრის თვის დასაწყისი იყო.
ქართლში, თუ არ იზარმაცებ და შემოდგომაზე ვაშლებს გარშემო შემოუბარავ, გაზაფხულზე უფრო გაგიადვილდება ხის მოვლა.

მივედი სახლში და რძალს ვეკითხები: ამ თავსხმაში, სად დადის შენი ქმარი მეთქი?
წვიმა მოდის ისეთი, ორ ნაბიჯზე ვერ დაინახავ ადამიანს.

წასულა სამუშაოდ და უფროსი შვილიც გაუყოლებია.
მანამდე მზიანი ამინდი ყოფილა.
სიგარეტი გამოლევია და სახლში გამოუგზავნია.

ბავშვს წაუღია \"სპიჩკა\" და სიგარეტი.
ამ დროს, წვიმას მოუსწრია.

დედამისს, პატარაც ვერ მიუტოვებია და ვერც უფროსს გამოეკიდა.
მაგ გაწამაწიაში მიუსწარი.

თავსხმა წვიმაა.

მანქანით ბაღებისკენ ვერ წავიდოდი.
მოვიხურე \"პლაში\" და გაუყევი.

მივედი და რაც მე ვნახე, მე, მთელი ჩემი სიცოცხლე არ დამავიწყდება.

მამამისს,კალთაში ყავდა ჩასმული და მხრებით იყო გადაფარებული ბავშვზე.
იჯდა და ღაპაღუპით ჩამოსდიოდა ცრემლები.

პატარა ბექა, სულმთლად სველი იყო.

სიგარეტი და ასანთი, აბსოლიტურად მშრალი.

ბავშვი, თურმე გულში იხუტებდა, არ დასველდესო.
დამინახა და მიცნო.
- მამას, პაპილოსი მაინც მოუტანეო

ეს, 5 წლის ბავშვმა მიპასუხა, მამის გულში ჩახუტებულმა.

P.S.არავითარი პრეტენზია არ გამაჩნია \"მწერლობაზე\"
გთხოვთ სწორად გამიგოთ.
სრული სიმართლე მოგიყევით.

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined29 Dec 2007
Posts4008
კარმა114
OFFLINEPROFILE
ელჩი =sher= =sher= =sher=

კარმა შენ:)

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined02 Feb 2008
Posts1037
კარმა85
OFFLINEPROFILE
ტერენტი გრანელი
გულიდან სისხლის წვეთები

მე ვწერ ამ სტრიქონებს ქარიან ღამეში, როდესაც წვიმის წვეთები ეცემიან მინას და როცა სიშორეზე ტირის როიალი.

მე ახლა მაგონდება ჩემი ცხოვრების ქარიშხლიანი დღეები და სინანულის ჟრუანტელი მივლის.

თანაც მიხარია, რომ ვარ ტერენტი გრანელი.

წინ უფსკრულია და შავი ნისლი მახვევია ირგვლივ.

მე ქვეყნის გაჩენიდან ნელა მოვდიოდი სინათლისაკენ, რომ მეხილა მზე.

ალბათ მიზიდავდა შორეული და უხილავი.

მოვედი ადრე.

და ახლა ისევ ვუახლოვდები სიბნელეს, როგორც ზღვას, სადაც სამუდამოდ ჩაიძირება ჩემი სხეული.

ყოველ ღამეს მოაქვს ფიქრი სიკვდილზე და სიშორეზე.

და მეშინია...

ვფიქრობ: მოვა წამი, როცა არ ვიქნები ცოცხალი. მაინც მჯერა ჩემი უკვდავება.

მე პოეზიამ მაგრძნობინა, რომ სადღაც შორს არსებობს უკვდავების ცისფერი მხარე, სადაც დაფრინავს ჩემი მწუხარე სული.

ქარიშხლიანი ღამეა და მინდა ვიყო სხვაგან.

პოეზიამ იცის უეცარი სიხარული, რომელიც უდრის გაფრენას.

მე არ მინდოდა სიცოცხლე.

არც სიკვდილი.

მე რაღაც სხვა მსურდა.

ახლა ვფიქრობ და მწამს მესამე გზის არსებობა, როგორც იდუმალების.

მე ისევ ვდგავარ მარადისობის გარინდებულ საზღვართან ვით მგლოვიარე სერაფიმი და ველი ქრისტეს ლანდს, რომელიც დამიხსნის მე განსაცდელისაგან.

და მჯერა სიცოცხლე სხეულის გარეშე.

მე მივმართავ მთელ მსოფლიოს შემდეგი სიტყვებით:

მე მინდა გაფრენა.

მე მინდა ყველგან ვიყო, როგორც ღმერთი.

ჩარჩენილი ვარ ბავშვივით ამ ცოდვილ ქვეყანაზე და არ ვიცი როგორ ამოვიდე ამ ტალახიდან, რომელსაც ეწოდება მიწა.

არა სიცოცხლე.

არა სიკვდილი.

არამედ რაღაც სხვა.

ვამბობ: არ არიან სიტყვები გრძნობისათვის. გარეთ ისევ ქარიშხალია, წვიმის წვეთები ისევ ეცემიან მინას და ისევ სიშორეზე ტირის როიალი.
რედაქტირებულია

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined02 Feb 2008
Posts1037
კარმა85
OFFLINEPROFILE
... ერთხელ შემხედა მან, მხოლოდ ერთხელ, იმ შეხედვით, რომელსაც ნაპოლეონი ცეცხლით მონათვლას ეძახდა.

პირველად ვკითხე მაშინ სამშობლო ცას, სად წავიდა ჩემი ბავშვობის ლხენა და პირველად დატოვა ცამ უპასუხოდ ჩემი კითხვა. სად არ ვეძიე, სად, მე ის ღიმილი და ბოლოს დავრწმუნდი, რომ იგი არ განმეორდება, როგორც გვირგვინმოხსნილი სიწმინდე.

... და ჩემს სულს ეწვია პირველი სევდა. პირველი სევდა, ბინდიანი, როგორც ოხვრა შუაღამისას ლიბანის მთაზე კედრისა;

ნაღვლიანი, როგორც სიმღერა ყვითელი ქარვის ფოთლების, შემოდგომის ქარიშხალის ფრთებზე მოცეკვავეთა...

მოწყენილი, როგორც წეროების უკანასკნელი ძახილი.

პირველად მამამ ამოიკითხა ჩემს თვალებში სევდა, როცა ჭადრაკს ვთამაშობდით და მაშინ მივხვდი, რომ წარსული სევდამ მოქარგა და უხილავი ჯაჭვით გადაება მას მომავალი. ჩემი სევდა მიაგავს სევდას ლეგენდის მოქანდაკისას, მარმარილოს რომ ენა ასწავლა და ბრინჯაოს - სიყვარულის ალერსი, მაგრამ ერთხელ რომ ძლიერ პირდაპირ შეხედა მზეს და შემდეგ მოჯადოებულმა ვერ შეძლო მარმარილოზე ნაგრძნობის გადატანა და ამაში იყო ნათელი ტანჯვა მისი სიცოცხლისა. ერთხელ შემხედა მან, მხოლოდ ერთხელ იმ შეხედვით, რომელსაც ნაპოლეონი ცეცხლით მონათვლას ეძახდა.

პირველად ვკითხე მაშინ სამშობლო ცას, სად წავიდა ჩემი ბავშვობის ლხენა და პირველად დატოვა ცამ უპასუხოდ ჩემი კითხვა...

ციტირება პასუხი
   
 
+ ახალი თემა ↩ პასუხი  [ 115 posts ] 
დესპანი