|
რუსეთი საქართველოსთან ომს აპირებს? რუსი სამხედრო ექსპერტის პაველ ფელგენგაუერის მტკიცებით, მოსკოვში საქართველოსთან ომის დაწყების გადაწყვეტილება მიღებულია და, სავარაუდოდ, აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში საომარი მოქმედებები აგვისტოში დაიწყება. როგორც სამხედრო ექსპერტმა გაზეთ “რეზონანსისთვის” მიცემულ ინტერვიუში განაცხადა, საქართველოსთან სამხედრო დაპირისპირების დაწყების შესახებ გადაწყვეტილება პრემიერ-მინისტრმა ვლადიმერ პუტინმა მიიღო, რაშიც მას მხარს უჭერენე რუსეთის შინაგან საქმეთა და თავდაცვის სამინიტროების აგრესიულად განწყობილი გენერალიტეტი.
“ჩვენთან გადაწყვეტილებებს იღებს მხოლოდ ერთი ადამიანი - ვლადიმერ პუტინი”, - აღნიშნა ფელგენგაუერმა.
მისივე მტკიცებით, საქართველოს წინააღმდეგ სამხედრო მოქმედებების დაწყების გეგმა გარკვეული არ არის, მაგრამ მოვლენათა ესკალაციის სავარაუდო თარიღად აგვისტოს ბოლო სახელდება - საკურორტო სეზონის დამთავრებიდან ზამთრამდე, რაც ლოგიკურია, ვინაიდან ზამთარში უღელტეხილზე თოვლი იქნება, ნისლიანი ამინდებია და რუსეთის საავიაციო უპირატესობა ნულს უტოლდება.
სამხედრო ექსპერტის ვარაუდით, საქართველოს წინააღმდეგ სამხედრო მოქმედებები ჯერ ზემო აფხაზეთში, ხოლო შემდეგ სამხრეთ ოსეთში დაიწყება, პროვოკაციები შეზღუდული ექნება, მაგრამ ჩარევას ისეთი ხასიათი ექნება, რომ იგი საქართველოს მთელ ტერიტორიას მოიცავს.
რუსი სამხედრო ექსპერტის ასეთი პროდნოზი რეალურად იძლევა პანიკის საფუძველს.
პოლიტოლოგი რამაზ საყვარელიძე რუსეთის მიერ საქართველოს წინააღმდეგ სამხედრო მოქმედებების დაწყების შესაძლებლობას მედვედევ-პუტინს შორის ურთიერთობების გარკვევის საშუალებად განიხილავს.
საყვარელიძე იზიარებს რუსი სამხედრო ექსპერტის პაველ ფელგენგაუერის მოსაზრებას, რომ რუსეთი საქართველოს წინააღმდეგ სამხედრო მოქმედებების დაწყებას გეგმავს.
მისივე აზრით, რუსეთისათვის, პოლიტიკური თვალსაზრისით, საქართველოს წინააღმდეგ სამხედრო ოპერაციის დაწყება ძალიან წამგებიანი ნაბიჯი იქნებოდა, მაგრამ თუ გავითვალისწინებთ იმას, რომ რუსეთის გავლენიან პოლიტიკურ წრეებს სურთ რუსეთისათვის სამხედრო “დერჟავის” სტატუსის დაბრუნება და ნაკლებად ფიქრობენ დასავლეთთან თანამშრომლობასა და ვაჭრობაზე, სავსებით შესაძლებელია, რომ მოსკოვმა საქართველოს წინააღმდეგ სამხედრო ძალა გამოიყენოს.
საყვარელიძის განმარტებით, თუ იმასაც გავითვალისწინებთ, რომ რუსეთს შიდაპოლიტიკაში უჭირს და პრეზიდენტად არჩეული მედვედევის ნაცვლად რუსეთს პუტინი განაგებს, იმ შემთხვევაში თუ სამხედრო მოქმედებები მართლაც დაიწყო ამის შესახებ გადაწყვეტილება პრემიერ მინისტრ პუტინის მიღებული იქნება.
“ომის დაწყება პუტინის ინტერესებშია, ვინაიდან ამ შემთხვევეში რუსული მატარებელი ისეთ რელსებზე იქნება შეყენებული, რომლის მართვას მედვედევი ვერ შეძლებს. გამორიცხული არ არის, რომ მედვედევ-პუტინის დუელში იარაღი სწორედ საქართველო აღმოჩნდეს”, - აღნიშნავს საყვარელიძე.
პოლიტოლოგის შეფასებით, იმ შემთხვევაში თუ მოსკოვმა საქართველოს წინააღმდეგ სამხედრო მოქმედებები დაიწყო უნდა ვივარაუდოთ, რომ პუტინი მედვედევისთვის კრიზისული ვითარების შექმნას შეეცდება, საომარი მოქმედებების დაწყების შემთხვევაში რუსეთს დასავლეთთან პრობლემები შექმნება და ქვეყანა კრიზისში აღმოჩნდება. მისივე აზრით, პუტინს ამგვარი პოლიტიკის გატარება იმისათვის სჭირდება, რომ შემდეგ პრეზიდენტად ქვეყნაში მის მიერვე შექმნილი კრიზისიდან გამოყვანის ლოზუნგით დაბრუნდეს.
როგოც ჩანს, რუსეთს საკმაოდ შორს მიმავალი პოლიტიკური გეგმები აქვს და თუ მთელი ეს იმპერია პუტინის გარშემო ტრიალებს, მედვედევთან ახალი ურთიერთობები საქართველოსთვის, რეალურად, არაფრის მომცემია. ჩვენი ხელისუფლება ამას მშვენივრადაც ხვდება და სწორედ ამიტომ აწარმოებს ინტენსიურ შეგვედრებს ევროპის პოლიტიკურ ორგანიზაციებთან.
საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი ბრიუსელში ევროკავშირის საბჭოს გენერალურ მდივანს, ევროკავშირის ერთიანი საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკის უმაღლეს წარმომადგენელს ჰავიერ სოლანას შეხვდა. შეხვედრაში მონაწილეობდა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი ეკა ტყეშელაშვილიც.
მხარეებმა განიხილეს აფხაზეთის კონფლიქტის მოგვარებაში ევროკავშირის უფრო აქტიური ჩართვის მნიშვნელობა და შესაძლებლობები, ასევე კონფლიქტურ რეგიონებში არსებული მდგომარეობა და საქართველოს მთავრობის სამშვიდობო ინიციატივები
|