|
ტელეკომპანია „კავკასიის\" განცხადება
ივნისის ბოლო კვირას ფინანსურ პოლიციაში დაიბარეს არაერთი ბიზნესმენი. ყოველ მათგანს მოსთხოვეს ტელეკომპანია „კავკასიაში\" რეკლამის შეწყვეტა. წინააღმდეგ შემთხვევაში სერიოზული პრობლემების შექმნით დაემუქრნენ. ეგრეთწოდებულ მოლაპარაკებას ბიზნესმენებთან აწარმოებენ ფინანსური პოლიციის მაღალჩინოსნები, რომელთა გვარებს ამ ეტაპზე ბიზნესმენების კონფიდენციალობის დაცვის მიზნით არ ვასახელებთ. არაერთმა ბიზნესმენმა სთხოვა ტელეკომპანიას მისი ვინაობის საიდუმლოდ დატოვება. ნაწილი კი მზად არის საჭიროების შემთხვევაში ამ ინფორმაციის ოფიციალურად დადასტურებისთვის.ჩვენი ინფორმაციით ფინანსურ პოლიციაში აქვთ ტელეკომპანია „კავკასიასთან\" თანამშრომლობაში „შემჩნეული\"კომპანიების გრძელი სია, სადაც კომპანიებს გასწვრივ სხვადასხვა აღნიშვნებია გაკეთებული. ზოგი წითლად არის გახაზული, ზოგს კი პლიუსი აქვს გასწრივ დასმული. ბიზნესმენების თქმით, ფინანსური პოლიციის თანამშრომლების მხრიდან ისმოდა მუქარა იმის შესახებ, რომ ტელეკომპანია „კავკასიას\" სერიოზული ფინანსური პრობლემები უნდა შეექმნას, მათ შორის სატელევიზიო ანძაზეც და რომ ბიზნესმენებმა არ უნდა გაბედონ ჩვენთან რეკლამის მოტანა.ინფორმაციას იმის შესახებ, რომ ბიზნესმენებს ფინანსური პოლიცია ატერორებს და „კავკასიაში\" რეკლამის მიტანას უკრძალავს, ფინანსთა მინისტრი დეზინფორმაციას უწოდებს, პრეზიდენტმა კი ბრიფინგზე ამის შესახებ დასმულ შეკითხვას პრაქტიკულად არ უპასუხა და მხოლოდ ის განაცხადა, რომ ბოლო პერიოდში \"კავკასია გაიფურჩქნა და დიდ წარმატებებს აღწევს\". ჩვენ არ გავაკეთებდით ასეთ განცხადებას, რომ არ გვქონდეს ფაქტები და დადასტურებული ინფორმაცია. თუმცა ამ ინფორმაციის წყაროების დასახელებისგან მათი ინტერესების დაცვის მიზნით თავს ვიკავებთ. სამწუხაროდ არაერთმა ბიზნესმენმა ვერ გაუძლო ზეწოლას და შეწყვიტა „კავკასიაში\" საკუთარი რეკლამის განთავსება. ჩვენ სერიოზულად ვმუშაობთ მტკიცებულებების მოპოვებაზე ფინანსური პოლიციის ამ სადამსჯელო ღონისძიების შესახებ, რომელიც კვლავ გრძელდება და საზოგადოებას უფრო სრულ და ამომწურავ ინფორმაცის მივაწვდით. მანამდე კი გვინდა გავაკეთოთ განცხადება ტელეკმპანიის ოფიციალური პოზიციის შესახებ:ტელეკომპანია „კავკასია\" დღეს არა ერთი ან ორი ადამიანის, არამედ მთელი საზოგადოების საკუთრებაა. სამწუხაროდ დღეს „კავკასია\" ერთადერთი ტელეკომპანია დარჩა საქართველოში, რომელიც პირდაპირ ხელისუფლების მიერ არ იმართება.როგორც ჩანს ხელისუფლებამ გადაწყვიტა ეს ერთადერთი „ხვრელიც ამოქოლოს\". ხელისუფლების ბიზნესმენებზე შეტევის და მათი დაშინების მიზანი ტელეკომპანია „კავკასიის\" ფინანსურად დასუსტება და მისი გაკოტრებაა. ბოლო წლების განმავლობაში ჩვენ ყველა ვუყურებდით, როგორ „წარმატებით იპყრობდა\" ხელისუფლება სატელევიზიო სივრცეს – არხების ნაწილის დახურვით, ნაწილის საკუთარ კონტროლქვეშ გადაყვანით. ჩვენ ყოველთვის ვახერხებდით დაგვეცვა ჩვენი ტელეკომპანია ზეწოლისაგან და არაერთი შემოტევის თუ ფინანსური პრობლემის მიუხედავად მისი დამოუკიდებლობის შენარჩუნება შევძელით. თუმცა ბოლო თვეების – განსაკუთრებით ნოემბრის მოვლენებმა გვაჩვენა, რომ ხელისუფლება მიზანში ამოღებული ტელეკომპანიის გასანადგურებლად და დასამორჩილებლად არაფერს მოერიდება. ტელეიმედის ისტორია ამის ნათელი დადასტურებაა. ვშიშობთ, რომ ამ ეტაპზე ხელისუფლების მთავარი სამიზნე სწორედ ჩვენი ტელეკომპანია გახდა და ვფიქრობთ ბიზნესმენების დასაშინებლად ჩატარებული აქცია ამ მიზნისკენ მიმავალი მხოლოდ ერთი ეტაპია, რასაც სხვა ტიპის სადამსჯელო აქციებიც მოჰყვება. იმას, რომ ტელეკომპანია „კავკასიის\" განადგურება აქვთ გადაწყვეტილი, ხელისუფლების წარმომადგენლები არაოფიციალურ საუბრებში არც მალავენ. ჩვენ ყველამ ვნახეთ, როგორ იქცევა ხოლმე ხელისუფლების სურვილები საქმედ. გვინდა მივმართოთ ყველა იმ ადამიანს, ვისთვისაც ძვირფასია ქვეყნის მომავალი და შეუძლია საკუთარ თავზე აიღოს პასუხისმგებლობა ამ მომავალზე. დღეს, როგორც არასდროს ვგრძნობთ, რომ ტელეკომპანია „კავკასიის\" არსებობა მნიშვნელოვანია ჩვენი საზოგადოებისთვის. ჩვენ მზად ვართ თქვენთან ერთად ავიღოთ პასუხისმგებლობა და ბოლომდე ვიბრძოლოთ იმისათვის, რომ ქვეყანას შევუნარჩუნოთ თუნდაც მცირე თავისუფალი სატელევიზიო სივრცე , რომელიც იმუშავებს მაყურებლის, ხალხის ინტერესების და არა ხელისუფლების სურვილების დასაკმაყოფილებლად. ჩვენ მზად ვართ მივიღოთ ხელისუფლების გამოწვევა და ვიბრძოლოთ არა მხოლოდ ტელეკომპანიის გადასარჩენად, არამედ მის განსავითარებლად. მივმართავთ ხელისუფლებას და მოვითხოვთ მისგან, შეწყვიტოს ბიზნესმენებზე ზეწოლა და მისცეს მათ საშუალება თავად გადაწყვიტონ, რა სჯობს მათი ბიზნესისთვის. ხელი აიღოს ტერორის პოლიტიკაზე თავისუფალი მედიის დევნაზე. მივმართავთ ბიზნესმენებს, რომლებიც ძლიერი ზეწოლის ქვეშ არიან – გაუძლონ ამ ზეწოლას და იმოქმედონ ისე, როგორც საკუთარი სინდისი და ქვეყნის წინაშე პასუხისმგებლობა უკარნახებს. ვერცერთი ხელისუფლების გულმოწყალება და კეთილგანწყობა ვერ გადაწონის საზოგადოების სიყვარულს და მხარდაჭერას, მითუმეტეს, რომ ხელისუფლების კეთილგანწყობა წარმავალია, მისი მადა კი სწრაფად მზარდი.მადლობას ვუხდით ჩვენს პარტნიორებს, რომლებმაც თავი ვალდებულად ჩათვალეს ჩვენთვის შეეტყობინებინათ ხელისუფლების ქმედებების და განზრახვის შესახებ. მადლობას ვუხდით მათ, ვინც დღემდე კვლავ ჩვენს პარტნიორად რჩება.რეალობა გვავალდებულებს სიტუაციიდან ეფექტური გამოსავალი მოვძებნოთ და მოსალოდნელ პრობლემებს მომზადებული შევხვდეთ. ამიტომ, ჩვენ ვმუშაობთ ეფექტურ მექანიზმზე, რომელიც საზოგადოებას საშუალებას მისცემს პირდაპირი გზით და გამჭვირვალედ მიიღოს მონაწილეობა ტელეკომპანია „კავკასიის\" დაფინანსებაში და გადარჩენა–განვითარებაში. უკვე მზად გვაქვს რამდენიმე პროექტი, რომლებსაც საზოგადოებას უახლოეს მომავალში გავაცნობთ. წლების განმავლობაში, როცა ტელეკომპანია „კავკასიას\" ფინანსური ბლოკადის გამო პრობლემები ექმნებოდა, ჩვენი მაყურებელი მუდმივად გამოთქვამდა სურვილს, მონაწილეობა მიეღო ტელეკომპანიის დაფინანსებაში. იმის, გამო რომ ტელეკომპანია თავის არსით მაინც ბიზნესსტრუქტურაა, ჩვენ უარს ვამბობდით ამ ტიპის თანამონაწილეობაზე. თუმცა დღეს კლასიკური სქემებით და სტანდარტებით აზროვნების და მოქმედების ფუფუნება არ გვაქვს. უკიდურეს ვითარებაში ჩვენ დახმარებისთვის ჩვენს მაყურებელს მივმართავთ. თუმცა ჯერ კიდევ ვიტოვებთ იმედს, რომ საქმე აქამდე არ მივა. კიდევ ერთხელ მოვუწოდებთ ხელისუფლებას, შეწყვიტოს ბიზნესმენების ტერორი, ვინაიდან ამ გზით ის მიზანს– ტელეკომპანია „კავკასიის\" გაკოტრება – განადგურებას ვერ მიაღწევს. ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ იმისათვის, რომ არა ხელისუფლებამ, არამედ საზოგადოებამ გადაწყვიტოს – უნდა იარსებოს ტელეკომპანია „კავკასიამ\" თუ არა. რატომღაც გვგონია, რომ საზოგადოება ამ კითხვაზე დადებით პასუხს გასცემს. საკუთარ საზოგადოებაზე გამარჯვებული ხელისუფლება კი ისტორიას არ ახსოვს.
http://www.kavkasiatv.ge/ge/main.php?id_news=50
ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ იმისათვის, რომ არა ხელისუფლებამ, არამედ საზოგადოებამ გადაწყვიტოს – უნდა იარსებოს ტელეკომპანია „კავკასიამ\" თუ არა. რატომღაც გვგონია, რომ საზოგადოება ამ კითხვაზე დადებით პასუხს გასცემს. საკუთარ საზოგადოებაზე გამარჯვებული ხელისუფლება კი ისტორიას არ ახსოვს.
შენ როგორ გადაწყვეტ-უნდა იარსებოს ტელეკომპანია კავკასიამ თუ არა?
|