|
...
არ ვიცი გულს რა ვუბრძანო-გაჩერდი?! ნუ ფართხალებ?! სისულელეა! გულის გაჩერებას ვერავინ ვერ გრძნობს, ეს სიკვდილია- გარდამავალი წუთი თუ წამი სააქაოსა და საიქიოს შორის. გაჩერება სიკვდილია. არა , სიკვდილი არა! ქართველებს არაჩვეულებრივი სიტყვა გვაქვს-გარდაცვალება! ანუ სახეცვლილება, გარდასვლა დაბალი იერარქიიდან მაღალში, სააქაოდან საიქიოში.გულის გაჩერება სააქაო მატარებლის ბოლო გაჩერებაა, გაათავისუფლეთ ვაგონები.... კარგია, ძალიან კარგია, როცა იცი ამ არეული ცხოვრების შემდეგ რა გელოდება - სამუდამო სასუფეველი, სიმშვიდე, სიწყნარე, სულის სილაღე... დაიღალა სული ამდენი ტყუილით, ღალატით, პირფერობით.კივის, გაქცევა უნდა...მაგრამ სად წავა, სანამ მისი დროებითი ჭურჭელი ცოცხალია. იცოცხლე, სააქაო მატარებლის ბოლო გაჩერებაზე გალაღდება, მოშორდება მძორს და გათავისუფლდება...რა კარგია თავისუფლება...ვინც საიქიო ნახა უკან არავინ დაბრუნებულა, ვისაც ცალი თვალით შეახედეს-ისიც ისეთ სილამაზეზე ლაპარაკობს, იქით მოგინდება... მოგინდება? ეგრე არ არის! სანამ ბოლო გაკვეთილს არ მოისმენ და ბოლო გამოცდას არ ჩააბარებ, ბოლო გაჩერებამდე არავინ მიგიშვებს...რა გამოცდას? ნუ გეცინება! ჩვენ ყველანი სკოლაში დავდივართ. ჩვენი ცხოვრება -ჩვენი სკოლაა, ვსწავლობთ და გამოცდებს ვაბარებთ- ვინ როგორ, და ამის და მიხედვით საიქიოშიც იმ იერარქიაში მოვხვდებით, რომლის გამოცდებსაც აქ ჩავაბარებთ. ყველაფერი გამოცდაა, ყველა წუთი,წამი, ყოველი სიტყვა, გამოხედვა, ქცევა...ღმერთმა ყველას კარგად ჩაგვაბარებინოს . ძნელია ისე იცხოვრო, ათი მცნება რომ არ დაარღვიო,კაცს თუ არ მოკლავ-იმრუშებ, მშობელს თუ პატივს სცემ-ლოყას არავის მიუშვერ, რადგან მარჯვენაში გამარტყი,ახლა მარცხენაშიც შემომილაწუნეო...ძნელია. ერისკაცებისთვის კი არა ბერისკაცებისთვის არის ძნელი უცოდველობა. ერთი უფალი იყო უცოდველი და ისიც ჩვენმა ცოდვებმა ჯვარს აცვეს... ძნელია, მაგრამ მადლობა უფალს ყველაფრისათვის.მადლობა, რომ \"ცოდვათა შინა მშვა მე დედამან ჩემმან\", რომ დავიბადე დედაჩემის და მამაჩემის ოჯახში, რომ ასეთი უტკბილესი ბებია-ბაბუა მყავდა, რომ უმაგრესი ძმა მყავს თავისი ლამაზი ოჯახით, უდიდესი მადლობა ჩემი მარიამისთვის, ჩემი ბუბუსთვის, ჩემი უსაყვარლესი არსებისათვის, რომელიც სიგიჟემდე მიყვარს და მენატრება. ეს არის ადამიანი, რომელმაც ჩემი ცხოვრება 180 გრადუსით შეცვალა,რომელიც უფლის შემდეგ ყველაზე ძალიან მიყვარს და მინდა ყველაზე მაგარი, ჯანმრთელი, ლამაზი, ბედნიერი,ღვთის მოყვარული და ღვთისგან დაფარული იყოს.ღმერთო, შეეწიე და დაიფარე ყოველგვარი ცუდისგან! მიეცი ძალა ცხოვრების, დაიფარე ყოველგვარი განსაცდელისაგან, ამინ!!! მარტო მარიამისთვის ღირდა მოსვლა ამქვეყნად. ჩემთვის ყველაფერი არაფერია, როცა მარიამზე ვფიქრობ, ეს მისთვის, მისი მომავლისთვის შემიწირია. ჩემი მეგობრებისთვის და ჩემი ბიძაშვილ - მამიდაშვილებისთვისაც დიდ მადლობას გწირავ, უფალო. მე ბედნიერი ვარ , რომ ასეთი ადამიანები მყავს გარშემო, ადამიანები, რომლებსაც არაფრისთვის ვუყვარვარ, მხოლოდ იმიტომ, რომ მე მე ვარ. იხაროს ყველამ, ყველა გააძლიერე, უფალო! გამაძლიერე მეც, მომეცი ძალა ცხოვრების, გამაძლებინე უამათოდ ამ უცხო მხარეში, უცხო რჯულში, უცხო გარემოში. უცხო, უცხო, უცხო-ეს არაა საუცხოო! მეტიჩრები ვართ ქართველები, რატომ არის ყველაზე კარგი საუცხოო? რა აქვთ ამათ კარგი? ლაპარაკი? ქცევა? ადათი? დედა-შვილობა? და-ძმობა? სიყვარული? მეგობრობა? სტუმართ-მასპინძლობა? სიმღერა? ცეკვა? ქეიფი და დროსტარება? ღვინო? სუფრა? სამზარეულო? ქალები? კაცები? ა რ ა ფ ე რ ი !!! ღმერთმა არაფერი გაიმეტა ამათთვის ფულის გარდა! ჩვენთან რომ დედა-შვილობა, სიყვარული , მეგობრობა, სიმღერა, დროსტარება, სტუმართ-მასპინძლობა იციან,ჩვენთან რაც ლამაზი ქალი და კაცი დადის, ამათ არც მოელანდებათ. რა იციან ამათმა ღვინის და საჭმლის გემო?... ღმერთო, გააძლიერე საქართველო და ქართველობა! ყველა ქართველი დააბრუნე თავის კერიაზე და ტკბილად დააბერე თავის შვილებთან. ღმერთო, შეეწიე ყველას და მეც მათ შორის. ჩვენ ეს ყველას გვჭირდება.
ბუბუსუნა 7/2/ 2008.
|