|
ბატონო არჩილ, რა პერსპექტივა იკვეთება აშშ-ს პრეზიდენტ ჯორჯ ბუშის განცხადების შემდეგ, რომელმაც პრაქტიკულად გამოაცხადა საქართველოსათვის სამხედრო-ჰუმანიტარული დახმარების შესახებ? _ პრეზიდენტ ბუშის ეს განცხადება აშშ-ს მხრიდან საქართველოში არსებული ვითარების პროცესში ჩართულობის ხარისხის გაზრდას ნიშნავს. ეს განცხადება თვისობრივად განსხვავდება ყველა სხვა განცხადებებისაგან. წინა განცხადებებში გამოითქმოდა შეშფოთება შექმნილ ვითარებასთან დაკავშირებით. ამ განცხადებებში გამოითქმებოდა წუხილი, იმედი. ამ შემთხვევაში აშშ-მ მიიღო გადაწყვეტილება რა უნდა გააკეთოს და პრაქტიკულად ამას რუსეთს არც ეკითხება. პრეზიდენტმა ბუშმა განცხადება სახელმწიფო მდივნისა და თავდაცვის მინისტრის თანხლებით გააკეთა. განცხადებამდე საქართველოს საკითხი აშშ-ს ეროვნული უსაფრთხოების საბჭომ განიხილა, რაც იმას ნიშნავს, რომ აშშ საქართველოში არსებულ ვითარებას საკუთარი ეროვნული უსაფრთხოების რანგში განიხილავს. მას კარგად ესმის, რომ თუ ახლა არ მოხდა რუსეთის შეჩერება, შემდეგ მოსკოვი მსოფლიოს დიდ პრობლემებს შეუქმნის. ეს ხდება იმის ფონზე, როცა რუსეთმა მოკლა აფხაზეთის კონფლიქტთან დაკავშირებით გერმანიიის ინიციატივა, შტაინმაიერის გეგმა, პრაქტიკულად ყველანაირად დაამცირა გერმანია როგორც ქვეყანა და დასავლეთის მცდელობა. დღეს ჩვენ ვხედავთ იმას, რომ საფრანგეთის პრეზიდენტ სარკოზისთან პომპეზურად შეთანხმების გამოცხადების შემდეგ რუსეთმა პირობა დაარღვია და იგნორირება გაუკეთა არა მარტო საფრანგეთს, არამედ ევროკავშირს, რომლის პრეზიდენტის მოვალეობას დღეს საფრანგეთის პრეზიდენტი სარკოზი ასრულებს. თავისი მოქმედებით რუსეთმა დასავლეთს დაანახა, რომ იგი დასავლეთს ანგარიშს არ უწევს და გორში შეუშვა მაროდიორები და მათ ქართული სოფლების დაწვისა და ძარცვის საშუალება მისცა, თავად კი ქვეყნის ინფრასტრუქტურას თანმიმდევრულად ანადგურებს, მიუხედავად იმისა, რომ ვითარების შესაცვლელად მთელი თავისი ავტორიტეტის ინვესტიცია მოახდინა საფრანგეთმა და ევროკავშირმა. ასეთ ფონზე მიიღო ბუშმა გადაწყვეტილება საქართველოში მოავლინოს სახელმწიფო მინისტრი კონდოლიზა რაისი. რაისი პარიზში სარკოზის შეხვდება. ამით დასავლეთი მოსკოვს ატყობინებს იმის შესახებ, რომ საქართველოს საკითხში ევროატლანტიკურ ქვეყნებში სრული თანხმობაა, ამერიკა და ევროპა ერთ პოზიციაზე დგანან და კოორდინაციის მაღალი ხარისხით მზად არიან ჩაერთონ ამ პროცესში თავისი სამხედრო ინფრასტრუქტურით. აშშ მზადაა ჩაერთოს საქართველოში შექმნილ ვითარებაში და სამხედრო-ჰუმანიტარული დახმარება განახორციელოს არა მარტო საჰაერო, არამედ საზღვაო ძალებით. რუსებისთვის ეს არ არის რაღაც ეპიზოდი, ეს არის კარგად გათვლილი გეგმის ნაწილი, მაშინ ამას უნდა მოყვეს სხვა ქმედითი ღონისძიებები, რომელიც რუსებისთვის გასაგებ ენაზე განხორციელებული მხარდაჭერა იქნება. რუსებისთვის გასაგები ენა, როგორც ჩანს მხოლოდ ძალის ენაა. აშშ დარწმუნდა, რომ რუსებს დიპლომატიური ენა არ ესმის და ეს ის ენაა, რომლითაც რუსებს უნდა ესაუბრო. თუმცა ეიფორიაში არ უნდა ჩავვარდეთ და არ ვიფიქროთ, რომ ბუშის ამ ერთი განცხადებით ყველაფერი დამთავრდა. იმედი უნდა გამოვთქვათ, რომ ამას მოყვება ამ ენაზევე მზარდი ქმედებები, რაც საბოლოო ჯამში პოზიტიურად იმოქმედებს ვითარების კალაპოტში ჩასაყენებლად.
|