|
. ადამიანი იმ საღვთო დიდებაში უნდა დარჩენილიყო, რომელიც ღვთისაგან ებოძა და შეენარჩუნებინა ის ჭეშმარიტი სიმაღლე, როცა საღვთო ძალითა და ღვთაებრივი სიბრძნით ძლიერდებოდა. მაგრამ საღმრთო დიდების ძიების სურვილი შეცვალა და ისეთი რამის ძიება დაიწყო, რასაც ვერასოდეს მისწვდებოდა. ამიტომ წარწყმიდა ისიც, რაც ჰქონდა. ახლა კი, მისი სენის საკურნებელი მხოლოდ სათნო ცხოვრება და სიმდაბლეა. კაცი ამაო დიდებას კი არ უნდა ეძებდეს, არამედ ღვთაებრივს, რათა თავისი შეცდომა გამოასწოროს, განიკურნოს და პირველ მდგომარეობას დაუბრუნდეს. ეშმაკი, რომელმაც კაცი ამაო დიდებამდე დასცა, ისევ არ სცხრება მის საცდუნებლად. ის ყოველ ღონეს ხმარობს ამისათვის. წარმოუსახავს სხვადასხვაგვარ ფუფუნების საგნებს, რათა ადამიანის ყოველგვარი მცდელობა მისი მოპოვებისაკენ მიმართოს. ის, რაც არაფრად სადიდებელია, დიდია დასაცემად; სიმდიდრის დაგროვება კი ანგარების საქმეა. იგი აბრმავებს კაცს, ცუდად აღამაღლებს, ასიებს - არ სიჯანსაღის გამო, არამედ ხორცკეთილობისაგან. სქელია ამგვარი სხეული ათასგვარი სნეულებით, სავსეა მათი სულები ამპარტავნებით. არიან ადამიანები, რომლებიც არა მარტო სიმდიდრის გამო არიან ამპარტავნებაში, არა მხოლოდ ბრწყინვალე ტრაპეზის გამართვის შესაძლებლობით, სამოსელთა მშვენიერებითა და სხვა მსგავსით იწონებენ თავს, არამედ სხვათა მიერ ბოძებული პატივითაც. თუკი ერისმთავარნი გახდებიან, ან სხვა რაიმე თანამდებობას მიიღებენ, გოროზდებიან და ქვეშევრდომებს თრგუნავენ, ვითომც კაცის ბუნებაზე უფრო აღმატებულნი იყვნენ, თითქოს ღრუბლებზე იმყოფებოდნენ. და რომელთაგან პატივი მიიღეს, სწორედ მათზე მძვინვარებენ, რომელთა მიერ განიდიდნენ, მათვე შეურაცხოყოფენ და უგუნურებით სავსე საქმეს სჩადიან. ასეთი ადამიანების დიდება სიზმარზე უუძლურესია, ღამის აჩრდილზე უფრო ამაო ბრწყინვალება ჰმოსავთ, რადგან იგი წამოსყოფით არის შექმნილი და წამისყოფითვე განქარდება. ზოგჯერ კაცს აამპარტავნებს სხეულის სიძლიერე, ახალგაზრდობა, რაც სენთა მიერ შეიძლება განირყვნას და ჟამთა სიავით გაიხრწნას. არ იციან მათ, რომ „ყოველივე ხორცი თივაჲ არს და ყოველივე დიდებაჲ კაცისა - ვითარცა ყვავილი თივისაჲ. განხმეს თივაჲ იგი და ყვავილი დასცვივის“ ; ამაოდ ამაყობდნენ თავიანთი ძალით - უგუნური ფილისტიმელი, სახელად გოლიათი, ღვთის მებრძოლი , გამედიდურებული ადონია , და მშვენიერ თმათა გამო მოქადული აბესალომი .
კაცთა შორის ფილოსოფოსობა დიდად ითვლება, მაგრამ მისი სიმაღლე ამაო, არაჭეშმარიტი და არარაობაა, თუკი ადამიანის მიერ არის შეთხზული და საღმრთო სიბრძნეს არ ერთვის. ამა სოფლის სიბრძნეს ყველაზე უკეთ ეშმაკი ფლობს. თან ყოველი ღონე იხმარა და თავისი ბოროტი სიბრძნით აცდუნა კაცი, თუმცაღა, მისივე სავნებელად მოხდა ეს, რადგან ღმერთს სრულად განეშორა და საუკუნო სიკვდილით დაისაჯა, ხოლო კაცი შემოქმედს ვერ მოსწყვიტა. იმ მახეში, რომელიც უფალს დაუდგა, თავად გაება; რომელსაც ეგონა, ჯვარცმით მაცხოვარს ევნებოდა, თავად ივნო; და იმ სიკვდილით, რომლითაც სურდა ძე ღვთისა მოეკლა, თვით მოკვდა. და თუკი მთავარი ამა სოფლისა, პირველი, დიდი და უხილავი ამაო სიბრძნის მოძღვარი, თავისივე სიბრძნით დაეცა და უკანასკნელ უგუნურს ემსგავსა, უარეს დღეში არ აღმოჩნდებიან მისი მოწაფენი, რომელთაც ბრძენი ჰგონიათ თავი, თუმცაღა, სულელთ ემსგავსებიან?.. ადამიანი თუკი გამოიძიებს, მიხვდება რომ ამაო და მდაბალია კაცობრივი სიბრძნე.
|