|
კა-გე-ბეს გადამდგარი გენერლის აღსარება 2009 წლის 07 02, შაბათი - 12:08
მიუხედავად იმისა, რომ საბჭოთა კავშირი პოლიტიკური რუკიდან კარგა ხანია, გაქრა, არასასურველი სუბიექტების საბჭოთა კა-გე-ბე-ს მეთოდებით მოცილება მაინც აქტუალურია. ერთხანობას ოპოზიცია იმასაც ამტკიცებდა, რომ “ვარდების რევოლუციის” შემდეგ ქვეყანაში ახალი “37 წელი” დაიწყო, თუმცა გადამდგარი გენერალი, რომელსაც საბჭოთა სპეცსამსახურში მაღალი თანამდებობები ეკავა და რომელმაც, გარკვეული მიზეზების გამო, ვინაობის გამხელა არ ისურვა, დღევანდელობასა და 1937 წელს შორის მსგავსებას ვერ ხედავს:
_ დღეს რეპრესიები კი არ არის, არამედ ხალხი გასულელდა, რადგან ყველაფერს ხმამაღლა ამბობს და გაზეთში წერს. ეს როგორ შეიძლება? გაიძახიან, საქართველოს უშიშროება არ ჰყავსო. უშიშროება კი გყვავს, მაგრამ ის მაშინ იქნება ძლიერი, როცა ფული ექნება. _ კა-გე-ბე-ში მუშაობა ნებით დაიწყეთ თუ ვინმემ გაიძულათ? _ საშუალო სკოლა 1941 წელს დავმათვარე. სიმწიფის ატესტატი სწორედ იმ დღეს ავიღე, როცა დიდი სამამულო ომი დაიწყო. მართალია, 16 წლის ვიყავი, მაგრამ მე და რამდენიმე ჩემმა თანატოლმა “პლეხანოველმა” ბიჭმა ჰიტლერის დამარცხება გადავწყვიტეთ და კომისარიატში მივედით, მაგრამ კომისარმა გვითხრა, ბავშვებო, საომრად არ გამოგვადგებით და “პავესტკების” დარიგებაში მოგვეხმარეთო. _ დასთანხმდით? _ არა... იმავე წელს ფილოსოფიურზე ჩავაბარე. მეორე კურსზე რომ ვიყავი, სამხედროში გამომიძახეს და მითხრეს, სამხედრო სავალდებულო სამსახურს სახელმწიფო უშიშროების სახალხო კომისარიატში მოიხდიო. სხვათა შორის, მამაჩემი 1937 წელს დახვრიტეს. _ რატომ? _ არ ვიცი. კა-გე-ბე-ს არქივში მისი დახვრეტის დოკუმენტს ვერ მივაგენი, უფრო სწორად, მხოლოდ ერთწინადადებიანი ცნობა აღმოვაჩინე _ “გარდაცვლილია ციხეში”... სახელმწიფო უშიშროების კომიტეტში სამუშაოდ “შესწავლის” გარეშე გამაგზავნეს, ანუ ანკეტის შევსებისას დავწერე, მამა არ მახსოვს და არ ვიცი, როდის გარდაიცვალა, რადგან ჩემი მშობლები ერთად არ ცხოვრობდნენ-მეთქი. ჩემს გულწრფელობაში ეჭვი არ შეუტანიათ და პირდაპირ “ენკაგებეს” თბილისის სკოლაში ჩამრიცხეს. მაშინ საბჭოთა “ენკაგებეს” ლავრენტი ბერია ხელმძღვანელობდა, საქართველოსას კი _ ავქსენტი რაფავა.
_ “ენკაგებეს” სკოლაში რას გასწავლიდნენ? _ ოპერატიული ინფორმაციის მოპოვებას, რომელიც მთელი ხელოვნება და ფილოსოფიაა. _ ოპერატიული ინფორმაციის მოპოვებისას მთავარი რა არის? _ პირთან, ვინც საჭირო ინფორმაციას ფლობს, კარგი ურთიერთობის დამყარება... _ ბატონო გენერალო, გახსოვთ, პირველი ოპერაცია, რომელიც დამოუკიდებლად ჩაატარეთ? _ (ამაყად) ცხადია, მახსოვს. 1943 წელს გერმანელებმა ტყიბულში, ვანსა და ოზურგეთში “დესანტი” ჩამოსხეს. “პრიკაზი” მივიღეთ და იმ ადგილებს, სადაც “დესანტი” იყო, ალყა შემოვარტყით. “დესანტებში” ქართველებიც იყვნენ. მართალია, ისინი მხარს ჰიტლერს უჭერდნენ, მაგრამ ბოლოს მაინც ჩვენს მხარეს დადგნენ, გერმანელები განაიარაღეს და ჩაგვაბარეს... “ენკაგებეს” სკოლის დამთავრების შემდეგ, სადაც სულ ერთ წელიწადს ვსაწვლობდი, მუშაობა ჩოხატაურში დავიწყე. მაშინ ჩოხატაურის ტყეებს თავს ბევრი ფირალი აფარებდა და მათი უმეტესობაც მხარს ჰიტლერს უჭერდა, თუმცა ზოგიერთი შემოვირიგე. უშიშროების დაუწერელი კანონია, შემორიგებულს ხელი აღარ უნდა ახლო... ფირალი გიგინეიშვილი რამდენიმე თვის შემორიგებული მყავდა, რომ მითხრეს, თბილისში წაიყვანე, უნდა გაასამართლონო. გიგინეიშვილს ბორკილები დავადე და თბილისისკენ წამოვედით. სამტრედიაში ბიძაჩემს შევუარე, გიგინეიშვილს ხელები გავუხსენი და მასთან ერთად გემრიელად ვიქეიფე, თუმცა თბილისში რომ ჩამოვედით, ბოდიში მოვუხადე და ისევ ბორკილები დავადე. სასამართლომ მას შვიდი თუ რვა წელი მიუსაჯა, მაგრამ ერთ-ერთ კოლონიაში მომარაგების უფროსად დავანიშნინე... _ ანუ, “გადაიბირეთ”? _ არა. _ საერთოდ, ბევრი “დაგივერბოვკებიათ”? _ (ამაყად) დიახ, მათ შორის, ამერიკელებიც, გერმანელებიც, ფრანგებიც და ირანალებიც... ფილმი _ “საკდესი უფლებამოსილია შეგატყობინოთ” ჩემი კონსულტანტობით არის გადაღებული. საბჭოთა კავშირის დროს ყველა წერილს ვხსნიდით და ვკითხულობდით. საამისოდ კა-გე-ბე-ში სპეციალური განყოფილება არსებობდა. მოკლედ, ერთხელ აღმოვაჩინეთ, რომ სოხუმიდან გამოგზავნილი წერილი დაშიფრული იყო. მთელი სოხუმი გადავატრიალეთ, მაგრამ ვერაფერს მივაგენით. _ წერილის ადრესატი ვინ იყო? _ ამერიკელი. სოხუმში ათასობით ადამიანი ისვენებდა. თითქმის ყველა “პოჩერკი” შევამოწმეთ. ბოლოს, აეროპორტში მივედი და იმ მგზავრთა მონაცემები შევამოწმე, ვინც სოხუმში იმ დღეებში ჩამოფრინდა და მათზე მთელი საბჭოთა კავშირის მასშტაბით ზედამხედველობა დავაწესე. სხვათა შორის, ქართველებისთვის ყურადღება არ მიმიქცევია... სასურველ პიროვნებას ლენინგრადში მივაგები, ის გვარად აგაროდნიკოვი იყო და “ცერეუზე” მუშაობდ. დიდხანს ვუთვალთვალებდით. ერთხელაც, ბუჩქებში რაღაც ჩააგდო. რამდენიმე საათში ზუსტად იმ ადგილას სამი ამერიკელი დიპლომატი მივიდა, მათგან ერთ-ერთი ქალი იყო, რომელმაც დაკავებისას ჩემი თანამშრომელი ძაღლივით დაკბინა... აგაროდნიკოვმა ყველაფერი აღიარა და ვიდრე დაკითხვის ოქმზე ხელს მოაწერდა, გამომძიებელს სთხოვა, თუ შეიძლება, ჩემი პასტა მომეცით და ხელს იმით მოვაწერო. გამომძიებელმა შეცდომა დაუშვა და კალმისტარი მიაწოდა. აგაროდნიკოვმა პასტა პირთან მიიტანა და მაშინვე მოკვდა. როგორც გავარკვიეთ, კალმისტრის თავში საწამლავი იყო ჩასხმული...
_ ბატონო გენერალო, ქალი აგენეტები გყავდათ? _ დიახ. _ მათი უმეტესობა, ალბათ, იაფასიანი მეძავი იყო, არა? _ როგორ გეკადრებათ! მეძავებს იშვიათად ვიყენებდით, რადგან მათზე კომპრომატებს ვერ შევაგროვებდით, სხვანაირად კი ისინი ინფორმაციას არ მოგვცემდნენ. სხვათა შორის, კა-გე-ბე-სთან ხანდახან ქურდებიც თანამშრომლობდნენ. ერთ საქმეში სამი თბილისელი “კარმანშჩიკი” გამოვიყენე. მაშინ შს მინისტრი, თუ არ ვცდები, ვარლამ შადური იყო. მასთან მივედი და ვუთხარი, ორი-სამი სანდო ჯიბის ქურდი მჭირდება-მეთქი. მეორე დღეს სამი “კარმანშჩიკი” მართლა მომიყვანეს. მათ ავუხსენი, რომ ამერიკელი “რაზვეტჩიკებისთვის” რადიაციული აპარატურა უნდა მოეპარათ. იმ დღეებში ამერიკელები ბათუმში წავიდნენ და ჩვენც თან გავყევით, მაგრამ “კარმანშჩიკებმა” გამომიცხადეს, აჭარის შს მინისტრის შელიას შიშით ხელს ვერ გავანძრევთო, თუმცა რკინიგზის სადგურში ისეთი სიტუაცი შევქმენი, რომ ბიჭებმა ამერიკელები პირწმინდად გაასუფთავეს...
_ კა-გე-ბე სექსუალურ ინტრიგებსაც აწყობდა? _ არ უარვყოფ: ყოფილა შემთხვევა, რომ ობიექტთან მეძავი ან “პედერასტი” შეგვიგზავნია. მახსოვს, ერთ ინგლისელს “პედერასტი” შევუგზავნეთ და ყველაფერი გადავიღეთ. _ ჰომოსექსუალისტები კა-გე-ბე-ს შტატიანი თანამშრომლები იყვნენ? _ არა, მათ მხოლოდ მაშინ ვეძახდით, როცა გვჭირდებოდა და თითო გამოძახებაში 300-400 მანეთს ვუხდიდით, თუმცა გადმობირების ამ მეთოდს იშვიათად ვიყენებდით... _ ბატონო გენერალო, კა-გე-ბე-ში მუშაობა იმ დროს დაიწყეთ, როცა ამ უწყებას ლავრენტი ბერია ხელმძღვანელობდა. “დიდი მეგრელს” პირადად იცნობდით? _ (ამაყად) მხოლოდ ბერიას კი არა, სტალინსაც ვიცნობდი! სტალინს 1945 წლის თებერვალში იალტის კონფერენციაზე შევხვდი. რუზველტსა და ჩერჩილს კი თვალი შორიდან მოვკარი. იალტის კონფერენციას საბჭოთა უშიშროება იცავდა. მე “ბაიდარსკი ვაროტას” ვმეთვალყურეობდი, რომელიც იალტიდან ოდნავ მოშორებით არის. ერთ საღამოს აღმოვაჩინე, რომ ვიღაცები გადამცემს ამონტაჟებდნენ, მათ ზედამხედველობას გენერალ-ლეინტენანტი უწევდათ, რომელიც გამომელაპარაკა და ქართულად მკითხა, ქართველი ხომ არ ხარო. დავეთანხმე. მოგვიანებით გავიგე, რომ ეს კაცი კრემლის კომენდანტი ეგნატაშვილი იყო. მოკლედ, ეგნატაშვილმა მითხრა, აქ რა გინდა, იალტაში მივდივარ და ჩემთან ერთად წამოდიო. გენერალი ეგნატაშვილი ყოველ დღე ყავას და კონიაკს მასმევდა. მანმადე არ ვიცოდი, ყავა რა იყო... ერთ დილას ეგნატაშვილმა სიმფერეპოლის აეროპორტში წამიყვანა. ვდგავარ და სიგარეტს ვეწევი. უცებ დავინახე, რომ ათ მეტრში სტალინი, მოლოტივი და ვოროშილოვი საუბრობენ. ჩემდაუნებურად სიარული “ზადნი ხოდით” დავიწყე, მაგრამ ამ დროს ვოროშილოვმა დამიძახა, “მალადოი ჩელოვეკ, მოჟნა ნა მინუტო”. მაშინვე მასთან გავჩნდი. მოლოტოვმა მთხოვა, რომ ბორჯომი მიმეტანა... აეროპორტის მოსაცდელში გავვარდი, ორი ბოთლი ბორჯომი, სამი ჭიქა, გასახსნელი ავიღე და უკან დავბრუნდი, მაგრამ სამეულს რომ მივუახლოვდი, ისევ დავიბენი. მდგომარეობიდან მოლოტოვმა გამომიყვანა და მირჩია, ბოთლები მიწაზე დამელაგებინა. რჩევა შევასრულე და სამივეს ჭიქები ჩამოვურიგე. მოლოტოვმა თვალით მანიშნა, რომ ბორჯომი პირველად სტალინისთვის დამესხა. ამის შემდეგ სტალინმა მკითხა, “კაკ დელაო”. “ვსიო პარიადკე”-მეთქი, მივუგე და სტალინმა უცებ ქართულად მკითხა, ბიჭო, ქართველი ხარო? დიახ, იოსებ ბესარიონოვიჩ, ქართველი ვარ-მეთქი, _ მივუგე. სტალინმა გაიცინა, კარგი ბიჭი ამიტომაც ხარ და შენი იმედი მაქვსო. სტალინი ზუსტად 10 წუთს მელაპარაკა. ამასობაში თვითმფრინავიც მოვიდა და ტრაპზე რუზველტი “კალიასკით” ჩამოიყავნეს...
37 წელს დახვრეტილთა უმრავლესობის რეაბილიტაციის საქმემ ჩემს ხელში გაიარა და არ უარვყოფ, სტალინის დროს რეპრესიები მართლა იყო, მაგრამ მაგალითად, მიხეილ ჯავახიშვილი, რომლის რეაბილიტაციაც მე მოვახდინე, სტალინმა კი არა, ჩეკამ დახვრიტა. მოწმე ნაცვლიშვილმა მითხრა, რომ მწერლის გამომძიებელი აბაშიძე იყო. ლავრენტი ბერიას კაბინეტში მიხეილ ჯავახიშვილი სწორედ მას შეუყვანია. კაბინეტიდან გამოსული აბაშიძისთვის ნაცვლიშვილს უკითხავს, “ნუ კაკ, ონ პრიზნალსია”? აბაშიძეს უპასუხია _ “ტი შტო, სნიმ სდელალი. ესლი ვი სნიმ სდელალი, ნი ტოჟე პრიზნალი”... ბერია მაგიდაზე მჯდარა, მიხეილი _ სკამზე და პენსნე ჰკეთებია. მოულოდნელად ბერიას სკამისთვის ფეხი უკრავს, მწერალს პენსნე დავარდნია და მის ასაღებად დახრილა. ბერიას ჯავახიშვილისთვის ფეხით უცემია... მიხეილ ჯავახიშვილის დახვრეტის შემდეგ გამომძიებელი აბაშიძეც დახვრიტეს, ალბათ, შეეშინდათ, რომ ზედმეტი არაფერი ეთქვა...
_ 1937 წელს დახვრეტები თბილისში ხორციელდებოდა? _ დიახ. ხალხს, როგორც ვიცი, ორთაჭალის ციხის უკანა ეზოში ხვრეტდნენ. _ ბატონო გენერალო, ამბობენ, რომ ბერიას თბილისში საიდუმლო გვირაბი ჰქონდა, რომელიც სათავეს ჩიტაძის ქუჩაძეზე, ყოფილი კომკავშირის ცეკას და ახლანდელი სახალხო დამცევლის ოფისის ქვეშ იღებს... _ ბერიას გვირაბი მართლა ჰქონდა, რომელიც მეტროს ერთ-ერთ სადგურს უერთდება, მაგრამ მან ამ გვირაბის დამთავრება ვერ მოასწრო... _ ამბობენ, რომ ცნობილი მწერლები და საზოგადო მოღვაწეები კა-გე-ბე-ს თანამშრომლები იყვნენ... _ ამ თემებზე ლაპარაკისა და ლუსტრაციის კანონის მიღების წინააღმდეგი ვარ, რადგან ამ ხალხს შვილები და შვილიშვილები ჰყავს... _ ცნობილ ადამიანებს კა-გე-ბე-სთან თანამშრომლობას რატომ აიძულებდით? _ (გაბრაზდა) რას გეტყვით, იცით? “პიდისიატ ვოსემ დესიატიში” არასოდეს მიმუშავია, საზოგადო მოღვაწეებსა და ანტისაბჭოთა ხალხთან სწორედ ეს განყოფილება მუშაობდა...
კა-გე-ბე-ს გადამდგარი გენერლის თქმით, საბჭოთა სპეცსამსახურები ბევრ სულელურ ოპერაციას ატარებდნენ. ნიღბიანმა რესპოდენტმა ერთი კურიოზული ისტორია მიამბო: ბათუმში, სოფელ მარადიდთან, რომელიც ორად არის გაყოფილი და ნაწილი საქართველოს შემადგენლობაშია, ნაწილი კი _ თურქეთის, ქართველ მესაზღვრეებს, საზღვრის უკანონო დარღვევის საბაბით, ცოლ-ქმარი დაუკავებიათ. ქალს უთქვამს, ნენა, ძროხას ვეძებდით და რა ვიცი, ფეხი სად დავადგითო. ცოლ-ქმარი პატიმრობაში 20 დღეს ყოფილა, შემდეგ თურქებისთვის გადაუციათ და მათ გაუნთავისუფლებიათ...
|