|
ინფორმაცია სიტყვის თავისუფლების შესახებ საქართველოში 1. 2007 წლის 7 ნოემბერს, დაახლოებით 20.50 საათზე მოხდა შინაგან საქმეთა სამინისტროს სპეციალური დანიშნულების რაზმების დისლოკაცია ტელეკომპანია ,,იმედის~ მიმდებარე ტერიტორიაზე. მათ ალყაში მოაქციეს შენობა და საშუალება არ მისცეს ზემოაღნიშნული დაწესებულების თანამშრომლებს დაეტოვებინათ ტელეკომპანიის ტერიტორია. სამართალდამცავი ორგანოების წარმომადგენლებს ტელეკომპანიის ხელმძღვანელი პირებისათვის არ აუხსნიათ, თუ რის საფუძველზე მოხდა შენობაში მათი შეჭრა და არ წარმოუდგენიათ საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით დადგენილი წესით შესაბამისი ხასიათის იურიდიული დოკუმენტი. სპეციალური დანიშნულების რაზმის თანამშრომლებმა ჟურნალისტები იარაღის მუქარით აიძულეს დაწოლილიყვნენ იატაკზე, ჩამოართვეს მობილური ტელეფონები, მიაყენეს სიტყვიერი შეურაცხყოფა, დალეწეს აპარატურა, რის შემდეგაც მაუწყებლობა შეწყდა.
სამართალდამცავი ორგანოების თანამშრომლების ქმედება ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციის მე-19 და 24-ე, სისხლის სამართლის კოდექსის 154-ე, 156-ე, 161-ე, 222-ე და სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის XXIV-ე (ქონებაზე ყადაღის დადება) და XXXVIII (ამოღება და ჩხრეკა) თავებით გათვალისწინებულ მუხლებს. ასევე, მაუწყებლობის შესახებ კანონის 1-ლ მუხლს, რომელთა საფუძველზეც, მასობრივი ინფორმაციის საშუალებები თავისუფალია და დამოუკიდებელი, მათი ცენზურა დაუშვებელია;
2. 2007 წლის 13 ნოემბერს, საქართველოს…გენერალური პროკურატურის საგამოძიებო ნაწილის განსაკუთრებით მნიშვნელოვან საქმეთა გამომძიებელმა მ. ქაჯაიამ შპს ,,ტელეიმედის~ დირექტორს - ბ. ბარათაშვილს გადასცა თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის მოსამართლის გ. შავლიაშვილის 2007 წლის 7 ნოემბრით დათარიღებული ბრძანება, რომლის თანახმად, დაკმაყოფილდა გამომძიებლის შუამდგომლობა და ყადაღა დაედო თბილისში, ლუბლიანას ქ. #5-ში მდებარე შპს ,,ტელეიმედის~ ქონებას, ხოლო მესაკუთრესა და მფლობელს აეკრძალათ შპს ,,ტელეიმედის~ ქონების (მათ შორის, მის მფლობელობაში არსებული კერძო საეთერო მაუწყებლობის #B16 ლიცენზიის) განკარგვა და სარგებლობა (დანართი #1). განსაკუთრებით უნდა გაესვას ხაზი იმ გარემოებას, რომ ტელეკომპანია ,,იმედის~ ქონებისათვის ყადაღის დადება და მის მფლობელობაში არსებული კერძო საეთერო მაუწყებლობის ლიცენზიის განკარგვისა და სარგებლობის აკრძალვა, გამომძიებლის შუამდგომლობის თანახმად, გამოიწვია ,,არკადი პატარკაციშვილმა, როგორც შეთქმულებაში მონაწილემ, 2007 წლის 7 ნოემბერს, მის მიერ ფაქტობრივად კონტროლირებადი ,,ტელეიმედის~ საშუალებით გააკეთა განცხადება, რომელმაც უკიდურესი ვითარების ფონზე შექმნა მყისიერი და რეალური საფრთხე ვითარების კიდევ უფრო მეტად ესკალაციისა და სახელმწიფო ხელისუფლების დამხობისა, რაც წარმოადგენდა დედაქალაქში მიმდინარე მასობრივი არეულობის კიდევ უფრო გააქტიურების წაქეზებას~. დაუსაბუთებელია გამომძიებლისა და მოსამართლის ზემოაღნიშნული მოსაზრება, რომლის თანახმად, შპს ,,ტელეიმედის~ ქონება შეიძლება გამოყენებული ყოფილიყო სახელმწიფო ხელისუფლების წინააღმდეგ მიმართული ამბოხების ან სხვა რომელიმე განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის ჩასადენად და შესაბამისად, არ არსებობს საქართველოს სსსკ-ის 190-ე მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული საფუძველი ყადაღის დადების ღონისძიების გამოყენებისათვის.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, შპს ,,ტელეიმედისათვის~ მაუწყებლობის აკრძალვა წარმოადგენს საქართველოს კონსტიტუციის მე-19, 24-ე მუხლების (სიტყვის თავისუფლება), საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 154-ე, 156-ე, 222-ე მუხლების (ჟურნალისტისთვის პროფესიულ საქმიანობაში ხელის შეშლა, დევნა, ტელემაუწყებლობის ბლოკირება), ,,სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების შესახებ~ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის, ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-10 მუხლებით დადგენილ მოთხოვნათა უხეში დარღვევის ფაქტს;
3. 2007 წლის 7 ნოემბერს, დაახლოებით 20.50 საათზე შსს სპეციალური დაცვის რაზმის თანამშრომლები შევიდნენ რადიო ,,იმედის~ კუთვნილ ტერიტორიაზე და ქონებას დაადეს ყადაღა. ზემოაღნიშნული ქმედება მოკლებულია ყოველგვარ იურიდიულ საფუძველს, ვინაიდან რადიო ,,იმედი~ არ გახლავთ სამართლებრივ კავშირში ტელეკომპანია ,,იმედთან~, გააჩნია მაუწყებლობის დამოუკიდებელი ლიცენზიები (D49- D50, მოქმედების ვადა 2011, 2013 წლების ჩათვლით) და მისი აქციების 100%-ის მფლობელია სს ,,იმედია~. ერთადერთი კავშირი, რაც ამ ორ სხვადასვა შპს-ს შორის არსებობს არის 2007 წლის 1 ოქტომბერს დადებული ხელშეკრულება ქვეიჯარის შესახებ, რომლის საფუძველზეც ტელეკომპანია ,,იმედმა~ შენობის გარკვეული ფართი გადასცა რადიო ,,იმედს~. 19 ნოემბერს, რადიოს თანამშრომლები და შპს-ს ინტერესების დამცავი ადვოკატები, რომელთა მიზანს წარმოადგენდა 7 ნოემბერს შეწყვეტილი რადიოს მაუწყებლობის აღდგენა, არ შეუშვეს შენობაში. მათ ასევე არ განუმარტეს ზემოაღნიშნული ქმედების იურიდიული საფუძველი.
სამართალდამცავების ორგანოების თანამშრომლების ქმედება წარმოადგენს საქართველოს კონსტიტუციის მე-19, 24-ე (სიტყვის თავისუფლება) მუხლების, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 154-ე, 156-ე, 222-ე (ჟურნალისტისთვის პროფესიულ საქმიანობაში ხელის შეშლა, დევნა, ტელემაუწყებლობის ბლოკირება) მუხლების, ,,სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების შესახებ~ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის, ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-10 მუხლებით დადგენილ მოთხოვნათა უხეში დარღვევის ფაქტს;
4. 7 ნოემბრის მოვლენების შემდეგ ეთერში დარჩა მხოლოდ სახელისუფლებო კერძო ტელეარხები. საგანგებო მდგომარეობის დროს და მისი გაუქმების შემდეგ ყველა არხი მუშაობს უმკაცრესი ცენზურის პირობებში, დარღვეულია დროის პარიტეტი. მაშინ, როდესაც პირდაპირ ეთერში საათობით გადაიცემა საქართველოს პრეზიდენტის, გენერალური პროკურორის მოადგილის და ხელისუფლების სხვა პირების ჩართვები, რამდენიმე წუთი აქვს დათმობილი პოლიტიკური ოპოზიციის წარმომადგენლებს და ზოგადად, ოპოზიციური აზრის გამოხატვას. 17 ნოემბერს, ორი ტელეკომპანიის მონიტორინგის შედეგებმა გვაჩვენა შემდეგი სურათი: ,,საზოგადოებრივი მაუწყებელი~ - ხელისუფლების წარმომადგენლები - 96%, ოპოზიციის წარმომადგენლები - 4%. ტელეკომპანია ,,რუსთავი 2~ - ხელისუფლების წარმომადგენლები – 85,4%, ოპოზიციის წარმომადგენლები–14,6%.(დანართი #2). 20 ნოემბერს, სახელისუფლებო ტელეკომპანიების ,,რუსთავი 2~ - სა და ,,მზე~ - ს ეთერში გაშვებული იქნა დოკუმენტური ფილმი სათაურით ,,ნოემბრიდან ნოემბრამდე~, სადაც საუბარი იყო ოპოზიციის ლიდერების რუსეთის ფედერაციის აგენტურულ ქსელთან კავშირზე. ფილმში არსად ჩანდა ოპოზიციონერი პირების აზრი. ზემოაღნიშნული ფილმის ჩვენებით, ქართულმა ტელემედიამ კიდევ ერთხელ დაამტკიცა, რომ მოქმედებს სახელისუფლებო შეკვეთების პირობებში და მათი უმკაცრესი ცენზურის ქვეშ.
ზემოაღნიშნული ქმედებით დაირღვა ,,მაუწყებლობის შესახებ~ საქართველოს კანონის 54-ე მუხლით გათვალისწინებული მოთხოვნები (ტელეარხების სამართლიანობა და მიუკერძოებლობა).
რეკომენდაციები:
1. დაიწყოს გამოძიება 2007 წლის 7 ნოემბერს ტელეკომპანია ,,იმედის~ დარბევის ფაქტზე და პასუხისგებაში იქნენ მიცემულნი ზემოაღნიშნული ქმედების ჩადენაზე პასუხისმგებელი პირები;
2. დაუყოვნებლივ აღდგეს ტელეკომპანია ,,იმედისა~ და რადიო ,,იმედის~ მაუწყებლობა;
3. კერძო ტელეკომპანიამ დაიწყოს მოქმედება საეთერო პარიტეტის პირობებში, დაცული იქნას სამაუწყებლო ბალანსი ხალისუფლების თანამდებობის პირებსა და ოპოზიციის წარმომადგენელებს შორის. დაწესდეს საერთაშორისო ორგანიზაციის (ევროკავშირის) მიერ უფლებამოსილი პირის ზედამხედველობა კერძო ტელეკომპანიების მიერ ეთერში პოლიტიკური პარიტეტის დაცვაზე, საარჩევნო კანონსა და მაუწყებლობის შესახებ კანონმდებლობის ნორმების უზრუნველყოფის მიზნით;
4. განახლდეს ,,საზოგადოებრივი მაუწყებლის~ სამეურვეო საბჭო და გათავისუფლდეს პოლიტიკური კონტროლისაგან.
|