დასავლეთ საქართველოში 30 ძროხა "დააკავეს"
17:08 | 28/ 11/ 2007
თბილისი, 28 ნოემბერი /"ახალი ამბები - საქართველო", მელსიდა აკოფიანი/. ქუთაისში ქალაქის საკრებულოს სპეციალური განკარგულების საფუძველზე 30 ძროხა დააკავეს, იუწყება ტელეკომპანია "მზე".
საკრებულოს განკარგულების თანახმად, ქალაქის ნორმალური სანიტარული მდგომარეობის შენარჩუნების მიზნით ქუთაისის მაცხოვრებლებს მსხვილფეხა საქონლის ქუჩაში გაშვება ეკრძალებათ.
ქუჩებში მოსეირნე ძროხები ქალაქგარეთ გაიყვანეს. "დაკავებულთა" მფლობელები ვალდებულები არიან ჯარიმის სახით 200-200 ლარი გადაიხადონ, წინააღმდეგ შემთხვევაში ნახირი მოხუცთა თავშესაფარს გადაეცემა.
ქალაქის სამსახურმა დღეს რეიდი მოაწყო, რომელიც მთელ ქალაქში ახლაც მიმდინარეობს. ამჟამად უმეთვალყურეოდ მიტოვებული 30 სული მსხვილფეხა საქონელია დაკავებული. ყოველი ძროხის "საჯარიმო სადგომზე" შენახვისთვის ადმინისტრაციული ჯარიმა ყოველ დღეზე 50 ლარია, ამას დამატებული მოვლის, ტრანსპორტირების და დაცვის ხარჯები.--0--
