|
თავადთა გვარების წარმომავლობა (ჯ)
ჯავახიშვილი
ეს პირველ იყვნენ მოსახლე აბულეთსა შინა კერძოდ ჯავახეთისა და ესენი იტყოდნენ ქართლოსიანთ გვარობასა ჯავახოსისგან შთამომავლობასა, ხოლო უკანასკნელ დროსა - მეფისა ბაგრატისასა, ოდეს მეფე იქმნა ბაგრატ წელსა 1360 და დროსა ამისასა მოვიდა ლანგ თემურ და ბრძო მეფესა, მაშინ ჯავახოს სახელ წოდებით დიდად გაისარჯა და მრავალგან ბრძო თათართა და შემდგომად მეფემან ამანვე გადმოასახლნა ჯავახოს და სახლეულნი მისნი და დააშენნა გაღმა მხარს ფხოელის ადგილსა შინა და უბოძა ხეობასა მას შინა ადგილნი და სოფელნი. ხოლო ესენი არიან ერთ დროს ციციშვილებთან გადმოსრულნი და მუნიდგან იწოდებიან თავად ჯავახის შვილებად და აწ არიან მოსახლედ: 1) თეიმურაზის შვილები, 2) ვახუშტის შვილები, 3) დიმიტრის შვილები, 4) ქაიხოსროს შვილები, 5) იოსების შვილები.
ჯაიანი (ოდიშის თავადნი)
ჯან, ან ჯააბ, იყოს თათრის ბეგი. ესე მოინათლა და დაემოყვრა მამიკუნიანთ გვართა ვანის მხრით მცხოვრებთა და მერმე მოვიდნენ დროსა თათართაგან დაპყრობისა და დაესახლნენ იმერეთს და მეფემ მიიღო მათი გვარი თავადად ჯაიანად.
ჯამბაკურიანი
ესე ჯამბაკურ იყო ადგილი ჩინეთისა, რომელ არს კიტაია დიდისა თათარიასა შინა. ესე ჯამბაკურ იძულებული მუნ ადგილსა თავისსა აღიყარა თავისი სახლის კაცებითურთ, რომელსა ჰყვა ორნი მახლობელნი ნათესავნი. ერთი უკვე ბარათად წოდებული და მეორე შოშიაღად წოდაბული და წამოსულნი მუნით მოვიდნენ რანისა ადგილსა შინა, რომელსა აწ ეწოდება ყარაბაღი და მუნითგან ევედრნენ მეფესა ფარნაოზს ქართლოსიანსა, რათა მიეცა მათთვის ადგილი დასასახლებლად საქართველოსა შინა, ხოლო მან მიუბოძა სომხითსა(?) ადგილსა შინა კერძოდ გორისა და თრიალეთისა მხარესა და ადგილთა შინა მისთა, და მოვიდნენ ორნი ესე ბეგები ჯამბაკურ და ბარათა ვიდრე ხუთი ათასითა ოდენ მეკომურისა კაცითა და დაეშენნენ მუნ. ხოლო ბოშაღა დაშთა ყარაბაღისა ადგილსა შინა ხალხითა 3650 სიონად წოდებულ ადგილსა კერძოდ, აწ რომელიცა არს წოდებულ სასიანად და მის გარეშემო დაემკვიდრნენ იგინი, თუმცა მათ გამოყვა მრავალი ხალხი მუნებურნი, გარნა უმეტეს იყვნენ ბოშებად წოდებულნი, რომელნიცა დაიფანტნენ და დასახლდნენ სპარსეთისა კერძოთა ცარიელთა ადგილთა შინა. ხოლო მეფემან ფარნავაზ პატივსცა ჯამბურს და ბარათს და მიიღო ხარისხითა თავადობისათა წელსა დასაბამითგან სოფლისა -სა ხოლო შემდგომად ამათ გაუგვარდათ კვალადა ორნი უკვე სახელნი გვარად: ერთი ორბელისა შვილობა და მეორე ყაფლანის შვილობა. ორბელიანობა გაუგვარდათ მაშინ, ოდეს აბაშმან თავადმან ორბელად წოდებულმან, რომელიც იყო მოსახლე ორბელის კერის და მას არა ესვა ძეი, გარდა ერთისა ასულისა კიდე. და ესე ორბელ განარისხეს თავისთა სახლისა კაცთა და ამან ჯამბაკურიანი დავით აღიყვანა ზედ სიძეთ და მიათხოვა ასულ თავისი და მისცა თავისი წიაღ მამული ორბეთსა და სხვათა ადგილთა შინა ქრისტეს აქეთ 1469 და მუნითგან იწოდებიან ორბელის შვილებად ანუ ორბელიანად. ხოლო რომელიმე მეისტორიენი სწერენ ორბეთის ადგილის გამო ეწოდათ გვარი ესე, ხოლო ყაფლანის შვილად იწოდნენ ყაფლან სახელისა გამო, რომელმანცა მსახურა და წარჩინებულ იქმნა ბრძოლათა შინა დროსა ბაგრატ მეფისა ბაგრატოანისასა, ოდეს ბრძო (ლანგთემურს) და მან უწოდა ყაფლანად, და მის გამო იწოდებიან ყაფლანიანად. ესენი აწ არიან გაყოფილი ამ სახით: 1. არიან რევაზის, 2. დიმიტრის, 3. ზაალის შვილებად, რომელნიცა ასყდენ სრულიად ამა საუკუნესა შინა, 4. აწ არიან ვახტანგის შვილებად და აწ არიან ამათნი შთამომავლობანი სხვადასხვა სახელად განყოფილნი ამა დროსა შინა. მათ სახლსა შინა ვინმცა იქნების პირველი შვილი რევაზ სარდლის სახლისაგან შთამომავალი, იგი არს შერაცხილ პირველ თავადად, ხოლო ბიძაშვილი მეორე თავადად, ესრეთვე სხვანი მეორე და მესამედ არიან შერაცხილ თავადებად ხარისხისა შინა.
ჯანდიერისშვილი (კახეთის თავადნი)
ამათნი გვარნი უკვე პირველ ესახლენ გლდანსა ადგილსა შინა, ოდეს მოვიდნენ თურქნი და აიღეს ტფილისი და დაემკვიდრენ მუნ. მაშინ ჯანდიერ ვინმე ლეონის შვილმან, რომელიც მაშინ იწოდებოდენ ამ გვარითა აზნაურად, ამა ჯანდიერმან მეფისა დიდისა თეიმურაზისა დროსა სთხოვა მხედრობანი და აღუთქვა ტფილისის აღება. ხოლო მან უბოძა მხედრობანი და ამა ჯანდიერმან ღამე იდუმალად მიიყვანა და დამალა ქვეითობანი ბაღებთა შინა და თვითონ ჯანდიერმან და სახლის კაცთა ამისთა აჰკიდეს სახედართა ფიჩხნი და დამალეს მასშინა თოფები და მოვიდნენ კოჯრის კარს წოდებულსა და მცველთა ქალაქისათა განუღეს კარნი, ეგონათ ფიჩხთა განსყიდვაი მათგან და მაშინ აღმოიხადეს მახვილი და მოსრნეს მეკარენი იგი და თვით გაამაგრეს კარისა მის კოშკი და მისცეს ნიშანი დამალულთა ჯართა, რომელნიცა შემოესივნენ და აღიღეს ტფილისი და მოსრნეს მასშინა მყოფნი მცველნი და ამა ჯილდოსათვის მეფემან მისცა თავადობაი გვარად ჯანდიერობისა წელსა ქრისტეს აქეთ 1628-სა და სახასოთაგან კახეთსა შინა მამული და ყმა და არიან აწ მცხოვრებნი კალაურსა შინა: 1) ზაალის შვილები, 2) ფრიდონის შვილები, 3) ნიკოლაოზის შვილები, 4) ომანის შვილები და მისის ძმისა, 5) თარხნის შვილები, რომელ არიან ლუარსაბისა და ბიძინას შვილები; ხოლო ახმეტას მცხოვრებნი იწოდებიან ჩოკაშვილებად ამავე ჯანდიერთა გვარისა და არიან აზნაურნი.
ჯოლია (ოდიშის თავადნი)
ჯოლა იყო თათრის ბეგი, ესე მოვიდა წელსა 1232 მეფესთანა ქართლს და ნათელ იღო, იმას მიუბოძა ადგილნი ოდიშში და შემდგომ მან და ძეთა მისთა მიიღეს გვარად თავადნი ჯოლიაშვილები (ეხლა არ არიან თავადნი ჯოლიები).
ჯორჯაძეშვილი (კახეთის თავადნი)
ესენი არიან ძველად გვართაგან ჯორჯიკ ვაშატიელის შვილთაგან შთამამავლობათაგანი, რომელნიც რანის ადგილიდგან გარდმოსახლდენ ახალციხეს წელსა ქრისტეს აქეთ 980-სა და მერე დროსა მეფისა გიორგისასა წელსა ქრისტეს აქეთ 1466 გარდმოსახლებულ იქმნენ კახეთს გრემისა ქალაქსა შინა და მიღებულ თავადად და უკანასკნელ მეფეთგან მიიღეს გრემის მოურაობაი და ენისელისა და იწოდენ ენისეს მოურავად, რომელნიცა აწცა იწოდებიან ენისელთ მოურავის შვილებად. ეს ჯორჯაძეები არიან: 1) იოანეს შვილები, 2) ზურაბისა შვილები და ძმისა მისისა თამაზის შვილები. ხოლო სახლის კაცნი ამათნი იწოდებიან ნოდარის შვილებად, რომელნიცა მოსახლეობენ საბუესა შინა და არიან ესენიცა მოსახლედ: 1) გიორგის შვილები, 2) გრიგოლის შვილები და 3) დავითის შვილები.
ჰ-ზე არ არის
ამის შემდეგ გავაგრძელებ აზნაურების გვარებს.
|