|
ასე უყვარდათ საქართველოში ეს იყო ადრე, როცა მყვირალობისას ირმები რქებით კაფავდნენ ტყეებს. როცა პატარძლის კაბიდან იკერებოდა დროშები, როცა ავგაროზად ქალის ნაწნავი მიჰქონდათ სალაშქროდ გამზადებულ რაინდებს, როცა მხატვრები ცას ახატავდნენ აუხდენელ ოცნებებს, როცა... სადღაც უტყვ ქორონიკონში საუკუნეთა დასაბამი იმზირებოდა. კავკასიონის ქედზე ასულიყო წარმართი ასული, თავთუხისფერი ფრთები მოეკვეცა და მზისათვის შეეწირა. ჯიქის თვალებით გადაჰყურებდა გასათიბ ყანას, რომელსაც დარბაზივით ფართოდ გაშლილი ვაჟის ბეჭები შესჭიდებოდნენ და ისე აჭვსილიყვნენ, რომ ცელი საჭიროც კი აღარ იყო, უფრო მეტიც, თავთავები თავად ნებდებოდნენ მოახლოებულ თავბრუდამხვევ სიძლიერეს და მაშინ პირველად ინატრა ქალმა: "ვერცხლისა თასადმც მაქცია, რო ღვინით აგევსებოდი, დაფერილი მქნა წითლადა, ამსვამდი, შაგერგებოდი, ან შენი ნამგლის ყანა მქნა რო ფხაზე შაგეჭრებოდი." იქნებ ასეთები იყვნენ ადამ და ევა საქართველოში. რამდენიმე საუკუნის მერე კი აუცილებლად იღიღინებდა სანადიროდ გამოსული ორბისმუხლა ვაჟი-"თვალი მიჭირავს შენზედა, როგორც მიმინოს მწყერზედა, ნეტავი გამაგებინა შენ რა გული გაქვს ჩემზედა?" და დროც გავიდოდა... ვიღაც ღვთისმშობლის თვალებს მიწიერი ქალღმერთისას დაამგვანებდა რათა მერე ეთქვა: "ქალაუ, ისეთი თეთრი ხარ, როგორც საყდარი კირიო." იმ სანატრელ საუკუნეში კი რუსთაველი, ჩემი რუსთაველი იღაღადებდა, ყველა საუკუნის სათქმელს, ყველა შლეგი მიჯნურს გულისნადებს, ის ამოხეთქავდა ასე: "ვთქვი მიჯნურობა პირველი და ტომი გვართა ზენათა, ძნელად სათქმელი, საჭირო, გამოსადეგი ენათა. იგია საქმე საზეო, მომცემი აღმაფრენათა." ასე უყვარდათ მაშინ, იმ ცეცხლოვან საუკუნეში და უამრავი ტარიელი უჩვენებდა "საქმეებს საგმიროებს" თავის ნესტან დარეჯანს. ეჰ, ასეთი სიყვარული გაათენებდა ალბათ საქართველოში ყოველ ღამეს, ასეთი სიყვარული აანათებდა განთიადს. მერე ქუჩებში იხეტიალებდა ბეჭებში ოდნავ მოხრილი, ხორბლისფერი ფიროსმანი, გაყიდდა თავის ყველა ნახატს და ქალს, რომელიც რამდენჯერმე ენახა, დილას ათი ურემი სისხლისფერი ვარდებით მიულოცავდა და ჩვეულებრივ დღეს დღესასწაულად უქცევდა. ნიკორწმინდის კედელს მიყრდნობილი დიდი გალაქტიონი სევდიანად იჩურჩულებდა: "შენ ჯვარს იწერდი იმ ღამეს მერი"... რაინდი ირაკლი კოსტავა კი ცის გუმბათს შესძახებდა: "როცა თვალწინ მაქვს შენი ხატება მე შენ მიყვარხარ, ყველა კედელზე დაიხატება მე შენ მიყვარხარ." უყვარდათ მაშინ, როცა მთაში ვაჟებს თეთრი თოქალთოები ეცვათ, ხოლო ქალწულებს მკერდზე დილის ნამი ებნიათ მძივად, როცა თითებზე ინთებდნენ სანთელს და თვითონ სულიც და თითებიც სანთლები იყვნენ... ასე უყვარდათ საქართველოში მაშინ!!!
|