↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"
ქართული მწერლობა


+ ახალი თემა ↩ პასუხი  [ 10 posts ] 
ავტორიMessage
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined12 Jan 2008
Posts621
კარმა65
OFFLINEPROFILE
ამ თემაში გთავაზობთ ქართული მწერლების ნაწარმოებებს. ძალიან გთხოვთ ლექსებს აქ ნუ დაამატებთ. დავამატოთ მხოლოდ ნაწარმოებები.

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined12 Jan 2008
Posts621
კარმა65
OFFLINEPROFILE
"დათუნა"
[size=200] გურამ რჩეულიშვილი

_დათუნა! დათუნა! _მოესმა ბავშვს შორიდან დედის ხმა.
დათუნამ ერთხანს ყური მიუგდო, მერე ჯოხის ცხენს შემოჰკრა მათრახი და პატარა ბარდებზე ხტუნაობით წყაროსკენ გაიქცა.
_დათო! – კვლავ მოეწია წყაროსთან დედის ხმა.
დათუნა შემობრუნდა, დაიფრუტუნა, დაიჭიხვინა და ბუზღუნით სახლისკენ გამოჭენდა, “უჰ, ახლა გოგლი-მოგლი გამიჭირებს საქმეს, ან რძე, უჰ” – გააჟრჟოლა ტანში ბავშვს, უცებ წინ ხვლიკმა გაურბინა. მან სწრაფად მოიმარჯვა თავისი ჯოხის ცხენი და ქვეწარმავალს დაარტყა. ხვლიკმა კუდი ადგილზე დატოვა, თვითონ კი სასწრაფოდ მიიმალა. დათუნამ დაიწყო ჯაგების ქექვა, შემდეგ რაღაცა სორო იპოვა და ჯოხით ამოჩიჩქნა.
_დათო, ბიჭო, არ გესმის, დედა რომ გეძახის? წამო ახლავე სახლში, - წყნარად უთხრა თავზე წამომდგარმა მამამ, დათუნა დაემორჩილა და ფეხმოთრევით გაჰყვა.
_ბიჭო, შენ ახლა უკვე ბავშვი კი აღარა ხარ, ხვალზევით თოთხმეტი წლისა ხდები.
დათუნამ ეშმაკური თვალებით გახედა წყალზე საწუწაოდ მიმავალ ტიტლიკანა სწორებს და უნებლიეთ ხელი გამოსტაცა მამას, მაგრამ ადგილიდან არ დაძრულა.
მამამ წყნარად გამოხედა, მერე მხარზე დაადო ხელი და საუბარი განაგრძო:
_ბიჭო, მე რაზე გელაპარაკები, შენ კი სულ ცელქობაზე გიჭირავს თვალი! ცელქობა კარგია, რა თქმა უნდა ძალიანაც კარგი, მაგრამ უნდა იცოდე დრო, მე სამი დღის მერე მივდივარ თბილისში და ოჯახი შენ უნდა დაგიტოვო, შენ იცი, როგორ დაუჯერებ დედას და მოუვლი შენს პატარა ძმებს. ახლა დედას გაუგონე ყველაფერი და დაბადების დღეზე ისეთ საჩუქარს მოგიტან, როგორიც არცერთ შენს ტოლს არ ექნება. მე მგონი, მისი ღირსი შენ უკვე ხარ.
დათუნამ ყურადღება დაძაბა.
_რას მამა? _ვეღარ მოითმინა პატარამ, მამამ გაუღიმა.
_მოითმინე ცოტა. ეგეც ვაჟკაცობაში შედის. კარგი ვაჟკაცი ყოველთვის მომთმენია.
_რათა? განა ვინმემ რო გამარტყას არ ვუპასუხო?
მამა ცოტა არ იყოს დაიბნა.
“რა ვუთხრა,- გაიფიქრა თავისთვის, -არ გაარტყას, - უშნო შვილი რად მინდა, გაარტყას, - ჩხუბიც არ ვარგა”.
_ვანო, კაცო, შენ რაღა მოგივიდა, ჩქარა ამოდით, - გადმოსძახა აივნიდან დედამ.
მამა_შვილს უცებ დაავიწყდა ლაპარაკის თემა და აივანზე ასულები სუფრას შემოუსხდნენ.
ორი დღის შემდეგ, დაბადების დღეზე მამამ დათუნას გეკოს მარკის თოფი მოუტანა.
დათუნამ თოფს კარგა ხანი უყურა, მერე დინჯად გამოართვა, თავის საწოლთან დიდი ლურსმანი დააჭედა და ზედ ჩამოკიდა. ახლა უკან დაიხია, შორიდან დაუწყო ყურება. მამა, სავარძელზე მჯდარი, გაზეთის ზევიდან, სიამოვნებით უყურებდა ბიჭის განცდებს. დათო შემობრუნდა, მამას ხელი ჩამოართვა, გადაკოცნა.
_მოდი, ბიჭო, დაჯექი! არა, ჯერ თოფი მომიტანე, აგიხსნი, როგორ უნდა მოვლა, ხმარება.
დათუნამ თოფი ჩამოიღო კედლიდან, სკამი მოიტანა, მამამ მუხლზე დაირტყა ხელი.
_აქ დაჯექი, გენაცვალე.
_არა, მამა, სკამზე ჯობია! – ოდნავ დამორცხვებით უთხრა დათუნამ, რომელსაც ჩვეულებრივ, ძალიან უყვარდა მამის მუხლებზე ჯდომა. „ჰო, ასეთ დიდ შედეგსაც არ მოველოდი, რა უცებ დასერიოზულდა“, - გაიფიქრა მამამ, მერე თოფი გამოართვა.
_აი, ეს არის კონდახი, ეს ლულა; ისინი დაკავშირებულნი არიან ამ ორი ხრახნით,
ლულას შიგნით აქვს ჭრილები, რათა ტყვია შორს და მიზანში წავიდეს.
დათუნა სკამიდან ჩამოვიდა, სავარძლის სახელურზე დაჯდა და სულმოუთქმელად ადევნებდა მამის თითებს თვალყურს. „რას იტყვიან რეზო და ნოდარი, როგორ გაუკვირდებათ! მათაც ვასწავლი სროლას, მერე სანადიროდ წავალთ, ჰო, ჩვენ ქოფაკსაც წავიყვანთ ტყეში. ცეცხლს დავანთებთ.“ დათომ მამას შეხედა, რომელიც დინჯად განაგრძობდა ახსნას. ცოტა ხანს ყური მიუგდო, შემდეგ ოცნებამ გაიტაცა. დათუნა თავს ებრძოდა, მაგრამ მთელი გულისყურით მაინც ვერ უსმენდა მისთვის ასე ძვირფას საუბარს, ახლა მამა ყველაზე საინტერესო ადგილას მივიდა:
_აი, ეს გამონაშვერი არის სამიზნე. ჯერ უნდა გახედო ქვევითა სამიზნეში, შემდეგ როცა იქიდან დაინახავ ზეცას, ეცადე, რომ ქვედას თავზე გამავალი სწორი ხაზი, რომელსაც შენს გონებაში გაავლებ, მიებჯინოს ზედას წვერს. შემდეგ გამოსწევ ჩახმახს, ოღონდ ისე, რომ თოფი არ გაინძრეს.
დათუნა ახლა დაძაბული უსმენდა, თან ერთი სული ჰქონდა, თოფი თვითონ აეღო ხელში.
_ახლა გაიქეცი, ბიჭო, და ჩემი ჩანთა მომიტანე.
მოტანილი ჩანთიდან მამამ პატარა კოლოფი ამოიღო, შემდეგ თავი მოხადა.
_აი, ამ კოლოფში, როგორც ხედავ არის გეკოს ტყვიები, სულ ორმოცდაათი, პირველი, რაც საჭიროა თოფის ხმარებისას იცოდე, ესაა სიფრთხილე! სიფრთხილე! და სიფრთხილე! ჯერჯერობით თოფს მხოლოდ ერთად ვიხმართ.
_შენ რომ ხვალ მიდიხარ, მამა?
ვანოს გაეღიმა.
_კარგი, დაგიტოვებ, დღეს კი გასწავლი ხმარებას.
მამა წამოდგა. ორივენი აივანზე გამოვიდნენ.
_აი, ეს არის ჩამკეტი, გადმოსწიე ასე, შემდეგ ტყვიას მისცემ ლულაში და ჩაკეტავ. მაშ ასე, აგერ იმ ვაშლს ხომ ხედავ, კარგი. ვიდებ მხარზე კონდახს. ვუმიზნებ.
მამამ ჩახმახს გამოჰკრა. ვაშლი გაქრა.
_მოხვდა, - თქვა მამამ.
ხო, მოხვდა, - დაამოწმა დათომ, - მამა! –თხოვნით შეხედა ბავშვმა.
ახლავე, ბიჭო, ახლავე, - მამამ ტყვია ჩადო, - გამომართვი თოფი და მოიმარჯვე, როგორც გასწავლე.
დათუნამ წყნარად ჩადო ტყვია და დაუმიზნა მეორე ვაშლს. მერე მაგრად მოჭუტა ცალი თვალი.
პც – დაიძახა ტყვიამ.
ვაშლი ადგილზე დარჩა.
_ეგ არაფერი, ბიჭო, ჩქარა შეეჩვევი, ოღონდ თვალს ასე გამწარებით ნუ ხუჭავ, თოფი თავისუფლად გეჭიროს და სროლის დროს სუნთქვა ოდნავ შეაჩერე. აბა შენ იცი, ფრთხილად, მე კი წავალ ახლა, სამუშაო მაქვს.
მამა ოთახში შევიდა. დათუნამ კი გაიფიქრა: “რა სირცხვილია. როგორ ავაცილე. ახლა კი აღარ ავაცდენ.” იგი ძალიან გაერთო სროლით, მაგრამ მიზანს ვერ აღწევდა.
ბიჭმა გზას გახედა, შორს დედა დაინახა, რომელიც სანოვაგით დატვირთული ბრუნდებოდა ბაზრიდან. მან თოფი სასწრაფოდ ჩამოკიდა ადგილზე და სირბილით წავიდა დედის მისახმარებლად.
_ოჰო, შენ სახლში ხარ? - გაუკვირდა დედას.
_ჰო, დიახ?
დედამ თავზე გადაუსვა ხელი.
დათუნამ კალათი ჩამოართვა და მხარზე გაიდო.
_რა იყო, დათუნა, რამ ჩაგაფიქრა? გენაცვალე, დღეს რა, არ იწუწავეთ?
_არა, დედა, არ მეცალა.
_რათა, მამას ეხმარებოდი?
_არა, თოფის სროლას მასწავლიდა.
_რა თოფის?
_დღეს ჩემი დაბადების დღის აღსანიშნავად მიყიდა.
“რამ აყიდინა ვანოს თოფი, ახლა ამისთანა ცელქი ბავშვისთვის, როგორ შეიძლებოდა იაარაღი”, - გაიფიქრა დედამ, მერე ალერსსით უთხრა:
_დათო, გენაცვალე, გარეთ არ გაიტანო ბავშვებში.
_არა, დედა.
დათუნამ სანოვაგე მააგიდაზე დადო. მერე „საიდუმლო კუნძული“ აიღო და ბაღში ჩავიდა საკითხავად.
„რა ვაჟკაცი იყო ჰერბერტი? როგორ ეხმარებოდა თავისებს, თანაც მგონი ჩემიტოლა იყო, ნეტა მე რას ვიზამდი იმის ადგილას. ალბათ, ისევე მოვიქცეოდი, მართლა რა საინტერესოა. არა, უნდა ვეცადო, ისეთივე ვაჟკაცი გავხდე, ბოლოს და ბოლოს ბავშვი ხომ აღარა ვაარ. აი, მამამ თოფიც კი მიყიდა. მაშ ღირსი ვარ, ნეტა სანადიროდ თუ გამიშვებენ“. ფიქრები მშობლის ხმამ შეაწყვეტინა.
_დათო, შვილო, საუზმეა.
_ახლავე, დედა, მოვდივარ.
დათომ წიგნი ჩანიშნა, მერე სწრაფი ნაბიჯით ავიდა აივანზე.
დედამ და მამამ ერთმანერთს გადახედეს, მერე მამამ ორაზროვნად გაუღიმა დედას.
_ქეთო, მე ხვალ მივდივარ, ალბათ, შენი და Dდღეს საღამოს ამოიყვანს პატარებს, ეყოთ ამდენ ხანს სტუმრად ყოფნა.
_როდის ჩამოხვალ, ვანო?
_ასე, ერთ კვირაში, მანამდე კი დათუნას ვტოვებ ოჯხში შენ დამხმარედ, ახლა ეგ უკვე ვაჟკაცია, მაგას აღარ დასჭირდება დარიგება.
“მართლაც, რაღა დროს ჩემი დაუჯერებლობაა, პატარა ხომ აღარა ვარ, თოფიც კი მაქვს”, - გაიფიქრა დათუნამ და ოდნავ წამოწითლდა.
_მქონდეს შენი იმედი, ბიჭო? – თქვა ვანომ.
_დიახ მამა.
სადილის მერე რას აკეთებ?
დათუნამ წყლისკენ გაიხედა. ამ დროს იქ პატარები ერთმანერთს ეჭიდებოდნენ, წუწაობდნენ.
_არაფერს, მამა, წიგნი უნდა ვიკითხო.
_არა, შვილო, სადილის მერე ცოტა დაისვენე, მერე კი წადი ბიჭებთან, ითამაშე.
დათუნამ შვებით ამოისუნთქა. შემდეგ გადაწყვიტა ეთამაშა, მაგრამ დროზე დაბრუნებულიყო.
მეორე დღეს დედამ, Dდათუნამ და მისმა ორმა ძმამ მამა სადგურზე გააცილეს. უკანა გზაზე თოთხმეტი წლის დათუნამ ხელი ჩაჰკიდა პატარებს და ცოცხლად მიჰყვა დედას. გული აღარ უთმენდა, ერთი სული ჰქონდა სანამ სახლში მივიდოდა; ძალიან უნდოდა თოფის ხელში აღება, ამ მოკლე ხანში ასე რომ შეუყვარდა. თან გადაწყვეტილი ჰქონდა, რადაც არ უნდა დაჯდომოდა, კარგი სროლა ესწავლა.
_დათუნა, შვილო, რაზე ფიქრობ, - გამოელაპარაკა დედა.
_არაფერზე, დედა.
_მე მგონი, შენ იმ თოფზე ოცნებობ, არა?
_ხო, დედა.
_დათო, შენ სახლში აიყვანე პატარები, მე აქ შევალ, საქმე მაქვს.
_შეგიძლია ასაუზმო?
_კი, დედა.
_შემდეგ დააძინე.
_კარგი.
_მე წავედი.
დედამ გზიდან გადაუხვია. იგი აშკარად ამჩნევდა დათოს დასერიოზულობას და ზევით უფროსი ვაჟის ანაბარად მიმავალ ბავშვებს სიყვარულით უყურებდა.
როცა დათუნამ პატარები დააძინა, ჩამოიღო თოფი, მერე გაუტენავად, რამდენჯერმე დაუმიზნა ვაშლს. “ასე ახლა კი აღარ ავაცდენ, ხო, ჯერ ჩავდებ ტყვიას, ახლა ჩავკეტე, ჩახმახი ფეხზე დგას, ვიდებ გულზე, სულ ყველაფერი რიგზეა, ერთ ხაზზე სამივე წერტილი”.
_პც. – გავარდა თოფი.
“აღარ არის ვაშლი”, - სიხარულით დაასკვნა გულში დათუნამ, მერე მეორეს ესროლა.
_ასცდა.
კიდევ ესროლა_მოხვდა.
“ასე, სამში ორს ვარტყამ უკვე, მაგრამ ვაშლი ხომ ცოცხალი არ არის, არ ინძრევა. მთავარია, ცოცხალ რაიმეს მოვარტყა. აი, თუნდაც ჩიტს”.
დათუნამ თოფი მოიმარჯვა. მეზობლად მდგარ ბლის ტოტზე გატიკნული ღობემძვრალა ქანაობდა.
_პც, _ დაიძახა თოფმა.
ჩიტი გაქრა. დათუნა ხისკენ გაიქცა.
“მოვარტყი, მოვარტყი,” – უხაროდა პატარას. მერე მამის სავაზნე და საგუდავები ჩამოიტანა, რომელზეც მოკლული ჩიტი დაიკიდა.
ჩიტების პატარა გუნდმა თავზე გადაუქროლა და იქვე, მახლობლად დაჯდა. დათომ ესროლა – კიდევ მოხვდა.
მთელი საათი ნადირობდა პატარა დათო და შვიდიოდე ჩიტი ჩამოაგდო.
ახლა იგი მსროლელი, ნამდვილი მსროლელი იყო: უნდოდა, რომ მამა მალე ჩამოსულიყო, - როგორ გაახარებდა. დარწმუნებული იყო, რომ ის ტყეში წაიყვანდა სანადიროდ, იქ დიდ ნადირს მოკლავდა. ალბათ, ბიჭებს გაუკვირდებოდათ, რომ მათი ამხანაგი მონადირე გახდა. მათ ხომ თოფი არც კი სჭერიათ ხელში, მან კი შვიდი ჩიტი მოკლა.
ბეღურა ვაშლის კენწეროზე შემოჯდა და Lლამაზად დაიწყო რხევა. მან გადაწყვიტა, ეს ჩიტიც მოეკლა და მერე დაესვენა.
დათუნამ თოფი მოიმარჯვა. პატარა ჩიტი ყელმოღერებული იჯდა კენწეროზე. მზე ღრუბლებს მოეფარა და მორუხო ცის ფონზე ფრინველის გვერდები მშვენიერად ჩანდა. პატარა მონადირეს ძალიან მოუნდა, რომ ამ ფრინველისათვის შიგ თავში მოერტყა. დინჯად დაუმიზნა თოფი.
_პც, - გაისროლა თოფმა.
დათუნამ ჩიტს შეხედა. ფრინველი უღონოდ დაეშვა ქვედა ტოტზე, აქ ცოტა ხანს გაჩერდა, მერე უფრო ქვევით ჩამოეშვა. საწყალი ჩიტი დაჭრილი ჩანდა. დათუნას გააჟრჟოლა, თოფი კუთხეში მიაყუდა და სავაზნე, საგუდავებიანად, რომელზედაც შვიდი ფრინველი ეკიდა, მოიხსნა. დახოცილი ჩიტების დანახვა რაღაც აღარ ესიამოვნა. ახლა იგი ხის ძირისაკენ გაიქცა. აქ, ხახვის კვლებში იჯდა პატარა ჩიტი. „ცოცხალია, - შვებით ამოისუნთქა ბიჭმა, მაგრამ რაღაც არ იძვრის. ალბათ, დავჭერი, რაც გინდა იყოს, მოვარჩენ“, - მისცა თავს პირობა, მერე დაიხარა და ფრინველი ხელში აიყვანა. „ოი“, - უნებლიედ აღმოხდა ბავშვს, - საწყალი, საწყალი. ჩიტმა თავი ახლა მთლიანად მოაბრუნა. ნისკარტის ადგილას მხოლოდ წითლად გამოყოფილი ენაღა ჰქონდა. მისი პატარა მკერდი ჩქარ-ჩქარა სცემდა. დათუნას გული შეეკუმშა, „ეს რა ვქენი“, - გაიფიქრა მან. მერე ნელა წამოვიდა აივნისკენ, აქ ჩიტი ნაზად დასვა მაგიდაზე და წყალი მოუტანა. ჩიტი შეშინებული იყურებოდა, მკერდი სულ უფრო ხშირად უცემდა. „ოხ, მხეცი ვარ, მხეცი! როგორ მომივიდა ეს, ნეტავი მომეკლა მაინცა, თუმცა რათ მინდოდა. წავალ, ვაშლს დავუჭრი, იქნება შევაჭამო როგორმე”. დათუნამ კიბე ჩაირბინა, აქვე, ღობეზე ჩამოკიდებულ მგუდავებს მოჰკრა თვალი, რომლებზედაც საცოდავად ჩამოხრჩობილი ფრინველები ქანაობდნენ. დათუნას გული შეეკუმშა. „რა ბოროტი ვყოფილვარ, რა უსინდისო, რისთვის დავხოცე! თუმცა ჰერბერტიც ხომ ხოცავდა, და სხვა მონადირეებიც, ვინც ვაჟკაცებად ითვლებიან.“ ამის მოგონებაზე ცოტა შვება იგრძნო, ვაშლის ხის ძირში ტყვიისგან დაფხრეწილი ხილი ეყარა. „ესეც აღარ იჭმევა, სულ დამიგლეჯია“, - დათომ ისევ უხერულად იგრძნო თავი, მერე ერთი ვაშლი აიღო, აივანზე წვრილად გახეხა და ჩიტს მიუტანა, ფრინველი კი იჯდა და სულ უფრო საცოდავად სუნთქავდა. „რა სულელი ვარ, უნისკარტოდ ეს ვერც შეჭამს, ვერც დალევს, მაშ რა მოუვა ნეტავი? საწყალი, ალბათ, შიმშილით მოკვდება, რომ მოვკლა, აჯობებს, ნამდვილად აჯობებს, ხო მოვკლავ, წამებას გადარჩება.“ დათომ ჩიტი ხელში აიყვანა. „როგორ მოვკლა, საწყალი“, პატარას ცრემლები მოადგა, მერე ლოყაზე ბუძგებმა დააყარა, მისი ხელით მოკვლა არ შეეძლო; ქვევით ჩაიყვანა ჩიტი, იქ ღობეზე დასვა, თავი დაანება, შემდეგ ისევ აივანზე დაბრუნდა და წიგნი აიღო, მაგრამ კითხვა ვერ შეძლო. იგი თვალს ვერ აშორებდა ღობეზე მჯდარ ფრინველს. „მაინც რატომ ხოცავენ საწყლებს. მამაჩემიც ხომ ხოცავს. ნეტა არა რცხვენია? რათა ხოცავს? საწყალი ჩიტები, როგორ მეცოდებიან, ნეტავ რათ ხოცავენ, ან რატომ ითვლებიან ვაჯკაცებად? მამა თვითონ ამბობდა, შენზე სუსტი და პატარა არა სცემოო. ბიჭმა ძლივს გაამახვილა ყურადღება წიგნის კითხვაზე. ქვევით მოთხრობილი იყო, ჰერბერტი როგორ გამოვიდა სანადიროდ. ახლა ამ ბიჭმაც ოდნავ დაკარგა მის შეგრძნებაში პატივისცემა.
დათუნამ ისევ ჩიტს გახედა. მას თავი მიებრუნებინა და უმწეოდ იყურებოდა. „ნეტავ რას უყურებს,“ – ძლივს მოასწრო გაფიქრება, რომ მეზობლის კატამ ერთი სკუპით მოხსნა ჩიტი ღობიდან და ტყრუშულს გადაევლო. დათუნა სწრაფად წამოხტა და თოფით ხელში გამოუდგა კატას, მაგრამ კატა გაუჩინარდა. „ოხ, რა ვერაგები არიან კატები, სიამოვნებით დავხოცავდი, ტყვილა არ მძულდა! საწყალი ჩიტი, რას ერჩოდნენ.“ ღობესთან ისევ დაინახა ჩამომხვრჩალი ფრინველები. ნიჩაფი აიღო და მათთვის საფლავის თხრას შეუდგა. მიწის მიყრის შემდეგ ლამაზად შემოულაგა ქვები და გადაწყვიტა, ხვალვე ზედ ყვავილები დაერგო, მერე დაენანა, რომ ერთი კატამ გაიტაცა და შეიძლება შეჭამა კიდეც.
დათო ზევით ავიდა და წიგნის კითხვა განაგრძო, თან კატა ეჩვენებოდა.
ახლა იგი იმ ადგილას იყო, სადაც ჰერბერტმა ფრინველი მოკლა, ხელში აიტაცა და გახარებულმა დაიძახა:
_დღეს ჩვენ მშვენიერი ბულიონი გვექნება! – მართლაცდა ყოჩაღ, ასეთი სადილი თვით მეფესაც შეშურდებოდა, როგორც ამ ფრინველისაგან ჩვენი მაიმუნი დაამზადებს, - დასძინა პროფესორმა, დათუნამ წიგნს თვალი მოაშორა და მზერა სივრცეში გადაიტანა. ქვევით სოფლის მტვრიანი გზა მოჩანდა, რომელზეც ურემი მიიზლზნებოდა. შარაგზა მამამისის ნაცნობმა მონადირემ გადასერა და ბუჩქებს შეერია. „ეგეც სანადიროდ მიდის. რა გემრიელ სადილს აკეთებს, მერე ძია სიკოს ნანადირევიდან დეიდა თამარა“, - გაიფიქრა ბიჭმა.
„მიაუ“, - დაიკნავლა ამ დროს მეზობლის კატამ და მოაჯირზე ამოძვრა, პირში ჩიტის ბურტყლები ჰქონდა გაჩხერილი. დათუნამ სწრაფად დაავლო თოფს ხელი, მერე ისევ დაუშვა, „მაგას ჩემზე ნაკლები დანაშაული აქვს, - ბუნდოვნად ფიქრობდა იგი, - მაგან ჭამა მაინც, ალბათ მაგისთვის გემრიელი იყო, მე კი სულ ტყუილა დავხოცე“.
დათუნა ძალიან, ძალიან დაღალა ამდენმა ფიქრებმა. იგი ბურანში გაეხვია. შემდეგ ჩაიძინა, კატა კი ფეხებთან მიუჯდა, თავი ტერფზე დაადო და მანაც ჩათვლიმა.
წელი 1956
თვე ივნისი
რიცხვი 14-15

[/size]

ციტირება პასუხი
   
User avatar
სტუდენტი მეზობელი
სტუდენტი მეზობელი
Joined06 Jan 2009
Posts20
კარმა0
OFFLINEPROFILE
გველის პერანგი
გული ხელის გულზე

ჰამადანიდან მიჰქრის ავტომობილი. შოფერი კუნთებდახვეწილი ჟოკეჲვით შეზრდია „ფორდს“. ქუდები თეთრ ზოლს აყოლებენ: ერთი - ინგლისური თეთრი ჩაფხუტი საგრილო და მეორე - ჩალმა სპარსული თუ აღმოსავლური. ერთის მუხლებზე ვეებერთელა დოგს თავი მოუსვენია. გზა მიდის ჩრდილოეთით. სადგურ აღბულაღის იქით მდაბლობი გაშლილა სოფლებით. ხევი ორი მდინარის: კარასუსი და დარაგაზანის. კულებადის მდაბალ მთებთან გაიჭრის საზღვარი ჰამადანისა და ხამზესი. სოფელ რამაზანთან გზა მიდის მორჩილ მდინარის პირას. ხიდს გაივლიან ოდნავ მოშორებით მდინარის მარცხენა ნაპირას მოხეთქს ცივი წყარო: გოგირდიან-კირიან-რკინეული. რამაზანიდან დაწყებული თანდათან მატულობს აღმართი. სადგურ მანიანთან - საცა ეხლა „ქალაქთა კავშირის“ საკვები პუნქტია - აღმართი მუხლს იმაგრებს და ჩაქნეულ ხრამის გასწვრივ მიდის სულ მაღლა და მაღლა ყარაგანის მაღალ უღელტეხილის მიმართ. ორი კილომეტრის მანძილზე ყარაგანის უღელტეხილთან - სადგური სულტანბულაღ. აქაც - საკვები პუნქტი.

ფორდი ძალას იკრებს რომ ალახოს ეს დიდი აღმართი. ხანდახან დაიქშენს როგორც თოფნაკრავი მხეცი. შოფერი ასეთ დაქშენას უნდო თვალით უყურებს. მან იცის კარგად: ქვეყანაზე არ დაბადებულა ჯერ ისეთი ქალი რომელიც იყოს ისეთი კაპრიზიანი როგორიც არის ავტომობილის მანქანა. ათვალიერებ: ყველაფერი რიგზეა. გაუშვებ და რამოდენიმე საათის შემდეგ - ნერვიულობა ჭირვეული.

სულტანბულახს უახლოვდებიან. ფორდი ქშენს სხვანაირად: რიტმი თუ ეშლება. შოფერი არას ამბობს: სულ სადგურისაკენ იყურება. ალბად იმას ფიქრობს რომ იქამდე უვნებლად მიაგდოს მანქანა. რამოდენიმე წამი და სულტანბულაღის კარებთან ფორდი საშინლად ამოიხვნეშებს და ერთბაშად დავარდება: შეჩერდება.

პირველი „ალლან“ გამოხტება და ღობეს მიაშურებს. შემდეგ არჩიბალდ მეკეში. მას მოჰყვება ჩალმიანი კაცი. მეკეში ტანად მაღალია. მაგრამ ჩალმიან კაცთან შედარებით თითქმის დაბალი სჩანს. ჩალმიანს მოსხმული აქვს ტანზე გრძელი და მეტად განიერი მოსასხამი ჭაობის ბალახის ფერის. ფეხებზე - მოყვითალო ქოშები. მაღალი კაცი მხრებში ოდნავ მოხრილია: მკერდი არ აქვს მაგარი. ცხვირი მოგრძო და ცოტად გაბრუნდული მარცხნით. თვალები სადღაც შორს ჩამჯდარი: გოგირდისფერი მქრალად შემწვანებული: ნელი - ბეჯითი - გამხვრეტი. სახე ჭრფლიანი და ნაყვავილევი. ასეთი სახე ასეთი თვალებით გველს აჩერებს ცხელ სილაზე. ნარევი ტიპი: სპარსი თუ ჰუნდუ თუ ეგვიპტელი. რა ხნისაა - ძნელია გამოცნობა. ულვაშები - თითქო ახლად ამოსული. თხელი მოკლე წვერი ინით შეღებილი ოდნავ.

შოფერი ფორდს სინჯავს. მეკეში და ჩალმიანი სივრცეებს გადაჰყურებენ. მოსჩანს ჰამადანი როგორც გახელებით დარტყმული სისხლიანი ნალი. მარცხენით - ავეჰს მთები: პირტიტველა გიგანტები. მეკეში დატყვევებულია უცნაურ სანახაობით. მას ყოველთვის აფრთოვანებდა მუხის ფოთლებში ჩაშვებული მზის ღელე მწვანე მოლზე რომ კიაფობს ხალას ტალღებად. მას აფრთოვანებდა ყოველთვის და უფრო მეტად: თუ მუხის ფოთლები მდინარეს დასცქერიან თავს და მზის ღელე ჩრდილებში დახვეწილი მდინარის მავალ ტანს ეფრქვევა პეშვებით. აქ არის ჯადოსნური შეერთება: ყვითელის - მუქლურჯის - ნისლოვანტყვიისფერის. და თანვე ფერთა დენა შეუჩერებელი: მზის ღელე - ფოთლის რხევა - წყლის შრიალი. მეკეში ფოთლებს ხედავს. ფოთლებს: ზოგს სქელსა და დიდს - ზოგს ნარნარსა და მცირეს - ზოგს გრძელსა და დაშვებულს. ხავსი და ყარამფილი ერთი მეორეს ეჯიბრებიან. ყარამფილი ძლევს. ასპიდი და ხვითო ერთმანეთს ედავებიან. ხვითო ძლევს. ბოლოს: ხის ბაყაყი „ვასაკა“ - რომელსაც (სხვადსხვა სიმუქისას) მიმოაბნევენ საზღაპრო ფარშევანგების აჭრელებული ბოლოები...

- ეხლა მესმის: თუ რამ შეჰქმნა სპარსული ხალიჩა...

- ეს მხოლოდ წინა კარია. ყაზვნის იქით ნახეთ!..

შოფერი ათავებს შეკეთებას. მეკეში და ჩალმიანი მთებს გასცქერიან. „ალლან“ უეცრად დაიყეფს. „ქალაქთა კავშირის“ ავტომობილი გაირბენს გვერდით. მეკეში მოჰკრავს თვალს სათნოების დაჰს და თითქო ხრამს მოადგაო - შეირხევა მთელი ტანით. „ხვლიკისფერი თვალები“. ნუ თუ?! არა... აქ რა უნდა?!

- რა დაგემართათ?!

- ისეთ ფერს მოვკარ თვალი - რომ...

- სად?

- აი იმ მთის კალთებზე კუთხეში. თითქო შვინდი: ვეშაპის ლივლივა ტანზე გადასხმული.

- საოცარია...

ავტომობილი მზადაა. სულტანბულაღიდან დაღმართით გზა ეშვება ხევში რომელსაც მთის მდინარე გაურბის. მდინარის მარჯვენა მხრით ჩრდილოდასავლიდან სამხრეთაღმოსავლეთით გაწოლილია დაპობილ ნაპრალების ქედი როგორც პრეისტორიული მამონტის ხერხემალი. უახლოვდებიან სადგურ ავეჰს. აქ რუსის შტაბი იდგა როცა ჰამადანი თურქებს ეჭირათ. მდინარე ავეჰ ზაფხულში თითქმის მთლად ამომშრალა. დაცლილი მკერდების მწუხარება: ეს ტანამომშრალი წყალი. მზის სისხლისმსმელმა გველეშაპმა თუ ამოხვრიპა. ქვების ლოდები უზარმაზარი ორას მეტრიან კალაპოტში. მდინარე ავეჰ მიდის სოფელ აბბასაბადის ახლო და უერთდება ხარრუდს. ხარრუდის ნაპირას - ცხელი გოგირდის წყარო ორმოცდაერთ გრადუსიანი. გზას განაგრძობენ. წინ - მდაბლობი. სოფლები: ნოვენდ - საჲფაბად - რაჲკან - დეხკან. მდინარე აბგარ. ზედ ხიდი. ბაღები: ხილისა და ვაზის. ნანგრევები.

ფორდი ხვნეშის. ხანდახან დაიქშენს და შოფერს ფერი ეცვლება. „ალლან“-ს ეყვინთება. ჩალმიანი ნირვანაში ყვინავს. არჩიბალდ მეკეშს ხვლიკისფერი თვალები აგონდება. ოლგა... ნუ თუ?! არა აქ რა უნდა?“ ტიტველ კლდეებს თვალები რომ მოაცილა - ხედვაში ვასაკას ფერი შერჩა. ალბათ ამ ფერმა დაუნისლა თვალები და მზერა აერია. მაგრამ რად არის მწვავე თვითონ მოლანდებაც კი?!

ფორდი ხვნეშის ხანდახან. დაიქშენს და შოფერს ფერი ეცვლება. „ალლან“-ს ეყვინთება. ჩალმიანი ნირვანაში ყვინავს. არჩიბალდ მეკეშს „ხვლიკისფერი თვალები“ ელანდება. მზე ესვენება. გადამწვარ არეს მეწამულის ფერი ეფინება შენელებული. არჩიბალდ მეკეში თვრება საოცარი სივრცეებით.

- აქ ადამის თვალია საჭირო.

- დიახ: ადამის თვალი!..

— — —

ხვლიკისფერ თვალებმა სადგურ მანიანს მიანათეს. საკვები პუნქტი თითქო ყვითელი სოკოა გადატრუსულ ტრამალზე. ავტომობილის შეკავებულ ხრიალზე ჯარისკაცი გამოდის სპლინმორეული. მოსულებს ეგებება და თან ქოჩორს იქექავს. ტანი თეთრებით მოსილი მოსხლეტით ხტება ავტომობილიდან. ჟან გუჟონს აქვს ერთი „დიანა“. ქალი დალურსულ თვალებით შველს უცქერს მაღალს. შველი თითქო მოჯადოებულია ქალის თვალებით. უახლოვდება ქალს თავაწვდილი: ცხელი პირით თუ სურს ქალის ტუჩებზე ნადირის კოცნა ადაღოს. ავტომობილიდან გადმომხტარი ტანი გუჟონის დიანას მიაგავს. გრძელნი ფლორენციულნი ფეხნი თეთრი ნაკადულის ორ მაგარ ტევრად ჩამოხეთქილნი. არა: სხვაა. გადმომხტარი ტანის თეძოები უფრო განიერია. კიდევ ერთიც. თეთრებით მოსილი ტანის მკერდი მეტადაა აკვრივებული. მკერდზე: ორი სქელი ვარდი შირაზის. ძველად ქალწულის ძუძუებზე მქანდაკი სასხვერპლო თასებს ასხამდა თიხისაგან. არის ასეთი გადმოცემა. ამ მკერდის ძუძუები თასებია თვითონ.

ჯარისკაცი ყეყეჩად დგას.

- გამგეს დამიძახე!

მოესმის ჯარისკაცს ქალის ხმა. მიდის.

ქალი შედის პუნქტის შენობაში. თითქო მოკვეთილი - ლოგინზე დავარდება. თავსაფარს იგლეჯს და გვერდზე გადაისვრის. თმები: მოკლე და ხშირი: თითქო სპარსულ ხენნეჰდ გადმოშვებული მზის ტევრი. შუბლი მაღალი: ბოტიჩელის ქალების. ცხვირი, აწეული ოდნავ. ბაგე მოკუმული: თითქო მრისხანე. ტანი ვერ ისვენებს.

შემოდის ბანგვლიანი კაცი. აღმოსავლური პროფილი. თვალებით თითქო ქონით თუ ქონში იცრემლებიან. ცხვირი - სტაფილო. სახეზე: საფანტისხელა ფერისმჭამელები მუქლურჯად. ფერისმჭამელები ზოგან ამოვარდნილან და ნაყვავილევის კვალს სტოვებენ. გამგეს მთქნარება კარებში უთავდება.

- ეხლავ გამომიძახეთ რწმუნებული ტელეფონით...

- ყაზვინიდან?!

- ყაზვინიდან...

- გამოვიძახებ...

ბანგვლიანი კაცი გადის.

ლოგინზე გაშხვართული ტანი ფიქრობს: „ის“ იყო უთუოდ... მაგრამ საინდან გაჩნდა?! ირანის პლატომ მოლანდება იცის... არა: უთუოდ „ის“ იყო... რად არ შეაჩერა ავტომობილი?!.. რად არ გადახტა?! რად არ შეეგება?! ქალის გულს ქალიც ვერ გამოიცნობს... გაშხვართული ტანი ავარდება... გაიხედავს: ტიტველი სივრცე უხმო: ვინ რას ეტყვის?!

ბრუნდება გამგე:

- ერთი საათის შემდეგ დაგელაპარაკებით...

გამგე გაბრუნებულია.

ქალი სამზარეულოსაკენ გადის. იქ შოფერი ხვდება. მაზუთიან ხელით სპარსულ ლავაშს კეცავს და საშინლად ილუკმება. კაცმა არ იცის: ბერძენია ტრაპიზონიდან თუ სომეხი როსტოვიდან თუ აისორი ურმიიდან. გვერდულა ცქერა. ცხვირი შუაზე გაჩეხილი. დაბალი და დაბორგვლილი. ჭროღა თვალები წვრილი.

- სტეპკო! ეხლავ უნდა გავბრუნდეთ უკან...

- არ შემიძლია...

- მიზეზი?!

- მანქანა დაღლილია...

- შენ გამოაცოცხლებ...

- მეც დაღლილი ვარ...

ქვეყანაზე ჯერ ისეთი ქალი არ დაბადებულა რომელიც ავტომობილივით იყოს კაპრიზიანი. ქვეყანაზე არც ისეთი ავტომობილი გამოუშვიათ ქარხნიდან რომელიც შოფერზე უფრო კაპრიზიანი იყოს...

- სტეპკო! ხომ იცი ჩემი ხვეწნა...

ქალი იღიმება... არსებობს განა სადმე ისეთი კაპრიზი: ლამაზის ღიმილმა რომ არ მოალბოს?

- მგონი საჭე აქვს მანქანას დაზიანებული.

სტეპკოს სიტყვებს აღარ აქვთ დაჯერება.

ქალს იმედნი ემატება და თან ძალაც...

- შეგიძლია შეაკეთო სამხედრო ნაწილის გარაჟში...

- არც ბენზინი მაქვს საყოფი...

- ბენზინსაც იქ იშოვი... მე ვიშოვი...

სტეპკო კიდეც ირყევა. მიწაზე ისე უხერხულად დადის როგორც ალატროსი ხომალდზე.

- მანქანა წახდება... მთლად გაფუჭდება...

- რა ღირს „ოპპელ“?!

- ხუთი ათასი... თუ ექვსი... არ ვიცი.

- თუ წახდა მე გადავიხდი...

- ფულის სიუხვეზე სიჯიუტე ტყდება...

სტეპკოს ახლა ღიმილიც ემჩნევა.

ქალს უახლოვდება გამგე:

- ტელეფონთან არის... გიცდისთ...

- მაშ ასე სტეპკო...

სტეპკო ქალის ღიმილს ისუნთქავს ვით ველურ ვარდს...

ქალი გარბის...

— — —

უეცრად „ალანმა“ ყურები აცქვიტა. წამოხტა. დაიყეფა. ყეფა გრიალით გავარდა ხევში. რა იყნოსა?! შორიდან ისმის სიმღერა. შოფერი თავს აწევს. ჩალმიანი გამოდის ნირვანიდან. „ალლან“ წინა ფეხებზე დგას. არჩიბალდ მეკეში გარინდულია: თითქო კრუხი წიწილებით ქორის აჩრდილი რომ დაინახა. სიმღერა მატულობს: გადადის შორიდან შორს. არჩიბალდ მეკეში ცახცახია შეკავებული. რაღაც იგზნო: ახლო თუ შორეული ერთად. (ადამიანი სარკეში იხედება ხანდახან გიჟივით. თვალს ვერ აცილებს თავის სახეს. გადის ხანი. სახე ადამიანს სხვისად ეჩვენება. ბოლოს: სარკეში უცხოს ლანდი გაირბენს. ადამიანს შიში აიყვანს. ვინ არის?! ვისი ლანდი?! ჩემი?! სხვისი?! უცხოსი?! ჩემიც. სხვისიც. უცხოსით. რარიგ?! რა გზით?!). სიმღერა იზრდება და ახლოვდება. არჩიბალდ მეკეშს გული უყუჩდება.

ტაბაჲ: გუნება გეცვალათ?!

მეკეში: უცნაური სიმღერაა.

ტაბაჲ: გჲურჯების სიმღერას ჰგავს.

მეკეში: გჲურჯების...

შოფერი: ქართველები მღერიან.

მეკეში: ქართველები...

მეკეში ფორდის კარს ავლებს ხელს: თითქო გადავარდნა ელის. მამის სიტყვა აგონდება: „თავშეკავება“. ნებას იკრებს: თითქო რკინეულ კალასოდ იქცევა მდინარის ღურღურში რომაა გაწოლილი ნაპირიდან. სიმღერა გადადის ტალღებად: როგორც მზეზე აელვარებული ხმალი. „ალლან“ ყეფს. ავტომობილი სოფელს უახლოვდება. ფორდი ხვნეშის და რიტმს აღვივებს.

მეკეში: რა უნდათ აქ ქართველებს?

შოფერი: შვებულებაში არიან.

ტაბაჲ: ჰაა - ცხენოსან პოლკიდან.

შოფერი: გზად არიან.

მეკეში: გზააად...

ავტომობილი ჭიშკარს უახლოვდება.

შოფერი: მანქანას წყალი უნდა.

არჩიბალდ მეკეშს მოეშვა დიდი სიმძიმე და მხრებში გაიმართა. თუმცა გულის ფეთქვამ იმატა უფრო. მაგრამ კალასო მაგარია: რამდენ წყალს გადაუვლია მის თავზე. ფორდი ჭიშკართან ჩერდება. ჭიშკარში: ხმელი ახალგაზრდა. ახალისდება და ჩალმიანს:

- ჰაა ტაბაჲ ხან: მობრძანდით! მობრძანდით!

- მე მარტო არა ვარ.

- კიდევ უკეთესი! გვეწვიეთ!

გადახტენ.

- ჩემი მეგობარი ინგლისელი. არჩიბალდ მეკეში.

- სანდრო ამილახორი.

ჟოლის ხეების ჩრდილები. გძლად გაშლილი სუფრა. სუფრის გარშემო: ყმაწვილები - ოცამდე. წამოდგებიან. ესალმებიან ჩალმიანს: „ტაბაჲ ხან მობრძანდით“. ჩალმიანი აცნობს: „ჩემი მეგობარი არჩიბალდ მეკეში. ცოტა რუსულიც იცის. ცოტა სპარსულიც. მაგრამ თქვენ შროსი ზოგმა ფრანგულიც იცის. თარჯიმანი არაა საჭირო“. გაისმის სხვა და სხვა გვარი: ჭავჭავაძე. ორბელიანი. ავალიშვილი. მორბელაძე. მაყაშვილი... როგორ?! კინაღამ წამოიძახა მეკეშიმ და გაფითრდა. ჩალმიანმა თითქო გაუგო გულის თქმა და მოახსენა: „მაყაშვილი“. ერთმა წაიჩურჩულა: „შემოკლებით - მაყაში“. მაყაში. არჩიბალდ მეკეში მაგიდას ეყრდნობა: რომ არ დაეცეს. ხედავს: ყმაწვილი მაღალი. შავგვრემანი მეტად. კანი: თითქო პერგამენტი. თვალები: ღია და მიბნედილი. რხევაში: ძველი რასსა - დასუსტებული კიდეც. მეკეში თითქო შორს იმზირება.

— — —

- აპარატთან... დიახ... ოლგა ბალაშოვა... დღესვე უნდა გამოვბრუნდე. მიზეზი?! პირადათ... არ შეიძლება?!. ჩემს მაგიერ სხვა გამოგზავნეთ... ზედმეტი ხარჯი მგზავრობისა?! მე გადავიხდი... თანახმა ხართ!.. მადლობა!.. დიდი მადლობა!.. ორი წუთი კიდევ... ყაზვინში დღეს მოვა ინგლისელი... ჰამადანის გზით... ჩემი შორეული ნათესავი... გვარი?! მეკეში... ეძიეთ ყველგან... იკითხეთ... მერე?! ჩემი სახელი და გვარი გადაეცით... სხვა არაფერი... იმედი მაქვს... დიდათ დამავალებთ... ეხლავ გამოვდივარ...

— — —

- ქეიფი! ქეიფი!

- ღვინო! ღვინო!

- ტაბაჲ ხან! ღვინო სპარსეთში არ ვარგა.

- გეთანხმებით... ქართული გექნებათ...

- გვაქვს... ნამდვილი კახური...

- ტაბაჲ ხან ღვინოს არ სვამს...

- თქვენთან დავლევ...

სიხალისე. სიხარული.

მწვადები ჟოლის შამფურებზე. თასები.

მეკეში თვალით ზომავს ყველას.

აგონდება:

შეიხ-ბენ-ეგირს შვიდი ცხენი წაართვეს მესოპოტამიის საზღვარზე. შეიხ-ბენ-ეგირ რისხვა იყო შეტევის დროს. ცხენები მაინც დაჰკარგა. ვინც თვალი მოჰკრა: გულის დაწყვეტა შეამცნო მტევანივით. ცხენები ბნელი თავლიდან გამოიყვანეს. ჯერ სინათლე არც ენახათ. როცა მზის სხივები მოხვდნენ მათ თვალებს - თვალები ახლად ამოხეთქილ წყაროსავით აკიაფდნენ. ასეთი თვალები ჰქონდა ალბათ იმ პირველ კაცს რომელმაც პირველმა მოიგონა ცეცხლი. ტანით; ალესილები - ასხლეტილები - ალეწილები. ნამდვილი რასსა არაბის. რხევაში: საუკუნეებით დახვეწილი ძრაობა. სიარულში: ბიოლოგიურად დაოკილი რიტმი. ბოლოს და ბოლოს: გამართლება ბიოლოგიის. არჩიბალდ მეკეში ბიოლოგიის გამართლებას მანამდე მარტო „ალლანში“ ხედავდა. ეხლა კი მის წინ ვაჟებიც: სწორედ იმ არაბული ცხენებივით დახვეწილნი. სწორედ ისე დაქნილნი. სწორედ ისე აკვრივებულნი. უეცრად მამის ლანდმა გაირბინა ჯგუფებში და ცრემლი თვალების უპეებს მოადგა...

სიმღერა! სიმღერა! გაიძახიან.

მღერიან „მრავალჟამიერს“ კახურს: რომელიც მოდის როგორც ალაზნის ველი. ჯერ ნელი. მერე ახშირებული. მერე ამწვარი. შემდეგ ნაპირებდაგალახული. ბოლოს: მოქნეული როგორც სალტე. აქ ლხინია ვაჟკაცის რომელიც ომიდან დაბრუნდა გამარჯვებული. მღერიან „მრავალჟამიერს“ ქართლურს: რომელიც იღვრება როგორც ქართლის ველი მდორე. ჯერ ისიც შენელებული. შემდეგ გაქანებული. შემდეგ ქადგაზნექილი. ბოლოს ქედმართული. აქ არის ციხის დაცვა მეციხოვნეთა მიერ: რომელთაც იციან განდობა და გატანა. გაუძლებს ციხე ყოველთვის შემოსეულებს?! და სიმღერას ბოლოში გაგუდული ბოღმა გადაჰკრავს ოდნავ. მღერიან მაღალ „დელიას“. თითქო დამცხრალ გრიგალს იმერთა მთებიდან შენელებით ხევებში ჩაშვებულს. ეს სიმღერა იშვიათია: საქართველოშიც კი. აქ არის: კახის ლხინი და ხმალი - ქართლის სიმტკიცე და ფარი - სვანის ჯავშანი და „ლილე“ - ხევსურის შუბლი და შემართება. მღერიან. მღერიან: თითქო დედოფალი მოჰყავდეთ გაშიშვლებული ერთიმეორეს გადაჭდობილ ხმლებზე.

არჩიბალდ მეკეშს ხვლიკისფერ თვალებიანი დედოფალი აგონდება. ეგებ ის იყო მართლა?! არა... აქ რა უნდოდა?! სიმღერა თითქო მუხის თავს ეხვევა: არ იცი საალერსოდ თუ თავწასაგლეჯად. არჩიბალდ მეკეში მუხის შრიალში უსმენს სიმღერას. ნეტავ კიდევ სად მოისმინა?! ნაცნობი რომაა?! სარკეში იხედება. ძროს ვერ ნახულობს. შორსშორს პიროვნების ძირი ირხევა გატიტვლებული: იშლება და იკლაკნება. რაღაც ნაცნობი და თან უცხო: ზმანება თუ დაავიწყდა?! არა: ეს თესლია ალბად: ახლო და შორეული. უეცრად მამის ლანდი გაირბენს სუფრასთან. არჩიბალდ მეკეში მაგიდას დაეყრდნობა რომ არ წაქანდეს.

— — —

მზე ჯერ კიდევ არ ჩასულა. ავტომობილი ყიზვინისკენ მიჰქრის...

ქალის ფიქრები შორს იჭრებიან... 1914 წელი. აპრილი. ლოზზანა... ბაღში გასეირნება... შეჩერება ვილჰელმ ტელლის ძეგლთან. ვაჟი ტრფიალით აყვანილი... ჩუმი და მორცხვი... მაგრამ სიჩუმეში და მორცხვობაში - რამდენი ძალა და რამდენი გრძნობა?! ვაჟი შეკრულია ერთი ნდომით. ქალი ისუნთქავს ვაჟის სიახლოვეს... ქალს ნესტოები უგანიერდებიან როგორც ხაფანგში გაბმულ ნადირს... ვაჟი სდუმს... არას ამბობს... ან რათ უნდა სიტყვა?! თვითონ სიტყვა არაა გაშანთული?! ყოველი კუნთით... ყოველი ამოსუნთქვით... ვაჟი ისედაც სიტყვაა... მთლად... ქალი სიხარულია... მაგრამ რად იღებს ქალი ტანჯულ სახეს?! თვითონაც არ იცის. ქალის ქცევას ქალის ვერ გაიგებს... ესმის ვაჟის სიტყვა სუნთქვა გარღვეული:

- მსურს გითხრათ...

- ვიცი უსიტყვოდ...

ვაჟი გაოცებით უცქერს...

(„სულტანბულაღ“... გაისმის შოფერის ხმა.

წარსული წყდება შორს... ქალი ერკვევა... გადახტება... შედის სადგურში... ფურცლავს გამვლელთა წიგნს... არ არის... ეკითხება იქ მყოფთ... ეუბნებიან: გვარი არ უთქვამს... შეიძლება სხვა იყო?! არა. ის იყო. უთუოდ... ბრუნდება. ავტომობილი მიჰქშენს).

ისევ ლოზანნა... ისევ შეწყვეტილი სიტყვა ქალის:

- ვიცი უსიტყვოდ.

ვაჟი გაოცებით უცქერს...

- არჩიბალდ! გწამთ საბედისწერო შეხვედრა?

- მწამს...

- სიკვდილიც რომ ვერ დაშლის...

- მწამს. მე ამ წამს განვიცდი...

ქალი შეჩერდება: თითქო სხვას შეხედა...

რა ემართება?!. მაცდურს თუ მოჰკრა თვალი.. არა.. „დაჲმონს“ რომ ეძახდნენ ძველად: ახლა ქალის მხრებშია.. „დაჲმონ“ მოტყუების.. მაგრამ რად არის ასე ტკბილი ტყუილით ცთუნება?! ქალი ებრძვის.. მაგრამ ქალის ბრძოლა ცთომასთან გამარჯვებაა ცთომის.. იმთავითვე.. არა.. ქალის მარცხი ცთომასთან ქალის გამარჯვებაა.. ქალს ბრუ ესმის.. ხოლო მარცხი ტკბილია საშინლად..

- არჩიბალდ! ვიცი თქვენი....

-იცით?!.

- ნეტავ ერთი წლის წინად შევხვედროდით ერთმანეთს...

ვაჟი გარინდული დგას..

ქალი თითქო ნათქვამს ასწორებს:

- არა! რა ვთქვი?! პროვინციელ კურსისტის სიტყვა..

- გრძნობის გამოთქმა ხშირად ელემანტარულია..

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined30 Nov 2008
Posts4430
კარმა0
OFFLINEPROFILE
მაქს,პროზაზე რას იტყვი?

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined30 Nov 2008
Posts4430
კარმა0
OFFLINEPROFILE
ტრფობა წამებული ვასილ ბარნოვის
80 თავიანი რომანი.
მაწილ-ნაწილ დავდებ.
(ისტორიული რომანი)
1
ფარავანის ტბის ნაპირას, სადაც შარვაშეთის მთა დააწყდება, სანსრების გადასწვრივ, განმარტოებით მოსჩანდა კარავი, რომლის გარშემო რამდენიმე ადამიანი ტრიალებდა, ქალი თუ კაცი. სამგზავროდ ეცვათ: გზად მიმავალთ შეესვენათ აქ. კარავში მხოლოდ ქალები და ბალღები იყვნენ. ქალბატონს სარტყელი მოეშვა, გულისპირი ჩაეხსნა; მხარ-თეძოზე მიწოლილი თვალებს ლულავდა. მარჯვენა მკლავი უღონოდ გადმოეგდო ხალიჩაზედ. მის დაღონებულ სახეს და მოდუნებულ ტანს თუ ხელს ვეღარ უხდებოდა ვერც მელევანდი მოელვარე, ვერც გულისქინძისთავი, ძვირფასი ბეჭედი, თუ საყურე ფასდაუდები: მხიარულად მოციმციმე სამკაული უფრო მკაფიოდ ჰსახავდა ღრმა ნაღველს მათის პატრონისას. კარავში ორიც სხვა დედაკაცი იყო. ისინი მისხდომოდნენ მიწოლილ ბავშვებს, სდარაჯობდნენ. მდუმარედ მათს ძილს მღელვარეს.

- ნენე, ჩაეძინა ბაგრატს? - ჰკითხა ნელის ხმით ქალბატონმა.

- ჩაეძინა, როგორც იყო. ძილი უკრთება: გონებაში ჩავარდნილი ბალღია, ჰხედავს გარემოებას და ღელავს, - მიუგო დედაკაცმა დაბალივე ხმით.

- აბებურა კი, ვენაცვალე, იმდენად ვერა გრძნობს გაჭირვებას: არ ესმის პატარას. მაინც ჟინიანობდა გზაზედ, თავისებურად ვერ მხიარულობდა. მალე ჩაეძინა დაღლილს; ღრმა ძილი არც ამას მოსდის, - მოახსენა მეორე ძიძამ.

- ადარნასე?

- ადარნასე თავის მამასთან იქნება: თავისი თავი დიდი ჰგონია, მარაქაში გასარევი, და ვაჟკაცებს არა ჰშორდება.

დედაკაცს კიდევ რაღაც უნდა ეთქვა, მაგრამ ქალბატონმა ტუჩებზედ ხელის მიფარებით ანიშნა, დაჩუმებულიყო, ბავშვები არ დაეღვიძებინა.

ქალბატონი ერთხანს თვალღია იყო გარინდებული, მერმე ჩახუჭა თვალები, ჩაეძინა. ვერ დაუმშვიდა ძილმა სახე: შუბლი ისევ შეჭმუხვნილი დარჩა, ლოყებზე შიგადაშიგ ისევ გადურბენდა სწრაფი რამ მოძრაობა; მხოლოდ უფრო ფერმკრთალი შეექმნა სახე აღმბეჭდავი დიდის ტანჯვისა.

აიხადა კარვის კალთა და გამოჩნდა ვაჟკაცი. მზრუნველობით მიმოხედა იქაურობას, მიაბყრა თვალი მძინარე ყმაწვილებს და უკანვე გადადგა ნაბიჯი, ფრთხილად ჩამოუშვა კარვის კალთა. ვაჟკაციც ძლიერ დაფიქრებული იყო, შავად მოქუშული. მძინარეთა ხილვით უფრო დაიჩრდილა მისი სახე, სევდა ღრმად აიხატა მის დიდრონ თვალებში. მსუბუქად იყო შეიარაღებული. საგზაო ტანისამოსი ეცვა. ჯაჭვი გაეხადნა. მუზარადის მაგივრად ჩახუჭუჭებული კრაველი ერქვა თავს, მსუბუქ რამ ჯიღით შემკულ-დამშვენებული. ვაჟკაცის დანახვაზე დედაკაცები შეინძრნენ, მაგრამ ანიშნა, წყნარად ყოფილიყვნენ, არ ამდგარიყვნენ.

- შენ კი არ გინდა, შვილო, ძილი? - მიუბრუნდა იგი პატარას, რომელიც ფეხდაფეხ მიჰყოლოდა მამას კარავთან და ეხლა მასთან ერთად გამოტრიალდა უკან.

- არა! გიორგიმ მითხრა: ნავს მოაყენებენ ნაპირზედ და, თუ გინდა, სათევზაოდ გავიდეთ ტბაში: მამას დაეკითხე, არ გაწყრესო. ნებას მომცემ?

- წაჰყევ, თუ არ დაღლილხარ. ფრთხილად კი იყავ: არ ვარგა წყალთან ხუმრობა.

ბალღი დაეშვა. ტბის ყურისაკენ. მამამ გაადევნა მოსიყვარულე თვალი და წარმოსთქვა:

- თავის პაპასავით მხნე არის, გაუტეხელი. მთელი ღამის მგზავრობამაც ვერ დაქანცა. სახითაც იმასა ჰგავს, უფრო ცეცხლის მფრქვევ თვალებში. ტყუილად კი არ დავარქვი ადარნასე. პირმშოა ჩემი, ტახტის მემკვიდრე, მაგრამ რაღა დავუმკვიდრო საწყალს, როდესაც ღმერთმა გარე შეაქცია პირი თვისი ჩემგან და შემერყა სამკვიდრებელი, იავარმექმნა მონაგები მამა-პაპათა?!

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined12 Jan 2008
Posts621
კარმა65
OFFLINEPROFILE
qurdimaxo wrote:
ციტატა:
მაქს,პროზაზე რას იტყვი?

მახო პროზა არის უკვე ეგეთი თემა http://despani.com/component/option,com ... 6/id,1543/
მხოლოდ თემის გარშემო დავწერით დანარჩენი ყველა პოსტი წაიშლება!!!!

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined30 Nov 2008
Posts4430
კარმა0
OFFLINEPROFILE
ტრფობა წამებული
(ისტორიული რომანი)
2
მოჰშორდა ვაჟკაცი კარავს, დაუხვია ტბის ყურისაკენ. მოსჩანდა ნაპირზე მომდგარი ნავი. გადაადგა კლდოვან ქიმს, ტბას რომ წასდგომოდა ზედ. ჩაიხედა წყალში. შეჰზარა: იქაც გულჩახვეული უბედურება დაინახა გულგატეხილმა. ღრუბლიანი იყო ცა. ეტყობოდა, მაღლა ქარი ჰქროდა: ღრუბლები სწრაფად იცვლიდნენ სახეს, დაქანაობდნენ ჰაერთ სივრცეში. მოქუშულ ცას ტბაც ჩაეშავებინა, გამდნარი ტყვიის სახე დაედვა მძიმედ მოძრავ ტალღებისათვის. კიდეც იგრაგნებოდა ტბის ზეწარი: შეშფოთებულიყო საგუბარი; ამოდუღდა წყალი ბუყბუყით, განრისხებას აპირებდა ძლიერი, ბრძოლას მძვინვარეს; ჯერ კი ისევ ცდილობდა, თავი შეეკავებინა ჟამიერად, თუნდ წამიერად.

- უბედობა უბედობას მოსდევს, მარცხი მარცხს ენაცვლება და ვაი თუ ბუნებაც მტრულად მომეპყროს, მანაც განიზრახოს. ჩემი ზიანი. თუ ღელვა ასტყდა, მსუბუქი ნავი ვერ გაუძლებს ტალღების ხეთქებას, ხიფათი შეემთხვევა ბალღს, - გაიფიქრა იმან.

და უნდოდა გადაეძახნა პატარისათვის, არ გაჰყოლოდა მებადურებს, მაგრამ თავი შეიმაგრა, მიცემული სიტყვა აღარ დაშალა.

- არა უშავს რა, არ შეკრთება: ჯერ პატარაა, მაგრამ ყოჩაღია. გამბედავი. არ უნდა შედრკეს, სრულებით არ უნდა იცოდეს შიში. მემკვიდრეა ჩემი, მომავალი მეფე-სარდალი და თავის ცხოვრებაში ბევრ საბედისწერო ცვლილებას უნდა ელოდეს ყოველს ჟამს. ეხლავე უნდა გაიკლდევოს გული, შეეჩვიოს საფრთხეს, განსაცდელს, შერყეულ მემკვიდრეობას ვუტოვებ, იქნებ დანგრეულსაც; დიდი ბრძოლა დასჭირდება შემდეგში, უტეხი გმირობა, საგანგებო მოსაზრება სწრაფი.

შეცურდა ნავი. ვაჟკაცი ერთხანს იდგა იქვე უძრავად, მერმე მოისვა სახეზედ ხელი, გამოტრიალდა. მოავლო თვალი არე-მარეს. გვერდზედ არავინ ახლდა. ხმალდარაკიანი მონა შორს იდგა ლანდივით იქით, მეორე მხარეს, ქვაზედ ჩამომჯდარიყო ჭარმაგი ვინმე ჭაღარა და ხელმანდილით ჩამობმულ მარცხენას ისწორებდა: მსუბუქად დასჭრეს მოხუცი ბარძიმ ბოლოს ბრძოლაში; ტყვედ კი ვერ ჩაიგდეს; ძლივს გამოასწრო, შემთხვევით გადარჩა.

- ბარძიმი. ცოტაღა შემრჩა ახლო მყოფთაგანი, ჩამეხოცა მთელი რაზმი. იძლია ჩემი ლაშქარი. განქარდა ძალა. ეჰ, აღარა ღირს ფიქრი გარდასრულზედ, არც ზრუნვა რამე. ალბათ ესეც ღვთის ნება იყო. არ ვიცი. რითი განვარისხე კურთხეული, რად დამამდაბლა ესე საშინლად, ან რად გამწირა ესე სრულიად. არა ჰქონია სამართალი არც იმას! - წარმოსთქვა ვაჟკაცმა.

და ხელი ჩაიქნია უმწეოდ, ჩაჰკიდა თავი. უკანასკნელ დამარცხების შემდეგ დაჰკარგა გმირმა იმედი, სასოწარკვეთილებას მიეცა მწარეს. დაშალა ფიქრი მძლავრად მომქმედი, უკუაგდო ზრუნვა სახელმწიფოზედ. მასში დარჩა აწ მხოლოდ ვინმე მოსახლე, რომელიც იმაზედღა ფიქრობდა, ოჯახი გადაერჩინა განსაცდელისაგან, დროზედ გაეყვანა სამშვიდობოს, დაებინავებინა უშიშარ ადგილას. თავის თავს მხოლოდ სახლის მამადღა სთვლიდა ეხლა; უკვალოდ გამქრალიყო მასში ზრუნვა თავის უდიდეს ოჯახზედ; დაჰვიწყებოდა სევდიანს ,რომ განგებას დაედგინა ის არა მარტო მამად ოჯახისა, მამასახლისადაც საქართველოსი; აღარ ახსოვდა, რომ ხელთ ეპყრა მას მთელი ერის ბედი, იღბალი; რომ მას შეჰყურებდა ქართველთ სამშობლო, ერთადერთს იმედს ძალებით მოსილს, ერთადერთ მხსნელს განძვინებული ვეშაპისგან პირაშკმულისა. მოზღვავებულიყო ურჯულო დასანთქმელად ქრისტეს მმოსავთა, მათ მოსასპობლად. სხვა არვინღა ჰყვანდა ერსა ხელისაღმპყრობი.

თავისი თავმოყვარეობაც დაჰვიწყებოდა ვაჟკაცს, ის ზვიადი ოცნება, რომელიც უსახავდა მას საქართველოს შეერთებულს ზღვიდან ზღვამდის და თან მას, აშოტ მძლეველს. ბრწყინვალე გვირგვინად შეკრებულის ტომისა, სალბუნებლად მის წყლულებისა, მანათობელად მის ცხოვრებისა. ყოველივე ეს წაშლილიყო მის მიმქრალ სულმი ღა აღმოჩენილიყო მხოლოდ კერძო ადამიანი, რომლის მოწოდება იყო მარტო კერძო ცხოვრების მოწყობა, საკუთარი კერის დარაჯობა და მფარველობა. ჩასთვლემოდა აწ მასში გმირს შემმართებელს, მისძინებოდა მასში ნიჭს ცხოველს, მარჯვედ მოაზრეს, დიდებულ გეგმთა სწრაფად ჩამომსხმელს. მოშვებულ-მოდუნებულიყო მასში მისი ნებისყოფა უტეხი, ბუმბერაზულ საქმეთა მსრულებელი. გული აღარ უთქმიდა მას ეროვნულ ძნელ განცდათათვის.

არ უამა ბარძიმის დანახვა, შესაძლებელი ყოფილიყო, გზას აუქცევდა. ის კაცი სინიდისის მხილებათა განსახიერებად დაჰხატოდა ეხლა მას; იცოდა, რას უსაყვვდურებდა, რას მოსთხოვდა იგი ხალხის მეთაურს, ერის წინამძღვარს. უნდა დადუმებულიყო: უმწეო იყო მხილების წინაშე, საპასუხო არა ჰქონდა რა. ჰხედავდა, რა მოქმედება შეჰფეროდა ეხლა მას, მაგრამ ვერ ძალედვა გაჰყოლოდა მოვალეობის მოწოდებას: უღონო ქმნილიყო ბუმბერაზი, ვითა სამფსონი თმაწაკვეცილი; ჩაფერფლილიყო ხალხის მოჭირნახულე; სურვილით მოჰსურვებოდა მყუდრო რამ ადგილის მოწყობა, თავისუფლად სუნთქვა სუფთა ჰაერში, ცხოველმყოფელ მზის სხივზედ თბობა, ცივ წყაროთი, ლუკმა პურით კმაყოფილება. დაჰნატროდა იგი ეხლა იმ თვის ქვეშევრდომთ, რომელთ სახელი მათ სოფელს იქით არვინ იცოდა, რომელთა ზრუნვა მათ ეზო-ყურეს არ სცილდებოდა, რომელთ უბნის საქმეც კი არასოდეს არ დასტეხოდათ თავს. ეს სანატრელი ყოფაც მიუწდომელი იყო აწ მისთვის.

სხვა გზა მაინც არა ჰქონდა მას და ღონდებოდა უღონოდ აღმზრდელის წინაშე, საგმირო საქმეთა მასწავლებლის წინ, ისე, როგორც პატარობას მოსდიოდა ხანდისხან, როცა ვერ შეასრულებდა დავალებულსა. მკაცრი ოსტატი უკლებლივ სთხოვდა ყოველსავე და მით უფრო მტკიცედ, რომ მას ზურგს უმაგრებდა ისეთი სასტიკი ნებისყოფის კაცი, როგორიც იყო მისი მამა მეფე ადარნასე. ბარძიმი რომ ნელის ნაბიჯით წამოვიდა მისკენ, ბალღური უმწეობა იგრძნო აშოტმა.

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined20 Feb 2008
Posts17853
კარმა236
OFFLINEPROFILE
ფესვები

ვაჟა ფშაველა

ნუ გეშინია, არა ვართ გველები. ამ მაღალს მთაზე გველს რა უნდა? ტყუილად შეკრთი, ჩვენ კაცს არაფერს ვავნებთ, არ მოვსწამლავთ. გარედან რომ დაჭმუჭნილი, ხმელი ტყავი გვაკრავს, იმან შეგაშინა? ერთს დროს ჩვენ სხვა ფერი და იერი გვედო. დრომ, ჟამთა ვითარებამ შეგვიცვალა სახე და ახლა, მწყემსი წამოგვაწყდება ზედ თუ მონადირე, უნდა შეკრთეს, მანამ ახლოს გვნახავს, სანამ შეიგნებს, რომ ჩვენ ერთის მუხის ხმელი ფესვები ვართ და სხვა არა-რა. ერთს დროს ჩვენ უზარმაზარ მუხას ვკვებდით, საზრდოს ვაწვდიდით, ძუძუს ვაწოვებდით. ჩვენის ოფლით, ჩვენის ღვაწლით მუხა თავმომწონედ ყელყელაობდა. ჩვენც ამითი მოგვწონდა თავი, რომ ლამაზი, გულშეუდრეკელი, ამაყი შვილი გავზარდეთ.

- თქვენ და თქვენს მუხას მოგინდათ ჩემი ძალ-ღონე, ჩემი ამაგიო, - ბევრჯელ უთქვამს ჩვენთვის დედამიწას; მაგრამ ჩვენ მაინც ყელის წევით მუხლმოდრეკილნი გამოვსთხოვდით ხოლმე საზრდოს ჩვენის საყვარელის შვილისათვის. მის გულისთვის დღე და ღამე გასწორებული გვქონდა. საზრდო არ დავაკლოთ, ვეცადოთო, - ერთმანერთს ამ სიტყვებით ვამხნევებდით, დაისვენე, დედამიწავ, დაისვენე. ჩვენ ახლა შენ აღარ შეგაწუხებთ. ვისთვისაც გეფერებოდით და გეხვეწებოდით, ის აღარა გვყავს, ჩვენცა ვხმებით, ხმელსა და მკვდარს საზრდო რაღად უნდა? კაცმა, შეუბრალებელმა ადამიანმა, მოგვიკლა გული, მოგვიკლა შვილი და დაგვტოვა თვალცრემლიანი. ადგა, ცულით დაუწყო ჭრა; იმას არ ესმოდა ჩვენი და ჩვენის შვილის კვნესა. ცულს რომ გვცემენ, ჩვენ ვკვნესით და თქვენ-კი, კაცნი, ამას “რაკუნს” ეძახით. გადმოგვდის სისხლი და თქვენ ჩვენს სისხლს “ხის წვენს” უწოდებთ... განა რომ ხელს არ გამოვიღებთ, თავ-პირს არავის ვაკაწრით, არა ვლანძღავთ, წასულს არ მივსდევთ და მოსულს მრისხანე სახით არ ვუხვდებით, იმიტომ არაფერსა ვგრძნობთ?! “მუხას ვჭრიო”, - კაცი თავის ამხანაგს ეძახდა, ვითომდა არაფერიო. იგი ვერა ჰხედავდა, რომ ჩვენ მაშინ ჩუმად მიწაში ცრემლსა ვღვრიდით, რომ ჩვენმა ცოდვა-ბრალმა დედამიწაც აატირა “საწყლებოვო, - ბუზღუნებდა ისიც, - რისთვის, ვისთვის იწვალეთ. ან მე ვისთვის ვწვალობ, ვინ არის მადლობის მთქმელიო!..”

თუმცა დედამიწა ამას ამბობდა, მაგრამ იმავე დროს წინ წამოწვდილს, შორიდან წამოზრდილს წიფლის, არყის და ვერხვის ფესვებს უდებდა საგზალს... უარს ვერავის ეტყვის ეს ღვთისაგან კურთხეული. ყველას დედაა, ყველასთვის ის ზრუნავს, ყველა იმის ზურგსა ჰკიდია. იკურთხოს შენი ძუძუ, ჩვენო დედავ, ჩვენო გამზრდელო, ჩვენო ძუძუს მაწოვებელო!

მაგრამ რა ჰქნას საბრალომ? ამასაც ბედმა უმტყუნა. გუშინ და დღეს ჩვენ ბევრი ვიტირეთ, გვენანება იმ ადგილის განშორება, საცა დავიბადენით, აღვიზარდენით, სადაც სიცოცხლე ვიგრძენით. ვინ იცის, რა მოგველის?! დღითი-დღე ჩვენი ბინა ინგრევა, იშლება, ფლატე კეთდება და ჩვენ უსახურავონი ვრჩებით, ტიტველნი და მშიერნი. ბოლოს მოვწყდებით და წავალთ თავქვე, ჩავეშვებით უღრანს ხევში. ვინ იცის, იქ რა მოგველის? ვინ იცის, იქ რა ნიადაგი დაგვიხვდება? დავიხოცებით სრულიად, თუ კიდევ მიწა დაგვფარავს და გაგვიჩენს საზრდოს?! ვინ იცის, იქნება გიჟმაჟმა მდინარემ გაგვრიყოს სადმე უდაბურს ადგილას და მწვავე მზის სხივებმა დაგვაჭკნოს, გაგვახმოს, გააქროს ჩვენი ხსენება!

ღმერთო, ნუ დაგვკარგავ! ბედო, ნუ გვიმტყუნებ. დედამიწავ, კიდევ გაგვიჩინე ბინა! სიცოცხლე და შრომა გვწყურია, გვინდა კიდევ ვიშრომოთ, ეგები კიდევ გავზარდოთ ჩვენს ფესვებზე შვილი, ეგები კიდევ ვიგრძნოთ სიხარული. ბუნების ძალნო, შეიწყნარეთ საბრალო ფესვების მუდარა.

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined30 Nov 2008
Posts4430
კარმა0
OFFLINEPROFILE
კარგით ბატონო აშიბკა მოხდა,მაპატიეთ.=fiqri= =sher= =sher= =sher= =ko= =ko= =ko= =ko= =ko=

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined30 Nov 2008
Posts4430
კარმა0
OFFLINEPROFILE
ტრფობა წამებული
(ისტორიული რომანი)
3
სად წავიდოდა?! უფერი გარემოება უდრეკ სალტასავით შემოსჭდომოდა მას, საძრაობას აღარ აძლევდა ტყვექმნილს.

- ერთბაშად დამენგრა წელთა სვლაში შექმნილი დიდება და სწორედ მაშინ. როცა მივაღწიე სურვილთა ბჭესა: თბილისში თითქმის აღარავინ დარჩა სარკინოზთაგანი, გარდა ამირ ალი-შუბის ძისა, რომელი თავისის ამალით მეტეხს ვეღარ შორდებოდა და მოციქულს მოციქულზე მიგზავნიდა: დავზავდეთ, მოვსპოთო ბრძოლა ერთმანეთს შორის; ხარკს აღმითქვამდა, საწინდარს მორჩილებისას. ცრუობდა! დროის მოგება ჰსურდა. მინამ ბაღდადიდან ჯარს მოაშველებდნენ. გრიგოლი, მთავარი კახეთისა, მხარს უჭერდა ალის: უნდოდა მისის შემწეობით და მთიელთა დახმარებით ვეძლიე მე, თითონ დაეჭირნა ქართლი. ავად მოუხდა თათბირი: დაემხო ჩემ მიერ მათი შეერთებული ძალა ქსნის პირას. ივლტოდა გაწბილებული. რამდენი დავლა დაგვრჩა! აივსო ყოველი კაცი საგანძურით, ტყვით, იარაღით... დროზედ მომეშველა აფხაზი თეოდოსე. სიძე კი არა, მარჯვენა ხელი შეიქმნა იგი ჩემთვის. ერთი დაკვრაც და - გრიგოლსაც, ემირსაც ხელშეკრულებსა ვნახავდი ჩემს წინ...

- ბატონო მეფევ! ფიქრს მისცემიხარ მწარესა განმარტოებული, ოცნებას მძიმეს; თავის თავს ეტყვი რასმე სათქმელს, ხმამაღლა ესაუბრები. ჟამი კი შავი ჩამოგვდგომია, საქმე საშიშარი. ჰხამს აჩქარება მოქმედებისა, დიდი სისწრაფე.

- კიდევ რამე ახალი უბედურობა?!

- არ ვიცი, როგორ დაგვიღამდება ეს დღე, რას მოგვიტანს შემდეგი ჟამი, თუნდ წამის ყოფა. ვალდებული ვარ შემოგბედო და გაგაფრთხილო. ვკადნიერობ: აღმზრდელი ვარ შენი. ესეც არ იყოს საქართველო შენ შემოგმზერის, შენზედ ამყარებს იმედს გვემული.

- ტყუილად მიმზერს! ამაოა ნგრეულ საძირკველზედ იმედთა ციხის აგება: ღმერთმან გამწირა მე და ჩემთან ყველა ის, ვინც ჩემზედ აბყრობს თვის სასოებას.

- რას ინებებ ეხლა, რა ბრძანებას მოგვცემ?

- მე?! არაფერს! მოიქეცით, როგორც გიჯობდეთ. მეც მხოლოდ იმაზედა ვზრუნავ, ცოლ-შვილი მივაცილო სამშვიდობოს, მივიყვანო ბიზანტიას და... ყველა თქვენგანიც ამასა ცდილობს ეხლა.

თუ ესეთი პასუხი უცხოს მოესმინა აშოტისაგან, მის ბუნების უცნობს სხვას, ეჭვს შეიტანდა მის სისაღეზედ; იფიქრებდა: უბედურობამ შეარყია კაცი, დასცა მისი ნებისყოფა, მისი გონება; მთლად უხმო გახდაო სამძიმო საქმისთვის. სხვანირი დასკვნის გამოტანა არც შეიძლებოდა. მაგრამ ბარძიმი ახლო იცნობდა თავის აღზრდილს, ბევრჯერ მასთან მხარდამხარ მებრძოლ აშოტ ძლიერსა, იცოდა: ხანდიხან, ეს შემმართებელი ვაჟკაცი ბუმბერაზი დაჰკარგავდა ბრძოლის სურვილს თუ უნარს, მოუდუნდებოდა ნებაჩამტვრეული. ამ შემთხვევაში ძლიერი რამ შთაბედჭდილება იყო საჭირო, მის ბუნების მძლავრად შემარხეველი გავლენა, რომ ისევ გადაეშვა მისი სული მოქმედებათა სადენზედ, კვლავ აემუშავებინა მისწრაფება მისი ძლიერი. წინადაც შეენიშნა ბარძიმს ეს, როდესაც სწვრთნიდა იგი უფლისწულს; მერმეც ეთვალიერებინა, როდესაც მეფე შეიქმნა იგი თვითმპყრობელი და ფართოდ გაშალა ფრთა არწივისა. ამისთანა შემთხვევაში ეს იმედიანი ვაჟკაცი ვიდოდა უმიზნოდ, უაზროდ, თვითმოქმედების ეშხს მოკლებული, საკუთარ მკვეთრ აზრთაგან ხელცალიერი. თვალთა გამომეტყველებაც ბუნდი ჰქონდა მაშინ მას, ამ თვალთა მეტყველება, რომელთ გამწველ-გამჭვრეტ ცეცხლს ძნელად უძლებდა თუნდაც მამაცი.

ამგვარ მდგომარეობაში ჩავარდა აშოტი ბოლო დამარცხების შემდეგ. ძნელი იყო. ეს რთული ყოფა მისთვის პირად, მის ჯარის ნაშთისათვისაც, რომელი შეჯგუფებულიყო მის დროშის ქვეშ, რომელს სასოება დაემყარებინა მის სიმხნეზედ, გამჭრიახობაზედ. შესაძლო იყო მთელი მისი საბრძანებელი დაღუპულიყო ამ მის მდგომარეობის გამო. გამოცდილი ბარძიმი გონების თვალით ეძებდა ეხლა ამ საგანს, მალე მიაგნო. თითონ აშოტის ნათქვამმა მისცა მას ეს საგანი. და სცადა აღმზრდელმა გაეღვიძებინა ვაჟკაცში მისუსტებული მხნეობა მისი, ის განთქმული უნარი, რომელსაც ბევრჯერ საესავოდ დაეგვირგვინებინა ძნელი საქმე სახელმწიფო და დიდების შარავანდედით შეემოსა აშოტის მაღალი შუბლი.

- განგიზრახავს, მეფევ, მხოლოდ შენი დიდებული ცოლ-შვილის გადარჩენა, უზრუნველყოფა, მაგრამ თუ იავარ-იქმნება, მტრისაგან მათი საუნჯე ყოველი, ხოლო სამკვიდრებელი დატყვევებულ, მწარე შეიქმნება სიცოცხლე მათი, არყოფის სადარი.

- იმდენი კიდევ დარჩენიათ, საცხოვრებლად ეყოთ: გამოქცეულნი ვართ, მაგრამ საუკეთესო ზინეთი მაინც არ ჩავუგდეთ მტერს ხელში, თან წამოვიღეთ. გადავალ ბიზანტიას, უშიშრად დავაბინავებ იქ ყველას, მეც იქ დავრჩები: ჩემი სამსახური და ღვაწლი ახსოვს იმპერატორ მიხეილს.

- არ შეჰშვენის აშოტ გმირს უსასოდქმნაი! მაინც თვით ეგ უმცირესი შენი სურვილიც შეუძლებელი შეიქმნება ასრულდეს, თუ მწრაფლ არ დასტოვებ მაგ უფერ განზრახვას. ვხედავ მე ამას!

- როგორ? უფრო მეტ სიავესა ჰგრძნობ, მოელი?!

- არც წინადგრძნობაა ეს ბუნდი, არც მოლოდინი ამაო. გამოცდილება მიკარნახებს ამას და გარემოებათა მიმდინარეობა ცხადად მიჩვენებს. ხმებმაც მოაღწია, გადმოხვეწილთა სიტყვამ. ჩემი მოვალეობაა, მოგახსენო. გთხოვ დაჟინებით, მიაბყარ ჩემ სიტყვას ყური! - მოახსენა ბარძიმმა.

და თვალი თვალში გაუყარა ბატონს. მოხუცის თქმამ და თვალთა ძალამ შეაღეს კარი აშოტის ყურადღებისა, მძლავრად შეარხიეს მეფის ფიქრები, აუმოძრავეს ნებისყოფა მიდუნებული; განახლებული გრძნობები აშალეს მის გულში, თუმცა არა ვაჟკაცურ-რაინდული, მაინც ახალი სახის მექონნი, მსწრაფლ მოქმედების გამომწვევნი: შეაშფთოა ნათქვამმა აშოტი, შეაშინა. როგორც კერძო კაცი, ოჯახის მამა მოჭირნახულე.

- იცი რამ - არ კი მეტყვი; ხიფათსა ჰხედავ მოწევნილს - არ კი მიზიარებ.

- ამაოდ მაყვედრი! თქმა - ჩემი მოვალეობაა, ვერც ვუღალატებ ჩემს მოწოდებას; არც დავარღვევდი შენს მარტოობას, თუ თქმა არ მინდოდეს ვხედავთ, როგორ გვერიდები მეც, ყველასაც. ჰგონებ, თანამოაზრე და მეშველი ჭირში ნაკლებ არის საჭირო, სინამ ლხინში, და სდუმხარ.

- ჩემს აზრს არ გაიზიარებთ არც შენ, არც სხვანი; ამაოდ გეტყვით. მეფე მხოლოდ ხალხის კუთვნილება გგონიათ, თითქო მას უფლება არა აქვს იზრუნოს თვის მყუდრო ცხოვრებაზედ. თქვი სათქმელი!

- იმისთვის გვგონია, რომ მეფის ოჯახი მთელი ერი არის: იგი მოწოდებულია ღვთისაგან მამად ხალხისა. ესე აკურთხა შენი წინაპარიც განგებამ, როცა უხორცოთა ხელით ზეცით მოართვა მას გვირგვინი დიდებისა... მისმინე, მეფევ!

- ვიძლიენით, რადგან ტფილისთან ძლიერ ახლო შევებით მტერს. ის ეყრდნობოდა მახლობელ ციხეებს, იქაურ მეციხოვნეებითა ძლიერებდა მებრძოლ ძალებს და აახლოებდა; ჩვენ კი ზურგთ უკან არა გვყვანდა ჯარი მარქაფა, არც ბურჯი გვქონდა იქვე ახლო რამ საიმედო.

- ეგ არაფერი! ქსანზედაც სწორედ ეგრე შევებრძოლეთ კახეთის მფლობელ გრიგოლს: იმისი ლაშქარიც უფრო მეტი იყო ჩვენსაზედ, მთიელთაგან შევსებულ-გამტკიცებული, ოსთა და ხაზართაგან განმრავლებული, გარნა მოგვანიჭა ღმერთმა გამარჯვება საარაკო. ჩვენს საბრძანებელს შემოუერთდა მთელი ქართლი ქსნის ნაპირამდინ, - სთქვა აშოტმა.

და თვალები გაუბრწყინდა; გონებამ ცხადად დაუხატა იმ დიდებულ გამარჯვების ლამაზი სურათები და ისიც, რა ახლო იყო იგი მაშინ თავის დაუვიწყარ მიზანთან: შეეერთებინა მთელი საქართველო ნაკურთხ სკიპტრის ქვეშ ბაგრატონთა. ბარძიმმა - შენიშნა სიცოცხლე აშოტის თვალებში, ულვაშზედ ჩამოისვა ხელი იმედიანად და სიტყვა ჩამოართვა.

- ერთი სახით გაგვასწრო მაშინ დავითმა. რამდენი დავლა დაგვრჩა და იარაღი!.. ეხლა დავმარცხდით: ვერ მოვიფიქრეთ, რომ აგარიანთა დიდი ძალები იყო სამშვილდეში დაბანაკებული. თუ იმ ლაშქარს არ მოესწრო შენივთებულ ბრძოლის დროს, ტფილისი ჩვენი იქმნებოდა. რა უშავს! დღეგრძელი ბრძანდებოდე, მეფეო. და ხან მოვიგებთ, ხან წავაგებთ; მაინც ვიბრძოლებთ, ვერ ვათრგუნინებთ წმიდას მას ჯვარსა, საყვარელს მამულს უწმიდურთ ტომებს; გამარჯვება საბოლოვოდ ჩვენია. დავანებოთ წარსულს თავი, აწინდელი გვაქვს დიდად საფიქრი. მაგრამ...

- სთქვი, ბარძიმ!

- ეხლა ვიძლიენით და ძალიანაც, მაგრამ მტერმა ვერ შესძლო ესარგებლნა ძლევის ნაყოფით: არწივი გამოუფრინდათ მათ, თავისუფალია იგი. იციან იმათ: სანამ აშოტი ფრთასხნილია და დანავარდობს, მათი გამარჯვება უჟამოა, სათუო არის. არც დავლა დარჩათ თვალსაჩინო: მთელი სახელმწიფო ხაზინა თანა გვაქვს. ესეც იციან იმათ. ეხლა ძალიან ეცდებიან, ცდილობენ კიდეც ყველაფერი ეს ხელთ იგდონ და დაასკვნან აუცილებლად თავის გამარჯვება მთლად, საბოლოვოდ. მდევარი მოგვდევს ფეხდაფეხ; ლტოლვილნი ადასტურებენ ამას. ჩვენ კი უზრუნველად ვდგევართ, თითქო სამშვიდობოს გასულნი. მეშინიან, არ დაიღუპოს ყოველივე: შენც, შენი ოჯახიც, ჩვენც, ეს ამოდენა ხალხიც, რომლის მამა და მფარველი შენვე ხარ და, მემძიმება თქმა, მთელი ჩვენი სახელმწიფოც, შენი საბრძანებელი.

ნაწილს საღამოს გავაგრძელებ,წაკითხვის დროს
გაძლევთ.

ციტირება პასუხი
   
 
+ ახალი თემა ↩ პასუხი  [ 10 posts ] 
ქართული მწერლობა
დესპანი