|
პრეზიდენტი საქართველოს ერთიანობას ირჩევს....
საარჩევნო ბატალიებმა პიკს მიაღწია და დღეს ყველაფერი გადაწყდება - ვინ აირჩია ხალხმა, შეუშალა თუ არა ამ პროცესს ვინმემ ხელი და, საერთოდ, შევძელით თუ ვერა, რომ ცოტათი მაინც დავმსგავსებოდით ევროპელ ადამიანს. მიხეილ სააკაშვილი არჩევნებამდე გაკეთებულ ერთ-ერთ ბოლო გამოსვლაში მოსახლეობას დაპირდა, რომ საქართველოს მომავალ პრეზიდენტს გადაეცემა საქართველო, რომელსაც ტერიტორიული მთალიანობის პრობლემები მოგვარებული ექნება.
“საქართველოს ტერიტორიული მთლიანობა ჯერაც აღსადგენია და მე მოგეცით სიტყვა, რომ ჩემს შემდგომ პრეზიდენტს მე გადავცემ საქართველოს, ყველანი ერთად გადავცემთ საქართველოს, რომელსაც ეს პრობლემები მოგვარებული აქვს”, - უთხრა მიხეილ სააკაშვილმა ქუთაისელებს.
პრეზიდენტმა ბაგრატის ტაძრიდან მიმართა ხალხს და კიდევ ერთხელ გაიმეორა, რომ ბოლო ოთხი წელიწადი სწორედ წინსვლის, გამთლიანების, გაძლიერების ოთხი წელიწადი იყო. თავის დროზე ილია შენატროდა აზრიანად, რაციონალურად, ქვეყნისა და ხალხის სასარგებლოდ გამოყენებულ იმ წლებს, როცა ქართველი ახალგაზრდები თერგს გაღმა მიდიოდნენ განათლების მისაღებად.
“ახლა ძველი დიდების და ბწყინვალების დაბრუნების, ძველი იარების მოშუშების დროა და ჩვენ დაწყებული გვაქვს ჩვენი სამშობლოს აღდგენა. მინდა გთხოვოთ, უფრო დიდი მასშტაბით შევხედოთ იმას, თუ საიდან მოვდივართ, სად ვართ და საით გვინდა ერთად წავიყვანოთ ქვეყანა”, - მიმართა პრეზიდენტმა ამომრჩევლებს. მისი თქმით, საქართველო აფხაზ და ოს ძმებთან ერთად თავს დაიხსნის გარედან თავზე მოხვეული კონფლიქტისგან, რომელიც არც ერთი საღად მოაზროვნე ადამიანის ინტერესებში არ შედის.
“ძალიან დიდი გზა გვაქვს მანამ გასავლელი, სანამ მოვახდენთ რუსეთთან ურთიერთობის ნორმალიზაციას, დაახლოებას ევროკავშირთან, ნატო-ში უფრო დაჩქარებულ ინტეგრაციას”, -აღნიშინა პრეზიდენტმა.
მისი თქმით, გასული ოთხი წლის განმავლობაში საქართველოს ურთულესი მდგომარეობიდან გამოყვანა გახდა შესაძლებელი - დაიწყო განვითარება, აღმშენებლობა.
“შევძელით ერთად შეგვექმნა ფუნდამენტი საქართველოს სახელმწიფოებრიობის. ავამუშავეთ მთლიანად გაჩერებული ეკონომიკა და საზოგადოება გავათავისუფლეთ ქურდების და კრიმინალების დაუნდობელი ძალადობისგან, აღვადგინეთ გზები”, - აღნიშნა პრეზიდენტმა.
მან ისაუბრა ისეთ წინ გადადგმულ ნაბიჯებზე, როგორიც არის ქვეყნის ელექტროენერგიით უზრუნველყოფა, ბიზნესისათვის თავისუფალი გარემოს შექმნა, პოლიცია, არმია, რეზერვისტთა სამსახური და კორუფციის აღმოფხვრა. თუმცა აქვე უნდა ითქვას, რომ ამ ჩამონათვალიდან ნებისმიერზე ოპოზიციურ პარტიებს მკვეთრი და საწინააღმდეგო არგუმენტები გააჩნიათ, ხოლო ქართველ პოლიტიკოსთა ერთი ნაწილი ხელისუფლებას ხალხისთვის თვალში ნაცრის შეყრაში ადანაშაულებს და საგარეო საქმეებში წარმატებებს გაზვიადებულს უწოდებს.
საქართველოს პრეზიდენტმა ისუბრა იმაზეც, რომ უნდა გაიზარდოს პარლამენტის კონტროლი მთავრობაზე. “მომავალი პარლამენტი ძლიერი უნდა იყოს. მე მზად ვარ, მინიმუმ კვარტალში ერთხელ გამოვიდე ანგარიშით პარლამენტის წინაშე; ასევე გავმართო კონსულტაციები პარლამენტის ყველაზე პატარა ფრაქციებთან”, -აღნიშნა მან.
“ვარდების რევოლუცია” არ აღმოჩნდა ის რევოლუცია, რომელიც ხალხს შეუსრულებდა მოლოდინს. ამ რევოლუციამ მხოლოდ მცირე ნაწილს ერისას მისცა პროფესიული გაზრდის, უკეთესი ცხოვრების, ბიზნესის განვითარების საშუალება. ეს დღესავით ნათელია და ამაზე პრეზიდენტიც საუბრობს და სიღარიბის აღმოფხვრასაც გვპირდება. თუმცა რევოლუციები ადამიანებს ოცნებებს კი არ უსრულებენ, მმართველობას ცვლიან ქვეყანაში.
პრეზიდენტი კარგად ხედავს ქვეყნის პროგრესს, მაგრამ იმასაც ხედავს, რომ ეს პროგრესი ყველა მოქალაქეს არ ეხება და აღნიშნავს, რომ ამ მიზნისათვის წლებია საჭირო. ჯერჯერობით კი საქართველომ მსოფლიო თანამეგობრობაში ღირსეული ადგილი უნდა დაიკავოს. ამის ერთ-ერთი მაგალითია გაეროს გენერალური ასამბლეის მიერ ოფიციალურად აღიარებული ისტორიული რეზოლუცია ეთნიკურ წმენდასთან დაკავშირებით, რომელიც განხორციელდა აფხაზეთში და რომელსაც 500 ათასამდე უდანაშაულო ადამიანი ემსხვერპლა. ამ რეზოლოუციით გაერო-მ დააკანონა ყველა დევნილის უპირობო დაბრუნებისა და მათი საკუთრების უფლებები.
სააკაშვილი მონდომებულია, გამონახოს საერთო ენა ოპოზიციურ ძალებთან, რათა ქვეყნისათვის ყველაზე მეტად მტკივნეულ და საჭირო საკითხებზე ერთად მიიღონ გადაწყვეტილებები.
“მე არა ერთხელ მითქვამს, რომ ჩვენ დასაკარგი ქართველები არ გვყავს და მე, როგორც საქართველოს პრეზიდენტს, არ მიმაჩნია, ვინმე საქართველოში არის ჩემი ან იმ პოლიტიკური ძალის მტერი, რომელსაც მე წარმოვადგენ”, - განაცხადა პრეზიდენტმა.
მისი თქმით, მან ოპოზიციას თანამშრომლობის ხელი არა ერთხელ გაუწოდა და გარკვეულ საკითხებზე შეთანხმება მოხერხდა კიდეც, მაგალითად, “საზოგადოებრივ მაუწყებელთან” დაკავშირებით. თუმცა, ბევრ სხვა საკითხთან დაკავშირებით საერთო ენის გამონახვა ვერ მოხერხდა.
“იანვრის არჩევნების შემდეგ ოპოზიციას შევთავაზე მაღალი თანამდებობები მთავრობაში, სამწუხაროდ, ისინი ამაზე არ წამოვიდნენ”, - აღნიშნა პრეზიდენტმა.
“ვიცი, რომ 21 მაისს საქართველო ყველაზე ღირსეულებს აირჩევს”, - დასძინა მან. პრეზიდენტი დარწმუნებულია, რომ საქართველო აირჩევს ერთიანობას, წესრიგს და შენებას და მიუხედავად პოლიტიკური მოსაზრებებისა, არჩევნები მშვიდად, სამართლიანად, სამაგალითოდ ჩატარდება.
|