სადაც არ არის სამართლიანობა, იქ არ არის მშვიდობა - საქართველოს მართლმადიდებლური ეკლესიის წინამძღვარი
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის განცხადებით, რუსული საინფორმაციო საშუალებები ავრცელებენ იმასაც, თითქოს "ქართველები არიან ოკუპანტები, რომელთაც მოაწყვეს გენოციდი, რაც რბილად რომ ვთქვათ, ტყუილია".
"ჩვენ გამოვთქვამთ ღრმა მწუხარებას ათასობით გარდაცვლილის, - როგორც ქართველების, ისე ოსებისა და რუსების გამო და დიდად ვწუხვართ შექმნილ სიტუაციასთან დაკავშირებით. საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია ყოველთვის იყო და არის პრობლემების მშვიდობიანი გზით მოგვარების მომხრე. ჩვენ ადრეც ამის შესახებ არაერთხელ ვაცხადებდით და ახლაც იგივეს ვიმეორებთ. თუმცა, აუცილებელია აღინიშნოს ისიც, რომ ცხინვალის რეგიონი, - სამხრეთ ოსეთი არის ძირძველი ქართული მიწა, სადაც ოსთა ძირითადი ნაწილი მე-17 საუკუნეში გადმოსახლდა, ხოლო ოსეთის ავტონომია გასული საუკუნის 20-იან წლებში კომუნისტების მიერ შეიქმნა. ამიტომაც საზღვრების მთლიანობის აღდგენის მცდელობა არ შეიძლება შეფასდეს, როგორც თავდასხმა, ანდა ეთნოკონფლიქტი", - ნათქვამია მიმართვაში.
პატრიარქის თქმით, ეს იგივეა, რომ მოულოდნელად რუსეთს შეექმნას პრობლემა ნოვგოროდთან, ან სმოლენსკთან მიმართებაში და მან დაიცვას თავისი ტერიტორია. მითუმეტეს, რომ თქვენ ქვეყანას აქვს მსგავსი გამოცდილება ჩეჩნეთში.
"ბატონო პრეზიდენტო, მე იმედი მაქვს თქვენი კეთილგონიერებისა. ამ ომში ვერავინ იქნება გამარჯვებული. რუსულ-ქართულ ურთიერთობებში მძიმე პერიოდები ყოფილა, მაგრამ სიტუაცია ღია საომარ მოქმედებამდე არ მისულა. ამიტომაც ეს არის განსაცდელი არა მარტო საქართველოსთვის, ანდა რუსულ-ქართული ურთიერთობისთვის, არამედ რუსეთისთვისაც. აღნიშნული მდგომარეობის გაგრძელება კატეგორიულად დაუშვებელია. ჩვენ ყველამ უნდა ვიცოდეთ, რომ ვიდრე სრულად არ აღდგება საქართველოს ტერიტორიული მთლიანობა, მუდამ იქნება დაძაბულობა და კონფლიქტის საშიშროება", - აცხადებს ქართული ეკლესიის წინამძღვარი.
პატრიარქი მიიჩნევს, რომ ერთადერთი გამოსავალი ცეცხლის უსწრაფესად შეწყვეტა და სამშვიდობო მოლაპარაკებების დაწყებაა, რათა აღდგეს სამართლიანობა.
"სადაც არ არის სამართლიანობა, იქ არ არის მშვიდობაც. ვფიქრობ, ღვთის შეწევნით დავძლევთ დაპირისპირებას და ძმური ურთიერთობება კვლავ განახლდება. ღმერთმა დალოცოს ჩვენი ხალხები მშვიდობითა და კეთილდღეობით", - ნათქვამია მიმართვაში. –0--
http://ge.novosti.ge/geo1/20080812/42303002.html
