იზოლირებული რუსეთი უფრო საშიში გახდება
იზოლირებული რუსეთი უფრო საშიში გახდება
| [ლალი ზირაქიშვილი, ”ვერსია”] რუსეთის მოქმედებით მთელი მსოფლიო შეშფოთებულია. უკვე ინტენსიურად დაიწყო საუბარი რუსეთის იზოლაციასა და დიდი რვიანიდან მის გარიცხვაზე. თუმცა, ექსპერტები მაინც ვარაუდობენ, რომ საქმე აქამდე არ მივა და ევროპა, რომელიც რუსეთზე ენერგომატარებლებით არის მიჯაჭვული, მას საბოლოოდ არ გაწირავს. არადა, რუსული საფრთხე აშკარაა, ზოგიერთი პოლიტოლოგი იმასაც ვარაუდობს, რომ ეს ქვეყანა მესამე მსოფლიო ომისთვის ემზადება. |
ძნელი სათქმელია, როგორ მოახერხებს ევროპა და ამერიკა რუსული იმპერიალიზმის ჩახშობას, მაგრამ უკვე ცხადია, ქვეყანა, რომელიც ზესახელმწიფოებრიობისთვის ყველა მეთოდით იბრძვის, უკვე სერიოზულად ზარალდება. რუსეთისთვის იმიჯი ბევრს არაფერს ნიშნავს, თუმცა დიდი შანსია, ამ იმიჯს მისი ეკონომიკაც გადაჰყვეს.
რუსეთის მხრიდან ცხინვალში განხორციელებულმა აგრესიულმა ქმედებებმა მის საფონდო ბირჟას დიდი დარტყმა მიაყენა და, ანალიტიკოსთა ვარაუდით, თუ ფართომასშტაბიანი საომარი მოქმედებები კიდევ გაგრძელდა, ბაზარზე შეიძლება ფასები კიდევ 25%-ით დაეცეს.
ამ ეტაპზე კი მხოლოდ 2%-იანი კლება შეინიშნება. პარალელურად, დაეცა რუბლის კურსი დოლართან მიმართებაში. ერთ დღეში კურსმა ერთ დოლარზე 13 კაპიკით მოიმატა.
პოლიტოლოგები ვარაუდობენ, რომ რუსეთზე ზეწოლა ეკონომიკური ბერკეტებით შესაძლებელია, თუმცა თუ ევროპა რუსულ ნავთობპროდუქტებზე უარს იტყვის, იზოლაციაში თავად მოექცევა.
რუსეთის გავლენის შემცირების გეგმა დიდი ხანია არსებობს. სწორედ ამას ემსახურებოდა ის პროექტები, რომელიც ევროპისათვის ენერგორესურსების მიწოდების ალტერნატიული გზების შექმნას გულისხმობდა და რომელშიც საქართველოც მონაწილეობს.
დღევანდელი დაპირისპირების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მიზეზი ესეც არის. ნიშანდობლივია, რომ ყველაფერი აზიისა და ევროპის დამაკავშირებელი ბაქო-ჯეიჰანის ნავთობსადენის აფეთქებით დაიწყო.
ეს ხაზგასმა იყო იმისა, რომ თუ დასავლეთი რუსეთს დაუპირისპირდება, მისგან ევროპა ყველაფერს უნდა ელოდეს.
ექსპერტთა მოსაზრებით, დასავლეთმა იცის, რომ იზოლაციაში მოქცეული, მაგრამ თუნდაც ეკონომიკურად წელში გატეხილი რუსეთი ბევრად უფრო საშიშია მსოფლიოსათვის. თავის დროზე, სწორედ ამიტომ მისცეს ნავთობპროდუქტებით სპეკულირებისა და გამდიდრების საშუალება. მათ ერჩიათ, მდიდარი და შედარებით კეთილგანწყობილი რუსეთი, რომელიც მსოფლიოს აგრესიით არ დაემუქრებოდა.
რა განცხადებებიც არ უნდა გააკეთოს ევროპამ, მისი ეკონომიკა, რუსული ენერგომატარებლების წყალობით, მაინც ამ იმპერიაზეა დამოკიდებული. რჩება ამერიკა, რომელიც ამ ეტაპზე, საკმაოდ მკაცრია და არც რუსეთის იზოლირება დააზარალებს.
გაიხსენეთ აშშ-ს თავდაცვის მინისტრის სიტყვებიც - საქართველოში რუსეთის ქმედებები იყო სიგნალი ყველა ყოფილი საბჭოთა რუსპუბლიკისთვის, არ ეცადონ ისინი დასავლეთთან ინტეგრაციას.
თუ მოსკოვი სამხედრო აგრესიას არ შეაჩერებს, აშშ-რუსეთის ურთიერთობა, შესაძლოა, საშვილიშვილოდ გაუარესდეს. ცხადია, რუსეთს აშშ-ს ეს ტონი ვერ შეაჩერებს.
შეძლებს თუ არა აშშ-ს ახალი მთავრობა აღმოსავლეთზე (ენერგომატარებლებზე) რუსული გავლენის შემცირებას, ესეც ძნელი სათქმელია, რადგან არც რუსეთი იქნება გულხელდაკრეფილი.
თავად რუსი პოლიტოლოგების ნაწილი მიიჩნევს, რომ რუსეთის მიმართ ძალის გამოყენება შეუძლებელი და მიუღებელია. თუმცა, არსებობს ერთი ბერკეტი - საერთაშორისო თანამეგობრობამ უნდა მიაღწიოს რუსეთის გასამართლებას, რითაც მის ნაწილობრივ იზოლირებას მაინც შეძლებს.
გარდა დემოკრატიული პრინციპებისა, არსებობს ბიზნესინტერესებიც, რომელიც მსოფლიოს მართავს. ნებისმიერ შემთხვევაში არანაკლები საფრთხე ემუქრება რუსულ ბიზნესელიტასაც, რომელიც მსოფლიო ფინანსურ ზეწოლას, სავარაუდოდ, ვერ გაუძლებს.
ამ ეტაპზე, კიდევ ერთ იმედად რჩება 19 აგვისტოს ნატოს მინისტერიალი. ცნობილია, რომ ვაშინგტონი არ აპირებს ნატოს შტაბ-ბინაში რუსეთთან დიალოგის გამართვას, ვიდრე ნატო საქართველოში განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით ოფიციალურ პოზიციას არ შეიმუშავებს.
ექსპერტები მიიჩნევენ, რომ ამ შემთხვევაში აშშ-სა და ევროპის შეხმატკბილებული მოქმედება საუკეთესო ბერკეტია რუსეთის წინააღმდეგ.
აშშ-ევროპას შორის მჭიდრო ეკონომიკური კავშირებია, რუსეთს კი ევროპასთან კარგი ურთიერთობის შენარჩუნება სჭირდება. იზოლაციაში მოქცევა, ადრე თუ გვიან, რუსეთს კი დააკნინებს, მაგრამ გარანტიები, რომ მანამდე მრავალი ბოროტების ჩადენას ვერ მოასწრებს, არ არსებობს.
http://presa.ge/index.php?text=news&i=3491