სეპარატისტების ზარალი უკვე 4 მილიარდი დოლარია
სეპარატისტების ზარალი უკვე 4 მილიარდი დოლარია
[ეკა ბაქრაძე]რუსები და ოსი სეპარატისტები ზარალის თვლით არიან გართულნი. ასე სწრაფად რაიმეს დადგენა ჯერჯერობით შეუძლებელია, თუმცა აშკარაა საქმე მილიარდებს ეხება. კოკოითის ადმინისტრაცია ამტკიცებს, რომ ცხინვალის რეგიონისათვის მიყენებულმა ზარალმა 4 მილიარდ დოლარს გადააჭარბა.
საქართველოზე თავდასხმა რუსეთის ეკონომიკას ძვირად დაუჯდა. ელვისებური ომი მოსკოვს ელვისებურ ეკონომიკურ დარტყმებს აყენებს. ქვეყნის ეკონომიკა რომ კრიზისში აღმოჩნდა, ამას უკვე ვეღარც კრემლში მალავენ.
რუსეთის ცენტრალური ბანკის ინფორმაციით, 8-22 აგვისტოს უცხოელმა ინვესტორებმა რუსეთიდან 16,4 მილიარდი აშშ დოლარის ინვესტიცია გაიხმეს უკან და ეკონომიკის დაცემის ტემპები ბევრად აღემატება იმ მასშტაბურ კრიზისს, რომელიც რუსეთმა 1998 წელს განიცადა.
შექმნილ მდგომარეობას რუსეთის პრემიერ-მინისტრი ვლადიმირ პუტინი მსხვილ ბიზნესმენებთან შეხვედრისას განიხილავს, რომელსაც სხვანაირად “ოლიგარქთა სამიტს” უწოდებენ.
მანამდე კი მთავრობის სხდომაზე რუსეთის პრემიერ-მინისტრმა ჩინოვნიკებს განუცხადა, რომ ბიუჯეტის პროფიციტის იმედი ამიერიდან ნუღარ ექნებათ და მსოფლიო ბაზარზე ნეგატიური მოვლენებისთვის მოემზადონ.
ფინანსთა მინისტრმა ალექსეი კუდრინმა ჟურნალისტებს აუხსნა, რომ ნავთობიდან რუსეთის ბიუჯეტის შემოსავლები წლეულს მაქსიმალური იქნება. ქვეყანას ხარჯების ზრდის ტემპის შენარჩუნება აღარ შეუძლია და ამაში ნავთობზე მაღალი საერთაშორისო ფასებიც კი ვეღარ დაეხმარებათ.
2009 წელს ნავთობისა და გაზიდან რუსეთის ბიუჯეტში 4’695 ტრილიონი, ხოლო 2010 წელს 4’526 ტრილიონ რუბლის მიღებაა დაგეგმილი.
რუსეთის ცენტრალური ბანკის ინფორმაციით კი, რუსეთის ფედერაციის საერთაშორისო სავალუტო რეზერვები 15 აგვისტოს 581’1 მლრდ დოლარია. მისი მოცულობა 8 აგვისტოს 597’5 მლრდ დოლარი იყო. ერთ კვირაში რეზერვები 16,4 მლრდ დოლარითაა შემცირებული.
მსგავსი ტენდენციებით გაგძელების შემთხვევაში რუსეთის ეკონომიკისათვის საგარეო ინექციები გარდაუვალი გახდება. თუმცა, მოსკოვისადმი ნეგატიურად განწყობილი დასავლეთი, სავარაუდოდ, ჩრდილოელი დათვის დასახმარებლად თავს არ შეიწუხებს.
რუსების დარად ზარალის თვლას მოჰყვნენ ოსი სეპარატისტები. ამ საქმის ე.წ. სამხეთ ოსეთის ე.წ. პარლამენტის ვიცე-სპიკერი ტარზან კოკოითია დაკავებული. მისი განცხადებით, სამრეთ ოსეთმა 100 მლრდ რუბლის (დაახლოებით, 4 მლრდ დოლარი) იზარალა.
- “აგვისტოს ბოლოს მისი მოცულობის ზუსტად დადგენის იმედი გვაქვს. ლენინგორის რაიონის გარდა (მას ქართველები თავისად თვლიდნენ), ყველა დასახლებული პუნქტი მძიმე არტილერიითაა დაცხრილური. თავად ცხინვალში დანგრეულია ქარხნები: “ელექტროვიბრომაშინა”, “ემალპროვოდი”, მექანიკური ქარხანა, ტრიკოტაჟის ფაბრიკა. დღეს იმაზე საუბარს, რომ “რესპუბლიკას” საკუთარი მრეწველობა აქვს, აზრი არ აქვს”, - აცხადებს სეპარატისტი.
http://presa.ge/index.php?text=news&i=3598