ღორები, ხანძრები და იგორ გიორგაძე
ღორები, ხანძრები და იგორ გიორგაძე
| [შორენა დალაქიშვილი] საღამოს 9 საათზე გორის ქუჩებს უკვე ქართული საპატრულო პოლიცია აკონტროლებდა. როგორც იტყობინებიან, გორში მიმდებარე სოფლებიდან მოსახლეობა ბრუნდება. ბევრმა მათგანმა აივნებიდან საქართველოს დროშებიც გამოფინა, თუმცა ქალაქის მყუდროებას საარტილერიო ბაზიდან აფეთქებების ხმა არღვევს. როდესაც საარტილერიო ბაზაზე სიცოცხლისთვის საშიში ვითარება აღარ იქნება, თბილისდან ჩასული სახანძრო ბრიგადები ცეცხლის ჩაქრობას შეეცდებიან. დღეიდან თბილისი-ლესელიძის ავტომაგისტრალზე მოძრაობა აღდგება. მგზავრებს გულისშემძვრელი სანახაობა ელით - ტრასაზე ღორების კოლტმა გაიარა. გორის რაიონის სოფელ ხურვალეთთან, სადაც რუს ოკუპანტებს სამხედრო ბაზა ჰოქნდათ მოწყობილი, აფეთქების ხმა გაისმა. |
ეს მას შემდეგ მოხდა, რაც ხურვალეთი რუსმა ოკუპანტებმა დატოვეს. როგორც ჩანს, გარდა უნიტაზებისა და საბან-ლეიბებისა, რუსეთში პურის მწვავე დეფიციტსაც განიცდიან. საოკუპაციო ჯარებმა რისი წაღებაც შეძლეს - წაიღეს, ხოლო პურის ყანებს ვერ მოერივნენ და ცეცხლი წაუკიდეს.
ამჟამად ცეცხლი უკიდია ხორბლის ნათესებს. ხანძრის ტერიტორიაზე ნიავი უბერავს და ცეცხლი სწრაფად ვრცელდება, რის გამოც იქმნება საშიშროება, რომ ცეცხლი სხვა ნათესებსა და ხილის ბაღებზეც გავრცელდეს.
ცოტა ხნის წინ შემთხვევის ადგილზე თბილისიდან 2 სახანძრო მანქანა ჩავიდა. სახანძრო ბრიგადებს
საგანგებო სიტუაციათა სამსახურის ხელმძღვანელი თემურ გიორგაძეც თან ახლავს. მისი განცხადებით, ისინი ცეცხლჩამქრობი ტექნიკით შეეცდებიან ცეცხლის ჩაქრობას.
ხანძრის კიდევ ერთი შემთხვევა ნატახტართან დაფიქსირდა. როგორც თბილისის საგანგებო სიტუაციათა საქალაქო სამსახურში განაცხადეს, 500 კვადრატულ მეტრზე ბალახი იწვოდა.
ადგილზე ერთი სახანძრო მანქანა გავიდა და ამ დროისთვის ხანძარი ლიკვიდირებულია.
მოკლედ, მხატვარმა-მონუმენტალისტმა ვლადიმერ პუტინმა შიდა ქართლში პერსონალური გამოფენა მოაწყო. აღსანიშნავია, რომ თბილისსა და შავშვებს შორის არაერთი რუსული სამხედრო ტექნიკაა დარჩენილი, რომლებიც მწყობრიდანაა გამოსული. ჯერჯერობით აღნიშნულ ტექნიკასთან მისვლა ვერ ხერხდება, ვინაიდან შესაძლოა დანაღმული იყოს. მათი შემოწმება დღეისთვის იგეგმება.
გორში, ქარელში, ხაშურსა და კასპში ამჟამად სიმშვიდეა და ქალაქებში დარჩენილ მოსახლეობას საპატრულო პოლიცია იცავს. რაც შეეხება გორში დევნილების დაბრუნებას, როგორც გორში მყოფმა შინაგან საქმეთა მინისტრმა ვანო მერაბიშვილმა განაცხადა, როდესაც დასრულდება თბილისი-გორის მაგისტრალის განაღმვითი სამუშაოები, დევნილები სახლებში ამის შემდეგ დაბრუნდებიან.
იყო შემთხვევები, როდესაც გარკვეული ობიექტები რუსების გასვლისთანავე ფეთქდებოდა, ზოგიერთი კი ქართველი გამნაღმველების მიერ. მერაბიშვილის განცხადებით, ამჟამად იგოეთიდან ხაშურამდე მონაკვეთის გაძლიერებული პატრულირება ხდება.
აქტიურად მუშაობს საპატრულო სამსახური და ხდება გარკვეულ ადგილებში კონტროლის აღდგენა. მერაბიშვილის თმით, ისინი სრულად აკონტროლებენ ხაშურსა და მის სოფლებს, 90%-ით ქარელსა და მის მიმდებარე სოფლებს, ხოლო გორსა და მის გარშემო სოფლებს 60%-ით.
ხელისუფლების წარმომადგენელთა განცხადებით, უახლოეს პერიოდში დაიწყება გორის აღდგენა-რესტავრაცია. ხვალიდან კი უკვე სპეციალური კომისია დაიწყებს მუშაობას, რომელიც ქალაქისთვის მიყენებულ ზარალს შეისწავლის.
გარდა ქალაქისა, შესწავლა და შემდგომი აღდგენა ავტომაგისტრალსაც დასჭირდება. არ არის გამორიცხული, რომ ტრასის ზოგიერთი მონაკვეთზე რუსების მიერ დატოვებული ნაღმები ელოდნენ გამვლელ-გამომვლელს.
ამდენად შს სამინისტრო თვლის, რომ გორიდან ხაშურის მიმართულებით გადაადგილება შესაძლოა უსაფრთხო არ იყოს. აქედან გამომდინარე, სამართალდამცველები მოსახლეობას ამ მიმართულებით მოძრაობისგან თავშეკავებას ურჩევენ.
გორის ქუჩებში ქართული პოლიციაა, რაც შეეხება დასავლეთ საქართველოს, კერძოდ სამტრედიას, როგორც რუსული საინფორმაციო საშუალებები იუწყებიან, სამტრედიის იატაკქვეშეთსი ბინა დაიდო საქართველოს უახლეს ისტორიაში ”მოუხელთებელი ჯოს” სახელით შესულმა იგორ გიორგაძემ.
მათი ინფორმაციით, გიორგაძე საქართველოს ტერიტორიაზე აფხაზეთიდან შეიყვანეს, აფხაზეთში კი, ზემო აფხაზეთზე შტურმის დროს, სოხუმში ემზარ კვიციანთან ერთად იმყოფებოდა.
იმავე წყაროს ინფორმაციით, გიორგაძე რუსეთის თავდაცვის სამინისტროს სპეცრაზმის დაცვის ქვეშ, ზუგდიდში, საქართველოს პრეზიდენტის რეზიდენციაში გადაიყვანეს. მას შემდეგ კი, რაც საქართველოში საოკუპაციო ჯარი შევიდა, იგორ გიორგაძე სამტრედიაში გადაიყვანეს, სადაც რუსული საინფორმაციო საშულებების წყაროს მტკიცებით, ამჟამადაც იმყოფება.
გიორგაძის საქართველოში ყოფნას კატეგორიულად უარყოფენ ქართული სამართალდამცავი სტრუქტურები. ვანო მერაბიშვილმა კატეგორიულად უარყო საქართველოს კონტროლირებად ტერიტორიაზე იგორ გიორგაძის ყოფნა ომის პერიოდშიც.
- ”საქართველოს კონტროლირებად ტერიტორიაზე, არც სამეგრელოში, არც იმერეთში და არც სხვაგან გიორგაძე არ იმყოფებოდა და თუ იქნებოდა, აღმოჩნდებოდა დილეგში და მინიმუმ იქნებოდა დაპატიმრებული”, - აღნიშნა მერაბიშვილმა.
მისივე თქმით, მათ ჰქონდათ ინფორმაცია იმაზე, რომ იგორ გიორგაძე აფხაზეთის ტერიტორიაზე იმყოფებოდა. ძალოვანი სტურუქტურების წარმომადგენლები თვალყურს ადევნებდნენ იგორ გიორგაძის აქტივისტებსაც, რომლებიც გორსა და სენაკში ოკუპანტების გამყოლებად იყვნენ.
http://presa.ge/index.php?text=news&i=3603