კათოლიკოს-პატრიარქმა მრევლს მისცა კურთხევა, პირველ სექტემბერს მთელ მსოფლიოსთან ერთად საქართველოს მხა
- ”ჩვენ ვცხოვრობთ ძალიან რთულ პერიოდში, მაგრამ არ უნდა შეგვეშინდეს განსაცდელის, რომელიც მოდის საქართველოზე. ქართველი ხალხი ძლიერია სულით და ვერანაირი გარეშე თუ შინა მტერი მას ვერ გასტეხს. მე მინდა, შეგახსენოთ წმიდა მამათა ცხოვრების წესი, როდესაც მამები ხედავდნენ, რომ მათზე განსაცდელი არ იყო, ტირილით შესთხოვდნენ უფალს – ნუ დაგვივიწყე უფალო, მოგვივლინე განსაცდელიო. ასე რომ, ეს განსაცდელიც ჩვენივე ცოდვებისთვის არის. კარგად ჩავიხედოთ თითოეულმა ჩვენს სულსა და გულში და მივხვდებით, რომ ჩვენი ქცევაც არ იყო ყოველთვის სწორი, მაგრამ განსაცდელი ღვთისაგან ბოძებულია და იგი სიხარულით შეიცვლება”, - ბრძანა უწმინდესმა და უნეტარესმა ილია მეორემ.
მან ხაზგასმით აღნიშნა, რომ აფხაზეთი და სამაჩაბლო საქართველოს ძირძველი ტერიტორიებია და რაც უნდა მოხდეს, ისინი მაინც საქართველოს შემადგენლობაში დარჩებიან.
მან ასევე დღეს პირველად წააკითხა მრევლს მოკლე ლოცვა, რომლის წაკითხვისკენაც ყოველდღიურად თითოეულ ქართველს მოუწოდა. ეს ლოცვაა: ”უფალო დიდება შენდა, დაგვიბრუნე აფხაზეთი და სამაჩაბლო, წყალობითა შენითა, ამინ!”, – აღნიშნული ლოცვა თითოეულმა ქართველმა დღეში სამჯერ მაინც უნდა გაიმეოროს და შესთხოვოს უფალს აფხაზეთისა და სამაჩაბლოს დაბრუნება.
აღსანიშნავია ისიც, რომ პატრიარქმა მრევლს მისცა კურთხევა 1 სექტემბერს მთელ მსოფლიოსთან ერთად საქართველოს მხარდასაჭერ აქციაში ჩაებას და მთელი საქართველოს მასშტაბით, სადაც ეს შესაძლებელია ცოცხალი ჯაჭვი გააკეთოს რუსული აგრესიისა და ოკუპაციის წინააღმდეგ.
შეგახსენებთ, რომ 28 აგვისტოს მთელი მართლმადიდებლური სამყარო ღვთისმშობლის მიძინების დიდ დღესასწაულს აღნიშნავს. დღეს საქართველოს ტერიტორიაზე მოქმედ ყველა მართლმადიდებლურ ტაძარში აღევლინა საზეიმო წირვა-ლოცვა, ხოლო რადგან სიონის საკათედრო ტაძარი უშუალოდ ღვთისმშობლის მიძინების სახელობის ტაძარია, პატრიარქმა სწორედ ამ ტაძარში აღავლინა დღევანდელი ლოცვა.
