რუსებმა უნდა გაიაზრონ, რომ იმპერიის დასასრული დადგა
რუსებმა უნდა გაიაზრონ, რომ იმპერიის დასასრული დადგა
[The Sunday Telegraph. მალკოლმ რიფკაინდი]- ”რუსეთის მთავრობის პოლიტიკა და ქმედებები ყოველთვის გადადიოდა საზღვრებს მიღმა და იმდენად სწრაფად და იმდენად შორს, რამდენადაც დანარჩენი მსოფლიოს გულგრილობა ან სიმტკიცის უქონლობა ამის ნებას აძლევდა და პირიქით ყოველთვის ჩერდებოდა და უკან იხევდა, როცა ის მკვეთრ წინააღმდეგობას წააწყდებოდა”. ასე გამოხატა ლორდმა პოლმრსთონმა თავისი დამოკიდებულება ყირიმის კრიზისის დროს 150 წლის უკან. თუ აშშ და ევროპა ფრთხილად არ იქნებიან, ჩვენ შესაძლოა ახალი ყირიმის ომი მივიღოთ არცთუ ისე შორეულ მომავალში.
ორშაბათს ბრიუსელში ევროპელი ლიდერები საგანგებო სესიაზე იკრიბებიან. მათ განსაკუთრებული პასუხისმგებლობა აკისრიათ, რადგან მოსკოვთან შემდგომი ურთიერთოებების თაობაზე გადაწყვეტილება უნდა მიიღონ. არ შეიძლება მხოლოდ ვაშინგტონს მიუგდო მოსაგვარებლად ეს პრობლემა. რუსეთი დასავლეთ ევროპის მეზობელი ქვეყანაა. მართალია, კავკასიაში განვითარებული ბოლოდროინდელი ქმედებები ცივი ომის დასაწყისი არ არის, მაგრამ რუსეთის ქმედებები საქართველოში ნიშნავს დასავლეთთან ურთიერთოებების ისეთ უკიდურესობამდე გაუარესებას, როგორიც კი ოდესმე ყოფილა საბჭოთა კავშირის დასრულების შემდგომ.
რუსეთის აგრესია უკრაინის წინააღმდეგ კიდევ უფრო ღრმა კრიზისი იქნება საერთაშორისო საზოგადოებისთვის თუკი ახლა მხარს არ დავუჭერთ საქართველოს დემოკრატიულ ხელისუფლებას. აშშ-სა და ევროპის ხისტი რეაქცია საქართველოს გამო აუცილებელია არა იმიტომ, რომ კავკასიაში საზღვრების შეცვლა პირდაპირ იმოქმედებს ჩვენს უსაფრთხოებაზე, არამედ იმიტომ, რომ თუ რუსეთი დაინახავს, რომ დასავლეთი სუსტი და ინდიფერენტულია, ეს მას წაახალისებს თავისი ქმედებები გაიმეოროს უკრაინაში, კონკრეტულად კი ყირიმში.
ამგვარი კრიზისი მთელ რიგ არასტაბილურობას გამოიწვევს ევროპაში. უკრაინა პირდაპირ ესაზღვრება ევროპას, ამავე დროს უკრაინაში მაცხოვრებელი ეთნიკური რუსები ზუსტად იგივეა, რაც სუდეტელი გერმანელები ომის წინადროინდელ ჩეხეთში. ფაშისტების მიერ სუდეტელი გერმანელების მესამე რაიხისთვის მიერთების მოთხოვნა კი მეორე მსოფლიო ომის პრელუდიად იქცა.
მაგრამ შეუძლია ევროკავშირს ამ გამოწვევის მიღება თუ ყველაფერს აშშ-ს გადააბარებს? რუსებს არ ეტყობათ, რომ ბრიუსელის რიტორიკა მათზე იმოქმედებს. ბოლოს და ბოლოს ეს ხომ სტალინი იყო, რომელმაც იკითხა ”რამდენი დივიზია ჰყავს პაპს”?
სიმართლე ისაა, რომ ევროკავშირი საშინლად სუსტია სამხედრო თვალსაზრისით, ბრიტანეთს და საფრანგეთს შედარებით არა უშავთ. გარდა ამისა, ნავთობისა და გაზის საკითხში ევროპა ძალიან გაყოფილია. გერმანია მეტისმეტად დამოკიდებულია რუსულ გაზზე, რომ თავი გამოიდოს ევროპული ენერგეტიკული პოლიტიკის გასატარებლად.
და მაშინ, როცა ევროკავშირი თავის თავს ”რბილი დიპლომატიის” ფალავნად თვლის, რუსეთმა ამასობაში ისტორიული როლი დაიბრუნა, როგორც ექსპანსიონისტურმა იმპერიამ.
ვაშინგტონს ილუზიები არასდროს აწუხებდა რუსეთის ღირებულებებთან დაკავშირებით. ევროპელები კი უფრო ამბივალენტურნი არიან. თუმცა, როცა მკაფიო ევროპულ სტრატეგიაზე ვსაუბრობთ ეს არ ნიშნავს, რომ საქართველოსა და უკრაინის ნატოში გაწევრიანება ამ სტრატეგიაზე პასუხის ნაწილია.
საქართველო და უკრაინა ნატოს წევრები რომ ყოფილიყვნენ, ნაკლებად სავარაუდოა, რომ რუსეთს ის გაეკეთებინა, რაც დღეს გააკეთა. თუმცა შეუძლებელი ან წარმოუდგენელი ამაშიც არაფერია. რუსეთისთვის კავკასია კრიტიკული, გადამწყვეტი არეალია - მნიშვნელოვანი, როგორც თავად ამბობენ, სამხრეთით უსაფრთხოებისათვის.
ნატოს წევრობის კარგი ალტერნატივა იქნება, თუკი უკარაინასა და საქართველოს რუსულ მგლებს არ მიუგდებენ და ევროკავშირის წევრობას შესთავაზებენ, რაც ეკონომიკურ დივიდენდებს მოიტანს და დიდად გაზრდის მათ პოლიტიკურ უსაფრთხოებას. სხვათა შორის, ნატოს არაწევრი სახელმწიფოები - ავსტრია, ფინეთი და შვედეთი სულაც არ არიან ნაკლებად დაცულნი რუსეთის აგრესიისგან, ვიდრე ლიტვა ან ლატვია.
ნებისმიერ შემთხვევაში, რეალური კრიზისის დროს, ნატოს შეუძლია ჩაერიოს სამხედრო ძალით, თუ მას ეს მართლა სურს. ასე მოხდა სწორედ კოსოვოში.
ასე რომ, ევროპა უფრო მკვეთრი უნდა იყოს, მაგარმ რეალისტური რუსეთთან მიმართებაში. პუტინი, რომელიც ქვეყნის რეალურ მმართველად რჩება - ახალი ლენინი არ არის, რომელიც იდეოლოგიურ ომს ატარებდა. ის უფრო მე-19 საუკუნის ”ცარს” ჰგავს, რომელიც რუსეთის ძალაუფლების გაზრდას ცდილობს ყველა მეფის მსგავსად ივანე მრისხანედან მოყოლებული.
ეს ისტორიის დასასრული არ არის, მაგრამ რუსებმა უნდა გაიაზრონ, რომ ეს მათი იმპერიის დასასრულია.
http://presa.ge/index.php?text=news&i=3770