20-დღიანი ტყვეობის კოშმარი
20-დღიანი ტყვეობის კოშმარი
[მაია თეთრაძე ”ვერსია”]დავით და თეიმურაზ ჯარმელაშვილები 12 აგვისტოს ოსებმა ტყვედ, სოფელ ტყვიავში აიყვანეს. ამის შესახებ ”ვერსიამ” პარლამენტარ დიმიტრი ლორთქიფანიძისგან შეიტყო, რომელიც უშუალოდ გახლად ჩართული ტყვეების გამოხსნის საკითხში. მისივე ინფორმაციით, მეორე დღესვე სეპარატისტები ოჯახს დაუკავშირდნენ და დავითის მეუღლეს, ქალბატონ ინგას საკუთარი მოთხოვნების შესრულებას სთხოვდნენ. სხვათაშორის, ”ვერსია” თავად გამტაცებლებსაც ესაუბრა და ამ სატელეფონო კავშირიდან გახდა ცნობილი, რამდენი ტყვე ჰყავდათ ცხინვალში, რომ მათ შორის იყვნენ ბავშვები და მოხუცები, რომ სეპარატისტები ტყვეების გაცვლას ვინმე ტეკაევსა და თედეევში ითხოვდნენ და კიდევ, ბევრი ასეთი დეტალი.
მამა-შვილი ჯარმელაშვილები, 20-დღიანი ტყვეობის შემდეგ, ოჯახს დაუბრუნდნენ და ამჯერად, გთავაზობთ ექსკლუზიურ ინტერვიუს დავით ჯარმელაშვილთან.
- 12 აგვისტოს, ”მარშუტკით” სოფელ დიცში (ტყვიავის შემდეგი სოფელი), მამის ჩამოსაყვანად წავედი. სოფელში ისე ჩავედი, გზაზე არავითარი პრობლემა არ შემქმნია. უკვე უკან ვბრუნდებოდით, რომ სოფელ ტყვიავთან 6-მა ოსმა გაგვაჩერა, იარაღი დაგვიმიზნეს და მიწაზე დაწოლა გვიბრძანეს. შემდეგ იქვე, ღობესთან მიგვაყენეს, იარაღი გადატენეს და უნდა დავეხოცეთ, რომ ამ დროს ცხინვალის მილიცია გამოჩნდა. მათ თავიანთ მანქანაში გადაგვსხეს. ისინი რომ არ მოსულიყვნენ, ნამდვილად ადგილზე დაგვხვრეტდნენ. ოსებმა ”მარშუტკა” ვერ დაქოქეს, ისევ დამიძახეს, დამაქოქინეს და იმ მანქანითვე წამიყვანეს ცხინვალში. გზად, ერთი ქართველი ბიჭიც აიყვანეს, რომელიც სასტიკად ნაცემი იყო, ”ბაგაჟნიკში” ჩატენეს და ისე წამოიყვანეს.
მაშინვე ცხინვალის იზოლატორში მიგიყვანეს?
- კი, მაგრამ ჩაყვანისას მე და მამაჩემი, ერთი, სამჯერ გვცემეს. შემდეგ, მხრები დამითვალიერეს, აინტერესებდათ, მეომარი ხომ არ ვიყავი და ავტომატის საკიდის კვალი ხომ არ მეტყობოდა. მერე, მამაჩემთან ერთად, ”ემვედეს-”ს კარცერში შემიყვანეს, სადაც ასამდე ქართველი დამხვდა. როგორც შემდეგ გავარკვიე, ზოგი ხეობის მცხოვრები იყო, ზოგიც - თბილისელი და ყველა ასე, შემთხვევით ჰყავდათ გზაზე აყვანილი. საღამოს გამიყვანეს და ვიფიქრე, ალბათ, კიდევ უნდა მცემონ-მეთქი, მაგრამ სადღაც, კაბინეტში შემიყვანეს და მკითხეს, მთავრობაში ვინმე თუ გყავსო. ვუპასუხე არა, მაგრამ თუ ოჯახში დამარეკინებთ, მთავრობას ისინი შეაწუხებენ-თქო. იმ დღეს სახლში პირველად დამარეკინეს და მეუღლეს გამტაცებლების მოთხოვნები გადავეცი. ისინი ხალხის გადაცვლას ითხოვდნენ. რამდენიმე დღის შემდეგ, კიდევ დამარეკინეს და ეს იყო სულ. მეტი არაფერი ვიცოდით.
ტყვეობაში რამდენი დღე გაატარეთ და რა ვითარებაში?
- 16 დღე ვიყავი ტყვედ... 35 ახალგაზრდა ვიყავით და ჩვენზე საშინელ ფსიქოლოგიურ ზეწოლას ახდენდნენ. პირველი სამი დღე სულ მცემდნენ, ერთ დღეს კედელთან მიმაყენეს და დანით მაისური დამისერეს, ზურგზე მისვამდნენ, თქვი, რომ რეზერვისტი ხარო. მომდევნო 6 დღე, დილით კარცერიდან გამომიყვანდნენ, მეტყოდნენ, დასახვრეტად მიდიხარო, ”ნივის” საბარგულში ჩამტენიდნენ და მთელი დღე ასე დამაკატავებდნენ.
ახალი ტყვე თუ ასაკოვანი იყო, ერთხელ სცემდნენ და ეგ იყო, მერე ხელს აღარ კიდებდნენ. ახალგაზრდებს - რამდენიმე დღე გვცემდნენ. ამის შემდეგ, ”სამუშაოდაც” გამიყვანეს. დილით 10-ის ნახევარზე უკვე გარეთ გავყავდით და საღამოს 6 საათამდე გვამუშავებდნენ.
დანგრეულ შენობებს გვასუფთავებინებდნენ, მკვდარ საქონელს მაყრევინებდნენ, ზოგს ცხინვალის ქუჩებს აგვევინებდნენ. მიცვალებულების დასამარხად მამაჩემიც დაჰყავდათ, ის მიყვებოდა, ისეთ მკვდრებს გვამარხინებენ, ზოგს ხელი ძვრებოდა, ზოგს ფეხი და ზოგსაც თავი, ცხედრები მზეზე ყოფნით ისეა გაფუჭებულიო. 6 საათის მერე კარცერში გვაბრუნებდნენ, თვითონაც ეშინოდათ ღამე, იმდენი მთვრალი ავტომატიანი დადიოდა.
მამათქვენს არ უთქვამს, მიცვალებულთა რიცხვში ქართველებიც იყვნენ თუ არა?
- როგორც ვიცი, ქართველებიც იყვნენ და რუსებიც. ოსები თავიანთ მიცვალებულებს თავად მარხავდნენ. უმეტესობას ტანსაცმელი ჰქონდა გახდილი, თანაც, ბიჭები ამბობდნენ, ძნელი გასარჩევია, რუსს ვმარხავთ თუ ქართველს, ისეა უკვე გახრწნილიო.
სულ რამდენი ქართველი ტყვე იყო?
- ბოლოს უკვე, 170-მდე ავიდა. ვისაც ოსი ”პატრონი” ან ნათესავი გამოუჩნდებოდა, იმათ უშვებდნენ, შემდეგ, ახალი ტყვეები მოჰყავდათ.
როცა ქალაქში გამუშავებდნენ, თავდასხმის შემთხვევები თუ იყო?
- იყო ხალხის კატეგორია, რომლებიც ხან სიგარეტს გვაძლევდა, ხან გაზიან წყალს. ზოგი ძალიან აგრესიული იყო, ძირითადად, ”პაცანა” ბავშვები და მოხუცი ქალები, რომლებიც სულ იწყევლებოდნენ... ერთხელ, მუშაობისას, ერთმა ოსმა ქართველ ბიჭს მანქანაც დააჯახა. თანამშრომელმა, რომელიც თავზე გვედგა, წინ გადადგომა მოასწრო, რის გამოც, ამ ოსმა სვლა შეანელა თორემ, ალბათ, ვერ გადარჩებოდა...
ერთხელ, როცა ჩვენი მეთვალყურე გასული იყო, 5-მა ოსმა გამოიარა და რომ დაგვინახეს, ქართველები ვიყავით, თავს დაგვესხნენ, ორივე სასტიკად გვცემეს. სულ ახალგაზრდა ბიჭები იყვნენ. მაშინაც მილიციის თანამშრომელმა გადაგვარჩინა. ცემისგან ორივეს ტვინის შერყევა გვქონდა. წამლები ”წითელმა ჯვარმა” შემოგვიტანა. ისე, როგორც კი ქართულ და ოსურ მხარეებს შორის მოლაპარაკებები დაიწყო, მერე უკვე აღარ გვირტყამდნენ, ”პირობებიც” შედარებით გაგვიუმჯობესდა.
ძილის საშუალება თუ გქონდათ, ან რას გაჭმევდნენ?
- 8 კვადრატულში 20 კაცს გვეძინა. 10 კაცი ”პოლკებზე” წვებოდა, 10-იც ძირს ვიწექით. ზოგს კორიდორში, ბეტონზეც ეძინა. დღეში ერთი ე.წ ”კირპიჩი” პური 6 კაცისთვის მოჰქონდათ. უშაქრო ჩაიც გვქონდა და ნახევრადმოხარშული, უცხიმო და უმარილო ”გრეჩიხა”. როცა ვმუშაობდით, მოსახლეობა გარეთ პურსა და ”ტუშონკებს” გვაძლევდა.
სეპარატისტების ტყვეობაში ქალები და ბავშვები თუ იყვნენ?
- 70-80 ქალი ჰყავდათ და ერთი 11 წლის ბავშვი, რომლის მამაც ცხინვალში მუშაობდა და ბავშვიც თან ჰყავდა წამოყვანილი. ომი როგორც კი დაიწყო, ორივე დააკავეს. მაგრამ ბავშვს არაფერს აკლებდნენ, კანფეტები და პეჩენიები სულ მოჰქონდათ, მერე, როცა მოხუცები და ქალები გამოუშვეს, ბავშვი და მამამისიც გამოაყოლეს.
ქალებსაც ამუშავებდნენ?
- არა და არც თავად აკეთებდნენ არაფერს. ოსებს ორი ქართველი ბიჭი ჰყავდათ ამოჩემებული, რომლებსაც კარცერს ალაგებინებდნენ. ამის გამო, ერთხელ ქალებს ვეჩხუბე კიდეც, ხომ შეეძლოთ, ოთახები მაინც გამოეგავათ...
რომელიმე ტყვე ხომ არ მოუკლავთ?
- არა, მაგრამ მოყვანამდე ბევრი დახოცეს. ჯარისკაცები ძალიან აგრესიულები იყვნენ... ჩემს შემდეგ, სამი ბიჭი მოიყვანეს, რომლებიც თბილისში ”მარშუტკით” მიდიოდნენ. მძღოლი და გვერდით მჯდომი იქვე ჩაუცხრილავთ, ორი გაექცათ და სამიც ცხინვალში ჩამოიყვანეს. ჩვენთან ერთად, კიდევ 7 ბიჭი იყო, რომლებიც ოსებს ტყვედ ჯერ კიდევ ომის დაწყებამდე აუყვანიათ. მათ ცხინვალის კარცერში 20 დღე გაატარეს. ქართული ჯარი ცხინვალში ისე შევიდა და გამოვიდა, ეს ბიჭები ვერ უპოვიათ. არადა, ოსები გაქცეულები იყვნენ.
დათო, რა ხდება ცხინვალში, ხალხი დაბრუნდა?
- პირველი სამი დღე ქალაქი თითქმის ცარიელი იყო, მაგრამ ერთი კვირის წინ, ცხინვალი ხალხით გაივსო. ძალიან ბევრი ოჯახი დაბრუნდა...
თქვენი გათავისუფლება რა ვითარებაში მოხდა?
- ბოლო წუთებამდე არაფერი ვიცოდით. ნახევარი საათის წინ რომ ვკითხე, რა ხდება-თქო, არ მიპასუხეს. შემდეგ, ვიღაცამ ოსურად რაღაც დაიძახა, ვინც ოსური იცოდა, იმათ გვითხრეს, გვიშვებენო. არავის სჯეროდა... შემდეგ, შემოვიდნენ თანამშრომლები და გვითხრეს, თავისუფლები ხართო. გამოგვიყვანეს და ქართულ მხარეს გადმოგვცეს... სხვათაშორის, მანამდე, გაქცევის შანსიც იყო, სამუშაოდ რომ გავყავდით, თავზე 20 კაცს მხოლოდ 2 მეთვალყურე გვედგა - ერთი თავში, ერთიც ბოლოში. გაქცევით კი გავიქცეოდით, მაგრამ ცხინვალიდან ცოცხლები ფიზიკურად ვერ გამოვიდოდით... ან კაზაკი მოგვკლავდა ან ჩეჩენი. ძალიან ბევრნი იყვნენ...
